პოეზია (თარგმანი)

უისტან ჰიუ ოდენი – ქალაქის ხსოვნას

 

ინგლისურიდან თარგმნა ზვიად რატიანმა

სწორედ იქ, სადაც ჩვენი სული ხდება მგრძნობიარე,

სწორედ იქ ეძლევა ადამიანს მარადიული ღვთიური ქალაქი.

იულიანა ნორვიჩელი

 

I

თვალი ყვავის და კინოკამერის თვალი, ახელილი

განა ჩვენი, ჰომეროსის სამყაროსკენ. ერთიც და მეორეც

ადიდებს მიწას, ხალხის და ღმერთების

დაუღლელ დედას; შვილები კი მზერის არეში

თუ გაკრთებიან, მხოლოდ გაკვრით: ხალხი კვდება, ღმერთები იღვწიან,

ორივე თავის წვრილმან გრძნობებს აჰყოლია, და მხოლოდ მიწა

არის უგრძნობი და უძრავი, სინამდვილეში

ერთადერთია, რაც მართლა არის.

 

ყვავი კრემატორიუმის სახურავზე

და ბრძოლის ველზე მოზუზუნე კინოკამერა

იკვლევენ ადგილს, სადაც ადგილი არ რჩება დროისთვის.

მარცხნივ სოფელი გადაუწვავთ, მარჯვნივ კი, ბაზრის მოედანზე,

ჯარისკაცებმა ცეცხლი გახსნეს, ქალაქისთავს წასკდა ცრემლები,

ტყვეები გაჰყავთ დასახვრეტად, ხოლო მოშორებით

გულგრილ ზღვაში იძირება ვეება ტანკერი.

არაფერია აქ ახალი: მოყვავილე ქლიავის ფურცლები

ისევ აცვივა გარდაცვლილებს, ჩანჩქერის გუგუნი

ისევ ახშობს ჭირისუფლის ქვითინსა და შეყვარებული წყვილების გმინვას,

დილის მძიმე და მკვეთრი სინათლე

შემთხვევით ამბებს გარდაუვალ ფაქტებად აქცევს,

რომლებსაც მაცნე სტვენა-სტვენით გაიყოლებს მთების გადაღმა.

ვიღაც ტკბება გამარჯვებით, სხვას ჭამს სირცხვილი.

კაცს უნდა, ქალი მოვალეა. და არავის ედება ბრალი.

 

უძრავი თვალი ყვავისა და კინოკამერის უგრძნობი თვალი

თუმცა დანახულს არასოდეს აყალბებენ, მაინც ტყუიან.

ცხოვრების ცოდვა დრო არ არის. აი ახლაც, ასეთ ღამეში,

ვერგილიუსის ნაქალაქარში, უფრო სწორად, მის ნანგრევებში,

სადაც წარსული საფლავების ქაოსია, და უბოლოო მავთულხლართი

ერთადერთია, რაც მიიწევს მომავლისაკენ,

მოწყვეტილია ჩვენი სევდა ბერძნულ ფესვებს: როცა მკვდრებს ვმარხავთ,

ტვინით კი არა, გულით ვიცით, რომ უთუოდ იარსებებს საფუძველი

ჩვენი ტანჯვისთვის, და არ უნდა შევიცოდოთ

არც ჩვენი თავი, არც ქალაქი.

სადაც არ უნდა გაგვაქვავოს პროჟექტორებმა,

რასაც არ უნდა ჩაგვძახოდნენ მიკროფონები,

არ უნდა დავნებდეთ.

 

II

სენაკში განმარტოებული პაპი გრიგოლი ჩურჩულებდა თავის სახელს.

იმპერატორი ანათებდა ცენტრის გარეშე დარჩენილ სამყაროს

ნებისმიერი წერტილიდან, სადაც იყო. ახალი ქალაქი

იგებოდა მათ მტრობაზე, მათი ვასლების მუდმივ ქიშპზე

ერთგულებაში, ჰოზე და არაზე; მახვილი და პროკურატორი

აღარ იყო ყველაფერი. იყო სახლი და იყო რომი.

