პროზა (თარგმანი)

ფარზანე ქარამფური – გამაფრთხილებელი ნათურა

სპარსულიდან თარგმნა მზია ბურჯანაძემ

ლამპიონები თითო-თითოდ, ერთმანეთის მიყოლებით აინთო. შადრევნები გამოირთო და წყალქვეშა განათებაც ჩაქრა.

მოედნის გარშემო ჩამწკრივებული ჭადრების ტოტებს ქარი ერთმანეთს ახლიდა და უკანასკნელ ხმელ ფოთლებს აქანავებდა. მოედნის ჩრდილოეთით მდებარე პიცერია  ახალგაზრდა გოგო-ბიჭებით იყო სავსე. მათი სიცილ-ხარხარი და ლაზღანდარობა მოედნის მეორე ბოლოს სწვდებოდა. მაღაზიის წითელი ნათურა აუზის ზედაპირზე სისხლისფერ ლაქად ბზინავდა. განაპირა წიგნების მაღაზიაში შუქი ჯერ არ აენთოთ. ფანჯარაზე ჩამოკიდებული, ერთმანეთზე თოკით გადაბმული ჟურნალ-გაზეთები ქარში ირწეოდნენ და მინას უკაკუნებდნენ. კართან, ტაბურეტზე, მოხუცი გამყიდველი ჩამომჯდარიყო და, ნათურების ციმციმის შესაბამისად, ხან წითელი ფერი ედებოდა და ხანაც _ შავი.

მანქანების წყება მოედანს გარს უვლიდა და ჰიპერმარკეტის ავტოსადგომში შედიოდა. ერთმა თეთრმა ავტომობილმა ჭიშკარი გაიარა, მარცხნივ გაუხვია და  გაზონის პირას ორ თეთრ მანქანას შორის ჩადგა. ქალი თან ჩანთაში იქექებოდა, თან ლაპარაკობდა: ,,ზეთი არ დაგავიწყდეს, მაშინდელივით არ მოგივიდეს! ბრინჯი და ხბოს ხორციც იყიდე. ძვლის ტვინით იყოს! რამდენიმე შეკვრა ნაგვის პარკი! წამში ილევა. აღარც საპონი გვაქვს!“

კაცმა კბილებში რაღაც გამოცრა, თითქოს, ,,კარგი, ჰო, კარგიო,“ და კარი მაგრად მიაჯახუნა. ქალმა თავი ასწია და ქმრის კუბოკრული პიჯაკის ზურგი დაინახა, დაისის  ნაადრევ ბინდბუნდში თანდათან რომ ქრებოდა. ჩანთა უკანა სავარძელზე მოისროლა და წამოიწია, ლაბადა გაისწორა. თავსაფარი შეისწორა, მოედნისკენ და მანქანების მწკრივისკენ მიბრუნდა, ნიკაპი ხელს ჩამოაყრდნო  და გარესამყაროს მიაშტერდა…

კაცმა უკანა კარი გააღო და ნავაჭრით სავსე პაკეტები სავარძელზე დაყარა. ცელოფნის პარკი ქალს გაუწოდა, მანქანა დაქოქა და თქვა:

_ ესეც _ სენდვიჩი!

ქალმა ერთი სენდვიჩი ამოიღო:

_ ისევ სოსისი…

მოკბიჩა, მოედანს მიაშტერდა და გააგრძელა:

_ ნახე, იმ ქალს რა ლამაზი მანტო აცვია, გამხდარი ჩანს.

კაცმა ფარები აანთო და ავტოსადგომიდან გავიდა. მოედანს წრე დაარტყა და ავტობანისკენ მიმავალ გამზირზე გაუხვია. რადიო ჩართო და პირგამოტენილმა თქვა:

_ ახალია…

ქალმა უხმოდ დაუქნია თავი. ყბებისა და ღეჭვის ხმებმა აავსო სივრცე. დიქტორი აღმოსავლეთ ავტობანზე მომხდარი ავარიის ამბავს გადმოსცემდა და ქალაქის სამხრეთი რაიონის გამზირებზე საცობების თაობაზე აფრთხილებდა… მერე ჰაერში საზის ქვითინის ხმა დაირხა. ავტობანი თავისუფალი იყო, შორს შუქნიშანი წითლად, ყვითლად და მწვანედ კიაფობდა. ხიდი რომ გადაიარეს, ქალმა იკითხა:

_ აქედან რატომ?

კაცმა ქაღალდი და ცელოფანი ფანჯარაში მოისროლა:

_ აბა, საიდან?

ქალმა ჭამა-ჭამით ჰკითხა:

_ კი მაგრამ, სახლში არ მიდიხარ?

და კაცისკენ შებრუნდა. გაოგნებულმა ამოთქვა:

_ თქვენ?!.

უცხო კაცმა მანქანა გზიდან გადაიყვანა და გააჩერა.

_ ეტყობა, შეგვეშალა. მოსახვევამდე მივიდეთ და უკან დავბრუნდეთ.

ქალმა საათს დახედა:

_ ცხადია, ისინიც მიხვდებოდნენ. ალბათ, გვეძებენ. იქნებ იქვე გველოდებიან.

გზაში ქალმა შეფარვით შეათვალიერა კაცი. კუბოკრული პიჯაკი და მუქი შარვალი ეცვა. ტუჩს ჭაღარა ულვაში უფარავდა. ქალი ვერ იხსენებდა, მის ქმარს ჰქონდა თუ არა ულვაში. თითქოს მისი შარვალი უცნობი კაცის შარვალზე უფრო ღია ფერის იყო, ცხვირთან კი ხალი ჰქონდა. კაცმა ქალის პროფილს შეავლო თვალი და გაიფიქრა, რომ მისი ცოლის ცხვირი ცოტა უფრო დიდი იყო. თავსაფრიდან გადმოვარდნილ თმის კულულს გახედა და ვერ გაიხსენა, თმები მის ცოლს უფრო ბაცი ჰქონდა თუ _ უფრო მუქი. საბარგულში ჩადებული საბუთებიანი ჩანთა გაახსენდა, დილამდე რომ უნდა ჩაეგდო ხელში _ ანგარიში, რომელიც მდივანთან სამსახურის დაწყებისთანავე უნდა მიეტანა!

გაზს დააწვა. მინას წვიმის პირველი წვეთები დაეცა, ქარი გაძლიერდა. მოედანს მიაღწიეს. პიცერიაში ჯერ კიდევ იყო ხალხი. სხვა მაღაზიებზე ჟალუზები ჩამოეშვათ და სინათლეებიც გამოერთოთ. ჰიპერმარკეტი დაეკეტათ. არც მოედნის გარშემო და არც ავტოსადგომზე მანქანები არ ჩანდა. ტროტუარზე, წიგნის მაღაზიასთან დარჩენილ ტაბურეტს ხან წითელი ფერი ედებოდა და ხანაც _ შავი.

© არილი

Facebook Comments Box