პროზა (თარგმანი)

ფრანც კაფკა – ერთი ძაღლის კვლევა-ძიებანი

kafka 38782

გერმანულიდან თარგმნა რუსუდან ზექალაშვილმა

როგორ შეიცვალა ჩემი ცხოვრება და, არსებითად, როგორ არ შეცვლილა ის! ახლა, როცა მოგონებებს მივეცემი და მეხსიერებაში აღვიდგენ იმ დროს, როცა ჯერ კიდევ ძაღლების საზოგადოების შუაგულში ვცხოვრობდი, მეც ვიყავი იმ ყველაფერში  გარეული, როგორც ძაღლებს შორის მყოფ ძაღლს შეეფერება, და მეც იგივე მაწუხებდა, რაც მათ. უფრო ყურადღებით თუ დავაკვირდები, აქ მთლად წესრიგში თავიდანვე ვერ იყო რაღაც; არსებობდა პატარა ბზარი, ყველაზე საპატიო სახალხო ღონისძიებების დროს მიპყრობდა მსუბუქი უხერხულობის გრძნობა, ზოგჯერ ახლობლების ვიწრო წრეშიც კი; არა, ზოგჯერ კი არა, ძალიან ხშირად: შევხედავდი ხოლმე ერთ-ერთ ჩემს საყვარელ თანაძაღლელს, მხოლოდ შევხედავდი, რაღაცნაირად ახლებურად დავაცქერდებოდი და მაშინვე მორიდება, შიში, უმწეობა და სასოწარკვეთილება მიპყრობდა. გარკვეულწილად ვცდილობდი გულის დამშვიდებას; მეგობრები, რომელთაც ეს გავანდე, მეხმარებოდნენ; ისევ დადგა უფრო მშვიდი დრო – დრო, რომელსაც მოულოდნელი სასიხარულო ამბები არ აკლდა, მაგრამ მაშინ ამას უფრო გულგრილად აღვიქვამდი, უფრო გულგრილად ერწყმოდნენ ჩემს ცხოვრებას, ხანდახან კიდეც მასევდიანებდნენ და მღლიდნენ, მაგრამ მთლიანობაში საკუთარ თავს მაღიარებინებდნენ, მართალია, ოდნავ გულცივ, მორიდებულ, მფრთხალ, ხელმომჭირნე არსებად, მაგრამ მაინც სრულიად ჩამოყალიბებულ ძაღლად. როგორ შევძლებდი შეუსვენებლად მომეღწია ამ ასაკამდე, როგორ მოვიტანდი თავს ამ სიმშვიდემდე, რომლითაც დღეს ვუჭვრეტ ჩემს შავბნელ სიჭაბუკეს და ვუმკლავდები ხანდაზმულობის კოშმარებს, როგორ შევძლებდი დღემდე მოღწევას, რომ ჩემი საბრალო ან, უფრო ფრთხილად რომ ვთქვა, არცთუ ხალასი მიდრეკილებებისგან დასკვნები გამომეტანა (ეს უნდა ვაღიარო!) და თითქმის მთლიანად მათ შესატყვისად მეცხოვრა. საკუთარ თავში ჩაკეტილი, მარტოსული, დაკავებული მხოლოდ ჩემი უიმედო, მაგრამ ჩემგან განუშორებელი მცირე კვლევა-ძიებით, ვცხოვრობ ასე, მაგრამ შორიდან მუდამ მიჭირავს თვალი ჩემს ხალხზე,  ჩემამდე ხშირად აღწევს  ახალი ამბები და მეც შიგადაშიგ შევახსენებ ხოლმე საზოგადოებას თავს. ყურადღებით მეპყრობიან, მართალია, ვერ იგებენ ჩემი ცხოვრების წესს, მაგრამ ამის გამო არ მინაწყენდებიან, და თვით ყმაწვილი ძაღლებიც კი, რომლებიც  აქა-იქ მოშორებით ჩამირბენენ ხოლმე, ახალი თაობა, რომლის ბავშვობაც მხოლოდ ბუნდოვნადღა მახსენდება, მოწიწებულ სალამზე უარს არ მეუბნება.

 

თუმცა მთლად უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ ის, რომ, მიუხედავად ჩემი ახირებულობისა, რაც აშკარად თვალში საცემია, მთლად არ გადავგვარებულვარ. და ეს, თუკი დავუფიქრდები (ამისთვის კი დროც მაქვს, სურვილიცა და უნარიც), საერთოდ, ძაღლად ყოფნას მშვენივრად ეწყობა. ჩვენ გარდა, ძაღლების გარდა, ირგვლივ ნაირ-ნაირი არსებები არიან, უბადრუკები, საცოდავები, მუნჯები, შეზღუდულები, მხოლოდ უცნაური ხმების გამოცემის უნარი რომ შესწევთ; ბევრი ჩვენ შორის, ძაღლთაგან, მათ სწავლობს, სახელს არქმევს, ცდილობს დაეხმაროს, აღზარდოს, გააკეთილშობილოს და ასე შემდეგ. მე, თუკი ისინი არ ცდილობენ ჩემთვის ხელის შეშლას, მათ მიმართ გულგრილი ვარ, ერთმანეთში მერევიან და ვერც კი ვამჩნევ. მაგრამ ერთი რამ კი მკვეთრად თვალში საცემია, თითქოს ეს შეიძლებოდა გამომრჩენოდა: რამდენად ცოტათი გვგვანან ისინი ჩვენ, ძაღლებს,  გვერდში არ უდგანან ერთმანეთს, რა უცხოდ, უსიტყვოდ და ერთგვარი მტრობითაც კი ჩაუვლიან ხოლმე ერთიმეორეს, რომ მხოლოდ უმდაბლეს ინტერესს შეუძლია მათი დაკავშირება და ხშირად როგორ აღმოცენდება ხოლმე ამ ინტერესისგან მხოლოდ სიძულვილი და აყალმაყალი. ჩვენ, ძაღლები, კი პირიქით ვართ! ალბათ შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენ ყველა ფორმალურად ერთ დიდ ხროვად ვცხოვრობთ, ასე განსხვავებულნი უამრავი და სიღრმისეული სხვაობით, რომელიც დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა. ყველა ერთ ხროვად! რაღაც გვიბიძგებს ერთმანეთისკენ და ვერაფერი დაგვაბრკოლებს, რომ ეს ლტოლვა დავიკმაყოფილოთ; ყველა ჩვენი კანონი და წესი, ის ცოტაოდენიც, რომლებსაც ჯერ კიდევ ვიცნობ და ის უთვალავიც, რომლებიც დამავიწყდა, სათავეს იღებს იმ უდიდესი ბედნიერების მონატრებისაგან, რომლის უნარიც ჩვენ გვაქვს: თბილი ერთობისაგან. მაგრამ ამას დავუმატოთ საპირისპირო მოსაზრებაც: არც ერთი არსება, რამდენადაც ვიცი, ისე დაფანტული არ ცხოვრობს, როგორც ჩვენ, ძაღლები, არავის არა აქვს ამდენი, თითქმის გაუგებარი განსხვავება კლასებს, სახეობებს, საქმიანობებს შორის. ჩვენ, ვისაც ერთად ყოფნა გვინდა, – და მუდმივად ვახერხებთ ამას, მიუხედავად ყველაფრისა, ამაღლებულ წამებში, – სწორედ ჩვენ ვცხოვრობთ ერთმანეთისაგან ძალზე მოშორებით, თავისებური, თანაძაღლელისთვისაც კი გაუგებარი ხელობით და ვიცავთ შინაგანაწესის მითითებებს, რომლებიც სულაც არაა ძაღლური; დიახ, მის წინააღმდეგაც კია მიმართული.  როგორი სიძნელეებია ეს, სიძნელეები, რომლებსაც არც უნდა შეეხო, – მე მაინც მესმის ეს შეხედულება, ეგებ იმაზე უკეთაც კი, ვიდრე საკუთარი, – და სიძნელეები, რომლებმაც ტყვეობაში მომაქცია. რატომ არ ვაკეთებ ამას სხვებივით, ვცხოვრობ ჩემს ხალხთან ერთად, და უსიტყვოდ ვეგუები იმას, რაც ხელს უშლის ამ ერთობას; ყურადღებას არ ვაქცევ ამას, როგორც პატარა შეცდომას დიდ გამოთვლაში, და ყოველთვის ვრჩები იმის მხარეზე, რაც ბედნიერად გვაკავშირებს და არა იმის მხარეზე, რაც, ცხადია, სულ უფრო დაუძლევლად გვგლეჯს ჩვენი მოდგმის წრიდან.

 

მაგონდება ერთი შემთხვევა ჩემი სიყმაწვილიდან, მე მაშინ იმ ნეტარ, აუხსნელ სულიერ მღელვარებას განვიცდიდი, რომელსაც ალბათ ყველა ბავშვი; მე ჯერ კიდევ მთლად ლეკვი ვიყავი, ყველაფერი მომწონდა, ყველაფერი უშუალოდ მეხებოდა, მჯეროდა, რომ დიდი ამბები ჩემ თვალწინ ხდებოდა, რომ მათი თავი და თავი მე ვიყავი, რომ იქ ჩემი ხმაც უნდა მიმეწვდინა; ამბები, რომლებიც უბადრუკად დარჩებოდნენ მიწაზე, თუკი მათი გულისთვის მე არ ვირბენდი, კუდს არ გავაქიცინებდი და ვიხტუნებდი, – აი, ბავშვური ფანტაზიები, რომლებიც წლებთან ერთად იფანტება. მაგრამ იმჟამად ის ფანტაზია ძლიერი იყო, მე მთლიანად ვყავდი შეპყრობილი მას, და შემდეგ, ცხადია, რაღაც უჩვეულო მოხდა, რამაც ჩემი ველური მოლოდინი თითქოს გაამართლა კიდეც. თავისთავად ამაში არაფერი იყო უჩვეულო, მოგვიანებით მსგავსი და უფრო უცნაური ამბებიც საკმაოდ ხშირად მინახავს, მაგრამ მაშინ ამან ჩემზე ძლიერი, პირველი, წარუშლელი, შემდეგისთვის ბევრ რამეში გეზის მომცემი შთაბეჭდილება მოახდინა. კერძოდ, მე გადავაწყდი ძაღლების პატარა ჯგუფს, უფრო მეტიც, მე კი არ გადავაწყდი, თვითონ შემომეფეთა. იმჟამად დიდხანს ვირბინე ბნელ კუთხე-კუნჭულებში, რაღაც დიდი ამბების წინათგრძნობით – წინათგრძნობით, რომელიც, ცხადია, ადვილად მატყუებდა, რადგან  მუდმივად შევიგრძნობდი,  – დიდხანს ვირბინე ბნელ კუთხე-კუნჭულებში, აღმა-დაღმა, დავბრმავდი და დავყრუვდი ყველაფრის მიმართ და არაფერი მამოძრავებდა, მხოლოდ რაღაც გაურკვეველი მოთხოვნილება, და უეცრად შევჩერდი ამ შეგრძნებით: აი, აქ ჩემს ადგილას მოვხვდი-მეთქი, ავიხედე და   გაჩახჩახებული დღე იყო, მხოლოდ ოდნავ ნისლიანი, ყველაფერი მათრობელა მოლივლივე სურნელით გაჯერებული, დილას გაურკვეველი ხმებით მივესალმე, რადგან – თითქოს თავად გამომეხმოს ისინი – რაღაცნაირი წყვდიადიდან სინათლეში გამოვიდა შვიდი ძაღლი  საშინელი ხმაურით, როგორიც არასოდეს გამეგონა. გარკვევით რომ არ დამენახა, რომ ძაღლები იყვნენ და რომ ეს ხმაური სწორედ მათ ახლდათ, – თუმცა ვერ ვხვდებოდი, საიდან ამოსდიოდათ ეს ხმები, – მაშინვე მოვკურცხლავდი, მაგრამ დავრჩი. მაშინ თითქმის არაფერი ვიცოდი იმის შესახებ, რომ მხოლოდ ძაღლების მოდგმას ჰქონდა მინიჭებული შემოქმედებითი მუსიკალობა, ეს ნელ-ნელა აღმოცენებულ ჩემი დაკვირვების უნარს ჯერჯერობით, ბუნებრივია, გამორჩა, მე ხომ ძუძუთა ასაკიდან  ვიყავი მუსიკით გარემოცული, როგორც ჩემი ცხოვრების ჩვეული, განუყოფელი ელემენტით, რომლის ამოშლას ამ ჩვეული ცხოვრებიდან არაფერი მაიძულებდა; მხოლოდ ცდილობდნენ, მასზე მიენიშნებინათ ხოლმე, ბავშვური გაგების შესაბამისად, ამიტომაც კიდევ უფრო მოულოდნელი, თითქმის გამანადგურებელი აღმოჩნდა ჩემთვის ის შვიდი ხელოვანი მუსიკოსი. ისინი არ ლაპარაკობდნენ, არ მღეროდნენ, საერთოდ, თითქოს დიდი მრისხანებით პირმოკუმულნი დუმდნენ, მაგრამ ცარიელი სივრციდან მომაჯადოებელ მუსიკას  გამოიხმობდნენ. ყველაფერი მუსიკა იყო, მათი ფეხების აწევა და დადგმაც, თავების მიბრუნებაც კი, მათი სირბილი, გაჩერება, პოზიციები, რომლებსაც იღებდნენ ერთმანეთის მიმართ, ფერხულის მაგვარი სვლები, რომლებსაც ერთად აკეთებდნენ, როცა ერთი ზურგზე ადებდა მეორეს წინა თათს და შემდეგ ისე დაეწყობოდნენ, რომ პირველი ყველა დანარჩენის სიმძიმეს თავის თავზე იღებდა, ანდა თავიანთი თითქმის მიწამდე ჩამოთრეული სხეულებით გადახლართულ ილეთებს აკეთებდნენ და არასოდეს არ ცდებოდნენ; ბოლოც კი ის, ვისაც ოდნავ თავდაჯერება აკლდა და მაშინვე ვერ ახერხებდა სხვების აყოლას, ზოგჯერ, მელოდიის წამოწყებისას, ყოყმანობდა კიდეც, მაგრამ თავდაჯერება აკლდა მხოლოდ სხვების დიდებულ თავდაჯერებასთან შედარებით და უფრო დიდი, უფრო სრულყოფილი თავდაუჯერებლობითაც ვერაფერში შეუშლიდა მათ ხელს, როცა სხვები, დიდოსტატები, ტაქტს უზადოდ იცავდნენ. მაგრამ მათ ძლივს ამჩნევდნენ, მათ ყველას ძლივს ამჩნევდნენ. ისინი გამორჩეულნი იყვნენ; შინაგანად მათ ესალმებოდნენ, როგორც ძაღლებს, თუმცა თავგზაარეულნი იყვნენ ხმაურით, რომელიც მათ ახლდათ, მაგრამ ისინი ხომ ძაღლები იყვნენ, ძაღლები ჩემსავით და შენსავით; მათ თვალს ადევნებდნენ ჩვეულებრივ, როგორც ძაღლებს, რომლებსაც გზად შეეფეთნენ, უნდათ მიუახლოვდნენ, მიესალმონ; ისინიც ახლოს იყვნენ, ძაღლები, თუმცა ჩემზე გაცილებით ასაკოვანნი და არა ჩემსავით ფუმფულა გრძელთმიანი ჯიშისა, მაგრამ არც ისე განსხვავებული ზომისა და აღნაგობისა, ნამდვილად ვიცნობდი ამ ან გაცილებით უფრო სანდო მსგავს სახეობას, მაგრამ, როცა ასეთ ფიქრებს მიეცემი, თანდათან მუსიკა შენზე ბატონდება, ზოგს პირდაპირ გულზე ხვდება, ზოგს დააცილებს ამ პატარა ნამდვილ ძაღლებს და შენი ნების წინააღმდეგ, მთელი ძალით რომ ეწინააღმდეგები, ღრიალით, თითქოს ტკივილს გაყენებენო, სხვა რამით ვერ დაკავდები, გარდა შორიდან მოსული მუსიკის ფანფარებისა, რომელიც ყოველი მხრიდან, სიმაღლიდან, სიღრმიდან – ყველაფრიდან – მოდიოდა, მსმენელს შუაგულში ითრევდა, სულს უფორიაქებდა, თრგუნავდა და განადგურებასთან ისე ახლოს იყავი, რომ ეს უკვე სიშორე იყო. და ისევ გათავისუფლებდა, რადგან სავსებით არაქათგამოცლილი, განადგურებული, სუსტი იყავი, რომ ისევ მოგესმინა; გაგათავისუფლა და დაინახე, როგორ წარმართავდა პროცესიას შვიდი პატარა ძაღლი, როგორ საოცარ ნახტომებს აკეთებდა; გინდოდა მათთვის ხმა მიგეწვდინა, ისე ნეტარი სახები ჰქონდათ, ჭკუის დარიგება გეთხოვა, გეკითხა, აქ რას აკეთებდნენ – მე ლეკვი ვიყავი და მჯეროდა, რომ უფლება მქონდა, ყოველთვის და ყველასთვის მეკითხა რამე, – მაგრამ შევემზადე თუ არა, ვიგრძენი თუ არა კარგი, სანდო, ძაღლური კავშირი იმ შვიდთან, ისევ გაჩნდა მათი მუსიკა  და გონება დამაკარგვინა, წრეში დამაბზრიალა, თითქოს მეც ერთ-ერთი იმ მუსიკოსთაგანი ვიყავი, როცა სინამდვილეში მხოლოდ მათი მსხვერპლი გახლდით, აქეთ მივაწყდი, იქით მივაწყდი, თითქმის შეწყალებასაც კი ვითხოვდი, და თავი გადავირჩინე მათი ძალაუფლებისაგან იმით, რომ მუსიკამ რაღაც ხის გროვასთან მიმაგდო, რომელიც იმ მიდამოში ყოველი ფეხის ნაბიჯზე ეყარა, მაგრამ აქამდე არც კი შემინიშნავს, და შიგ მჭიდროდ გამხლართა, თავი ქვემოთ დამახრევინა და, თუნდაც იქ, ღია ცის ქვეშ, მუსიკას ეგრგვინა, შესაძლებლობა მომცა, ცოტათი მაინც მომებრუნებინა სული. ნამდვილად შვიდი ძაღლის ოსტატობაზე მეტად – და ეს ჩემთვის შეუცნობელი იყო, ვერაფრით ვერ თავსდებოდა ჩემს უნართა საზღვრებში, – მიკვირდა მათი გაბედულება, როგორ მთელი ძალით და აშკარად უპირისპირდებოდნენ იმას, რასაც ქმნიდნენ, და მაკვირვებდა მათი ძალა, როგორ არ გადატყდნენ ხერხემალში და რა უდრტვინველად იტანდნენ ამას. თუმცა ახლა, ჩემი სამალავიდან უფრო ყურადღებით დაკვირვებისას, მივხვდი, რომ ეს იმდენად სიმშვიდე კი არ იყო, რამდენადაც უკიდურესი დაძაბულობა, რომლითაც ისინი შრომობდნენ; ეს, ერთი შეხედვით, თავდაჯერებით მოძრავი ფეხები ყოველ ნაბიჯზე გაუგონარი შიშით ცახცახებდნენ, ერთი სასოწარკვეთილი უყურებდა მეორეს, გაშტერებით, და კიდევ უფრო გაწვრთნილი შემალული ენა შეიძლებოდა ისევ ჩვარივით გადმოჰკიდებოდათ ხახიდან. ეს არ იქნებოდა შიში მიღწეულის წინაშე, რაც მათ ასე აღელვებდათ; ვინც მსგავს რამეს ბედავდა, ამას ახერხებდა კიდეც, მას შეეძლო შიში აღარ ჰქონოდა. – მაინც რისი  შიში? ვინღა აიძულებდა მათ იმის გაკეთებას, რასაც სჩადიოდნენ? და მე უკვე ვეღარ ვიკავებდი თავს, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ისინი გაუგებრად უმწეონი მეჩვენებოდნენ და მთელი ხმით, გამომწვევად შევყვირე ჩემი კითხვები. მათ კი – ეს წარმოუდგენელია! წარმოუდგენელი! – მათ არ მიპასუხეს, თითქოს იქ არც ვყოფილიყავი. ძაღლები, რომლებიც ძაღლის ძახილზე არაფერს პასუხობენ. ასეთი ქცევა მაღალი საზოგადოების ეტიკეტის წინაშე დანაშაულია, რასაც ვერავითარ შემთხვევაში ვერ აპატიებენ ვერც პატარა და ვერც დიდ ძაღლებს. და განა ესენი ძაღლები არ იყვნენ? მაგრამ როგორღა შეიძლებოდა, რომ ესენი ძაღლები არ ყოფილიყვნენ; როცა მონდომებით მივაყურადე, ჩუმი გადაძახილები გავიგონე, როგორ აქეზებდნენ ერთმანეთს, სიძნელეებზე ყურადღებას აქცევინებდნენ, მოსალოდნელ შეცდომებზე აფრთხილებდნენ, ვხედავდი, როგორ ხშირად აპარებდა  ჩემკენ  თვალს ბოლოში მდგომი ყველაზე პატარა ძაღლი, რომლისკენაც იყო მიმართული გადაძახილთა უმრავლესობა, თითქოს ძალიან უნდოდა ჩემთვის ეპასუხა, მაგრამ თავს იკავებსო, რადგან  აქ ეს ნებადართული არ იყო. მაგრამ რატომ არ იყო ეს ნებადართული და არ იყო ნებადართული ის, რასაც ჩვენი კანონები მუდამ უპირობოდ მოითხოვენ? ეს ჩემში ისეთ აღშფოთებას იწვევდა, რომ თითქმის გადამავიწყა მუსიკა. ეს ძაღლები კანონს არღვევდნენ. დაე, თუნდაც დიდი გრძნეულები ყოფილიყვნენ, კანონი მათაც ეხებოდათ; ეს მე, ბავშვსაც კი,  კარგად მესმოდა უკვე. და ამ მომენტიდან ვეღარაფერს ვამჩნევდი. მათ ჰქონდათ დუმილის მიზეზი, თუკი დავუშვებდით, რომ დანაშაულის გრძნობა ადუმებდათ. რადგანაც ხმამაღალი მუსიკის გამო აქამდე არც შემინიშნავს, როგორ იქცეოდნენ ისინი; მათ ყველანაირი სირცხვილის გრძნობა დაკარგეს, უბადრუკნი, ერთდროულად ყველაზე სასაცილოსაც აკეთებდნენ და ყველაზე მიუღებელსაც: ისინი დადიოდნენ გამართულად, უკანა ორ ფეხზე. თფუი, ჯანდაბა! ისინი შიშვლდებოდნენ და საკუთარ სამარცხვინო სიშიშვლეს ყოყოჩურად სხვების დასანახად ფენდნენ: ისინი ამით თავს იწონებდნენ და როცა ერთხელ, რაღაც წამით, დაჰყვნენ გულის წადილს და წინა ფეხებზე დაეშვნენ, ნამდვილად შეშინდნენ, თითქოსდა ეს შეცდომა ყოფილიყო, თითქოსდა ბუნება ყოფილიყო შეცდომა, ისევ სწრაფად ასწიეს ფეხები და ისე იყურებოდნენ, თითქოს ბოდიშს ითხოვდნენ, რომ საკუთარ შეცოდებაში სულ ცოტათი თავშეკავება მოუხდათ. რაო, სამყარო თავდაყირა იდგა? სად ვიყავი მე? რა მოხდა მაინც? აქ ჩემი სიმტკიცის გულისთვის აღარ უნდა მეყოყმანა, მე თავი გავითავისუფლე ჩემ ირგვლივ ჩახერგილი ხეებისგან, ერთი ნახტომით  წინ გამოვედი და მინდოდა ძაღლებისკენ წავსულიყავი; მე, პატარა მოსწავლე, უნდა ვყოფილიყავი მასწავლებელი, მათ შეგნებამდე უნდა დამეყვანა, რას სჩადიოდნენ, უნდა მეხსნა ისინი მორიგი ცოდვებისაგან. „ამ ხნის ძაღლები, ამ ხნის ძაღლები!“ – ვიმეორებდი და ვიმეორებდი გულში, მაგრამ გავთავისუფლდი თუ არა, და მხოლოდ ორი-სამი ნახტომიღა მაშორებდა ამ ძაღლებისაგან, ისევ გაისმა ხმაური, რომელმაც თავისი ძალით ხელახლა დამიპყრო. ეგებ ჩემი დიდი მონდომებით გამეწია წინააღმდეგობა სწორედ იმისთვის, რასაც უკვე ვიცნობდი, მაგრამ ეგებ მაინც დამეძლია, კრიალა, მკაცრი, მუდამ თანაბარი, მართლა დიდი მანძილიდან უცვლელად მოსული ჰანგი, რომ სწორედ ეს მელოდია არ აჟღერებულიყო შუა ხმაურში და არ დავეჩოქებინე. აჰ, მაინც რა დამატყვევებელ მუსიკას ქმნიდნენ ეს ძაღლები! მე აღარ შემეძლო გაგრძელება, აღარ მინდოდა მათთვის ჭკუის სწავლება, დაე, კვლავაც გაეჩაჩხათ  ფეხები, ჩაედინათ ცოდვები და სხვებიც ეცდუნებინათ მშვიდი ცქერისთვის; მე ერთი პატარა ძაღლი ვიყავი, ვინ მომთხოვდა ასეთ რთულ რამეს? საკუთარ თავთან შედარებით კიდევ უფრო დავპატარავდი, ვწკავწკავებდი, ძაღლებს რომ ჩემთვის შემდეგ ამის შესახებ აზრი ეკითხათ, ალბათ მათ გავამართლებდი. სხვათა შორის, ეს დიდხანს არ გაგრძელებულა და ისინი მთელი ამ ხმაურითა და განათებით გაქრნენ წყვდიადში, საიდანაც მოვიდნენ.

