პროზა (თარგმანი)

ფილიპ დელერმი – ხილით სავსე კალათი

მე მილიონობით მკითხველი მყავს. “ზაფხულის ხილი გნებავთ? მზის მოზრდილი ყლუპი – ყვითელი ატამი! გახლეჩთ და ფაქიზ, ხავერდოვან კანქვეშ წვნიან, ენაზე დასადნობად გამზადებულ რბილობს აღმოაჩენთ.” ჰო, ეს ჩემი სიტყვებია, “იოპლას” იოგურტის ქილაზე. თითქოს ვხედავ კიდეც თქვენს მრავლისმეტყველ ღიმილს. მილიონობით მკითხველი… ალბათ ფიქრობთ, რომ ქილას უმალ სანაგვე ყუთში მოისვრიან, ვიდრე ჩემს ნატიფ ფრაზებს წაიკითხავენ… არა, არ გეთანხმებით. პირველ რიგში, ნება მიბოძეთ, შეგახსენოთ, რომ მათი რიცხვი, ვინც წიგნებს არ კითხულობს, გაცილებით აღემატება იმათსას, რომლებიც ქილებზე მიკრულ ეტიკეტებს არ კითხულობენ. განა ბესტსელერების ტირაჟს სასაჩუქრე წიგნების რიცხვი არ ზრდის? კითხულობთ იმ წიგნებს, რომლებსაც გჩუქნიან? მე უნდა ვაღიარო, რომ უფრო ხშირად – არა, არ ვკითხულობ. რამდენი ტყე გაიჩეხა, რათა ეს კურთხეული მართკუთხა პარალელეპიპედები დაემზადებინათ, გაცვლითი ღირებულების მქონე ფულის ერთეულებს რომ მოგვაგონებს! დაგპატიჟებენ სადმე და თქვენც წიგნს მიუტანთ – თითქოს სადილზე დასასწრები ბილეთი იყოს.
ახლა იოგურტზე დაფიქრდით. ქილის დამამშვენებელი სიტყვები თუ გავიწყდებათ, ეს იმის გამო კი არ ხდება, რომ არ წაგიკითხავთ: ერთი-ორი წამით ხომ ყველა საქმიანობა შეწყვიტეთ, რათა ქილა ცერსა და შუა თითს შორის მოგექციათ, ეტიკეტი გაგერჩიათ. თუმცა ეს ქმედება თითქმის გაუცნობიერებლად შეასრულეთ, რაც მხოლოდ იმაზე მიანიშნებს, რომ ტექსტი ყელში გადასრიალდა, ყვითლად ჩამდნარ-ჩამწიფებული ატამივით. სიტყვისა და საგნის ეს ჰარმონია კი ვერც შეედრება მზენაბანი სინაზისა თუ რძისებური სიბლანტის შეგრძნებებს. გაუჩინარდით საკუთარ შეგრძნებებში – აი, მშვენიერი პოეტური დევიზი!
ალბათ მეტყვით, რომ ამ ტექსტებს ავტორის ხელმოწერა არ ახლავს. რასაკვირველია, მოცემულ საკითხზე ჩემი აზრით არავინ დაინტერესებულა, მაგრამ ეს სულაც არ მაწუხებს. გულახდილი ვიქნები: უმცირეს სიამოვნებასაც ვერ მივიღებდი, საკუთარ სახელს იოგურტის ქილებზე თუ დავინახავდი. ჩემი გვარიც სრულიად უგემური რამ არის. და რადგან ეს სიტყვები ყვითელ ატამს მიემართება, შემეძლო ხელი ამგვარად მომეწერა: “ყვითელი ატამი”, ან თუნდაც: “მარწყვის კოქტეილი”. დააკვირდით: “მკვრივი, მომჟავო ტყის მარწყვისა და ხენდროს ნარევი – ასე უფრო მკვეთრად იკვეთება მათი უნაზესი არომატი თუ ჰაეროვანი სიმსუბუქე!” ამ ყველაფრით ნამდვილად არ ვარ უკმაყოფილო. რა თქმა უნდა, ტყის მარწყვის გემო გაცილებით მძაფრია. ნუ მკითხავთ, ქიმიური ნივთიერებებიც შეურიეს თუ არაო. არ ვიცი. მაგრამ ის კი ვიცი, რომ მარწყვის კოქტეილში ტექსტს დიდი მნიშვნელობა აქვს. მის გარეშე ვიტყოდით: “რატომ მარწყვის კოქტეილი? მხოლოდ ტყის მარწყვის გემოს ვგრძნობ!” მგონია, რომ ჩემი “უნაზესი არომატითა” და “ჰაეროვანი სიმსუბუქით” ეს ნაზავი მოხერხებულად გავაწონასწორე და ხოტბაც ისე შევასხი, რომ ტყუილი არ მითქვამს ვეება ხენდროს შესახებ, რომელიც უმცროს ძმაზე ბევრად გადამწიფებული და ნაკლებად არომატულია.
და მაინც, თუ ჯერ კიდევ ვერ დაგარწმუნეთ, წარმოიდგინეთ, რომ ყვითელი ატამი და მარწყვის კოქტეილი მხოლოდ იმ კონცეფციის ორი მხარეა, რასაც “ხილით სავსე კალათი” ჰქვია. აი, აქ კი ვერ ავიტანდი მრავლისმეტყველ ღიმილს. “ხილით სავსე კალათი” ის მიგნებაა, რომელიც კონკურენტთა მთელს არმიას შურით ავსებს – ამით ყველაფერია ნათქვამი.
ახლაც თვალწინ მიდგას სამსახურში გამართული თათბირი, როცა “იოპლას” მარკეტინგის თანამშრომლები სრული შემადგენლობით შევიკრიბეთ. სისუფთავისა და ბუნებასთან სიახლოვის იდეა გვჭირდებოდა, თუმცა ადამისდროინდელი სტერეოტიპების გარეშე: ბებია, ხილის ბაღი და ა.შ. დიუვალმა “მდელოს სურნელი” შემოგვთავაზა, გენერალურმა დირექტორმა, დიუპონ-ლაშომმა კი უკმაყოფილო გამომეტყველება მიიღო, მერე თავი გააქნია: ზედმეტად გაცვეთილი, ბანალური და მილიონჯერ ნანახიაო. დიუმონტიე – ის საბრალო დიუმონტიე კი დარწმუნებული იყო, რომ “მზეტკბილით” უკეთეს შედეგს მიაღწევდა, მაგრამ დიუპონ-ლაშომმა უმალვე თავისი კუთხისკენ გაგზავნა:
– დიუმონტიე, შე ძველო, ცოტა სერიოზულად შეხედე ამ ამბავს! ის კი არ მითქვამს, ალენ სუშონის სიმღერისთვის ტექსტი დაწერეთ-მეთქი. დაწურული და დამაჯერებელი ფრაზა მინდა, მაგრამ არა – ერთსიტყვიანი. ჩვენ ხომ ფართო საზოგადოებას მივმართავთ!
იქვე ვიყავი, სადღაც ბოლოში ვიჯექი. სარეკლამო ტექსტების მთხზველის გაურკვეველი სტატუსი, ვისაც ჰონორარს სიტყვების რაოდენობის მიხედვით უხდიან, გარეშე პირის როლს მთავაზობდა. მოულოდნელად წამოვიძახე: «ხილით სავსე კალათი» და იმავე წამს მივხვდი, რომ გავიმარჯვე.
– ხილით სავსე კალათი! ხილით სავსე კალათი! რა თქმა უნდა, ჰო! ასჯერ ჰო! ხილით სავსე კალათი!
დიუპონ-ლაშომი უკვე ამ სიტყვებს იგემოვნებდა:
– მაგარია, სწორედ ისაა! აქვე, ამ მაგიდასთანვე წარმოგვიდგება თვალწინ ნამით დაფარული საბაზრო პროდუქტი, სადღაც სხვაგან კი არ გვჭირდება ძებნა. ამავე დროს, მოდიდან გამოსული და გაცვეთილიც არაა… სხვა არც არაფერია საჭირო! უმნიშვნელოვანესია, რომ სხვა სიტყვები საჭირო არ არის: “ჩვენი ხილით სავსე კალათი” სისულელე იქნებოდა, მაგრამ “ხილით სავსე კალათი” გენიალურია: ბატონებო, მჯერა, რომ შევძლებთ და ამას საკუთარი მიზნებისთვის გამოვიყენებთ. ხილით სავსე კალათი!

