პროზა (თარგმანი)

უმბერტო ეკო – ხეობა

 Umberto_Eco_1984

ინგლისურიდან თარგმნა ასმათ ლეკიშვილმა

ჩემი მოგონებების ჯაჭვი ჩახვეულ ასკარიდას ემსგავსება, ოღონდ უთავოს, ბრმად რომ დაეხეტება ლაბირინთში და ყოველ წერტილს, ყოველ მონაკვეთს სამოგზაურო მარშრუტის სტარტადაც იყენებს და ფინიშადაც. მეც მოთმინებით ველოდები, როდის მეწვევა ეს თავნება, მხოლოდ საკუთარ ლოგიკას დამორჩილებული მოგონებები. ასე ალბათ ნისლიან ამინდში ხდება. მზიან დღეს საგნებს შორიდან ხედავ და როცა ვინმესთან ან რაიმესთან გინდა მიახლოება, შენ თვითონ ირჩევ საჭირო მარშრუტს, თავადვე ცვლი შენი სვლის მიმართულებას, ნისლიან ამინდში კი თუ ვინმეს ან რაიმეს უახლოვდები, ვიდრე მთლად ცხვირით არ შეეჯახები, ვერ გაიგებ, ვისთან ან რასთან გაქვს საქმე.

ორატორიოში გატარებული წლები მხატვრული ფილმივით ჩამიქროლებს ხოლმე თვალწინ. ამ მოგონებებს აღარაფერი აქვს საერთო ჩახვეულ ასკარიდასთან, უფრო კინოკადრების ლოგიკურ თანმიმდევრობას ემსგავსება.

1943 წელს ქალაქიდან სოლარაში გადავედით საცხოვრებლად. თერთმეტი წლის ბიჭუნა სულ მთლად შემცვალა ევაკუაციამ. ქალაქში მელანქოლიური ბავშვი ვიყავი, დღის მანძილზე ერთ-ორ საათს თუ წავითამაშებდი ტოლ-მეგობრებთან, დანარჩენ დროს კი წიგნებს ჩავკირკიტებდი. სოლარას სკოლაში მარტო დავდიოდი, უფროსები თან აღარ დამყვებოდნენ; ჟივილ-ხივილით ვედებოდით ბავშვები მინდორ-ვენახებს, სირბილში ვეჯიბრებოდით ერთმანეთს, მივნავარდობდით. ქარივით თავისუფალი ვიყავი უკვე, თვალწინ სულ უცხო, ჯერ არნახული სანახები მეშლებოდა, უამრავი მეგობარიც შევიძინე და მათთან ერთად “ვიპყრობდი ახალ ტერიტორიებს.”

როდესაც მოკავშირეები ქალაქს ბომბავდნენ, ჩვენ, სოლარაში გადასულები, ფანჯრიდან თუ ვკიდებდით თვალს შორეულ გაელვებას და მეხის გრგვინვის მსგავსი ხმაც შორიდან ჩაგვესმოდა. ეს დაბომბვები ქარიშხალივით გვატყდებოდა თავს; ომმა ბავშვებიც ფატალისტებად გვაქცია; მშვიდად, უდარდელად ვთამაშობდით სამშაბათ საღამოდან შაბათამდე. ნუთუ მართლა უდარდელად? ჩვენც ხომ ხშირად გვიტევდა მეტ-ნაკლები სიძლიერით მელანქოლია, ისეთი, ყველას რომ ეუფლება, ვინც კი ცოცხალი გადაივლის გვამებით მოფენილ მინდორს!

ორატორიოში, სადაც შუადღისას, სკოლის შემდეგ მივდიოდით, დროს თავისუფლად და ლაღად ვატარებდით, ერთი ეგ იყო, ექვს საათზე კატეხიზმოში სავარჯიშოდ და სამადლობელი ლოცვების აღსავლენად გვერეკებოდნენ, დანარჩენ დროს კი ჩვენს გემოზე ვერთობოდით. იქ მარტივი კონსტრუქციის კარუსელი გვქონდა, რამდენიმე საქანელა და თეატრი, რომლის სცენაზეც პირველად ვეზიარე “მსახიობის პროფესიას,” როცა სპექტაკლში “პატარა პარიზელი გოგუცანა” მარგუნეს როლი. ორატორიოს ჩვენზე უფროსი ბიჭებიც აკითხავდნენ, ზოგჯერ ახალგაზრდა კაცებიც კი, ჩვენ რომ მოხუცებად გვეჩვენებოდნენ. ისინი იქ პინგ-პონგითა და ბანქოთი იქცევდნენ თავს, თუმცა არ მახსოვს ოდესმე ფულზე ეთამაშათ. ის დალოცვილი დონ კონიასო, ორატორიოს დირექტორი, მათგან დიდ ღვთისმოსაობას არც ითხოვდა, იმითაც გახლდათ კმაყოფილი, ჩვენ რომ გვსტუმრობდნენ და ყუმბარების წვიმაში “კაზა როსასკენ”, მთელს იმ მხარეში განთქმული ბორდელისკენ, არ მიაქროლებდნენ ველოსიპედს.

პარტიზანებზეც იქ შევიტყვე, ორატორიოში, 43 წლის 8 სექტემბრის შემდეგ. თავდაპირველად ჩვეულებრივი ყმაწვილები იყვნენ, რესპუბლიკის ჯარში გაწვევას ან ნაცისტურ გერმანიაში სამუშაოდ გარეკვას რომ გაურბოდნენ, მოგვიანებით კი მათ მეამბოხეებს უწოდებდნენ, რადგან ამ სიტყვით მოიხსენიებოდნენ ოფიციალურ კომუნიკეებში. და მხოლოდ მაშინ, როცა გავიგეთ, ათი მათგანი, მათ შორის ერთი სოლარელიც, სიკვდილით რომ დაესაჯათ ნაცისტებს და ლონდონის რადიომაც რომ გადმოსცა მათ შესახებ, დავიწყეთ ამ ბიჭების პარტიზანებად, ანდა პატრიოტებად მოხსენიება. თავად ისინი “პატრიოტს” ანიჭებდნენ უპირატესობას. სოლარელები პარტიზანებს გულშემატკივრობდნენ, ის ბიჭები ხომ იმ მხარეში დაიზარდნენ და როცა კვლავ გამოჩნდნენ ჩვენთან, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მათგანს ზედმეტი სახელი შეეძინა, – ზღარბა, ლურჯწვერა, ელვა – იქაურები მაინც ადრინდელი სახელებით მიმართავდნენ. ბევრი მათგანი ორატორიოში მენახა ადრე; ისინი იქ scopa-ს თამაშობდნენ და შეფერთხილი, გაცრეცილი პიჯაკები ეცვათ. ახლა კი ფარფლებიანი ბერეტებით იწონებდნენ თავს, მხარზე პატრონტაში გადაეკიდათ, ავტომატებსაც ატარებდნენ და ქამარზე ორ-ორი ყუმბარა ან ბუდიანი რევოლვერი ჰქონდათ მიმაგრებული. ინგლისის არმიის წითელი ხალათები და პიჯაკები ეცვათ, სამეფო გვარდიის ოფიცერთა შარვლები და გამაშები. თვალს ვერ მოწყვეტდით, ისეთი ლამაზები იყვნენ. 

1944 წელს პარტიზანები მოულოდნელად ჩნდებოდნენ სოლარაში და ელვისებურ თავდასხმებს აწყობდნენ მაშინ, როცა “შავხალათიანები” სადმე სხვაგან დათარეშობდნენ. პარტიზანებს შორისაც იყო განსხვავება: ხან ცისფერყელსახვევიანი ბადოგლისტები მოდიოდნენ, რომლებზეც ხალხი ამბობდა, მონარქიას უჭერენ მხარს და იერიშზე გადასვლისას “სავოია, სავოიას” გაჰყვირიანო, ხანაც წითელყელსახვევიანი გარიბალდისტები, მეფისა და მისი მარჯვენა ხელის, ბადოგლიოს განმაქიქებელ “ჰიმნებს” რომ მღეროდნენ. ბადოგლისტები უკეთ იყვნენ შეიარაღებული; ხალხი იმასაც ამბობდა, მაგათ ინგლისი უგზავნის დახმარებას, სხვა პარტიზანებს კი არ სწყალობს, რადგან ისინი ყველანი კომუნისტები არიანო. გარიბალდისტებს, “შავხალათიანების” მსგავსად, ავტომატები ჰქონდათ, ცხადია, ხანმოკლე შეტაკებების ანდა იარაღის საწყობზე თავდასხმის დროს მიტაცებული, ბადოგლისტები კი უკანასკნელი მოდელის სტენის სისტემის ტყვიამფრქვევებით იყვნენ აღჭურვილი. ერთმა ბადოგლისტმა ნება დამრთო, მისი იარაღიდან გამესროლა. ისინი, უმეტეს შემთხვევაში ან წავარჯიშების მიზნით ისროდნენ, ანდა სულაც გოგონებისთვის თავის მოსაწონებლად.

გრანიოლა ხშირად სტუმრობდა ორატორიოს. სულ იმას ითხოვდა, ჩემი სახელის წარმოთქმისას მახვილი პირველ “ა”-ზე გააკეთეთო, მაგრამ ყველა მაინც გრანიოლას ეძახდა, ანუ მის სახელს მახვილი “ო”-ზე მოუდიოდა და ეს სიტყვა უნებურად საარტილერიო ცეცხლის ასოციაციას იწვევდა. გრანიოლა ამბობდა, მშვიდობიანი კაცი ვარო, მაგრამ მეგობრები აჩუმებდნენ, კარგი, კარგი, ჩვენც ვიცით რაღაცო. ხმები დადიოდა, რომ გრანიოლას მთაში გახიზნულ გარიბალდისტთა რაზმებთან ჰქონდა ურთიერთობა; ვიღაცა იმასაც ამტკიცებდა, იმათი ერთ-ერთი მეთაურია და ქალაქში ცხოვრებით თავს საფრთხეში იგდებს, უჯობს მთაში დაიმალოს, თორემ, თუ მისი საქმეები გამოაშკარავდა, თვალის დახამხამებაში მიახვრეტენო.

“პატარა პარიზელ გოგუცანაში” გრანიოლაც თამაშობდა და ჩემს მიმართ აშკარად კეთილად იყო განწყობილი, “ტრესეტეს” თამაშიც მან მასწავლა; სხვა ბიჭებს მაინცდამაინც ვერ უგებდა, მე კი ზოგჯერ საათობით მესაუბრებოდა. თავადვე იცოდა, ისეთ აღმაშფოთებელ აზრებს რომ გამოთქვამდა, რომელთა გამოც უფროსები ანარქისტად ჩათვლიდნენ, მე კი ალბათ, როგორც ბავშვს, ისე მენდობოდა.

მას ჩემთვის აკრძალული პლაკატებიც კი უჩვენებია, მაგრამ, ცოდვას ვერ ვიტყვი, ხელში არასდროს მოუცია. თუ ვინმეს უნახეს, მაშინვე დახვრეტენო, მაფრთხილებდა. მისგანვე შევიტყვე ნაცისტების მიერ რომში, არდეატინის მღვიმეებში მოწყობილ ხოცვა-ჟლეტაზე. “ჩვენი მეგობრები ზემოთ არიან, მთებში, ასე რომ, მსგავსი აღარაფერი მოხდება. გერმანელებს კი კუდით ქვა უნდა ვასროლინოთ… კაპუტ!” – მეუბნებოდა გრანიოლა.

ადრე გრანიოლა რომელიღაც სახელოსნო სასწავლებელში ასწავლიდა, არ ვიცი რა საგანს, მაგრამ ყოველ დილას ველოსიპედით მიიჩქაროდა სამსახურში და შინ შუადღეზე ბრუნდებოდა. მერე ხელი აიღო მასწავლებლობაზე. ზოგი ამბობდა, სამსახური იმიტომ მიატოვა, რომ სულით და გულით პარტიზანულ მოძრაობაში გადაეშვაო, სხვები კი ჩურჩულებდნენ, ჭლექი სჭირს და იმიტომო. გრანიოლა მართლაც ჰგავდა ჭლექიანს: ჩატეტკილი, ნაცრისფერი სახე, საეჭვოდ შეწითლებული ყვრიმალები, ჩავარდნილი ლოყები, განუწყვეტელი ხველა… კბილები არ უვარგოდა, ცალ ფეხს ითრევდა, მგონი პატარა კუზიც ჰქონდა, წვრილი კისერი საყელოში უყანყალებდა, სამოსიც ტომარასავით ეკიდა ტანზე. სცენაზე ან უარყოფით გმირს ასახიერებდა, ანდა რომელიღაც იდუმალი ვილის კოჭლ ყარაულს.

