ახალი ამბები,  თარგმანი

უკრაინელი მწერლები ომზე – ჟანრები ომისთვის

სტატიის ავტორია ზარინა ზაბრისკი, ამერიკელი მწერალი და ჟურნალისტი, რომელიც უკრაინის ომს აშუქებდა.

ოლგა კრიაზიაკის ბინის ფოტო

ჩემი რომანის პირველ ჩანაწერს ვასრულებდი, როცა 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ნგრევისა და განადგურების ფონზე, რაც ამას მოჰყვა, რომანის გაგრძელება შეუძლებელი გახდა. ჟურნალისტიკას მივუბრუნდი, რაც ყოველთვის ნახევარ-განაკვეთიანი სამუშო იყო ჩემთვის. შვიდი თვის განმავლობაში ომის კორესპონდენტად ვმუშაობდი უკრაინაში. აღმოვაჩინე, რომ მხოლოდ ომის მოხსენებების კითხვა შემიძლია: მუდმივად ვუბრუნდებოდი მარი კოლვინის „ფრონტის ხაზზე“-ს. ვფიქრობდი ლიტერატურის როლზე, განსაკუთრებით ომში: უნდა მივცეთ დოკუმენტალისტიკასა და ყოველდღიურ სიახლეებს კონტროლის აღების უფლება? თუ უნდა ვიპოვოთ – და უზრუნველყოთ – იმისგან გასაქცევი გზა, რისი ატანაც არ შეგვიძლია?

მწერლებისთვის ამ შეკითხვების დასმა დავიწყე და გაოცებული ვიყავი მათი პასუხების განსხვავებულობით. ხუთი უკრაინელი მწერალი დონეცკიდან, ლუგანსკიდან და ხარკოვის რეგიონიდან – ომით დანგრეული ტერიტორიებიდან – მელაპარაკა იმ ჟანრების შესახებ, რომლებსაც კითხულობენ და წერენ ომისას: ხარკოვში ლიტერატურის პროფესორმა მითხრა, რომ მისი იშვიათი წიგნები დაწვეს რუსმა სამხედროებმა. მიამბო უკრაინელი ოფიცრის შესახებ, რომელმაც წასაკითხად რეკომენდაცია სთხოვა ფრონტზე დაღუპვამდე ერთი დღით ადრე. „ვფიქრობ, ეპიკური ლიტერატურა ომის დასრულებამდე არ მოვა“ – წერს სერჰი ჟადანი. მეორე მხრივ, ლიუბა იაკიმჩუკი ამბობს: „პოეტების ამოცანაა, რომ გამოუთქმელი შეგრძნებები გამოხატონ სიტყვებით“. ოლგა კრიაზიაკი, რომლის ბინა და წიგნები რუსებმა დაწვეს, კითხულობს და წერს თავის აიპადში. ჩანაწერებს აკეთებს განსხვავებული მომავლისთვის.

ია კივა

„ომის გამო დეზორიენტირებული გავხდი. ერთხელ, როცა ნაქირავებ ბინაში დავბრუნდი, ვერ მივხვდი, სად ვიყავი ან იქ როგორ აღმოვჩნდი. საბჭოური სტილის ბინებში ვცხოვრობდი, რომლებსაც „ხრუშჩოვკას“ ეძახდნენ და იდენტური შენობებით იყო გარშემორტყმული. ამ დღეებში აღარ მესმის, რომელი „ხრუშჩოვკაა“ ჩემი სახლი. ვკანკალებ და სუნთქვა არ შემიძლია. ერთ-ერთ სხვა ნაქირავებ ბინაში შესვლისას ყოველთვის თავს ვარტყამ. სახლში შესვლის მერე მარცხნივ უნდა მივტრიალებულიყავი, მაგრამ ამ ახალ ადგილას მარჯვნივ მჭირდება შეტრიალება.