* * *
უნდა აღვნიშნო, რომ იმ დღეს ენასთან ჩემი დამოკიდებულება თავდაყირა ამობრუნდა. ოცი ათასი ფრანკი სამი სიტყვისთვის. ვითომ მეტად ხელგაშლილი იყო დიუპონ-ლაშომი? ამის დამტკიცებას ნამდვილად ვერ შევძლებდი. მითხრეს – ალბათ იმიტომ რომ გული ეტკინათ – ამ სამმა სიტყვამ “იოპლას” მილიონები მოუტანაო. რა მნიშვნელობა აქვს! ოცი ათასი ფრანკი სამი სიტყვისთვის – ეს მაინც გარკვეულწილად ცვლიდა ღირებულებათა ჩემეულ სისტემას. ორი წლის წინ, ავანსის სახით, ექვსი ათასი ფრანკი გადამიხადეს პირველ რომანში, რომელსაც ორი წელი ვწერდი და მომდევნო სამი წლის განმავლობაში გამომცემლობებში ფოსტით ვაგზავნიდი, რომელზეც უდიდეს იმედებს ვამყარებდი და ხელთ კი მხოლოდ მელანქოლია შემრჩა. გამოსვლიდან ერთი წლის შემდეგ კი, როცა გამომცემლობას საავტორო უფლების გასარკვევად მივაკითხე, ამიხსნეს, რომ დებეტური სალდოს მიუხედავად, ჩემი ავანსი უცვლელი დარჩებოდა – ცხადად ჩანდა: ექვსი ათას ფრანკადაც ვერ გაიყიდებოდა ჩემი საუკეთესო ნამუშევარი, რომლის მშობიარობის ტკივილებსაც ისევ გულისრევის შეგრძნებით ვიხსენებდი.
და აი, დაბნეულად რომ გავყურებდი ფანჯრის მიღმა ჩამოწოლილ ნოემბრის ნისლს, ენის წვერზე მომდგარი სამი სიტყვა წარმოვთქვი – ოციათასფრანკიანი. სამი სიტყვა, მალევე მილიონობით ტირაჟით რომ გამოქვეყნდა და იმ თავისებური ანონიმური ბრწყინვალებით გავრცელდა, რომლის ერთადერთ მფლობელადაც თავს სიამოვნებით ვთვლიდი.

* * *
ვაღიარებ, მომდევნო თვეებში ჰიპერმარკეტებში სიარულს მოვუხშირე. სიამოვნებას ვიზოგავდი და პირდაპირ რძის ნაწარმის განყოფილებისკენ არ მივრბოდი. ურიკას ნელა მივაგორებდი და შესაძენი პროდუქტების სიის ლოგიკას კეთილსინდისიერად მივყვებოდი. მიუხედავად ამისა, თევზეულობის წინ აშკარად ვთვალთმაქცობდი, თითქოს ყინულის ნამსხვრევებზე დაწყობილი ქორფა ლანგუსტები აღმაფრთოვანებდნენ, ამ დროს კი ხერხემალზე ჭიანჭველები მაცოცდებოდნენ – სულ ახლოს ვიყავი. “ხილით სავსე კალათის” ერთმანეთზე გადაბმული ქილები, მარცხნივ, ორი მეტრის სიგრძეზე გაეფინათ – “სულიტცერის” ყველაზე გაყიდვად იოგურტებზე ფართოდ. გარეგნული იერით ნამდვილად ვერ გამოარჩევდით: აქაც კომპიუტერში დაკრეფილი ხილის მეტად კაშკაშა, მყვირალა ფერები, ერთგვარი შუშისებრი ჰიპერრეალიზმით. არა, უმნიშვნელოვანესი სწორედ ეს სამი მოცისფრო სიტყვა იყო, ამ კონცეფციის საგრძნობ დინამიზმს რომ განაპირობებდა. ერთხელ ისიც კი გავიგონე, როგორ უთხრა ერთ-ერთმა დიდმუცელა დიასახლისმა, ჭრელა-ჭრულა მოტმასნილ შარვალში რომ ჩატენილიყო – (სიგიჟეა, რას აღარ აღმოაჩენ ჰიპერმარკეტში) – თავის გოგონას, რომელსაც საშინლად ბრიყვული მზერა ჰქონდა, აი, ისეთი – კოკა-ტელესა თუ ტელე-კოკას თავგადაკლულ მსმელებს რომ აქვთ:
– რა ქენი, აიღე შენი “ხილით სავსე კალათები”?
რა თქმა უნდა, უკვე ვხედავ, რომ ცხვირი აიბზუეთ ჩემი მკითხველ-მომხმარებლების ლიტერატურულ გემოვნებაზე. იცოდეთ: უმცირეს სირცხვილსაც არ განვიცდი, როცა ვიწრო შარვალში ჩატენილი გოდორა ბებო ჩემს პროზას ეცნობა. არა, ეს სუფთა სიხარული იყო. მთელი სცენა წარმოვიდგინე: იმავე საღამოს, სამზარეულოს ნეონის შუქზე, საფანელში ამოვლებული თევზის დანამცეცების შემდეგ:
– აიღე შენი «ხილით სავსე კალათები», მაცივარშია!
აი, აქ, რა თქმა უნდა, კლერ შაზალის მზერით მონუსხულ გოგოს წამიც კი არ დარჩებოდა, რომ ჩემი პოეტური შედევრისთვის თვალი შეევლო. და მაინც, ნება მომეცით, ვიოცნებო: ის, რასაც ბრმა კოვზით ხახაში უშვებდა, რასაც ნეტარებით სავსე თვალებით ნთქავდა, თელ-ავივში მომხდარი ტერაქტის დროს დაფლეთილი სხეულები კი არ იყო, არამედ «ხილით სავსე კალათი» – ჩემი ხილით სავსე კალათი.
– რა ქენი, აიღე «ხილით სავსე კალათი»?
აბა, რა ვთქვათ ვიწრო შარვლებში ჩატენილი ბებოების სინტაქსურ სიძლიერეზე? იმ დღიდან, როცა საკუთარი სახელი საზოგადოდ გადაიქცა, ის ხანა დაიწყო, როდესაც თავი სამყაროს ბატონ-პატრონად ვიგრძენი. ერთი შეხედვით, უბრალო, ჩვეულებრივი განცდა დამეუფლა, მაგრამ არაჯანსაღი ამპარტავნების თანხლებით: მწერლური გამარჯვება დავაგემოვნე.