ხალხი ამბობდა, ნამდვილი სიბრძნის წყაროა, არაერთხელ მიუწვევიათ უნივერსიტეტში ლექციების წასაკითხად, მაგრამ სულ უარზე იდგა, რადგან თავისი მოსწავლეები უყვარდა და არ უნდოდა მათი მიტოვებაო. ერთხელ მითხრა: “იცი რა, იამბო… ჯანდაბას ყველაფერი! მე მხოლოდ ღარიბი ბავშვების სკოლაში ვასწავლიდი, თანაც სხვა მასწავლებელს ვცვლიდი. ამ ოხერი ომის გამო კოლეჯიც კი ვერ დავამთავრე. ოცი წლისას საბერძნეთში მიკრეს თავი, მუხლშიც იქ დავიჭერი. თუმცა, ეგ არაფერი, არც კი მეტყობა. საქმე ის არის, რომ იმ ტალახსა და ნესტში საზიზღარი სენი შემეყარა და დღემდე სისხლს ვაფურთხებ. თუ ოდესმე ხელში ჩამივარდა ის თავგასიებული (გრანიოლა ასე მუსოლინის მოიხსენიებდა), მართალია, ვერ მოვკლავ, რადგან, საუბედუროდ მხდალი ვინმე ვარ, მაგრამ, სამაგიეროდ, ისე დავუწიხლავ უკანალს, რომ მთელი დარჩენილი სიცოცხლე – რაც ვიმედოვნებ, დიდხანს ვერ გასტანს – უფუნქციოდ დაურჩეს… იმ იუდას, იმას…

ერთხელ ვკითხე, რას დადიხარ ამ ორატორიოში, აკი ყველა ათეისტს გეძახის-მეთქი. იცით, რა მიპასუხა? ეს ერთადერთი ადგილია, სადაც ხალხს ვხვდები, გარდა ამისა, ათეისტი კი არა, ანარქისტი ვარო. მაშინ მე წარმოდგენა არ მქონდა, ვინ იყვნენ ანარქისტები და მან ამიხსნა, რომ ეს იყო ხალხი, რომელსაც თავისუფლება სწყუროდა და არ სცნობდა მბრძანებლებს, მეფეებს, მღვდლებსა და სახელმწიფოს: “მთავარია, სახელმწიფო არ იყოს, აი, ისეთი, რუსეთში რომ შექმნეს კომუნისტებმა. იქ ხომ ხალხს სახელმწიფო კარნახობს, როდის უჯობს მოსაქმება”.

მერე ისიც ვკითხე, მაშინ გარიბალდისტებთან რაღა გინდა, ისინიც ხომ კომუნისტები არიან-მეთქი. მითხრა, ჯერ ერთი, ყველა მათგანი კომუნისტი არ არის, იქ სოციალისტებიც არიან და ანარქისტებიც, და მეორეც, ახლა ჩვენ ყველას საერთო მტერი გვყავს – ნაცისტები – და ურთიერთობის გარკვევის დრო არ არის, ჯერ ერთად მოვიპოვოთ გამარჯვება და მერე დავადგენთ, ვინ ვინ არისო.

“მისმინე, იამბო. ორატორიოში იმიტომ დავდივარ, რომ ეს მართლაც კარგი ადგილია. გარიბალტისტების არ იყოს, არც მღვდლები არიან ფრთიანი ანგელოზები, მაგრამ მათ შორის ღირსეულ ადამიანებსაც შეხვდება კაცი. თანაც ახლა, როცა ბავშვებს უჩიჩინებენ, რომ კარგ ფაშისტს მხოლოდ წიგნი და მუშკეტი ქმნის, პირდაპირ მისწრებაა ეს ორატორიო. ის, ვინც აქ დადის, ხელიდან მაინც არ წავა, კარგ რაღაცებსაც ისწავლის ალბათ. მერე რა, ზოგ რამეზე თავს რომ იგიჟებენ, ასე არ ქნათ, ეს არ გააკეთოთო. თქვენ ხომ მაინც აკეთებთ ამას, და მერეღა, მოგვიანებით აღიარებთ. აი, მეც მოვდივარ აქ და დონ კონიასოს ვეხმარები. მესის დროს ჩუმად ვზივარ ბოლო რიგში, იმიტომ, რომ დიდი ხათრი მაქვს იესო ქრისტესი, რასაც ვერაფრით ვერ ვიტყვი ღმერთზე”.

რაღაზე არ ვლაპარაკობდით მე და გრანიოლა! ყოველთვის იცოდა, რას ვკითხულობდი და ისიც ხალისით მირჩევდა წიგნებს: “ვერნი ათი თავით სჯობს სალგარის, მეცნიერულად მაინც აზროვნებს. გლიცერინის მწარმოებელი საირეს სმიტი უფრო რეალურია, ვიდრე ის სანდოკანი, გამწარებით რომ იბრაგუნებს მკერდში მუშტებს, რახან ვიღაც თხუთმეტი წლის გომბიოზე შევარდნია გული.

გრანიოლა სოკრატესა და ჯორდანო ბრუნოზეც მიყვებოდა; სხვათა შორის, ბაკუნინზეც, რომლის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ადრე ერთობ ბუნდოვანი წარმოდგენა მქონდა; მიამბობდა კამპანელასა და გალილეოზე, ერთი სიტყვით, ყველა იმ გონიერ, განათლებულ ადამიანზე, მღვდლები დილეგში რომ ამწყვდევდნენ და აწამებდნენ. გრანიოლასგან შევიტყვე მათზე, ვისაც არდიგოს მსგავსად, საკუთარი ხელით გამოეჭრა ყელი, რადგან ძლიერნი ამა ქვეყნისა და ვატიკანი სასტიკად დევნიდნენ და ავიწროებდნენ. როდესაც “ნოვისიმო მელზიში” წავიკითხე ცნობა ჰეგელის შესახებ (ასე ეწერა, “პანთეისტური სკოლის ცნობ. გერმ. ფილოს.”), გრანიოლას ვთხოვე, ეამბა მის შესახებ. “ჰეგელი პანთეისტი არ ყოფილა და ეგ შენი “მელზი” რაღაცას მიედ-მოედება. აი, ჯორდანო ბრუნოზე კი შეიძლება ამის თქმა. პანთეისტს სწამს, რომ ღმერთი ყველგანაა, მტვრის უმცირეს ნაწილაკშიც კი. ხედავ, რა ხდება? ყველგან ყოფნა ხომ არსად ყოფნას ნიშნავს! ჰეგელისთვის ღმერთი კი არა, სახელმწიფო იყო ყველგან. ამიტომაც ბრძანდებოდა ფაშისტი”.

“ეს როგორ? ის ხომ ას წელზე მეტი ხნის წინ ცხოვრობდა?”

“მერე რა? ჟანა დ’არკიც ხომ პირწავარდნილი ფაშისტი იყო! ფაშისტები სულ მუდამ არსებობდნენ. იმ დროიდან მოყოლებული… ღმერთის დროიდან… აი, თუნდაც ღმერთი. ისიც ფაშისტია”.

“კაცო, შენ ის ათეისტი არა ხარ, რომელიც ამტკიცებს, ღმერთი არ არსებობსო?”

“ეგ ვიღამ გითხრა, დონ კონიასომ? იმან, ელემენტალური რაღაცები რომ არ იცის? მე მჯერა, რომ, საუბედუროდ, ღმერთი არსებობს. ერთი ეგაა რო, ფაშისტია”.

“რას ამბობ, კაცო?”

“მისმინე, იამბო. იმისთვის ძალიან პატარა ხარ, ლექცია რომ წაგიკითხო თეოლოგიაში. მოდი, იმით დავიწყოთ, რაც კარგად იცი. აბა, ათი მცნება ჩამომითვალე. აკი გაზუთხვინებენ ორატორიოში”.

მეც ჩამოვუთვალე. “ძალიან კარგი”, მითხრა გრანიოლამ. “ახლა ყურადღებით მისმინე. ამ ათი მცნებიდან მხოლოდ ოთხი – აბა, დაფიქრდი, მხოლოდ ოთხი – გვირჩევს ხეირიან რამეს, და ისინიც კი… მოდი, ვნახოთ: არა კაც-ჰკლა, არა იპარო, არა ცილი სწამო და არა გული-გითქუმიდეს ცოლსა მოყუასისა შენისასა. ეს უკანასკნელი იმათ გასაგონად არის ნათქვამი, ვისაც წარმოდგენა აქვს კაცურ ღირსებაზე: ერთის მხრივ, რქები არ დაადგა შენს მეგობარს და, მეორეს მხრივ, დაიცავი საკუთარი ოჯახიო. ამას მართლა არაფერს ვერჩი. ანარქიას კი უნდა ყოველგვარი ოჯახის გაუქმება, მაგრამ ყველაფერს ერთად ვერ მიაღწევ კაცი. იმ სამ მცნებასაც ვეთანხმები… ეს ისედაც უნდა იცოდეს ყველამ…. თუმცა, ისინიც უნდა აწონ-დაწონო. ჩვენ ყველანი ვცრუობთ ზოგჯერ; ისეც ხდება, რომ კეთილი განზრახვით, მაგრამ კაცის კვლა? ეს მართლაც დაუშვებელია”.

“მაშინაც კი, როცა მეფე გაგიწვევს ომში?”

“აი, მთელი ამბავიც ეგ არის. მღვდელი გეტყვის, რახან მეფემ გიბრძანა ომში წასვლა, შეგიძლია… უნდა მოკლა… ამაზე თავად მეფე აგებს პასუხსო. აი, ასე ამართლებენ ომს, რომელიც დიდი მურტალი რამეა, განსაკუთრებით მაშინ, როცა იმ თავგასიებულისთვის იბრძვი. მაგრამ, ხომ ხედავ, რომ მცნება არ გეუბნება, ომში კაცის კვლა კარგი რამეაო. არა კაც-ჰკლა… ჯერო. მერე კი…”

“რა მერე?”

“რა და, მოდი, ახლა სხვა მცნებებსაც გადავხედოთ. პირველი მცნება გვეუბნება, არა იყვნენ შენდა ღმერთნი სხუანი თვინიერ ჩემსაო. აი, ასე გაიძულებს ღმერთი არ იფიქრო ალაჰზე, ბუდაზე, ანდა სულაც ვენერაზე (მოდი, ვაჟკაცურად ვთქვათ, არ გინდა ქალღმერთ ვენერას კუდი გქონდეს?), მაგრამ ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ არ უნდა გჯეროდეს ფილოსოფიის, მეცნიერების… არც ის უნდა ირწმუნო, ადამიანი მაიმუნისგან რომ წარმოიშვა. მხოლოდ ღმერთი უნდა გწამდეს! ახლა ნახე, ყველა დანარჩენი მცნება ფაშისტურია, იმისთვის გამიზნული, რომ მიიღო საზოგადოება ისეთი, როგორიც არის. გახსოვს, მოიხსენე დღე შაბათთა წმიდა-ყოფად მისსაო? ამაზე რაღას იტყვი?”

“რა უნდა ვთქვა? კვირას ტაძარში წადიო. რა გაქვს ამის საწინააღმდეგო?”

“მაგას დონ კონიასო გეუბნება და ყველა სხვა მღვდელივით, მაგანაც არ იცის, რა არის მთავარი ბიბლიაში. დაფიქრდი, იამბო! იმ პრიმიტიული ტომისთვის, რომელიც მოსემ გამოიყვანა ეგვიპტედან, ეს რიტუალის დაცვას ნიშნავდა და რიტუალის მიზანი კი – დაწყებული იმ დროიდან, როცა ადამიანებს სწირავდნენ მსხვერპლად და იმ თავგასიებულის იდეების ეპოქით დამთავრებული – ადამინისთვის გონების დაბინდვა და ჭკუის არევაა. ჰო, კიდევ ის, პატივი-ეც მამასა შენსა და დედასა შენსაო. განა ეს იმას არ ნიშნავს, პატივი ეცი შენი მშობლების აზრს, ზურგს ნუ აქცევ ტრადიციებს, არ გაბედო ტომის ცხოვრების წესის შეცვლაო? ხედავ, რა ხდება? არ წააცალო თავი შენს მეფეს! თუმცა, ღმერთმა იცის, რომ თუ მხრებზე თავი გვაბია, უნდა წავაცალოთ… მით უმეტეს ისეთ მეფეს, ის ჯუჯა სავოია რომ არის, რომელმაც თავის არმიას უღალატა და ოფიცრების სიკვდილი აწევს სინდისზე. ახლა ალბათ იმასაც ხვდები, რომ “არა იპარო” არც ისე უწყინარი მცნებაა, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს: ის გვიკრძალავს იმ ადამიანის ქონების ხელყოფას, რომელმაც შენ მოგპარა და თვითონ გამდიდრდა. ნეტავ, სულ ეს იყოს! კიდევ სამი მცნება დაგვრჩა გასარჩევი. “არა იმრუშო.” დონ კონიასო და მისთანანი ალბათ გასწავლიან, რომ აქ ასეთი რამ იგულისხმება: “არ ჩაიდინო გარყვნილება.” მიზანი ერთია: თავი უნდა შეიკავო და არ იმაიმუნო. აბა, დაფიქრდი, ის უარესი არ არის, ონანის ყოველი მიბაძვისას, სჯულის ფიცრები რომ გაიხსენო? ერთი მითხარი, ჩემისთანა ჩაშვებულმა ტიპმა რაღა ქნას? ლამაზ დედაჩემს მეც ლამაზი არ გავუჩენივარ, თანაც ვკოჭლობ, ქალს ჯერ არც კი გავკარებივარ და ესეც უნდა ამიკრძალონ?