შემიძლია, ვწერო? ჰო და არა. ერთი მხრივ, მირჩევნია, ჩემი და ჩემი საყვარელი ადამიანების ამბებს სხვები არ მოჰყვნენ, მაგალითად, რუსი ავტორები, რომლებმაც ლექსების წერა დაიწყეს შემოჭრის პირველ კვირებში. მაგრამ მე მიწევს, თავი ვაიძულო, რომ ვწერო და არ მაქვს შინაგანი საჭიროების განცდა. დღიურში მცირე ჩანაწერების კეთებაც კი დამღლელია. შევნიშნე ისიც, რომ ჩემი ყველა ლექსი ლაპარაკის შეუძლებლობაზეა. ეს ასეა თემატურადაც და არქიტექტურულ დონეზეც, მოიცავს პაუზებსა და იდეების შეზღუდულ რაოდენობას.

სრულმასშტაბიანი შემოჭრის პირველ თვეებში წაკითხვა ახალი ენის სწავლას ჰგავდა. არა უკრაინულის, პოლონურის ან ინგლისურის, არამედ ენის, როგორც ასეთის – უნარის, რომ გაიგო კონკრეტული სიტყვების მნიშვნელობები, შეუთავსო ერთმანეთს, ფრაზები და წინადადებები შექმნა, წაკითხული საკუთარ გამოცდილებას დაუკავშირო. სადღაც მარტში გავაცნობიერე გაოცებით, გვერდზე მხოლოდ ერთი სიტყვაც კი ასოციაციებს გამოიხმობდა ჩემი გონებიდან და ეს კარგი იყო. იმას ნიშნავდა, რომ ჯერაც არ დამვიწყებია, როგორ უნდა ფიქრი.

ერთადერთი წიგნი, რომლის წაკითხვაც თავიდან ბოლომდე მოვახერხე 24 თებერვლის შემდეგ, იყო მიკოლაი გრინბერგის „ვადანაშაულებ აუშვიცს“. მნიშვნელოვანია, რომ ორიგინალ ენაზე, პოლონურად წავიკითხე. შევნიშნე, რომ ახლა კითხვა უცხო ენებზე უფრო იოლი ჩანს. ეს ომის რადიოს სხვა სიხშირეზე გადართვას ჰგავს“.

სერჰი ჟადანი

„ვფიქრობ, ეპიკური ლიტერატურა ომის დასრულებამდე არ მოვა. ახლა საკმარისი სივრცე და დრო მხოლოდ პირდაპირი ანარეკლებისთვისაა. სხვა ყველაფერი – რომანები და ლექსები – ყველაფერი, რაც მოითხოვს დროში განგრძობითობას – მოგვიანებით გამოჩნდება. მაგრამ იუმორს სრულიად განსხვავებული მნიშვნელობა აქვს. როგორც მე ვხედავ, ამ გარემოებებშიც კი, უკრაინელებს პრობლემები არ აქვთ იუმორის გრძნობასთან ან ირონიასთან. ვფიქრობ, ეს მათი რწმენის ძალის მტკიცებულებაა და ამას ვამბობ როგორც აგნოსტიკოსი.

შესაძლოა, უცნაურია, მაგრამ ახლა ხელახლა ვკითხულობ ბრუნო შულცს. იმის მიუხედავად, რომ არ წერს ომზე – მაგრამ, შესაძლოა, სწორედ ამიტომაც. მინდა, რომ გავაგრძელო პაულ ცელანის თარგმნა და, ვფიქრობ, ჩვენი გამარჯვების შემდეგ დავასრულებ. თუმცა ახლა ვერ ვკითხულობ. წარმოუდგენელია, რომ ისინი ოცდაათიანებში დაიწერა. ომისას არ არსებობენ პოეტები და არაპოეტები. არსებობენ მხოლოდ ისინი, ვინც მზად არიან საბრძოლველად და ისინი, ვინც – არა“.

ოლგა კრიაზიაკი

„25 თებერვალს ჩემი დოკუმენტები ზურგჩანთაში ჩავალაგე, კატა ავიყვანე და ახლო მეგობრის სახლში წავედი. თითქმის სამი კვირის განმავლობაში დროს ჩვენს ჯარისკაცებთან ვატარებდით ფრონტზე – საჭმელს ვამზადებდით და უკრაინელი მებრძოლებისთვის პურს ვაცხობდით. ჩვენს ქალაქს ვიცავდით, როგორც შეგვეძლო. ამის შემდეგ სახლში არ დავბრუნებულვარ. ძველი სიმბოლოები, ფოტოსურათები და საგნები უკან მოვიტოვე. ვნატრობ, ნეტავ, წამომეღო, მაგრამ სამაგიეროდ ჩემი კატა წამოვიყვანე.