 

როგორც უკვე ვთქვი: მთელი ეს შემთხვევა არაფერს უჩვეულოს არ შეიცავდა, ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში ვინმეს კიდევ შეხვდებოდა ვიღაც ან რაღაც, რაც გაცილებით გასაოცარი იქნებოდა, თუ ამ ამბებისგან დამოუკიდებლად განვიხილავდით და ბავშვის თვალებით შევხედავდით. გარდა ამისა, ბუნებრივია, როგორც ნათქვამია, ამ ამბავს „შევხედოთ სხვა თვალით“ და შემდეგ აღმოჩნდება, რომ  აქ, დილის სიწყნარეში, უბრალოდ, შვიდი მუსიკოსი შეკრებილა და უკრავდნენ მუსიკას, რომელმაც გზააბნეული ლეკვი აიყოლია, აბეზარი მსმენელი, რომლის გაგდებასაც, სამწუხაროდ, ისინი ამაოდ ცდილობდნენ განსაკუთრებით საშიში ან ამაღლებული მუსიკით. ის  მათ ხელს უშლიდა შეკითხვებით; ნუთუ ისინი, ვისაც უცხოს იქ ყოფნამაც უკვე საკმაოდ შეუშალა ხელი, ამ თავმობეზრებას დაჰყვებოდნენ და მას უპასუხებდნენ? და თუკი კანონი მოითხოვს, რომ ყველას უპასუხო, მაშინ ასეთი პაწაწა, შემოხეტებული ლეკვი არის კი დასახელების ღირსი? და ეგებ  სულაც არ ესმოდათ მათ მისი, ის ხომ თავის შეკითხვებს ნამდვილად გაუგებრად ყეფდა. ან ეგებ მათ მისი ესმოდათ და საკუთარ თავს ძალას ატანდნენ საპასუხოდ, მაგრამ პატარას, მუსიკას მიუჩვეველს, არ შეეძლო მუსიკაში პასუხის გამოცალკევება. და რაც შეეხება უკანა ფეხებს, ეგებ ის ძაღლები, მართლაც, გამონაკლისის სახით მხოლოდ ასე დადიოდნენ, ეს კი ცოდვაა ალბათ! მაგრამ ისინი მარტონი იყვნენ, შვიდი მეგობარი მეგობართა შორის, ახლობლურ წრეში, გარკვეულწილად საკუთარ ოთხ კედელში, სულ მარტო. რადგანაც მეგობრები საზოგადოება არაა და, სადაც საზოგადოება არაა, ერთი პატარა, ცნობისმოყვარე მაწანწალა ლეკვი მას ვერ შექმნის; ამ შემთხვევაში კი საქმე ისე არაა, თითქოს არაფერი მომხდარა? მთლად ასე არაა საქმე, მაგრამ თითქმის ასეა, და მშობლებმა თავიანთ პატარას ნაკლებად უნდა დართონ ნება აქეთ-იქით იწანწალოს და უნდა ასწავლონ, რომ უმჯობესია ხმა არ ამოიღოს და ასაკს პატივი სცეს.

და თუ საქმე აქამდე მივიდა, მაშინ ეს ინციდენტი ამოწურულია. თუმცა ის, რაც დიდებისთვის ამოწურულია, პატარებისთვის ჯერ კიდევ არ დასრულებულა. მე აქეთ-იქით დავრბოდი, ვყვებოდი და კითხვებს ვსვამდი, ბრალს ვდებდი და ვიკვლევდი და მსურდა ყველა წამეთრია იმ ადგილას, სადაც ეს ყველაფერი მოხდა, მსურდა ყველასთვის მეჩვენებინა, სადაც ვიდექი და სადაც ის შვიდი ძაღლი იდგა, სადაც ისინი ცეკვავდნენ და უკრავდნენ; და ჩემთან ერთად რომ ვინმე მოსულიყო, იმის მაგივრად, რომ ყველას თავიდან მოვეშორებინე და მასხრად ავეგდე, მე გავწირავდი ჩემს უმანკოებას და ვცდიდი უკანა ფეხებზე დადგომას, რათა ყველაფერი ამეხსნა. აბა, ბავშვს ხომ ყველაფერზე უწყრებიან, მაგრამ ბოლოს მაინც ყველაფერს პატიობენ. მაგრამ მე ეს ბავშვურობა შემომრჩა და ამასობაში დავბერდი კიდეც. როგორც მაშინ, არ ვჩერდებოდი, რომ ის ინციდენტი, რომელსაც დღეს სხვათა შორის სრულიად არ ვანიჭებ ამხელა მნიშვნელობას და განხილვის ღირსადაც არ მივიჩნევ, ყველასთან გამეანალიზებინა, წვრილმანებში გამომეკვლია, მიმესადაგებინა დამსწრეებისთვის, მიუხედავად იმისა, ვინ იმყოფებოდა იმ მომენტში ჩემთან ერთად, მთლიანად დაკავებული ვყოფილიყავი მხოლოდ იმ საქმით, რომელსაც სხვებივით მომაბეზრებლად მივიჩნევ  და რომელიც – აი, ეს იყო განსხვავება – სწორედ ამიტომ მინდოდა ბოლომდე დაწვრილებით გამომეკვლია და გამექრო, რომ ბოლოს და ბოლოს ისევ გამეთავისუფლებინა სივრცე ჩვეულებრივი ყოველდღიური, მშვიდი, ბედნიერი ცხოვრებისთვის. ზუსტად ისე, როგორც მაშინ, თუმცა ახლა ნაკლებად ბავშვური საშუალებებით – მაგრამ ძალიან დიდი  სხვაობა არაა – ცხოვრების შემდგომ პერიოდშიაც ვაგრძელებდი ამაზე მუშაობას და, კაცმა რომ თქვას, დღესაც ვმუშაობ.

იმ კონცერტით დაიწყო ყოველივე. მე ამაზე არ ვწუწუნებ, ეს ჩემი თანდაყოლილი ბუნებაა, რაც აქ მოქმედებს და, ცხადია, კონცერტი რომ არ ყოფილიყო, მოიძებნებოდა სხვა ვითარება, რომ ის გამომჟღავნებულიყო. მხოლოდ ის, რომ ეს ასე მალე მოხდა, წინათ ზოგჯერ გულს მტკენდა, მან ჩემი ბავშვობის დიდი ნაწილი წარმართვა, ლეკვობის ნეტარი და უდარდელი ცხოვრება, რომელიც ზოგისთვის შეიძლება წლობით გაიჭიმოს, ჩემთვის კი მხოლოდ რამდენიმე მოკლე თვეს გაგრძელდა. ეჰ, რაცაა, ისაა. ბავშვობაზე მნიშვნელოვანი ამბებიც არსებობს. და ვინ იცის, ეგებ ხანდაზმულობასთან ერთად მკაცრი ცხოვრების სამაგიეროდ იმაზე მეტად გამიღიმოს ბავშვურმა ბედმა, ვიდრე ამის ატანის უნარი შესწევს ბავშვს და რომლისთვისაც მე ძალებს მოვიკრებ.