ღმერთს შეეძლო ასეთი რამ ეთქვა: “…ნება გეძლევათ – ოღონდ გამრავლების მიზნით”. მით უმეტეს, რომ მაშინ სამყარო ადამიანების ნაკლებობას განიცდიდა. მაგრამ ათი მცნებიდან არც ერთი არ ამბობს ამას. მაშ რა გამოდის? არც შენი მეგობრის თუ მოყვრის ცოლისთვის უნდა “გითქუმიდეს გული” და გარყვნილებაც გეკრძალება. ესე იგი, ყველაფერზე უნდა აიღო ხელი! კანონი მთელი ხილული სამყაროსთვის! რომაელებზე ვერავინ იტყვის ღმერთები იყვნენო, მაგრამ ისეთი კანონები კი შექმნეს, დღესაც რომ არ გასვლია ყავლი. და ამ დროს ღმერთი თავს გახვევს დეკალოგს, რომელიც უმთავრეს კითხვას უპასუხოდ ტოვებს.

აი, ბოლო მცნებასაც მივადექით: “არა გული გითქუმიდეს რაოდენი-რაი არს მოყუასისა შენისა.” ოდესმე თუ დაინტერესებულხარ, რატომ არსებობს ეს მცნება, მაშინ როდესაც უკვე ვიცით, რომ არ უნდა “ვიპაროთ?” თუ შენც გინდა ისეთი ველოსიპედი, შენს მეგობარს რომ აქვს, რა, ცოდვილი ხარ? რა თქმა უნდა, არა… ვიდრე არ მოჰპარავ. ახლა, მე ვიცი, დონ კონიასო გეტყვის, ეს მცნება შურსა კრძალავსო და შური კი მართლა ცუდი რამეა. მაგრამ არსებობს ბოროტი შური, როცა შენს მეგობარს აქვს ველოსიპედი, შენ კი – არა და იმედოვნებ, რომ ერთ მშვენიერ დღესაც გორაკიდან ველოსიპედით დაშვებული კისერს მოიტეხს და კეთილი შური, როცა შენც გინდა ველოსიპედი და ყველა ღონეს ხმარობ ისეთივეს, თუნდაც ძველის, ნახმარის შესაძენად. ეგეთ კეთილ შურს მოჰყავს სამყარო მოძრაობაში. კიდევ არის სამართლიანი შური – როდესაც ხედავ, რომ რატომღაც ზოგ-ზოგებს ყველაფერი აქვთ, უამრავი ადამიანი კი შიმშილობს. და როდესაც შურის ეს სანაქებო ფორმა გეუფლება – ე.წ. სოციალისტური შური – უკვე ისეთი ქვეყნის აშენებაზე იწყებ ფიქრს, სადაც ქონება სხვაგვარად იქნება განაწილებული. და აი, სწორედ ამას გვიკრძალავს მცნება: მეათე მცნება რევოლუციას კრძალავს. ასე რომ, ჩემო ბიჭუნა, ნუ მოკლავ და ნუ გაძარცვავ შენსავით ღარიბ ბავშვებს; გიჯობს შურს მიაწვე და იმათი ქონება ისურვო, ვინც ის ადრე შენგან მიიტაცა. ეს ყველაფერი ხომ დღესავით ნათელია და იმიტომაც ყურყუტებენ მთებში ჩვენი მეგობრები, რომ აქედან დავღუპოთ ის თავგასიებული, რომელმაც ძალაუფლება აგრარული მიწათმფლობელებისა და ჰიტლერის ჯამილოკია ლაქიების ფინანსური მხარდაჭერით მოიპოვა, იმ ჰიტლერისა, რომელსაც მსოფლიოს დაპყრობა სურდა, რათა უფალ კრუპს მეტი ზარბაზანი გაესაღებინა. მაგრამ შენ ამას რას გაიგებ – შენ, რომელსაც პატარაობიდანვე ჩაგიბეჭდეს გონებაში ამ მეორე დუჩეს მორჩილება!”

“რატომ? ყველაფერი არა, მაგრამ ზოგი რამ მესმის.”

“ჰოდა, ძალიან კარგი.”

გრანიოლას თხელი ტყავის, გრძელი ფუტლარი ჰქონდა ჩამოკიდებული გულზე, რომელსაც პერანგის ქვეშ ატარებდა და წუთითაც არ იშორებდა.

“ეგ რაღაა, გრანიოლა?”

“რა და ლანცეტი.”

“შენ, რა, საექიმოზე სწავლობდი?”

“არა. მე ფილოსოფიას ვსწავლობდი. ეს ლანცეტი საბერძნეთში მომცა ჩვენი პოლკის ექიმმა… სიკვდილის წინ. იცი, რა მითხრა? “მე ეს აღარაფერში გამომადგება. იმ წყეულმა ყუმბარამ ისე გადამიხსნა გულ-მუცელი, რომ ახლა ერთი კარგი ნესესერი მისწრება იქნებოდა ჩემთვის… აი ისეთი, ქალებს რომ აქვთ, თავის ნემსიან-ძაფიანად… თუმცა, მე რაღა გამკერავს აწი. გქონდეს ჩემს სახსოვრად.” მას შემდეგ მეც სულ ასე ვატარებ.”

“რატომ?”

“მხდალი ვარ და იმიტომ. მე რო საქმეებს ჩავდივარ და რაღაც-რაღაცები ვიცი, თუ ესესელებს ან “შავხალათიანებს” ჩავუვარდი ხელში, წამებას არ დამაკლებენ. და თუ მაწამეს, მოვაღებ პირს და ყველაფერს დავფქვავ… რა ვქნა, მაშინებს ძალადობა. მევე გავხდები ჩემი ამხანაგების სიკვდილის მიზეზი. ლანცეტი თან რომ მექნება, აღარაფერი მიჭირს. დამიჭერენ თუ არა, იმ წუთას გამოვიღადრავ ყელს. ვერც ტკივილს ვიგრძნობ და ვერც ვერაფერს, თვალის დახამხამებაში დამთავრდება ყველაფერი. თანაც ყველას გავაცურებ: ფაშისტებს – რადგან ვერაფერს შეიტყობენ ჩემგან; მღვდლებს – რადგან თვითმკვლელი ვიქნები, ისინი კი ამას ცოდვად მიიჩნევენ; და ბოლოს, ღმერთს – იმიტომ რომ, მაშინ მოვკვდები, როცა თავად მომეპრიანება. მე ჩემი გითხარი და ახლა შენ იცი…”

გრანიოლას მონოლოგმა დამაღონა. იმიტომ კი არა, დარწმუნებული რომ ვიყავი მის უბადრუკობაში, არა, პირიქით, მეშინოდა, მართალი არ ყოფილიყო ჩემი უფროსი მეგობარი. ბოროტი ღმერთის მიერ შექმნილ სამყაროში ცხოვრობდა ის უბედური და მხოლოდ მაშინ იღიმებოდა გულჩვილად და თანაგრძნობით, როცა სოკრატეს ან იესოს ახსენებდა. მე კი ვიცოდი, ორივე მათგანი რომ მოკლეს და ვერ გამეგო, რა აღიმებდა იმ დალოცვილს.

მიუხედავად ყველაფრისა, გრანიოლას ბოროტი არ ეთქმოდა: უყვარდა ადამიანები, ერთი ეგ იყო, ღმერთის ჯინი სჭირდა და ეს კი მძიმე ჯვარი გახლდათ. თითქოს მარტორქას ესროდა ქვებს, მარტორქა კი, მოგეხსენებათ, ვერაფერს გრძნობს და თავის მარტორქულ ამბავში აგრძელებს გზას, მაშინ როცა, შენ ბოღმით სკდები და საცაა გულიც გიღალატებს.

როდის წამოვიწყეთ მე და ჩემმა მეგობრებმა ის “დიდი თამაში?” სამყაროში, სადაც ყველა ერთმანეთს ესროდა, ჩვენც გვჭირდებოდა მტერი და ასეთად სან-მარტინოში, მთის მწვერვალზე გაშენებულ სოფელში მცხოვრები ბიჭები დავისახეთ.

იქაურები მართლაც იდეალური მტრები იქნებოდნენ, ვინაიდან უკლებლივ ყველა ფაშისტად მიგვაჩნდა. სინამდვილეში კი აი, როგორ იყო საქმე: ერთი ოჯახიდან ორმა ძმამ “შავხალათიანებს” მიაშურა, დანარჩენი ორი კი სოფელში დარჩა; ამბობდნენ, იქაური დაჯგუფების მეთაურები არიანო. სოლარელებს უყვარდათ ომში წასული ბიჭები და ამიტომაც ჩურჩულებდნენ ერთმანეთში, სან-მარტინოელებს ვერ ენდობა კაციო.

არ ვიცი, ფაშისტები იყვნენ თუ არა, მაგრამ ჩვენ იქაური ბიჭები ნამდვილ ცხოველებად მიგვაჩნდა. როცა ისეთ წყეულ ადგილას ცხოვრობ, როგორიც სან-მარტინოა, ძალაუნებურად ყოველდღე რაღაც უბედურება უნდა ჩაიდინო, მხოლოდ იმიტომ, თავი რომ დაირწმუნო, ჯერ კიდევ ცოცხალი ვარო. იქაური ბიჭები სოლარას სკოლაში სწავლობდნენ და ჩვენ, ქალაქელები, ისე ვუყურებდით, როგორც ბოშებს. ჩვენ ათასი “ნუგბარი” დაგვქონდა სკოლაში – პური, ფორთოხლის ჯემი – მათ კი ისიც ახარებდათ, ვინმე თუ ჭიან ვაშლს გადაუგდებდა. მოკლედ, რაღაც უნდა ჩაედინათ და ისინიც ზოგჯერ ქვებს გვიშენდნენ, როცა ჩვენ ორატორიოს ჭიშკარს ვუახლოვდებოდით. ცხადია, ამაზე პასუხი უნდა ეგოთ. ჰოდა, ჩვენც გადავწყვიტეთ, სან-მარტინოში ავსულიყავით და სწორედ მაშინ დავსხმოდით თავს, ეკლესიის მოედანზე ბურთს როცა დასდევდნენ.

მაგრამ სან-მარტინოსკენ მხოლოდ ერთი გზა მიდიოდა, არც მოსახვევი იყო და არც არაფერი და ეკლესიის მოედნიდან მშვენივრად ჩანდა ყველა მიმსვლელი. ასე რომ, მოულოდნელად ვერ დავატყდებოდით თავს. მერე კი დურანტემ, ჩვენებური ფერმერის შვილმა, რომელიც ისეთი შავტუხა და დიდთავა იყო, ნებისმიერ აბისინიელს შეარცხვენდა, განაცხადა, დიახაც რომ დავატყდებით, თუკი მთის ხეობით ავალთო.

მაშინ არავის მოუვიდოდა თავში იმ ციცაბოზე აბობღება (და, შესაბამისად, ჩამობობღება); იქ ხომ ბუჩქებიც არ იყო, რომ მოსჭიდებოდი, მიწა კი, შეიძლება, ყოველ წუთას გამოგცლოდა ფეხქვეშ. კი შენიშნავდი მოშორებით აკაციისა და მაყვლის ბუჩქების კორომს, შუაგულში ბილიკისმაგვარი გასასვლელით, მაგრამ სინამდვილეში იქ გზა არ იყო, მხოლოდ ერთი უსწორმასწორო ქვიანი მონაკვეთი. ათიოდე ნაბიჯის შემდეგ ფეხი დაგისხლტებოდა, დავარდებოდი და ერთი ოცი მეტრი მაინც სულ კოტრიალით წახვიდოდი თავქვე. გინდაც დამტვრევას გადარჩენოდი, ეკალი უთუოდ ამოგთხრიდა თვალს. ყველა სიკეთესთან ერთად, იქ თურმე გველხოკერებიც ოხრად ბუდობდნენ.

