პროზა

ქარდა ქარდუხი – ნუუკვე მე ვარ

„და ვითარ ინაჴით-სხდეს და ჭამდეს, ჰრქუა იესუ: ამენ გეტყჳ თქუენ,

ვითარმედ: ერთმან თქუენგანმან მიმცეს მე, რომელი ჭამს ჩემ თანა.

ხოლო მათ იწყეს მწუხარებად და სიტყუად მისა თითოეულმან:

ნუუკუე მე ვარ? და  სხუამან თქჳს: ნუუკუე მე ვარ?“ 

მარკოზი 14:18

„…კლასიკურში, ძველ ბერძნებთან ეს არაა, ეს ანუიმ თქვა…

ტრაგედიაში მართალი და მტყუანი არ არსებობს, მართალი

და მტყუანი დრამაშია…ტრაგედიაში ორივე მართალია და

ორი მართალი რომ ეჯახება ერთმანეთს, მაშინ არის  ტრაგედია…“

თემურ ჩხეიძე

***

21.04.2021

ხშირად მეუფლება განცდა, რომ  უკაცრიელ, მატარებელი არასოდეს რომ არ ჩამოდგება ისეთ ბაქანზე ვარ, ლამაზ, კოხტა ბაქანზე. მარცხნივ პატარა სადგურის აგურის შენობაა, ორ ადამიანს ძლივს რომ შეიფარებს ალბათ; უკან, რკინის მოაჯირთან, ორი,  მაღალი ელექტრონის ბოძია, სოფელში რომ გვქონდა ისეთი, უბრალო ლამპიონებით, ბოძებს შორის გრძელი ძელსკამია მოთავსებული ხოლო მარჯვნივ, მეისრის, ძველებური, საკვამურისხელა ჯიხური; მაღალი ბაქანის წინ, დაბლა, ლიანდაგი ჩანს, ოციოდე მეტრზე გადაჭიმული, შემდეგ ორივე მხარეს გადაჭრილია, არც ძელები აწყვია და უხეში სოფლის ხრეშიანი გზაა მხოლოდ, ისიც,- მარცხნივ, ათიოდე ნაბიჯზე დაბალ ლელქაშსა და ეკალბარდებში უჩინარდება, მარჯვნივ კი,- ოციოდე მეტრზე, ვებერთელა მთის ქვეშ გაყვანილ ბოლობნელ გვირაბში. ლიანდაგის გადაღმა, ხუთიოდე ნაბიჯზე,  სამი მხრიდან მთებით შემორაგული  თვალსაწვდომი ტბაა. მთებში იკვეთება ერცახუს, გვანდრას და უშბას მწვერვალები, ზუსტად ვცნობ თავიანთი  დიდებულებით. ქოჯიმასეულ  პეიზაჟში ვარ ჩახატული თითქოს. ვზივარ ბაქანზე მოთავსებულ  ძელსკამზე და ვაცნობიერებ რომ ველოდები მატარებელს, თუმცა ზუსტად ვიცი რომ ეს შეუძლებელია და ის არასოდეს მოვა. უცნაური კი ისაა რომ ეს განცდა არაა ძალიან ცუდი, მიუხედავად საშინლად დამთგრუნველი შინაარსისა. თავიდან, სიზმრიდან გადმომყვა ცხადში ეს მოგონება ამ ნახევარი წლის წინ ცოცხალ სურათად და არ შემეშვა მერე. სწორედ ორი დღის წინ კი ისევ სიზმრად მეწვია, ზუსტად ასეთი სიცხადით, ეტყობა იმდენჯერ წარმოვიდგინე და შევიგრძენი რომ ქვეცნობიერში გამიჯდა. ან კიდევ ავადმყოფობა შვება თავისას. კი მეგონა, არაა ცუდი განცდა და მითუმეტეს სიზმარი-მეთქი, მაგრამ საკმაოდ ავად ამიხდა გუშინწინვე, დღეს კი სწორედ ასეთი ზმანებიდან გამომაფხიზლა მობილურის მჭახე ზარმა. სანამ ვუპასუხებდი უცხო ნომერს უკვე გასაგები იყო ვინ და რატომაც მირეკავდა:

   –იცით, რომ კოვიდი დაგიდასტურდათ? – საკმაოდ ნაზი, მაგრამ გონებაში წამის მეათედში მოშტეროდ აღქმული  ქალის ხმა იყო.

   – უკვე კი, ქალბატონო. – აშკარად შეცბუნდა.

   – თქვენ, გიორგი აფშილიში ხომ ბრძანდებით?

   – დიახ, ქალბატონო, ველოდი დადებით პასუხს, ცოლს სჭირს და შვილს და შეგუებული ვიყავი, არ იდარდოთ.

   – უკაცრავად, მართლაც ისე გამომივიდა ცოტა, უხერხულად გამომივიდა!

      მე კიდევ, ეტყობა მაინც იმოქმედა და შინაგანი მღელვარების დასაფარავად უფრო, ვესაუბრები, ვუხსნი ჩემს მდგომარეობას, თან ყურადღება კარებისკენ მაქვს, ველოდები, ვამეხის წასაყვანად უნდა მოვიდნენ. კარგა ხანს გრძელდება ჩემი მონოლოგი, ამბისაცა შემატყობინებელ ექიმთან და იმ ქალბატონმა კიდევ, გონებამ საკმაოდ მოშტეროს იარლიყი რომ მიაწება სრულიად მოურიდებლად, ყურმილიდან მითხრა: „მე ეპიდემიოლოგი ვარ, ეგ  ოჯახის ექიმს მოუყევითო“. შენი! აბა, რას მალაპარაკებ ამდენს, დდშც!

     შუადღემდე ვიბორიალეთ ბინაში მე და ვამეხმა. ბოლომდე ეიმედებოდა „იქნებ შენ არ გჭირდესო“ და იყო მიკეტილი თავის ოთახში, სასტუმროში გადასვლაც ამიტომ გადაწყვიტა, „იქნებ შენ გადაურჩეო“,  ეწყინა რომ გაიგო მეც მჭირდა, ან სხვანაირად როგორ იქნებოდა, ერთად ვიყავით ბინაში და მანქანითაც მე წავიყვანე ტესტის ასაღებად, ჩქარმა ტესტმა მისგან განსხვავებით მე არ დამიდასტურა და მეორემღა გამახარა ერთი დღის შუალედით. როგორც კი დაადგა საშველი სამედიცინო ბრიგადის მოსვლას, ისე გავაცილე, თითქოს სასტუმროში კი არა, ომში მიდიოდა. თუმცა, ჩემს გარდახდილ ომთან შედარებით ეს მართლაც მესამე მსოფლიო ომია, პანდემია ქვია სხვა რომ არაფერი. საბრალო დედაბრისასა. დაცარიელდა სახლი; მარი გუშინწინ დავაწვინეთ რეფერალურში, თეკლა ისედაც თბილისშია, ვამეხი კიდევ სასტუმროში გავისტუმრე ეს წუთებია, როგორც ვთქვი, კარის ზღურბლამდეღა მივყევი; მე სახლში ვწამლობ ქვია და აგასაც ვმკურნალობ. შევიკალი ვეტერინარი ბექა. მოიცა, ქართულად რა ქვია? ბეითალი? არ გავს ქართულს ფრიად. კინოლოგი ჯობია. ასე, არც ექიმია ქართული. ეჰავ, ენავ ჩემო, კატამონთან თუ კავკასიონთან, მედეას პატრონთ ექიმი არა გვაქვს ქართულად. რად არა გვაქვს კაცო?! მკურნალი რაღა. მაჯისაცა შემტყობარი; ეს მეგრულ-სვანურის გარეშე, მერე იქაც ვნახო აბა. საბრალო დედაბრისასა თაგვნი ყანასა მკიანო. არ ითქმის ქართულზე, რამ გაასაბრალოვა, მე ვიკითხო თორემ. მეხუთე ცეფრიაქსონი გავუკეთე უკვე. უფრო სწორედ, ხვალ გავუკეთებ მეხუთეს. ახველებს მაინც, თითქოს ძვალი აქ გაჩხერილი ყელში. რაღაც ვირუსია, საზიზღარი სახელი ქვია. იმედია მოშუშდება თორემ რა უნდა ვუქნა, გარეთ მე ვერ გავალ, აქეთ კინოლოგი კი არადა თერაპევტი ვერ მოდის ჩემთვის. ეს ძაღლი კიდევ თვითონ არაფრით არ წავა კინოლოგთან. ეგ კი არა, რომ მივიყვან ხოლმე აცრაზე და რამეზე, გაფარჩხავს წინა თათებს ოჩანი ვირივით, ძლივს შემყავს ხელში ატატებული ამხელა სეტერი, უკანა თათებით  ქვაფენილს ფოცხავს. ვამეხმა მომწერა, „კარგი სასტუმრო ჩანს, ცუდი ისაა პაროლის კითხვა დამავიწყდა და თერმომეტრზეც მკითხესო“. გადაირევი. თუმცა, მართლა რამდენს დაახვედრონ თერმომეტრი? ოხერი. მქონდა ნაყიდი ორი. მარი საკმაოდ დათრგუნა თავიდან ტესტის პასუხმა, მაგრამ საავადმყოფოში დაწყნარდა ცოტა. განა ეს არამზადა კორონა რას შეგვაშინებდა, მაგრამ ციური რომ მოკლა ზაფხულში იმის მერე დაგვყვა ზაფრად და თან ლამის მთელ ოჯახს გვჭირს და ეს კიდევ არაა მთლად სასურველი კი არდა, საერთოდ სასურველი ამბავი. კიდევ კარგი თეკლამ მაინც რომ გაასწრო თბილისში და აცდა. მთავარია იქ იყოს ფრთხილად. „მასქილიდაფარი“, მკურნალი მეგრულად. ექიმი ექიმია მეგრულადაც და სვანურად „აქიმ“ კიდევ. შემოსულა ძამულია, არაბულია დასტურად. ეს მასქილიდაფარი კია საინტერესო. მომარჩენელს ნიშნავს. ნაწარმოებია „დარჩენადან“. ამქვეყნად დამტევებელი. კაი რაღაცაა. სკ//სქ, რა ძირია ნეტა? სქუა, სქურიც აქედან მოდის. მაგარი რაღაცაა ეს ძირი. წყალიც, შვილიც და დარჩენა-გადარჩენა სულ აქიდანაა ნაწარმოები. სკ-ნელიც აქედანაა? სკვნილიც? ვაა, სად გავუტიე.

     არ ვიცი რომ გავიგე იმიტომ თუ მართლა, დაიწყო სხეულმა მტვრევა. აშკარად მჭირდება შორით წვა და შორით დაგვა კი არადა დისტანციური ექიმი და მაჯისაცა თუ ვერა, სუნთქვისაცა შემტყობარი. მაგრამ ეს 112-  ში დარეკვა კიდევ ამოვიდა ყელში, ჯერ ცოლს ჭირს-მეთქი, დავურეკე გუშინწინ; გუშინ, შვილს ჭირს-მეთქი. ხვალ დავრეკავ ჯობია. ვამეხმა ისევ მომწერა „კარგად ვარო“, მაგრამ თუ თერმომეტრს მას სთხოვდნენ, ეგაა კაცო ყურადღება? კიდევ კარგი ვარამის მოტანილი, ქუნარეშის გამომცხვარი ხაჭაპურები, ბანანი და ატმის წვენი გავატანე.