მე მაშინ ჩემი გამოკვლევები უმარტივესი საგნებით დავიწყე, მასალის ნაკლებობას არ განვიცდიდი, სამწუხაროდ, ზედმეტიც კი მქონდა, რაც მძიმე წუთებში სასოწარკვეთილებაში მაგდებს. თავიდან დავიწყე ძიება, თუ რით იკვებება ძაღლების მოდგმა. ეს კი, ბატონი ბრძანდებით, მარტივ საკითხებს არ განეკუთვნება; ეს გვაფიქრებს უძველესი დროიდან და ჩვენი განსჯის არსებითი საგანია; უთვალავი დაკვირვება და შეხედულება დაგროვდა ამ სფეროში და იქცა მეცნიერებად, რომელიც თავისი შეუცნობელი მასშტაბებით ცალკეული სწავლულის კი არა, ერთად ყველას შეცნობის ძალას აღემატება და  სრულყოფილად  ბოლომდე მხოლოდ ძაღლთა მთელი მოდგმა თუ ამოწურავს, თან დიდი ოფლის ღვრით მაგრამ ძირისძირობამდე მაინც ვერ შეძლებს; ის სულ უფრო ჩაილექება ცოდნის ძველ, დიდი ხნის ნაგროვებ საგანძურში და დიდი გაჭირვებით უნდა შეივსოს, სულაც  რომ არაფერი ვთქვათ სირთულეებზე და ჩემი გამოკვლევის ძნელად შესასრულებელ პირობებზე. ამ ყველაფერში არ უნდა შემედავოთ, ყველაფერი ეს ისედაც მშვენივრად ვიცი, როგორც ერთმა ჩვეულებრივმა ძაღლმა; აზრადაც არ მომივა, რომ თავი მეცნიერების შუქურათა რიგებს მივათვალო; მე საკადრისი მოწიწებით ვიხრი ქედს მათ წინაშე,  მაგრამ მის შესავსებად საკმარისი ცოდნა, სიბეჯითე და სიმშვიდე არა მაქვს, – და ბოლოს და ბოლოს არც მადა, განსაკუთრებით – ბოლო წლებში. მე ვსანსლავ საჭმელს, მაგრამ არ მივიჩნევ ღირსად წინასწარ განვიხილო და სასოფლო-სამეურნეო ხასიათის სისტემატიზებული დაკვირვება ვაწარმოო მასზე. ამ თვალსაზრისით ჩემთვის კმარა ყველა ცოდნის არსი, პატარა წესი, რომლითაც დედები ძუძუდან მოიწყვეტენ თავიანთ ჩვილებს და ცხოვრების გზაზე უშვებენ: „ყველაფერი დაასველე, რამდენადაც შეძლებ!“ და განა აქ თითქმის ყველაფერი არ შედის? არსებითი, მართლაც, რა უნდა დაუმატოს ამას ჩვენი წინაპრების მიერ დაწყებულმა გამოკვლევამ? ზოგიერთი წვრილმანი, მხოლოდ წვრილმანი, რაც ასე არამყარია. მაგრამ ეს წესი იმოქმედებს მანამ, სანამ ჩვენ, ძაღლები, ვარსებობთ. ის ეხება ჩვენს მთავარ საკვებს. რა თქმა უნდა, სხვა დამხმარე საშუალებებიც გვაქვს, მაგრამ გაჭირვების შემთხვევაში და თუკი წლები ძალიან მძიმე არაა, შეგვეძლო ამ ძირითადი საკვებით გვეარსება; ამ საკვებს ჩვენ ვპოულობთ დედამიწაზე, დედამიწას კი ჩვენგან წყალი სჭირდება, მისით იკვებება და მხოლოდ ამ ფასად გვაძლევს საკვებს, რომლის მიღება, სხვათა შორის (და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს!) შეუძლია ააჩქაროს გარკვეულ შელოცვებს, ჰანგებს, მოძრაობებს. მაგრამ ეს, ჩემი აზრით, ყველაფერია; ამ მხრივ ამ საქმის შესახებ არსებითად არაფერია დასამატებელი. ამაში მე ძაღლების მოდგმის მთელ უმრავლესობას ვემხრობი და ამ თვალსაზრისით მკაცრად ვემიჯნები ყველაზე მკრეხელურ აზრებს. სავარაუდოდ,  ჩემთვის მთავარია არა განსაკუთრებულობა, არამედ  ის, თუ ვის მხარეზეა სიმართლე; მე ბედნიერი ვარ, შემიძლია დავეთანხმო თანამემამულე ამხანაგებს და ამ შემთხვევაში ეს ასეც ხდება. ჩემი საკუთარი  კვლევა-ძიება კი სულ სხვა მიმართულებით წარიმართა. დაკვირვება ნათელყოფს, რომ დედამიწა, თუ მას სამეცნიერო წესების შესაბამისად მორწყავენ და დაამუშავებენ, იძლევა საკვებს და კერძოდ, იმ ხარისხისა და რაოდენობისას, თან იმგვარად,  ისეთ ადგილებში, იმ საათებში, როგორც ამას სწორედ მეცნიერების მიერ ნაწილობრივ ან სრულად დადგენილი კანონები  მოითხოვს. ამას ვეგუები, მაგრამ ჩემი კითხვაა: „საიდან მოაქვს დედამიწას საკვები?“ კითხვა, რომლის გაგებაც ზოგადად არ შეიძლება და რომელზეც საუკეთესო შემთხვევაში მპასუხობენ: „შენ რა, საკმარისი საკვები არა გაქვს? მაშინ ჩვენსას გიწილადებთ“. ეს პასუხი მნიშვნელოვანია. მე ვიცი: ძაღლების მოდგმის უპირატესობა სულაც არაა, რომ ერთხელ მოპოვებული საჭმელი შეუძლია სხვას გაუყოს. ცხოვრება რთულია, დედამიწა – მყიფე, მეცნიერება მდიდარია სამეცნიერო დასკვნებით, მაგრამ საკმაოდ ღარიბი – პრაქტიკული შედეგებით. ვისაც საჭმელი აქვს, ინახავს; ეს ანგარება კი არ არის, პირიქით, ძაღლური კანონია, ხალხის ერთხმად აღიარებული დასკვნა, მომდინარე ეგოიზმის დაძლევისგან, რადგან მდიდარი ყოველთვის უმცირესობაა. და ამიტომ პასუხი, „შენ რა, საკმარისი საჭმელი არა გაქვს? მაშინ ჩვენსას გიწილადებთო“, – ფრთოსანი ფრაზაა, სახუმარო სიტყვა, აბუჩად აგდება. ეს მე არ დამვიწყებია. მაგრამ იმას ჩემთვის კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ჰქონდა  მაშინ, როცა ჩემი კითხვებით აღმა-დაღმა დავწანწალებდი, რომ ჩემ მიმართ ირონიას ივიწყებდნენ – თუმცა საჭმელს არაფერს მაძლევდნენ – ნეტა მაინც საიდან უნდა მოეტანათ? – და თუკი ვინმეს შემთხვევით ჰქონდა, ბუნებრივია, შიმშილობის ბობოქრობის დროს სხვა თავაზიანობა ავიწყდებოდათ კიდეც, მაგრამ შეთავაზებით კი სერიოზულად მთავაზობდნენ და შიგადაშიგ მერე მართლაც ვიღებდი რაღაც მცირეოდენს, თუკი მეც მკვირცხლად მოვიქცეოდი მის მოსახელთებლად. როგორ მოხდა, რომ ასე ლმობიერად მექცეოდნენ, მზოგავდნენ, უპირატესობას მანიჭებდნენ? იმიტომ, რომ მე ერთი გაძვალტყავებული, სუსტი ძაღლი ვიყავი, ცუდად ნაჭამ-ნასვამი და საჭმლით ნაკლებად უზრულველყოფილი? მაგრამ ბევრი ცუდად ნაჭამ-ნასვამი  ძაღლი დაწანწალებდა აქეთ-იქით და თუკი შეეძლოთ, მას პირიდან თვითონ აცლიდნენ უბადრუკ საკვებს, ხშირად სიხარბის გამო კი არა, პრინციპის გულისთვის. არა, მე უპირატესობას მანიჭებდნენ, მე არ შემეძლო ეს რაღაც დეტალებით შემევსო, მხოლოდ იმას ვიტყოდი, რომ უფრო მეტად მრჩებოდა ასეთი შთაბეჭდილება. მაშ, ეს ჩემი კითხვების გამო იყო, რომლებიც მათ ახარებდათ და რომლებსაც განსაკუთრებით ჭკვიანურად მიიჩნევდნენ? არა, მათ არ უხაროდათ და ყველა კითხვა სულელურად ეჩვენებოდათ. და მაინც, შეიძლება ეს კითხვების ბრალი იყო, რომლებიც ჩემ მიმართ სხვების ყურადღებას იზიდავდა. ისე ჩანდა, თითქოს ერჩიათ უმალ რაღაც უცნაური ჩაედინათ და ჩემთვის პირი საჭმლით გამოეტენათ – ამას არ აკეთებდნენ, მაგრამ უნდოდათ კი, – ვიდრე ჩემი შეკითხვები აეტანათ. მაგრამ შემდეგ უკეთ შეეძლებოდათ ჩემი გაგდება და ჩემი შეკითხვების აკრძალვა. არა, მათ ეს არ უნდოდათ, თუმცა ჩემი შეკითხვების მოსმენაც არ სურდათ, მაგრამ სწორედ ამ შეკითხვების გულისთვის არ უნდოდათ ჩემი გაგდება. ეს კი იყო, იმდენად აბუჩად მიგდებდნენ, სულელი, პატარა ცხოველივით მექცეოდნენ, აქეთ-იქიდან ხელს მკრავდნენ, კერძოდ, იმ პერიოდშიც, როცა ყველაზე დიდი ავტორიტეტით ვსარგებლობდი, არასოდეს მსგავსი რამ შემდგომ არ განმეორებულა, ყველგან მიღებული ვიყავი, არაფერზე უარს არ მეუბნებოდნენ, უხეშად მოქცევის საბაბით მემლიქვნელებოდნენ კიდეც. და ყველაფერი ეს მხოლოდ ჩემი კითხვების გამო, ჩემი მოუთმენლობის გამო, კვლევა-ძიებისადმი ჩემი ცნობისმოყვარეობის გამო. ნუთუ ამით უნდოდათ ჩემი ჩაყუჩება, რომ ძალის გამოუყენებლად, თითქმის სიყვარულით გადავეყვანე მცდარი გზიდან, და ეს თითქოს მათ ნებას მისცემდა, ძალა გამოეყენებინათ. ერთგვარი სიფრთხილე და შიში აკავებდათ მათ ძალის გამოყენებისაგან. მე უკვე ალღოთი ვგრძნობდი რაღაც ამდაგვარს, დღეს ეს ზუსტად ვიცი, გაცილებით ზუსტად, ვიდრე იმათ, ვინც მაშინ ამას სჩადიოდა; მართალია, მათ უნდოდათ, ჩემი გზიდან გადამეხვია, მაგრამ არ გამოუვიდათ, საპირისპიროს კი მიაღწიეს: ყურადღება კიდევ უფრო გამიმძაფრდა. უფრო მყარად გავისიგრძეგანე, რომ მე ის ვიყავი, ვისაც სხვების გადაცდენა უნდოდა და რომ მართლაც, ეს გადაცდენა გარკვეულწილად გამომივიდა. მხოლოდ ძაღლთა მოდგმის შემწეობით დავიწყე საკუთარი კითხვების გაგება. მაგალითად, თუკი მე  ვიკითხავდი: მაინც საიდან მოაქვს დედამიწას  ეს საკვები? – მე მადარდებდა დედამიწა, როგორც ალბათ ეს გარეგნულად ჩანდა, მადარდებდა დედამიწის საზრუნავი. სრულიადაც არა, როგორც მალე შევიცანი, ეს ჩემთვის სავსებით უცხო იყო: მე  მხოლოდ ძაღლები მადარდებდა, მეტი არაფერი. არსებობდეს მაინც რამე ძაღლების გარდა! სხვას ვის უნდა მიმართო ამ ვრცელ, ცარიელ სამყაროში? მთელი ცოდნა, ყველა შეკითხვისა და პასუხის ერთობლიობა ძაღლებშია თავმოყრილი. ნეტა ამ ცოდნის ამოქმედება, გამომზეურება ყოფილიყო  შესაძლებელი, ნეტა მათ ასე უსასრულოდ მეტი სცოდნოდათ, ვიდრე ამას აღიარებდნენ, ვიდრე საკუთარი თავის წინაშე აღიარებდნენ. ყველაზე ენაწყლიანი ძაღლიც კი უფრო ჩაკეტილია, ვიდრე იმ საიდუმლო ადგილების არსებობა, სადაც საუკეთესო საჭმელები ინახება. თანაძაღლელს მალულად უვლიან გარს, სიხარბით ცოფდებიან, კუდებით იმათრახებენ თავს, შეკითხვებს სვამენ, ითხოვენ, ღრიალებენ, იკბინებიან და აღწევენ – აღწევენ იმას, რასაც ყოველგვარი დაძაბულობის გარეშეც მიაღწევდნენ: სიყვარულით ყურის დაგდებას, მეგობრულ შეხებას, მოწიწებულ დაყნოსვას, გულითად ჩახუტებას; შენი ყეფა ჩემსას ერწყმის, ყველაფერი ამისკენაა მიმართული, აღრთოვანება, დავიწყება, პოვნა, მაგრამ ერთი, რისი მიღწევაც ყველაზე მეტად სურდათ – ცოდნის აღიარება – აკრძალული იყო. ამ თხოვნაზე საუკეთესო შემთხვევაში პასუხობენ უხმოდ ან ხმამაღლა, თუკი ცდუნება უკიდურესია, უაზრო მიმიკით, გვერდზე გახედვით, ნაღვლიანი ამღვრეული თვალებით. არც ახლაა ბევრად განსხვავებული ვითარება მაშინდელთან შედარებით, როცა მე, ბავშვი, ვეკითხებოდი მუსიკალურ ძაღლებს და ისინი დუმდნენ.

აი, შეიძლებოდა თქმა: „შენ უჩივი შენს თანაძაღლელებს, მათ დუმილს გადამწყვეტ საკითხებზე; შენ ამტკიცებ,რომ  მათ მეტი იციან, ვიდრე ამას აღიარებენო, მეტი, ვიდრე უნდა იცოდნენ, და ეს დუმილი, რომლის მიზეზსა და საიდუმლოზე, ბუნებრივია, ასევე არ იღებენ ხმას,  ცხოვრებას გიწამლავს, შენთვის აუტანელს ხდის; შენ უნდა შეგეცვალა ის ან მიგეტოვებინა ისე, როგორც არის, მაგრამ შენც ხომ ძაღლი ხარ, გაქვს ძაღლური ცოდნა, მხოლოდ ამოთქვი ეს, არა მარტო შეკითხვის ფორმით, არამედ  პასუხივით. როცა ამას ამოთქვამ, ვინ შეგეწინააღმდეგება? ძაღლების დიდი ხროვა შემოცვივდება, თითქოს სწორედ ამას უცდიდაო. მაშინ შენ გექნება ჭეშმარიტება, ნათელი აზრი, იმდენი აღიარება, რამდენიც გსურს. აიხდება ჭერი მდაბალი ცხოვრებისა, რომლის შესახებ ამდენ ცუდს იმეორებ, და ყველა ძაღლი, მხარდამხარ დამწკრივებული, მოვიპოვებთ უმაღლეს თავისუფლებას.  და თუკი ეს უკანასკნელი არ მოხერხდება, თუკი იმაზე ცუდი იქნება, ვიდრე აქამდე, თუკი სრული ჭეშმარიტება იმაზე აუტანელი იქნება, ვიდრე ნახევარი, უნდა დადასტურდეს, რომ მდუმარეთ  უფლება აქვთ მიიღონ ცხოვრება; ჩუმი იმედისგან, რომელიც ჯერ კიდევ  გვაქვს, წარმოიშობა სრული უიმედობა, მაგრამ სიტყვა ცდად ღირს, რადგან შენ არ გსურს ისე იცხოვრო, როგორი ცხოვრების უფლებაც გაქვს. „აბა, მაშ, სხვას რატომ საყვედურობ მდუმარებას, თვითონ კი დუმხარ?“ პასუხი მარტივია: რადგან მეც ძაღლი ვარ. არსებითად ზუსტად ისევე, როგორც სხვები არიან ჩაკეტილნი, რომლებიც საკუთარ კითხვებს შიშის გამო ეწინააღმდეგებიან.  ვკითხო მაინც ძაღლების მოდგმას მას შემდეგ, ზუსტად რომ ვთქვათ, რაც გავიზარდე, რათა მიპასუხოს? ასეთი უგუნური იმედები მაქვს? ვხედავ ჩვენი ცხოვრების საძირკველს, წარმომიდგენია მისი სიღრმე, ვხედავ მუშებს შენობასთან, თავიანთ პირქუშ საქმესთან, და ჯერ კიდევ ველოდები, რომ ჩემი შეკითხვების შემდეგ ყველაფერი ეს დასრულდება, დაინგრევა და შენებას მიატოვებენ? არა, როგორც ჩანს, მე ამას აღარ ველოდები. მე მესმის მათი, მე ვარ მათი სისხლი სისხლთაგანი, მათი საბრალო, ჯერ კიდევ ნორჩი, ჯერ კიდევ საჭირო სისხლისა. მაგრამ ჩვენ არა მარტო სისხლი გვაქვს საერთო, არამედ ცოდნაც და არა მარტო ცოდნა, არამედ მისი გასაღებიც. მე არა მაქვს ერთი მეორის გარეშე, მე არ შემიძლია ის მქონდეს მათ დაუხმარებლად. რკინასავით მაგარ ძვლებს, უკეთილშობილესი ძვლის ტვინის შემცველს, შეიძლება მიუახლოვდე ყველა ძაღლის ყველა კბილის ერთად ჩასობით. ბუნებრივია, ეს არის მხოლოდ მეტაფორა, და გაზვიადებულია. ყველა კბილი რომ მზად იყოს, მაშინ აღარ უნდა უკბინონ, ძვალი გადაიხსნებოდა და ყველაზე სუსტი ლეკვიც კი თავისუფლად ჩაიგდებდა ხელში ძვლის ტვინს. ამ მეტაფორას თუ გავაგრძელებ, მაშინ ჩემი განზრახვა, ჩემი კითხვები, ჩემი კვლევები, ცხადია, მიმართული იქნება რაღაც საშინელისკენ. მე მინდა ყველა ძაღლის ხროვა ვაიძულო, მზადყოფნის წნეხის ქვეშ გადახსნან ძვლები, შემდეგ მათ ცხოვრებისკენ ვუბიძგებდი, რომელიც ასე უყვართ, და მარტო, სულ მთლად მარტოდმარტო, შევსანსლავდი ძვლის ტვინს. საშინლად ჟღერს, ვიცი, და თითქმის ასეც არის, თითქოს მე თვითონ მინდოდა ამომეყორა მუცელი არა მარტო ერთი ძვლის ტვინით, არამედ მთელი ძაღლთა მოდგმის ძვლის ტვინით. მაგრამ ეს მხოლოდ მეტაფორაა. ძვლის ტვინი, რომელზეც აქ ლაპარაკია, საკვები კი არ არის, პირიქით, საწამლავია.

ჩემი კითხვებით მხოლოდ საკუთარ თავს ვაქეზებ, მინდა თავი გავიმხნევო დუმილით, რომელიც მხოლოდ ჩემ ირგვლივ მაძლევს პასუხს. რამდენ ხანს აიტან, რომ ძაღლების მოდგმა დუმს, როგორც ეს შენი გამოკვლევებით სულ უფრო მეტად გააცნობიერე,  და მუდამ შეინარჩუნებს დუმილს? რამდენ ხანს აიტან ამას, ასეთია ყველა ცალკეულ კითხვაზე ჩემი სასიცოცხლო შეკითხვა: მას მარტო მე მისვამენ და ამით თავს არავის არ აბეზრებენ. სამწუხაროდ, მასზე პასუხის გაცემა მე უფრო ადვილად შემიძლია, ვიდრე ცალკეულ კითხვებზე: მე ამას განზრახ გავუძლებ ჩემს ბუნებრივ აღსასრულამდე, სულის ამაფორიაქებელ კითხვებს სულ უფრო მეტად ეწინააღმდეგება ხანდაზმულობის სიმშვიდე. მე, სავარაუდოდ, დუმილით მოვკვდები, დუმილით გარემოცული, თითქმის მშვიდობიანად, და მშვიდად შევხედავ მას სახეში. გასაოცრად ძლიერი გული, ნაადრევად გაუცვეთელი ფილტვები ჩვენ, ძაღლებს,  ბოროტებით გვერგო წილად; ჩვენ წინააღმდეგობას ვუწევთ ყველა კითხვას. დუმილის მტკიცე ციხესიმაგრე – აი, რანი ვართ  ჩვენ.

