თარგმანი

ფრენსის სკოტ ფიცჯერალდისა და ზელდა სეირის პირადი მიმოწერა

„მგრგვინავი“ ოციანი წლები, „ჯაზის ეპოქა“… ეს სიტყვები დიდწილად თავაშვებულობასთან, ზღვარგადასულ გართობასთან და დიდებულ თავგადასავლებთან ასოცირდება ხოლმე, თუმცა ყოველი ასეთი ამბის უკან ხშირად დიდი ადამიანური ტრაგედია იმალება. ფრენსის სკოტ ფიცჯერალდისა და მისი მეუღლის, ზელდა სეირის ისტორიაც სწორედ ასეთია. დიდებული სახელის მქონე მწერალი და ლამაზი, ექსტრავაგანტული გოგონა, რომელსაც დალევა უზომოდ უყვარდა. ამგვარად ახასიათებდნენ ჟურნალ-გაზეთები ფიცჯერალდების ოჯახს. მათ შესახებ არაერთი სტატია დაწერილა. ჟურნალისტები ცდილობდნენ, რაც შეიძლება მეტი სკანდალური ამბავი მოეგროვებინათ წყვილის შესახებ, ამიტომ თუკი მკვლევარი დაინტერესდება მათი ისტორიით, ზღვა მასალა ექნება დასამუშავებლად. სკოტმა თავისი მომავალი მეუღლე პირველად 1918 წლის ივლისში ნახა, როცა მონტგომერში, სეირების სახლში ესწრებოდა წვეულებას. იმ პერიოდში ზელდა მართლაც ძალიან პოპულარული გოგონა იყო, სკოლა ახალი დამთავრებული ჰქონდა და მთხოვნელიც ბევრი ჰყავდა. როგორც ამბობენ, სკოტს ის პირველი დანახვისთანავე მოეწონა და გადაწყვიტა ცხოვრების მასთან დაკავშირება. ამაზე მეტყველებს მისი ჩანაწერიც დღიურში: „ამ წლებს (იგულისხმება 1918-1919 წლები, მთარგმ.) დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის. აუცილებელია, რომ ბევრი ვიშრომო და ამასთან განუწყვეტლივ ვიფიქრო ზელდაზე…“

მართალია, სკოტი პრინსტონში სწავლით დიდად არ გამოირჩეოდა, მაგრამ მას დიდი ოცნებები ჰქონდა. ერთხელ თავის მეგობარს, ედმუნდ უილსონს გაუმხილა, რომ მას ორი რამ სურდა: გამხდარიყო ყველაზე დიდი მწერალი და ჰყოლოდა საოცნებო ქალი გვერდით. როგორც მისი ბიოგრაფები თანხმდებიან, იყო პერიოდი, როცა სკოტმა ორივეს მიაღწია. ჯერ იმ დროისთვის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი რომანი „სამოთხის ამ მხარეს“ დაწერა, შემდეგ კი რამდენიმე დღეში ზელდა მოიყვანა ცოლად. თუმცა ამ წყვილს ყოველთვის როდი უმართლებდა. მათი ერთობლივი ცხოვრება საკმაოდ მძიმედ აეწყო, ვინაიდან ორივეს საერთო ინტერესების გარდა, უამრავი განსხვავებული მისწრაფება გააჩნდა. ზელდა მუდამ სვამდა, განუწყვეტლივ ეჭვიანობდა და არც ღალატს ერიდებოდა. სკოტი კი, რომელიც გამუდმებით საქმეზე იყო კონცენტრირებული, რათა ცოლის მოთხოვნები დაეკმაყოფილებინა, ნელ-ნელა გადაიწვა (სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ უცხო ქალებთან ურთიერთობას არც ის ერიდებოდა). წარმატებას მალე მოჰყვა წარუმატებლობები, ვერ გაამართლა მისმა მეორე რომანმა „დიდმა გეტსბიმ“, რომელსაც ავტორი ერთგვარ შემობრუნების წერტილად განიხილავდა. მიუხედავად იმისა, რომ მას საკმაოდ კარგ შეფასებას აძლევდნენ კრიტიკოსები, მკითხველმა ეს ნაწარმოები არ მიიღო. ყოველწლიური ხარჯები მატულობდა, გამოსავალი კი არსად ჩანდა. ყველაფერ ამას ზელდას ჯანმრთელობის პრობლემები დაერთო. სკოტს მისი სანატორიუმში მოთავსება მოუწია. ერთხელ ჰემინგუეიმ უთხრა ფიცჯერალდს, ზელდა შენ ხელს გიშლის და თუ დროულად არ მოიშორებ, შეიძლება დაგღუპოს კიდეცო. მართალია, სკოტი ამაზე გაღიზიანდა და ერნესტთან უსიამოვნება მოუვიდა, თუმცა მისი რამდენიმე ბიოგრაფი შენიშნავს, რომ ამ სიტყვებში ერია სიმართლის მარცვალი.

ერთი რამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას – სკოტმა და ზელდამ ძალიან საინტერესო ცხოვრება განვლეს. მათ ერთობლივად გამოცადეს, თუ როგორ შეიძლება მოექცე ჯერ მწვერვალზე, მერე კი ერთიანად დაენარცხო და ვეღარ მოახერხო წამოდგომა. სწორედ ამიტომ არის, რომ მათი პირადი მიმოწერაც სამ ნაწილად იყოფა. პირველი ნაწილი ცოლ-ქმრობამდე არსებულ პერიოდს ასახავს და შესაბამისად ის უფრო მგზნებარე განცდებითაა აღსავსე, მაშინ როცა ცოლ-ქმრობის პერიოდს სკოტი სრულიად სხვაგვარად აღწერს. აქ თითქოს გამქრალია ყოველგვარი აღმაფრენა და ყველა პრობლემა გაშიშვლებულია. მესამე ნაწილი უკვე ბოლო წლებს მოიცავს, როცა ზელდა უმეტესად სანატორიუმიდან სწერს სკოტს. ისინი თითქოს ერთობლივად მიყვებიან განვლილ ცხოვრებას, განიხილავენ მის ყოველ ასპექტს და ცდილობენ, დაინახონ ის პრობლემები, რომლებიც მათ წინაშე იდგა და გადალახვა ვერ მოახერხეს. ფაქტი ერთია, ამ ურთიერთობამ ორივე გაანადგურა. სკოტი 1934 წელს, ერთ-ერთ წერილში სწერდა ზელდას: „ჩვენი ურთიერთობის პირველი წლები და მთელი ის დიდებული ამბები, რაც თავს გადაგვხვდა… ყოველთვის იარსებებს ჩემში.“

ქვემოთ არსებული პირადი მიმოწერა სწორედ ამაში გვარწმუნებს, რომ ის ისტორია არსად გამქრალა, პირიქით, მან უფრო მეტი მნიშვნელობა შეიძინა, ვიდრე ამ ორ ადამიანს თავიანთ სიცოცხლეში წარმოედგინა.

აღნიშნული წერილების თარგმანი შესრულებულია წიგნიდან “Dear Scott, Dearest Zelda”, რომელიც 2003 წელს გამოიცა და დღემდე ამ ავტორთა პირადი მიმოწერის ყველაზე სრულყოფილ ანთოლოგიად მიიჩნევა.

 

ინგლისურიდან თარგმნა და შესავალი დაურთო გიორგი მაჭარაშვილმა

 

პირველი ნაწილი – ქორწინებამდელი პერიოდი

 

22 თებერვალი, 1919 წელი

ნიუ-იორკი

მის ზელდა სეირს

მონტგომერი, ალაბამა

ძვირფასო,

ჩემი გული სავსეა დიდი ენთუზიაზმითა და შემართებით, რომელიც მე თავდაჯერებას მმატებს და მარწმუნებს, რომ ყველაფერი დიდებულის შეცნობა შემიძლია. ეს სამყარო ერთ დიდ თამაშს ჰგავს და სანამ შენი სიყვარული თან მდევს, მჯერა, რომ ბევრი რაღაცის მიღწევა ძალმიძს. ახლა წარმატებითა და ამბიციური ამბებით სავსე მიწაზე ვიმყოფები და ჩემს ერთადერთ ფიქრსა და იმედს შენ წარმოადგენ. მსურს, რომ რაც შეიძლება მალე კვლავ გიხილო.