უცხოს შიში დაიკარგა ტაძრისაკენ მიმავალ გზაზე.

 

ქალაქში მომხდარ ყველა ამბავს ჰქონდა ორმაგი მნიშვნელობა:

კიდურები იქცნენ ჰიმნებად, უსიყვარულო ხვევნა-კოცნა

იქცა ყველაზე მტკიცე სიახლოვედ; მოსისხლე მტრების სახეები

მოღალატეთა სახეებმა ჩაანაცვლეს ქოლერიანის კოშმარებში.

წყლის შვილები თავიანთი მიხვრა-მოხვრით დასცინოდნენ

ზეცის უსაზღვრო მოთმინებას; სატურნის ნიშნით გაჩენილები

გრძნობდნენ სამყაროს აღსასრულის მოახლოვებას.

 

გადამწერლები და ვაჭრები მდიდრდებოდნენ; საეჭვო ტომები

ერთდებოდნენ, რომ დაეხსნათ მოსაწყენი ღმერთისაგან იერუსალიმი,

თავს არ ზოგავდნენ ლოგიკოსები, რათა დაეცვათ ბრბოს ფიქრები

თავისუფალი, მავნებელი აზრებისგან

გონების ქალაქში. ილანდებოდნენ მის ფანჯრებში, ბაღებში, პორტებში

მდინარეები, სალი კლდეები, გარეული ცხოველები,

განაბულები მწყალობელი მადონას ღიმილში.

 

სადღაც, ქვიშიან პროვინციაში, წყევლიდა ლუთერი

მანქანას, რომელიც ყველა ცოდვას უტევებდა ნებისმიერს,

ვინც მონეტას ჩაუშვებდა. უამბობდა ცოდვილ ქალაქს სირცხვილის ბზარზე,

რომელსაც ვეღარ შეავსებდნენ ადათებით; განიკითხავდა

ბერძნებზე მეტად. რღვევა გახდა ამ ქალაქის ბუნებრივი მოთხოვნილება.

ამიერიდან მის სწრაფვებში ერია ეჭვი

და სიმხდალე სიყვარულში. მან დაკარგა თავის რწმენა, მაგრამ გაუძლო.

 

წმინდანები მოთვინიერდნენ, პოეტები ადიდებდნენ ჰეროდეს ვნებებს.

მდაბიოები ქვითინებდნენ ზეპურთა სცენებზე.

დიდებულება და სიმდარე გათანაბრდნენ მქუხარე ლექსებში.

ქალაქი, ორად გახლეჩილი ღალატით და გონიერებით,

უხილავ საყრდენს პოულობდა შეთანხმებულ, მოზომილ ბგერებში,

ვიდრე ქვები და ხეები ძალებს ცდიდდნენ ადამიანურ

უსირცხვილო თამაშებში, პირფერობაში, ლიქვნაში, ტრაბახში.

 

იმპერატორის სახელით და დავალებით ბუნებისგან ითხოვდნენ პასუხს

და ათქმევინეს, რასაც მისგან მოელოდნენ: აღიარა, რომ არ აქვს სული.

ცივ მიწას და ეშაფოტს შორის აღმოცენდა ზომიერი, ახალი სტილი,

ღიმილის ირონიულობა შეირაცხა ღვისმოსავობად;

სიმდიდრემ თავაზიანობა ასწავლა ქალაქს. მისთვის ჩვეული ქედმაღლობით

ადგილობრივი მემამულე გადაიქცა ბუნების და მისი შვილების

მოსამართლედ, ანუ მამად მისი ტყეების.

 

ერთი ქვეყნის დედაქალაქში მირაბომ და მისმა ხალხმა შეუტია

ბუნდოვანებას; საგამოფენო დარბაზები ხალხს ვერ იტევდა,

ნათელი აზრის ბუკის გუგუნით მარშირებდა ისტორია

საღი აზრის ქალაქისკენ, რომელიც გღლიდა უფრო სწრაფად,

ვიდრე გხიბლავდა. მოიხმარა ნაპოლეონი

და გადააგდო. ნირწამხდარი მისი გმირები

ბნედიანივით დაეძებდნენ ჯერარდაცემულ ადამიანს.