სულ უფრო მეტად ვფიქრობ ამ ბოლო დროს საკუთარ ცხოვრებაზე, ვეძებ გადამწყვეტ, ყველაფრის დამადანაშაულებელ შეცდომას, რომელიც ალბათ მომივიდა, და ვერ ვპოულობ. და მე შეცდომა ნამდვილად მომივიდოდა, რადგან ის რომ არ მომსვლოდა და, მიუხედავად ამისა,  ხანგრძლივი ცხოვრების კეთილსინდისიერი შრომით იმისთვის არ მიმეღწია, რაც მე მინდოდა, მაშინ დამტკიცდებოდა, რომ ის, რაც მე მინდოდა, შეუძლებელი იყო და ამას მოჰყვებოდა სრული უიმედობა. შეხედე შენი ცხოვრების მონაპოვარს! მანამდე კი კვლევა-ძიება ამ საკითხთან დაკავშირებით: საიდან მოაქვს დედამიწას  ჩვენთვის საკვები? ახალგაზრდა ძაღლი, ფაქტობრივად, ბუნებრივია, ცხოვრებას დახარბებული, უარს ვამბობდი ყველანაირ სიამოვნებაზე, ვცდილობდი, ამ სიამოვნებებისთვის თავი ამერიდებინა, თავს ფეხებში ვრგავდი ცდუნებისაგან თავის დასაღწევად და საქმეში ვეფლობოდი. ეს არ იყო სწავლულთა სამუშაო, რომელიც არც ერუდიციასა და არც მიზანს არ ეხებოდა. ეს ალბათ იყო შეცდომები, მაგრამ  ის ვერ იქნებოდა გადამწყვეტი. მე ბევრი არაფერი მისწავლია, რადგან დედას ნაადრევად მოვწყდი, მალე მივეჩვიე დამოუკიდებლობას, თავისუფალ ცხოვრებას ვეწეოდი და ერთობ ნაადრევი თავისუფლება სისტემატური ცოდნის მტერია. მაგრამ ბევრი რამ მინახავს, გამიგონია, და სულ განსხვავებული ჯიშისა და პროფესიის უამრავ ძაღლთან მისაუბრია, და ყველაფერი, როგორც მე მჯერა, ცუდად არ გამიაზრებია და ცალკეული დაკვირვებანი არც ისე ცუდად დამიკავშირებია; ამან ცოტათი ჩაანაცვლა კიდეც ერუდიცია, ამას გარდა, თუკი დამოუკიდებლობა  სწავლისთვის ნაკლია, საკუთარი კვლევისთვის ერთგვარი უპირატესობაა. ეს ჩემს შემთხვევაში მით უფრო საჭირო იყო, რადგან არ შემეძლო მეცნიერების საკუთარ მეთოდს მივყოლოდი, კერძოდ, წინამორბედ მეცნიერთა შრომები გამომეყენებინა და დავკავშირებოდი თანამედროვე მკვლევრებს. მე მარტო ჩემს თავს ვეყრდნობოდი მთლიანად. ვიწყებდი ძველთაძველი დროიდან და სიყმაწვილის შთამაგონებელი, მაგრამ ხანდაზმულობისთვის უკიდურესად დამთრგუნველი შემეცნებით, რომ შემთხვევითი დასკვნა, რომელსაც გამოვიტანდი, საბოლოო უნდა ყოფილიყო. მართლა ასე მარტო ვიყავი ჩემს გამოკვლევებში ახლა და ოდითგანვე? დიახ და არა. შეუძლებელია, რომ ცალკეული ძაღლები მუდამ კი არა, ალაგ-ალაგ დღესაც  ჩემს დღეში იყვნენ და არიან. ასე ცუდად არ შეიძლება იყოს  ჩემი საქმე. მე არარაობა ვარ ძაღლური არსის გარეშე. ყველა ძაღლს ჩემსავით სწყურია, რომ კითხვა დასვას, მე კი მწყურია, რომ დუმილი დავიცვა. ყველას სწყურია, რომ კითხვა დასვას. მე რომ შემძლებოდა ჩემი კითხვებით მიმეღწია უმსუბუქესი შეძრწუნებისთვისაც კი, რომლის დანახვის ბედნიერებას, რა თქმა უნდა, გადამეტებულ ბედნიერებას, ხშირად ვღირსებივარ, ასე რომ არ მომქცეოდნენ, მაშინ ბევრად მეტისთვის უნდა მიმეღწია. და რადგან მწყუროდა, დუმილი დამეცვა, სამწუხაროდ, არ მჭირდებოდა არავითარი განსაკუთრებული არგუმენტი. მე, პრინციპში, არ ვიყავი განსხვავებული ყველა სხვა ძაღლისგან, ამიტომ მე თითოეული მაღიარებს, მიუხედავად შეხედულებათა ყოველგვარი სხვაობისა და არსებითი ანტიპათიისა, და მეც თითოეულ ძაღლთან სხვაგვარად არ ვიქცევი. მხოლოდ ელემენტთა ნარევია განსხვავებული, პიროვნულად ეს ძალზე დიდია, ხალხის მასშტაბით კი განსხვავება სრულიად უმნიშვნელოა. და აი, წარსულისა და აწმყოს შიგნით ყოველთვის არსებული ელემენტების ნარევი არასოდეს ემსგავსება ჩემსას და უცნაური უნდა იყოს, თუკი უნდათ ჩემს ნარევს უბედური უწოდონ, გაცილებით მეტად უბედური, არა? ეს ყველა დანარჩენ გამოცდილებასთან დაპირისპირებული იქნებოდა.  ჩვენ, ძაღლები, ყველაზე გასაოცარ პროფესიებში ვმოღვაწეობთ. პროფესიები, რომელთაც არავინ ირწმუნებდა, თუკი მათ შესახებ ყველაზე სანდო ინფორმაცია არ ექნებოდათ. მე აქ უდიდესი სიამოვნებით მაგონდება საჰაერო ძაღლების მაგალითი. როცა პირველად გავიგონე ასეთის შესახებ, გამეცინა, არაფრით არ დავიჯერე. როგორ? ამტკიცებდნენ, რომ თითქოს არსებობს ყველაზე პაწაწკინტელა ჯიშის ძაღლი, ჩემი თავის ოდენა არც კი, ამაზე დიდი ღრმად მოხუცებულიც რომ არ გაიზრდებოდა, და ამ ძაღლს, ბუნებრივია, სუსტს, გარეგნულად რაღაც ხელოვნურ, უმწიფარ არსებას, საგულდაგულო ვარცხნილობით, ღირსეული ნახტომის გაკეთების თავიც რომ არა აქვს, ამ ძაღლს, როგორც ჰყვებიან, თითქოს შეუძლია ჰაერში იმოძრაოს, თან რაღაც შესამჩნევი სამუშაო კი არ შეასრულოს, არამედ დაისვენოს. არა, ასეთ რამეებში რომ დამარწმუნონ, მჯერა, ეს იგივეა, ჭაბუკი ძაღლის გულწრფელობა რომ ბოროტად გამოიყენო. ამ ამბიდან მცირე ხნის შემდეგ, მეორე მხრივ, გავიგონე, როგორ ჰყვებოდნენ სხვა ჰაერში მფრენ ძაღლზე. ნუთუ პირი შეკრეს, რომ მასხრად ავეგდე? მაგრამ შემდეგ შემხვდნენ ეს მუსიკოსი ძაღლები და იმ დროიდან ამას შესაძლებლად მივიჩნევ, ვერავითარი მოსაზრება ვერ შემიზღუდავს შეცნობის უნარს; ყველაზე უგუნურ  ჭორებსაც კი ვიკვლევდი, კვალში მივყვებოდი, რამდენადაც შემეძლო;

ყველაზე დიდი უაზრობა ამ უაზრო ცხოვრებაში უფრო სარწმუნოდ მეჩვენებოდა, ვიდრე აზრიანი რამ და ჩემი კვლევისთვის – განსაკუთრებით ამომწურავად. ასევე არიან ჰაერში მფრენი ძაღლებიც. მე გავიგე ბევრი რამ მათ შესახებ, თუმცა დღემდე ვერ მოვახერხე, ერთ-ერთი მაინც მენახა რეალურად, მაგრამ მათ არსებობაში უკვე დიდი ხანია ღრმად ვარ დარწმუნებული და ჩემს მსოფლმხედველობაში მათ მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ. როგორც უმეტესად ხდება, აქაც, უპირველეს ყოვლისა, ხელოვნება არ მაგდებს საგონებელში. გასაოცარია, ვის შეუძლია უარყოს, რომ ამ ძაღლებს უნარი შესწევთ, ჰაერში იფრინონ, ამაზე გაოცების შესახებ მე ვიზიარებ ძაღლების საერთო აზრს, მაგრამ ჩემი გრძნობისთვის გაცილებით განსაცვიფრებელია უაზრობა, ამ იდუმალი არსებების მდუმარე უაზრობა. ზოგადად, სულაც არაა დასაბუთებული, რომ ისინი ჰაერში დაფრინავენ, და აზრი ასე რჩება, ცხოვრება თავისი გზით მიდის, აქა-იქ ლაპარაკობენ ხელოვნებასა და ხელოვანებზე, ესაა და ეს. მაგრამ რატომ,  ძაღლების მოწყალეო მოდგმავ, რატომ დაფრინავენ მხოლოდ ძაღლები? რა აზრი აქვს მათს ხელობას? რატომ არ ისმის მათგან არც ერთი განმარტებითი სიტყვა? რატომ დაფრინავენ ისინი ზევით, ფეხებს კი, ძაღლების სიამაყეს, ღუპავენ, სცილდებიან ჩვენს მარჩენალ დედამიწას, არც თესავენ და არც მოსავალს არ იღებენ; როგორც ამტკიცებენ, ისინი სწორედ ძაღლების ხარჯზე იკვებებიან განსაკუთრებით კარგად. მე შემიძლია ჩემს თავს წავეპირფერო, რომ ჩემი შეკითხვებით ეს საქმე ცოტათი ავამოძრავე. იწყებენ ამის მტკიცებას, ფაციფუცით აკოწიწებენ ერთგვარ მტკიცებას, იწყებენ, მაგრამ, ცხადია, ამ დასაწყისის იქით ვერ მიდიან. მაგრამ რაღაც მაინც არის.  და თუმცა არ ვლინდება ჭეშმარიტება – ვერასოდეს მივლენ იქამდე – მაგრამ ეს  სიცრუის რაღაც ღრმა აბდაუბდაა. ჩვენი ცხოვრების ყველაზე აბსურდული  მოვლენები და ყველაზე აბსურდულის მტკიცება სწორედ ყველაზე უკეთ არის შესაძლებელი. ბუნებრივია, არასრულყოფილად, – და აი, ესაა დემონური  ხუმრობა, – მაგრამ უხერხული კითხვებისგან თავის დასაცავად სრულიად საკმარისი. ჰაერში მფრენი ძაღლები რომ ავიღოთ, მაგალითად: ისინი ქედმაღალნი არ არიან, როგორც შეიძლებოდა თავიდან მოგჩვენებოდათ; უფრო მეტიც, მათ განსაკუთრებით სჭირდებათ თანაძაღლელები, თუკი ეცდებიან მათ ადგილას ჩაიყენონ თავი, ამას გაიგებენ კიდეც. ისინი ნამდვილად ეცდებიან, თუკი ამის აშკარად გაკეთების ნება არა აქვთ, – ეს იქნებოდა დანაშაული დუმილის მოვალეობის წინაშე, – მათი ცხოვრების წესის განსაკუთრებულობიდან გამომდინარე, როგორღაც პატიება ეთხოვათ ანდა სულ მცირე, ამისთვის ზურგი ექციათ, დაევიწყებინათ – ისინი ამას სჩადიან, როგორც სხვები მიყვებიან თითქმის აუტანელი ლაყბობის უნარით. განუწყვეტლივ აქვთ მათ სათქმელად – ნაწილობრივ ფილოსოფიური მსჯელობის გამო, რომლითაც შეუძლიათ მუდმივად იყონ დაკავებულნი, რადგან ფიზიკურ დაძაბულობაზე საერთოდ  უარი თქვეს, ნაწილობრივ დაკვირვებების გამო, რომელთაც აწარმოებენ თავიანთი განთავსების ამაღლებული ადგილიდან. და, მიუხედავად იმისა, რომ სულიერი ძალით ისინი არ გამოირჩევიან და მათს ფილოსოფიასაც ჩალის ფასი აქვს ისევე, როგორც მათს დაკვირვებებს, რაც ასეთი თავქარიანი ცხოვრების წესისთვის სრულიად ბუნებრივია; და მეცნიერებას ამისგან ნაკლებად თუ შეუძლია რამე გამოიყენოს, და საერთოდაც, ასეთ უბადრუკ დამხმარე წყაროებს არც ეყრდნობა, მიუხედავად ამისა, თუკი იკითხავს ვინმე, მაინც საერთოდ რა სურთ საჰაერო ძაღლებსო, ყოველთვის  მიიღებს პასუხად, მათ დიდი წვლილი შეაქვთ მეცნიერებაშიო. „ეს მართალია, – ამბობენ ამის შესახებ, – მაგრამ მათს წვლილს არავითარი ფასი არა აქვს და აუტანელია“. შემდეგი პასუხი კი მხრების აჩეჩვაა,  სიტყვის ბანზე აგდება, ბრაზი ან სიცილი, და ერთ წუთას, როცა ისევ იკითხავ, ისევ გაიგონებ, მათ მეცნიერებაში წვლილი შეაქვთო, და ბოლოს და ბოლოს, როცა კიდევ იკითხავ და თავს მაინცადამაინც ვეღარ იკავებ, იმავეს გპასუხობენ. და ეგებ კარგიც კია, მაინცდამაინც ჯიუტი თუ არა ხარ და დაამატებ, უკვე არსებული ჰაერში მფრენი ძაღლების ცხოვრების უფლებები კი არ უნდა ვაღიაროთ, რაც შეუძლებელია, არამედ ავიტანოთო. მაგრამ ამაზე მეტის მოთხოვნა არ შეიძლება, ეს ძალიან შორს წაგვიყვანდა, და ამას ითხოვენ კიდეც. ითხოვენ ავიტანოთ სულ უფრო მეტი ჰაერში მფრენი ძაღლი, რომლებიც კარიერას იკეთებენ. ზუსტად არავინ არ იცის, საიდან მოდიან ისინი. რა, განა მემკვიდრეობითი თვისებებით მრავლდებიან ისინი? მათ ჯერ კიდევ შესწევთ ამის ძალა, მათ ხომ ბევრი არც არაფერი არა აქვთ, ლამაზი ბეწვის გარდა და მემკვიდრეობით რაღა უნდა გადაეცეთ? გაუგონარი რამეც რომ შესაძლებელი იყოს, მაინც როდის უნდა მომხდარიყო ეს? მათ ყოველთვის მარტოს ხედავენ, თვითკმაყოფილნი არიან ზევით, ჰაერში, და თუკი ერთხელ მაინც დაუშვებენ მიწაზე სარბენად, ესეც მხოლოდ მცირე ხნით, რამდენიმე კოკობზიკა ნაბიჯი და ისევ მხოლოდ მკაცრად მარტონი არიან და ვითომდა ფიქრებში, რომელთა თავიდან მოცილება არ შეუძლიათ, თუნდაც ძალიან მოინდომონ, ამას მაინც ამტკიცებენ. თუკი ისინი მემკვიდრეობით არ მრავლდებიან, მაშინ საფიქრალი იქნებოდა, რომ არსებობენ ძაღლები, რომლებიც დაბლა არსებულ, დედამიწისეულ ცხოვრებაზე ნებაყოფლობით ამბობენ უარს, ნებაყოფლობით  ხდებიან ჰაერში მფრენი ძაღლები და კომფორტისა და ერთგვარი მკვირცხლი ილეთების საფასურად ამ გაუხარელ  ცხოვრებას  იქაურ ბალიშებზე ცვლიან. ეს საფიქრალი არ არის, არც მემკვიდრეობითი გამრავლება, არც ნებაყოფლობითი კონტაქტი არაა საფიქრალი. სინამდვილე კი გვიჩვენებს, რომ სულ უფრო მეტი ახალი ჰაერში მფრენი ძაღლი არსებობს; აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ, თუნდაც ჩვენი გაგება უძლური ჩანდეს, ოდესღაც არსებული ძაღლის სახეობა,  თუნდაც ის ასე უცნაური იყოს, არ გადაშენდება, ადვილად მაინც, თან ყოველ სახეობაში არსებობს რაღაც, რომელიც წარმატებით იცავს თავს.

