ინტერვიუ

უმბერტო ეკო – პრუსტის კითხვარი

სრულყოფილი ბედნიერება როგორი წარმოგიდგენიათ?

კმაყოფილების განცდა, რომელიც 5 წუთზე ცოტა მეტხანს გრძელდება.

თქვენი ყველაზე დიდი შიში?

იუმორის გრძნობის დაკარგვა სიკვდილის მომენტში.

რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთ თავს ყველაზე მეტად?

სპინოზასთან.

ცოცხალი ადამიანებიდან ვის აღმერთებთ?

დამელოდეთ, სანამ დაიხოცებიან, ჩემს გრძნობებში რომ დავრწმუნდე.

თქვენი ყველაზე დიდი უცნაურობა?

მოწევა შევწყვიტე.

თქვენი საყვარელი მოგზაურობა?

ის წლები, როცა ახალ რომანს ვწერ, საიდუმლო ტერიტორიებზე დავსეირნობ, ისე, რომ არავინ იცის, რას ვაკეთებ და ბედნიერი ვარ.

რომელ ღირსებას ანიჭებენ გადაჭარბებულ მნიშვნელობას?

თუ ღირსება ნამდვილია, არ შეიძლება, რომ მისი მნიშვნელობა გადაჭარბებული იყოს.

თქვენს გარეგნობაში რა არ მოგწონთ ყველაზე მეტად?

ყველაფერი – არ მომწონს ჩემი სურათი სარკეში. თუმცა, ამის გამო არ ვწუხვარ, რადგან რამდენჯერმე აღმოვაჩინე, რომ ძალიან ბევრი კარგი ადამიანი განსხვავებულად ფიქრობს.

ცოცხალი ადამიანებიდან ვინ გეზიზღებათ ყველაზე მეტად?

ისევ, მოვიცდი მათ სიკვდილამდე (შეცვლის დრო უნდა ჰქონდეთ).

ვინ ან რა არის თქვენი ცხოვრების უდიდესი სიყვარული?

ოთხ წელიწად-ნახევარია, ჩემი შვილიშვილი.

როდის და სად იყავით ყველაზე ბედნიერი?

როცა ჩემი ჰობისთვის – მუშაობისთვის საკმარისი დრო მქონდა.

თქვენს ოჯახში ერთი რამის შეცვლა რომ შეგეძლოთ, რას შეცვლიდით?
კიდევ ერთი შვილიშვილი მეყოლებოდა.

თქვენი ყველაზე ძვირფასი საკუთრება?

ჩემი ძველი, იშვიათი წიგნების კოლექცია.

რა მიგაჩნიათ უკიდურეს უბედურებად?

შეუწყნარებლობა (მაგრამ იმიტომ, რომ კარგად ცხოვრებისთვის საკმარისი ფული მაქვს. სხვა შემთხვევაში, ჩემი პასუხი შიმშილობა იქნებოდა)

რისი კეთება გიყვართ?

ზემოთ უკვე ვთქვი: მუშაობა. მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ მე იმ ბედნიერ ადამიანთა შორის ვარ, ვისი სამსახურიც მათ ჰობის ემთხვევა და პირიქით.

თქვენს მეგობრებში რას აფასებთ ყველაზე მეტად?

საიდუმლოს შენახვის უნარს.

თქვენი საყვარელი მწერლები ვინ არიან?

დანტე, ნერვალი, ჯოისი, ბორხესი.

თქვენი საყვარელი გამოგონილი პერსონაჟი?

 ჟულიენ სორელი. არა, ალბათ მიკი მაუსი.

რეალურ ცხოვრებაში ვინ არიან თქვენი გმირები?

როგორც ბრეხტმა თქვა, „უბედურია ქვეყანა, სადაც გმირები სჭირდებათ“.

რა არის თქვენი დევიზი?

როგორც ერთხელ ჯეიმს ჯოისმა უთხრა თავის ძმას: „ცხოვრების კრიტიკით მიუზიკ-ჰოლია დაკავებული და არა პოეზია.“

© არილი

Facebook Comments Box