სოსიურის “კურსი” ქართულად
ფერდინანდ დე სოსიური. ზოგადი ენათმეცნიერების კურსი. მთარგმნელი ცისანა ბიბილეიშვილი, რედაქტორი ბაქარ გიგინეიშვილი, დიზაინი და დაკაბადონება გიორგი ტაბლიაშვილი. თბ. “დიოგენე”, 2002.
ჩემი სტუდენტობა ისე გასრულდა, რომ დიდი და ცნობილი ენათმეცნიერების ნაშრომთა ქართული თარგმანისათვის თვალი არ მომიკრავს. კი, როგორ არა, იყო ჰუმბოლდტი და გამოვიდა ჰუმბოლდტზე დაწერილი წიგნი გურამ რამიშვილისა, მაგრამ გერმანელი ენათმეცნიერების პოპულარობას თავად ბატონ გურამის მეცნიერული ინტერესი და პიროვნება განაპირობებდა. ამგვარი განსაკუთრებული დაინტერესება სოსიურით არავის გამოუჩენია და მისი იდეები ქართულად არავის გარდაუთქვამს. ამიტომ 80-იანი წლების დასაწყისში პასტებითა და “საერთო რვეულებით” შეიარაღებული, ორ ჯგუფად გაყოფილი კურსი, მეორე კორპუსის მეორე სართულზე ორ აუდიტორიას ვავსებდით და სწავლას მოწყურებულნი ორ ლექტორს ველოდით – ბაქარ გიგინეიშვილსა და გივი ნებიერიძეს (ნათელში იყოს ორი ბრწყინვალე პიროვნების სული!), რომლებიც ზოგადი ენათმეცნიერების კურსს გვიკითხავდნენ. მე ბატონ გივისთან მოვხვდი და დღემდე ტკბილად ვიხსენებ ლექციის დროს, კარნახს შუა ჩაგდებულ ხუმრობებს, რომელთა შორის ერთი ასეთი ნათქვამი შემომრჩა: – კაცო, საქართველოში მეცნიერება შეუძლებელია, მეცნიერებას ყოველდღიური თავდახრილი შრომა უნდა და სად არი ამის დრო ჩვენში… აგერ მეგობარი გეპატიჟება, აქეთ ლხინია, იქით ჭირი და ცხოვრება ისე გარბის… წიგნის დრო სადღააო.
იმ დროიდან შემომრჩა ორი ორმოცდარვაფურცლიანი რვეული, რომლებიც წიგნის თაროზე ენათმეცნიერულ წიგნების განაპირას არიან მიკუნჭული. ახლა გადმოვიღე და ვათვალიერებ იმ ძველ (ალბათ, უნდა დავამატო – “გაყვითლებულ!”) ჩანაწერებს, ბატონი გივის მიერ ნაკარნახებს, ჩემი ლოყებდამკრახული თანაკურსელის – ქეთინო ძაგნიძის მიერ ზედმიწევნით ჩაწერილს და მერე (გამოცდისთვის!) ჩემ მიერ გადაწერილს. სოსიურის “სინქრონია-დიაქრონიაზე” ჩანაწერის ნახევარი (რვეულის ბოლო ფურცლებია) ქეთინოს “პოჩერკითაა” შესრულებული – ეტყობა, პირდაპირ ჩემთან ჩაწერა და მერე პირიქით გადაიტანა. ასეა თუ ისე, ეს ჩანაწერიც ერთ, თბილი გრძნობისა და სევდიანი მიგნების საბაბად მექცა… მასწავლებელიც გავიხსენე და ჩემი ქეთინოც – სიკეთისა და კეთილმოსურნეობის განსახიერება, რომელიც არის, ალბათ, ახლა იმ თავის ვანში, ჰყავს ხუთი შვილი და შეშის ღუმელის გაჩაღებისას თუ წამოახსენდება ხოლმე ჩვენს შეგნებაში დიდ და თეთრ ტაძრად შემორჩენილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
რა არ დაემართება უთავბოლო კაცს: სოსიურის ქართულ თარგმანზე ვაპირებდი ორიოდ სიტყვის თქმას და – ვანში აღმოვჩნდი…
ჩემი რა გასახსენებელია, როცა აგერ ახალგაზრდა კაცი, 90-იანი წლების სტუდენტი მახო ხარბედიაც იგივეს მიდასტურებს, – კი! ჩვენც ეგრე ვიყავით, კარნახითო, გადაწერ-გადმოწერითო…
ანდა, საერთოდ, ჩვენი რა გასახსენებელია, როცა თავად ფერდინანდ მონჟენ (Mongin) დე სოსიურის “ზოგადი ლინგვისტიკის კურსიც” სტუდენტების სალექციო ჩანაწერებისგანაა შედგენილი. ერთი რამ ფაქტია: გაკეთდა კარგი საქმე; გვიან, მაგრამ მაინც. ამიტომ – გიხაროდენ!
