ახალი წიგნები

ალი სმითი – რომანები დროის შესახებ

„შემოდგომა“ (2016), „ზამთარი“ (2017), „გაზაფხული“ (2019) და „ზაფხული“ (2020) –  ალი სმითის კვარტეტი იკვლევს დროს და იმას, თუ როგორია ჩვენი გამოცდილებები ამ დროის განმავლობაში. ეს წიგნები არა მარტო მკითხველისთვის, არამედ ავტორისთვისაც დიდი მოულოდნელობა აღმოჩნდა: სმითი The Guardian-თან ინტერვიუში აღნიშნავდა, რომ პერსონაჟები არაპროგნოზირებადები იყვნენ და არასოდეს იქცეოდნენ ისე, როგორც მას წარმოედგინა. მათ საკუთარი კავშირები ჩამოაყალიბეს, საკუთარი სტრუქტურები აღმოაჩინეს, ამიტომ თავადაც გაოცებული დარჩა ოთხივე რომანის განვითარებით. წერის პროცესი მისთვის ექსპერიმენტი გახლდათ: გადაწყვიტა, რომ მოკლე დროში დაეწერა რომანები დროის შესახებ. როგორც თავად ამბობს, ყველაზე ძნელი „გაზაფხულის“ დაწერა აღმოჩნდა, ხოლო კვარტეტის დასრულების შემდეგ, როცა „ზაფხული“ გამოიცა, ჩვეული რამ იგრძნო: უიმედობა და იმედგაცრუება, რაც ყოველი ტექსტის დასასრულს თან ახლავს ხოლმე.

სმითის წიგნები, ერთი მხრივ, კოლაჟს ქმნის და დროისა და ადამიანების ბუნების კომპლექსურობას ასახავს, მეორე მხრივ, თითოეული მათგანი დამოუკიდებელი რომანია, მათი წაკითხვა ნებისმიერი თანმიმდევრობით შეიძლება და თემატურადაც არცერთი მათგანი არ იმეორებს წინამორბედს.

ქართულად თარგმნილია ორი წიგნი კვარტეტიდან: „შემოდგომა“, რომელიც გამჭრიახი დედისერთა გოგონასა და მოხუცი მარტოხელა ინტელექტუალის მეგობრობაზე მოგვითხრობს და „ზამთარი“, რომელიც ახლახან გამოიცა და მწერლის მიერ დანახულ დღევანდელობას ასახავს – მტკივნეული პოლიტიკური კონფლიქტებითა და კოლიზიებით, ელექტრონული ტექნოლოგიებით დამძიმებული და გაუცხოებული თანამედროვე ადამიანის სულიერ მდგომარეობას, განსხვავებული აზრის მიუღებლობას, სამოქალაქო დაუმორჩილებლობას, უკიდურესობამდე გართულებულ ოჯახურ ურთიერთობებს, რაც, შესაძლოა, მოულოდნელი ფსიქოლოგიური თუ ფსიქიკური ძვრების გამომწვევიც კი იყოს.

„ღმერთი მოკვდა: დავიწყოთ ამით,

მიჯნურობა მოკვდა. რაინდობა მოკვდა. პოეზია, პროზა, ფერწერა – ეს ყველაფერი მოკვდა და ხელოვნებაც მოკვდა. თეატრი და კინო – ორივე მოკვდა. ლიტერატურა მოკვდა. წიგნი მოკვდა. მოდერნიზმი, პოსტმოდერნიზმი, რეალიზმი და სიურრეალიზმი – ყველა მოკვდა. ჯაზი მოკვდა, პოპმუსიკა, დისკო, რეპი, კლასიკური მუსიკა – მოკვდა. კულტურა მოკვდა, ზნეობრიობა, საზოგადოება, ოჯახური ფასეულობები – მოკვდა. წარსული მოკვდა. ისტორია მოკვდა“ („მკვდრების“ ჩამონათვალი გრძელდება და სრულდება ასე: „სიყვარული მოკვდა. სიკვდილი მოკვდა“).

ასეთი სასტიკია „ზამთრის“ დასაწყისი, თუმცა, იქაცაა შესაძლებელი ხელჩასაჭიდის პოვნა და იმედის შენარჩუნება.

წიგნების სახელების მიუხედავად, სმითის თქმით, თითოეული წიგნი ყველა სეზონს ეხება. ისინი ერთმანეთში არსებობს და ერთმანეთთან. მათში ავტორი ეხმიანება უახლეს ამბებს და ამ ამბებზე თხრობისას ძველ და კარგად ნაცნობ თემებსაც არ უვლის გვერდს: ადამიანურ ურთიერთობებს, იმედს, უიმედობას, სიყვარულსა და მარტოობას, ყოველდღიურობის სირთულესა და სილამაზეს.

როგორც კრიტიკოსები აღნიშნავენ, ალი სმითმა შეძლო, რაღაც ნამდვილად მნიშვნელოვნისა და დასამახსოვრებლის შექმნა, ასახა თანამედროვეობის გამოწვევები და მომავალ თაობებს უთხრა, რას ნიშნავს, ცხოვრობდე ასეთ სტრესულ დროს და გადარჩე ხელოვნების დახმარებით.

სმითი აკავშირებს ხელოვნებასა და ლიტერატურას, კინოსა და ფიქციას, ისტორიასა და აწმყოს, ერთმანეთს აცნობს უცნობებს, აერთიანებს ადამიანებს და შეგვახსენებს ჰუმანურობის მნიშვნელობას. როცა სმითმა კვარტეტის წერა დაიწყო, არ იცოდა, რა პოლიტიკური და სოციალური ცვლილებები დაიწყებოდა, თუმცა მისმა მხატვრულმა ტექსტებმა ასახა ჩვენი დრო და სეზონების უწყვეტობით მომავლის იმედიც დაგვიტოვა.

„როცა ვამბობ, „არ შემიძლია, ვიყო პესიმისტი“, ვფიქრობ ჯეიმს ბოლდუინის სიტყვებზე: „არ შემიძლია, ვიყო პესიმისტი, რადგან ცოცხალი ვარ“ – ამბობს სმითი ერთ-ერთ ინტერვიუში. საინტერესოა მისი დამოკიდებულება ამ ტექსტების მიმართ: მისი თქმით, ავტორები კი არ ირჩევენ წიგნებს, რომლებსაც დაწერენ, არამედ წიგნები ირჩევენ ავტორებს. რასაც ის ადასტურებს, რომ სეზონების შესახებ ოთხი წიგნის დაწერა მას შემდეგ სურდა, რაც საერთოდ წერა დაიწყო, დაახლოებით ორი ათეული წლის წინ, მაგრამ წიგნებმა გადაწყვიტეს, რომ სწორედ ახლა უნდა შექმნილიყვნენ.

The Paris Review-სთან საუბრისას სმითმა თქვა, რომ მას მოსწონს, როცა მკითხველი შემოქმედებითი პროცესის მონაწილე ხდება და კითხვა შემოქმედებით აქტად იქცევა, რის გამოც განსაკუთრებულად უყვარს მოდერნისტული ლიტერატურა. აღნიშნა ისიც, რომ მხატვრული ლიტერატურა სიმართლის შეთხზვით ამბობს იმას, თუ რა არის საერთოდ სიმართლე.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ თავისი ტექსტებითაც ამას ცდილობს: გამოგონილ ამბავში მკითხველების ჩართვას და ამ გამონაგონით მათთვის სინამდვილისა და ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენების ახსნას.

© არილი

Facebook Comments Box