* * *
ამ დღის შემდეგ, უნდა გამოვტყდე, კალმის ხელში აღება მიჭირდა იმ შრომატევადი არაბესკების გამოსაჩუქურთმებლად, რომელთა თხოვნაც აქა-იქ უკვე დაიწყეს. «ხილით სავსე კალათის» კამპანია არაფერი იყო არაოფიციალურ აღიარებასთან შედარებით, რაც ხალხში ხმების გავრცელებას მოჰყვა და მალევე აღინიშნა კიდეც ჩემს ავტომოპასუხეზე შემოსული ზარებით. უკვე სანდო კაცი ვიყავი. შეეძლოთ უშიშრად ენდოთ კვების ნებისმიერი პროდუქტის ხოტბა-დიდება. რა თქმა უნდა, ყველა შემოთავაზებას ვთანხმდებოდი, მარგარინით დაწყებული, ვარდისფერი ბანდოლით დამთავრებული. კარგიც კი იყო შეკვეთებზე მუშაობა, თუმცა აქ ელვისებურ სისხარტეს, ლაკონურ გასხივოსნებას აღარ ითხოვდნენ. ახლა რაღაც ლამაზი, ლირიკული და ვნებისაღმძვრელი უნდა მოგეფიქრებინა. ეს კი, თავისთავად, უფრო მეტ სიტყვასა და ნაკლებ ფულს ნიშნავდა. აბა რა, დაუსჯელი კი ვერ დარჩები, «ხილით სავსე კალათს» თუ მოიგონებ. გულის სიღრმეში ისევ ვერთობოდი იმ იმედით, რომ მეორე სასწაულიც მოხდებოდა. და, აი, ერთ დღეს…
თანდათან საჭირო გახდა, რომ ნაკლებად მოქნილ ენაზე, თითქმის ლუი-ფილიპიანურ* სიმრგვალეებზე გადავსულიყავი. ეს მუცლის საამებელი, საშუალო ტვინზე გათვლილი ლიტერატურა იყო. შემკვეთის თანხმობის მისაღებად ისიც კმაროდა, ცოტაოდენი რომანტიკული აქცენტით თუ გააოგნებდი. მოთხოვნის დანარჩენი ნაწილის დასაკმაყოფილებლად, იძულებული ვიყავი, ზედმეტად გაწელილი ფრაზებისთვის, მთლიანად იაფფასიანი ორნამენტებისთვის მიმემართა. სხვა გზა არ იყო, დათმობაზე უნდა წავსულიყავი. მაგალითად: «მსუბუქი, თუმცა ხილის საგრძნობი არომატით», ან «სუფთა და ცქრიალა, ოდნავ შესამჩნევი სიმწარით», ან «სულგრძელობა, ამაყ და უტეხ კუთხეში შობილი»… ამ დონეზე თანახმა ვიყავი, რომ დამეთმო: სომიურის თეთრი ღვინის ეტიკეტის ბოლომდე წამკითხველები მრავალრიცხოვანნი ნამდვილად ვერ იქნებოდნენ.
ისეთი შეკვეთებიც მქონდა, რომლებიც ისევ მელნის გემოსთან მაბრუნებდნენ – სადაც შედარებით ხელფეხგახსნილი ვიყავი. აი, ასე გამომაცოცხლა ალზასური ღვინის კამპანიამ. მსგავსი ტონები და ნახევარ-ტონები უნდა გადამეთამაშებინა, მოხერხებულად გამეფერმკრთალებინა ცუდი და უგემური: მოკლედ, პალიტრის ფერების ათვისებას მთხოვდნენ, რისლინგიდან – მუსკატამდე, ყველაზე მშრალიდან ყველაზე ტკბილ ღვინომდე და არც შამპანურის შუშხუნა ფოიერვერკი უნდა დამვიწყებოდა.
ყურძნის ჯიშებთან მიმართებაში დიდად არ ვბრწყინავდი. “უსამართლობაა, ვოგეზის ფარგლებს გარეთ ალზასურ მუსკატს რომ არ აღიარებენ. ეს სამი მარცვალი (მუს-კა-ტი) იმ მდიდარი ბუნების ხელშესახებ სიმსუბუქეს აღნიშნავს, რომელიც ნაკლებად თავბრუდამხვევი და მათრობელაა, ვიდრე გევურცტრამინერისა. მასავით ვერცერთი ღვინო ვერ გაგრძნობინებთ კუგელჰოფის არომატსა თუ ნუშის ტორტის გემოს”. ხედავთ, როგორია, არა? სიამოვნების განცდას ლიტერატურული წარმატების შეგრძნება ნამდვილად არ მანიჭებდა. მაგრამ მაინც მომწონდა, თავს ორკესტრის დირიჟორად რომ ვგრძნობდი – ვინც დგას და თითოეულ ინსტრუმენტს პარტიტურის ნიუანსებს კარნახობს. ჰოდა, ვმართავდი სიტუაციას. მე უნდა განმესაზღვრა ამა თუ იმ ჯიშის ფერი და მისთვის ის თვისებები მიმეწერა, რაც მისსავე მეზობელს აკლდა. რა თქმა უნდა, ვიცოდი, რომ კომერცია ყველას ერთმნიშვნელოვნად მიუჩენდა ადგილს იმ იერარქიაში, რომლის მწვერვალზეც გევურცტრამინერი იწონებდა თავს, ხოლო სილვანერი სიის ბოლოში განაბულიყო. თუმცა თეთრი პინოს, შავი პინოს ან სენ-იპოლიტის წითელის რიგ-რიგობით შექება და თითოეული მათგანისთვის იმ ადგილის გამოძებნა, რასაც ისინი გემური თავისებურებების მიხედვით იმსახურებდნენ, ისეთ განცდას მიტოვებდა, თითქოს ფილოსოფოსი გავხდი. აქ უკეთესები და უარესები კი არ არსებობდნენ, არამედ მარტივად: მშრალები და ტკბილები, შემღვრეულები და კრიალები, მძიმეები და მსუბუქები – და მაინც: ნაკლებად მძიმეები, საგრძნობლად მსუბუქები, ნახევრად მშრალთან მიახლოებულები. მოკლედ, ალზასის ღვინოები არსებები იყვნენ, სულდგმულები, მეტაბოლიზმები. სანამ მათ ხასიათებს ვქმნიდი, რაც არ უნდა უცნაური იყოს, ადამიანთა მიმართ უფრო მეტად დამთმობი და მომთმენი გავხდი.
ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ალზასის მხარეში ტურიზმის კომიტეტის მიერ შემოთავაზებული მოგზაურობა სულაც არ ყოფილა თვითმიზნური. კენცჰაიმის ვარდისფრად მოპირკეთებულ სასტუმრო-ღვინის სახლში დაბინავებულმა, ღვინოების ძიების გზაზე, ნისლში ჩაძირული ვოგეზი აღმოვაჩინე – ყველა წმინდანის დღესასწაულზე. ვენახებს ზემოთ, მთისკენ ორ ნაბიჯს გადადგამთ და მაშინვე უზარმაზარ ლურჯ ცაში შეაბიჯებთ, შემოდგომის ფერებს რომ გადაჰფენია… საკმაოდ დიდხანს მივუყვებოდი იმ შუქით გასხივოსნებულ ბილიკებს, ერთდროულად დამაბრმავებელი რომ იყო და მსუბუქი. მერე კი, საღამოს, რენე კოენიგის საწნახელთან ასეთი ტრადიცია აღმოვაჩინე: ახალი ღვინის დაჭაშნიკება ნიგვზით. უყურადღებოდ ვუსმენდი კოენიგის ვაჟიშვილს, რომელიც თავის ფუტკრებსა და თაფლზე მესაუბრებოდა. ბრიყვულად განაბულმა, სულელურად გაღიმებულმა თანდათან ვიგრძენი, როგორ გავხდი წუთების ლოთი, შეგრძნებების ქურდი – სიამოვნების ბრაკონიერი.