    დავრეკავ ხვალ ალბათ, თავისით არა მგონია გავახსენდეთ. წუხელაც მამსხვრევდა ტანში და მაშინ  ვიგრძენი რომ მქონდა მეძავის ნაშობი კორონა. ცუდადაც მეძინა. ოფლიანი წამომაგდო რამდენჯერმე და მაკანკალებდა, ძლივს გავიარე აბაზანამდე, იქ კიდევ კედელს ჩავეჭიდე რომ არ წავქცეულიყავი. ჩემებურ გრიპებზე უარესია, ვითომ? რამდენჯერმე ისე საშინლად გადავიტანე… ვნახოთ. ზენ ბაცალიგოს თოვლსა თოვს. ახლაღა გამიტყდა ვარამს იმხელა რომ ვუყვირე, ბოლო-ბოლო ოცი წლითაა უფროსი. სადაა შენი კოლხური ზრდილობა, წიე? მაგრამ არ გაიგონა თითქოს ძალით. ვეუბნები, „გადი ბიჭო, არ შემოხვიდე-მეთქი“. ის კიდევ „გამომართვი ჩანთა!“ სულს ძლივს ითქვამს, თან აგას უყვირის განწირული ხმით „მომეშვი, მომეშვი და მიდი მამაშენთან!“, მესმის მეორე ოთახიდან. გამოვაღე კარი და გავუხედე, ცელოფნის პარკი  თავზემოთ აქვს აშვერილი, თითქოს ენგური უნდა გადაცუროს და ფუთა არ უნდა  დაუსველდეს.  აგა ახტება მკერდზე. საცოდავი სანახავია. „დადე ბიჭო ძირს და გადი სასწრაფოდ“, ვუღრიალე მთელი ძალით და მივიჯახუნე კარები. მისი და ჩემი უმწეობა მაცოფებს ხშირად. ასეთი დაბდურა როგორაა. ჩემზე უარესადაა თვითონ, ახლა კორონა აიკიდოს ეგ მინდა? ჩამოვარდა თაროდან ყვავილი ქოთნით. მოიპნა მიწა იატაკზე. გავცოფდი უფრო. სულ რაღაც ათი წუთი იყო რაც დამირეკეს და მახარეს დაგიდასტურდაო. და ამ დროს ამის ასეთი გაუფრთხილებელი შემობოდიალება მისაღებში, სამი კოვიდიანის ნამყოფ მისაღებში.

     ვაახ, გასკდა თავი. დასტაქარი გვჭირდება უეჭველი, ჩემო აგა. სადღაც სიშორეზე კივის როიალი. აი კორონა. ნეტა, არ უნდა გამიჩერდეს თავი?  გოხორცქუ დუდქი[1]. ვხუხე პარაცეტამოლი. სადღაც სიშორეზე ტირის პიანინო. ერთხელაც არ დაუკრავს მერე.   ცხრაწლედი ოდეს განასრულა, უმალ დაისვენა. დიდი დაოსიზმის მიმდევარი მყავს ეგეც. „გავარჩიე ერთი ნაწარმოები, რას მიქვიან არაო.“ მითხრა ამას წინათ. თეკლა თავიდანვე არ მიკარებია მაინც. ახლა კი დევს ეგერ ცივად და თაროდ ვიყენებთ ძირითადად და არც კი ტირის, დუმს ნერვების ამშლელად.

1

ელისაბედი ერქვა. მამიდა არ იყო, მხოლოდ მოგვარე იყო ბიჭის, ისიც აფშილიში გახლდათ, მაგრამ ელისაბედმამიდა იყო მისი ნამდვილი სახელი მისთვის და სოფლის ყველა ბავშვისთვის. ბერძნების მიერ დატოვებულ ქვითკირის ბელეტაჟ სახლში ცხოვრობდა. მაშინ, სანამ იქ იყო, არ უფიქრია ამაზე. „ერთი სახლი ვერ ააშენა, ძველში ცხოვრობსო“, ლაქლაქებდა სოფელი და იქონია ეტყობა ბიჭზეც გავლენა. საკმაოდ გვიან, ჭაბუკობაში, სკოლას ამთავრებდა უკვე როცა გაიაზრა რომ ულამაზესი სახლი ჰქონდა ელისაბედმამიდას.

    ლამის მთელი სოფელი რკინაბეტონის ორსართულიანებში  გადაბარგდა ერთიანად. დაშალეს ბერძნების თლილი  ქვით ნაგები პირველი სართულისა და შემდეგ ხის ულამაზესი „X“ ის მაგვარად, ოთხკუთხა დირეებით შეკრული და მათშორის ქვებით გამოვსებულ კედლებიანი ულამაზესი მეორე სართულებიანი სახლები, ლაზურს რომ მოჰგავდა ძლიერ, მაგრამ სიმართლისთვის ჯობია ითქვას, ლაზური უფრო ლაზათიანი და კოხტაა, ხის დირეები მხოლოდ ჯვარედინად არაა, მართკუთხედებადაც იკვრება და უფრო თვალწარმტაცადაა გამოყვანილი გამოთლილქვებიანი  შედევრები, ბერძნულები კიდევ, კი იყო თითქმის ისეთივე, მაგრამ უმეტესწილად მაინც ლესავდნენ გარედან მიწაკირქვით და ხიბლს უკარგავდნენ რატომღაც. შიდა ტიხარებად კი ორივე მხრიდან ფიცრებზე ბადისმსგავსად მიჭედებული წვრილი ყავრის, ბათქაშით ამოლესილ კედლებს აკეთებდნენ, შუაში სიცარიელით, სადაც, როგორც წესი, ბუდობდა მორიელი, სოფელში ალბათ ყველაზე საშიშ არსებად მიჩნეული ქვემძრომი, რომლის ნაკბენსაც მხოლოდ ბიჭის ბებია არჩენდა მთელ სამყაროში. შაბიამანისა და რაღაც კიდევ ერთი ელემენტის ნარევით, სასიკვდილოდ დაკბენილები გადაურჩენია რამდენჯერ. ელისაბედმამიდას ეს დიდებული ბერძნული სახლი ფერდობზე იყო წამომართული და დამატებით სართულიც გამოსდიოდა სარდაფის სახით, მარნად და საკუჭნაოდ რომ იყენებდა ელისაბედმამიდა. ბიჭის კარის მეზობელი იყო. როგორღაც მოხდა, მეშვიდეკლასში იყო მაშინ, მაღალი სიცხით მარტო აღმოჩნდა სახლში, მთელ სამყაროში ყველაზე ახლობელი ადამიანი კი, ბებია, უკვე  სხვა მზისქვეშეთში იყო გადაბარგებული, დედამ კი, ეტყობა, იფიქრა, ცოტა ხანს რა უჭირსო და მარტო დატოვა ჩაის საკრეფად წასულმა. გონების დაკარგვის ზღვარზე იყო ბიჭი, როდესაც შემოვიდა ელისაბედმამიდა და სუნელების სურნელით ენით გამოუთქმელ არაამქვეყნიურ ნეტარებაში გადამსახლებელი ხელისგული დაადო შუბლზე. „ნანაშური, რა ცხელი ხარო!“ თქვა შეშფოთებულმა და შემდეგ კი დატრიალდა. ძმრიანსპირტიანი წინდები ჩააცვა ფეხებზე და ფხალის ფოთლები დააკრა შუბლზე. ბიჭმა კი უკვე ზუსტად იცოდა რომ გადარჩა და არც კი გაუცნობიერებია რა მალე ჩაეძინა უტკბილესად.   

22.04.2021

საზიზღრად ვიძინე. წყვეტილად. აწმყო გაწყვეტილი. სადღაც  ექვსისკენ გამეღვიძა საბოლოოდ. მთელი სხეული იმსხვრეოდა. წამით მოვიდა შფოთვა, მაგრამ განვდევნე. გავიზომე სიცხე- 39.მენა ვარ ბერი კოპალა, დევ-კერპთან მეომარია.ნაცვლად შიშისა გამიხარდა, ამის ბრალია-მეთქი და პარაცეტამოლი მივიღე. ვიწყებ ედიშერის ქრისტიანობის ლიტერატურის ისტორიის კურსს იუთუბზე, თავიდან. აპოკრიფებზე. ძლიერ საინტერესო ამბებია. თხრობაც კარგია. მგონი არაა დაფასებული ეს კაცი ჩვენთან სათანადოდ. ათასი ნაგავის მოსაჯარომთხრობლები გახლავან ათასწილ სახელგანსმენილნი ჩემო, ბერო კოპალავ, და ეს კიდევ არ ჩანს. ცრულიბერალიზმს ვაბრალებ. კოვიდზე უარეს ქმნილან შემოტევანი მათნი. პროლეტარიატის დიქტატუტრას მაგონებენ. თუ დიქტატურაა, რაღა აზრი აქვს რისი იქნება? სიყვარულის დიქტატურაც კი წამისსისწრაფით ჯოჯოხეთად აქცევს სამყაროს, და არაა თუ, მაგრამ მაინც.

      ისე, მე შედარებით კარგ დღეში ვარ, ოჯახის ერთი წევრი მაინც მყავს გვერდით, აგა.  გაოცებულია რომ არ გამყავს გარეთ. წუხელ ვათამაშე  ვეფხვის თოჯინის მოტანა. ვიდეო მინდა ჩავწერო, ტირის თოფით ნადირობის, ნადირობის იმიტაციის რა, თუ მოვახერხო. კარგი გასართობი იქნება. საკმაოდ ვიარე ბინაში. არ მაცლის ძაღლი. მე ვარ ლეგენდა მახსენდება. იმ ფილმში ყველაზე მთავარი, ტრაგედიის აღსაქმელად,  ნაგაზს რომ დაკარგავს უილ სმიტი ისაა. მაგ ეპიზოდში ყველაზე კარგად ითავისებ პანდემიის  გამანადგურებელ ზეგავლენას ადამიანზე, მარტოდ დარჩენილზე, დღისა და მზის იმედად. ცოტა ხანში მეხუთე ნემსს გავუკეთებ. ალაგ-ალაგ მაინც ახველებს, თითქოს იღრჩობა,  თუმცა აშკარად ნაკლებად, მორჩეს უნდა.

    ეს გულის აჩქარებული ცემა-გუგუნი რატომ მაქვს, ვითომ, სიმპტომია? ამდენი საქმის მომქმედმა ცხრა ადლი ტილო წავიღე. თამარს გულისხმობს, ნეტა, მთქმელი? ვარძიას ახსენებინებს. ალბათ. თითქოს მოლანდებები მქონდა ღამე. გურამ მეგრელიშვილი წერდა, ფეისბუქზე, გარედან ვუყურებდი ჩემს თავსო, ეგ გამახსენდა. დედა დამიდგა თვალწინ, თითქმის რომ არ იყო გონზე, „აგერ დგანან და არ მანებებენ თავსო“. „ვინაა დედა, გაყარე მაქედან-მეთქი“. „არ მიდიანო“. მზერას კი მაპყრობდა, მაგრამ ვხვდებოდი რომ ვერ მხედავდა, მისი თვალების მიღმა ვიყავი. თვითონ იყო გასული ამ  განზომილებიდან.

   ყველაზე დიდი შვება წუხანდელ ტანჯვაში ღამის ქოთანი იყო. წარმოიდგინე შემცივნებულს, ძვლებში მტვრევით ამდენჯერ ადგომა რომ მომწეოდა? დიდება უფალო რამეთუ მიეცი ადამიანს ჭკუა და მოხერხება შეექმნა ღამის ქოთანი.