მარტი, 1919 წელი

მონტგომერი, ალაბამა

საყვარელო,

გთხოვ, გევედრები, არ დადარდიანდე. დამიჯერე, ჩვენი ღამეული მარტოსულობა ძალიან მალე სამუდამოდ დასრულდება, როდესაც ვიქორწინებთ. სანამ ერთად ვართ, იცოდე, რომ მე ვაღმერთებ დღისა და ღამის ყოველ წუთს. ჩემთვის თითოეული მათგანი უძვირფასესია. შეიძლება კარგად ვერც გამიგო, მაგრამ ხანდახან, როცა ყველაზე მეტად მოგისაკლისებ ხოლმე, წერა ძალიან მიჭირს. შენ ყოველთვის ხვდები ჩემს განწყობას, როდის ვგრძნობ თავს მშვიდად და როდის მომიცავს ენით აღუწერელი ტკივილი, რომელსაც ხშირად ვერც კი გამოვთქვამ. ერთად რომ ვიყოთ, უცილობლად მიხვდებოდი თუ რაოდენ სულისშემძვრელია ჩემი განცდები. იცი? მელანქოლია ძალიან გიხდება. მიყვარს შენი ფაქიზი მიმართება სევდისადმი. სწორედ ამიტომ არ ვნანობ ხოლმე ჩვენს არც ერთ უთანხმოებას. როცა რაიმე გწყინს ჩემგან, ჩემო ძვირფასო, ამ მწუხარებას, მცირე აღელვებასაც კი იმდენად ნაზად გამოხატავ, რომ ყოველთვის მინდება შენი კოცნა და შემდგომ ყველაფერი დავიწყებას ეძლევა.

სკოტ, დამერწმუნე, ამ სამყაროში შენი სიახლოვისა და სიყვარულის გარდა სხვა არაფერი მსურს. ყველაფერი მატერიალური ჩემთვის ყოველგვარ აზრს კარგავს. კარგად იცი, რაოდენ აუტანელია ჩემთვის ეს გულის ამრევი, უფერული სიცოცხლე, მაშინ, როცა შენ დღითიდღე კიდევ უფრო ნაკლებად გიყვარვარ და მე არაფერი, მართლაც რომ, არაფერი ძალმიძს, რათა შენი გული ისევ დავისაკუთრო და კვლავ ჩემად ვაქციო. ასე ცხოვრება ნამდვილად არ მსურს. ჩემთვის მთავარია, რომ გიყვარდე და დაე, შემთხვევითობამ განსაზღვროს ჩემი სიცოცხლე, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. განა ვერ გრძნობ, რომ მთელი გულით გელოდები? მე შენი გავხდები, ჩემო საყვარელო, როცა ამის დრო მოვა.

არასდროს, არასდროს იფიქრო იმაზე, რომ რაიმეს გაკეთებას ვერ შეძლებ ჩემთვის. შენ მთელი არსებით მომენდე და ეს განცდა იმდენად ძლიერია, რომ დარწმუნებული ვარ ის ჩემამდე არავის განუცდია ამ სამყაროში…

დაფიქრდი, თუ შეგიძლია ცხოვრების ჩემ გარეშე წარმოდგენა? თუკი, შენ მოკვდები, ო, ძვირფასო სკოტ, ეს მე დამაბრმავებს. ვიცი, რომ შენი სიკვდილი მეც მომკლავს, ვინაიდან ჩემს ცხოვრებას არანაირი აზრი არ ექნება, მხოლოდ რაღაც ლამაზ დეკორაციად გადავიქცევი. არ ფიქრობ, რომ მე სწორედ შენთვის ვარ შექმნილი? ხანდახან ვგრძნობ კიდეც, რომ შენ თითქოს შეუკვეთე ჩემი თავი და მე ჩამოვედი, რათა შენი ნაწილი გავმხდარიყავი. ძალიან მინდა, რომ ჩემით შეიმოსო და მუდამ თან დამატარებდე სამკაულის ანდაც ბუტონიერის მსგავსად. მაშინ, როდესაც მარტონი ვიქნებით, მე შენ დაგეხმარები, რათა აღმოაჩინო და გამოუტყდე შენს თავს, რომ ჩემ გარეშე არაფერი შეგიძლია.

მიხარია, რომ წერილი დედაჩემსაც მისწერე. შენი მონაწერი იმდენად გულწრფელი იყო, მეგონა, პავლე მოციქულის ტექსტს ვკითხულობდი, ძნელად მოსახელთებელსა და ამაღელვებელს. მთელი განვლილი ცხოვრების განმავლობაში არასდროს გამომდიოდა ჩემზე უფროსი ადამიანებისთვის რაიმეს თქმა. თითქოს ქვეცნობიერად ვცდილობდი თავიდან ამერიდებინა პირადი ცხოვრების დეტალების მათთვის გამხელა (ჩემი ოჯახის წევრებისთვისაც კი). ბავშვები ამ მხრივ ბევრად კარგი არსებები არიან.

ლივიმ[1], მე და მისმა ნიუ-იორკელმა მეგობარმა გადავწყვიტეთ მოდის ჩვენებაზე გამოვსულიყავით. რატომღაც მეგონა ეს ყველაფერი იოლი იქნებოდა, მაგრამ თურმე მწარედ ვცდებოდი. ეს საქმე ორ საათში რკინასავით გამძლე ქალსაც კი მოქანცავს, რომ არაფერი ვთქვა ჩემზე… ოცი წუთის შემდეგ თავს ათ-ცენტიანად ვგრძნობდი, რომელსაც 50 დოლარიანების შეკვრასთან ერთად მოათავსებენ. იცი? ვიღაც ბებერ ყეყეჩებს იმის თავხედობაც კი ეყოთ, რომ ჩემი საყვარელი კაბა შეეძინათ. ნეტავ, ხვალ რა უნდა ვქნა?

ისე, ერთიც უნდა ითქვას, რომ ამ სამუშაომ რაღაც ნუგეშისმომცემიც აღმომაჩენინა. მივხვდი, რომ საშუალოზე დაბალი ვარ, მაგრამ ეს სრულებითაც არ მიფუჭებს ხასიათს. პირიქით, თავს მშვენივრად ვგრძნობ.

წერილთან ერთად ჩემს ფოტოსაც გიგზავნი. ეს არც ისე სახასიათო პოზაა, მაგრამ თუკი კარგად დააკვირდები, იქნებ მსგავსებაც დაინახო ჩემსა და ღვთაებრივ მადონას შორის…

უკვე ხუთშაბათია და შენი გამოგზავნილი ბეჭედი ჯერ კიდევ არ მიმიღია. ერთი სული მაქვს, როდის მოვირგებ თითზე, რათა ყველამ კარგად დაინახოს…

მთელი გულით მიყვარხარ,

ზელდა

 

 

თებერვალი[2], 1920 წელი

მონტგომერი, ალაბამა

ჩემო ძვირფასო,

ჩვენი ზღაპარი ნელ-ნელა დასასრულს მიუახლოვდა. უკვე სადაცაა ვიქორწინებთ და შეგვეძლება ბედნიერად ცხოვრება. ახლა თავი ციხე-კოშკში დიდი ხნით გამოკეტილი პრინცესა მგონია, რომელიც დარდობდა შენზე, სკოტ, და თავს მუდმივად იტანჯავდა მოვლენათა უსიამოვნო მსვლელობის გამო. ძალიან ვწუხვარ, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში სიტყვაძუნწი და ხანდახან საზიზღარი არსებაც კი ვიყავი. ბოდიშს გიხდი ყოველი სევდანარევი წუთისათვის, რომლებიც წესით ბედნიერებით აღსავსე უნდა ყოფილიყო, ვინაიდან შენ გაცილებით მეტს იმსახურებ…

ვფიქრობ, რომ ჩვენი ცხოვრება განვლილი ოთხი დღის მსგავსი იქნება. მე მინდა გავხდე შენი ცოლი, მიუხედავად შენი ფიქრისა, რომ თითქოს ყველაფერ ამის მეშინია… ო, ნეტავ არ გეთქვა ეს სიტყვები. სიმართლე ხომ სრულებით სხვაა. მე არაფრის მეშინია, ვინაიდან რაღაცამ რომ შეგაშინოს, მაშინ აუცილებელია, რომ ადამიანი ან მხდალი იყო, ან განუზომლად დიდი (სახელოვანიც მათ შორის). კარგად იცი, რომ არც ერთი ეს თვისება არ გამაჩნია. ჩემთვის ისიც ნათელია, რომ შენ ბევრად უკეთ იზრუნებ ჩემზე, ვიდრე მე მოვახერხებ ამას ოდესმე.

მჯერა, რომ შენთან ერთად ყოველთვის განუზომლად ბედნიერი ვიქნები, გარდა იმ დღეებისა, როცა ერთმანეთს წავეკიდებით კამათისას… თუმცა მერწმუნე, მე მაშინაც დიდ სიამოვნებას განვიცდი. მიყვარს საკუთარი სიმშვიდე და მბრძანებლური ტონი, რომელიც შენ თავს გაკარგვინებს და გაბრაზებს. სრულებით არ მადარდებს, თუ რას ფიქრობ ჩემს ამ ქმედებაზე, მე კვლავაც გავაგრძელებ ასე მოქცევას.