* * *
ვაი რომ, ყველაფერი წარმავალია და გემოს იცვლის. პირველმა გემოვნურმა თავბრუსხვევებმა გურმანი და გულკეთილი გამხადა, იოლად დამყოლი კაცის თვისებებით. ეს ყველაფერი კი მალევე შეცვალა გულძმარვამ. ფულს კვების სფეროში მუშაობით შოულობდე და კვებისთვის ხარჯავდე – არის ამაში რაღაც თავისთავად არაჯანსაღი – სულ მცირე ხანში პირში ვეღარაფერს ვიდებდი.
ყველაზე საშინელ დღეში უცხიმო ყველმა ჩამაგდო. რასაკვირველია, ეს ერთგვარი გამოწვევა იყო: იმ ყველის გემოთი უნდა აღვფრთოვანებულიყავი, რომელსაც მსგავსიც არაფერი ჰქონდა. მეტყვით, კლასიკური შემთხვევააო. რა თქმა უნდა, როკფორს, მკვრივ კანტალს ან ნამდვილ ბრის სიტყვები საერთოდ არ სჭირდება. რეკლამის შემქმნელთათვის განსაზღვრული ყველეულის ტერიტორია კი იმ უსახური ჯგუფით იწყება, რაც, საუკეთესო შემთხვევაში, ცხიმმოხდილ კულომიეს გულისხმობს და რომლის ფერები, შემღვრეული თეთრიდან ღია კრემისფერამდე, უკვე უგემურობაზე მიანიშნებს. მიუხედავად ამისა, ეს პროდუქტი ორმაგი უპირატესობით სარგებლობს: ერთი მხრივ, ბავშვები, რომლებიც მძაფრ სუნებს ვერ იტანენ, მას კარგად ეგუებიან და მეორე მხრივ, ამ ყველს დიდი რაოდენობით ვნთქავთ ისე, რომ ამას თითქმის ვერ ვამჩნევთ. მათ ერთმანეთისგან განარჩევენ სახელით, ყუთის ფორმით… და ზოგჯერ სარეკლამო კამპანიითაც.
უბედურება თავს მაშინ დამატყდა, როცა ასეთი დავალება მივიღე: მცირე ხანში სრულიად შეუდარებლად უნდა მექცია სამი ამ უგემურ, ერთგვაროვან პროდუქტთაგანი. თავიდან ღიმილით შევხედე, ძველი პროფესიონალის ვერაგული თვითკმაყოფილებით, რომელიც მუდამ მზადაა ვნებიანად უფათუროს ხელები წრის კვადრატებს. შემდეგ კი გულისრევა დამეწყო იმ უაზრობის გამო, რასაც მთელს ამ თვალთმაქცურ ფუჭსიტყვაობაში ვადანაშაულებდი. ელოდნენ, რომ სიამოვნებით უნდა აღვფრთოვანებულიყავი, მაგრამ მსგავსსაც არაფერს განვიცდიდი. და რა რჩებოდა? მხოლოდ პურის ფულზე ზრუნვა, რასაც უცხიმო ყველი ემატებოდა. ზიზღი დამეუფლა. ფარული მანიპულატორის სიხარული ამიერიდან სევდიანი აკრობატის მარტოობამ ჩაანაცვლა.