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის გრიფით, გამომცემლობა “დიოგენემ” გამოსცა ფერდინანდ დე სოსიურის “ზოგადი ენათმეცნიერების კურსი”. წიგნის მთარგმნელი, ქალბატონი ცისანა ბიბილეიშვილი, მოკლე წანამძღვარ სიტყვაში წერს: “ბატონ ბაქარ გიგინეიშვილს განზრახული ჰქონდა ენათმეცნიერებით დაინტერესებული ახალგაზრდობისთვის შეექმნა ცნობილ ენათმეცნიერთა თხზულებების ქართულენოვანი სერია და ამ მიზნის განხორციელება 80-იანი წლების ბოლოს, ფერდინანდ დე სოსიურის “ზოგადი ენათმეცნიერების კურსით” დაიწყო. დედნად შევარჩიეთ ტულიო დე მაუროს მიერ გამოცემული კრიტიკული ტექსტი, რომელიც, თავის მხრივ, რ. ენგლერის, რ. გოდელის და სხვ. გამოცემებსაც ითვალისწინებს. ნაშრომის დანიშნულების გათვალისწინებით ვთარგმნეთ მხოლოდ შემდგენლების, შ. ბალისა და ა. სეშეს კომენტარები, თუმცა, ვვარაუდობდით, რომ შემდეგი გამოცემისთვის, არანაკლებ საინტერესო, გამომცემლისეული კომენტარებიც დაგვერთო. ბატონმა ბაქარმა თარგმნის რედაქტირება კი დაასრულა, მაგრამ მეტი აღარ დასცალდა.
ბატონი ბაქარი მომთხოვნი და პრინციპული ადამიანი გახლდათ. ამიტომ, მასთან თანამშრომლობამ ბევრი რამ შეგვძინა, რისთვისაც მისი დიდად მადლობელი ვართ”.
მთარგმნელის ნათქვამს ჩვენს ხმასაც შევაწევთ და ვისურვებთ, რომ ეს საჭირო და აუცილებელი საქმე გაგრძელდეს და, თუ “დიოგენეს” კომერციულ ალღოსაც გავითვალისწინებთ, ჩვენს ინტელექტუალურ სივრცეში გარკვეულ ძვრებს უნდა ველოდეთ. ღმერთმა ქნას!
არა ვარ დარწმუნებული, რომ სოსიური და მისი “კურსი” განათლებული ქართული საზოგადოებისათვის ჩემს წარდგენას საჭიროებს, მაგრამ ჟანრის პრინციპებიდან გამომდინარე, ორიოდ სიტყვას მაინც წავიცდენ.
1940 წელს, რუსეთში, ჟურნალ “Природа”-ს პირველ ნომერში დაბეჭდილია ვ. ბელოუსოვის სტატია სათაურით – “ო.-ბ. დე სოსიური – ალპების აგებულების პირველი მკვლევარი (დაბადებიდან 200 წლისთავისათვის)”. ეს ორასტ-ბენედიქტ დე სოსიური (1740-1799) იყო ფერდინანდის პაპის მამა (ჩვენებურად – პეპერა, თუ არ მეშლება!), გამოჩენილი ბუნებისმეტყველი, აღწერითი გეოლოგიის ფუძემდებელი, ალპების გეოლოგიური აგებულების პირველი მკვლევარი, ჟენევის უნივერსიტეტის ნატურფილოსოფიის პროფესორი. მისი მამა, ე.ი. ფერდინანდის პაპის პაპა – ნიკოლა დე სოსიური (1709-1791) თურმე აქტიურად თანამშრომლობდა ცნობილ ენციკლოპედიასთან; მოგვიანებით თავისი მასალები ამოუკრებია ენციკლოპედიიდან და 1778 წელს ლოზანაში ცალკე წიგნად გამოუცია სახელწოდებით: “Vignes, raisins, vendanges et vins” (“ზვრები, ყურძენი [ჯიშები], რთველი, ღვინოები”). ალბათ მიმიხვდით – რატომ ვიწერ ამ ყველაფერს, – სოსიურის ქართულ ძირებს ვეძებ! რაც შეეხება ფერდინანდის პეპერას – ორასტ-ბენედიქტს, მის სახელს უკავშირდება მინერალოგიური ტერმინი “სოსიურიტი” და მინერალად გარდაქმნის პროცესი – “სოსიურიტიზაცია”.