ჩემს საწოლთან დახვავებულ ათას ნივთს შორის სამი სურათი ვიპოვე. მათ აქ აღმოჩენას ღრმად პატივცემულ დედაჩემს უნდა ვუმადლოდე. ამ ფოტოებზე ძალიან მომწონს ჩემი გაჩხინკული ფეხები. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ აზრს შენც გაიზიარებ. ამჟამად თავს უგუნებოდ ვგრძნობ, თითქოს შინაგანად დანგრეული ვარ.

ძვირფასო, ძალიან, ძალიან მაკლიხარ ახლა. მიყვარხარ და მინდა იცოდე, რომ შემდეგში, როცა შენთან ერთად ვიქნები, უშენობას ვეღარასდროს ავიტან. მე შენ გარეშე არაფერს წარმოვადგენ, თოჯინას ვგავარ, რომლადაც უნდა დავბადებულიყავი კიდეც, ალბათ. შენ ხარ ჩემთვის სიცოცხლის წყარო, ცხოვრების აზრი, სიმდიდრე და, რაც მთავარია, უძვირფასესი საყვარელი. იცოდე, მალე შენი ცოლის ღირსეული მეუღლეც უნდა გახდე.

 

30 მარტი, 1920 წელი

ნიუ-იორკი

მის ზელდა სეირს

მონტგომერი, ალაბამა

უკვე ვესაუბრე ჯონ პალმერსა და როზალინდას[3]. საბოლოოდ გადაწყდა, რომ შაბათს – შუადღისას დავქორწინდებით. ახლა ძალიან ვღელავ და დარწმუნებული ვარ ეს განცდა თავს არ დამანებებს, სანამ ყველაფერი არ დასრულდება. არ მგონია, რომ შვება ორშაბათამდე ვიგრძნო. ჩემი წიგნის პირველი გამოცემა სრულად გაიყიდა.

ყოველი შემთხვევისთვის გწერ მისამართსაც. ხუთშაბათამდე ჩემს სახლში ვიქნები, მერე კი სკრიბნერებთან.

სიყვარულით,

სკოტი

 

მეორე ნაწილი – ცოლქმრობა (1920-1929)

 

ზელდას

1930 წლის ზაფხული[4]

პარიზი ან ლოზანა

მონტგომერი,ალაბამა

დაწერილია ზელდას კლინიკაში ყოფნის პერიოდში

ყველაფერს სამხრეთიდან დაბრუნების შემდეგ მივხვდი. კაპრის დატოვებისთანავე თავი ბედნიერად ვიგრძენი, მაგრამ შენ თავს შეუძლოდ გრძნობდი, რის გამოც სახლში მხიარულებამ ვერ დაისადგურა.

დიდხანს ვიყავი დადარდიანებული, თუმცა ამისთვის საკმარისი მიზეზიც მქონდა. წელიწად-ნახევრის წინ სრული კრახი განიცადა ჩემმა პიესამ, რომელზე მუშაობასაც მთელი წელი შევალიე. ამავე პერიოდშივე დავწერე 12-მდე მოთხრობა, ერთი რომანი და ოთხი სტატია, თუმცა ჩემდამი ნდობა ყველას დაკარგული ჰქონდა. ერთადერთი, ვისაც ჩემი იმედი კვლავაც გააჩნდა, შენ იყავი, მაგრამ ისე მოხდა, რომ მერე გული აგიცრუვდა, მიღალატე და სამყაროში სრულიად მარტო დავრჩი. გვერდით აღარავინ მყავდა ისეთი, ვინც მთელი გულით მიყვარდა. სამწუხაროდ, დარდი რომშიც გაგვყვა თან. ნაწარმოებებზე მუშაობას კვლავაც აქტიურად განვაგრძობდი. რომში ყოფნისას კიდევ სამი მოთხრობა დავასრულე, მერე კი კაპრიში გავემგზავრეთ, სადაც თავი შეუძლოდ იგრძენი. იმ წუთას მეგონა, რომ საითაც არ უნდა გამეხედა, ყველგან უბედურება მელოდა და სამყაროში ბედნიერების ადგილი აღარსად დარჩენილიყო.

კაპრის შემდეგ პარიზში ჩამოვედით და თითქოს უცბად გავაცნობიერე, რომ ყველაფერი არც ისე უიმედოდ ჩანდა, ვიდრე წარმომედგინა. მალე წარმატებულიც გავხდი. ეს, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე დიდი რამ იყო, რაც მწერლობამ მომიტანა. პარიზში ყველა მაღმერთებდა, რაც სიამაყის განცდას მიჩენდა და მაგრძნობინებდა, რომ ეს ყველაფერი შრომად ღირდა. აქვე შევხვდით ჯერალდსა და სარას, რომლებიც მალევე გახდნენ ჩვენი მეგობრები. პარიზშივე გავიცანით ერნესტიც[5], ჩვენი ასაკის კაცი, რომელიც ჩემსავით გამოუსწორებელი იდეალისტი იყო. მე და ჰემინგუეის არაერთხელ დაგვილევია პარიზის სამხრეთ ნაპირზე არსებულ იაფფასიან კაფეებში. ხშირად ვსვამდი სარასთან და ჯერალდთანაც მათსავე ბაღში, თუმცა შენ კვლავაც უგუნებოდ იყავი. თითქოს დაუსრულებლად გრძელდებოდა შენი უხასიათობა, რის გამოც სახლში მოწყენილობას დაესადგურებინა.

პარიზიდან მალევე წავედით ანტიბში, რამაც კვლავ მომგვარა სიხარული, თუმცა შენი მდგომარეობა დღითიდღე მძიმდებოდა. მთელი შემოდგომა, ზამთარი და შემდგომ გაზაფხულიც შენს სამკურნალო კურსს დასჭირდა. მთელი ამ დროის განმავლობაში თავს მარტოსულად ვგრძნობდი და სწორედ ამიტომ მივეძალე სასმელს. ბევრს ვსვამდი, თუმცა მხოლოდ იმიტომ, რომ ვაცნობიერებდი შენს ავადმყოფობას და იმას, რომ უნდა დამეტოვებინე, ყოველგვარი მზრუნველობის გარეშე. მე თავს ბედნიერად მხოლოდ მცირე ხნით ვგრძნობდი, მანამ სანამ ალკოჰოლი მოიცავდა ჩემს გონებას. რასაკვირველია, შემდეგ ამას უამრავი ჯარიმაც მოჰყვებოდა თან, რომელიც მთვრალი ადამიანებისთვის არასდროს ენანებათ.

ხუან ლე პინში ჩასვლამ აშკარად კარგად იმოქმედა შენზე, ცოტათი მომჯობინებაც დაგეტყო. ამას ისიც დაემატა, რომ დიდი ფულის გამომუშავება შევძელი, რამაც რამდენიმე საბედისწერო შეცდომა დამაშვებინა, რომლებიც ხშირად მოსდით ხოლმე ადამიანებს, როცა წარმოიდგენენ, რომ მსოფლიო მათ გარშემო ტრიალებს. ჩემ ირგვლივ ყველას ვუყვარდი, ხალხი მაღმერთებდა, მაგრამ მე მხოლოდ რამდენიმე ადამიანის მიმართ გამოვხატავდი საპასუხოდ ამავე განცდას. ასეთები იყვნენ ერნესტი, ჩარლი მაკარტური[6], ჯერალდი და სარა. ისინი ხომ ჩემი ასაკის ადამიანები იყვნენ, შესაბამისად, ბევრი რამ გვაერთიანებდა. დრო მიფრინავდა და ჩვენი გართობაც ნელ-ნელა წარსულში რჩებოდა. საბოლოოდ, ამ ამბებისგან აღარაფერი შემომრჩა. მაშინ ვფიქრობდი, რომ რაღაცები იოლად მომეცა ცხოვრებაში და თითქმის სრულებით გადამავიწყდა, თუ რა საცოდავ დროს დავბადე ჩემი სხეულის სიღრმიდან „დიდი გეტსბი“. წლების მერე, როცა ჰოლივუდში გამოვიღვიძე, ვიგრძენი, რომ სრულებით აღარ მახასიათებდა ეგოცენტრულობა, პირიქით, რაღაცნაირად ვაერთიანებდი ჩარლი მაკარტურის წარსულს, ჯერალდის კარიერასა და ერნესტის  ჩაცმის მოხდენილ სტილს. ჩემთვის ძალიან ძვირფასი იყო ყველა ის ადამიანი, ვისაც იმ დროს ჩემი ჯერ კიდევ სჯეროდა. ასეთად მაშინ ლუის მორანი მომევლინა[7].