* * *
კვების პროდუქტებთან ურთიერთობა საბოლოოდ უნდა გამეწყვიტა. მიუხედავად ამისა, “ხილით სავსე კალათს” მაინც ნოსტალგიით ვიხსენებდი. ხელოვნური გემოების ოკეანეში რძის ნაწარმი ხომ ჯერ კიდევ ინარჩუნებდა ერთგვარ მოტკბო სისუფთავეს. ნამდვილი შური და ეჭვიანობა კი იმ დღეს ვიგრძენი, როცა “ნუამ” ახალი კამპანია წამოიწყო, რომელმაც უმოკლეს დროში უზარმაზარი წარმატება მოიპოვა. გაზაფხულის დადგომისთანავე ვეებერთელა სარეკლამო პანოზე, ზუსტად მეტროსადგურ “სევრ-ბაბილონის” გამოსასვლელთან, ის ნახატი გამოკიდეს, სადაც კეთილი ბებოს სახე ილანდებოდა და მხოლოდ ეს მომაკვდინებელი სიტყვები: “მადლობა ვის?”
არც ერთი სხვა სიტყვა და პირველ რიგში – არც ბრენდის სახელი! ამ მიგნებამ შეურაცხყოფის გემო მაგრძნობინა. მადლობა ნუა ბებოს. კაცს მარცხის აღიარებაც უნდა შეგეძლოს. ნამდვილად ძვირად დამიჯდა ამ მინიშნების აღმოჩენა, რომელმაც ჩემი “ხილით სავსე კალათი”, ცოტა ხნის წინ ასეთი საოცნებო და სასურველი, უკვე მოდიდან გასული საქონლის რიგში გადაისროლა. უკეთესს რას გააკეთებდნენ მედიის ხელშეწყობითა თუ თანამზრახველობით? შელახული თავმოყვარეობა მიბიძგებდა, რომ რაღაც აღმომეჩინა, სხვაგან, სრულიად სხვა სიბრტყეზე. ჰოდა, თეთრად გათენებულმა და თამბაქოს ბოლით გაკვამლულმა რამდენიმე ღამემ გასხივოსნების გზაზე დამაყენა, კვების პროდუქტებთან დაკავშირებული კარიერის კულმინაციასთან მიმაახლოვა.
დილითვე, როგორღაც დაბრუნებული თავდაჯერებით, იმ დროს დავაბრახუნე დიუპონ-ლაშომის კაბინეტის კარზე, როცა მისი მდივანი ამაოდ ცდილობდა თავაზიანად მოვეცილებინე.
– ორი სიტყვა! გთხოვთ, მხოლოდ ორი სიტყვა მათქმევინეთ!
დიუპონ-ლაშომმა სათვალე შუბლზე აიწია და ამავე დროს მადმუაზელ ჟეორჟეტს მარჯვენა ხელის გაურკვეველი მოძრაობით ანიშნა, ამ აბეზარს თვითონ მივხედავო. ჩემი დიდებული წარსული აიძულებდა, სხვა თუ არაფერი, ყური მაინც დაეგდო. თუმცა, მაინც მჯერა, რომ წინადადების სითამამემაც ერთგვარად განაიარაღა. იმ დილით ნამდვილად მთებს გადავდგამდი. მბრუნავ სავარძელში გადაწოლილი დიუპონ-ლაშომი მალევე გადავიდა ეჭვნარევი მზერიდან გაუბედავ ღიმილზე. ტუჩის კუთხეები მოურბილდა. გავიმარჯვე.

* * *
“მთელი სიკეთე”. ჰო, ეს იყო ჩემი ორი სიტყვა. მთელი სიკეთე. თითქოს ვხედავდი კიდეც მოკრძალებულ გამხდარ ქალიშვილს – ალბათ უფრო სერიოზულ მოცეკვავეს, ვიდრე კაშკაშა ვარსკვლავს. ტანზე მომდგარ თეთრ სამოსში: მაისურსა და ვიწრო შარვალში გამოწყობილი ლოტოსის პოზაში უნდა მჯდარიყო – თვალებდახუჭული – მზის სხივებით განათებული ფოთოლცვენის ფონზე. ცაზე, მის თავს ზემოთ, მაგიური სიტყვები გამოჩნდებოდა. ქვემოთ ციცქნა ასოებით: «იოპლა».
«მთელი სიკეთე». აქ, ახალ განზომილებას ვწვდებოდი. საკვებ პროდუქტს სრულიად გარდავქმნიდი, მას მორალურ კონოტაციას ვამატებდი – ვიტყოდი, ფილოსოფიურსაც კი. მთელი სიკეთე. რა თქმა უნდა, ამ სიტყვებში კეთილდღეობა იგულისხმებოდა, თუმცა თეთრი ფერის სიმბოლო, ინიციაციური პოზა, ფოთოლცვენის ბუნდოვანი ორიენტალიზმი ფიზიკურ სიმდიდრეს სცდებოდა და უმალ ზეციურ ორაზროვნებაში ინაცვლებდა. სიკეთის მოხმარება, მოხმარების სიკეთე. ბუნებრივია, კომპანიის მხარდაჭერასაც მნიშვნელობა ჰქონდა, ასეთი რამეს «ოლიდასტან» ვერც გავბედავდი. აქ კი უკვე ვგრძნობდი, როგორ მიედინებოდა ფოტო-მოდელის თხელ ვენებში «იოპლას» ქათქათა, მხსნელი სისუფთავე.
და კიდევ იყო რაღაც. კარგი სარეკლამო კამპანია, საიდანაც, რასაკვირველია, დიუპონ-ლაშომმა დიდი სარგებელი ნახა. მაგრამ ჩემთვის ეს უფრო მეტს ნიშნავდა: ანარქისტულ, თუნდაც ერეტიკულ მესიჯს. სიკეთე არსს იცვლიდა, მატერია მორალში იჭრებოდა, მის ტერიტორიას იკავებდა. ნეტარება, რომელსაც განვცდიდი, როცა ვხედავდი, თუ როგორ ჰყვაოდა «მთელი სიკეთე» პარიზის ტროტუარებზე, დემიურგის სიამოვნება იყო. ბევრი რომ არ გავაგრძელო, იმ ხრწნადი საზოგადოების ყველაზე იდუმალ ვიბრაციებს ვისრუტავდი, რომლის დაღლილი სულიერება სავარჯიშო დარბაზის ძელებთან ეძებდა ნავთსაყუდელსა და ნაოცნებარ საყოველთაო ჰარმონიას. აღარც ზესკნელი და აღარც ქვესკნელი, აღარც სხეული და აღარც გონება: იოგურტ «იოპლას» ტალღა, მოხელთებული ჩანასახოვანი სიკეთე.
ეპოქის ანარეკლი. ჩემი «ადამიანური კომედია». ბალზაკმა ოცი ტომი დაწერა: ჩემთვის ორი სიტყვაც საკმარისი აღმოჩნდა.