არც წიგნების გარეშე სიცოცხლე შემიძლია. მქონდა უამრავი წიგნი, საკუთარი ბიბლიოთეკა. მაგრამ რუსებმა დაწვეს, ჩემს ბინასთან ერთად. ასე რომ, ახლა მაქვს ელექტრონული წიგნები ჩემს ძველ აიპადში. აქვე ვინახავ ჩანაწერებს ჩემი წიგნისთვის, მომავლისთვის“.

ლიუბა იაკიმჩუკ

„ომის დროს მცირე ფორმებია საუკეთესო, რადგან გაქცევასა და ფრაგმენტებში ვცხოვრობთ. რომანების საკითხავი დრო არ არის. ლიტერატურაში არ არის შვება, შვება სიახლეებშია: რუსული არსენალი განადგურებულია და უკრაინელები იარაღით უზრუნველყვეს. მაგრამ მიმები, სიმღერები და ლექსები – ყველა მათგანი ისევ მუშაობს. ეს ტექსტები ქმნის კოლექტიურ ნარატივს.

ბევრმა ადამიანმა დაკარგა სიტყვები ომის გამო. ისინიც ზუსტად ამას ამბობენ: არ არსებობს სიტყვები იმ მწუხარების შესახებ, რომელიც გამოვცადეთ. ამიტომაც პოეტების ამოცანაა, რომ გამოუთქმელი გამოხატონ სიტყვებით. გარდა სიტყვებისა, პოეტებმა ასევე უნდა იპოვონ ფორმა და რიტმი, რომელიც დაეხმარებათ ტექსტში კომპლექსური, ძლიერი ემოციების გადმოცემაში. ამგვარად, ხალხი, ალბათ, საკუთარ ტრავმებზე ლაპარაკის უნარს შეიძენს, სხვის სიტყვებსა და ტექსტებთან ისე ადაპტირდება, როგორც საკუთართან. ეს დაეხმარება მათ ტრავმის გადამუშავებაში. სულ მცირე, იმედი მაქვს, რომ ასე ხდება ხოლმე“.

ოლენა სტენოვა

„ნებისმიერი ჟანრი სათანადოა ომის დროს. მე ვწერდი პოეზიას, სატირას, ზღაპრებს. პოეზია: რითმულია თუ არა, უფრო მეტის თქმა შეგიძლია, ვიდრე პროზაში. სატირა: ოჰ, ეს საუკეთესო იარაღია ომისას. ზღაპრები კი განმაკურნებელია. მათში შეგიძლია, აღწერო მტერი, ომისა და ოკუპაციის დრო, მაგრამ ისე, რომ მტკივნეული არ იყოს. ჩემი ზღაპრების კრებული „Kazki pani Mishі“ ჩემი პერსონალური, ომის ტრავმების კვლევაა. ისინი ონლაინ დავწერე, ფეისბუქზე და ომის შემდეგ გამოვაქვეყნებ: ბავშვებსაც და ზრდასრულებსაც მოეწონებათ. ადამიანებს სჭირდებათ იმის დაჯერება, რომ ვიღაც ძლიერი მოვა და დაიცავს მათ და ეს ისე მოხდება, „როგორც ჯადოქარმა თქვა“. მე ვნახე ომის დროს ისეთი რაღაცები, რასაც ფანტაზიად ჩათვლიდნენ, რომ დამეწერა.

მე ვწერ ფანტასტიკურ ამბავზე, ვყვები გასაღების შემნახველი მალუშას და გასაღებების შესახებ, რომლებსაც ყველაფრის გაღება შეუძლიათ: ჯოჯოხეთის, სამოთხის, სულების, სამყაროების. არ მინდა, ომზე ვწერო. ომზე – მხოლოდ დოკუმენტალისტიკა უნდა იყოს”.

© არილი

Facebook Comments Box