უნდა დავეთანხმო თუ არა  ჩემი ჯიშის შესახებაც იმ აზრს, რომ ჰაერში მფრენ ძაღლებს მიიჩნევენ გადაგვარებულ, უაზრო, გარეგნობით ყველაზე თავისებურ, ცხოვრების უუნარო ჯიშად? თან მე იერით სულაც არ ვარ განსაკუთრებული, ჩვეულებრივი საშუალო ფენის წარმომადგენელი ვარ, როგორიც ამ მიდამოებში ძალზე ბევრია, განსაკუთრებულად არაფრით გამორჩეული, განსაკუთრებულად არაფრით საძულველი; ჩემს ყმაწვილკაცობაში და ნაწილობრივ მოწიფულობის ასაკშიც, სანამ უარს ვიტყოდი საკუთარ თავზე ზრუნვაზე და ბევრს ვმოძრაობდი, საკმაოდ მომხიბვლელი ძაღლიც კი ვიყავი. განსაკუთრებით მიქებდნენ ღრმა მკერდს, ჩამოსხმულ ფეხებს, თავაღერილ დგომას, მომხიბვლელი იყო ჩემი რუხი და მოთეთრო-მოყვითალო, ბოლოებში ჩახუჭუჭებული ბეწვიც; ყველაფერი ეს არ იყო განსაკუთრებული, განსაკუთრებული იყო თვით ჩემი არსება, მაგრამ ესეც, რაც არასოდეს არ უნდა დამრჩეს უყურადღებოდ, ზოგადად, ალბათ ძაღლების არსებაში დევს. თუკი ჰაერში მფრენი  ძაღლი მარტო არ დარჩება, აქა-იქ ძაღლების დიდ სამყაროში ყოველთვის აღმოჩნდება რომელიმე და ის არაფრისგანაც კი წარმოშობს ახალ თაობას, მაშინ შეიძლება გულდამშვიდებით ცხოვრება, რომ მე არ დავკარგულვარ. მართლაც, ჩემს თანამოძმეებს განსაკუთრებული ბედი უნდა ჰქონდეთ და მათი არსებობა მე აშკარად არასოდეს არ დამეხმარება, და უკვე არა იმიტომ, რომ მათ ვერც კი შევიცნობ. ჩვენ ისინი ვართ, ვინც დუმილს იკავებს, ვისაც თითქოს უჰაერობის გამო სურს თავის დაღწევა; სხვა დუმილში კარგად გრძნობს თავს, თუმცა ეს მხოლოდ მოჩვენებითია, როგორც მუსიკოსი ძაღლების შემთხვევაში, რომლებიც თითქოს მშვიდად ქმნიდნენ მუსიკას, სინამდვილეში კი უზომოდ აღელვებულნი იყვნენ, მაგრამ ეს მოჩვენებითობა ძალზე ძლიერია; ცდილობენ ამის მიღწევას, მაგრამ ყოველი ცდა სასაცილოა. როგორ ეხმარებიან ერთმანეთს ჩემი თანამოძმეები? ვამჩნევთ ჩვენ პერსპექტივას მათ ცდაში, იცხოვრონ ყველაფრის მიუხედავად? ეს შეიძლება განსხვავებული იყოს. მე ეს ვცადე ჩემი შეკითხვებით, სანამ ყმაწვილი ვიყავი. მე შემეძლო ალბათ იმის იმედი მქონოდა, ვინც ბევრ შეკითხვას სვამდა, და მაშინ მეყოლებოდნენ ჩემი თანამოძმეები. ერთ ხანს ვცადე საკუთარი თავის დაძლევა, რადგან მე, უპირველეს ყოვლისა,  ისინი მაღელვებდნენ, ვინც ვალდებული იყო ეპასუხა. ვინც მე მუდმივად მეჩრებოდა შეკითხვებით, რომლებზეც უმეტესად პასუხს ვერ ვცემდი, მძაგდა. და შემდეგ, მაინც ვინ არ სვამს სიამოვნებით კითხვებს, სანამ ახალგაზრდაა, როგორ უნდა მეპოვა სწორი ამდენ შეკითხვაში? ერთი შეკითხვა მეორეს ჰგავს, ეს დამოკიდებულია მიზანზე, მაგრამ ის მიჩქმალულია, ზოგჯერ შემკითხველისთვისაც კი. და საერთოდაც, კითხვები ძაღლების მოდგმის საკუთრებაა, ყველა კითხვა არეულად, თითქოს ამით ნამდვილი შეკითხვების კვალის დამალვა იყო საჭირო. არა, შემკითხველ ახალგაზრდებს შორის ჩემს თანამოძმეებს ვერ ვპოულობდი, და მდუმარეთა შორის, ხანდაზმულებში, რომელთაც მე ახლა ვეკუთვნი, მით უმეტეს. მაგრამ მაინც რა უნდა შეკითხვებს, მე მათთან მარცხი განვიცადე, ალბათ ჩემი ამხანაგები ჩემზე გაცილებით ჭკვიანები არიან და სულ სხვა სრულყოფილ საშუალებებს იყენებენ ამ ცხოვრების ასატანად, საშუალებებს, რომლებიც (ამას ჩემი მხრივაც ვამატებ) ალბათ მათ ეხმარება გაჭირვებაში, ამშვიდებს, უნანავებს, გადაჯიშებაზე მოქმედებს, მაგრამ საზოგადოდ ჩემი საშუალებებივით უმწეოა, რადგანაც, რამდენადაც მე განვჭვრეტ, წარმატებას ვერ ვხედავ. ვშიშობ, რომ ჩემს თანამოძმეს სხვა ყველაფრით უფრო ადვილად შევიცნობ, ვიდრე წარმატებით. მაგრამ მაინც სად არიან  ჩემი თანამოძმენი? ჰო, ეს ჩივილია, სწორედ ეს არის. სად არიან ისინი? ყველგან და არსად. ეგებ ეს არის ჩემი მეზობელი, ჩემგან სამ ნახტომში; ჩვენ ხშირად ვუძახით ერთმანეთს, ის გადმოდის ხოლმე ჩემთან, მე კი – არა. ვითომ ის არის ჩემი თანამოძმე? არ ვიცი, თუმცა მას ამდაგვარს ვერაფერს ვამჩნევ, მაგრამ შესაძლებელია. შესაძლებელი კია, არაფერია ამაზე სათუო. როცა ის შორსაა, მასში მთელი ჩემი ფანტაზიის მოხმობით ვამჩნევ რაღაც საეჭვოდ ახლობლურს, მაგრამ, როცა ჩემ წინ დგას, ყველა ჩემი გამონაგონი სასაცილო მეჩვენება. ბებერი ძაღლი, ჩემზე ოდნავ დაბალი, როცა მე თვითონ საშუალო სიმაღლისა ვარ, ყავისფერი, მოკლებეწვიანი, დაღლილი, თავჩაქინდრული, ფრატუნა ნაბიჯებით, და კიდევ მარცხენა უკანა ფეხს რომ რაღაც დაავადების შემდეგ ოდნავ მიითრევს. მასავით ახლო ურთიერთობა უკვე კარგა ხანია არავისთან არა მაქვს, მიხარია, რომ მას მაინც, ასე თუ ისე, ჯერ კიდევ ვიტან, და როცა ჩემგან მიდის, მივაძახებ ხოლმე ალერსიან სიტყვებს, ცხადია, სიყვარულის გამო არა, საკუთარ თავზე განრისხებული, რადგან, როდესაც უკან გავყვები ხოლმე, კიდევ უფრო საზიზღარი მეჩვენება, როგორ მიიძურწება ფეხათრეული და უკანალჩამოვარდნილი. ხანდახან ისეთი გრძნობა მეუფლება, თითქოს საკუთარი თავის დაცინვა მინდოდეს, როდესაც მას ფიქრებში ჩემს ამხანაგს ვუწოდებ. ჩვენს საუბრებშიც კი ის ოდნავაც არ ამჟღავნებს რამე ამხანაგობის მსგავსს, თუმცა ის ჭკვიანია და, ჩვენი ამ ურთიერთობისთვის – საკმაოდ განათლებულიც და მე ბევრი რამის სწავლა შემეძლო მისგან, მაგრამ განა ჭკუასა და განათლებას ვეძებ? ჩვენ ვმასლაათობდით ორივესთვის კარგად ნაცნობ საკითხებზე და ამასთან, გაოცებული ვარ, რამდენად შორსმჭვრეტელი გავხდი ჩემი მარტოსულობით ამ თვალსაზრისით, რამდენი მახვილგონიერება გჭირდება ჩვეულებრივ ძაღლს საშუალოდ არცთუ არახელსაყრელი ურთიერთობის დროსაც კი, რათა შენთვის განკუთვნილი სიცოცხლე გაიხანგრძლივო და  ჩვეული უდიდესი ხიფათებისაგან თავი დაიცვა. მეცნიერება თუმც არ იძლევა წესებს, მაგრამ მისი გაგება მხოლოდ შორიდან, ყველაზე უხეში მთავარი შტრიხებით სულაც არაა ადვილი და, თუკი ვინმემ ის გაიგო,  მხოლოდ შემდეგ იწყება ნამდვილი სიძნელე, გამოიყენო ის სწორედ ადგილობრივი ურთიერთობებისთვის – აქ ძნელად თუ ვინმეს შეუძლია დახმარება, თითქმის ყოველი საათი ახალია მოცანის წინაშე გაყენებს და დედამიწის ყოველი ნაგლეჯი – რაღაც განსაკუთრებულის წინაშე; რომ ის სადღაც ხანგრძლივი დროისთვის არის მოწყობილი და რომ მისი ცხოვრება გარკვეულწილად თავისით მიედინება, ამის მტკიცებას თვითონ ვერავინ დაიწყებს, მათ შორის მეც კი, ვისი მოთხოვნილებებიც დღითი დღე მცირდება. და მთელი ეს დაუსრულებელი მონდომება რა მიზანს ემსახურება? მხოლოდ იმას, რომ საკუთარი თავი სულ უფრო და უფრო ჩამარხო დუმილში და შემდგომ ვერასოდეს შეძლოს ვინმემ შენი იქიდან გამოთრევა.

ხშირად განადიდებენ ძაღლთა მოდგმის საყოველთაო პროგრესს დროში და ამაში ალბათ  ძირითადად გულისხმობენ მეცნიერების პროგრესს. ცხადია, მეცნიერება წინ მიიწევს, ამას ვერ შეაჩერებ, გამალებითაც კი მიიწევს, სულ უფრო ჩქარა, მაგრამ ამაში რა არის განდიდების ღირსი? ეს ისაა, ვინმეს განდიდება იმის გამო გინდოდეს, რომ მომატებულ წლებთან ერთად ბერდება და ამის შედეგად კიდევ უფრო სწრაფად უახლოვდება სიკვდილს. ეს არის ბუნებრივი და, ამასთან ერთად, საზიზღარი პროცესი, რომელშიც განსადიდებელს ვერაფერს ვხედავ. მე ვხედავ მხოლოდ დაცემას, მაგრამ ამით იმას არ ვგულისხმობ, რომ წინა თაობები არსებითად უკეთესნი იყვნენ, ისინი მხოლოდ უფრო ახალგაზრდანი იყვნენ, ეს იყო მათი დიდი უპირატესობა; მათი მეხსიერება ჯერ კიდევ არ იყო ისე გადატვირთული, როგორც დღევანდელი, უფრო ადვილი იყო მათთან გამოსაუბრება, და თუმცა ეს ვერავინ მოახერხა, შესაძლებლობა უფრო დიდი იყო, და ეს უფრო დიდი შესაძლებლობა არის, რაც იმ ძველი, სინამდვილეში რომ ვთქვათ, გულუბრყვილო ისტორიების მოსმენისას ასე გვაღელვებს. შიგადაშიგ გვესმის გადაკრული სიტყვა და ლამისაა გავსკდეთ, რომ არ ვგრძნობდეთ საუკუნეების ტვირთს ჩვენზე.  არა, რა მაქვს საწინააღმდეგო ჩემი დროის მიმართ, წინა თაობები სულაც არ იყვნენ ახლებზე უკეთესები, გარკვეული აზრით, გაცილებით უარესებიც იყვნენ და სუსტებიც. რა თქმა უნდა, რაღაც საოცრებები მაშინაც არ დადიოდნენ თავისუფლად ქუჩებში, რომ ნებისმიერს ხელი წაევლო, მაგრამ ძაღლები – მე არ შემიძლია სხვაგვარად გამოვხატო აზრი – ჯერ კიდევ არ იყვნენ, ისე ძაღლური, როგორც დღეს; ძაღლთა მოდგმის სტრუქტურა უფრო მოშვებული იყო, მაშინაც ბრძოლით შეიძლებოდა ჭეშმარიტი სიტყვის ჩამატება, სტრუქტურის განსაზღვრა, გადათქმა, ყოველი სურვილის მიხედვით შეცვლა და თითოეული სიტყვა იქვე იყო, ახლოს, ენის წვერზე ეკიდა, ყველას შეეძლო მისი გაგება; დღეს კი სანამდე მივედით? დღეს შეიძლება შიგნეულობა ამოუტრიალო ვინმეს და მაინც ვერაფერი იპოვო. ჩვენ ალბათ დაკარგული თაობა ვართ, მაგრამ უფრო უცოდველი მაშინდელთან შედარებით. ჩვენი თაობის გაუბედაობის გაგება შემიძლია, ეს უკვე აღარცაა გაუბედაობა, ეს არის ათასი ღამის წინ სიზმრად ნანახი და ათასჯერ დავიწყებული ერთ-ერთი სიზმრის დავიწყება; მაინც ვინ გაგვიწყრება მეათასე დავიწყების გამო? მაგრამ მჯერა, რომ ვიგებ ჩვენი მამა-პაპის ყოყმანსაც, ჩვენ, ეტყობა, სხვაგვარად ვერც მოვიქცეოდით, თითქმის ეს მინდა ვთქვა: ჩვენ, განა ჩვენ არ ვიყავით, ვისაც დანაშაულის სიმძიმე უნდა გვეტვირთა საკუთარ თავზე, უფრო მეტიც, ჩვენ ნება გვქონდა, სხვებისგან ჩაბნელებულ სამყაროში გამალებით გვევლო სიკვდილისკენ თითქმის უცოდველი დუმილით, როცა ჩვენმა მამა-პაპამ სწორი გზიდან გადაუხვია, ალბათ არც კი ფიქრობდა დაუსრულებელი შეცდომებით სიარულზე, თითქოს ჯერ კიდევ ხედავდა გზის გასაყარს; ყოველთვის ადვილი იყო  უკან გამობრუნება, და როცა ისინი უკან გამობრუნებას ვერ ბედავდნენ, მხოლოდ იმიტომ, რომ მცირე დროით უნდოდათ დამტკბარიყვნენ ძაღლური ცხოვრებით, ეს სულაც არ იყო მათი ძაღლური ცხოვრება, მაგრამ მაინც მათრობელად ლამაზი ეჩვენებოდათ, თუ როგორი გახდებოდა ის მოგვიანებით, ცოტაოდენი დროის შემდეგ, და ასე გააგრძელეს მცდარი გზით სიარული. მათ არ იცოდნენ, რომ ჩვენ ისტორიის დინების განხილვისას შეგვეძლო მივმხვდარიყავით, რომ სული სიცოცხლეზე ადრე გარდაიქმნება და როცა სულმა დაიწყო ძაღლური ცხოვრებით გახარება, უკვე, როგორც ჩანს, მათ უნდა ჰქონოდათ ძველძაღლური სული და აღარ იყვნენ ახლოს ამოსავალ წერტილთან, როგორც თვითონ ეჩვენებოდათ; ან როგორც მათი ყველანაირი ძაღლური სიხარულით დამტკბობ თვალს უნდოდა ამის დაჯერება. ვის შეუძლია დღეს კიდევ ილაპარაკოს ახალგაზრდობაზე? მართალია, ისინი ახალგაზრდა ძაღლები იყვნენ, მაგრამ მათი ერთადერთი პატივმოყვარეობა, სამწუხაროდ, იქითკენ იყო მიმართული, რომ ბებერი ძაღლები გამხდარიყვნენ; ეს კი მართლაც შეუძლებელია, არ გამოსვლოდათ, როგორც ამას ამტკიცებს ყველა მომდევნო თაობა და ყველაზე კარგად – უკანასკნელი, ჩვენი.

ყველა ამ საკითხზე მე, ბუნებრივია, არ ვსაუბრობ ჩემს მეზობელთან, მაგრამ ხშირად ვფიქრობ მათზე, როცა მის პირდაპირ ვზივარ, ამ ტიპური მოხუცი ძაღლის პირისპირ, ანდა დინგს ჩავრგავ ხოლმე მის ბეწვში, რომელსაც ოდნავ დაჰკრავს გატყავებული ძაღლის სუნი. ამ საკითხებზე უაზრობა იქნებოდა მასთან  ანდა ნებისმიერ სხვასთან ლაპარაკი. მე ვიცი, როგორ წარიმართებოდა საუბარი. მას შიგადაშიგ პატარა შენიშვნები ექნებოდა, ბოლოს კი დამეთანხმებოდა – დათანხმება საუკეთესო იარაღია – და საქმეც ჩაიმარხებოდა. ნეტა საერთოდ რატომ ამოთხარეს ის საფლავიდან? და, მიუხედავად ყველაფრისა, ალბათ არსებობს ცარიელ სიტყვებზე მაღლა მდგომი უფრო ღრმა თანხვედრა ჩემს მეზობელთან. მე არ შემიძლია შევწყვიტო ამის მტკიცება, მიუხედავად იმისა, რომ საამისო მტკიცებულებები არა მაქვს, და ალბათ ისიც მხოლოდ ერთ უბრალო ილუზიას ეფუძნება, რადგან ეს ძაღლი კარგა ხანია სწორედ ერთადერთია, ვისთანაც ურთიერთობა მაქვს, და მას უნდა ჩავებღაუჭო. „ეგებ შენ შენებურად ჩემი ამხანაგი ხარ? და გრცხვენია, რადგან არაფერი არ გამოგდის? ნახე, მეც ასევე მჭირს. როცა მარტო ვარ, ამაზე მოვთქვამ; მოდი, ერთად ეს უფრო ტკბილია!“ – ასე ვფიქრობ ხანდახან და მას ამ დროს  ჯიქურ ვუყურებ. ის თვალებს არ ხრის, მაგრამ მისთვის ესეც არაფერია, ბრიყვულად მიყურებს და უკვირს, რატომ ვდუმვარ და რატომ შევწყვიტე  საუბარი. მაგრამ შეიძლება სწორედ ეს მზერა იყოს შეკითხვის მისებური მანერა და მე იმედი გავუცრუე, როგორც თვითონ გამიცრუა იმედი. ჩემს ახალგაზრდობაში, მე რომ მაშინ სხვა უფრო მნიშვნელოვანი შეკითხვები არ მქონოდა და ჩემთვის მარტო ჩემი თავიც კი საკმარისი არ ყოფილიყო, ეგებ ხმამაღლა მეკითხა კიდეც მისთვის, მაშინ მისგან მივიღებდი დუნე თანხმობას და დღევანდელთან შედარებით ნაკლებს, რადგან ის დუმს. მაგრამ განა ყველა ასევე არ დუმს? რა მიშლის ხელს მჯეროდეს, რომ ყველა ჩემი ამხანაგია, რომ მე არა მარტო აქა-იქ მყავდა თანამკვლევარი, რომელიც თავის პაწაწინა შედეგებშია ჩაფლული და დავიწყებული, და რომელთანაც ვერავითარ შემთხვევაში ვერ მივაღწევ მეტს დროის სიბნელის ან თანამედროვეობის სიძნელეების გამო, რომ უფრო მეტიც, თავიდანვე ყველაფერში მყვანან ამხანაგები, რომლებიც თავისებურად ინდომებენ, ყველა თავისებურად წარუმატებლად, ყველა თავისებურად დუმილით ან ცბიერი ლაქლაქით, რაც უიმედო კვლევას თან ახლავს. მაშინ მე არც უნდა გამოვყოფოდი მათ, შემეძლო მშვიდად დავრჩენილიყავი სხვებს შორის, მე უზნეო ბავშვივით გამომაძევებდნენ მოზრდილთა რიგებიდან, რომლებსაც ჩემსავით უნდოდათ იქიდან გამოღწევა; ისინი კი საკუთარ გონებაში იხლართებიან, რომელიც მათ ეუბნება, რომ გამოსავალი არ არსებობს და მისკენ ყველანაირი სწრაფვა  უაზრობაა.