* * *
ამით დავასრულე კვების პროდუქტებთან ურთიერთობა. უკეთესი კარგის მტერიაო: წინ ვეღარ მივდიოდი. და კიდევ, ჟანგბადით გაჯერებულ ფილოსოფიურ სიმაღლეებთან შენობით საუბარი თავბრუდამხვევი კი იყო, მაგრამ ჩემს ხასიათს ნაკლებად შეეფერებოდა. ახლა უფრო სახალისო საქმიანობაზე ვოცნებობდი, რომელიც წერასთან იქნებოდა დაკავშირებული: ასე მოვხვდი «ნაკრებში».
სპორტის სფეროში ჩემი კომპეტენცია სულ მცირე უფლებასაც არ მაძლევდა, რომ ამ ახალ გზას დავდგომოდი. კომერციული სლოგანიდან სპორტულ ჟურნალისტიკამდე რამდენიმე ნაბიჯიც იყო და მეტიც. რამ მიბიძგა ამ დიდი ნახტომისკენ? კარგად მახსოვდა ბრწყინვალე მიმომხილველები: ანტუან ბლონდენი, რობერ პარიანტე, სახელები, რომლებიც მხოლოდ ავტორიტეტებს კი არ წარმოადგენდნენ ველოსპორტსა თუ ტანვარჯიშში, არამედ დრო და დრო ლიტერატურული ჟურნალების სვეტებშიც ჩნდებოდნენ ხოლმე. “ნაკრები” ჩემთვის ლირიზმისა და თავხედობის ნაზავს, ერთგვარ ნეოგასკონურ პირდაპირობას ნიშნავდა. სტატიების სათაურები მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ, ქუდში გარჭობილი ბუმბულის მსგავსად. მახსენდებოდა მსხვილი შრიფტით გამოტანილი ერთი სათაური: “ბედნიერი ხარ, რომ გქვია ლუქსი ამ ნათლით მოსილ შაბათს”, რითიც საკმაოდ მოუქნელად ცდილობდნენ მკითხველის ცნობიერებაში ინგლის-საფრანგეთის შეხვედრის რომელიღაც მზიანი შუადღის ჩაბეჭდვას. ამის საპირისპიროდ, როგორი მელანქოლიაა ამ სათაურში: “სამოთხის ზღურბლზე”, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გერმანიასთან საფრანგეთის წაგებას რომ მოჰყვა! ასე იქმნებოდა მთელი ეპოპეა. თუმცა სიტყვებით თამაშიც არ ეზარებოდათ – ცოტა ტვინისჭყლეტა, ენის ფხანა თუ მეგობრული წკიპურტები.
იმ შუადღით გვარიანად ცხელოდა. ზაფხულის ისეთი დღე იდგა, როცა სინდისის ქენჯნის გარეშე შეგიძლია ჟალუზების ჩამოწევა და ტელევიზორის წინ მოკალათება – “ტურ დე ფრანსის” ყურება დანაშაული არ არის: თითქმის ვალდებულებაა. იტალიელი ველომრბოლი პანტანი ალპ-დ’უეზის ბოლო ფერდობებს მიუყვებოდა, მკერდგაღეღილი გულშემატკივრების, წყლის უშურველი მომწოდებლების, “რიკარის” კასკეტებში გამოწყობილი, ვითომ-მრბოლელებად გადაცმული მაყურებლების რიგებს შორის. სათაური იმავე წამს მომადგა ენაზე: “რა ტიპია ეს პანტანი – ამ ეტაპზეც, იმ ეტაპზეც”.
რასაკვირველია, ნამდვილი მიგნება იყო. მწერლურმა პატივმოყვარეობამ ისი-ლე-მულინოში, “ნაკრების” რედაქციაში დარეკვისკენ მიბიძგა – ნომერი გაზეთის კუთხეში ვიპოვე. ამ საქმის სპეციალისტთან გადამრთეს, რომელიც ჯერ დამცინავი ტონით მემასხრებოდა, მერე კი თითქოს დაინტერესდა. მისმა ნათქვამმა: “კარგი, გადავცემ” – თითქმის არ დამიტოვა იმედი.
და რა სიამოვნება იყო, როცა მომდევნო დილით წითელ ქსოვილზე მსხვილ ასოებად აბრიალებული ჩემი კალამბური დავინახე, პრესის სახლის სტენდზე! მაშინვე ისი-ლე-მულინოში დავრეკე. ისე-ლე-მულინო! ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ ამ ერთგვარ პერიფერიულ და ფუნქციონალურ სტერილურობაში არსებობდა “ავტოს” მემკვიდრე ყოველდღიური გაზეთი, რომელიც სამუდამოდ დაკავშირებოდა ფობურ-მონმარტრის ქუჩას, იმ კრამიტის სახურავებს, რომელთა წინაც პარიზელი ცნობისმოყვარეები ერთმანეთს აწყდებოდნენ – ნუთუ იქ საღამოობით მართლა კითხულობდნენ ცარცით აღნიშნულ საეტაპო რეიტინგებს?
რა თქმა უნდა, სათაურისთვის კარგად გადამიხდიდნენ. თუმცა სასწაულებს არ უნდა დავლოდებოდი და იმ ოქროს ტბებს ხომ არა და არა, რასაც რეკლამის სფერო გვთავაზობს! როცა რეგულარული თანამშრომლობა ვახსენე, სკეპტიკურად შემომხედეს, თუმცა ფეხბურთის ჩემპიონატის დაწყებისთანავე მომეცა ხელსაყრელი შემთხვევა მათი ნდობის მოსაპოვებლად. ყველას გასაკვირად, «ბასტია» რეიტინგის თავში მოექცა, რასაკვირველია, საშუალო დონის შემადგენლობით, რომლიდანაც მხოლოდ ფეი ბრწყინავდა მოედანზე. შევთავაზე: «ბასტია»: ფეის – კოცნა, სხვებს – კოცონი ანდა ბასტა»
ამ მარტივმა გადათამაშებამ საბოლოოდ მომაპოვებინა მთავარი რედაქტორის ნდობა, ვისაც პირადად არასდროს შევხვედრივარ. ეპოქას ინფორმაციის გადაცემის ასეთი ფორმა ახასიათებდა: “მუშაობა”, რომლის დროსაც ფიზიკურ დასწრებას არც ითხოვდნენ და არც სურდათ. მშვენივრად შევეგუე ამ ყველაფერს. პირველ რიგში, ისი-ლე-მულინო… და გარდა ამისა, მეტად ამაღელვებელი იყო იმის ხილვა, თუ როგორ ვათამაშებდი ძაფებზე გამობმულ სიტყვებს ჩემს პაწია ოროთახიანში და ისინიც, თითქოს ჯადოქრობის ძალით, ტროტუარების მთელ სიგრძეზე ჩამწკრივდებოდნენ ხოლმე.
შეკუმშულ მეტყველებას ნარკომანივით შევეჩვიე. თითოეული ახლადათვისებული ტერიტორია, პირველ რიგში, გულზე მალამოდ მედებოდა. მერე კი უფრო და უფრო მძაფრად ვგრძნობდი სურვილს, რომ ნამდვილი შედევრი შემექმნა, სანამ სხვა სფეროს მოვსინჯავდი. და აი, რაგბიში მსოფლიო ჩემპიონატი სპორტულ ასპარეზზე ჩემი მოღვაწეობის აპოგეაც და ეპილოგიც ერთდროულად აღმოჩნდა. ფინალურ ეტაპზე გასვლისას საფრანგეთის ნაკრები სამხრეთ აფრიკის გუნდთან დამარცხდა, კოკისპირულ წვიმაში მამაცურად ჩატარებული, მაგრამ მაინც უღიმღამო შეხვედრის დროს. ახლა მესამე ადგილისთვის უნდა ეთამაშა, ინგლისის წინააღმდეგ. ეს კი ღირსებისთვის ბრძოლაზე მეტი იყო, რადგან მოწინააღმდეგეს ქვის ხანიდან ვიცნობდით! თუმცა ჩვენები სხვა რამეს ელოდნენ – თამაშის ფრანგულად გახსნას, შესაძლებლობების ბოლომდე ჩვენებას. შედეგი საკმაოდ ცოტას ნიშნავდა. სწორედ მოსალოდნელი რევანშის წინადღეს მომივიდა თავში ის, რაც ჩემს ყველაზე სრულყოფილ მიგნებად მიმაჩნია: “მიაწვები? დაამიწებ!”