მახსოვს, პოლოს მოთამაშეებთან შეკრებები, მისის ჩენლერის[8] საღამოები, ანდაც წვეულებები სესილიასთან[9]. თითოეული მათგანი შინაგანი გამოფიტვისგან მიცავდა, ჩემს სხეულს საჭირო ენერგიით ავსებდა, მაგრამ, ამასთან, მარწმუნებდა, რომ პატარა კაცი არ ვიყავი ამ სამყაროსთვის. ყოველი ასეთი შეხვედრის მერე თავს დიდებულ მოაზროვნედ ვგრძნობდი, მაგრამ იქვე ვიაზრებდი, რომ ეს ყველაფერი სისულელე იყო. სწორედ ამ იდეის უარყოფამ, რომელიც ჩემს „სიდიადეს“ უკავშირდებოდა, მიგვიყვანა ჩვენ საბოლოოდ ვოჟირარდის ქუჩამდე.

ეს იყო პერიოდი, როცა თავი სრულად დაკარგე, ისევე როგორც მე ოთხი წლის წინ სენ-რაფაელში. მარადიულად წუწუნებდი ცუდი საცხოვრებელი პირობების გამო („თუკი გსურს უკეთესი ბინის დაქირავება, მაშინ მეტი იშრომე, რომ დიდი ფული გამოიმუშაო“), მოთმინებას გაკარგვინებდნენ უვარგისი მოსამსახურეები, რომელთა მიმართაც ყოველთვის გულგრილი იყავი („თუკი ასე არ მოგწონს ჩვენი მოახლე, მაშინ რატომ არ გაუშვებ მას სკოტისთან[10], რათა გოგონა დროულად გამოიყვანოს სკოლიდან?“). მახსოვს როგორ გძულდა ვიდორი[11] და რაოდენ გულცივი იყავი ჯოისისადმი (ამ შემთხვევაში შენს დამოკიდებულებას მეც ვიზიარებდი), თუმცა ვერაფრით ვხსნიდი იმ გამუდმებულ სწრაფვას ბალეტისკენ, რომელსაც განიცდიდი. აშკარა იყო, რომ ამ იდეამ მთელი შენი არსება მოიცვა და მთლიანად გშთანთქა. ძალიან მადარდებდა, რომ ამ აკვიატებას  სრულებით არ მიყავდი ბედნიერებისაკენ. სახლში მოჩვენებასავით დაიარებოდი, რეცხავდი ტანისამოსს, ფრანგულად განიხილავდი უინტერესო ამბებს ლუსიენთან ანდაც დელპლანჟთან[12] ერთად და სრულებით არ გახსოვდა ჩემი არსებობა. მე მარტოსულად დავხეტიალობდი ვერსალსა თუ რეიმსში და თან დავატარებდი სახლიდან გამოყოლილ უსაშველო დაღლილობას. მახსოვს ისიც კი ვიფიქრე: საერთოდ რისთვის ვმუშაობ, რა მიზანი აქვს ჩემს შრომას? მხოლოდ ის, რომ გადასახადები ვიხადო ამ უკაცურ სამყაროში? და ამ მომენტმა შემცვალა. მარტოსულობაში გატარებულმა არაერთმა დღემ უიმედობამდე მიმიყვანა. ამ მდგომარეობაში მყოფი ხშირად გავურბოდი მადმუაზელ დეპლანჟთან საუბარს, ვცდილობდი „რიცში“ წასვლაზეც უარი მეთქვა, სადაც, მართალია, ნახევარ საათში ვიბრუნებდი საკუთარი თავისადმი პატივისცემას, მაგრამ ისეთ ადამიანებთან ერთად ვსვამდი, რომლებიც იქამდე თვალით არასდროს მენახა. ისინი სრულიად უცხონი იყვნენ ჩემთვის. ხანდახან საღამოობით ერთად ვსეირნობდით ეტლით ქუჩებში, რომლის შემდეგაც მე კვლავ კაფე დე ლილასკენ მივეშურებოდი, სადაც ვიჯექი მარტო და ვიგონებდი იმ დროს, როდესაც ბედნიერი ვიყავი ერნესტთან, ჰედლისთან[13] და დოროთი პარკერთან ერთად. ეს ყველაფერი სულ რაღაც ორი წლის წინ ხდებოდა. დრო გადიოდა. რაც უფრო მეტს ვფიქრობდი, მით უფრო ვადანაშაულებდი საკუთარ თავს წარსულში მომხდარ ამბებში. მესმის, რომ გაუთავებლად ვწუწუნებდი სახლში არსებულ გაუსაძლის ვითარებაზე, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ჯონ პილ ბიშოპი არ ვიყავი და ამ სახლის გადასახადს ჩემი ყოველდღიური შრომით ვიხდიდი იმ საქმით, რომელიც მძულდა და დღითიდღე კიდევ უფრო რთულად მეჩვენებოდა. ამ დროს ახალ რომანზე ფიქრი ოცნებას ჰგავდა, რომელიც ნელ-ნელა მშორდებოდა და კიდევ უფრო მიუწვდომელი ხდებოდა.

ღირსეული ადამიანისთვის შეიძლება სევდა არც ისე მძიმე გადასატანი იყოს, მაგრამ თუკი ყველაფერ ამას ფინანსური წნეხიც ემატება, მაშინ ეს საკმაოდ დიდ პრობლემას ქმნის. პარიზის დატოვების შემდეგ (ეს უნდა ყოფილიყო სექტემბრის შუა რიცხვები) ნიცაში ჩასვლამდე (მარტი) ჩვენს ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯები წელიწადში საშუალოდ 40000-ს უტოლდებოდა.

სიმართლე ითქვას, მიუხედავად პრობლემებისა, თავს მაინც ბედნიერად ვგრძნობდი. გაზაფხული დამდგარიყო, ერნესტთან შეხვედრაც უკვე დაგეგმილი მქონდა, რომელთანაც ცოტა ხნის წინ უსიამოვნება შემემთხვა. ამასთან ჩამოსვლას აპირებდნენ ჯერალდი და სარა. მათ ჩემი აგენტის წყალობით დავუკავშირდი და ახალ ფილმთან დაკავშირებული პროექტის ერთობლივი განხილვაც ჩავნიშნეთ[14]. ისე ჩანდა, რომ თითქოს ჩემს ცხოვრებაში ნელ-ნელა ერთფეროვნება უნდა დამთავრებულიყო. აქტიურად მოდიოდა ხმები, რომ იგეგმებოდა წვეულებები და სალონური საუბრები, თანაც ისეთ ადამიანებთან, რომლებთანაც სიამოვნებით გავცვლიდი მოსაზრებებს სხვადასხვა თემაზე. შემდგომ ეს ყველაფერი გადაინაცვლებდა ზღვის სიახლოვეს. ჩვენ გავცურავდით, მზეს მივეფიცხებოდით და კვლავაც შევიგრძნობდით ახალგაზრდობას.

ხედავ, გონებაში ყველაფერი რა კარგად ჩანდა? რეალურად კი სრულიად სხვა რამ მოხდა. ჯერალდი და სარა აღარ გვესტუმრნენ. მე და ერნესტი ერთმანეთს შევხვდით, მაგრამ ჩვენი საუბარი არც ისე სასიამოვნოდ წარიმართა. მას თითქოს ავი წინათგრძნობა ჰქონდა ჩემთან მიმართებით. თავისი იმჟამინდელი ადგილსამყოფელიც დიდი ფიქრის შემდეგ გამიმხილა. საბოლოოდ, ალბათ, მართალიც აღმოჩნდა, ვინაიდან მის სახლში სტუმრობამ  უსიამოვნება გამოიწვია. ჩემმა ქცევამ ერნესტს კინაღამ ბინის კონტრაქტი დააკარგვინა. აშკარა იყო, რომ იმ მომენტში თავს ვერ ვაკონტროლებდი. ოთახში არაერთი ნაცნობი ადამიანი იჯდა, მაგრამ მაინც ვერ მოვახერხე გაუგებრობის არიდება. თითქოს იმ წუთას საკუთარი თავის პოვნა გამიჭირდა.

ამ ამბებიდან არც ისე დიდი ხნის შემდეგ, ჩვენ გადავწყვიტეთ ულამაზესი რივიერას მონახულება. სამწუხაროდ, ამან დიდად ვერ მიშველა, ვინაიდან თავს კვლავაც არასრულფასოვან ადამიანად მივიჩნევდი და არავის თვალით დანახვა არ მინდოდა. მთელი დღეები დაძაბული დავიარებოდი, ბევრს ვმუშაობდი და არც მოწევას ვერიდებოდი. სწორედ ამ ყველაფრის დამსახურება იყო, რომ ფილტვები საშინლად მეწვოდა.