ასეთი აზრები, ცხადია, ჩემი მეზობლის ზეგავლენაა; ის მაბნევს, ჩემში მელანქოლიას იწვევს; თვითონ კი საკმაოდ ხალისიანია, დიდი-დიდი ზოგჯერ გავიგონო მისი ყვირილი და სიმღერა, როცა თავისი ნაცნობების წრეშია, იმდენად, რომ თავს მაბეზრებს. კარგი იქნებოდა, ამ უკანასკნელ ურთიერთობაზეც მეთქვა უარი, თავი მიმეცა არა ბუნდოვანი ოცნებებისთვის, რომელთაც ყოველი ძაღლური ურთიერთობა  უცილობლად ქმნის, ისე გამოწრთობილი ჰგონიათ ხოლმე თავი; კარგი იქნებოდა, ის მცირეოდენი დრო, რომელიც მრჩება, მხოლოდ და მხოლოდ ჩემი კვლევებისათვის გამომეყენებინა. როცა ის შემდეგ კიდევ მოვა, დავიმალები და თავს მოვიმძინარებ, და ამას იმდენჯერ გავიმეორებ, სანამ მოსვლას არ გადაიფიქრებს.

ჩემს კვლევებშიც უწესრიგობა შემოიპარა, მე ვსუსტდები, ვიღლები, მძიმედ და მხოლოდ მექანიკურად დავდივარ, მანამდე კი აღფრთოვანებული დავრბოდი. მახსენდება დრო, როცა დავიწყე ამ საკითხის გამოკვლევა: „საიდან მოაქვს დედამიწას ჩვენი საკვები?“ ცხადია, მაშინ ხალხის შუაგულში ვცხოვრობდი, იქით მივილტვოდი, სადაც ყველაზე დიდი ხალხმრავლობა იყო; მინდოდა ყველა გამეხადა ჩემი შრომების მოწმედ; ეს მოწმეობა ჩემთვის ჩემს ნაშრომზე გაცილებით მნიშვნელოვანი იყო; და რადგან ველოდი რაღაც საყოველთაო ზემოქმედებას, ბუნებრივია, ვიღებდი დიდ შთაგონებას, რომელიც ჩემთვის, მარტოსულისთვის, უკვე ჩავლილი ეტაპია. მაშინ კი ისე ძლიერი ვიყავი, რომ ვაკეთებდი რაღაცას, რაც გაუგონარია, ყველა ჩვენს პრინციპს ეწინააღმდეგება, და რასაც თითოეული იმდროინდელი მოწმე იგონებდა, როგორც რაღაც საშინელს. მე ამ თვალსაზრისით უჩვეულო სიმარტივე ვიპოვე მეცნიერებაში, რომელიც საერთოდ უსაზღვრო სპეციალიზაციისკენ მიისწრაფის. ის გვასწავლის, რომ დედამიწისთვის მთავარი საქმე ჩვენი საკვების მოპოვებაა და მაშინ, როცა ამ პირობას შეასრულებს, გვაცნობს მეთოდებს, რომელთა საშუალებითაც  საუკეთესო ხარისხის სხვადასხვა საჭმელს მოიპოვებენ და თან, უხვად. აბა, მართლა ჭეშმარიტია, რომ დედამიწა გვთავაზობს საკვებს, ამაში საეჭვო არაფერია, მაგრამ საქმე ასე მარტივად არაა, როგორც ჩვეულებრივ წარმოადგენენ, თან, ყოველ შემდგომ კვლევას გამორიცხავენ. იხილავენ მხოლოდ უპრიმიტიულეს შემთხვევებს, რომლებიც ყოველდღიურად მეორდება. ჩვენ რომ სრულიად უმოქმედონი ვყოფილიყავით, როგორებიც  ვართ კიდეც თითქმის, ნიადაგის ზერელე დამუშავების შემდეგ ერთად შევგროვილიყავით და დაგვეცადა, რა მოხდებოდა, მაშინ ცხადია, იმ პირობით, რომ საერთოდ რაღაც გამოვიდოდა აქედან, დედამიწაზე საკვებს ვიპოვიდით. მაგრამ ეს არ არის კანონზომიერი წესი. ვისაც მეცნიერების მიმართ ცოტაოდენი ობიექტურობა შერჩენია – და ასეთი, ცხადია, ცოტაა, რადგანაც ის წრეები, რომლებიც მეცნიერებას უხმობენ, სულ უფრო იზრდება – თუნდაც განსაკუთრებულ დაკვირვებებს არც კი ეყრდნობოდნენ, ადვილი შესაცნობია, რომ  მთავარი ნაწილი საკვებისა, რომელიც დედამიწაზეა, ზემოდან მოდის; ჩვენ ჩვენი მოხერხებულობისა და სიხარბის კვალობაზე უმეტესობას ვიტაცებთ მიწასთან შეხებამდე. ამით მე მეცნიერების საწინააღმდეგოს არაფერს ვამბობ; დედამიწას, ბუნებრივია, მართლა მოაქვს ეს საკვები, ერთი ამოაქვს თავისი წიაღიდან თუ მეორეს ზეციდან გამოიხმობს, ალბათ არსებითი სხვაობა არ არის, და მეცნიერება, რომელმაც დაამტკიცა, რომ ორივე შემთხვევაში მიწის დამუშავება საჭიროა, არ უნდა იყოს ალბათ დაკავებული ამ განსხვავებებით, ეს ნიშნავს: „თუ  ხახაში სათქვლეფი გიდევს, მაშინ ყველა საკითხი გადაჭრილი გაქვს“. „მე მეჩვენება, რომ მეცნიერება მხოლოდ შეფარვით არის დაკავებული  ამ საკითხებით, რადგან ის იცნობს საკვების მოპოვების ორ მთავარ მეთოდს, კერძოდ, თვითონ ნიადაგის დამუშავებას და დამატებით – რაფინირებულ შრომას შელოცვის, ცეკვისა და ჰიმნების ფორმით. მე ამაში ვხედავ, მართალია, არასრულყოფილ, მაგრამ საკმაოდ აშკარა, ჩემი განსხვავებების შესაბამის დაყოფას ორ ნაწილად. ნიადაგის დამუშავება, ჩემი აზრით, ემსახურება ორივენაირი საკვების მოპოვებას და ყოველთვის  შეუცვლელია, შელოცვა, ცეკვა და ჰიმნი კი ნაკლებად ეხება ნიადაგისგან მიღებულ საკვებს, ვიწრო მნიშვნელობით, და ძირითადად, ემსახურება საკვების ზემოდან მიღებას. ამ შეხედულებას მე ტრადიცია მიმტკიცებს. აქ, როგორც ჩანს, ხალხს მეცნიერებაში შესწორება შეაქვს ისე, რომ არც კი იცის და ისე, რომ მეცნიერება ვერც ბედავს თავის დაცვას. თუკი ყველა ცერემონია, როგორც მეცნიერებას სურს, უნდა ემსახურებოდეს ნიადაგს, რათა მას ძალა მისცეს საკვების ზემოდან მოსატანად, მაშინ, ლოგიკურად, ყველაფერი ეს ნიადაგზე უნდა წარიმართოს, ნიადაგს უნდა უჩურჩულონ, მის წინაშე იხტუნონ და იცეკვონ. მეცნიერება ალბათ, ჩემი აზრითაც,  სხვას არაფერს ითხოვს. და აი, ყველაზე უცნაური რამ: ხალხი მთელ თავის რიტუალებს ზეცისკენ მიმართავს. ეს მეცნიერების კანონების დარღვევა კი არაა, ის ამას არ კრძალავს, ამაში სოფლის მეურნეობის მუშაკს თავისუფლებას ანიჭებს; ის თავის მოძღვრებაში მხოლოდ ნიადაგზე ფიქრობს, და თუკი ფერმერი ამ მოძღვრების ნიადაგთან დაკავშირებულ  დებულებებს ზუსტად ასრულებს, ის კმაყოფილია, მაგრამ მისმა აზრთა წყობამ, ჩემი აზრით, მეტი უნდა მოითხოვოს.
და მე, მეცნიერებაში ღრმად გაუთვითცნობიერებელი, სრულიად ვერ წარმოვიდგენ, როგორ შეუძლიათ სწავლულებს იმის მოთმენა, რომ ჩვენი ხალხი, წინანდელი ვნებით აღავლენს ლოცვებს ზევით, ძველ ხალხურ სიმღერებს ჰაერში ჩივილივით წამოიწყებს  და ხტუნვა-ხტუნვით ასრულებს ცეკვებს, თითქოს მას გამუდმებით უნდოდეს ზეცად ამაღლება, და  ივიწყებს ნიადაგს. მე ამ ანტაგონიზმის ხაზგასმიდან ამოვდიოდი და  მთლიანად ნიადაგით შემოვიფარგლე, რადგან, მეცნიერების მიხედვით, უკვე მოსავლის აღების დრო ახლოვდებოდა; მე  ცეკვის დროს თათებით ვთხრიდი ნიადაგს, თავი ლამის  მომძვრა ტრიალით, რომ რაც შეიძლება ახლოს ვყოფილიყავი მასთან. მოგვიანებით ჩემი დინგისთვის ორმო ამოვითხარე და ისე ვმღეროდი, ვდეკლამატორობდი, რომ მხოლოდ ნიადაგს გაეგონა და მეტს არავის არც ჩემ გვერდით და არც თავს ზემოთ.

 

კვლევის შედეგები უმნიშვნელო იყო. ზოგჯერ მე საჭმელს ვერ ვიღებდი და უკვე მინდოდა მეზეიმა ჩემი აღმოჩენა, მაგრამ შემდეგ საჭმელი ისევ ჩნდებოდა, თითქოს ჩემი უცნაური ქცევით პირველად გაოგნდნენ, მაგრამ მერე შეიცნეს რაღაც უპირატესობა, რომელიც მას მოაქვს და სიამოვნებით თქვეს უარი ჩემს ყვირილსა და ხტუნვაზე. ხშირად საჭმელი ადრინდელზე უხვადაც კი მოდიოდა, მაგრამ შემდეგ ისევ სრულიად ქრებოდა. მე ყმაწვილი ძაღლისთვის აქამდე უჩვეულო სიბეჯითით ვცდილობდი ყველა ჩემი ექსპერიმენტის სისტემატიზაციას, მჯეროდა, აი, ვიპოვე კვალი, რომელიც წინ წამიყვანს-მეთქი, მაგრამ ის ისევ მცდარად წყდებოდა და ბუნდოვანებაში იკარგებოდა. ამაში უდავოდ წინ მეღობებოდა ჩემი არასაკმარისი სამეცნიერო მომზადება. სად მქონდა იმის გარანტია, რომ, მაგალითად, საჭმლის უქონლობა გამოიწვია არა მარტო ჩემმა ექსპერიმენტმა, არამედ ნიადაგის არასამეცნიერო დამუშავებამ და, თუკი ეს მართალი იყო, მაშინ ყველა ჩემი დასკვნა დაუსაბუთებელი აღმოჩნდებოდა. გარკვეულ პირობებში შემეძლო მიმეღწია თითქმის მთლად ზუსტი ექსპერიმენტისთვის, კერძოდ, ნიადაგის დაუმუშავებლად ერთხელ მაინც მიმეღო საჭმელი მხოლოდ ზეცისკენ აღვლენილი ცერემონიით ან არ მიმეღო ის მხოლოდ და მხოლოდ  ნიადაგისადმი მიმართული პროცედურებით. მე რაღაც ამის მსგავსს ვცდილობდი, მაგრამ მყარი რწმენის გარეშე და  ექსპერიმენტის არცთუ სრულყოფილ პირობებში მაინც ვერ დამტკიცდებოდა ეს, რადგანაც, ჩემი ურყევი რწმენით, ნიადაგის ერთგვარი დამუშავება ყოველთვის საჭიროა, თუნდაც მკრეხელები, რომლებსაც ეს არ სწამთ, მართალნი იყვნენ, რადგან ნიადაგს  ძალდატანებით რწყავენ და გარკვეულ საზღვრებში ამის თავიდან აცილება შეუძლებელიცაა. ცხადია, საკითხისაგან ოდნავ დაცილებულმა სხვა ექსპერიმენტმა უფრო გამიმართლა და საყოველთაო სენსაცია გამოიწვია. ჰაერიდან საკვების ჩვეულებრივი დაჭერის შესახებ დანართში დავასკვენი, რომ საკვებს უნდა მისცე ჩამოვარდნის საშუალება, მაგრამ არ უნდა დაიჭირო. ამ მიზნით ყოველთვის, როცა საკვები მოდიოდა, ოდნავ შევხტებოდი, რაც ისე იყო გათვლილი, რომ არ კმაროდა; უმეტესად ის გულგრილად დაეტყეპებოდა მიწაზე და მე გაშმაგებული დავაცხრებოდი, არა შიმშილით გაცოფებული, არამედ იმედგაცრუებით. მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში რაღაც სხვა ხდებოდა, რაღაც გასაოცარი, საჭმელი კი არ ცვიოდა, არამედ ჰაერში მომდევდა, საკვები მოსდევდა მოშიებულს. ეს დიდხანს არ გრძელდებოდა, მხოლოდ მოკლე მანძილზე, შემდეგ მაინც ცვიოდა ან მთლიანად ქრებოდა, ან – უმრავლეს შემთხვევაში – ჩემი სიხარბე ნაადრევად ასრულებდა ექსპრიმენტს და საჭმელს ვთქვლეფდი. და მაინც, მაშინ ბედნიერი ვიყავი, ჩემ გარშემო  ხმები დადიოდა, შფოთავდნენ და ლმობიერად მექცეოდნენ, ნაცნობები უფრო ყურადღებით ეკიდებოდნენ ჩემს საკითხებს, მათს თვალებში ვხედავდი რაღაც დახმარების მაძიებელ ნათებას, თუნდაც ეს ყოფილიყო ჩემი საკუთარი გამოხედვის ანარეკლი; მეც მეტი არაფერი მინდოდა, კმაყოფილი ვიყავი. მაგრამ მანამდე, სანამ არ გავიგე – და სხვებმაც ჩემთან ერთად არ გაიგეს – რომ ეს ექსპერიმენტი მეცნიერებაში უკვე კარგა ხანია აღწერილი ყოფილა, ჩემზე გაცილებით დიდებულადაც, თუმცა ცდა უკვე კარგა ხანია არ ჩაუტარებიათ თავშეკავების სიძნელის გამო, რომელსაც ის მოითხოვდა; მაგრამ, როგორც ამტკიცებდნენ, სამეცნიერო თვალსაზრისით მისი მცირე მნიშვნელობის გამო არ უნდა გამეორებულიყო. თითქოს იმავეს ამტკიცებს, რაც ისედაც იცოდნენო, რომ ნიადაგი საკვებს არა მარტო უშუალოდ ზევიდან ქვევით იღებდა, არამედ ირიბად, დიაგონალურად, სპირალის სახითაც კი. და აი, მე გამოვჩნდი, მაგრამ სულიერად დაცემული არ ვიყავი, საამისოდ ჯერ კიდევ ძალზე ახალგაზრდა გახლდით, პირიქით, ამან კიდევ მეტად მიბიძგა ალბათ ჩემი ცხოვრების უდიდესი წარმატებისაკენ. მე არ მჯეროდა ჩემი ექსპერიმენტის სამეცნიერო გაუფასურებისა, მაგრამ ამ დროს რწმენა არ გშველის, საჭიროა მხოლოდ მტკიცებულება და მინდოდა მისი მოპოვება; ამისთვის კი თავდაპირველად რაღაც განყენებული ექსპერიმენტი სრულად უნდა გამეშუქებინა, კვლევის ცენტრში მომექცია. მინდოდა დამემტკიცებინა, რომ, როცა საკვებისგან უკან ვიხევდი, ნიადაგი მას ირიბად თავისკენ კი არ ეწეოდა, არამედ მე ვიზიდავდი უკან. ამ ექსპერიმენტის დახვეწა მართლა აღარ შემეძლო: უყურო საჭმელს  ცხვირწინ და თან მეცნიერული ექსპერიმენტირება დაიწყო, ხანგრძლივად ამას ვერავინ გაუძლებდა. მაგრამ მე მსურდა რაღაც სხვა რამის გაკეთება, მინდოდა, სანამ ამას გავუძლებდი, მთლიანად მემარხულა; ცხადია, ამ დროს საკვების ყოველი დანახვა, მისით ყოველგვარი ცდუნება თავიდან უნდა ამერიდებინა. როცა ასე განვმარტოვდი, დღე და ღამე თვალდახუჭული ვიწექი, არც საკვების მიწიდან აღებაზე ვდარდობდი და არც ზევიდან დაჭერაზე, ვერც კი ვბედავდი იმის მტკიცებას (თუმცა ჩუმად ამის იმედი მქონდა), რომ საკვები ზეციდან თავისით მოვიდოდა ყველა ჩვეულებრივი ღონისძიების გარეშე, მხოლოდ ნიადაგის აუცილებელი არარაციონალური მორწყვით,  ჩუმი შელოცვებითა და სიმღერებით მინდოდა ცეკვაზე უარი მეთქვა, რომ არ დავსუსტებულიყავი!), თან ისე, რომ ნიადაგზე არც კი მედარდა; და აი, საჭმელი ყბაზე მომიკაკუნებდა, შემომიშვიო, – და თუ ეს მოხდებოდა, მაშინ მეცნიერების უარყოფა არ იქნებოდა საჭირო, რადგან ის საკმაოდ მოქნილია გამონაკლისებისა და ცალკეული შემთხვევებისთვის, მაგრამ რას იტყოდა ხალხი, რომელსაც, საბედნიეროდ, ამდენი მოქნილობა არა აქვს? რადგან ეს ვერ იქნებოდა გამონაკლისი შემთხვევა, როგორც ამას ისტორია გადმოგვცემს, რომ ვიღაც ერთი ფიზიკური ავადმყოფობის ან მელანქოლიის გამო თავს არიდებს საკვების მომზადებას, ძებნას, მიღებას და მაშინ ძაღლთა მოდგმა ერთიანდება შელოცვის ფორმულებით და ამით იმას აღწევს, რომ საკვები ასცდეს ჩვეულ გზას  და ის პირდაპირ ავადმყოფის ხახაში მოხვდეს. მე ამის წინააღმდეგი ვიყავი მთელი ჩემი  ძალითა და ჯანმრთელობით; მადა ისეთი ჩინებული მქონდა, მთელი დღეების განმავლობაში ხელს მიშლიდა, რომ მის გარდა სხვა რამეზე მეფიქრა, და მე თვითონ ვაიძულე თავი ნებაყოფლობით მემარხულა; გინდ დაიჯერონ და გინდ არა, თვითონ შემეძლო, მეზრუნა საკვების ზეციდან ჩამოსვლაზე და მინდოდა კიდეც ამის გაკეთება, მაგრამ არ მჭირდებოდა ძაღლთა მოდგმის დახმარება და  ასეთი უკიდურესი ფორმით გადაჭრით  ავუკრძალე თავს ეს.