* * *
ისი-ლე მულინოში ვერ გამიგეს, როცა ვთქვი, რომ აქ უნდა გავჩერებულიყავი. მშვენიერი კარიერა მესახებოდა იმ პროფესიის სახით, რაც მანამდე არ არსებობდა და რისი კონტურებიც ჩემი შეუპოვრობის წყალობით გამოიკვეთა: მესათაურე. ყველაფერი ხელს მიწყობდა, რომ გამეგრძელებინა, მაგრამ მიწოლას ხომ დამიწება მოჰყვება: არაკომპეტენტურობის ზღურბლს მივაღწიე.
უკვე სხვა რამეზე ვოცნებობდი. აქამდე ჩემი კალამი ყოველგვარი ლოგიკის გარეშეEდაეხეტებოდა აღმა-დაღმა. პირველი უმანკო რომანიდან “ხილით სავსე კალათის” საყოფაცხოვრებო კომპრომისამდე დავეშვი, რომელმაც ჩემი ცხოვრების ეს ეპიზოდი ავად თუ კარგად “იოპლას” სიკეთემდე აამაღლა. შემდეგ “ნაკრების” მკითხველთა ინფანტილურ ენთუზიაზმს მოვუთათუნე ხელი. რა აერთიანებდა ამ ყველაფერს? განცდა, რომ თითოეულ ჯერზე საკმაოდ ბევრ ფულს ვშოულობდი, სათქმელი კი არაფერი მქონდა და ეს უკანასკნელი თითქმის საერთოდ დავკარგე, როცა სიმართლის თქმა ვცადე.
ჰო, ცინიზმით, რომელიც, პატივმოყვარეობის გამო, ოდნავ შევარბილე. ყველაფრის მიუხედავად, მაინც ვამაყობდი ჩემი ტყის მარწყვით, მოსწრებული სპორტული კალამბურებით. ჯერ კიდევ არ დამეწერა ის, რაც საკუთარ თავს მთლიანად შემაზიზღებდა – ნუთუ ამას ოდესმე შევძლებდი?
დიუპუიტრენმა, ერთ-ერთმა იმ შორეულ ნაცნობთაგან, რომლებთან ურთიერთობის გაბმაც მთლიანად სარეკლამო სფეროში მომუშავეთა წვეულებებზე შემთვრალი კაცის გულზიარობის დამსახურებაა, ცოტა ხნის წინ თავისი აღმოჩენა გამანდო:
– ჰო, ბიჭო, ოცი მილიონი! დიდება “Sacem”-ს**! გეფიცები, ეს სიმღერა ორ საათში დავწერე!
ერთ დაშაქრულ ტექსტს გულისხმობდა, ვიღაც თმაგაგლესილი-მოტუტუცო-ლათინო-სენტიმენტალო-პასტა-მამა-ტუტო-ლა-ფამილია იდიოტისთვის დაწერილს – და რაზეც მარსელის გარეუბნების მთელი საქალეთი ცრემლად იღვრებოდა. დიუპიუტრენი ტექსტს ღიღინებდა და სიცილით იხრჩობოდა საკუთარი აქცენტ-ამერიკანოს გამო:
– კი, ნამდვილად…!
“ნეაპოლიტანელო გოგონა,
მაინც ჩემი გახდები, აბა, რა!”
არ მითხრა, რომ არასდროს მოგისმენია!
მოსმენილი მქონდა. იმ წუთებში ისევ გაშტერებული ვიდექი, პატარა მოყავისფრო ნახვრეტებს მივჩერებოდი, რომელთა ჟიტანისფერფლისმიერი წარმოშობის ვარსკვლავები ჩემი კოლეგის პერანგს ამშვენებდა. ოცი მილიონი ფრანკი. სიმღერა, რომლის სიტყვებიც დიუპიუტრენმა დაწერა, ნამდვილად არ იყო “ჰიტი”. მოკრძალებულად თუ გაისმოდა რადიოში, კვირაში ერთი-ორჯერ. მაშ, რამდენი მილიონის მოტანა შეეძლო ნამდვილ წარმატებას?
რა თქმა უნდა, კარგად ვიცნობდი იმ ფრაზებს, რომლებსაც ტელევიზორში გამოჭიმული სქელ-სქელი, სიგარის კვამლით სახეწამოწითლებული ბატონები დრო და დრო გადმოგვიგდებდნენ ხოლმე (ნეტა რატომ უსვამდნენ კითხვებს ყოველთვის ნოყიერი სადილის ბოლოს?)
– წარმატება შეკვეთით არ მოდის. ამის რეცეპტი რომ არსებობდეს, ყველას გვეცოდინებოდა.
ეს იდეა სკეპტიკურად განმაწყობდა. ჯერ კიდევ საკმაოდ ცუდად ვიცნობდი შოუბიზნესის დემონურ სამყაროს, თუმცა კი ერთი კანონი, ჩემი აზრით, თითქმის უგამონაკლისოდ ფუნქციონირებდა: ყველაზე დიდი უაზრობა ყველაზე ძვირად ფასობდა. ნებისმიერ შემთხვევაში, კარგ მომღერლებს ჩემი სიტყვები არ სჭირდებოდათ, ხოლო სხვებს რაც შეეხება…