 

საშიში იყო უდაბნოები, წყლები მღვრიე, სამოსელი შეუსაბამო.

ხშირად იცვლიდნენ თავ-თავიანთ ბეატრიჩეებს,

ეძინათ ცოტა, და ჯიუტად მიიწევდნენ მოკაშკაშე ქალაქისკენ

დროშის ფრიალით, სიტყვის დროშის, შიშითა თუ სიამაყით

უარყოფილ, შესაძლოა, საბოლოოდ დავიწყებულ ადგილებში, სადაც კანონი

არ კანონობს; მიჰყვებოდნენ საძულველი მშობლების ჩრდილებს

და ამტვრევდნენ ქალაქური ჯოჯოხეთის სახე-კარიბჭეს.

 

მათ დასცინოდნენ ქიმერები, გულს უხრავდათ უმიზნო დარდი.

თავს იკლავდნენ, ვარდებოდნენ სიმაძღრის კლდიდან

ან მთვრალ ზღვაში იხრჩობოდნენ, არარსებულ კუნძულებზე ირიყებოდნენ,

კანკალებდნენ პოლარული სულის ყინვაში.

კვდებოდნენ დამარცხებულები, მარტოები; სამაგიეროდ,

მიჰქონდათ ცოდნა აკრძალული, დამალული, ველური მიწების.

ურწმუნოები, ერთგულები, თავს წირავდნენ შეგნებული ქალაქისათვის.

 

III

მოედნის ახლოს,

სასამართლოს გადამწვარი შენობის და პოლიციის ოფისებს შორის,

გრანდ ჰოტელთან, სადაც ათიოდ ჟურნალისტი ჯერ კიდევ სახლობს,

აფეთქებული საკათედროს ნანგრევებთან, საიდანაც არც ისე შორი

მანძილია გასავლელი, დაინახო საგანგებო შტაბის ბარაკი

და მავთულხლართი, რომლითაც ორად გაყოფილა მკვდარი ქალაქი.

 

მინდვრების მიღმა,

ორ მთას შორის, ორ მეგობარს, ორ ხესა და ორ სოფელს შორის

მიიკლაკნება მავთულხლართი, თავისთავში ჩახვეული, და რასაც ტიხრავს,

ორად იყოფა ყველაფერი, ლიანდაგი, ბილიკი, ტბორი;

ქალაქის კვალი, გემოვნება, ახლობლობა, იუმორი და ადათები –

ყველაფერი სამუდამოდ წაიშლება მავთულხლართებით.

 

მავთულხლართებმა

შემოაღწიეს ჩვენს სიზმრებშიც: ჩვენ ვბორძიკობთ, შემდეგ ვეცემით

და ჩვენ გარეშე გაცურდება თეთრი გემი სხვათა ცრემლში, როცა ღამდება

და როცა, როგორც ლეღვის ფოთოლს, სიტყვას ვეძებთ ხელისცეცებით;

მავთულხლართები ორად ხლეჩენ საქორწინო სარეცელს; ერთი

ბოლო გორგონას თავზე არის დახვეული, მეორე – ღმერთის.

 

მავთულხლართს მიღმა,

როგორც სარკეში, გამუდმებით ვხედავთ ჩვენ თავს, ცხადშიც და ძილშიც,

და ჩვენი სახე არ იცვლება, და იმდენად მახინჯია, ვასაღებთ ნიღბად;

მას არ აქვს სქესი და ასაკი, არ აქვს ხსოვნა, სახელი, ჯიში.

ის შეგიძლია მიათვალო ნებისმიერ დროსა თუ სივრცეს.

სადაც გინდა, გამოიხმო. როცა გინდა, გააქრო ისევ.