იმ ზაფხულს შენ თითქოს გაუჩინარდი, გადაიკარგე. საერთოდ აღარც კი მახსოვს, იყავი კი ჩემ სიახლოვეს? ერთადერთი, რასაც ვხვდებოდი, ის იყო, რომ გძულდი ან შეიძლება ამისთვის გულგრილობაც დაგვერქმია. სიმართლე გითხრა, შენზე ფიქრი არც მე მანიჭებდა სიამოვნებას. ვგრძნობდი, რომ აღარ გჭირდებოდი. ალბათ, ესეც გახდა იმის მიზეზი, თუ რატომ გამიმარტივდა საუბარი მადამ ბელუასთან, როცა ღვინის ჭიქებით სავსე მაგიდას მივუსხედით ერთმანეთის პირისპირ. იმ ზაფხულს, იყო მომენტი, როცა მადლიერების განცდით აღვივსე. ერთ საღამოს ჩემთან ექიმებთან ერთად დაბრუნდი, რამაც გამახარა, თუმცა პარიზში გატარებულმა შემდგომმა კვირამ მიმახვედრა, რომ აღარაფერი მინდოდა, არც სიკვდილს ვცდილობდი და არც სიცოცხლეს. ჩვენ ამბავში არაფერი შეცვლილა. დაქირავებული სახლები ყარდა, მოახლეები არაფრად ვარგოდნენ, შენს ბალეტის ამბავსაც ცუდი ელფერი დაჰკრავდა. ტრუბეცკოის დაპატიჟება სადილად – აი, რას ჰქონდა მოწამლული შენი გონება. სწორედ ეს იყო მიზეზი თუ რატომაც ჩაიშალა ჩვენი მოგზაურობა აფრიკაში. შენ სულ მთლად დაკარგე ჭკუა, გაიძახოდი, რომ ის კაცი გენიოსია, ყოვლისშემძლე. მე კი სრულიად საპირისპირო აზრზე ვიყავი და რაც კი რაიმე ცუდი მომივიდოდა თავში ყველაფერს ვლაპარაკობდი.

იცი? ხანდახან ვფიქრობ, რომ ჩვენს გაგებას სხვები ვერაფრით მოახერხებდნენ, ვინაიდან ისინი ხომ ვერ ხედავდნენ, თუ რაოდენ იყავი შეპყრობილი განდიდების მანიით და წარმოდგენაც არ ჰქონდათ ჩემს დამოკიდებულებაზე ალკოჰოლისადმი. მათ არც კი იცოდნენ ის გიჟური განცდა, რასაც მე სასმლის მიმართ განვიცდიდი. სიმართლე ითქვას, ჩვენს ამგვარ ახირებებს ურთიერთობაში ბევრი არაფერი შეუცვლია. ეს ყველაფერი სრულიად უმნიშვნელო აღმოჩნდა. მახსოვს, რა ახლოს ვიყავი შენს მიტოვებასთან, როცა განმიცხადე, რომ თურმე ჰომოსექსუალისტი ვიყავი. ახლა რომ ვუფიქრდები, მხოლოდ სიბრალულის განცდა მეუფლება. შენ ყოველთვის ფიქრობდი, რომ დიდებული ინტელექტი და გამჭრიახი მიგნებები გახასიათებდა, მაგრამ გავიწყდებოდა, რომ ამბების გამოცნობა კარგად შემეძლო, თუნდაც ზუსტი მიზეზი არ მცოდნოდა, მაინც იოლად ვხვდებოდი, თუ რა იწვევდა ამ ვარაუდებს, რატომ და საიდან ჩნდებოდა შენს გონებაში ამგვარი აზრები. ძალიან მინდა, რომ „ლამაზი და დაწყევლილი“ სრულყოფილი წიგნი გამოვიდეს, ვინაიდან იქ აღწერილი ყველა ისტორია ნამდვილია. ჩვენ მოვახერხეთ ერთმანეთის განადგურება… გულწრფელად გითხრა, მე არასდროს მიფიქრია, რომ ჩვენ ეს ბოლომდე შევძელით.

 

 

ნაწილი მესამე – ბოლო ათწლეული

 

ივნისი, 1930 წელი

ნიონი, შვეიცარია

ძვირფასო სკოტ,

ახლახან გავაცნობიერე, რომ ცხოვრების საკმაოდ უჩვეულო ეტაპზე ვარ. ვხვდები, რომ სრულიად უუნარო ვარ, სასოწარკვეთილი, მაგრამ მარცხის უფლება არ მაქვს. ჩემი ბრალია, რომ სკოლაში სამედიცინო მიმართულების საგნების მიმართ ყოველთვის გულგრილი ვიყავი, მაშინ, როცა ეზოთერული სწავლება უკეთ გამომდიოდა და მას დიდი ინტერესით ვეცნობოდი. გთხოვ, იქნებ გულთბილი წერილი გაუგზავნო მადამ ეგოროვას და ჰკითხო, თუ დადგება ჩემგან ოდესმე მოცეკვავე? დაიხსომე, რაც არ უნდა გითხრას, ამაში ბრალი მას სრულებით არ მიუძღვის.

იცი, სკოტ, როგორ მინდოდა ამ შემოდგომას ნიუ-იორკში ცეკვა? თუმცა, აბა, ახლა როგორ უნდა მოვახერხო ეს, როცა მთელი ამ თვეების გატარება კლინიკის ჭარხლებით სავსე ბაღში მიწევს? განა ეს ყველაფერი ამად ღირს? მას შემდეგ, რაც მთელი ეს საშინელება დამატყდა თავს, ნელ-ნელა ტკივილმა მოიცვა ჩემი სხეული და ახლა, სიმართლე გითხრა, სრულებით არ მსურს, რომ გვამების დიდ ერთობლიობას შევუერთდე მიწაში. მართალია, ფეხებში სისუსტეს ვგრძნობ, მაგრამ მერწმუნე, სკოტ, სულ მალე ადა მაკლიშივით[15] ვიქნები, გარეულ ფრინველზე სანადიროდ გამზადებული ადამიანივით.[16]

აქ ყოფნისას ერთ რამეზე დავფიქრდი. ადამიანი ხშირად ცდილობს, რომ თავისი სათქმელი ლამაზი ფრაზებით შეფუთოს და ისე მიიტანოს ადრესატამდე. თითქოს ამგვარი გზით შეიძლებოდეს ყველაფრის გამოსწორება… ამას ხომ სჯობს პირდაპირ და დაუფარავად გამიმხილო შენი ფიქრები, სკოტ, ვიდრე ის გაურკვეველ მსჯელობაში შეფუთო, რომლის გაგებაც ხშირად შეუძლებელია? ვფიქრობ, რომ სამართლიანი იქნება ერთმანეთს დავეხმაროთ და რაიმენაირად თავი დავაღწიოთ ამ თავზარდამცემ მდგომარეობას, რომელშიც ვიმყოფებით.

ვიცი, რომ ყოველთვის გჯეროდა ისეთი ადამიანების, რომელთაც არ ეშინოდათ ცხოვრების თავიდან დაწყება. შენ მათ ასაკს მნიშვნელობას არასდროს აქცევდი და გწამდა, რომ ადამიანს ძალუძს ცხოვრებაში გარდამტეხი ცვლილების შეტანა. იქნებ, გამოგეჩინა გულისხმიერება და ამ მხრივ მეც დამხმარებოდი, ოღონდ გთხოვ, ბავშვივით არ მომექცე. ეცადე ისე აღმიქვა, როგორც შენი თანასწორი…

წერილის წერას აქ შევწყვეტ, ვინაიდან ვგრძნობ, რომ ახლა დროს გაკარგვინებ. ვიცი, რამდენ ძალისხმევას დებ, რომ ფული გამოიმუშაო, ამიტომ ჯობია გაგეშვა. მოდი, ვეცადოთ, ის მცირედი მაინც შევინარჩუნოთ, რაც შემოგვრჩა. თუკი ფიქრობ, რომ ჩემს ალაბამაში დაბრუნებას შეძლებ, ძალზე შემცდარხარ, მაგრამ არც იმას ვაპირებ, რომ მთელი ცხოვრება ასე უბედურმა გავატარო სანატორიუმებში. მე რაღაც უმნიშვნელო ნივთი არ ვარ, რომ ერთი ადგილიდან მეორეში გადამიტანო. თუ სიტუაციას ამგვარად ხედავ, მაშინ კიდევ ერთხელ გეტყვი, რომ მწარედ ცდები. ხომ იცი ნათქვამია, რომ ორ დაჩაჩანაკებულ ცხენს იმაზე მეტი ტვირთის ზიდვა შეუძლია ერთობლივად, ვიდრე რომელიმეს მარტო. თუ გადაწყვეტ, რომ ჩემი ცხოვრების ექვსი თვე ამ სივრცეში უნდა გავატარო, სხვა რა გზაა, დაგთანხმდები, ფხიზლად დავრჩები და ვეცდები რაღაც კარგი გამოცდილებაც დავაგროვო, თუმცა იცოდე, რომ შეიძლება ხანდახან მოწყენილობამ და უიმედობის განცდამ ამიტანოს… კარგად იცი, რომ თავის ტკივილი არც ერთ წუთს არ მანებებს თავს. არ შეგიძლია, რომ ისეთივე ლამაზი და ნათელი წერილი მომწერო, როგორსაც შენს მეგობრებს უგზავნი ხოლმე? ყოველი დღე კიდევ უფრო მძიმე ასატანია. ჩემი ფიქრები და ცხოვრება კიდევ უფრო აუტანელი ხდება. სიმართლე გითხრა, არც კი მესმის რა მაჩერებს აქ.. ჩემგან ხომ თითქმის აღარაფერია დარჩენილი. სრულიად მარტო ვარ, განადგურებული და ტკივილით აღსავსე.