ამიტომ ასე ჰაიჰარად ვერ ავიდოდით, წინასწარ უნდა გვევარჯიშა. მთელი სეზონი მოვუნდით ამას: პირველ დღეს ათი მეტრი ავიარეთ, თითოეულ ნაბიჯსა და ნაპრალს ვიმახსოვრებდით, ვცდილობდით, ზუსტად ისევე დაგვედგა ფეხი ჩამოსვლისას, როგორც ამას ზემოთ ასვლის დროს ვაკეთებდით. მეორე დღეს კიდევ ათი მეტრით წავიწიეთ წინ. დრო საკმარისი გვქონდა, რადგან სან-მარტინოდან ვერავინ დაგვინახავდა. სხვათა შორის, სასტიკად გვეკრძალებოდა იმპროვიზაცია: ზუსტად იმ ქვეწარმავლებისთვის უნდა მიგვებაძა, იქაურ ფერდობზე რომ იწყობდნენ თავშესაფარს – ბალახის გველებს, ხვლიკებს.

ამასობაში ჩვენმა ორმა მეგობარმა ხელ-ფეხი იღრძო, ერთი კი კინაღამ დაიღუპა და წაქცევისას იმ ხელის გული, რომელსაც დაეყრდნო, მთლიანად გადაიქლიშა, მაგრამ მალე ჩვენ ვიყავით ერთადერთი “რაზმი” მთელ დედამიწაზე, იქ აბობღების ხელოვნებას რომ დაეუფლა. ერთ დღესაც გავბედეთ და საათზე მეტ ხანს მივიწევდით წინ, არაქათგამოცლილებმა გამოვაღწიეთ დაბურული კორომიდან და სან-მარტინოს სახლებსა და უფსკრულს შორის გამავალ გზას მივადექით. ამ გზას გალავანი მიუყვებოდა, რათა იქაურები ღამით უფსკრულში არ გადაჩეხილიყვნენ. ბილიკმა გალავანთან მიგვიყვანა და იქ საკმაოდ განიერი ღიობი დაგვხვდა, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ მშვენივრად გავეტიეთ. მერე პატარა ორღობეში გავედით და მღვდლის სახლს ჩავუარეთ. მალე ეკლესიის მოედანზე აღმოვჩნდით.

სან-მარტინოს ბიჭები იქ დაჭერობანას გაუმჯობესებულ, აშკარად გონივრეულ სახესხვაობას თამაშობდნენ: ერთ მათგანს თვალები ჰქონდა ახვეული და ვერაფერს ხედავდა, დანარჩენები კი წინ და უკან დახტოდნენ, “ბრმას” ხელში რომ არ ჩავარდნოდნენ. ჩვენ სასწრაფოდ დავუშინეთ ქვები, ერთ ბიჭს შიგ შუბლში მოვახვედრეთ, სხვები კი ეკლესიაში შეცვივდნენ, რათა მღვდლისთვის ეთხოვათ დახმარება. ჩვენც დრო ვიხელთეთ, ორღობე ჩავირბინეთ, ღიობში გავძვერით და ფერდობზე დავეშვით. მღვდელი რომ გამოვიდა, მხოლოდ ჩვენს თავებსღა მოჰკრა თვალი და ჩვენც ბუჩქებში გავუჩინარდით. მან საშინელი მუქარა შემოგვითვალა, დურანტემ კი ერთი შესძახა, “ეგეც თქვენო” და გამარჯვების ნიშნად მარცხენა ხელი მარჯვენა მკლავზე დაიტყაპუნა.

ამის შემდეგ სან-მარტინოს ბიჭებმა ჭკუა ისწავლეს: რადგან ნახეს, რომ ჩვენ იქ მთის ხეობით ავედით, გალავნის ღიობთან გუშაგები დააყენეს. კი შეგვეძლო იმ გალავნამდე დროზე მივსულიყავით, მაგრამ ეს მაინც სათუო იყო; ბოლო რამდენიმე მეტრი ეკალ-ბარდს დაეფარა და ვიდრე იქიდან გავაღწევდით, ისინი განგაშის ატეხას ასწრებდნენ. ორღობის ბოლოს ჩასაფრებული ბიჭები მზეზე გამომშრალი ტალახის გუნდებით გვიმასპინძლდებოდნენ და გზაზე გასვლის ყოველგვარ შესაძლებლობას გვისპობდნენ.

სამარცხვინო დღეში ჩავცვივდით; განა იმიტომ ვისწავლეთ ზემოთ ასვლა, რომ ყველაფერი წყალში ჩაგვეყარა? ბოლოს ისევ დურანტემ გვიხსნა. “ახლა ნისლიან ამინდშიც უნდა ვცადოთ აბობღება.”

ადრიანი შემოდგომა იყო და ზოგჯერ ისეთი ნისლი ჩამოწვებოდა ხოლმე, ცხვირს იქით ვერაფერს დაინახავდი. ნისლიან დღეს ქალაქი საერთოდ არ ჩანდა და ერთადერთი რამ, რაც ნაცრისფერი საფარველიდან ამოზიდულიყო, სან-მარტინოს სამრეკლო გახლდათ. იმ სამრეკლოში მოხვედრილს ისეთი გრძნობა გეუფლებოდა, თითქოს დირიჟაბლში იჯექი და ზემოდან დაჰყურებდი ღრუბლებს.

ცხადია, ნისლში უფრო ძნელი იყო ასვლა, ვიდრე მზიან დღეს. მთელი გზა ხელისგულივით უნდა შეგესწავლა, ისიც უნდა გცოდნოდა, სად რომელი ქვა ეგდო; ფხიზლად უნდა ყოფილიყავი, რათა დროზე შეგენიშნა ხშირი ეკალნარი. იქიდან ხუთ ნაბიჯში (დიახ, ზუსტად ხუთში და არა ოთხში ან ექვსში) ხომ გზა აღარ იყო: იქვე, დიდ კაჭართან, შენგან მარცხნივ ბილიკი მოგეჩვენებოდა, მაგრამ სინამდვილეში იქ არავითარი გზა არ იყო და თუ იქითკენ წახვიდოდი, კლდიდან გადაჩეხას ვერ ასცდებოდი. და კიდევ, რომელი ერთი უბედურება ჩამოგითვალოთ.

ჯერ ნათელ დღეებში ვვარჯიშობდით, მერე მთელი კვირის მანძილზე გონებაში ვიმეორებდით თითოეულ ნაბიჯს. რუკის შედგენაც კი ვცადე, ზუსტად ისე, როგორც სათავგადასავლო წიგნებშია აღწერილი, მაგრამ, რად გინდა? ჩემი მეგობრების ნახევარს მაინც არაფერი გაეგებოდა რუკებისა. მით უარესი მათთვის. მე რუკა გონებაში მქონდა ჩაბეჭდილი, თვალდახუჭულსაც შემეძლო ასვლა და განა ეს იგივე არ იყო, ნისლიან ღამეში რომ დავდგომოდი გზას?

მთელი რიგი საცდელი ექსპედიციების შემდეგ სან-მარტინოსკენ ავიღეთ გეზი. არც კი ვიცი, როგორ მივადექით მწვერვალს, მაგრამ, ფაქტია, რომ ავედით. მტრებიც იქ დაგვხვდნენ, მოედანზე, სადაც ჯერ კიდევ არ მიეღწია ნისლს. ერთად შეყრილიყვნენ და ყბედობდნენ. არც იყო გასაკვირი: სან-მარტინოს მსგავს ადგილას ან მოედანზე უნდა იყურყუტო, ანდა რძეში ჩამბალი გამხმარი პურის ჩახეთქვის შემდეგ საწოლს მიაშურო.

ჰოდა, ჩვენც მივეჭერით, ერთი გემოზე დავბომბეთ, სიცილიც დავაყარეთ, სახლებისკენ რომ მოკურცხლეს და გამარჯვების ყიჟინით დავეშვით ქვემოთ.

მერე კიდევ რამდენჯერმე დავესხით თავს. ისინი სიბნელეში გუშაგებს ვეღარ აყენებდნენ, რადგან მათ უმეტესობას სიბნელის ეშინოდა, უფრო სწორად, სიბნელეში მობორიალე ჯადოქრების. ჩვენც, ორატორიოს ბიჭებსაც, გვაფიქრებდა ეგ ამბავი და ასვლისას “ავე მარიას” ვმღეროდით ავი სულების დასაფრთხობად. რამდენიმე თვეს კიდევ ვლაშქრავდით სან-მარტინოს, მერე კი მოგვბეზრდა: ნისლიან ამინდში თუ მზიან დღეს, იქ აბობღება ვაჟკაცობაში აღარ ჩაგვეთვლებოდა.

კვირადღის თორმეტი საათი იყო. რაღაც ხდებოდა. სოლარაში გერმანელი ჯარისკაცებით გადაჭედილი ორი საბარგო მანქანა გამოჩნდა. გერმანელებმა ქალაქი გადაჩხრიკეს და სან-მარტინოს გზას დაადგნენ.

დილას ისეთი სქელი ნისლი ჩამოწვა, რომ ბეღურების ჟღურტულიც კი თითქოს ცხრა მთის იქიდან ჩაგვესმოდა. იმ დღეს მიცვალებული უნდა დაეკრძალათ, მაგრამ ხალხმა ვეღარ გაბედა სასაფლაოზე ასვლა და მესაფლავესაც შემოეთვალა, ახლა ვერავის დავასაფლავებ, ერთიც ვნახოთ და კუბოს მიწაში ჩაშვებისას, ვინმემ მე თვითონ ჩამიძახოს სამარეშიო.

ქალაქიდან ორი კაცი ჩაუდგა კვალში გერმანელებს, იქნებ შევიტყოთ, რას აპირებენო. მანქანები თურმე ძალიან ნელა მიიწევდა წინ, შუქფარები ჩართული იყო, მაგრამ მათი სინათლე ერთ მეტრსაც ძლივს სწვდებოდა. მერე სან-მარტინოსკენ ამავალ აღმართთან შეჩერებულან. ვერც მანქანით ბედავდნენ გზის გაგრძელებას და ვერც ფეხით. მანქანები, შესაძლო იყო, ქვემოთ, უფსკრულში ჩაგორებულიყო და ფეხით თუ წავიდოდნენ, მაინც გაუჭირდებოდათ გზის გაგნება. ალბათ უთხრეს, რომ ის სან-მარტინოსკენ მიმავალი ერთადერთი შედარებით უსაფრთხო გზა იყო, და მათაც იფიქრეს, იქიდან წამოსულს მაინც დავინახავთ, ასეთ ამინდში ვერავინ გაბედავს სხვა გზით ჩამოსვლასო. ამიტომ იქვე გაჩერდნენ, მაგრამ შუქფარები არ გამოურთავთ და ყოველი შემთხვევისთვის იარაღიც მომარჯვებული ჰქონდათ. ერთ-ერთი მათგანი თურმე რაღაცას ჩაჰყვიროდა საველე ტელეფონს, ალბათ დამხმარე ძალას ითხოვდა. იმ ჩვენმა კაცებმა გვითხრეს, სულ “ვოლსუნდე, ვოლსუნდეს” გაიძახოდაო. გრანიოლა მაშინვე მიხვდა, რომ ლაპარაკი “ვოლფსჰუნდებზე”, ანუ ნაგაზებზე იყო.

გერმანელები იქ იცდიდნენ და ასე დაახლოებით ოთხი საათისთვის, ჯერ კიდევ დღის სინათლეზე, ნისლის ფარდიდან დაინახეს, რომ ვიღაც ველოსიპედით ეშვებოდა ქვემოთ. ის იქაური მღვდელი აღმოჩნდა, რომელიც მთელი ცხოვრება ამ გზას ადგა და თვალდახუჭულსაც შეეძლო ჩამოსვლა. მის დანახვაზე გერმანელებმა იარაღი დაუშვეს, რადგან სასულიერო პირს კი არა, კაზაკებს ეძებდნენ. მღვდელმა აუხსნა (უფრო ჟესტ-მიმიკით, ვიდრე სიტყვიერად), რომ სოლარას მახლობელ ფერმაში კაცი კვდებოდა და მის საზიარებლად მიიჩქაროდა. მან გერმაელებს ზიარებისთვის საჭირო ატრიბუტებიც აჩვენა, ველოსიპედის საჭეზე მიმაგრებულ აბგაში რომ ჩაელაგებინა. ისინიც სიტყვაზე ენდნენ და გაუშვეს. მღვდელი ორატორიოში მივიდა და დონ კონიასოს ჩურჩულით აუწყა რაღაც.

მართალია, დონ კონიასო პოლიტიკაში არ ერეოდა, მაგრამ ამქვეყნისა მასაც გაეგებოდა რაღაც და ერთი-ორი სიტყვით აუხსნა მღვდელს, თუ რა უნდა ეთქვა გრანიოლასა და მისი მეგობრებისთვის. თავად კი არ სურდა და არც შეეძლო ასეთ საქმეში გარევა.