   სურათს ვათავსებ ფეისბუქზე. ვიგდებ და დავცინი კორონას. ეგრევე შვილები მაშაყირებენ, ჯერ ვამეხი, რა თქმა უნდა, მერე თეკლამაც გამოყო ფეხი. ვართ ასე  ტინგიცში, შემოერთებულ მეგობრებთან ერთად. „რემონტი დაიწყე თუ ასე კარგად ხარო“, ვამეხმა. მამაძაღლი, რო შაყირობს კიდევ? არადა ხელს არ შემოგაშველებს თავისით არაფერზე. თუმცა თუ დაგეხმარა, იცოცხლე, კი იცის გულიანა. ის რომ იცოდეს შანდლების გაკეთებას ვაპირებ კი გაოცდებოდა, მაგრამ მეზობელი ამომიბღვერს აუცილებლად ბურღის ხმაზე, თან სიცხე მაქვს ისევ. შვილს აძინებს ხოლმე. მაინცადამაინც  იმ დროს როგორ აძინებს ისე როცა ბურღს ვრთავ? „დილით იმ გიჟმა გააღვიძა ყეფითო“, ვითომ სიყვარულით თქვა, მაგრამ გადმომკრა აშკარად. თვითონ გერმანული ნაგაზი ყავს, მაგრამ მაინც ჩემი აგა იგულისხმა მგონი. კოვიდისას ყველაზე მწარე, ალბათ ღამეა. ირეალურ სამყაროში გადაყავხარ ამ მეძვირია ელიტარულ მეძავს. ეგ სიცხის ბრალია უთუოდ, რასაც დღისით უფრო აკონტროლებ ბუნებრივია. ღამე უნდა მოატყუო ტვინი რომ არაფერი გტკივა, რომ უბრალო ტკივილია, სურდოზე არამეტი და დაიძინო. სადა ხარ ბერო კოპალავ, ახლა მჭირდები კომბლითა.

ჯირჩე[2] მოვიდა და მომიტანა წვნიანი და კამფოტი. დადგა დერეფანში ყვავილებთან მოთავსებულ მაგიდაზე, შემომძახა როგორ ხარო და წავიდა. სანამ მისი ნაბიჯების ხმა არ მიჰქრა, არ გავედი. მიყურებს აგა წყლიანი თვალებით, აინტერესებს რაა პარკში, თუ უწევს მას და თუ მივცემ. დაყურსდა სამზარეულოს კარებთან და მიცდის. ვაცხელებ წვნიანს და ვისხამ თეფშზე მოზრდილი ყავის ჭიქით, ორჯერ და მივირთმევ. მას ვუსხამ  გაუცხელებელს, ოთხ ყავის ჭიქას და ვტოვებ. ზვერავს და სუნავს. ცოტა ხანში კი მესმის თქვლეფა, მაგრამ მალე წყვეტს.

   სიცხე არ ქრება, თამაშობს. დავლევ წამალს დაიკლებს მერე მოიმატებს. მეთამაშება ეს კახპის ნაშობი. არ უნდა ავყვე მის თამაშს. 38.5 . აღარ ვსვამ წამალს, არადა მეექვსე ჟამია უკვე არ დამილევია. საათი როდის შემოვიდა, არაბების მერე? მაშინ ათონელმა რაღა ჟამიო, საათი რად არ დასწერა? მაინც არ ვსვამ წამალს. ამის ნაცვლად ლამის ერთ ლიტრ, წყალში გაზავებულ, თითქმის უშაქრო კომფოტს ვსვამ, ვდგები და აგას ვეთამაშები დაჭერობანას. გახვითქული ვარ. ერთ საათში ოცდაჩვიდმეტზეა  ტემპერატურა. აბა რა გეგონა, შენ ნამოხვანჰესო. მაოხრებელო ვირისშვილო.

   მთელი ცხოვრება რომ ვუფრთხოდი და არ ვეკარებოდი იმ რომანის წერა დავიწყე. აჰანდედა ზოგი პანდემია დამაქცევარიაო? გამომცემლობას ორივე შემთხვევაში  გაუმართლებს: თუ ეს ელიტარული მეძავი  ჩამწიხლავს ტიანშანის ქარაფებში ჩემი წიგნის ცოტათი მეტი ეგზემპლარი, მცირედით, მაგრამ მაინც მეტი, გაიყიდება; თუ მე მოვისვრი ჭიუხებში, ახალი რომანი შეგვრჩება, დარწმუნებული ვარ ამ ბოლოზე მინიმუმ უკეთესი. ჩემი ფანჯრიდან ჩანს როგორ აპირკეთებენ  12 სართულიანის კედელს მუშები. სახურავიდან ჩამოუშვეს  სამუშაო კალათა.  სამკაციანი. საკმაოდ ლამაზ ხედს ღებულობს უფერული კორპუსი. ნეტა, ბევრი დაიწერა პანდემიაზე? ჩემს შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა არ უნდა მიეცეს, პანდემიაზე ხომ არ იქნება, ისევ სადღაც საკუთარი უფსკრულიდან უნდა ამოვხაპო  თუ  რამ დარჩა მნიშვნელოვანი. უფსკრული კი გაგიხარიან უძიროა. ირემნი ძნასა ჰყრიანო.

განწყობა, სიცხე და გულისცემა ამაღლებული მაქვს. წონა 89, ცოტაც და ჩემს სტანდარტს დავარტყამ, 81-ს. სიმაღლით ვარ მეტრო და ოთხმოცდაერთი და ასე უბნობენ ხალხურ ფოლკლორში სასურველ წონას. თუ არ დავპატარავდი ამასობაში. ადრე ვეხუმრებოდი, განსაკუთრებით თანამშრომელ ქალებს, რა ჯანდაბით დაიკელი ამდენიო რომ  მეკითხებოდნენ, ადამიანივით ვჭამ-მეთქი და საცემრად მოიწევდნენ, აბა ჩვენ ღორივით ვჭამთო?! არადა, ღმერთი, რჯული, არასოდეს მიხსენებია ღორი. არც მარგალიტები.

    წარმოვიდგინე, გამომცემლობის აგენტი მწერს ფეისბუქში, „მდარე იუმორი გაქვსო“. მე ვპასუხობ, სიამოვნებით გაგათავისუფლებთ აგენტობიდან და ხელშეკრულებიდანაც თუ კი გსურთ, რაც შეეხება იუმორს, ეგ ღვთაებრივი  მხოლოდ ქრისტეს ჰქონდა-მეთქი, რომელმაც უპასუხა პილატეს- „შენ ამბობ მაგასო“. ღმერთო, რამდენი შლეგური ფიქრი შეიძლება გაუკრთეს ადამიანს. ჩემს ფეხებს შექმნით ხელოვნურ ინტელექტს. რაც კაცობრიობას  დაუწერია ყველაფერი რომ ჩაუყაროთ თავში თუ პროცესორში,- რაც უფიქრია, იმის ერთი პროცენტიც არ იქნება. გაყინულ ხელის გულებს ცხელ შუბლზე ვიდებ. ვახ, რა კაია.

   ამ მეძავმა რომ დამამარცხოს არ იქნება მართალი. სანამ წერა შემიძლია, ხომ შეიძლება დროებით მომიხდეს შეწყვეტა, იცოდეთ რომ-  გამორიცხულია, მაგ ჩემი მთავარი წიგნის  დამთავრებამდე მიმიღოს გამჩენმა.

2

გამწარებული აპობდა ვარამი შეშას. ოფლი ასხამდა წურწურით, სიმწრის ოფლი უფრო იყო ეს ვიდრე ერთსაათიანი გაუჩერებელი მუშაობით მოგვრილი, ამ მართალია დეკემბრის სუსხიან და ალაგ-ალაგ თოვლიან შუადღეს, აფშილეთში,  გუმისთის გაყოლებაზე ქარაფისპირა, ხოლო დანარჩენი სამი მხრიდან მთებით შემორაგულ სოფელში. თვითონ სოფელი გუმისთის ხეობაში კი იყო, მაგრამ ვებერთელა ფლატე ყოფდა  მისგან და ზემოდან გადაჰყურებდა მდინარეს ჩრდილოეთის კალთით. სოფელიც, თავისმხრივ, სამი ხეობისგან შედგებოდა, წვრილი ნაკადულების კი არადა ღელეების, მაგრამ მაინც ხეობებისგან. მესამე ხეობის, მდინარეს გადმოყუდებულ ბექობზე ცხოვრობდა ვარამი. ორსართულიანი ეთქმოდა მის სახლსაც. გამომცემლობაში მუშაობდა, ყოველდღე სოხუმში დადიოდა სამსახურში და ხელფასზე დამოკიდებულ კაცს მართალია ახალი პატარა სახლი გადახურული კი ჰქონდა, მაგრამ მეტი ვერ მოეხერხებინა და  ჯერაც არ ჩქარობდა ბერძნების აშენებული სახლიდან, საკმაოდ რომ ჰქონდა შერჩენილი ბერძნული პეწი, მაგრამ არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაში რომ იყო, გადაბარგებას. ბიჭს ძალიან უყვარდა აქაურობა და ხშირად მოდიოდა, პატარაობისას, იესესთან სათამაშოდ. მართალია ახლა უკვე სათამაშო ასაკს აშკარად გადაცილებული იყო, პირველი კურსი სწორედ იმ ზაფხულს დახურა, მაგრამ ბავშვივით, ეზოს კუთხეში, თუთიის ხის ლამის სკამივით ამოჩრილ ვებერთელა ფესვზე იჯდა, ზურგით ხის მერქანს მიწოლილი და ოდნავ სევდიანი მზერით უყურებდა ოლიმპიური სიშმაგით მომუშავე ვარამს. ჰეფესტო წარმოიდგინა, ქვესკნელში, გრდემლზე რომ ურახუნებდა უროს. ვარამს კი ნამდვილად  ჰქონდა სიშმაგის მიზეზი: სოფლის შტაბში დაიბარეს  ორიოდე საათის წინ და ლამის შეაკვდნენ ერთმანეთს ის და პირქუში, მართალია ხელის დარტყმამდე არ მიუშვეს, მაგრამ ბევრიც არ დაუკლიათ, ისეთი მძიმე სიტყვები იძახეს, შეიძლებაც და ხელის დარტყმა სჯობდა. პირქუში ისედაც აღიარებული თავკაცი იყო, ჯერაც ომამდე, სოფლის თვალი, ქუჩიდან რომ მართავდა სოფელს, ყოველშემთხვევაში მის სახელიან და სიტყვისმთქმელ ნაწილს მაინც, ახლა კი, მართალია არა ოფიციალურად, მაგრამ სინამდვილეში ჩრდილოეთის ფრონტის „მთავარსარდლობა “ მოირგო თუ მოარგეს და მისი ვითომ თავგამოდება როგორღაც კიდევ შეეძლო გაეგო ვარამს, მაგრამ, უფრო, იმ ლეკვებმა გააცოფა, ბელადის საამებლად რომ ამუნათებდნენ. „ამხელა კაცს ჭკუის ნასახი როგორ არ გაქვს თავში, დღე-დღეზე შეიძლება სოფელზე მთავარი იერიში მოიტანონ შენ კი რა გექეიფებოდაო?“ სცადა, მაგრამ მესამე სიტყვაზევე შეწყვიტა ახსნა-განმარტება. შეატყო, ეს უფრო სხვებისთვის საჩვენებლად სჭირდებოდა პირქუშს და აღარაფრით არ შეიტეხდა ვარამის სიმართლეს. არადა კაცს, მესტიიდან ცოლოური ჩამოუვიდა სტუმრად, როგორ არ ჩამოალოცინებდა ორიოდე სადღეგრძელოთი? თან, ცოლისძმები დარჩენას აპირებდნენ, „ახლა ბრძოლის ხაზი აფშილეთთანაა, მესტიაში რა გაგვაჩერებსო“. არც კი გამოსულა ქეიფის ხმა სახლიდან, მაგრამ ორი კუთხიდან გზისპირას იდგა სახლი  და ან გამვლელმა შენიშნა გამართული სერი ეტყობა, ანდა კიდევ, ვინაც იცოდა იმან დაამღერა გაუფორმებელ მმართველთან. ბიჭი დარწმუნებული იყო, ასე მაგარი დაზვერვაც არ ჰყავდა ბატალიონს კი არადა სოფელს. თუმცა ერთი კი იყო, სამხედრო დაზვერვისგან განსხვავებით შიდა დაზვერვა აშკარად უკეთესად აწყობილიყო. აბა გუმისთის გაღმა, კამანსა და ეშერას, ან ამზარასა და ანაკოფიას იქით რა ხდებოდა ნაკლებად იცოდნენ. იშვიათად თუ გაბედავდნენ სამ-ოთხკაციანი სადაზვერვო ჯგუფი გაეგზავნათ და ისინიც უკან მობრუნებულები კაცმა არ იცოდა მართალს ჰყვებოდნენ თუ სადმე ახლომახლო გაჩერებულები იგონებდნენ მტრის ზურგში მიმდინარე სამხედრო გრადაციების ამბებს. რა თქმა უნდა, თუკი, ავთო და  ანდრო ქარდავები, არგამა მანია ან გულად მანაგაძეც არ იყო მათ რიგებში, მართალია მოგვიანებით კიდევ ათამდე სოფლელი გამოზარდა კარგ მზვერავად გულადმა, მაგრამ იმხანად, ომის გარიჟრაჟზე მხოლოდ ამათი სიტყვა იყო უტყუარი. ანაკოფიამდე ჩავიდნენ რამდენჯერმე და თითქმის უშეცდომოდ განმარტეს და დახაზეს მოწინააღმდეგის ბანაკებიცა და ჯარის განლაგებაც. სოხუმის შტაბშიც დაიბარეს სამჯერ და თავიდან მოაყოლეს დაზვერვის პატაკში აღწერილი ამბები. სოფლელებს უყვებოდნენ ვერდაფარული სიამაყით, ნადარეიშვილმა და შარტავამ ჩვენი ქებით გამოუჭედეს ყურები მეთაურსო. ვარამი კი ვინ დაასმინა საფიხვნოში პირქუშთან არც თვითონ დასმენილმა იცოდა და ვერც ბიჭი ხვდებოდა, თუმცა ვარამს რამდენიმეზე მაინც ჰქონდა ეჭვი, ბიჭს- არა. სწორედ ერთი თვის წინ გადაწყვიტეს საფიხვნოში, სოფელში სასტიკად აკრძალულიყო სასმელი და ყველანი, დიდიან პატარიანა ფხიზლად უნდა ყოფილიყვნენ. გაგრა ახალდაცემული იყო. ვარამის ცოლისძმები კი ამ ამბის შემხედვარე, მეორე დღეს, სოხუმის ოცდამესამე ბრიგადაში ჩაეწერნენ, სოხუმიშივე დარჩნენ და იშვიათადღა თუ ჩამოდიოდნენ სოფელში ვარამთან.