ზელდა

P.S.გთხოვ, დროულად მიიწერე წერილი პარიზში. ამას მე თავადაც გავაკეთებდი, მაგრამ მგონია, რომ შენ უფრო მკაფიოდ და უკეთესად ჩამოაყალიბებ აზრს. იცი, რას ნიშნავს ეს საქმე ჩემთვის და ამასთან კარგად გესმის, თუ რისი გაგება მსურს, სანამ ჯერ კიდევ არ არის გვიან. რა თქმა უნდა, მე სხვა სასწავლებელს მოვძებნი აქ. მეტად აღარ ვაპირებ ეგოროვას შეწუხებას ჩემი ამბებით. მადლობა[17].

 

მარტი, 1940 წელი

ეშვილი, ჩრდ.კაროლინა

უძვირფასესო სკოტ,

აქეთ ყოველი შუადღე უსაშველოდ გრძელი და ცივია. ძლიერი ქარიც უბერავს, რაც ხანდახან ბრონტეებისა და ედგარ ალან პოს ნაწარმოებებს მაგონებს. იცი? აქ[18] დროის უსასრულობა ყველაზე მეტად იგრძნობა.

დედაჩემი ხშირად მწერს და მთხოვს, რომ ერთხელ ვესტუმრო. მპირდება – მთელ ამ მოგზაურობას მე ავანაზღაურებო. წინასწარ არაფერი მითქვამს, თუმცა ხომ იცი, როგორი გულისხმიერი და გულუხვი ქალია… რატომ არ მაძლევ უფლებას, რომ ერთხელ მაინც წავიდე მცირე ხნით სამოგზაუროდ და ვესტუმრო დედას?

გადავწყვიტე პატარა მოთხრობა დავწერო. ეს პროცესი ძალიან მართობს, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ წერა ოსტატურად გამომდის. ხომ იცი, დავასრულებ თუ არა, მაშინვე გამოგიგზავნი ნაწერს. ძალიან მინდა, რომ ეს მოთხრობა ჟურნალ “American Magazine“-ში დაიბეჭდოს. ვატყობ, ზამთარი გრძელი იქნება და სირთულეებით აღსავსე. ამაზე დაკვირვებით ერთ დასკვნამდე მივედი: ჩვენი თაობის დაღლილ, უფერულ ადამიანებს მეტისმეტად ამძიმებთ თავს დატეხილი სიძნელეები. ამინდის ცვალებადობა მე სრულებით არ მანაღვლებს, ვინაიდან ცხვირის გარეთ გაყოფა ისედაც მეშინია. დიდი მოთმინებით ველოდები მომენტს, როცა თავისუფლად შემეძლება აქედან სადმე წასვლა.

ძვირფასო, სანამ ამ აბზაცებს ვწერდი, შენი ტელეგრამა მოვიდა. არ გამოვა, რომ არ გითხრა, თუ რაოდენ გახარებული ვარ შენი სიტყვებით. ვგრძნობ, რომ კვლავაც დიდ ლტოლვას განიცდი ჩემ მიმართ. ეს არაა უბრალო თავდადება ანდაც მორჩილება. ეს ძალიან დიდი განცდაა, რომლის დანახვამაც მე გადასარევ განწყობაზე დამაყენა.

ახლა ყველაზე მეტად გამაბედნიერებდა ამ სამედიცინო სივრციდან თავის დაღწევა. გპირდები, რომ ყურადღებიანი გავხდები და პრობლემებს აღარ შეგიქმნი. იქნებ შვებულება სკოტისთან ერთადაც კი გავატარო. მაშინ კი გავიხსენებდი ყველა იმ ნახევრად დავიწყებულ სიამეებს, რომლებიც პირველად კარგა ხნის წინ გამოვცადე ახალგაზრდობაში.

სკოტ, მადლობელი ვარ, რომ შენი ფიქრები მუდამ ჩემს ამბავს დასტრიალებს. ვიცი, რაოდენ ცუდი დროა ეს შენთვის, მაგრამ იქნებ ერთხელ და სამუდამოდ მოვიტოვოთ ყველაფერი ცუდი უკან და მოვახერხოთ ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება.

თუკი ბაბილონის შემთხვევაშიც იმავეს მოახერხებ, რაც „სამი მეგობრის“ დროს შეძელი, მაშინ დარწმუნებული ვარ, რომ არანაირი პრობლემა არ შეგექმნება[19]. მგონია, რომ ცხოვრება  საინტერესო ამბებითაა აღსავსე და ჩვენ ორივემ ბევრად მეტი დავიმსახურეთ.

აქაური ხეები თითქოს უსასრულო მოგონებებისგან დაფეხმძიმებულან. მათ გაზაფხულამდე მოასწრეს ყოველივე. მე კიდევ ვზივარ და ვფიქრობ, რომ ადამიანი აუცილებელია რაღაც მნიშვნელოვანს ეძიებდეს, თუგინდ ბრმად აკეთებდეს ამას. ალბათ, ეს განცდა ერთადერთია, რასაც ლექსის ანდაც წიგნის დაწერის სურვილის ჩანაცვლება შეუძლია.

სკოტი იშვიათად მწერს. მას შემდეგ, რაც ბალეტის შესწავლა დაიწყო მომაჯადოებელ ამბებს მიყვება ხოლმე. ბედნიერი ვარ, რადგან ვხედავ, როგორი გულისყურით ეკიდება საკუთარ მოვალეობას და არ ფლანგავს ძალისხმევასა და ნიჭს. მითხრა, რომ ამ ზაფხულსვე აპირებს როლის მიღებას. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია მის ცხოვრებაში. სკოტიმდე ბევრმა აიწყო დიდებული კარიერა ამ სფეროში, თუმცა შენც კარგად იცი რაოდენ ჭირს ამ სამყაროში ორიენტირება დღეს. რაც მეტად რთულდება ეს უკანასკნელი, მით უფრო მნიშვნელოვანია რაღაცის დროულად დაწყება.

კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადო ყველაფრისთვის –

მარად შენი,

ზელდა

თქმაც არ სჭირდება თუ როგორ ველოდები ყველაფრის თავიდან დაწყებას…

მუდამ შენი ერთგული,

ზელდა

 

14 ივნისი, 1940 წელი

ძვირფასო ზელდა,

ახლა დროებით აირია ყველაფერი. 20-ში სკოტი ჩამოდის სამხრეთიდან და შემდეგ ჰარვარდის საზაფხულო სკოლაში უნდა წასვლა. თუკი შევძელი ძალიან მინდა იქ მისი გაშვება. სკოტის სურს, რომ რაც შეიძლება მეტი ისწავლოს და ცხადია, ამის უფლებაც აქვს. მას ხომ ახლა სიმწიფის წლები უდგას, თან ჭკვიანი გოგოა. კარგად იცი, რომ ათი წელია ვიბრძვი სკოტისთან, რათა არ დატოვოს ვასარის კოლეჯი. მინდა, რომ აქ კიდევ ერთი წელი დარჩეს. შეიძლება ესეც იყოს იმის მიზეზი, თუ რატომ ვეთანხმები ახლა მის ჰარვარდის საზაფხულო სკოლაში გაშვების იდეას. იმედია ეს თვე ჩემთვის მშვიდობიანი იქნება. თუკი მოვახერხე, მინდა აგვისტოში სადმე ზღვაზე წაგიყვანო, მონტგომერის ამინდი წესით უნდა მოგიხდეს. სამწუხაროდ, ეს ამბები ჩემზე არაა დამოკიდებული, ვინაიდან არ ვიცი ჩემი პროდიუსერი რას გადაწყვეტს. გაგრძელდება კი „ისევ ბაბილონის“ პროექტი თუ რაიმე სხვა საქმეს გამომინახავენ… ეს კითხვები ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია. ხომ იცი აქ ყველაფერი როგორც ხდება – ყველანი წრეზე დადიან… ამასობაში კი ფილმ „ყველაფერი ეს და კიდევ სამოთხის“ შემოსავლები 2 მილიონ დოლარს გადაცდა.