ახალგაზრდა კაცები მაშინვე მაგიდას შემოუსხდნენ. მეც მათთან მივედი, მაგრამ ვცდილობდი, თვალში არავის მოვხვედროდი.

მღვდელმა უთხრა, რომ ზემოთ კაზაკების პატარა რაზმი იმალებოდა. ისინი რუსეთის ფრონტზე დაეტყვევებინათ გერმანელებს. კაზაკებს ნამდვილად ჰქონდათ საიმისო მიზეზი, სტალინი რომ არ ჰყვარებოდათ. ბევრი მათგანი იოლად დაიყოლიეს გერმანელებმა, ისინიც მათ მხარეზე გადავიდნენ და სათადარიგო რაზმში ჩაეწერნენ (ეს ფულის გამოც გააკეთეს და საბჭოთა კავშირის სიძულვილითაც; თანაც არავითარი სურვილი არ ჰქონდათ, დარჩენილი სიცოცხლე საბჭოთა ბანაკებში გაეტარებინათ. ახლა მათ საშუალება ეძლეოდათ, დაეტოვებინათ საბჭოთა სამოთხე და თავიანთი ოჯახებითა და ავლა-დიდებიანად იქიდან აბარგებულიყვნენ). მათი უმრავლესობა აღმოსავლეთ რეგიონებში იბრძოდა და იქ (მაგალითად კარნიაში) სისასტიკითა და შეუპოვრობით გამოირჩეოდა. პავიაში თურქული დივიზიაც იბრძოდა. ხალხი მათ მონღოლებს ეძახდა. ყოფილი რუსი პატიმრებიც დაძრწოდნენ პიემონტში.

იმ დროისთვის უკვე ყველამ იცოდა, როგორ დამთავრდებოდა ომი, გარდა ამისა, ის რვა კაზაკი მორწმუნეც ყოფილა. მას შემდეგ, რაც საკუთარი თვალით ნახეს, თუ როგორ გადაწვეს რამდენიმე ქალაქი და რა უმოწყალოდ ჩამოახრჩეს ათეულობით უდანაშაულო ადამიანი, მას შემდეგ, რაც მათი ორი ამხანაგი სიკვდილით დაისაჯა, მხოლოდ იმიტომ, რომ მოხუცებისა და ბავშვების დახვრეტაზე თქვა უარი, ამ კაზაკებს ესესელებთან დარჩენა აღარ შეეძლოთ. “მარტო ამიტომ არა,” აგვიხსნა გრანიოლამ, “თუ გერმანელები ომში დამარცხდებიან (და ფაქტიურად, უკვე დამარცხდნენ კიდეც), როგორ მოიქცევა ინგლისი და ამერიკა? ცხადია, კაზაკებს შეიპყრობს და თავის მოკავშირე რუსეთს გადასცემს, რუსეთში კი ეს ჯეელები – კაპუტ! ახლა ისინი ცდილობენ, ომის დამთავრების შემდეგ ისეთ ადგილას ჰპოვონ თავშესაფარი, სადაც იმ ფაშისტი სტალინის კლანჭები ვეღარ მისწვდება.

“მართალია,” ჩაურთო მღვდელმა, “ამ რვა კაზაკს შეუტყვია პარტიზანებზე, რომლებიც ინგლისელებისა და ამერიკელების წინააღმდეგ იბრძვიან და ახლა მათთან მიღწევას ცდილობენ. მათ საკუთარი მრწამსი აქვთ: არ უნდათ გარიბალდისტების მხარეზე ბრძოლა, ბადოგლისტებთან კავშირს ამჯობინებენ.”

ისინი გამოქცეულან და სოლარასკენ წამოსულან, რადგან ვიღაცას მიესწავლებინა, რომ ბადოგლისტები იმ არე-მარეში იმყოფობოდნენ. მათ მრავალი კილომეტრი გაეარათ, ისე რომ გზებს გვერდს უქცევდნენ და მხოლოდ ღამით მიდიოდნენ, ამიტომ ძალიან ნელა მიიწევდნენ წინ. ესესელები კვალში ედგნენ და მართლაც სასწაულია, ჩვენამდე რომ მოაღწიეს. ფერმებთან ჩერდებოდნენ და საჭმელს ითხოვდნენ (ყველა მათგანი გერმანულს ამტვრევდა, მხოლოდ ერთმა იცოდა იტალიური). იმ საბრალოებს დიდი საფრთხე ემუქრებოდა: შესაძლო იყო ამასობაში ჯაშუშებსაც გადაყროდნენ.

იმის შიშით, რომ ესესელები წამოეწეოდნენ, სან-მარტინოში ავიდნენ; იფიქრეს, რამდენიმე დღეში იქიდან ბატალიონს განვდევნით და სხვა თუ არაფერი, ვაჟკაცურად მაინც დავიხოცებითო. თანაც ვიღაცას ეთქვა, რომ იქ ვინმე ტალინო ცხოვრობდა, ის კი ისეთ ადამიანთან დააკავშირებდა, რომელსაც მათთვის დახმარების გაწევა შეეძლო. იმ დროისთვის კაზაკების რაზმი უკვე თავაწყვეტილ ხროვად ქცეულიყო. ღამით მართლაც მიაღწიეს სან-მარტინოს და ტალინოსაც მიაგნეს. მან გააფრთხილა, რომ იქ ფაშისტების ოჯახი ცხოვრობდა და რადგან ისეთ პატარა სოფელში არაფერი დაიმალებოდა, გადაწყვიტა ლტოლვილები იქაური მღვდლის სახლში დაებინავებინა. მღვდელმა მიიღო ისინი საკუთარ ჭერქვეშ, ცხადია, არა პოლიტიკური სოლიდარობისა თუ დიდი გულკეთილობის გამო, არამედ იმიტომ, რომ კარგად უწყოდა, თუ რას მოუტანდა სოფელს მათი წინ და უკან ბორიალი; ამას მათი დამალვა სჯობდა, მაგრამ რვა კაცის სამყოფ საჭმელს ვერსად იშოვიდა, თანაც შიშისგან გული ეპარებოდა, რადგან, შესაძლო იყო, გერმანელებს ყველა სახლი გაეჩხრიკათ, მათ შორის – მისიც.

“მისმინეთ, ბიჭებო. ხომ წაიკითხეთ ფელდმარშალ კესელრინგის მანიფესტი – აკი ყველგან გამოაკრეს. თუ იმ კაზაკებს ჩვენთან მიაგნეს, მთელ ქალაქს ნაცარტუტად აქცევენ, და კიდევ უარესი, ვინმემ ცეცხლი რომ გაუხსნას… მაშინ ხომ დედაბუდიანად ამოგვწყვეტენ.”

საუბედუროდ, ის მანიფესტი ყველას წაკითხული გვქონდა და ისედაც მშვენივრად ვიცოდით, რომ ესესელები გულჩვილობით არ გამოირჩეოდნენ და კიდეც გადაეწვათ უკვე რამდენიმე ქალაქი.

“მაშ როგორ მოვიქცეთ?” ჰკითხა გრანიოლამ.

“რადგან მოწყალე ღმერთმა ნისლი გამოგვიგზავნა და გერმანელებიც არ იცნობენ ამ მხარეს, სოლარადან ვინმე უნდა ამოვიდეს სოფელში და ის დალოცვილი კაზაკები ქვემოთ ჩაიყვანოს, ბადოგლისტებთან.”

“რატომ მაიცდამაინც სოლარადან?”

“ჯერ ერთი იმიტომ, რომ სან-მარტინოში არ ღირს ამ ამბის გახმაურება და მერე კიდევ, გერმანელებმა გზა გადაკეტეს და ერთადერთ იმედად მთის ხეობაღა გვრჩება.”

სიტყვა “ხეობის” გაგონებაზე კაცები ერთხმად აყაყანდნენ: “ჯერ კი არ გავგიჟებულვართ! ასეთ ნისლში? ის ტალინო რაღას გვიკეთებს, თვითონ ვერ მიხედავს საქმეს?” და ა. შ. მაგრამ მღვდელმა სასწრაფოდ შეახსენა მათ, რომ ტალინო ოთხმოცი წლის იყო, სან-მარტინოდან მზით გაჩახჩახებულ დღესაც ვერ ჩამოვიდოდა და დასძინა (დარწმუნებული ვარ, ამით ჩვენზე, ორატორიოს ბიჭებზე, იძია შური): “მხოლოდ თქვენს ბიჭებს შეუძლიათ იმ გზით ასვლა, ნისლშიაც კი. ადრე თუ თავიანთ სიმარჯვეს ბოროტი ზრახვებისთვის იყენებდნენ, ახლა, კეთილი ინებონ, და ცხოვრებაში ერთხელ კარგი საქმეც გააკეთონ. რომელიმე ბიჭი დაიხმარეთ და ისე ჩამოიყვანეთ ის კაზაკები.”

“უფალო იესო,” წამოიყვირა გრანიოლამ, “ასეც რომ მოვიქცეთ, მერე რაღა ვქნათ? ორშაბათ დილას მათ, უბრალოდ, სან-მარტინოს ნაცვლად სოლარაში იპოვიან და თქვენ კი არა, ჩვენ გადაგვბუგავენ!”

ორ ყმაწვილს – სტივულუსა და ჯიჯიოს – პარტიზანებთან ჰქონდა კავშირი. “დაწყნარდით,” თქვა სტივულუმ, ამ ორიდან შედარებით გამჭრიახმა, “ახლა ბადოგლისტები ორბენიოში იმყოფებიან და აქამდე არც ესესელებს ჩავარდნიან ხელში და არც “შავხალათიანებს.” ისინი ძალიან მაღლა, მთებში არიან დაბანაკებული და მთელ დაბლობს აკონტროლებენ, თანაც შესანიშნავი ინგლისური ავტომატები აქვთ. აქედან ორბენიომდე, ასეთ ნისლშიც კი, იმას, ვინც გზა კარგად იცის, მაგალითად ჯიჯიოს, მხოლოდ ორი საათი დასჭირდება ასავლელად, თუკი ბილიკს დაადგება… იქ ხომ შუქნიშნებია დაყენებული. კარგი, სამი საათი იყოს, რადგან უკვე ბნელდება. ახლა ხუთია. ჯიჯიო იქ რვა საათისთვის ააღწევს, გააფრთხილებს იმ კაზაკებს, ისინიც ჩამოვლენ და ვინიოლეტას გზაჯვარედინთან დაიცდიან. ჩვენ იქ ათი საათისთვის, კარგი, თერთმეტისთვის, საბარგო მანქანას მივიყვანთ და კორომში დავმალავთ, ხეობის ბოლოს, მადონას პატარა სამლოცველოსთან. ერთ-ერთი ჩვენგანი თერთმეტის შემდეგ ავა სოფელში, კაზაკებს წამოიყვანს, მანქანაში შეტენის და ის ჯიგრები გათენებამდე ბადოგლისტებთან იქნებიან.”

“ხალხო, ამაზე ვყბედობთ ამდენ ხანს? ჩვენი სიცოცხლე მხოლოდ იმიტომ უნდა შევაგდოთ სასწორზე, რომ ვიღაც რვა მამელუქი თუ ყალმუხი თუ მონღოლი და რა ვიცი, ათასი ჯანდაბა და დოზანა გადავარჩინოთ? ისინი, ვინც გუშინდელ დღემდე ესესელებს ეტმასნებოდნენ?” იკითხა წითურმა ჯეელმა, რომელსაც, თუ არ ვცდები, მიგლიავაჩა ერქვა.

“მოიცა, ძმაო,” შეაწყვეტინა გრანიოლამ, “იმ ბიჭებს ტვინი გადმოუბრუნდათ და ეს უკვე კარგი რამეა. თანაც რვა მამაცი მებრძოლი, ტყვიას ტყვიაში რომ სვამს ისეთი, ბევრ რამეში გამოგვადგება. დანარჩენის დედაც…”

“ისინი ბადოგლისტებს გამოადგებიან,” აღშფოთდა მიგლიავაჩა.

“ბადოგლისტებიც და გარიბალდისტებიც თავისუფლებისთვის იბრძვიან და როგორც უკვე ითქვა, ანგარიშს მერე გავასწორებთ. ახლა ის კაზაკები უნდა გადავარჩინოთ.”