23.04.2021

შუა ღამე გამაღვიძა თავის ტკივილმა. 3 საათია. უცუდესია ეს ამბავი. ვსვამ პარაცეტამოლს და ვწრიალებ. ვგრძნობ რომ არ მიკლებს სიცხე. ისევ ედიშერის ქრისტიანობის ლიტერატურის ისტორიას ვრთავ. აპოკრიფებს ვუსმენ. არა, აშკარად საინტერესო ადამიანია ეს კაცი. ცოტა ხანში მასხამს ოფლს და ვგრძნობ რომ დაბლა იწევს სიცხე. მაგრამ რად გინდა, ძილს არ შველის აღარაფერი. სარამაგუს სიბრმავე ცოტათი მაინც არაა წინასწარმეტყველება? ფიქრების გაჩერება ვსცადე. ვერ ვახერხენ იმდენ ხანს შევძლო ცნობიერების გაფანტვა რომ ძილი მომერიოს. არადა შვიდი წუთი კმარა დასაძინებლადო. იესოს ბავშვობაში რა ცუდად აქვს, იოსები რომ მიადგება მარიამს. და ბოლო აკორდი, „მადლობა ღმერთო კაცად რომ გამაჩინეო“. ფემინისტია სარამაგუ აბა რაი არს? იქნებ ურწმუნო ფემინისტია? მაგ წიგნით საით გადაწყვეტ. არის სარამაგუში ახლებური რამე? სიახლე? სტილი ალბათ ვერა. ამბის თხრობაც არა, უფრო შინაარსზეა  დატვირთვა, ადამიანის გაოცების უნარზე. ოთხს გადამცდარია უკვე და ვდგები. აგა გახარებულია. წამოხტა იმ წამს ტახტიდან და იხვის თოჯინა მომირბენინა. თან ღრღნის, თან ვითომ მაძლევს. აფერისტის ერთია. წუხანდელი ბარსა-ხეტაფე ჩავრთე. საკმაოდ საინტერესო გამოდგა. პირველი ტაიმის ბოლოსკენ, ნახევრად მთვლემარე მდგომარეობაში გადავდივარ, მაგრამ მაინც არ მეძინება. აღარ გათენდება ღამე საზიზღარი. ალბათ ასეთ განწყობაზე იყო როცა ეს გენიალური ლექსი დაწერა. კარგი ისაა რომ სიცხემ თითქმის 37 ამდე დამიწია. მივეძალე ჯირჩეს კამფოტს. გაზგასულ კოკას. ქალბატონმა ურენიემაც მოუხშირა სტუმრობას. მგონი გამოვრეცხე სხეული შიგნიდან. ამასობაში დამირეკა ოჯახის ექიმმა. წინაზე უფრო კომპეტენტური სჩანდა, „სამ დღეში ერთხელ დაგირეკავო“ რომ მითხრა. „4 დღეში ანალიზებს აგიღებთ. კარგია წონა რომ არ გაქვთ დიდი. სუნთქვითი ვარჯიშები აკეთეო“. მარის  აქვს სიცხეები ისევ. სატურაცია თუ რა ჯანდაბაა  ჩამოვიდაო და შევფიქრდი, თან ადრე გამითიშა მობილური „არ შემიძლიაო“. ვურეკავ სულჩეს და ვთხოვ ნახოს. „ჩავალ ახლაო“. მირეკავს მალე და მეუბნება „ცივ თითზე აუღიათ, ნუ გეშინია, ნორმაზეაო“. „ოქროს გოგო ხარ-მეთქი“. „ახლი კიო“. „ღმერთი, რჯული, მუდამ ვამბობდი-მეთქი“. მივწერე თეკლას, დამშვიდდა ისიც. ვამეხმა „ცოტა მახველებსო“. ვეუბნები „რომანის წერა დავიწყე, როგორც იქნა, აქამდე რომ ვერ ვბედავდი იმის-მეთქი“. „რას იზამ უკეთესსო“. „ქვის შანდლებს-მეთქი“ გავეხუმრე მე. „ახლა, კარგი კია ქვის შანდლების კეთება, მაგრამ ყველა ქვას ნუ დახარჯავ მაინცო“. შავი იუმორი კი არადა, სიღრმისეული ქვია ალბათ ამას. სიღრმეში მიწის სიღრმეს ვგულისხმობ,  მაგრამ აქვს და ვერ წაართმევ.

   ტირის თოფის სანიშნე გავაკეთე. ვესვრი და ვეფხის თოჯინა  ვარდება, გახარებული მეტაკა  აგა. ეტყობა სანადიროდ წასვლა ეგონა. მომახტა  სკამზე. პირველივე ტყვია დამიკარგა, ცუდად მენიშნა მაგრამ არ შევიმჩნიე, გადავტენე და ჯერ ისე ვისროლე. მერე მეორე და ლამაზად ჩამოაგდო თოჯინა, დავდე თავიდან და ვესროლე ჩამოვარდა. „მომიტანე აგა-მეთქი“, სადაა? გავყევი. შეყუჟულა ტუალეტში. ცახცახებს. გული ჩამეწვა. საზიზღარ ხასიათზე დავდექი. ავთანდილი სიხარულით რომ მოკლავს კინაღამ ტარიელს. როგორ ვერ მოვიფიქრე! თოფი სროლის არ შეშინებია, რას წარმოვიდგენდი? ვერაფრით გამოვტიკნე გარეთ, ძალით  გამოვიყვანე ცახცახებდა. სოფელში, საგუშაგოდან რომ დავბრუნი სახლში და ბათურა აცახცახებული ძლივს რომ გამოვიდა სარდაფიდან ის გამახსენდა. გული მომიკვდა.

3

ძილგადაგლესილები იყვნენ ალიონზე. აფშილეთის ჩრდილოაღმოსავლეთ საგუშაგოზე იდგნენ. თითქმის წარმოუდგენელი იყო კავკასიონიდან, მთების გასწვრივ გამოეღწიათ კამანისა და ეშერის გავლით ან შემოვლით და მთისუბნიდან და აფიანდადან ჩამოსულიყვნენ, მაგრამ მაინც, სწორედ ამ საშიშროების ასაცილებლად გაიხსნა ეს საგუშაგო, ამ მიდამოებიდან შემოხეტებული სადაწიმეებისაგან[3] თუ რუსი ტერორისტებისგან უნდა ეხსნათ სოფელი. ოთხი კლასელი იყო, თვითონ ბიჭი, არჩილი, ძიცა[4] და მორძგვი[5], მათთანვე იყო განუყრელად ერთი წლით მათზე უმცროსი იოანე, მათივე მეზობელი,  „გვალარეფი“[6] რომ ერქვათ სკოლაში და სისხლს რომ უშრობდნენ მათსავე კლასელების- „რზენალეფის“[7] გუნდს. სჯაბნიდნენ ფეხბურთში, ხელბურთში, ფრენბურთში, კალათბურში უჭირდათ ცოტა, მკლავჭიდში ბოლოსკენ აჯობეს. „რზენალეფის“ გუნდიდან ორნიღა შემორჩა ომს. ძედეცი[8] და ვაჩე. ვაჩე  ტანკისტად წავიდა, პატარა ტანისა იყო, ბავშვობიდან მანქანების დაშლა-აწყობის დიდოსტატი. მამამისს  მუდამდღე მანქანა ჰყავდა, ომის დაწყებისას- ყვითელი ვოლგა, ნათესავისგან, ლუჰაჯისგან[9] რომ იყიდა. ამ ლუჰაჯმა კიდევ სპრინტში მოიგო. ხდებოდა ასე, საბჭოთა იმპერიისას. როგორც ყვებოდნენ, ოთხმა მეგობარმა იყოდა სპრინტის ბილეთი და, თითქოს ნათქვამი ჰქონდათ „მოგებას ვიყოფთო“, მაგრამ როგორც კი  „გაზ 24“-მა ამოანათა ბილეთიდან, დაიწყო საკმაოდ ძნელი გარჩევები და ისე მოხდა რომ „შავებმა“  ლუჰაჯს მიაკუთვნეს. არ ვიცი სიტყვაზე გამოიჭირეს სხვები თუ მართლა,- რადგან ამან მოიგო, ალალად ამასვე ეკუთვნოდა,- რეალობა არ შეცვლილა. ამის მერე დაიწყო  ჩინოვნიკებისა და  ფულიანი ბიძების რონინი ლუჰაჯის სახლში. მაგრამ მტკიცედ სდგა ლუჰაჯი და ვერ სცდუნდა, არ გაყიდა ლამის ორმაგ ფასადაც კი მოგებული ბილეთი და მამამაც, ერთი თვის თავზე,  გაპრიალებული ყვითელი ვოლგა ჩამოუსრიალა სოფელში. სოფლის ბარონივით იყო ლუჰაჯი. მხოლოდ ხუთი წლის მერე გაყიდა ვოლგა  და ახალზე ძვირად. საბჭოთა პერიოდში ხომ მანქანის ფასი  ხმარების ვადის მიხედვით არ ვარდებოდა  დაბლა. მოკლედ ამ ვაჩემ კიდევ ეს ვოლგა იმაზე უკეთესი გახადა ვინემ ქარხნიდან გამოსვლისას იყო. ყოველთვის თვალწინ ედგა ბიჭს, ერთხელ კლასელებისა და პირდაღებული მამის წინ, ბიჭისთვის, რა წარმოუდგენელი მანევრი ჩაატარა მანქანით: ვიწრო გზატკეცილზე, მთელი სიჩქარით დაძრულმა მუხრუჭისა და საჭის ურთულესი კომბინაციით ადგილზევე მოატრიალა  მანქანა და შეკრებილი კლასელებისა და მეზობლების ცხვირწინ დაამუხრუჭა, რაზეც ჯილდოდ მშობელი მამისგან გულიდან ალალად ამოხეთქილი სიტყვები მიიღო „შენ მოგიხან დედის ტრაკიო!“ ასე რომ მშვენივრად დაახრიგინებდა ტანკსაც. მართალია კლასალებს გული უსკდებოდათ, არ დაარჭონ ყუმბარა გაღმიდან- აძხადან, ანუხვადან, აკვაჩადან თუ ეშერიდან, ამას წინათ ხომ სწორედ სკოლის ეზოში გამოთუთქეს „ბეტეერი“ ორი მებრძოლით; რაც კი ჭურვი ეწყო შიგნით, სანამ ყველა არ აფეთქდა ვერ მიეკარა ვერავინ. ესენი კი ჩრდილო საგუშაგოზე იდგნენ. ვაჩე  სოფლის ცენტრს იცავდა ტანკით.

