მწერალთა სახლის მხარდაჭერით რამდენიმე ქართველი ავტორის წიგნი ითარგმნა და გამოიცა. სტატიაში მათ შესახებ წაიკითხავთ:
აზერბაიჯანულ ენაზე ითარგმნა და გამომცემლობის Qanun Publishing House მიერ გამოიცა ანა კორძაია-სამადაშვილის ,,ზინკა ადამიანი“. მთარგმნელი : Kamuran Kyryakov.
„ზინკა ადამიანი“ პირველად 2019 წელს დაიბეჭდა. რომანის გმირები ხეიბარი მუსიკოსი ალექსი ადამიანი, მისი უახლოესი მეგობრები, კოტიკო და დათა, ალექსზე შეყვარებული თამრიკო და ალექსი ადამიანის შვილიშვილი ზინკა არიან. რომანის გამოცემისას აღინიშნა, რომ ესაა „ტრაგიკული საგა ჩვენს ყოფაზე, თხრობის დღესასწაული, რეკვიემი თბილისზე და დიდი მუსიკალური თავგადასავალი“. წიგნს აზერბაიჯანის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამომცემლობა გამოსცემს, რომელიც 1992 წლიდან არსებობს.
„ზინკა ადამიანი“ თარგმნილია გერმანულადაც და Frankfurter Verlagsanstalt-ის მიერაა გამოცემული.
ინგლისურ ენაზე ითარგმნა და გამომცემლობის Bookland Press INC-ის მიერ კანადაში გამოიცა გიორგი კეკელიძის „თომას ზღაპრები“. მთარგმნელი მაია სიმონიშვილია.
გიორგი კეკელიძის “თომას ზღაპრების” პერსონაჟი თომაა, პატარა ჯუჯა, რომელშიც უფროსი თუ ბავშვი საკუთარ თავს აღმოაჩენს… ზღაპრების ეს წიგნი იმ საბავშვო ნაწარმოებებს მიეკუთვნება, რომელთა წაკითხვა ყველა ასაკის ადამიანს შეუძლია.
ინგლისურ ენაზე ითარგმნა და გამომცემლობის Mta Publications-ს მიერ გამოიცა აკა მორჩილაძის „ქართულის რვეულები“. მთარგმნელი მაია ყიასაშვილია.
ქართულის რვეულები XIX საუკუნის საქართველოს მნიშვნელოვან მოვლენებსა და პიროვნებებს აცოცხლებს. აქ ვერ შეხვდებით ფაქტების დეტალურ აღწერას, ზუსტ თარიღებს, წყაროების მიხედვით დამოწმებულ ინფორმაციას. ავტორი მოგვითხრობს იმას, რაც უფრო მნიშვნელოვნად მოეჩვენა, ისტორიული თუ დოკუმენტური წიგნების კითხვისას გონებაში დაელექა და გულში ჩარჩა, რადგან როგორც თავადვე წერს: “მთავარი ხომ მაინც ის არის, რაც გულს სამუდამოდ დააჩნდება.” წიგნს ახლავს ხუთი ჩანართი – ისტორიული პიროვნებებისა და ადგილების ფოტოები, რომელთაგან ბევრი შეიძლება უცნობიც კი იყოს მკითხველისთვის.
იტალიურად ითარგმნა და გამომცემლობის – Giuliano Ladolfi Editore s.r.l.-ის მიერ გამოიცა გიორგი ლობჟანიძის „სიზმრის ნანგრევებში“. მთარგმნელი: ნუნუ გელაძე.
აქ შეგიძლიათ ნახოთ გიორგი ლობჟანიძის ამ იტალიური კრებულისათვის დაწერილი ჯულიანო ლადოლფის წინასიტყვაობა, რომელიც ნუნუ გელაძემ თარგმნა.
„კარგა ხანია ჩვენი გამომცემლობა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თანამედროვე ქართულ პოეზიას, რადგან, მიგვაჩნია, რომ დღევანდელ ჩვენს სტაგნაციურ პოეტურ პროცესთან შედარებით ქართული პოეზია განსაცვიფრებელი სიცოცხლისუნარიანობით გამოირჩევა“ – ვკითხულობთ წინასიტყვაობაში.
იტალიურად ითარგმნა და გამომცემლობის – Meduza-ს მიერ გამოიცა ქართველი მწერლის, რეჟისორისა და სცენარისტის, გოდერძი ჩოხელის „მოთხრობების კრებული“. მთარგმნელი მაია გიორხელიძეა.
© არილი