ჩემთვის ვეძებდი შესაფერის ადგილს მოშორებით, ბუჩქებში, სადაც ვერ გავიგონებდი საუბარს ჭამაზე, თქვლეფისა და ძვლების კნატუნის ხმას, კიდევ ერთხელ კარგად ამოვიყორე მუცელი და შემდეგ მივწექი. მინდოდა, როგორმე მთელი დრო თვალდახუჭულს გამეტარებინა; სანამ ნებას დავრთავდი, საჭმელი მოსულიყო, მანამ ჩემთვის გადაბმულად სულ ღამე იქნებოდა, თუნდაც ეს გაგრძელებულიყო დღეები და კვირები. თან მე, ცხადია (და ეს სერიოზული გართულება იყო), ცოტა უნდა გამომეძინა, ან მთლად უკეთესი, საერთოდ არ დამეძინა, რადგან შელოცვით უნდა  შევვედრებოდი არა მარტო საკვების ჩამოყრას, არამედ უნდა მეფხიზლა, რომ ძილში არ გამომეტოვებინა ეს მომენტი; მეორე მხრივ, ძილი მაინც სასურველი იყო, რადგან მძინარე გაცილებით დიდხანს შევძლებდი შიმშილობას, ვიდრე მღვიძარე. ამ მიზეზების გამო გადავწყვიტე, დრო ფრთხილად გამენაწილებინა და ბევრი მძინებოდა, მაგრამ მხოლოდმოკლე-მოკლე დროით. მე ამას იმით მივაღწიე, რომ ძილში თავს ყოველთვის სუსტ ტოტზე ვაყრდნობდი, რომელიც მალე ჩატყდებოდა ხოლმე და ეს მაღვიძებდა. ასე ვიწექი, მეძინა თუ მეღვიძა, ვოცნებობდი თუ ჩემთვის ჩუმად ვმღეროდი. პირველი პერიოდი ერთფეროვნად მიდიოდა, ალბათ იქ, საიდანაც საკვები მოდის, როგორღაც შეუმჩნეველი დარჩა, რომ საქმეების ჩვეულ დინებას ჯიუტად ვეწინააღმდეგებოდი და ყველაფერი მშვიდად იყო. ჩემს წადილში ოდნავ ხელს მიშლიდა საშიშროება, რომ ძაღლები მომისაკლისებდნენ, მალე მომძებნიდნენ და ჩემ წინააღმდეგ რაღაცას წამოიწყებდნენ. მეორე საშიშროება კი ის იყო, რომ მარტო მორწყვითაც კი ნიადაგი ე. წ. შემთხვევით საკვებს მოიტანდა (თუმცა, მეცნიერების მიხედვით, ის უნაყოფო იყო) და მისი სუნი მაცდუნებდა. მაგრამ ჯერ არაფერი მსგავსი არ ხდებოდა და შემეძლო ისევ მეშიმშილა. მიუხედავად ამ საშიშროებებისა, ჯერჯერობით მშვიდად ვიყავი, რაც ჩემი თავისთვის მანამდე არასოდეს შემიტყვია. მიუხედავად იმისა, რომ აქ მეცნიერების გასანადგურებლად ვიღვწოდი, კმაყოფილებამ და სამეცნიერო მუშაკის თითქმის საარაკო სიმშვიდემ ამავსო. ჩემს ოცნებებში მეცნიერებისგან პატიებას ვიღებდი, რომ მასში კიდევ მოიპოვებოდა სივრცე ჩემი კვლევებისთვის, მანუგეშებლად ჩამესმოდა ყურში, რომ მე ან ჩემი გამოკვლევები წარმატებული იქნებოდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ძაღლთა ცხოვრებისთვის არავითარ შემთხვევაში არ დაიკარგებოდა მეცნიერების კეთილგანწყობა ჩემ მიმართ; ის თვითონ ახსნიდა ჩემს შედეგებს და ეს დაპირება უკვე  თავად  ნიშნავდა ასრულებას; მე გულის სიღრმეში აქამდე თავს გარიყულად ვგრძნობდი და ჩემი ხალხის გალავნის აღება ველურივით შტურმით მინდოდა, ახლა კი დიდი პატივით მიღებდნენ, თავშეყრილი ძაღლების სანუკვარ სითბოს ვგრძნობდი ირგვლივ, ხალხის მხრებზე ძალით ატაცებული, რწევა-რწევით დამატარებდნენ. შიმშილის პირველი უცნაური ზემოქმედება! ჩემი წარმატება ისე დიდი მეჩვენებოდა, რომ გულაჩუყებისა და საკუთარი თავისადმი თანაგრძნობის გამო იქ, წყნარ ბუჩქებში, ტირილი დავიწყე, რაც მთლად გასაგები მართლა არ იყო, რადგანაც, თუკი დამსახურებულ საზღაურს ველოდი, მაშინ რაღად ვტიროდი? ალბათ მხოლოდ სიამოვნებისგან. ყოველთვის, როცა სიამოვნებას ვგრძნობდი, და ეს საკმაოდ იშვიათად იყო, ვტიროდი. შემდეგ, ცხადია, ამან მალე ჩაიარა. თანდათან, შიმშილის გაძლიერებასთან ერთად, ლამაზი სურათები გაიფანტა; ეს დიდხანს არ გაგრძელებულა და მე, მას შემდეგ რაც ყველა ფანტაზიასა და გულაჩუყებას გამოვეთხოვე, დავრჩი სრულიად მარტო შიგნეულობაში ცეცხლივით დატრიალებულ შიმშილთან. „ესაა შიმშილი“, – ვეუბნებოდი ჩემს თავს უთვალავჯერ, თითქოს მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ შიმშილი და მე ჯერ კიდევ ორი სახისა ვართ და რომ შემეძლო აბეზარი შეყვარებულივით მისი თავიდან მოცილება, მაგრამ სინამდვილეში  უკიდურესად მტკივნეულად  ერთნი ვიყავით, და როცა საკუთარ თავს ვუხსნიდი, აი, ესაა შიმშილი-მეთქი, სწორედ ეს იყო შიმშილი, რომელიც საუბრობდა და ამით მე მასხრად მიგდებდა. ბოროტი, ბოროტი დრო! მაჟრჟოლებს, როცა მას ვიგონებ, ცხადია, არა მარტო ტანჯვის გამო, რომელიც მაშინ განვიცადე, არამედ, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ მაშინ არ დავასრულე ყველაფერი, რადგან ეს ტანჯვა კიდევ ერთხელ უნდა გამოვცადო, თუკი რამის მიღწევა მსურს, რადგან  შიმშილს დღესაც მივიჩნევ ჩემი გამოკვლევის უკანასკნელ და უძლიერეს საშუალებად. შიმშილზე გადის გზა, დიადი რამ  მხოლოდ უდიდესი წარმატებით მიიღწევა, თუკი საერთოდ შეიძლება ამის მიღწევა, და ეს უდიდესი წარმატება ჩვენში ნებაყოფლობითი შიმშილია. როცა იმ ხანას ვიხსენებ, – და ყვლაზე დიდ სიამოვნებით მასში ვიქექები, – ვიხსენებ იმ დროსაც, რომელიც მემუქრება. ისე ჩანს, თითქოს მთელი ცხოვრება უნდა გადახაზო, სანამ ამდაგვარი ცდისგან დაისვენებ; მთელი ჩემი მოწიფულობის წლები მაშორებს იმ შიმშილისგან, მაგრამ მისგან მოსვენებული ჯერ კიდევ არა ვარ. შემდგომ, თუკი ისევ დავიწყე შიმშილობა, წინანდელთან შედარებით მეტი გაბედულება მექნება, რადგან უფრო დიდი გამოცდილება მაქვს და უკეთ შევიცანი ცდის აუცილებლობა, მაგრამ ძალები უფრო გამომელია, იმ დროიდან მოყოლებული, უკვე კიდეც გამომეცალა არაქათი ცნობილი შიშის ცარიელ მოლოდინში. ჩემი შესუსტებული მადა არ დამეხმარება, ის ცოტათი აუფასურებს კიდეც ექსპერიმენტს და ალბათ კიდევ მაიძულებს, იმაზე ხანგრძლივად ვიშიმშილო, ვიდრე ეს მაშინ იქნებოდა საჭირო. მჯერა, ამ და სხვა პირობებში გავერკვევი, წინასწარი ცდებიც   არ მაკლდა დროის ამ დიდ  მონაკვეთში, შიმშილისაგან საკმაოდ ხშირად მიკაწკაწებდა კბილები, მაგრამ კატასტროფამდე საქმე არ მისულა, და ახალგაზრდობის მიუკერძოებელი აგრესია, ბუნებრივია, კარგა ხანია, წარსულს ჩაბარდა. ის გაქრა მაშინ, შუა შიმშილობის დროს. ზოგიერთი მსჯელობა მტანჯავდა. ჩვენი წინაპრები იმუქრებოდნენ. ყველაფერში დამნაშავედ მათ მივიჩნევ, თუმცა ამის თქმას ოფიციალურად ვერ ვბედავ; მათ დანაშაული მიუძღვით ძაღლური ცხოვრების წინაშე და მე შემეძლო მუქარაზე იქით მეპასუხა მუქარით, მაგრამ ქედს ვიხრი მათი ცოდნის წინაშე; ეს მოდის ტანჯვისგან, რომელსაც აღარ ვიცნობთ, ამიტომ მე გავთავისუფლდი ილუზიებისაგან, თუმცა შინაგანად გული მიმიწევს მათთან საჩხუბრად, არასოდეს გადავაბიჯებ მათს კანონებს მხოლოდ კანონის ნაკლოვანებათა მეშვეობით, რომელთაც  შორიდან  შევიგრძნობ. შიმშილობის თვალსაზრისით მოვიხმობ ცნობილ საუბარს, რომლის დროსაც ერთ-ერთმა ჩვენმა ბრძენმა გამოთქვა სურვილი, აეკრძალათ შიმშილობა, მეორემ კი გადაათქმევინა: „ოდესმე ვინმე იშიმშილებს?“ პირველი დაეთანხმა ამ აზრს და საკუთარი აკრძალვისგან თავი შეიკავა. აი, ისევ წამოიჭრება შეკითხვა: „განა სინამდვილეში შიმშილობა აკრძალული არაა?“ კომენტატორთა დიდი უმრავლესობა ამას უარყოფს, შიმშილობას უყურებს ნებადართულად, მეორე ბრძენის თვალსაზრისს იზიარებს და ამიტომ არ აშინებს მცდარი კომენტირებით გამოწვეული ცუდი შედეგები. ამაში ნამდვილად დავრწმუნდი, სანამ შიმშილობას დავიწყებდი. მაგრამ ახლა, როცა შიმშილისაგან ვიკრუნჩხებოდი, გონებრივი ქაოსის ჟამს, ხსნას ვეძებდი ჩემს უკანა ფეხებში და  სასოწარკვეთილი ვლოკავდი მათ, ვღეჭავდი, ვწუწნიდი, ანალურ ხვრელამდეც კი; იმ საუბრის ზოგადი განმარტება სრულიად ყალბად მეჩვენებოდა, მე ვწყევლიდი კომენტატორულ მეცნიერებას, ვწყევლიდი საკუთარ თავს, რომ მათს ცდუნებას ავყევი; საუბარი,  ამას ბავშვიც კი მიხვდებოდა, შეიცავდა შიმშილობის აკრძალვაზე მეტს; პირველ ბრძენს სურდა შიმშილობის აკრძალვა, რაც ერთ ბრძენს უნდოდა, უკვე მოხდა, მაშასადამე, შიმშილობა აკრძალულია, მეორე ბრძენმა არა მარტო კვერი დაუკრა, შიმშილობა საერთოდ შეუძლებლად მიიჩნია; ასე რომ, პირველ აკრძალვას ბრალად მეორეც დაუმატა: თავად ძაღლური ბუნების აკრძალვა. პირველმა ეს აღიარა და უარი თქვა კატეგორიულ აკრძალვაზე, ესე იგი, მან, ახსნის თანახმად, ძაღლებს მოსთხოვა, რომ გამოეჩინათ შორსმჭვრეტელობა  და საკუთარი თავისთვის თვითონ აეკრძალათ შიმშილობა. მაშასადამე, სამმაგი აკრძალვა ჩვეულებრივი ერთის ნაცვლად, და მე ეს დავარღვიე. ახლა დაგვიანებით მაინც უნდა დამეჯერებინა და შემეძლო შემეწყვიტა შიმშილობა, მაგრამ შუა ტკივილში  გრძელდებოდა ცდუნება, ისევ მეშიმშილა, და მე დავყევი ამ ლტოლვას, როგორც უცნობ ძაღლს. მე არ შემეძლო შემეწყვიტა, ეგებ უკვე ძალზე სუსტად ვიყავი, რათა ავმდგარიყავი და დასახლებულ მიდამოებში გადამერჩინა თავი. აქეთ-იქით ვბორგავდი ტყის თივაზე, ძილი აღარ შემეძლო, ყველგან ხმაური მესმოდა, მეჩვენებოდა, რომ ამ ცხოვრებამდე არსებული მძინარე სამყარო ჩემი შიმშილობით გავაღვიძე; ისეთი წარმოდგენა მქონდა, თითქოს ვერასოდეს ვეღარ შევძლებდი ჭამას, ასე მეგონა, რადგან ამით გათავისუფლებული მოხმაურე სამყარო ისევ უნდა დამედუმებინა, და ეს უნარი არ შემწევდა; ყველაზე დიდი ხმაური კი საკუთარ მუცელში მესმოდა, ხშირად მას ყურს დავადებდი და მზერა აუცილებლად  სასწარკვეთილი მიხდებოდა, რადგან არც კი შემეძლო დამეჯერებინა, რაც მესმოდა. და რადგან მთლად ცუდად იყო საქმე, მეჩვენებოდა, რომ თავბრუსხვევა მთელ ჩემს ბუნებას მოედო, ის უაზროდ ეძებდა ხსნას; მე დავიწყე საჭმელების ყნოსვა, რჩეული საჭმელებისა, რომლებიც დიდი ხანია არ მეჭამა, ჩემი ბავშვობის სიხარულისა, დიახ, მე ვგრძნობდი დედაჩემის ძუძუების სურნელს, – დამავიწყდა ჩემი გადაწყვეტილება, რომ  სურნელებისთვის  წინააღმდეგობის გაწევა მსურდა, ან უფრო სწორი იქნება, რომ ის არც დამვიწყებია; გადაწყვეტილებით, თუკი ეს ამის შესაფერისი გადაწყვეტილებაა, დავხეტიალობდი ყოველ მხარეს,  სულ ორიოდე ნაბიჯი და ვყნოსავდი, თითქოს მხოლოდ საჭმელი მინდოდა, რომ მისგან თავი დამეცვა. რომ ვერაფერს ვპოულობდი, ეს იმედს არ მიცრუებდა; საჭმელები აქვე იყო, მხოლოდ ორიოდე ნაბიჯის იქით, ფეხები წინასწარ მეკვეთებოდა. ამავდროულად მართლა ვიცოდი, რომ იქ არაფერი იყო,  და რომ პატარ-პატარა მოძრაობებს მხოლოდ იმის შიშით ვაკეთებდი, საბოლოოდ არ გავთავებულიყავი ერთ ადგილზე, რომელსაც უკვე ვეღარ დავტოვებდი. უკანასკნელი იმედები იფანტებოდა, უკანასკნელი ცდუნებები, აქ უბადრუკად დავიღუპებოდი, რა უნდოდა აქ ჩემს გამოკვლევებს, ბავშვურ ცდებს ბავშვურად ბედნიერი დროიდან, აქ და ახლა იყო სერიოზული საქმე; აქ გამოკვლევას შეეძლო დაემტკიცებინა თავისი ღირებულება, მაგრამ სად იყო ის? აქ იყო მხოლოდ  ძაღლი, სიცარიელეს უმწეოდ რომ ეტანებოდა, რომელიც სპაზმური აჩქარებით ისე, რომ თვითონ ამას ვერ ამჩნევდა, მიწას ასველებდა, მაგრამ თავის მეხსიერებაში დახვავებული ჯადოსნური შელოცვებიდან უმცირესსაც კი ვერ იხსენებდა, იმ პატარა კუპლეტსაც კი, რომლითაც ჩვილნი დედის მუცელქვეშ თვლემენ. ასე მეგონა, აქ მხოლოდ მცირე ხნით სარბენად კი არ დავშორებივარ ჩემს ძმებს, არამედ მათგან უსასრულოდ შორს ვიყავი და თითქოს აქ შიმშილისაგან კი არ ვკვდებოდი, არამედ ჩემი მარტოობისაგან. აშკარა იყო, რომ არავინ დარდობდა ჩემზე, არავინ დედამიწის ზურგზე, არავინ მიწაზე, არავინ ზეცაში, მათი გულგრილობისაგან ვიღუპებოდი. მათი გულგრილობა ამბობდა: ის კვდება და ასეც უნდა მომხდარიყო. და განა ამას მე არ ვეთანხმებოდი? მართალი არ იყო? მეც იმავეს არ ვამბობდი? განა ეს მარტოობა არ მინდოდა? ალბათ, ეჰეი, ძაღლებო, მაგრამ არა იმისთვის, რომ აქ აღესრულოთ, არამედ მაღლა, ჭეშმარიტებამდე რომ მიგეღწიათ სიცრუის აქაური სამყაროდან, სადაც საკუთარ თავს ვერავინ პოულობს, რომლისგანაც შეიძლება ჭეშმარიტების გაგება, ჩემგანაც კი არა, დაბადებიდან სიცრუის მოქალაქისაგან. შეიძლება ჭეშმარიტება არც ისე შორს იყო, და მეც – არც ისე მიტოვებული, როგორც მეგონა, სხვებისგან მიტოვებული კი არა, მხოლოდ საკუთარი თავისაგან, რომელსაც მე ვუმტყუნე და მოვკვდი.

