ახალი ამბები,  ახალი წიგნები

ფრანგული ლიტერატურული ნაწარმოებების ქართული თარგმანების პრეზენტაცია

23 მარტს საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკაში ჩატარდა 2022 წელს გამოცემული ფრანგული ლიტერატურული ნაწარმოებების ქართული თარგმანების პრეზენტაცია. მთარგმნელებმა და გამომცემლებმა მკითხველებს წარუდგინეს ჟან-პოლ სარტრის „რა არის ლიტერატურა” (მთარგმნელი: მარინა ბალავაძე), ანი ერნოს „წლები” (მთარგმნელი: ლალი უნაფქოშვილი), ერვე ლე ტელიეს „ანომალია” (მთარგმნელი: პაატა ჯავახიშვილი), ჟან-პოლ დიუბუას „ყველა ერთნაირად როდი ცხოვრობს” (მთარგმნელი: ნინო თურქესტანიშვილი), ვირჟინი დეპანტის „თეორია კინგ კონგი”(მთარგმნელი: ბაჩანა ჩაბრაძე), პატაფიზიკა სცენაზე: ალფრედ ჟარის „იუბიუ მეფე” და გიიომ აპოლინერის „ტირესიასის ჯიქნები” (მთარგმნელი: ბაჩანა ჩაბრაძე).

პრეზენტაცია მერაბ მამარდაშვილის სახელობის საგამომცემლო დახმარების პროგრამით, ფრანკოფონია 2023-ის ფარგლებში ჩატარდა.

შეხვედრაზე მარინა ბალავაძემ და ლალი უნაფქოშვილმა თავიანთ თარგმანებზე ისაუბრეს. ლალი უნაფქოშვილმა ანი ერნოსთან მისი მიმოწერაც გაიხსენა და ნობელიანტი მწერლის აქტიურ სოციალურ ცხოვრებას გაუსვა ხაზი.

ვირჟინი დეპანტის წიგნი ახლად დაარსებულმა გამომცემლობამ, „პოლინომიალმა“ გამოსცა. პრეზენტაციისას გამომცემლობის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ლუკა გრიგოლიამ ვირჟინი დეპანტის ქართულად თარგმნის მნიშვნელობასა და მის წიგნზე ილაპარაკა.

 „როდესაც განვიხილავდით, საიდან დაგვეწყო ვირჟინი დეპანტის წარდგენა საქართველოში, ვფიქრობდით, რომ კარგი ვარიანტი იქნებოდა სწორედ თეორია კინგ კონგი, როგორც მისი ცხოვრების მანიფესტი. ამ წიგნის ერთ-ერთი ყველაზე კარგი აღწერა, რაც მახსენდება, არის მთარგმნელის, ბაჩანა ჩაბრაძის სიტყვები – ეს არის წიგნი, რომელიც ავტორის სხეულზეა აღბეჭდილი“ – აღნიშნა მან და დასძინა, რომ პოსტკოლონიალურ რეალობაში, სადაც ინფანტილიზმი და გაუბედაობა ჯერ კიდევ დიდი პრობლემაა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ასეთი ტექსტების თარგმნასა და გამოცემას; ტექსტების, რომლებსაც ბევრ საკითხზე შეუძლია მკითხველის ალაპარაკება. ამიტომაც მომავალშიც გეგმავენ ვირჟინი დეპანტის წიგნის გამოცემას.

„ალფრედ ჟარის გროტესკული ფარსი “იუბიუ მეფე” პირველად 1896 წელს პარიზში დაიდგა. ავტორი მასში გამოწვევას, აბსურდს, სატირას, შარჟსა და შავ იუმორს ურევს. პიესის ცენტრალური პერსონაჟი, მამა იუბიუ, სიხარბის, ძალადობისა და უგუნურების განსახიერებაა. იგი ანტი-პერსონაჟია, ლაჩარი და უწმაწური, ყოველგვარი თანაგრძნობისგან დაცლილი. ჟარი ზოგადად ტირანს დასცინის. პიესაში უხვადაა ნეოლოგიზმები, ეპენთეზები და სხვა ლინგვისტური ინოვაციები. შესაბამისად, საჭირო გახდა დედნის შესატყვისი ორიგინალური ტერმინების ქართული ვერსიების შექმნა: მაყუთულაყი, მაყუთქვლეფია, სიფათილიყამყამი, ფინონსენსი, ფინანმძღოლი, ფინანსაბარკალი, ბიჭიაყელა, ძნეხვანჯალი… ამასთან, არაერთი პერსონაჟი ატარებს კონკრეტული მნიშვნელობის შემცველ სახელს, რომელთა უბრალოდ ტრანსლიტერირება ნაწარმოებს სიმბოლურ სისავსეს  დაუკარგავდა. შესაბამისად, აქაც საჭირო გახდა მათი არსობრივად გადმოტანა: მეფისწული ხულიგავი, ასისთავი არშია, ან ჯოხილ, სვეტის და ძელარ თახსარები, რომელთა სახელები ჰერალდიკური ემბლემების სახელწოდებებია, ხოლო გვარი, თახსარი, თახსირისა და სარის (იუბიუს რჩეული დასჯის მეთოდიდან: სარზე აცმა) სინთეზია.

გიიომ აპოლინერის “ტირესიასის ჯიქნების” პრემიერა “იუბიუ მეფის” პრემიერიდან 21 წლის შემდეგ შედგა, 1917 წელს, თუმცა მასში დიდია ჟარის გავლენა აპოლინერზე. აპოლინერი მისგან იღებს კარნავალურობასა და ტოტალური სპექტაკლის იდეას: ფერები, ფორმები, მოძრაობები, ცეკვები, მცირე ხმაურები, რევოლვერი, სენსუალობა, მაყურებელთან გათამაშება, მისი მწყობრიდან გამოყვანა… აპოლინერის პიესას, ისევე როგორც ჟარის შემთხვევაში, წინ უძღვის ავტორის წინასიტყვაობა, რომელშიც ხელოვნების ისტორიაში პირველად გამოჩნდა ტერმინი “სიურრეალისტური”. მასშივე გვთავაზობს აპოლინერი სიურრეალიზმის პირველ განსაზღვრებას. ჟარის პოეტურ ენთუზიაზმს, რომელიც “იუბიუ მეფის” ლექსით დასრულებაში გამოიხატა, აპოლინერი კიდევ უფრო ავითარებს: მსახიობებსაც ლექსებს უძღვნის და პიესის ბევრი პასაჟიც ლექსად აქვს დაწერილი” – წერს ბაჩანა ჩაბრაძე, მთარგმნელი.

© არილი

Facebook Comments Box