   ბიჭს აუტანლად სტკიოდა თავი. შეხედა არჩილის საქმიან სახეს და გაღიზიანდა. ამოიღო მჭიდი, პირველ მასრას მოაძრო ტყვია, ტალახით ამოგლისა, შაშხანის ლულიდანაც ამოაგდო ვაზნა, მერე მეგობრის დასანახად მჭიდი მოარგო შაშხანას, გადატენა და რამდენჯერმჯე დახედა ერთეულად სროლის ჯერზე ხომაა დაყენებულიო. არჩილი გაოცებული უყურებდა, რას შვებაო. სწორედ მაშინ მიუშვირა მეგობარს ლულა ბიჭმა. „მოვიდა შენი აღსასრული მეგობარო!“ „გაგიჟდი! არ შეიძლება ასე თამაში!“ „რა იყო, გეშინია?“ „გიო, ნუ შეიშალე, გაწიე ლულა“! ამასობაში გამოკრა სასხლეტს და თოფისწამლის კვამლის სუნი და შიში ერთად დატრიალდა ჰაერში. გიომ გადაიხარხარა. „გაგიჟდი ბიჭო?!“ „რა იყო, ჰო, ტყვია მოვაძვრე“. „ხომ იცი რომ ეშმაკი ტენის თოფს? ეს რამ მოგაფიქრა!“. მოუბოდიშა მეგობარს, მაგრამ მაინც ეცინებოდა. მთელი ცხოვრება ნანობდა შემდეგ ამ საქციელს. „ასეთი უღირსი როგორ ვიყავიო?!“, სინდისი ქენჯნიდა. „აქედან ხომ არ დაიწყო ურთიერთობების გაციება, ნეტაო?“ ფიქრობდა ხშირად. „მაგრამ განა გაგვიცივდა ურთიერთობა?“ ჩაიქნევდა მხოლოდ ხელს და არ ამთავრებდა ფიქრს, რა უცნაურად აღმოჩნდა ის ლიტვაში, ლამის საბოლოოდ, თვითონ კიდევ დარჩა საქართველოში, ისიც სამუდამოდ ალბათ.

24.04.2021

ისევ საშინელი ღამე მქონდა. მარი ბევრს წუწუნებდა. ხშირად მირეკავდა. მე კიდევ ვამხნევებდი შეძლებისდაგვარად. ტკივილზე უფრო, ციურის გარდაცვალებით მოგვრილი შიში ჰქონდა გამჯდარი. ყველა დარეკვისას იმას მეუბნებოდა „საცოდავი ციური, რა დღეში იყო თურმეო“. სინამდვილეში კი ციური მტრისას რომ დღეში იყო! ვერ წარმოიდგენს,- ოცი დღე იყო ჟანგბადზე  თუ სასუნთქ აპარატზე, რომელია უფრო სწორი არ ვიცი, მიერთებული და მაინც ვერ უშველეს.

     ერთი თავი დავწერე რომანის, არ მიდის ცუდად მგონი. რა მოვიფიქრო რომ თანამედროვეობასთან გადაძახილი გამომივიდეს, ომისდროინდელი ამბები? რა ჯანდაბა ფორმა უნდა ვნახო, ორიგინალური? ყველა ფორმა უკვე აღმოაჩინეს  ირლანდიელმა, ფრანგმაც და იქეთ კიდევ ამერიკელმა ფერმერმა და ბოლომდე იხმარეს, გასავათებამდე, იაფფასიანი ბორდელის ულამაზესი მეძავივით; ყოველგვარი მოდერნი სცადეს უკვე.  კაფკას, კამიუS და ბეკეტს რა მორჩებოდა?! პოსტმოდერნშიც კი ამოწურეს ნარჩენები ყოველი და ყოვლისფერი. რეალიზმი მაგიურად იხმარეს, აგერ კიდევ კუნდერა ხლაფორთობს რაღაცას…  ფორმის ორიგინალურობა ვინაც სცადა გაუხელოვნურდა უკვე და დასაცინიც კია, ბუმბერაზების ჩრდილში დარჩნენ მათში უდიდესებიც კი, ერთადერთი გზა ისევ დაკიდებაა, უნდა დაიკიდო ყოველგვარი მანერა, ფორმა და სტილი, უბრალოდ გადმოიწერო ჯობია საკუთარი სულის სიბინძურეებიდან ამოჩხრეკილი რამეები და ისღა  თუ იქნება შენი და შენეული, გადმოწერისასაც თუ არ შეგეშალა და სხვისი საწერკალამი არ შეგრჩა ხელში, ამას კი, კი უნდა  მიხვდე შე კაცო, მთლად შტერი ხომ არ ხარ, დააა? მაგრამ ეგ არის რო, საერთოდ მწერლობა, ან აქვს კი ღირებულება? გადმოწერა მაინც არ კმარო ხო, თვალდაფსილო ჩემო მეგობარო, არა, ცოტა რამ საიდანღაც მაინც უნდა ჩაგესმას უნდა, არა?! რომ გიამბოს მუზამ, და ეგაა მგონი მთავარი: გეგონოს მუზა მკარნახობს და მოვასწრო ჩაწერაო და ცნობიერება არ გიხნავდეს კეთილებს და სხვისი წიგნიდან დამახსოვრებული არ შემოგაჩეჩოს.

   მარიმ, წამალი დამიკარგეს და მიყიდეო. კარდიოასპირინი. ვთხოვე ვარამს „ვიზამ ერთ საათშიო“, იას მივწრე „კარგი, არ მინდა შენი დახმარება-მეთქი.“ ასჯერ დარეკა მარიმ. მხოლოდ ღამის რვა სათზე მიუტანა წამალი. მომეშხამა ხასიათი. საზიზღარი თავის ტკივილები არ მეშვებიან.

კერკეტი კაკლის ვიდეო ვამონტაჟე ნახევარი დღე და დავდე. არცერთი ლაიქი. ძალიან გამიტყდა, ღმერთო, როგორი არა პიარული ვარ. რიყის ქვასავით არაპოპულარული ვარ. იქნებ ნიჭის ამბავია მარტივად, ძამა? მეგობრებმაც კი არ ნახეს. ვამეხმა „კაი რა მამა, რა იუთუბზე ვიდეოები დაიწყეო!“. წავშალე საჩქაროდ.