ახლა, რაც შეეხება ფერდინანდ დე სოსიურის პაპას – ნიკოლა-თეოდორ დე სოსიურს (1767-1845), გამოჩენილ ფიზიკოსს, ქიმიკოსსა და გეოლოგს, რომელმაც სახელი გაითქვა ნაშრომებით მცენარეთა ფიზიოლოგიაში და პირველმა დაადგინა, რომ მცენარეები სუნთქვის პროცესში ჟანგბადს შთანთქავენ; მანვე აღმოაჩინა, რომ მცენარე ნიადაგიდან მინერალურ ნივთიერებებს ფესვებით იწოვს (მერე იტყვით – პროგრესი არაფერს ნიშნავსო! ნახეთ კლიმენტი ტიმირიაზევის 1939 წელს გამოსული მე-8 ტომი და, მეცნიერების ისტორიის თვალსაზრისით, იქ სხვაც ბევრი რამ იქნება საინტერესო).
მოკლედ, ძალიან განათლებულად რომ არ მოგეჩვენოთ და დათრგუნულად არ იგრძნოთ თავი ჩემს წინაშე, თქვენც გადაშალეს ა. ხოლოდოვიჩის მიერ დაწერილი ფ. დე სოსიურის ბიოგრაფია და უფრო მეტი, ჩემს ჯინაზე, თქვენ გადმოწერეთ.
ეს ყველაფერი – კარგი, მაგრამ რადგან ამ გზით წავედი, ფერდინანდის დიდი და უაღრესად განათლებული გვარიდან კიდევ რამდენიმე ახლობელსა და ნათესავს უნდა მივაქციო ყურადღება…
ერთი მათგანი იყო ბიძა – თეოდორ დე სოსიური – არტილერიის პოლკოვნიკი, სოსიურების საზაფხულო რეზიდენციის – ჟანტუს (Genthod) მერი ორმოცდაათი წლის განმავლობაში, გენერალური საბჭოს ორგზის დეპუტატი, რომელმაც, როგორც ბიოგრაფოსნი წერენ, დიდი როლი ითამაშა მომავალი ენათმეცნიერის და, აქედან გამომდინარე, ენათმეცნიერების ბედის განსაზღვრაში. იგი ყოფილა შვეიცარიის ხელოვნებათა საზოგადოების პრეზიდენტი, ისტორიულ ძეგლთა საზოგადოების პრეზიდენტი, ნაშრომების ავტორი ფრანგული ენისა და საკუთარ სახელთა ორთოგრაფიის შესახებ. მის უმცროს ძმას – ანრი დე სოსიურს – ფერდინანდის მამას – სამეცნიერო მიზნებით, დიდი მოგზაურობა მოუწყვია ანტილის კუნძულებზე, მექსიკასა და აშშ-ში; ექსპედიციებიდან მას ჩამოუტანია უმდიდრესი ენტომოლოგიური და მინერალოგიური კოლექციები. ბატონ ანრის დიდი კლასიფიკატორული (ეს ენტომოლოგ-მწერმცოდნის სრულიად განსაკუთრებული უნარია) ნიჭი ჰქონია, რამაც, როგორც ჩანს, შვილშიც იჩინა თავი. აი, ასეთი დიდი და დიდებული მეცნიერული წარსულის მქონე წინაპრები ჰყავდა ფერდინანდ დე სოსიურს. რას გაუგებდნენ ამგვარ მოაზროვნეს გოდრით ჩამოტანილი ჩვენი მეცნიერები! ვერც გაუგეს!..