დიუპიუტრენზე უკეთესად უნდა მომეხერხებინა. ვერ ვიტყვი, რომ წარმატებას პირველივე ცდაზე მივაღწიე. დასაწყისში, ჩემი ტექსტები ბოლომდე აბსურდული იყო, თუმცა მაინც ფორმალიზმის ტყვეობაში რჩებოდა. მაგრამ მალევე ვიგრძენი, როგორ ნაზად დავეშვი უარესისკენ. ერთ დღეს კი მივხვდი, რომ შიგ შუაგულში ვიდექი და ამის გასაღებას თუ შევძლებდი, ყველაფრის იმედი უნდა მქონოდა. ნაკლს ვერ უპოვიდით: ღამის კლუბებშიც შეიძლებოდა მოგესმინათ და ნათლობებზეც, სახელდახელო ქეიფებზეც, პატარა თავყრილობებზეც – თავიდან ბოლომდე ამაზრზენი იყო. არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა სტროფებს, რომლებიც ჭიქების მიჭახუნების, კეკლუცი გოგოების გიჟური კისკისის ან ვნებამორეული წივილ-კივილის დროს უნდა გადაბმოდა ერთმანეთს. თუმცა რეფრენი გაბედულად მოგიწოდებდათ:
“ა… ა… ა… აბა, რიგში დადექით
ჟერმენს ამოუდექით
აი, ასე ჩამწკრივდით
ლუიზონის უკ-ან”
იმდენად დიდი სისულელე იყო, რომ შეიძლებოდა, ქვეტექსტებიც დაეძებნათ, თუ მოინდომებდნენ – იმის რისკიც კი არსებობდა, რომ “ფრანს ინტერზე” გაუშვებდნენ.
ერთმა პროდიუსერმაც არ დააყოვნა და ამ პატარა შედევრით დაინტერესდა. ლიტერატურული დებიუტის ხსენებისგან თავი შევიკავე, თუმცა სარეკლამო სფეროში მიღწეული წარმატების აღნიშვნამ უმალვე განაპირობა ჩემი სერიოზულად აღქმა. სწორედ შესაფერის “პროდუქტს” ეძებდნენ რომელიღაც ატიპიური მომღერლისთვის, ვინც ერთგვარ ანტი-ვარსკვლავს წარმოადგენდა: ორმოცდაათი წლის, უწყინარი იერით, თავზე ჩამომხობილი ბერეტით: ცოტაც და მკლავქვეშ ბაგეტს ამოუდებდით. მის სასცენო სახელს მოფრანგულო დაცინვის სუნი ასდიოდა: ზებუ!
ჩემი და ზებუს ურთიერთობა მეტად ხანმოკლე აღმოჩნდა (მხოლოდ ხელის ჩამორთმევა რედაქტორის კაბინეტში კონტრაქტზე ხელის მოწერის დღეს), მაგრამ მადლიერების განცდა, რომელიც მის მიმართ გამიჩნდა, უკუნითი უკუნისამდე გაჰყვება. ზებუმ ხომ ჰიტ-პარადების მწვერვალზე აიტანა და ბარაქიანი ბანკეტებისა და ძველმოდური დისკოთეკების სიღრმეებში ჩაიტანა ჩემი უჭკნობი სტრიქონები. აკორდეონის ხმით შელამაზებული მუსიკის ფონზე, მძლავრი რიტმული დარტყმებით თანდათან რომ ძლიერდებოდა – გულისცემის მსგავსად, როცა გული პატარა წითელ უჯრედებს ღია სარქველებში ისვრის – თავიდან საწყისი აჩქარება ისმოდა: “ა… ა… ა…”, შემდეგ ჟერმენის სახელი მოდიოდა, რაც მხიარულ თავის ქნევას, თვალთმაქცურ გახალისებას იწვევდა.
სამ თვეზე ნაკლებ დროში რამდენიმე მილიონი ვიშოვე. ორი წლის წინ გაოგნებისგან ენა ჩამივარდა, როცა ოცი ათასი ფრანკი ჩამითვალეს “ხილით სავსე კალათისთვის”. “ა… ა… ა… აბა, რიგში ჩადექით, ჟერმენს ამოუდექით”- აი, ამან კი ფონოგრაფიულ, ვიდეოგრაფიულ, რადიოგრაფიულ უფლებებსა და ჩანაწერის ეგზემპლარებთან ერთად, მოზრდილი თანხა – სამი მილიონ ხუთასრვა ათას ექვსასორმოცდაათი ფრანკი მომიტანა – საავტორო უფლების ჩათვლით. “Sacem”-ის ფურცელი ხენდროს ხილფაფაზე გემრიელი აღმოჩნდა.
“Sacem”-ის ფურცელი ეშმაკთან დადებულ ხელშეკრულებად იქცა. ჩემმა სიმღერამ ცქრიალა ღვინოების გაყიდვას – უშუალო, დამტკბარ-დაშაქრული ურთიერთობების გაბმას შეუწყო ხელი. მე კი, ამ უფლებებით, შერის ნისლებში ჩაძირული, რომანტიკული ციხე-კოშკი ვიყიდე.
მას შემდეგ… ვწერ, ჩემი სამფლობელოს ცარიელ სკამებზე, მხედართათვის განკუთვნილი ბილიკების გასწვრივ. შესაძლოა, ხსნაც აქ უნდა ვეძებო. მეორე რომანს ვწერ. ნერვებს მიშლის, ძალიან გრძელია, ალბათ არასდროს დამთავრდება. თავიდან ვფიქრობდი, რომ მხოლოდ ჩემთვის ვწერდი, მაგრამ ეს არასდროს არ არის მართალი. მკითხველისთვის ვწერ. ერთადერთი მკითხველისთვის. თუმცა ის ერთადერთიც…

ბეკონ-ლე-ბრუიერი, აგვისტო 96 – სოლინი-სურ-შერი

* ლუი-ფილიპი – საფრანგეთის მეფე 1830-1848 წლებში
** Sacem – ფრანგული ორგანიზაცია, რომელიც ავტორთა უფლებებს იცავს

ფრანგულიდან თარგმნა ირმა ტაველიძემ

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

Facebook Comments Box

One Comment