მაგრამ ასე სწრაფად არ კვდებიან, როგორც ერთ ნერვულ ძაღლს სჯერა. მხოლოდ გონება დავკარგე; და როცა აზრზე მოვედი და თვალები გავახილე, ჩემ წინ უცხო ძაღლი იდგა. შიმშილით აღარ მშიოდა, ძალიან მოღონიერებული ვიყავი, სახსრებშიც ძალას ვგრძნობდი, ჩემი აზრით, თუმცა არც ვცდილობდი ადგომას. ავიხედე და თავისთავად არც ისე ჩვეულებრივი რამ დავინახე: ჩემ წინ იდგა ლამაზი, მაგრამ არცთუ უჩვეულო ძაღლი; ეს დავინახე, სხვა არაფერი, და მაინც მჯეროდა, ჩვეულებრივზე ხშირად ვიყურებოდი მისკენ. ჩემ ქვევით სისხლი იყო. პირველ წუთებში ვიფიქრე, საჭმელია-მეთქი, მაგრამ მაშინვე შევნიშნე, რომ სისხლი იყო, რომელიც მე ამომაღებინა. შევბრუნდი და უცხო ძაღლსაც ზურგი ვაქციე. ის გამხდარი იყო, მაღალფეხება, ყავისფერი, აქა-იქ თეთრად დალაქული, და ჰქონდა ლამაზი, ძლიერი, დაკვირვებული მზერა.  „აქ რას აკეთებ?“ – მითხრა მან, – „შენ აქედან უნდა წახვიდე“. „მე ახლა არ შემიძლია წასვლა“, – ვუთხარი ახსნა-განმარტების გარეშე, რადგან როგორ უნდა ამეხსნა მისთვის ყველაფერი, თანაც ეტყობოდა, რომ ეჩქარებოდა. „გთხოვ, წადი“, – მითხრა და აღელვებით სწევდა მაღლა ხან ერთ ფეხს, ხან მეორეს. „მომეშვი“, – ვუთხარი, – „წადი და ჩემზე ნუ დარდობ, სხვებიც არ დარდობენ ჩემზე“. „ამას შენი გულისთვის გთხოვ“, – თქვა მან. „მთხოვე, რა მიზეზითაც გინდა“, – ვუთხარი, – „მე ვერ წავალ, რომც მინდოდეს“. „ეს არაფერია“ – თქვა ღიმილით, – „შენ შეგიძლია სიარული. სწორედ იმიტომ, რომ თავი უღონო გეჩვენება, გთხოვ, ნელა წადი აქედან, თუ შეყოვნდები, შემდეგ სირბილი მოგიწევს“.  „ეს ჩემი სადარდებელია“, – ვთქვი მე. „ჩემიცაა“, – თქვა მან, ჩემი შეუვალობით დაღონებულმა; როგორც ჩანს, უნდოდა დროებით აქ დავეტოვებინე, მაგრამ ვითარებას იყენებდა და ცდილობდა სიყვარულით დაახლოებას. სხვა დროს ამას სიამოვნებით ავიტანდი ლამაზი არსებისაგან, მაგრამ ეს მაშინ მე არ მესმოდა და საშინელმა გრძნობამ შემიპყრო ამის გამო. „აბა, მოუსვი!“, – დავუყვირე მით უფრო ხმამაღლა, თითქოს სხვაგვარად თავს ვერ დავიცავდი. მან ნელა დაიხია უკან, „კი, მე გაგიშვებ“, – მითხრა, – „შენ საოცარი ხარ. მე არ მოგწონვარ?“ „მომეწონები, თუკი აქედან წახვალ და მომეშვები“, – მაგრამ იმდენად არ ვიყავი თავში დარწმუნებული, როგორც ეს მინდოდა მისთვის მეჩვენებინა. რაღაცას ვხედავდი და მესმოდა მასში შიმშილით გამძაფრებული გრძნობებით; ეს იყო მხოლოდ დასაწყისი, იზრდებოდა, მიახლოვდებოდა და უკვე ვიცოდი, რომ ამ ძაღლს მართლა ჰქონდა იმის ძალა, აქედან გავეგდე, ახლა რომ ვერც კი წარმოიდგენ, როგორ მოახერხებდი მაშინ წამოდგომას. და მე  კიდევ უფრო ვნებიანად შევხედე მას, ვინც ჩემს უხეშ კითხვაზე მხოლოდ ლამაზად  გადააქნია თავი. „შენ ვინა ხარ?“ – ვკითხე.  „მე მონადირე ვარ“, – მითხრა. „და რატომ არ გინდა ჩემი აქ შემოშვება?“- ვკითხე. „შენ ხელს მიშლი“, – მითხრა მან, – „მე არ შემიძლია ნადირობა, როცა შენ აქა ხარ“. „სცადე“, – ვუთხარი, – „ეგებ კიდევ შეძლო ნადირობა“. „არა“, – მითხრა მან,- „ვწუხვარ, შენ უნდა წახვიდე აქედან“. „ნება მომეცი დღეს ვინადირო!“ – ვთხოვე. „არა“, – მითხრა, – „მე უნდა ვინადირო“. „მე უნდა წავიდე, შენ კი ინადირო“, – ვუთხარი. “ვალდებულება – მეტი არაფერი. შენ გესმის, რატომ ვართ ვალდებულები?“ „არა“, – თქვა მან, – „აქ გასაგები არაფერი არ არის, ეს თავისთავად ცხადი, ბუნებრივი რამაა“. „რას ამბობ, არა“, – ვთქვი მე, – „მართლა ვწუხვარ, რომ უნდა გამაგდო, და ამას მაინც აკეთებ“. „სწორედ ასეა“, – მითხრა მან. „სწორედ ასეა“, – გავიმეორე გაბრაზებით, – „ეს არ არის პასუხი. რაზე უფრო გაგიადვილდებოდა უარის თქმა, ნადირობაზე თუ ჩემს გაგდებაზე?“ „ნადირობაზე“, – თქვა უყოყმანოდ. „აბა“, – თქვა მან, – „აქ რაღაც წინააღმდეგობაა“. „მაინც რა წინააღმდეგობა?“- ვუთხარი; „შენ, საყვარელო ძაღლო, მართლა არ გესმის, რომ ვალდებული ვარ? არ გესმის ის, რაც თავისთავად ცხადია?“ მე აღარ ვპასუხობდი. რადგანაც შევნიშნე – და ახალმა სიცოცხლემ დამიარა სხეულში, ცხოვრება არსებობს, როგორც შიში, – მე ვგრძნობდი მოუხელთებელ წვრილმანებში, რომელთა შემჩნევა ჩემ გარდა არავის შეეძლო, რომ ძაღლმა მკერდის სიღრმიდან სიმღერის წამოწყება დააპირა. „შენ იმღერებ“, – ვუთხარი მე. „ჰო“, – თქვა სერიოზულად, – „მე ვიმღერებ მალე, მაგრამ ჯერ არა“. „შენ უკვე იწყებ“, – ვუთხარი. „არა“,- თქვა, – „ჯერ არა, მაგრამ მოემზადე“. „მე ეს უკვე მესმის, თუმცა შენ უარყოფ“, – ვუთხარი კანკალით. ის დუმდა. და მაშინ მჯეროდა, რომ რაღაც შევიცანი, რაც სხვა არც ერთ ძაღლს შემდეგ არ გაუგია, თქმულებებშიც კი ამის შესახებ ოდნავი მინიშნებაც არ მოიპოვებოდა და მე აჩქარებით ჩავმალე სახე უსასრულო შიშითა და სირცხვილით სისხლის გუბეში ჩემ წინ. მჯეროდა, რომ ეს შევიცანი: ძაღლი უკვე მღეროდა ისე, რომ ჯერ კიდევ არ იცოდა; კიდევ მეტი, რომ მელოდია, მისგან დაცილებული, საკუთარი წესის მიხედვით ლივლივებდა ჰაერში და მის ზემოთ, თითქოს მას არც ეკუთვნოდა, მხოლოდ ჩემთვის, ჩემთვის იყო გამიზნული. – დღეს, ბუნებრივია, უარვყოფ ყველა ამგვარ აზრს და ამას ჩემს მაშინდელ ზეაღგზნებულობას მივაწერ, მაგრამ თუნდაც ეს შეცდომა ყოფილიყო, მას მაინც ჰქონდა ერთგვარი დიდებულება; ეს ერთადერთი, თუმცა მოჩვენებითი სინამდვილეა, რომელიც შიმშილობის ჟამიდან გადავარჩინე და ამ სამყაროში მოვიტანე; ეს იმას მაინც აჩვენებს, სანამდე შეიძლება შეტოპო, როცა საკუთარ თავზე უარს ამბობ. და მე მართლაც მთლიანად უარი ვთქვი ჩემს თავზე. ჩვეულებრივი სიტუაციის დროს მძიმე ავად ვიქნებოდი, განძრევის უნარიც არ მექნებოდა, მაგრამ მელოდიას, რომელიც, როგორც ჩანს, ძაღლმა მალე საკუთარივით მიიღო, წინააღმდეგობას ვერ ვუწევდი. ის სულ უფრო ძლიერდებოდა: უსაზღვროდ იზრდებოდა და უკვე თითქმის სმენას მიხშობდა. ყველაზე ცუდი ის იყო, რომ თითქოს მხოლოდ ჩემი გულისთვის არსებობდა ეს ხმა, რომლის ხავერდოვნებით ტყე მუნჯდებოდა, მხოლოდ ჩემი გულისთვის; ვინ ვიყავი მე, აქ დარჩენას ჯერ კიდევ რომ ვერ ვბედავდი და მის წინაშე საკუთარ ჭუჭყსა და სისხლში ვყოყოჩობდი? აკანკალებული წამოვდექი, ქვევით დავიხედე; ასეთ მდგომარეობაში ვერავინ ირბენს, ვფიქრობდი ჯერ კიდევ, მაგრამ მელოდია მომდევდა და უმშვენიერესი ნახტომებით მივფრინავდი იქით. ჩემი მეგობრებისთვის არაფერი მომიყოლია, ალბათ ყველაფერს ვუამბობდი ჩამოსვლისთანავე, მაგრამ ახლა სუსტად ვიყავი, არა მგონია, მოგვიანებითაც შემძლებოდა ამის გადმოცემა. გადაკრული მინიშნებები, რომელთა ჩახშობას თავს ვერ ვაიძულებდი, უკვალოდ დაიკარგა საუბრებში. სხვათა შორის, ფიზიკურად დასასვენებლად რამდენიმე საათი მყოფნის, სულიერად კი დღემდე ვგრძნობ მის შედეგებს.

ჩემი გამოკვლევები გადავიტანე ძაღლების მუსიკაზეც. ცხადია, მეცნიერება აქაც არ იყო პასიური, მეცნიერება მუსიკის შესახებ, თუკი ამაში კარგად ვარ გათვითცნობიერებული, შესაძლებელია უფრო ვრცელიცაა, ვიდრე მოძღვრება საკვების შესახებ, ყოველ შემთხვევაში, უფრო მყარად დასაბუთებული. ეს იმით აიხსნება, რომ ამ სფეროში ნაკლები გატაცებით შეიძლება მუშაობა, ვიდრე იმაში, და რომ აქ საქმე ეხება მხოლოდ დაკვირვებასა და სისტემატიზაციას, იქ კი, პირიქით,  უპირველეს ყოვლისა, პრაქტიკულ შედეგებს ეყრდნობა; ამაზეა დამოკიდებული, რომ  მუსიკათმცოდნეობას მეტ პატივს სცემენ, ვიდრე მეცნიერებას საკვების შესახებ; პირველი კი ხალხში ისე ღრმად ვერასოდეს შეაღწევს, როგორც მეორე. მეც, სანამ ტყეში იმ ხმას გავიგონებდი, მუსიკათმცოდნეობისგან უფრო შორს ვიყავი, ვიდრე რომელიმე სხვა დარგისგან.

მუსიკოს ძაღლებთან მომხდარმა ამბავმა უკვე ამაზე მიმანიშნა, მაგრამ მაშინ ძალზე ახალგაზრდა ვიყავი. თან ადვილიც არ არის ამ მეცნიერებას მიუახლოვდე, მას განსაკუთრებულად რთულად მიიჩნევენ და მასებისთვის კეთილშობილურად იხშობა. თუმცა მუსიკა იმ ძაღლებთანაც აშკარად გამორჩეული იყო, მაგრამ მუსიკაზე მნიშვნელოვნად მეჩვენება მათი თავშეკავებული ძაღლურობა, ხოლო იმ საშიშ მუსიკასთან რამე მსგავსება საერთოდ ვერსად ვიპოვე; მე უმალ შემეძლო არაფრად ჩამეგდო ის, მაგრამ მათი არსი, იმ დროიდან მოყოლებული, ყველგან ყველა ძაღლში მხვდება. ძაღლების არსში ჩასაწვდომად მე გაცილებით მოხერხებულად მეჩვენებოდა გამოკვლევები საკვების შესახებ, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის  გარეშე რომ მიგიყვანს მიზანთან. ეგებ ამაში მართალი არ ვიყავი.

ორივე მეცნიერების მომიჯნავე სფერომ უკვე მაშინ მიიპყრო ჩემი დამაფიქრებელი ყურადღება. ეს იყო მოძღვრება ზეციდან საკვების გამოსახმობი სიმღერის შესახებ. აქ ჩემთვის ისევ ხელის შემშლელია, რომ მუსიკათმცოდნეობაში სერიოზულად არასოდეს შევჭრილვარ და ამ თვალსაზრისით არც შემიძლია მივეკუთვნებოდე მეცნიერებისთვის განსაკუთრებით საძულველ ნახევრად განსწავლულთა რიცხვს. და ეს ყოველთვის თან მდევს. რომელიმე მეცნიერის წინაშე და, სამწუხაროდ, საამისო მტკიცებულებებიც მაქვს, უადვილეს სამეცნიერო გამოცდასაც კი ძალზე ცუდად ჩავაბარებდი. ამას, ბუნებრივია, აქვს თავისი მიზეზები, თუკი ყურადღებას არ მივაქცევთ უკვე ზემოთ ნახსენებ ცხოვრებისეულ პირობებს, უწინარეს ყოვლისა, ესაა ჩემი სამეცნიერო უუნარობა, აზროვნების მცირე ძალა, ცუდი მეხსიერება და უპირველესად, უუნარობა, რომ სამეცნიერო მიზანი ყოველთვის თვალწინ მქონოდა. ყველაფერ ამას საკუთარი თავის წინაშე დაუფარავად ვაღიარებ, გარკვეული სიხარულითაც კი. რადგან ჩემი სამეცნიერო უუნარობის უფრო ღრმა მიზეზად მეჩვენება ინსტინქტის არსებობა და, სიმართლე ითქვას, არცთუ ისე ცუდი ინსტინქტისა.

 

თავის მოწონება რომ მინდოდეს, შემეძლო მეთქვა, რომ სწორედ ამ ინსტინქტმა მოსპო ჩემი მეცნიერული უნარი, რადგან ძალიან უცნაური და უჩვეულო იქნებოდა, რომ მე ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ცხოვრებისეულ ამბებში, რომლებიც, ცხადია, რომ   უმარტივესი არ არის, საკმაო გაგების უნარს ვამჟღავნებ და, უპირველეს ყოვლისა,  თავად მეცნიერების თუ არა, სწავლულებისა მაინც ძალიან კარგად მესმის, რაც ჩემს შედეგებში შეიძლება გადამოწმდეს, და მე ნამდვილად უუნარო ვიქნებოდი, თათი ამეწია მეცნიერების პირველ საფეხურამდე მაინც. ეს იყო ინსტინქტი, რომელიც ეგებ სწორედ მეცნიერების გულისთვის გამოიყენება, დღეს არსებული ჩვეულებრივი მეცნიერებისთვის კი არა, არამედ სხვა მეცნიერების გულისთვის, ერთ-ერთი საბოლოო და უკანასკნელი მეცნიერებისათვის, რომელიც თავისუფლებას ყველაფერზე მეტად აფასებს. თავისუფლება! ცხადია, თავისუფლება, რომელიც დღეს შესაძლოა, უბადრუკი მცენარეა, მაგრამ მაინც თავისუფლებაა, მაინც საკუთრებაა.

1922

Facebook Comments Box