“ჰო, მასეა, გრანიოლა. ბოლოს და ბოლოს ისინი ხომ საბჭოთა მოქალაქეები არიან და სოციალზმის დიადი სამშობლოს შვილები,” დაეთანხმა მარტინენგო, კაცი, რომელსაც დეზერტირ-მოღალატეები მაინცდამაინც არ უყვარდა, მაგრამ მაშინ სხვა დრო იყო, იმ დომხალში ვერ გაარჩევდი, ვინ რას აკეთებდა. აი, თუნდაც ჯინო ავიღოთ. ჯერ “შავხალათიანებთან” იყო, თანაც ძალიან ერთგულებდა, მერე გაიქცა, პარტიზანებს მიეკედლა და სოლარაში წითელი ყელსახვევით გამოგვეცხადა. მაგრამ ერთობ იმპულსური ყმაწვილი გახლდათ და სწორედ მაშინ დაბრუნდა თავისი გოგოს სანახავად, როცა არ უნდა გამოჩენილიყო. “შავხალათიანებმა” შეიპყრეს და ერთ დილას წირვაც გამოუყვანეს ასტიში.

“მოკლედ, ასე უნდა ვქნათ,” თქვა გრანიოლამ.

“მოიცა, მოიცა,” კვლავ აღელდა მიგლიავაჩა, “აკი მღვდელმაც გვითხრა, რომ იქ აბობღება მარტო ბავშვებს შეუძლიათ, მაგრამ ბავშვს ასეთ საქმეში ხომ ვერ გავრევთ? გინდაც გავგიჟდეთ და გავრიოთ, რა გარანტია გვაქვს, რომ ენას კბილს დააჭერს?”

“რატომ?” შეეპასუხა სტივულუ, “აგერ ჩვენი იამბო. თქვენ არ შეგინიშნავთ, ის კი აქ არის და გვისმენს. ხეობა მას თავისი ხუთი თითივით აქვს შესწავლილი, ჭკვიანი ბიჭუნაა და რაც მთავარია, ენა წინ არ უსწრებს. ამაზე, ძმებო, თავს დავდებ. თანაც მთელი მისი ოჯახი ჩვენს მხარეზეა და მგონი, კარგი ვარიანტი უნდა იყოს…”

ცივმა ოფლმა დამასხა და ჩავიბურდღუნე, უკვე გვიანია და სახლში მელოდებიან-მეთქი.

გრანიოლამ განზე გამიყვანა და შებმა დამიწყო: “ეს ხომ თავისუფლებისთვის ხდება… იმ საბრალო რვა ჯეელის გადასარჩენად. განა შენი ხნის ბიჭს არ შეუძლია გმირობის ჩადენა? სხვა თუ არაფერი, რამდენჯერ აბობღებულხარ იქ და ახლა რაღა ღმერთი გაგიწყრება? ერთი ეგ არის, სიფრთხილე გმართებს, რადგან რვა კაზაკს უნდა წაუძღვე. ის გერმანელები ნუ გადარდებს, გზის ბოლოს დგანან გაქირ ვირებივით და აზრზეც არ არიან, სად არის მთის ხეობა. ავად კი ვარ, მაგრამ მაინც წამოგყვები, მოვალეობას ვერ ვუღალატებ. თერთმეტი საათისთვის კი არა, თუ გინდა უფრო გვიან, შუაღამით წავიდეთ, როცა შენებს ეძინებათ და შეუმჩნევლად გამოიპარები. დილას კი საწოლში გნახავენ… ვითომც არაფერი.”

ასე ამირია ტვინი და მეც დავთანხმდი. სხვა თუ არაფერი, ეს ხომ ნამდვილი სატრაბახო, პარტიზანული თავგადასავალი იქნებოდა, მართლაც ნამდვილი, ისეთი კი არა, ფლეშ გორდონს არბორიას ტყეში და თრემალ-ნაიქს შავ ჯუნგლებში რომ გადახდათ თავს. ახლა მე იდუმალ გამოქვაბულში მობორიალე ტომ სოიერსაც ვაჯობებდი.

მაგრამ რადგან მეც მება მხრებზე თავი, გრანიოლას გეგმაში გარკვეული ცვლილებები შევატანინე. ის ამბობდა, ემანდ გზაში რომ არ დაგვეკარგონ ჩვენი კაზაკები, ერთი კარგი თოკი უნდა ვიშოვოთ და მთასვლელებივით ერთმანეთს გადავებათო, მაგრამ მე შევედავე: “ასე რომ ვქნათ და წინ მიმავალი გადავარდეს, ჩვენც თან გაგვიყოლებს, ამიტომ გვიჯობს თოკის ათი ნაჭერი გამოვიყენოთ, თითოეული ჩვენგანი როგორც წინ, ისე უკან მიმავალის თოკს მოეჭიდება. თუ ვინმე გადავარდა, მაშინვე გავუშვებთ ხელს თოკის ბოლოს. ყველას დაღუპვას ერთის სიკვდილი სჯობია.”

გრანიოლამ შემაქო, მაგარი ხარო.

მე ვკითხე, იარაღი ხომ არ მოგაქვს თან-მეთქი და მან მიპასუხა, არავითარ შემთხვევაში, რადგან ბუზის მომკვლელიც არა ვარ, გარდა ამისა, ღმერთმა დაგვიფაროს და შეტაკება რომ მოხდეს, კაზაკები ისედაც შეიარაღებული არიან, თანაც, გავიხედე და ესესელებს ჩავუვარდი ხელში… რომ ნახავენ უირაღო ვარ, შეიძლება კედელთან აღარ მიმაყენონო.

მერე გრანიოლამ მღვდელს უთხრა, კარგი, თანახმა ვართ და კაზაკებს პირველი საათისთვის მოვაკითხავთო.

სახლში შვიდ საათზე დავბრუნდი, სადილის დროისთვის. გრანიოლას თორმეტ საათზე უნდა შევხვედროდი, მადონას პატარა სამლოცველოსთან. სწრაფად რომ მეარა, ორმოცდახუთ წუთში იქ ვიქნებოდი. ჰო, მართლა, იქ, ორატორიოში, გრანიოლამ მკითხა, მაჯის საათი თუ გაქვსო. მე ვუპასუხე, რომ არ მქონდა, მაგრამ თერთმეტზე, როცა ყველა დასაძინებლად დაწვებოდა, სასადილო ოთახში გავიდოდი, რადგან იქ კედლის საათი იყო.

სადილზე მაგიდას რომ მივუჯექი, ტვინი მქონდა არეული, ოჯახს თავი მოვაჩვენე, ვითომ დიდის ინტერესით ვუსმენდი რადიოს, მერე ჩემი მარკების ალბომიც “გულისყურით” დავათვალიერე. თერთმეტ საათზე ჩემებმა შუქი ჩააქრეს და ბინაში სიჩუმემ დაისადგურა, მე კი ისევ სასადილო ოთახში ვიჯექი. წარამარა ვანთებდი ასანთის ღერებს, საათი რომ შემემოწმებინა. თორმეტის თხუთმეტ წუთზე სახლიდან გამოვიპარე და სამლოცველოს გზას დავადექი.

გრანიოლა იქ დამხვდა და დაგვიანებისთვის მისაყვედურა. ის ცახცახებდა, მე – არა. მე ჩემს სტიქიაში ვიყავი. გრანიოლამ თოკი გამომიწოდა, მე მის ბოლოს მოვეჭიდე და ასვლას შევუდექით.

პირადად მე ჩვენი მარშრუტის რუკა გონებაში მქონდა ჩაბეჭდილი, გრანიოლა კი სულ იმას გაიძახოდა, ვაიმე, ვვარდებიო. მე ისე ავუყევი ფერდობს, თითქოს მუსიკის თანხლებით მივდიოდი და მტკიცედაც მივაბიჯებდი. გრანიოლას, მიუხედავად იმისა, რომ მე მომყვებოდა, წარამარა უცდებოდა ფეხი. ხველაც აუტყდა. ხშირად მიხდებოდა უკან მიბრუნება, რათა ხელზე მომექაჩა. ნისლი კი იყო, მაგრამ ნახევარ მეტრში მაინც შეგვეძლო ერთმანეთის დანახვა. მე თოკს ვეწეოდი და გრანიოლაც ჩნდებოდა ნისლის საფარველიდან, რომელიც თითქოს იმწამსვე იფანტებოდა. ერთი სიტყვით, სუდარაშემოძარცულ ლაზარესავით მეცხადებოდა.

მთელი საათი მივიწევდით წინ და მანძილის ნახევარი თუ გვექნებოდა დაფარული. მთელი ამ ხნის განმავლობაში ერთადერთხელ მოვუწოდე გრანიოლას სიფრთხილისკენ – როდესაც კაჭარს მივუახლოვდით. მისთვის უნდა შემოგეარა და ბილიკზე გასულიყავი. ვაი შენ, თუკი გაბრიყვდებოდი და რახან ფეხქვეშ კენჭებს შეიგრძნობდი, მარცხნივ არჩევდი გადახვევას: მაშინ უთუოდ უფსკრულში მოგიწევდა სიცოცხლის დამთავრება.

როგორც იქნა ავედით, გალავნის ღიობსაც მივაღწიეთ. ნისლში შეუძლებელი იყო სან-მარტინოს დალანდვა. გრანიოლას ვუთხარი, ახლა უკვე ორღობეში ვართ, ოცი ნაბიჯი გადათვალე და მღვდლის სახლთან გავჩნდებით-მეთქი.

კარზე სამჯერ დავაკაკუნეთ, მერე დავახანეთ და იგივე გავიმეორეთ, სწორედ ისე, როგორც წინასწარ ვიყავით შეთანხმებული. მღვდელმა სახლში შეგვიშვა. სახეზე ქაღალდის ფერი ედო. ყაჩაღებივით კბილებამდე შეიარაღებული და ბავშვივით დაშინებული კაზაკებიც იქ დაგვხვდნენ. გრანიოლა ერთ-ერთ მათგანს გამოელაპარაკა – იმას, რომელმაც იტალიური იცოდა. კაზაკი გვარიანად ლაპარაკობდა ჩვენს ენაზე, მაგრამ უზადო აქცენტით ვერ დაიკვეხნიდა. გრანიოლა კი, ისე როგორც კაცს უცხოელთან საუბრისას სჩვევია, ძირითად ზმნის საწყის ფორმას აწვებოდა.

“შენ შენი ამხანაგების გაძღოლა და მე და ბავშვს უკან გამოყოლა. შენ თქმა შენს ამხანაგებს, რასაც მე გეუბნები და მათ, იმის გაკეთება, რასაც მე ვიტყვი. გასაგებია?”

“გასაგებია, გასაგები. ჩვენ მზად ვართ.”

მღვდელმა, რომელმაც კინაღამ შიშისაგან საჯაროდ ჩაისველა, კარი გაგვიღო და ჩვენც ორღობეში გავედით. სოფლის ბოლოდან მაშინვე შემოგვესმა ტევტონური ღავღავი და ძაღლების ყეფა.

“ღმერთმა დასწყევლოს,” წამოიძახა გრანიოლამ, მღვდელს კი ამაზე წარბიც არ შეუხრია. “ის უკეთურები აქ არიან, ძაღლებიც ჰყავთ, და ძაღლებს, ხო იცით, სუ ფეხებზე ჰკიდიათ ეს ჩვენი ნისლი, ყნოსვით მოგვაგნებენ. ახლა რაღა ვქნათ?”

“ვიცი მაგათი ამბავი. ხუთ კაცზე – ერთი ძაღლი. ჩვენი გზით წავიდეთ, იქნებ უძაღლოებს შევხვდეთ,” უთხრა კაზაკების მეთაურმა.

“Rien ne va plus. ჩვენ ნელა ვივლით. ვიდრე არ გეტყვით, არ გაისროლოთ. მზად გქონდეთ ცხვირსახოცები, ჩვრები და თოკები”, დაარიგა კაზაკები გრანიოლამ და მერე მე მომიბრუნდა: “აბა ახლა სწრაფად ჩავიაროთ ეს ორღობე და მოსახვევთან შევჩერდეთ. იქ თუ არავინ დაგვხვდა, ავშენებულვართ, გალავნის ღიობში გავძვრებით და მეყოლონ კარგად. მაგრამ თუ იმათ გადავეყარეთ, თანაც “ძაღლიანებს,” მაშინ კი გვეტირა დედა და ეგ არის. ასე თუ მოხდა, ძაღლებიანად უნდა მივაცხრილოთ… თუმცა, გააჩნია, რამდენი იქნებიან. გავიხედე და ძაღლები არ ჰყავთ… ჯერ გავატარებთ, მერე მივეპარებით, ხელებს გავუკრავთ და პირში ჩვრებს ჩავტენით. მერეც იყვირონ, თუ ყოჩაღი ბიჭები არიან.”

“იქვე დავტოვოთ?”

“კარგი კითხვაა. არა, თან წავათრევთ. სხვა გზას ვერ ვხედავ.”