4

ყოველთვის წყდებოდა გული ბიჭს რომ კარგად არ ახსოვდა ძველი სახლი. არ უნდა ყოფილიყო ცუდი. დაძაბავდა გონებას და დერეფნის  სახება წამოუტივტივდებოდა თითქოს უმკრთალესად, უკვე დანგრეული სახლის, მხოლოდ ეზოში დახვავებული თლილი ქვები რომ ასხამდა რეალურ სახეს ბავშვის წარმოსახვაში. ოსტატის ხელი ეტყობოდა ყველას. ასეთი და ამდენი თლილი ქვა ნიშნავდა რომ გამორჩეულად კარგი სახლი იქნებოდა. „რას ერჩოდა მამა, რატომ დაანგრიაო?“ ხშირად ფიქრობდა ბიჭი არა მარტო ამ ოცნების სახლზე, მის ამშენებლებზე და ძველ ბინადრებზე, მაშინ ჯერ კიდევ შუააზიაში გადასახლებულ, შემდეგ კი სამშობლოში დაბრუნებულ ბერძნებზე გამოკრთებოდა ხოლმე ბებიას  საუბრებიდან რომ იყო განცდა სოფელში, რომ ვერ გაიხარებდნენ სხვების ნასახლარებში და წუხილისა და  სიბრაზის შეგრძნება მოუვლიდა ერთდროულად „კი მაგრამ ხომ არ წაურთმევიათ ამათ? რა ამათი ბრალი იყო რომ ეცა საბჭოთა ვებერთელა, ცთომილის ერთმეექვსედიანი იმპერია ენგურს? ეცა და დააგუბა ჯვართან და ჩაუძირა სოფლები და ტაძრები სამოსახლოებიანა? განა სწორედ ბაბუას ულამაზესი სოფელი, ხუდონი, არ მოყვა წარღვნის ქვეშ?“ შემდეგ, ჭარმაგობაში ყოველთვის აყურადებდა, ათასში ერთხელ, გაწმენდითი თუ სარემონტო სამუშაოებისას  როცა დააშრობდნენ საცავს თუ ტბას თუ ოკეანეს და რომ ამოყოფდა თავს ხუდონი წყლიდან და ჯერ  კიდევ 1681 წელს, სავარეხ საუსტანის ძე შარვაშიძის მიერ, აბაზა-ადიღეელების დახმარებით გუმისთისხეობიდან  აყრილი და აქ დამკვიდრებული აფშილიშების, დარბევას და  ტყვეებად გაყიდვას გადარჩენილი აფშილიშების საგვარეულო დიდმოწამე გიორგის  ჯერაც დაუნგრეველ ბაზილიკის ნარჩენებთან ერთად. „ნუთუ არ შეიძლებოდა საყდრის გადმოტანა? ამხელა ხეები გადმოაქვთ და სახლები გადმოაქთ და რა გახდა?“ უთვალავჯერ უფიქრია ბიჭს. ნამდვილად არ იყო აფშილეთლების ბრალი ბერძნების გასახლება შუა აზიაში. ბებია უყვებოდა, „საშინლად არ უნდოდათ. ქრისტეს ტირილი იდგაო, მაგრამ ტირილი მერე ენახათ თუ გაცოფდებოდა ბერიაო“. „ჰოი, იქედნეს ნაშობო. რა სალაპარაკო დაუტოვე, ხომ ვერ დაგვაბრალებდნენ რომ არა შენი ჰიტლერისეული აზრები, ჩვენი გენოციდი უნდოდაო? რაღაც არ უნდა ვამართლოთ მოსახლეობის ხელოვნური მიგრაცია იყო ხომ? აბა არ დაშინდებოდნენ აფხაზები? მუჰაჯირობის შემდეგ ისედაც შეშინებულები. სავარეხზე და ყვაპუ შარვაშიძეზე იძიე ნეტა, შური?“ გუნებაში ებაასებოდა ბერიას ბიჭი, ოღონდ ეს მოგვიანებით, როცა პირველი კურსის სტუიდენტი იყო და უფრო სერიოზულად სწავლობდა ისტორიას, მართალია ფილოლოგიურზე იყო, მაგრამ ის ერთი სემესტრიც ეყო, ჭანიას რომ „მოეწამლა“. სოფელში, გარდა ლამაზი სახლებისა, 1685 წელს ზეგნაყ შარვაშიძის მიერ  მთიელთა და ოსმალეთის დახმარებით ბზიფიდან ენგურამდე  დადიანის ერთგული თავადაზნაურებისა და ქართული მოსახლეობის დარბევა-დაყიდვა-გასახლებისას ნახევრად დანგრეული და ბერძენ ახალმოსახლეთა მიერ 1883 წელს აღდგენილი ლამაზი ბაზილიკა დახვდათ ხუდონიდან წინაპართა სოფელში ორასორმოცდათექვსმეტი წლის შემდეგ  დაბრუნებულ აფშილიშებს. „საინტერესოა, როგორ შეარჩიეს სახლები და დაირიგეს? იქ რაც ქონდათ იმის მიხედვით? ალბათ ოჯახის წევრთა რაოდენობით.“  ბებია უყვებოდა: „მთას მიჩვეულები,  მთის მახლობლად მიიწევდნენ, ბაბუაშენის ძმა კი საერთოდ  მთისუბანში წავიდა და მიიზომა მიწაო; ბაბუამ დააძალა თორემ ახლა სოფლის განაპირას რომ ცხოვრობს, მთების მისადგომებთან, ეგ მონაგონი იქნებოდაო. აფშილიშები ყველაზე მთიან ნაწილს მიასკდნენ აფშილეთშიო.  მწყემსები იყვნენ ჩვენები და იქ ერჩივნათო“. მარტვილელებიც კი იყვნენ მწყემსები, მაგრამ მაინც ბარს მიეძალნენ, სოფლის რზენს[10]. მარტვილელებს  რაღას ერჩოდა ლავრენტი, ეგ ვერ გაარკვია ბიჭმა. „იქ ხომ არ აუშენებიათ ჰესი? თუ ააშენეს ნეტა?“ მთელი გულით თამაშობდა  ბიჭი დაშლილი სახლის მასალით. თეთრი აგურებისგან მინიატურული სახლი ააშენა სართულებსშორის ყავრის კედლისგან მონარჩენი ყამბარიებისგან, წვრილად დაჭრილი ყავარისგან, გააკეთა იატაკი, სახურავი ოთხი კრამიტისგან ააწყო და მაშინ მოხდა მის ცნობიერებაში ყველაზე დიდი ტრაგედია: თვალში, სავარაუდოდ, სამშენებლო მტვერი ჩაუვარდა. კარგა ხანს უძალიანდებოდა. აგრძელებდა სანუკვარ გართობას, მაგრამ თვალიდან ცრემლი მოსდიოდა ღაპაღუპით. თან იჩიჩქნა და უფრო გაიღიზიანა. გემოს ვეღარ აყოლებდა უკვე გართობას. სადღაც გადაეკარგა წალკოტისებრი ტკბობა. გამოაძევა სამოთხიდან თვალითუხილავმა მტვერმა. ბებიას მიაკითხა. ბებიამ ბევრი იწვალა და ამოუღო როგორც ჩანს, მაგრამ ამდენი ნამჟღვრევი სტკიოდა ძველებურად, ის  მოჭარბებული აღტაცებულობაც გაუნელდა და თავიდან ვეღარ დაიჭირა ის ხიბლი რაც თამაშს დასაბამითვე აჰყვა.  მოგვიანებით, მამამ ის თლილი ქვები ვებერთელა ეზოს შიგნიდან გააყოლა ღობეს ერთი მეტრის დაშორებით, მიჯრით, მიწა ჩაჰყარა და ძირითადად დაფნა დარგო. ვერ იტანდა დაფნას ბიჭი. გული წყდებოდა რომ უძველესი ვენახი უკვე სულს ღაფავდა, მხოლოდ ღობის გაყოლებებზე იფანსა და თხმელაზე გაშვებული რამოდენიმე ძირი ოჯალეში და უფრო მეტად იზაბელაღა ჰქონდათ. მეზობლების დაბლარი თეთრი ყურძენი კი ისეთი კარგი იყო  და ისეთი ტკბილი… ბებია უყვებოდა, „ახლა რომ მარანში გვაქვს ის ქვევრები სულ გავსებული გვქონდა იმდენი ყურძენი  იყო აქო“. მარანი სამზადის  გვერდით იყო, ამ მარანს მიუშენეს ძველი სახლიდან მორჩენილი მასალით ვებერთელა ქოხი. არც ეთქმოდა ქოხი, სახლი იყო ლამის. შემდეგში როცა იმ ახალ ორსართულიან სახლს ვერაფრით ვერ ათბობდნენ, მთელი ოჯახი, ზამთრობით ამ ქოხში გადმობარგდებოდა ხოლმე. ბებია, დედ-მამა და თითქმის მუდამ მათთან მყოფი ბიძაშვილები- ბაკური და ნათია, ყოველთვის შემოსწრებულ რამდენიმე სტუმართან თუ არა მეზობელთან ერთად მაინც. იმხელა ორსართულიანი სახლი კი იდგა მისთვის ანაკოფიის ციხესიმაგრესავით. ბერძენი ოსტატის ხელი აკლდა ახალ სახლს, ლაზი ოსტატები ისედაც ისტორიას იყვნენ ჩაბარებულნი, ყოველშემთხვევაში, ამ მიდამოებში. არადა მამამ საგანგებოდ მოიძია ოსტატი, უკრაინელი ბენდერი და მისაღებში კედელსმიშენებულ ვებერთელა ღუმელის საკვამური მილი  ისე გაატარა სახლში, თეთრი გამომწვარი აგურით, რომ ლამის ყველა ოთახში გადიოდა, პირველი სართულის ოთხ და, შესაბამისად, ზედა სართულის ოთხი ოთახის დამაკავშირებელი კედლების კუთხეში. მაგრამ, როგორც დედა ეუბნებოდა ბიჭს, ასე დახლართულ საკვამურს „გაწევა“ არ ჰყოფნიდა, ან შეშა ვერ ათბობდა სათანადოდ.  მხოლოდ მერე, მოგვიანებით, როცა ნახშირის მოტანა დაიწყო მამამ და შეანთეს, იგრძნეს სითბო. ბიჭი თავის საძინებელში (ლამის მეშვიდე კლასამდე იწვა მშობლებთან), ზურგით საკვამურიან კედელთან მისდგამდა ტახტს და მხრებიდან შემოსული სითბოთი სხეულგაღუღუნებული   მეცადინეობდა ან კითხულობდა. თუმცა ნახშირის ამბავიც ფრიად ძნელად დაიწყო: პირველ წელს მამამ, როგორც ჩანს უქო ვიღაცამ, და „ანთრაციტი“ მოიტანა. აშკარად ვერ გაუგო დედამ ვერაფერი ამ ნახშირს და  ერთი კვირა ვერაფრით  ვერ დაანთეს ცეცხლი. „რა ჯანდაბად მოიტანე ეს ოხრობა, გადასაყრელიაო!“ ეწუწუნებოდა ქმარს. ერთხელაც ბიჭმა, მხოლოდ მამა იყო ახალ სახლში და იყინებოდა ვერცკი გაწითლებულ ელექტრო „პლეტასთან“, დანარჩენი ოჯახის წევრები ქოხში იყვნენ და  რკინის გავარვარებულ ღუმელთან ნებივრობდნენ სიცილ-კისკისში. სჩანს გული წყდებოდა ბიჭს რომ ოჯახი  ერთად არ იყო, რაღაც განდგომილი ბერივით იყო მამა, თითქოს  თავისი შეცდომის ტანჯვით გამოსყიდვას აპირებდა და ჯიუტად იჯდა ახალი სახლის უზარმაზარ გაუმთბარ მისაღებში. ბიჭმა შეაგროვა ხმელი შეშა, ძირითადად მასალას მორჩენილი ნაჭრები- მეორე სართულის კარ-ფანჯრებსა და იატაკს აკეთებდა ვაჟა დურგალი იმ დღეებში, და შეანთო ცეცხლი. ძალიან გათბა ღუმელი. „ყოჩაღ გიოო“, უთხრა მამამ და მიეფიცხა სითბოს. ბიჭმა კი ამ დროს შემოიტანა ერთი ტაშტი ნახშირი. „რას შვებიო“ შიშით კითხა მამამ, „ჩაქრება ეს ასეთი კარგი  ცეცხლი“. ბიჭს შინაგანი რწმენა ჰქონდა, არ შეიძლებოდა ნახშირი, რომელიც  დასაწვავადაა გაჩენილი არ დამწვარიყო. ახადა ზედა, რკინის საფარი რგოლები ღუმელს. ცეცხლი ღმუოდა  ელვარე ნაკვერჩხლებიდან და რომ არ აყოლოდა ცეცხლის ჩაქრობის შიშს, დაუფიქრებლად  ჩაახვავა მთელი ტაშტი ნახშირი მასში და შავი ქვების გროვაში ჩააქვესკნელა მომქმედი ვულკანივით ელვარე ლავა. რამოდენიმე წამი უყურა ბნელეთს და ცოტათი ნირწამხდარმა დაახურა ისევ ღუმელს. „ ეხ, გიო, ეს რა ქენი, რა კარგი სითბო იყო!“ „მოეკიდება!“ მტკიცედ თქვა ბიჭმა. ნახშირმა დაფარა ნაკლვერჩხლები, გავარვარებული მუგუზლები და ცეცხლის ალებიც გაუჩინარდა სადღაც. ნელ-ნელა გაცივდა ღუმელი. სევდით უყურებდა ჩამქრალ ვულკანს ბიჭი. „კარგი, არა უშავს“ უთხრა მამამ, თუმცა აშკარად ეტყობოდა როგორ დასწყდა გული. ბიჭმა ვერ მოითმინა და ათიოდე წუთში ყველაზე პატარა საფარი რგოლი ახადა ღუმელს. ქვანახშირის ხორგადან[11]  ცეცხლის ენები მორცხვად მოიპარებოდნენ. „მამა შეხედე!“ მამამ ეჭვით ჩახედა ღუმელს და გაოცებული მიაჩერდა ცეცხლს. „დაახურე!“ იყვირა სასწრაფოდ. კიდევ ათი წუთიც და აღტაცებულები უყურებდნენ კედელს თეთრი აგურებით მიშენებული ვებერთელა ღუმელის ლამის ერთი მეტრკვადრატის ფართობის უმსხვილესი თუჯის ზედაპირის თითქმის ნახევარი ჯერ როგორ შეწითლდა,  თითქოს გოგონას შეეფაკლა ლოყები სიმორცხვისგანო, შემდეგ როგორ გავარვარდა, და როგორ გადაავსო ვებერთელა დარბაზი  სითბოთი. ბიჭი სასწრაფოდ გავარდა ქოხში სიხარულის მაუწყებელი ყიჟინით. „დე, დაინთო ცეცხლი, მოდო ნახე, დეე!“. ალბათ პირველად გათბა ასე ახალ სახლში მთელი ოჯახი და ობოლი ბიძაშვილები, დეკემბრის მიწურვილის ზამთარში, ყველას სიამოვნებდა გავარვარებული ღუმელის ყურება. დედას ცოტათი კი ჰქონდა ნირი წამხდარი, მაგრამ მისთვის არავის ეცალა, ყველანი მაინც მოზეიმე მამას აკვირდებოდნენ, ასე მხიარული და აღტაცებული არავის ენახა ადრე, სოფლსაბჭოს თავკაცი იყო და ზედმეტი ამჩატების უფლებას არასოდეს აძლევდა თავს

