ესე (თარგმანი)

ფრანსუა დე ლაროშფუკო – სიყვარულსა და სიცოცხლეზე

 

სიყვარული ჩვენი ცხოვრების ხატია: ერთიც და მეორეც ერთნაირად ემორჩილებიან ბედის ორომტრიალს, გარდატეხებსა და ცვალებადობას. მათი ახალგაზრდობა სიხარულით და იმედითაა აღსავსე: სიყმაწვილის ბედნიერება სიყვარულის ბედნიერების ტოლფასია (სიყმაწვილე ისეთსავე ბედნიერებს გვანიჭებს, როგორსაც სიყვარული). ესოდენ სასიამოვნო მდგომარეობა, სხვა, კიდევ უფრო ძლიერი სიკეთეების მოხვეჭის სურვილს აღგვიძრავს. ჩვენ არ გვაკმაყოფილებს მხოლოდ არსებობა, უკეთესის ძიებაში მუდამ წინ ვისწრაფით, ვცდილობთ წარმატება მოვიპოვოთ და სიმდიდრე დავაგროვოთ. ძლიერთა ამა ქვეყნისა მფარველობას ველტვით და მზად ვართ მათ ნებას ვემორჩილოთ. ვერ ვიტანთ, როდესაც სხვები წინ გვეღობებიან და იმასვე ისურვებენ, რასაც ჩვენ. მეტოქეთა დაჯაბნას ვცდილობთ, უამრავ საზრუნავსა და ჭირს გადავეყრებით, მაგრამ საზოგადეობაში ღირსეულ ადგილს დავიმკვიდრებთ თუ არა, უსიამო მოგონებებს დავიწყების წყალს ვატანთ: მთავარია, წადილი აღვისრულეთ და ახლა თავს ვარწმუნებთ, რომ ჩვენს ბედნიერებას წინ ვეღარაფერი დაუდგება.
ვაგლახ, რომ სიახლის ხიბლი მალე ინავლება და ჩვენს ნეტარებასაც სწრაფად გაუდის ყავლი. სასურველს მოვიხელთებთ თუ არა, ახალი სურვილები გვებადება. ვეჩვევით იმას, რასაც ვფლობთ და რასაც, ერთ დროს, ესოდენ ვნატრობდით. ის, რაც ერთხელ ძვირფას განძად ვიგულვეთ, უფასურდება და ჩვენს გემოვნებას აღარ ეთანხმება. ჩვენდა უნებურად ვიცვლებით, თან ისე შეუმჩნევლად, რომ ცვლილებისთვის თვალიც ვერ მიგვიდევნებია. ის, რაც მოვიპოვეთ, ჩვენი არსების ნაწილად იქცა და მასთან განშორება ტანჯვას გვაყენებს, თუმც კი მისი ფლობა ძველებურ სიამოვნებას ვეღარ გვანიჭებს. სიხარულმა სინორჩე დაკარგა და თვალი ახალი სიამტკბილობისკენ გაგვირბის, ის კი, რის მოპოვებას ვნატრობდით და ვპოვეთ კიდეც, ჩირადაც აღარ გვიღირს. ეს უნებლიე ღალატი დრომ მოიტანა, რომელიც, ჩვენდა დაუკითხავად, სიყვარულსაც და სიცოცხლესაც საკუთარ ნებაზე განაგებს, რაც დღე გადის, მით მეტად წარიტაცებს მათ სიყმაწვილეს და სილაღეს და აცამტვერებს მათ ჭეშმარიტ ხიბლს. ჩვენ სერიოზულობა გვეძალება და ადრე ვნებათა კარნახს აყოლილნი, ახლა საქმისთვისაც ვიცლით. სიყვარულს თავისთავად არსებობა უჭირს და გარეშე, აქამდე უცხო მშველელს უხმობს. სიყვარულის დაოსება ასაკის ბრალია, დღეები გარბიან და ჩვენ სულ უფრო აშკარად ვხედავთ, რა დასასრული ელის ჩვენს გრძნობას, თუმც ყოველნაირად ვუძალიანდებით მოახლოებულ განშორებას; ძალა არ გვყოფნის ნებაყოფლობით დავუსვათ საბოლოო წერტილი და კარგად ვუწყით, რომ სიყვარულისა და სიცოცხლის დაისის ჭმუნვას ვერსად გავექცევით. წინ საზარელი გამოცდა გველის, სიტკბოებას ნაღველი შეცვლის და ბედი უბედობად გვექცევა. ეჭვიანობა, უნდობლობა, შიში ვნების დაწრეტისა და მარტოობისა თან ახლავს მინავლებულ სიყვარულს, მსგავსად მიხრწნილი სიცოცხლის თანამგზავრი სნეულებებისა.: ვეღარ გრძნობ არსებობ, თუ არა, რადგან სნეულება ტანში გაგიჯდა, ვერც ის გაგიგია, გიყვარს თუ არა, რადგან სიყვარულის ნაცვლად ახლა მხოლოდ სიყვარულის მწუხარებას განიცდი. ჭარბად ხანგრძლივი გრძნობის თვლემას სევდიანი გამოფხიზლება მოყვება, რადგან, კარგად გრძნობ, რომ სიყვარულის კაეშანი კიდევ დიდხანს გასტანს. ხრწნა თავისთავად ტკივილი და სინანულია, და მაინც ყველაზე დასანანი სიყვარულის მიხრწნილებაა.

 

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

Facebook Comments Box