მერე გრანიოლამ ეს ყველაფერი მეთაურს აუხსნა და იმანაც თავის რაზმს “მოუთარგმნა.”

მღვდელმა რაღაც ჩვრები მოგვცა და ასე გასინჯეთ, საეკლესიო სამოსელის ზონრებსაც შეელია. თან გვაჩქარებდა, წადით, წადით, ღმერთი შეგეწიოთო.

ორღობეს ჩავუყევით. მოსახვევთან კვლავ ღავღავებდნენ გერმანელები, მაგრამ ძაღლების ხმა აღარ ისმოდა.

ჩვენ კედელს ავეკარით. მალე ვიღაცები მოგვიახლოვდნენ, გერმანულად ლაპარაკობდნენ, ალბათ გაჩენის დღეს იწყევლიდნენ, რადგან ვერაფერს ხედავდნენ და არ იცოდნენ, საით უნდა წასულიყვნენ. გრანიოლამ ხელებით გვანიშნა, ორნი არიან, ჯერ ჩაიარონ და მერეო…

ის ორი გერმანელი აშკარად იქაურობის დასაზვერად გამოეგზავნათ დანარჩენებს, ვიდრე თვითონ ძაღლებთან ერთად მოედანს შემოუვლიდნენ. იარაღმომარჯვებული მზვერავები ფეხაკრეფით მიდიოდნენ; ორღობე ვერ შენიშნეს იმ სულელებმა და ჩაგვიარეს. კაზაკებიც მაშინვე ეცნენ და იქვე გვიჩვენეს, თავიანთი საქმის ოსტატები რომ იყვნენ. ელვის სისწრაფით დასცეს ბეჭებზე ორი კაცი და პირი ჩვრებით გამოუტენეს. თითო გერმანელი ორ კაცს ჰყავდა გაკავებული, მესამე კი ზურგსუკან უკრავდა ხელებს. თავაწყვეტილი ჯეელები იყვნენ ის კაზაკები!

“გათავდა და მორჩა”, თქვა გრანიოლამ. “აბა, იამბო, მაგათი ავტომატები გალავანს იქით მოისროლე, თქვენ კი ბიჭებო, ეგ გერმანელები წინ გაიგდეთ და მე და იამბოს მოგვყევით უკან.”

მე თავზარდაცემული ვიყავი და ახლა უკვე გრანიოლა იღებდა გადაწყვეტილებას. ღიობში ადვილად გავძვერით და გრანიოლამ თოკები დაგვირიგა. ერთი ეგ იყო, ჩვენი ჯაჭვის პირველი და ბოლო კაცის გარდა, ორივე ხელი ყველას დაკავებული ჰქონდა და ამიტომ, ძალიან გაჭირდა იმ გერმანელების ტყემდე მითრევა. აი, იქ კი გრანიოლამ ჩვენი მსვლელობის რეორგანიზაცია მოხდინა: ვინც გერმანელის წინ მიდიოდა, თავისი თოკი მისი ავტომატის ღვედს გამოაბა, ვინც უკან – მარჯვენა ხელით საყელოში ჩააფრინდა ტყვეს, მარცხენით კი უკანმომავალი კაცის თოკს ჩაეჭიდა. მაგრამ, ის-ის იყო ადგილიდან უნდა დავძრულიყავით, რომ ერთ-ერთ გერმანელს ფეხი დაუცდა, ზედ გადაემხო იმას, ვინც მის წინ მიდიოდა, უკანა კაციც წააქცია და ჩვენი ჯაჭვიც გაწყდა. კაზაკებმა რაღაც წაისისინეს (ალბათ თავიანთ ენაზე შეიგინეს), მაგრამ ჭკუა იხმარეს და არ აყვირებულან.

ამასობაში ერთმა გერმანელმა დრო იხელთა და გაპარვა სცადა. ორი კაზაკი ბორძიკ-ბორძიკით მიჰყვა უკან. ადვილი შესაძლებელი იყო, ხელიდან დაგვძრომოდა, მაგრამ იცოდა კი საით მიდიოდა? რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ ფეხი დაუსხლტა, იქვე გაიშოტა და კაზაკებმაც ხელი სტაცეს. გაწევ-გამოწევაში გერმანელს თავიდან ჩაჩქანი გადაუვარდა. კაზაკების მეთაურმა გვითხრა, ახლა ეგ კასკა აქ თუ დავტოვეთ, ძაღლები კვალს აიღებენ და ადვილად მოგვაგნებენო… და აი, პირველად მაშინ შევნიშნეთ, რომ მეორე გერმანელი თავშიშველი იყო. “წყეული ნაბიჭვრები,” წაისისინა გრანიოლამ. “მაგას ჩაჩქანი ალბათ იქვე გადასძვრა, ორღობეში. ძაღლებმა თუ მიაგნეს, დავიღუპეთ.”

ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი! სულ რამდენიმე მეტრით წინწასულებს რაღაც ხმები და ძაღლების ყეფა შემოგვესმა.

“აი, ხომ ხედავთ! ორღობეს მიაღწიეს, ძაღლებმაც მაშინვე მიაგნეს ჩაჩქანს და ახლა მოგვდევენ. სმენა იყოს და გაგონება! ნუ შეშინდებით. ჯერ ის ღიობი უნდა იპოვონ, ეს კი არც ისე ადვილია; მერე Qქვემოთკენ უნდა წამოვიდნენ. თუ ფრთხილი ძაღლები ჰყავთ, ისინიც ალბათ ნელა ივლიან, და თუ ძაღლები აჩქარდებიან, ვეღარც ისინი შეიკავებენ თავს და უკანალით დაებერტყებიან. ვერ დაგვეწევიან, იამბო! რაც შეგიძლია, სწრაფად იარე. აბა, წავედით!”

“ვეცდები, გრანიოლა, მაგრამ ძალიან მეშინია.”

“კი არ გეშინია, ღელავ. ღრმად ჩაისუნთქე და წინისაკენ!”

იმ მღვდლისა არ იყოს, ახლა კინაღამ მე ჩავისველე, მაგრამ ვხედავდი, რომ ყველაფერი ჩემზე იყო დამოკიდებული, უჩემოდ ვერაფერს გახდებოდნენ. კბილები მიკაწკაწებდა, იმ წუთას მერჩივნა ჟირაფონე ვყოფილიყავი და არა რომაელი ლეგიონერი; ცხენი ჰორასი ან ძროხა კლარაბელი – და არა მიკი მაუსი შვიდი მოჩვენების სამფლობელოში; სინიორ პამპურიო – და არა ფლეშ გორდონი არბორიას ჭაობებში, მაგრამ როცა კაცი საცეკვაო მოედანზე ხარ, სხვა გზა არა გაქვს, უნდა იცეკვო. რაც შემეძლო სწრაფად დავეშვი ქვემოთ, თან ვცდილობდი, ფეხი არ შემშლოდა.

ის ჩვენი ტყვეები ძალიან გვაფერხებდნენ; ძონძებით პირგამოტენილები ძლივსღა სუნთქავდნენ და წარამარა ჩერდებოდნენ. თხუთმეტიოდე წუთში კაჭართან მივედით; იმდენად კარგად ვიცოდი, სადაც იყო, რომ იქამდე შევახე ხელი, ვიდრე საკუთარი თვალით დავინახავდი. მისთვის ძალიან ფრთხილად უნდა შემოგვეარა: ვინმე რომ განზე გადაქანებულიყო, შვერილთან აღმოჩნდებოდა და პირდაპირ უფსკრულში გადაეშვებოდა. ზემოდან ჯერ კიდევ კარგად გვესმოდა ხმები, მაგრამ ვერ გაგვეგო, გერმანელები თავიანთი ურჩი ძაღლების გასამხნევებლად ყვიროდნენ ასე ხმამაღლა, თუ უკვე გალავანს გასცდენოდნენ და ახლა ჩვენკენ მოდიოდნენ.

ამ ხმების გაგონებაზე ორივე ტყვე გამოცოცხლდა. მაშინაც კი, როცა ფეხზე მყარად იდგნენ, დაცემასა და განზე გადაგორებას ცდილობდნენ, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელი იყო, ეს სითამამე ძვირად დასჯდომოდათ და დამტვრეულიყვნენ. ალბათ იფიქრეს, ახლა ესენი ვეღარ გვესრიან და სადაც არ უნდა აღმოვჩნდეთ, ძაღლები მაინც გვიპოვიანო. მათ უკვე აღარაფერი ჰქონდათ დასაკარგავი და თქვენც ხომ იცით, რაზეა წამსვლელი თავზეხელაღებული კაცი!

უეცრად სროლის ხმა გავიგონეთ. რადგან ქვემოთ ჩამოსვლა გაუჭირდათ, გერმანელებმა ცეცხლის გახსნა გადაწყვიტეს. ჯერ კიდევ მთელი ასოთხმოცი ნაბიჯის სავალი გზა ედოთ წინ და წარმოდგენა არ ჰქონდათ, ჩვენ სად ვიყავით, ამიტომ უმისამართოდ ისროდნენ, თანაც თითქმის ჰოტიზონტალურად, რახან არც ის იცოდნენ, რამდენად დამრეცი იყო ფერდობი. როცა ჩვენი მიმართულებით ისროდნენ, ტყვიები თავზემოთ დაგვზუზუნებდა.

“ვიაროთ, ვიაროთ,” გვიბრძანა გრანიოლამ. “ვერ გვიპოვიან.”

მაგრამ, ბოლოს გერმანელები გაერკვნენ ადგილ-მდებარეობაში და რამდენიმე მათგანი ქვემოთ დაეშვა. ძაღლებიც უკვე ჩვენკენ მოიწევდნენ. ახლა გერმანელები ჩვენი მიმართულებით ისროდნენ და რამდენიმე ტყვიამ მახლობელ ბუჩქნარში გაისისინა.

“ნუ შიშობთ,” გაგვამხნევა კაზაკების მეთაურმა. “ვიცი, მაგათი ავტომატების Reichweite.”

“იცის, რა მანძილიდან აღწევს მიზანს მაგათი ტყვია,” აგვიხსნა გრანიოლამ.

“ჰო, მაგის თქმა მინდოდა. მეტად თუ აღარ მოგვიახლოვდნენ და ჩვენც ცოტა მოვუჩქარეთ, ტყვია ვერ მოგვწვდება. ნუღარ ვაყოვნებთ.”

“მე კი ვივლი სწრაფად, მაგრამ თქვენ რა გეშველებათ? მაგ ორი გერმანელის წამოთრევაც გაგიჭირდებათ. რა აზრი აქვს თავ-პირის მტვრევით ჩემს ჩარბენას? მოდი, აქ დავტოვოთ ტყვეები, თუ არადა, შემეშვით, მე ჩემი გზით წავალ,” თვალცრემლიანმა ვუთხარი გრანიოლას.

“რას ამბობ? აქ რომ დავტოვოთ, წამში შეიხსნიან თოკებს და დანარჩენებს შეეხმიანებიან,” შეიცხადა გრანიოლამ.

“კონდახს ვხეთქავ თავში და ისე მოვკლავ, უხმაუროდ,” ჩაისისინა მეთაურმა.

ამის გაგონებაზე გამაცია. როგორ, ის ორი უბედური უნდა მოეკლათ? მაგრამ გრანიოლას სიტყვებმა დამამშვიდა: “ეგ არ ივარგებს. თუ დავხოცავთ და აქ დავტოვებთ, ძაღლები მოაგნებენ და გერმანელები ჩვენც ადვილად გვიპოვიან. ერთი გზაღა დაგვრჩენია: აქედან შორს უნდა გადავყაროთ, ძაღლებიც მათკენ აიღებენ გეზს და ამასობაში ათ წუთს და ალბათ ცოტა მეტსაც მოვიგებთ. იამბო, ჩვენგან მარჯვნივ განა ის მატყუარა ბილიკი არ არის, პირდაპირ უფსკრულისკენ რომ მიემართება? იქითკენ გადავყაროთ. შენ ხომ თქვი, იმ გზით ვინც წავა, შვერილს ვერ შენიშნავს და გადაიჩეხებაო? ძაღლებიც იქითკენ წავლენ და გერმანელებსაც თან გაიყოლებენ. ვიდრე ისინი გონზე მოვლენ, ჩვენ გავივაკებთ კიდეც. იქიდან თუ გადაიჩეხა კაცი, ნაღდად მოკვდება, არა?”

“არა, მე არ მითქვამს, რომ ნაღდად მოკვდება. ისე, ალბათ დაიმტვრევა… და თუ თავიც ხეთქა რამეს…”

“ჯანდაბა შენ თავს. ხან ერთს ამბობ და ხან მეორეს! თუ ჩავარდნისას თოკები შეეხსნათ და დაყვირება მოასწრეს, სხვები გაფრთხილდებიან.”