წარმოგიდგენია? 20 წლის წინ „სამოთხის ამ მხარეს“ ყველაზე გაყიდვადი წიგნი იყო, ჩვენ უესტპორტში ვცხოვრობდით. ათი წლის წინ პარიზში ამერიკელების უკანასკნელ ვოიაჟსაც შევუერთდით[20]. გახსოვს, როგორ დავტოვეთ გეი აღლუმი  და გადავიპარეთ ჩუმად შვეიცარიაში… ეჰ, მაშინ სხვა დრო იყო. ხუთი წლის უკან, შენი საზარელი დაავადების შესახებ შევიტყვეთ და ეშვილში წავედით. სამწუხაროა, რომ ცხოვრებამ ნაადრევად გვათამაშა ყველაზე ცუდი პარტია. ბოლო ოთხი კვირაა მსოფლიოში უცნაური ამბები ხდება. მონტგომერიში ჯერ-ჯერობით სიმშვიდეა, ბევრს არ საუბრობენ საომარ საკითხებზე.

მიყვარხარ მთელი გულით,

სკოტი

ჰოლივუდი, კალიფორნია

 

 

26 ოქტომბერი 1940 წელი

 

ძვირფასო ზელდა,

ერნესტმა გამომიგზავნა თავისი ახალი წიგნი[21]. მართალია, ნახევრამდე წაკითხვა მოვახერხე, თუმცა უკვე შემიძლია ვთქვა, რომ „მშვიდობით იარაღოს“ ნამდვილად ვერ სჯობს. ვფიქრობ, ამ წიგნს დაძაბულობა და სიახლისადმი სწრაფვა აკლია. ამასთან, არც პოეტურ აღწერას შეხვდები დიდად. თითქოს ეს რომანი საშუალო სტატისტიკურ მკითხველზეა გათვლილი, აი, დაახლოებით ისეთ ტიპებზე, რომლებიც სინკლერ ლუისის ნაწერებისგან იღებენ სიამოვნებას. აშკარად იგრძნობა, რომ ჰემინგუეიმ ამ რომანის წერისას ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი გადაიაზრა და აქ მოთხრობილი ისტორიების დიდი ნაწილიც სწორედ მარკ ტვენის ნაწარმოების სახეცვლილებით მიიღო. ცხადია, ერნესტი ძალიან განათლებული კაცია და ეს წიგნიერება ამ რომანშიც გამოჩნდა. თუკი შენი ცხოვრება კარგად მიდის, მაშინ რატომ არ შეიძლება, რომ წარსულში არსებული და ოსტატურად შენიშნული მომენტები გაიმეორო? მართალია, ჰემინგუეი ამაში კარგ ფულსაც აკეთებს, თუმცა… მან უკვე მიჰყიდა ფილმის გადაღებაზე წიგნის საავტორო უფლება ჰოლივუდს. ამასთან, „თვის წიგნადაც“ დაასახელეს ეს რომანი, რამაც დამატებით 50000 დოლარი მოუტანა. ჩვენ ვიცით, თუ რა გრძელი გზა გაიარა მან საამისოდ. ყველაფერი ხომ პარიზის ღარიბულ ოთახში დაიწყო…

ჩემზე რა გითხრა, აბა.. ვმუშაობ და ეს არის ერთადერთი სიახლე. არ დამავიწყდეს იმის თქმაც, რომ სკოტის მოთხრობა იქით კვირას „ნიუ იორკერში“ დაიბეჭდება[22].

 

უდიდესი სიყვარულით,

სკოტი

ჰოლივუდი, კალიფორნია

 

 

ოქტომბერი 1940 წელი

მონტგომერი, ალაბამა

 

ძვირფასო სკოტ,

ფულის გამოგზავნისთვის მადლობას გიხდი. ცხოვრება ძალიან გაძვირდა. მგონი მალე ჰაერიც კი განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიძენს. ჩემი ამბავი კი იცი, ყოველთვის ვახერხებ, რომ საკმარისი პროდუქტები შევიძინო, მაგრამ უაზრო რაღაცებშიც უამრავ ფულს ვხარჯავ.

ეს დღეები სავსეა სასიამოვნო და კარგი ამბებით, რომელთაც უკვე დაკრავთ ზაფხულის გემო. ქუჩებში ბავშვებიც გამოჩნდნენ, მთელ დღეებს ყვირილში ატარებენ და მხოლოდ კვირაობით ქადაგების წინ შეწყდება ხოლმე მათი ჟივილ-ხივილი. ცხოვრება ნელ-ნელა მიედინება მთელი იმ გაურკვევლობის ფონზე, რომელიც სუფევს დღევანდელ სამყაროში. უცნაური დროება დგას. სიმართლე გითხრა, ბედნიერი ვარ, რომ თბილად ვცხოვრობ ჩემს სახლში და, რაც მთავარია, ომისგან შორს ვიმყოფები.

ერნესტის წარმატებამ ცოტათი გამაბრაზა (მისი ნაწარმოები არც შენი რომანების მსგავსად საინტერესოა და არც მომხიბლავი ენითაა დაწერილი), თუმცა, ამასთან, კმაყოფილების განცდაც გამიჩინა. მგონია, რომ ჰემინგუეიმ სრულიად შემთხვევით მიაგნო ქრისტიანული რწმენის სიკვდილის იდეას.

იცი? წიგნის საყიდლად ქალაქში მომიწია წასვლა, თუმცა 50-ვე უკვე გაექირავებინათ. სამწუხაროა, რომ მოცდა მომიწევს. მანამდე ტარკინგტონის[23] ახალი მოთხრობა წავიკითხე. ასეთ დინამიკურ დროში, როგორშიც ვცხოვრობთ, ცოტა ნაკლებ მნიშვნელოვანია ის საკითხები, რასაც ავტორი წინ წამოწევს. დიდი სიამოვნებით დავწერდი მოთხრობას, რომელიც ჩვენი ეპოქის სიმწარეს დაიტევდა, იმ გაბედულებასა და ტრაგიზმს, რომელსაც განვიცდით ადამიანები ყოველდღიურად. ეს ყველაფერი დაგვაბრუნებდა ზოგიერთ რელიგიურ ჭეშმარიტებასთან, რომელთა გარეშეც ეს სამყარო მეტისმეტად გაურკვევლად მოჩანს.

ხალხი შენს ამბავს ხშირად მეკითხება: ყველას აინტერესებს რას საქმიანობ. მე იშვიათად გავდივარ ხოლმე გარეთ, ისიც მეტწილად ეკლესიაში. აი, სკოტი კი ნამდვილ მოხეტიალედ იქცა. მუდამ კარგ ხასიათზეა, არჩევს წიგნებს და, რაც მთავარია, წვეულებებზე დაიარება, რომელთა შესახებაც ბევრი არაფერი ვიცი, ვინაიდან მე არასდროს მიწვევენ.

ამასწინ მე და მის ბუსი წარმოდგენაზე ვიყავით. დღეს კი ლი ჩარლზთან ერთად ვისადილე. დედაჩემი, ჩემიანები და მეც მათ შორის ხშირად დავდივართ ხოლმე ქალაქში, რათა არ დამავიწყდეს მთელი ის მისწრაფებათა ერთობლიობა, რაც საქალაქო ცხოვრებას გასდევს აჩრდილად.

შენი ახალი წიგნი დიდებულია! გთხოვ რომ წერა განაგრძო…

მარად შენი ერთგული,

ზელდა

 

6 დეკემბერი, 1940 წელი

ჩემო ძვირფასო ზელდა,

ახალი ჩემკენ თითქმის არაფერია. რომანზე ვმუშაობ, თუმცა, სამწუხაროდ, ავადმყოფობამ მცირე ხნით შემაყოვნა. გულთან პრობლემები ყოველთვის მქონდა, მაგრამ ეს რაღაც ახალია. მართალია, ძლიერი შეტევა არ ყოფილა, მაგრამ დიდხანს გაგრძელდა. საბედნიეროდ, კარდიოგრამამ დროულად აჩვენა შესაბამისი შედეგები. ამ ყველაფრის გათვალისწინებით შეიძლება მესამე სართულიდან პირველზე მომიწიოს გადაბარგება. წერა კვლავ შემიძლია, თუმცა ძალიან არ უნდა გადავიტვირთო[24].