 

მეგობარია?

არა, უფრო იმედია. ელოდება, გულს ქვითინით როდის ვიჯერებთ.

თითქოს ვერც ამჩნევს მავთულხლართებს, ნანგრევებიც მხოლოდ ფარია

თავდასაცავად; და ისე გვგავს, ვეღარც ვიჯერებთ

და გვწამს, მის სიკვდილს ჩვენს სიკვდილთან საერთო არ აქვს,

ვიდრე ადამი ეძებს თავის დაკარგულ ქალაქს.

 

ჩვენი სინდისი დანარჩენზე თავად იმსჯელებს:

 

IV

მე რომ არა, უსათუოდ აცდუნებდა ადამს ლუციფერი; ვერასდროს

ამოიძახებდა, O felix culpa[1].

ეს მე ვიყავი, ვინც ურჩია პრომეთეს ქურდობა; ჩემმა სისუსტემ შეიწირა

ადონისი.

მე მისმენია ორფეოსის სიმღერები, არც ისე ამაღელვებელი, როგორც ჰგონიათ.

მე არც ნარცისის კრავის მზერას შევუძრივარ; არც ფსიქეა დამინდია,

როცა მან ცეცხლი გააღვივა.

ჰექტორი ისე მენდობოდა, როგორც არავინ არასდროს არაფერს.

ჩემთვის რომ დაეჯერებინა, კორინთოდან არასოდეს წავიდოდა ოიდიპოსი; მე დუმილი

ვამჯობინე ორესტეას სასამართლოზე.

მეძინა, როცა დიოტიმა სიყვარულზე ალაპარაკდა; არც იმ ურჩხულზე ვაგებ პასუხს,

რომელიც წმინდა ანტონს აცდუნებდა.

მეხუთე სიტყვით მე მომმართა ჯვარცმულმა მხსნელმა; სტოიკოსების საჯილდაო

ქვად რომ იქცა, სწორედ იმ სიტყვით.

მე ვესწრებოდი ტრისტანის და იზოლდას პაემნებს; კიდეც სცადეს ჩემი მოწამლვა.

მე მივუძღოდი რაინდ გალაადს წმინდა გრაალის ძიებისას, ვერც ვხვდებოდი,

რომ მის აღთქმას ვინაწილებდი.

მე ვიყავი ერთადერთი, ვინც ხელს უშლიდა ელენეს და ფაუსტუსის შეუღლებას; მე ხომ

არ მიჭირს მკვდრების ამოცნობა.

მე ვერასდროს ვიტანდი ჰამლეტს, მაგრამ დონ კიხოტს ყველაფერი მივუტევე

ეტლში ნათქვამი აღსარებისთვის.

ეს მე გამოვრჩი დონ ჯოვანის თავის სიაში, რასაც ვერასდროს გამოისყიდის.

ინტრიგებისკენ მე ვუბიძგე დალაქ ფიგაროს; როცა დაბრძენდა პრინცი

ტამინო, არც მე დავრჩი ჯილდოს გარეშე.

მე ნუ მომკითხავთ იმ ბებერი ზღვაოსნის ცოდვას; კაპიტან აჰაბს გამუდმებით

ვაფრთხილებდი, დაჰყოლოდა ბედნიერებას.

რაც შეეხება მეტროპოლისს, თავის საზღვრებში  ვერდატეულს, პასუხს არ ვაგებ

მის ხილვებზე.

და არც მისი რიტორები მაღელვებდნენ, მით უმეტეს, სტატისტიკა; მათ,

ვინც ცხოვრობს მისი სარკის ხილულ მხარეს, არასოდეს

ეღირსება მოსვენება, არც მიტევება.

ახლა ჩემი ჯვარცმის ადგილს იკავებენ ფოტოგრაფები, მაგრამ ოდესმე ისევ

აღვსდგები, რათა მოვისმინო მისი განაჩენი.

1949

[1] „ო, შეცდომავ კურთხეულო!“ (ლათ.)

Facebook Comments Box