“მაშინ ჯერ უნდა დაიხოცონ და მერე ჩაცვივდნენ,” განაცხადა ბევრის მომსწრე და ომის მუხანათურ კანონებში გარკვეულმა მეთაურმა.

მე გრანიოლას გვერდით ვიდექი და მის სახეს კარგად ვხედავდი. ადრეც უფერული ვინმე ბრძანდებოდა, ახლა კი აჩრდილივით გაფითრებულიყო. ცას აჰყურებდა, თითქოს მაღლიდან ელოდა ნიშანს. ამასობაში ტყვიებმა თავზემოთ გადაგვიზუზუნა. ერთ-ერთმა გერმანელმა თავის მცველს უბიძგა და ორივე ძირს დაებერტყა. გერმანელი კაზაკს კბილებში უბრაგუნებდა თავს და ყველანაირად ცდილობდა ხმაურის ატეხას. გრაინოლამაც მაშინ მიიღო გადაწყვეტილება: “ან ჩვენ, ან ისინი, იამბო. მარჯვნისაკენ რომ წავიდე, რამდენი ნაბიჯი დამჭირდება იმ შვერილამდე?”

“ათი. მე ათი მჭირდება, შენ კი ალბათ რვა უნდა გადაგა.. მაგრამ თუ დიდი ნაბიჯით წახვალ, ფეხქვეშ მიწა გამოგეცლება. ასე რომ, ოთხის გადადგმა გიჯობს… არა, სიფრთხილეს თავი არ სტკივა – სამის.”

“კარგი,” თქვა გრანიოლამ და მეთაურს მიუბრუნდა. “თქვენ მე მომყევით. ამ ორ ლაქიას მხრებში მაგრად ჩასჭიდეთ ხელი და წინ გაიგდეთ. დანარჩენები აქ დაიცდიან.”

“რას აპირებ, გრანიოლა?” ვკითხე გაპარული ხმით.

“მოკეტე. ომია. ამათთან ერთად აქ დაიცადე. ეს ბრძანებაა, იამბო.”

ისინი ნისლში გაუჩინარდნენ, კაჭარს იქით. ცოტა ხანში ქვების ჩხრიალი და რაღაც ყრუ ბრაგვანი მოგვესმა. მერე გრანიოლა და ორი კზაკი გამოჩნდნენ, გერმანელები – არა! “აბა, ჩქარა. ახლა უფრო სწრაფად ვივლით,” გვითხრა გრანიოლამ. ხელი მხარზე დამადო. ერთიანად ცახცახებდა. რადგან ჩემს გვერდით იდგა, ისევ კარგად ვხედავდი: საყელომომდგარი სვიტერი ეცვა და ლანცეტის ბუდე ეკიდა გულზე. ალბათ ლანცეტი ამოიღო-მეთქი, გავიფიქრე. “რა უქენით იმ ორს?” ვკითხე ატირებულმა.

“შეეშვი მაგაზე ფიქრს. სხვანაირად ვერ მოვიქცეოდით. ახლა ძაღლები სისხლის სუნს აიღებენ და გერმანელებს იქითკენ წაიყვანენ. მგონი, გადავრჩით. აბა, წავედით.”

დაახლოებით ნახევარ საათში ხეობა ჩავიარეთ და გზაზე გავედით. მთელი ამ ხნის განმავლობაში ზემოდან ყვირილი და ყეფა გვესმოდა, მაგრამ ეს ხმები თანდათანობით სულ უფრო და უფრო გვშორდებოდა. ჯიჯიოს საბარგო იქვე გველოდა, კორომში. გრანიოლამ კაზაკებს უთხრა, მანქანაზე ადითო. მერე ჩვენ მოგვიბრუნდა: “მე ამათ გავყვები, ბარემ ბადოგლისტებს ჩავაბარებ.” ცდილობდა, ჩემთვის თვალი აერიდებინა; ერთი სული ჰქონდა, იქიდან დროზე წავსულიყავი. “წადი, წადი, იამბო. სახლში წადი. მაგარი ხარ, ჯილდო დაიმსახურე! სხვაზე ნუღარაფერზე იფიქრებ. შენ შენი ვალი აღასრულე. თუკი ვინმეა რამეში დამნაშავე – მხოლოდ და მხოლოდ მე.”

სიცივის მიუხედავად, შინ ოფლში გაწურული დავბრუნდი – ოფლში გაწურული და არაქათგამოცლილი. მგონი, სიცხემაც ამიწია. უნდა მოვინანიო, უნდა მოვინანიო, ვიმეორებდი გულში.

დილა კი უარესი გამითენდა: ჯერ ერთი, დროზე უნდა ავმდგარიყავი და მეორეც, დედაჩემი გამიგიჟდა, ასეთი ჭკუაარეული ჯერ არ მინახიხარო. რამდენიმე საათში ჩვენს სახლთან ჯიჯიო გამოჩნდა. ვანიშნე, ვენახში დამლოდებოდა. ვიცოდი, ის არაფერს დამიმალავდა. მანაც ყველაფერი მიამბო…

გრანიოლამ და ჯიჯიომ ის კაზაკები ბადოგლისტებს ჩააბარეს და უკან გამობრუნდნენ. ბადოგლისტებმა გააფრთხილეს, ღამე უირაღოდ სიარული საშიშია, რადგან “შავხალათიანები” დაძრულან სოლარასაკენ თავიანთი ხალხის დასახმარებლადო და გრანიოლას მუშკეტი მისცეს.

მთელ სამ საათს მოუნდნენ ვინიოლეტას გზაჯვარედინების გადაკვეთას. მანქანა პატრონს დაუბრუნეს და ფეხით წამოვიდნენ სოლარასაკენ. იმდენი ნერვიულობის შემდეგ გაილაღეს, აღგზნებულები ყვიროდნენ, ერთმანეთს ამხნევებდნენ, ზურგზე ხელებს უტყაპუნებდნენ… და ვერ შენიშნეს თხრილში მიყუჩებული “შავხალათიანები.” ისინი ქალაქიდან ორი კილომეტრის დაშორებით შეიპყრეს. იარაღი ჰქონდათ და თავს ვერ გაიმართლებდნენ. ავტოფურგონში შეყარეს. იქ მხოლოდ ხუთი ფაშისტი იყო: ორი წინ იჯდა, ორიც უკან – მათ პირისპირ, ერთი კი ძარაზე იდგა და გზას გაჰყურებდა, რადგან ნისლი ჯერ არ გაფანტულიყო.

მათთვის ხელ-ფეხი არ შეუკრავთ, რადგან ორ მცველს ავტომატები ჰქონდა მომარჯვებული, გრანიოლა და ჯიჯიო კი ტომრებივით ეყარნენ მათ ფერხთით. მერე ჯიჯიოს რაღაც უცნაური ხმა ჩაესმა, თითქოს ქსოვილი გაიფხრიწაო და სახეზე ბლანტი სითხე დაედინა. ერთ-ერთ ფაშისტს ხროტინი მოესმა, ფარანი აანთო და ყელგამოღადრული გრანიოლაც დაინახეს…. თავისი განუყრელი ლანცეტით ხელში. მანქანა გააჩერეს და ორმა ფაშისტმა ლანძღვა-გინებით გადაათრია გრანიოლა გზაზე. მათ ჯიჯიოც ეხმარებოდა. გრანიოლა სულსა ღაფავდა, იქაურობა სისხლით იყო მორწყული. დანარჩენი სამი ფაშისტიც გადმოვიდა მანქანიდან. ერთმანეთს ადანაშაულებდნენ, თვალები სად გქონდათ, უფროსობას ეგ ცოცხალი სჭირდებოდა, ახლა რაღა ვქნათ, ციხე გველის, ტყვეები რომ არ გავკოჭეთო.

ვიდრე ისინი გრანიოლას ცხედარს “დასტიროდნენ”, ჯიჯიოს არსებობა გადაავიწყდათ, და მანაც იფიქრა, ან ახლა და ან არასდროსო. იცოდა, იქ ციცაბო ფერდობი იყო და თხრილს გადაახტა. ფაშისტებმა ერთი-ორი კი გაისროლეს, მაგრამ ჯიჯიო ბურთივით ჩაგორდა ქვემოთ და ხეებში მიიმალა. ნისლში ისევე გაჭირდებოდა მისი პოვნა, როგორც თივის ზვინში ჩაკარგული ნემსის, თანაც ფაშისტებს დიდი აურზაური ხელს არ აძლევდა: გრანიოლას ცხედარი უნდა გადაემალათ და რისხვის თავიდან ასაცილებლად უნდა ეთქვათ, რომ იმ ღამით ვერავინ დაიჭირეს.

იმ დილას, მას შემდეგ, რაც “შავხალათიანები” გერმანელებთან შესახვედრად გაემართნენ, ჯიჯიო თავის რამდენიმე მეგობართან ერთად ტრაგედიის ადგილზე მივიდა. არხები გადაჩხრიკეს და გრანიოლას ცხედარს მიაგნეს. სოლარელმა მღვდელმა უარი განაცხადა ეკლესიაში მის დასვენებაზე, რადგან გრანიოლა ანარქისტი იყო და გარდა ამისა, უკვე ყველამ იცოდა, საკუთარი ხელით რომ გამოეჭრა ყელი, მაგრამ დონ კონიასომ ნება დართო ბიჭებს გრანიოლა ორატორიოს პატარა სამლოცველოში დაესვენებინათ, ღმერთმა მოწყალეა და მღვდლებზე უკეთ უწყის ყოველივეო.

გრანიოლა მოკვდა. მან გადაარჩინა კაზაკები, მე მშვიდობით დამაბრუნა სახლში და მერე მოკვდა. იქ არ ვყოფილვარ, მაგრამ კარგად ვიცოდი, რატომ მოხდა ეს ყველაფერი; მას ხომ არაერთხელ უთქვამს ჩემთვის, ტყვედჩავარდნილი როგორ მოიქცეოდა. აკი ამბობდა, მხდალი ვარ, წამებას ვერ გავუძლებ, ყველას გავცემ და მეგობრებს სასაკლაოზე გავისტუმრებო. მან მეგობრებისთვის დათმო სიცოცხლე. ლანცეტის ერთი გამოსმა და… იმ გერმანელებსაც ალბათ ასევე მოუღო ბოლო. ეს ყველაფერი რაღაც დანტესეულ სამსჯავროს ჰგავდა. მხდალის მამაცური აღსასრული. მან პასუხი აგო თავის ცხოვრებაში ჩადენილი ერთადერთი სისასტიკისთვის და ასე გამოისყიდა ცოდვა, რომლის ზიდვასაც ვერ შესძლებდა ცოცხლად დარჩენილი. ერთი ხელის მოსმით გააცურა ყველა: ფაშისტები, გერმანელები, ღმერთი…

ახლა ჩემს მოგონებებსაც კი შემოეძარცა ნისლის საბურველი. თვალწინ მიდგას სოლარაში ტრიუმფით შემოსული პარტიზანები. 25 აპრილს მილანი გათავისუფლდა. ხალხი ქუჩებს მოსდებია, პარტიზანები ქალაქში საბარგო მანქანებით შემოდიან, ჰაერში ისვრიან.NNრამდენიმე დღის შემდეგ კი ჯარისკაცს ვხვდები: ზეთისხილისფერი ფორმა აცვია, ველოსიპედს მიაქროლებს ცხენისწაბლას ხეებს შორის. ბრაზილიელი ვარო, მომაყვირებს და გზას აგრძელებს. ნუთუ ბრაზილიელებიც ამერიკელების და ინგლისელების მხარდამხარ იბრძოდნენ? ჩემთვის ეს არავის უთქვამს. არასდროს. Drôle de guerre.

გერმანია მარცხდება. ჰიტლერი თავს იკლავს. ომი დამთავრდა. ზეიმობს სოლარა, ყველა ერთმანეთს ეხვევა, ხალხი აკორდეონის ჰანგებზე ცეკვავს.

მე კი ამ ბედნიერ სამყაროში ტრაგედიიდან ვარ მოხვედრილი, ტრაგედიიდან, სადაც ორი მოკლული გერმანელი დარჩა და გრანიოლაც – ქალუნახავი და წამებული – შიშის, სიყვარულის და სიკერპის გამო.

ვერ გამიბედავს დონ კონიასოსთან მისვლა, ვერ გამიბედავს მონანიება. კი მაგრამ, რა უნდა მოვინანიო? ის რაც არ გამიკეთებია, არც კი დამინახავს და რაზეც მხოლოდ ვეჭვობ? და თუკი შესანდობი არაფერი ჩამიდენია, როგორ ვითხოვო შენდობა და მიტევება? ამიტომ ვიქნები საუკუნოდ შერისხული.

2005

© ”ცხელი შოკოლადი”

Facebook Comments Box