სკოტიმ მითხრა, რომ შობისთვის გინახულებს. გულწრფელად მშურს შენი ამის გამო. თქვენზე ძალიან ბევრს ვფიქრობ. ახლა ჩემი ცხოვრება თითქოს ამ რომანად გადაიქცა. განუზომლად დიდი ინტერესი მაქვს ამ ნაწერისადმი და დიდ იმედს ვიტოვებ, რომ თებერვლისთვის მას წარმატებით დავასრულებ.

უდიდესი სიყვარულით,

სკოტი[25]

[1] ლივი ჰარტი, ზელდას მეგობარი. ჰარტების ოჯახი სეირებთან ერთად მონტგომერის საქალაქო ცხოვრებაში აქტიურად იყო ჩართული. მათი ინიციატივით ქალაქში ეწყობოდა სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები, წვეულებები და ა.შ.

[2] ეს წერილი ერთგვარად გაუგებრობას იწვევს სკოტ ფიცჯერალდის ბიოგრაფებში. მაგალითად, ნენსი მილფორდი მას 1920 წლის მარტით ათარიღებს და მიიჩნევს, რომ ის ზელდას ბოლო წერილი უნდა იყოს (სკოტთან გაგზავნილი) გათხოვებამდე. მეთიუ ბრუკოლი ფიქრობს, რომ 1920 წლის თებერვლის პირველ კვირებშია ეს ყველაფერი დაწერილი. წერილში არსებული მოვლენები გვაფიქრებინებს, რომ ფიცჯერალდი ჯერ კიდევ ემზადება მონტგომერიში გამოსამგზავრებლად, შესაბამისად, თარიღად 1920 წლის თებერვალია დატოვებული.

[3] ჯონ პალმერი კლოტილდე სეირის (ზელდას და) ქმარი გახლდათ, ხოლო როზალინდა ზელდას და. სწორედ ისინი ეხმარებოდნენ სკოტს ბოლო წამს დაგეგმილი საქორწინო ღონისძიების ორგანიზებაში. ზელდას მეორე და მარჯორი ნიუ-იორკში პატარძალთან ერთად ჩავიდა. სკოტი იმდენად აღელვებული იყო ამ დღეს, რომ ზოგიერთი მოგონების თანახმად, მან ჯონ პალმერისა და კლოტილდეს მისვლამდე დაიწყო საქორწინო ცერემონია. აღსანიშნავია, რომ ამ ღონისძიებას არ ესწრებოდნენ არც ზელდას და არც ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის მშობლები.

[4] ეს წერილი, როგორც ბიოგრაფები ვარაუდობენ, სკოტს არასდროს გაუგზავნია ზელდასთვის. ის ერთგვარ მონახაზს წარმოადგენს, რომელიც ავტორს აღარ დაუსრულებია სხვადასხვა მიზეზის გამო (ან დასრულებული სახით არ შემოგვრჩა).

[5] იგულისხმება ერნესტ ჰემინგუეი.

[6] ჩარლზ მაკარტური ცნობილი დრამატურგი და სცენარისტი გახლდათ. ის და სკოტი ერთმანეთს საფრანგეთში შეხვდნენ. 1926 წელს რივიერაზე მათ ერთად გაატარეს ზაფხული.

[7] ამერიკელი მსახიობი, რომელსაც სკოტთან მცირე ხნით სასიყვარულო ურთიერთობაც ჰქონდა. ის ფიცჯერალდის მუზად იქცა. ავტორმა როზმარი ჰოიტის („ნაზია ღამის“ პერსონაჟი) გმირი ლუის ლეინის ამბავზე დაფუძნებით შექმნა.

[8] უინთროპ ჩენლერი – მდიდარი ქალბატონი, რომელსაც სკოტი ახალგაზრდობიდანვე იცნობდა და მის მრავალ წვეულებაზეც იყო ნამყოფი.

[9] სკოტი ფიცჯერალდის ბიძაშვილი

[10] ზელდასა და სკოტის შვილი.

[11] ამერიკელი რეჟისორი, რომელიც სკოტს პარიზში გადაეყარა 1928 წელს. პარიზშივე დაგეგმეს მათ, რომ ახალ ფილმზე ერთობლივად იმუშავებდნენ.

[12] პატარა სკოტის აღმზრდელი.

[13] ჰედლი რიჩარდსონი, ჰემინგუეის პირველი ცოლი.

[14]სკოტმა კინგ ვიდორს გააცნო ჯერალდ მერფი. მათ ერთობლივად გადაიღეს ფილმი “Hallelujah”(1929).

[15] უნდა იგულისხმებოდეს მომღერალი ადა მაკლიში, ცნობილი მწერლის არჩიბალდ მაკლიშის მეუღლე.

[16] ამ ფრაზას სკოტ ფიცჯერალდი შემდგომ გამოიყენებს თავის რომანში „ნაზია ღამე“.

[17] სკოტმა მართლაც მისწერა მადამ ეგოროვას წერილი, მაგრამ პარიზიდან არც ისე სასიამოვნო პასუხი მოვიდა. ზელდას ბალეტის მასწავლებელი ფიქრობდა, რომ ფიცჯერალდის მეუღლე ცუდად არ ცეკვავდა, მაგრამ ვინაიდან მან გვიან დაიწყო ეს საქმე, ამიტომ მხოლოდ უმნიშვნელო როლებს უნდა დასჯერებოდა სხვადასხვა წარმოდგენაში. ზელდა ამ პასუხმა დაამწუხრა, თუმცა სკოტისა და მისი მკურნალი ექიმის ერთობლივი ძალისხმევით, მან ეს ფაზა გადალახა. სკოტმა სანაცვლოდ ზელდას წახალისება განიზრახა და სთხოვა მას ბედი მწერლობაში ეცადა. ის ხშირად სწერდა მაქს პერკინსს თავისი მეუღლის მოთხრობებზე და ეძებდა შესაძლებლობას, რათა ზელდას ნაწარმოებები გამოეცა.

[18] ზელდა ფიცჯერალდს შიზოფრენიის დიაგნოზი გვიან დაუდგინდა, რის გამოც ის სკოტმა ეშვილის საავადმყოფოში გაგზავნა. ეს წერილი სწორედ იმ პერიოდს მიეკუთვნება. აღსანიშნავია, რომ თავად ზელდას სიცოცხლე ტრაგიკულად დასრულდა ამავე ადგილას. 1948 წლის 10 მარტს საავადმყოფოში გაჩენილმა ხანძარმა მრავალი პაციენტი იმსხვერპლა, მათ შორის სკოტ ფიცჯერალდის მეუღლეც.

[19] იგულისხმება სკოტის მოთხრობა „ისევ ბაბილონი”. სკოტი ამ პერიოდში სცენარს წერდა, მაგრამ საბოლოოდ ეს ფილმი არ გადაუღიათ. 1954 წელს გამოსულ ფილმს „უწინ, როცა პარიზი ვნახე“ სწორედ ეს მოთხრობა დაედო საფუძვლად, მაგრამ სცენარი არც ახლა ყოფილა სკოტის.

[20] იგულისხმება ის, რომ 1930 წლისთვის ამერიკელ მწერალთა უმეტესობა უკვე საკუთარ ქვეყანაში ბრუნდებოდა საფრანგეთიდან.

[21] სკოტ ფიცჯერალდი უნდა გულისხმობდეს ჰემინგუეის რომანს „ვისთვის ხმობს ზარი“.

[22] 1940 წლის ოქტომბრის ნომერში, სკოტის მოთხრობა დაიბეჭდა – სახელწოდებით „დიდებული დროება“.

[23] ბუს ტარკინგტონი, დიდი ამერიკელი მწერალი. ერთ-ერთი იმ ოთხს შორის, რომელთაც პულიცერის პრემია 2-ჯერ მაინც აქვთ მოგებული(დანარჩენი სამი ავტორია: უილიამ ფოლკნერი, ჯონ აპდაიკი და კოლსონ უაითჰედი). 1910-1920-იან წლებში მას ამერიკის ყველაზე დიდ ავტორად მიიჩნევდნენ.

[24] პირველ სართულზე ცხოვრობდა სკოტის თანაშემწე ფრენსის კროლი. ის ეხმარებოდა ავტორს მოთხრობების საბეჭდ მანქანაზე აკრეფაში. ვიცით, რომ ამ ამბებამდე მცირე ხნით ადრე სკოტმა ექიმი მოინახულა, რომელმაც ფიცჯერალდი გააფრთხილა, რომ მას გულის სერიოზული პრობლემები ჰქონდა. ამის მიუხედავად ის მაინც აგრძელებდა გვიანობამდე მუშაობას, რაც მის ჯანმრთელობაზე ცუდად აისახა.

[25] ამ ამბებიდან მალევე 1940 წლის 21 დეკემბერს სკოტ ფიცჯერალდი გარდაიცვალა გულის შეტევით.

© არილი

Facebook Comments Box