25.04.2021

ბზობაა. საკმაოდ ვიწრიალე, მერე დავლიე ხუთასიანი პარაცეტამოლი და დავიძინე დილამიწეულზე, მაგრამ მალევე გამეღვიძა, შვიდზე. საზიზღარი განწყობა. როგორც კი გამოვალ  მისაღებში გახარებულია აგა, მაგრამ ცოტა ხანში  გკბენს და არსასიამოვნო საკომუნიკაციოა. ვუყვირი გაცოფებული და მერე წყნარდება, მერე ისევ თავიდან; არაა ბარონივით ტკბილი ძაღლი. თან გამწარებულია რომ გარეთ ვერ გამყავს. მაინც უილ სმიტი მგონია თავი და წარმოვიდგენ რა დამემარეთებოდა  ეს ძაღლი რომ მომკვდომოდა ოჯახში მარტო დარჩენილს. ამ „მაინცმა“ ხომ წაიღო ტვინი! რედაქტირებისას ვნახე რომ 654 ჯერ გამომიყენებია მთელ ტექსტში. რა იქნა ბიჯო! ვერ შევცვლი რაიმეთი? ყოველ წამს რო ითხოვს ადგილს?! აკნინებს ტექსტს ხომ? ნეტა როგორაა სხვებთან, თუ აქცევენ ყურადღებას დიდოსტატები და არ ხმარობენ? ლოდი ნასაყდრალში ვნახე- 1278. გაიხარე გურამ, ჭირიმე,  ნათელი დაგადგეს, შენზე უკეთესისგან ვისგან ვისწავლო მეგობარო. ვაააჰ, ეს რა უცნაურია, ბარნსს თუთიყუშში მხოლოდ 60 ჯერ აქვს გამოყენებული. მთარგმნელის ამბავია თუ  ენის თავისებურების? მარიმ მომწერა „ძალიან ცუდად ვარო“. ვთხოვე  სულჩეს ნახე-მეთქი და „არაა ცუდად, ყველა მონაცემი კაი აქვსო“. „ვამეხმა თავი მტკივა მეც და მარჯვენა თვალიო“. ის იყო ამაზე ვფიქრობდი რომ სკურჩამ დამირეკა გაცოფებულმა. „გადადი სტაციონარში. გადასხმების  გარეშე არ მოგირჩება. სისხლის გამათხელებელი გინდაო!“. ძლივს გავაჩუმე. დღეს ვერ ვწერე რომანი. ვარამმა მომწერა „დაიწყე რომანიო?“ „უფრო რექვიემი უნდა ვწერო ახლა-მეთქი“. „ნუ სულელობ ერთი რაღაცასო!“. საშინელი და ბნელი აზრები მხუთავს მთელი დღეები. მარტვილში ერთმანეთს დაერივნენ მღვდლები. თქვენ თუ იცით ძვირფასო მამებო, რატომ არ იღიმება იესო? მგონი მხოლოდ ბავშვებთან გაიღიმა ერთხელ. იმიტომ რომ იცის და ხედავს ჩვენი უკვდავი სულები სადაც აღმოჩნდებიან ცოტა ხანში! აშორდიამ პეტიცია გამომიგზავნა, მგონი მეგრულის  სწავლას ითხოვს სკოლაში,  მადღამ პრეზიდენტის სიტყვას აყვნენ. საკმაოდ პესიმისტურად ვარ განწობილი ამ ქვეყნის მომავლის მიმართ. გოლეთიანი უჭერს მხარს მარტვილის ეპარქიას. ხუხაშვილმა „ფატალური შეცდომა დაუშვა ჰესის მერე ამ საქმეში რომ ჩაერთოო“. გიას წინასწარმეტყველებები ახდენილი ჯერ მე  ვერ ვნახე, არადა ჭკვიანი გეგონება  კაცს, როცა საუბრობს. ფოქ ევრისინგ. ფოქ ვოთ აი სედ. ეამონ. ძამ ხარ.

5

„ერთი წუთით დამიკავე“. უთხრა ირაკლიმ და შაშხანა მიაწოდა. ბიჭმა გაუაზრებლად გამოართვა და მხარზე გადაიკიდა, უკვე მესამე. ბოცო აკვირდებოდა, მაგრამ წინანდელივით არ იღიმებოდა ამჯერად. ბიჭს მთელი ნახევარი საათი ეგონა რომ რომელიმე მაინც დაბრუნდებოდა. „წავიღო საწყობში?“ შეხედა თვალებში ბოცოს.

   —ეგ ავტომატები შენია ბიძია. არსადაც არ წაიღო. შეინახე და ომის მერე რომ შეხვდები ტრაკში შეტენე იმ არამზადებს!— საგუშაგოსთან მიმოფანტულ ბიჭებს სევდიანად გაეღიმათ. საღამოს ანტონი მოვიდა საქმიანი იერითა და ხელში ჩაბღუჯული წიგნაკით.

   —შენ რომლებმა დაგიტოვეს ავტომატები?— ბიჭს რაღაც მწარედ უნდოდა ეთქვა. ვერ პატიობდა ბატალიონის უფროსს მათთან რომ არ იყო, სოხუმის შტაბიდან განაგებდა ოცდაათ კაცამდე დაფერთხილ სამასკაციან ბატალიონს. „ასე მიბრძანესო!“. ანტონი მიხვდა რომ აფეთქების ზღვარზე იყო ბიჭი და არ ჩაუჟინდა.

   —კარგი, ნომრები მიკარნახე, ჩავიწერ და მერე შტაბში წავიღებ.— ხაზგასმულად დიდხანს იწერდა ნომრებს. აშკარად რაღაცას ეუბნებოდა ამით ბიჭს. მერე კი ისევე უჩუმრად წავიდა, როგორც გამოცხადდა რამდენიმე წუთის წინ, ოღონდ ეს იყო, წასვლისას, ცალმხარზე გადაკიდებული ხუთი შაშხანა აშკარად აკარგვინებდა სიარულისას წონასწორობას. თითქოს ბიჭის აზრებს კითხულობსო, სინანულით შეხედა  ანას მამამ, შემდეგ კი უთხრა.

   —შენ რას უცდი, შვილო, აქ? გინდა მაინცადამაინც შეეწირო?— მერე ბოცოს მიმართა— რას შვები, ბოცო?! ეს ბავშვი უნდა ჩატოვოთ აქ?— ბოცომ ოდნავ ნირწამხდარმა, ერთი რომ მასზე გაცილებით უფროსი იყო იოაკიმე და თან ნათესავი იყო მისი, ვერ აკადრებდა უკმეხ პასუხს, ამოილუღლუღასავით.

   — მე არავის ვაკავებ აქ! ვისაც როგორ უნდა ისე იქცევა.

ბიჭს გაეღიმა. რაღაცნაირი სითბო იგრძნო,  როგორც მაშინ ეჩვენებოდა, მოხუცის მიმართ, რომელიც სამოცისაც კი არ იქნებოდა იმ დროს.

   — არა, იოაკიმე ბიძია. ვერ წავალ, გამორიცხულია.— შეწუხებული შესცქეროდა  კაცი ბიჭს. მხოლოდ უსაშველოდ გვიან მიხვდა ბიჭი რა გრძნობა შეიძლება ჰქონოდა კაცს, რომელიც შვილის კლასელს უყურებდა და რამოდენიმე წუთში უნდა დაეტოვებინა მხოლოდ ეშმაკისგან არ მიტოვებულ სოფელში, თვითონ კი ქუთაისში გახიზნული ოჯახისკენ გაჰყოლოდა ასევე არც თუ ისე უსაფრთხო, მაგრამ მაინც სამშვიდობოს მიმავალ გზას.