მაგრამ ჩვენსას ვინ ჩივის, – ძალიან დიდხანს ვერც ევროპამ მოკრა ყური სოსიურის ხმას და, უკვე გვიან – მეოცე საუკუნის შუა წლებში, გამოიკვეთა “კურსის” მეცნიერული ღირებულება. დღეს სოსიური ევროპული სტრუქტურალიზმის ფუძემდებლად არის მიჩნეული. ჟ. მუნენი წერდა, რომ სოსიური სტრუქტურალისტი იყო და ეს თავადაც არ იცოდაო…
როგორც ნამდვილმა შემოქმედმა, სოსიურმა შემოიკრიბა და თავი მოუყარა ევროპის ცაში გამოკიდებულ ყველა იდეას, მოახდინა მათი აკუმულირება, სრულიად თავისებურად გადაიბარა და უკვდავებაც დაიმკვიდრა ისეთი სახელების გვერდით, როგორიცაა კანტი, კოპერნიკი და დეკარტი (სხვათა შორის, კანტს იგი არნოლდ ჩიქობავამ შეადარა). მერე სოსიურის იდეებმა, საკუთრივ ლინგვისტიკის ფარგლებს გარეთ – სემიოტიკაშიც გადაინაცვლა და იმიერიდან შვეიცარი შემოქმედი მეცნიერის სახელს ჩარლზ პირსთან ერთად მოიხსენიებენ.
ლინგვისტიკის ზოგადთეორიული პრობლემებიდან ერთ ფუნდამენტურ იდეას შეგახსენებთ, რომელიც “კურსის” შექმნამდე უკვე შენიშვნებში ჰქონია ჩამოყალიბებული სოსიურს: ლინგვისტიკის ობიექტები არ წარმოადგენენ მონაცემებს (ე.ი. ობიექტი მოცემულობა არ არის); ისინი ფორმდებიან თუ ფორმირდებიან ხედვის წერტილის მიხედვით. ე.ი. სოსიურთან მთავარია მიმართება. ენისადმი სტრუქტურული მიდგომა ნიშნავს მის მეცნიერულ (იგულისხმება – შემოქმედებით. ს.ტ.) აღწერას ერთეულთა შორის მიმართებათა რეგისტრაციის გზით. ცალკე აღებული ფიზიკური ბგერისა და სემანტიკური მნიშვნელობის შესწავლა არაფრის მომცემი არ არის. მათი შესწავლა მხოლოდ მიმართებებში, გინა – მიმართებისასაა შესაძლებელი. ენობრივ ერთეულებს ბგერები და მნიშვნელობები კი არ წარმოადგენენ, არამედ ამ ბგერათა და მნიშვნელობებით წარმოდგენილ მიმართებათა ელემენტები. ელემენტთა ურთიერთმიმართებანი ქმნიან ენის შინაგან სისტემას, რომელიც სრულიად დამოუკიდებელია ბგერის ფიზიკური, ფიზიოლოგიური და აკუსტიკური განსაზღვრებებისაგან. ენის შინაგანი სისტემის გამოყოფის საფუძველზე მოხდა მეტყველებისა და ენის გათიშვა…
თავს აღარ შეგაწყენთ ამ ქრესტომათიული მაგალითებით, მხოლოდ, ასევე დიდი მეცნიერის, დანიელი ლუი იელმსლევის ნათქვამს შეგახსენებთ: “სოსიურმა აღმოაჩინა ენა როგორც ასეთი”.
დანარჩენს დაინტერესებული კაცი ყოველთვის მიაკვლევს და წაიკითხავს; მაგრამ, კარგი ისაა, რომ ძალიან შორს აღარ დაგჭირდებათ კვლევა და ძიება, გაიშვერთ ხელს წიგნის რომელიმე კარგი მაღაზიისკენ და თქვენს ხელთ აღმოჩნდება ქართულად ნათარგმანები ფერდინანდ დე სოსიურის ზოგადი ენათმეცნიერების კურსი.
P.S. როგორც L. Kukenheim-ი წერს, ტერმინი ლინგვისტიკა, სოსიურის დროს ფართოდ არ იხმარებოდა.
© “წიგნები – 24 საათი”