26.04.2021

ღმერთო, როგორ მძაბავს სკურჩა, არადა ვუყვარვარ გულით, ხომ ვიცი, იმიტომაც ვადარდებ. ისევ რომანზე ვფიქრობდი. ძველებურად ისევ ფიქრი ჭარბობს წერას. ვერ მოვიშინაურე ეტყობა და მაშინებს ყოველი მიახლოება. იმ ჩეხმა კიდევ,- ბიჯო, რა ხდება ვერაფრით დავიმახსოვრე ამ კაცის გვარი!- იმ დიდ რომანში, წითელი კედლები თუ რაც ქვია, ავტორად რომ შეჰყო თავი… არც ეგაა ახალი ფორმა. აი, ჯერ კიდევ როდის გამოიყენა სერვანტესმა დონ კიხოტში. დონ კიხოტს ასაუბრებს სერვანტესზე. ალბათ მთლად ეგ არაა, მაგრამ მაინც. პავიჩმა კიდევ და ბორხესმაც საკმაოდ ღეჭეს ეგ თემა. ქართულ ჰაგიოგრაფიაშია კიდევ, მგონი ვასიკო და  მურღუ საუბრობდნენ და დამავიწყდა რა ეპიზოდი იყო. ცურტაველზეა მგონი. მართლა უნდა მოვეშვათ ფორმებს? სათქმელს მოაქვს სტილიო, თუ ფორმაო, რაო ბატონმა გუსტავმა?! ასე თქვა ხომ? აღორძინებამ უნდა წამოკრიფოს ლაფში ჩამბალი ფრთები რომანისტიკაში? თხრობა და შინაარსი წამოვა ისევ წინა რიგებში. თხრობა და თავგადასავალი არაა მთლიანად უცხო ჩიტი თუ შერეკილები? სხვანაირად რა ფასი ექნებოდა? რა, სიუჟეტი არა აქვს გაბრიაძეს? ახლანდელ ქართველებს კიდევ  დაბურდული და  გამოუცნობი და დახლართული სიუჟეტით და თხრობით გვინდა ფონს გასვლა, ოთარმა  ამოწურა ეგ ალბათ გოდორში და მარტის მამალში. ახალი თაობის მწერლები კი პენისის, ერექციის, მასტურბაციის და კუნიგულუსის სამედიცინო აღწერით ცდილობენ მტკვრის გადაცურვას. წაიღო ეგ უკვე  მიშელ უილბეკმა, მანამდეც,  მარკიზ დე სადმა, ვააა. ქალებმა კი იმით უპასუხეს რომ მთელი რომანები წერეს უკვე  მენსტრუაციაზე. ეგეც ამოწურა უკვე ჯუდი ბლუმმა, ევროპაში ეგ რომანი საფენების რეკლამად თუ გამოდგება. ჯოისის, პრუსტის და ფოლკნერის მერე მგონი ვერც შეჰმატეს რამე ფორმის მხრივ სიახლე რომანს. მარკესის სიურრეალიზმი,  კი ალბათ. არადა მაგიური რეალიზმიო. ხმაური და მძვინვარების ფორმის მერე რომელზე უნდა ვთქვათ სიახლეაო? „აგა, დაგთეთქვავ იცოდე!“ შევარდა ვამეხის ოთახში. „გამოდი, გამოდი!“ ვუყვირი მთელი ძალით. უფრო განერთხა ლოგინს. ქეჩოში ჩავავლე ხელი და არაადამიანური ძალით ვუბიძგე კარისკენ. არ ელოდა. წკმუტუნებს. გული მეთანაღრება, მაგრამ ნერვები გაქცევაზე მაქვს და გაშმაგებული ვუყვირი „არამზადა!“. ალბათ ესმის სამეზობლოს, მაგრამ არ მადარდებს. წამოვწექი ტახტზე. ისეთი უტუხია, მომიახლოვდა და მომისკუპდა იატაკთან. უნდა რომ აგიჩვილოს გული. გული კი გარბის, ისე გამეტებით სცემს მეშინია არ დაეტევა და გადმოხტება სადაცაა. არ მაქვს სიცხე და თავი მისკდება მიუხედავად ამისა. ევდოკიმენკოს  სახსრების ვარჯიშს ვაკეთებ. მერე ბზა შემომაქვს ხატების კუთხესთან. შარშან ვიყიდე ერთი ციდა. სულზე მივუსწარი ახლა, ჩამხმარა ლამის მიწა. ყვითელ ფოთლებს ვაშორებ. გადარჩება მგონია. გუშინ უნდა შემომეტანა. როგორ არ მეყო ენერგია? ნახევარი საათი ვძუნძულებ თუ ვცეკვავ აერობიკის კლიპის ფონზე. ორი ქვა მიჭირავს ხელებში. ვატან ძალას თავს სანამ არ შესრულდა ოცდაათი წუთი, ვძუნძულ-ვბაჯბაჯებ. საკმაოდ მშველის. როგორც კი მნახავს წამოწოლილს ეგრევა იხვი მოქვს ჩემთან. ადრე სულ მიმალავდა და არ მოჰქონდა, ახლა ფიქრობს ეტყობა, მაქსიმუმს გავიღებ და იქნებ გამიყვანოს გარეთო. მაგარი აფერისტი ხარ, აგა, მაგრამ მაინც არ შემიძლია ძმაო, გესმის, დაგვიჭერენ,  დაგვაჯარიმებენ და შეიძლება შენ თავშესაფარში მიგაბრძანონ და კოვიდიანი ოთახიდან გამოყვანილს ვინ მოგხედავს, მიგაძინებენ საერთოდ, მე კიდევ, საავადმყოფოში მიკრავენ თავს. ეგრეა, გესმის? აი ორი ქვა მაშინ დამჭირდება თუ დამჭირდება. თორემ ერთი სული მაქვს ალიონზე ჩაგიყვანო, მანქანით გავიდოდით ზღვისპირზე, არავინ არაა დილის ხუთზე და ირბენდი და დავბრუნდებოდი, მაგრამ დაგვასმენენ ძმა. თან მაინც საშიშია. ხომ მოვფენთ კიბეებზე კორონას ბაცილებს? ხომ შეიძლება ავკიდოთ ვინმეს? ასე რომ, არა ძმა. ისე ადრე არ მიფიქრია რომ საკმაოდ დისკრიმინაციაში გვყავს კორონიანები. აქტიურობას ვთხოვთ და ნუთუ არ შეიძლება გამოვუყოთ ერთკილომეტრიანი იზოლირებული მონაკვეთი, რომ ვიაროთ? იქნებ შესაძლებელი იყოს? პატიმრებს აქვს ბოლოს და ბოლოს. არც საავადმყოფოებში აქვთ ასეთი ადგილი მგონი და არც სასტუმროებში. იქ მაინც ხომ შეიძლება? ვერაფრით, უკვე მეათასედ, რომ ვერ გავიხსენე გულად მანაგაძის გვარი მაგას რა ქვია ფროიდის ენაზე? ცნობიერებამ ამომიგდო? მისი დავიწყებით ჩემს ფსიქიკას იცავს? ქვეცნობიერი ცდილობდა მოუსავლეთში გადაეგდო და დაემალა ჩემთვის? სხვა უამრავი ტრამვაც მქონია ფსიქოლოგიური, შეიძლება უარესიც კი, რატომ ის არ დამიმალა ნაბიჭვარმა ქვეცნობიერმა? მარი მირეკავს და „რომ გამომწერენ როგორ წამოვიდეო“ მეკითება. მაღიზიანებს ბუნებრივია ასეთი შეკითხვა და „ეტლი იქნება რამე, ორცხენიანი-მეთქი“ვპასუხობ. ბრაზდება, „რომელი ტაქსი ჩამისვამს კოვიდიანსო?“ „უკვე არ გექნება კოვიდი როცა გამოგწერენ-მეთქი“. პატარა გაფაჩუნებაზე ყეფს აგა და ჩუმდება ისევ. ქუმორთ ართ ბუტუტიაქ, მიდეღ ართ კაკალი[12]. ნეტა ბუტუტია არის ძველი სახელი თუ ჭიანჭველა? სვანურად ვნახე, მჷრშკ ქვია. რაღაც არ ებმის ერთმანეთს. შეიძლება სამივე დაიკარგა უბრალოდ. ბებიას ეს ზღაპარი კი უნიკალური იყო. ათასჯერ ვაყოლებდი. მოვიდა მანქანა და დაყარა ერთი ძარა შაქარი. მოვიდა ერთი ჭიანჭველა და წაიღო ერთი კაკალიო, მოვიდა მეორე ჭიანჭველა და წაიღო მეორე კაკალიო. ეს ხელმწიფის  პირობა იყო, „ვინც  ყველაზე გრძელ ზღაპარს მომიყვება ჩემს გოგოს მივათხოვებო“. ამ მეწისქვილემ კიდევ დღენახევარი იძახა ასეო. მილიონ კაკალამდე ავიდოდა ნეტა, თუ  ცოტაა? მოიცა წუთში 60 კაკალზე მეტს იტყოდა? ვერა, წუთში ოც კაკალზე მეტს ვერ იტყოდა. საათში 1200, 24  საათში  28 800 . ვახ, რა ცოტაა. რა მილიონი. ბუნებრივია, თვლას რომ იწყებდა ბებია ვაწყვეტინებდი. დანარჩენს კი ათასჯერ ვაყოლებდი, როგორ გაიგონა მეწისქვილემ ხელმწიფის პირობა და როგორ გადაწყვიტა მონაწილეობის მიღება კონკურსში. თანამედროვე კონკურსებს გავს, ლიტსფეროში  უფრო. გაყუჩებული წევს იქით აგა. ახლა რომ გავიდე როგორ მომეთბობა სანამ აგრესია და თამაში მოუვლის. ნეტა რა შეგრძნება ჰქონდა ჰომეროსს ილიადა რომ მოუმწიფდა გონებაში? ამას მხოლოდ ფილოლოგიის ტიტანები, ბერძენა და ვასკო, ანაც ხვიჩა და ჭაბა, იათა და ბრეგვა, სიგუაც კაცო, ეგ რამ დამავიწყა,  თუ ჩასწვდებიან. ჩვენ რო ვცადოთ დანაშაულია? რა აფოფინებული იყო ალბათ. ნეტა ვის მიახარა პირველად, პოემას ვიწყებო, ცოლს? ზეპირად როგორ დაამღერა ამხელა? რამდენჯერმე მოჰყვა? ათასჯერ   ათქმევინეს სიკვდილამდე  და კიდევ ათასმა ვინმემ დაისწავლა და მერე ჩაიწერეს? თან ბრმა იყოო. ვა, ბიჭო. ცოლი ყავდა საერთოდ? შეუძლებელია არ დაეწერა. მოდი გადავამოწმო. ვიკიში. ღმერთო რა ქვეყანასავით გაღლეტილი ხარ ქართულო ვიკიპედიავ. ვამეხმა მომწერა „პირველში მითხრეს გაწერაო!“, რა ამბავია? მარის უფრო ადრე წერენ. „არ მტკივა და არ მაქვს სიცხეო“. რამე ხომ არ ჭირს? არ  დამიმალავდა პრინციპში. ცეკვას ისევ შანდლები ჯობია, სიკვდილივით მეზარება საქმის დაწყება. მერე კი მიტაცებს. მართლა ქართული თვისებაა, ვითომ? ვწმენდ ბურღსა და კუთხის სახეხს. შემომაქვს სამზარეულოში. ორ იშვიათი სილამაზის ქვას ვარჩევ, საკმაოდ პატარებია, წყვილში ბიუსტის ფორმისა გამოვა,  ქვედას, სადგამი ძირი უნდა გავუსწორო. ქვის საჭრელი მაქვს კუთხის სახეხზე დამაგრებული. საკმაოდ დიდი ხმა აქვს, თუმცა არა მგონია გარეთ ძალიან გავიდეს. რატომ გვიჭირს გონივრული შეფასება ადამიანების? ლოგიკურად რომ დაუსაბუთებ ვინმეს ზვიადმა შეცდომები დაუშვაო, მაქსიმუმ იმაზე წამოგყვნენ რომ, არ იყო პოლიტიკოსიო. თუ გააგრძელებ, შეიძლება ანათემას გადაგცენ, ასევე მიშაზე, მის შეცდომებზე ვერ ალაპარაკებ ვინმეს, ან ძალიან ცალყბად დაგეთანხმებიან ისიც მხოლოდ იმიტომ, ვაითუ მოგზავნილიაო. ასევე ბიძინაზე. შეცდომებზე ვერ დაალაპარაკებ ვერავის. არადა შეცდომები კი არა დანაშაულები გქონდათ ვაგონობით, ბატონნო ჩვენნო. ჰო, ედიკას დანაშაულებზეა მარტო ნებართვა გაცემული, მიდი რამდენიც გინდა და აგინე. ვაა, მომთხვარა მთლად, ვდებ მაგიდაზე. ოდნავ ქანაობს. არაა ქვედაპირი სწორი, კიდევ  ვაპრიალებ  კუთხისსახეხით. არა უშავს. ახლა იწყება მთავარი. გახვრეტა. ჯერ ქვედას ვხვრეტ, ოფლი მასხამს უკვე, ვაზომებ ზედა ნაწილს და ვინიშნავ შეერთების ადგილს, სადაც ზედა უნდა გავხვრიტო, საშინლად მეღლება ხელები. ცოტას ვისვენებ და ვუტევ მთელი ძალით. რა იწვევს ადამიანში სიმპატიებს და ანტიპატიებს? რატომ უყვარდათ ყველაფრის მიუხედავად ჯუღაშვილი? ვამეხმა მითხრა ერთხელ „ნებისმიერ ძველ დროში ცხოვრება საშინელება იქნებოდა ჩვენთვის; წარმოიდგინე დავითის დრო, ყველგან ჩუხჩარები და დამსმენები რომ დაქროდნენ, ცოლი რასაც საძინებელში ეტყოდა ქმარს მეფემ იცოდაო!“ ის კიდევ წმინდანია. მაგრამ ამ ინმფორმაციას მეფე დასანძრევად კი არ იყენებდა და გასართობ თვალსეირად. არც ადამიანის წასახდენად. ქვეყანა გააერთიანა. ყველა მომხვთურს გაავლი მუსრი. სხვა მხრივ სადმე ვინმე ქალთან თუ წოლილა თანამეცხედრეს გარდა ამოყარა ყველაფერი  აღსარებებში, მთელს სამყაროს წინაშე ამოთქვა აღსარება. ადონაი, იეშუა ჰამაშიახ, ბენ ჰაელოჰიმ, რახემ ალაი ჰახოტე.[13].


[1] გასკდა თავი.მეგრ.

[2] XIII საუკუნეში ეგრისში გავრცელებული სახელი. ნაწარმოებია  სათოვლიას მეგრული შეასტყვისიდან.

[3] აქ და შემდგომ ყველგან:  ხელოვნური ტერმინი,  აბრევიატურა,- საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მებრძოლები.

[4] II საუკუნიდან აღმოსავლეთ აფშილეთში გავრცელებული სახელი. ნაწარმოებია მეგრული სიტყვიდან- სიცილი.

[5] I საუკუნიდან ლაზიკაში გავრცელებული სახელი. ნაწარმოებია მეგრული სიტყვიდან- მარჯვენა.

[6] მთიელები. მეგრ.

[7] ვაკელები. მეგრ.

[8] III საუკუნიდან ჰენიოხებში გავრცელებული სახელი. ნაწარმოებია   სიტყვიდან „დეცი“- ცა, სვან.

[9] VII საუკუნიდან მისიმიელებში გავრცელებული სახელი. ნაწარმოებია სვანური სიტყვიდან- ლჷჰაჯი- ბედნიერი.

[10] დაბლობი, ვაკე. მეგ.

[11] ხორგა- გროვა, ზედახორა. მეგრ. გავრცელებული ტოპონიმი დასავლეთ საქართველოში.

[12] მოვიდა ერთი ჭიანჭველა და წაიღო ერთი კაკალი.მეგრ.

[13] აქ და ყველგან შემდეგ: ფრაზა იესოს ლოცვიდან ივრითზე. სრული  სახით. אֲדוֹנָי יֵשׁוּעַ הַמָּשִׁיחַ בֶּן־הָאֱלֹהִים רַחֵם עָלַי הַחוֹטֵא . ტრანსკრიპცია : ადონაი იეშუა ჰამაშიახ, ბენ ჰაელოჰიმ, რახემ ალაი ჰახოტე.

© არილი

Facebook Comments Box