დათო ყანჩაშვილი
დავით მაღრაძე, რომელიც ”ქართულ პენს” 1997 წლიდან ხელმძღვანელობდა, ქართული პენ კლუბის პრეზიდენტის თანამდებობა 2 აგვისტოს დატოვა და პენის ცენტრის პრეზიდენტს, ჯონ რალსტონ საულს და საერთაშორისო პენ ცენტრის საერთაშორისო მდივანს, იუჯინ შულგინს ამის შესახებ წერილობით აცნობა.
წერილში ამ გადაწყვეტილების მიზეზად იგი თავის სამუშაო გრაფიკს ასახელებს: “ბოლო ერთი კვირის მანძილზე ჩემს უცხოელ პარტნიორ გამომცემლებთან ერთად ვადგენდი მომავალი ერთი წლის შემოქმედებით გრაფიკს”. მაღრაძე ასევე წერს, რომ საერთაშორისო პენისთვის გაგზავნილ “ქართული პენის” წევრების სიაში მისი გვარი მასთან შეუთანხმებლად ფიგურირებს.
ნეტგაზეთმა პოეტი დავით მაღრაძე 2 აგვისტოს გაკეთებულ განცხადებამდე ჩაწერა. მაშინ იგი არ აპირებდა თანამდებობიდან გადადგომას და განაცხადა, რომ პენ კლუბის პრეზიდენტის თანამდებობაზე მისი დარჩენა პენის ცენტრის საერთაშორისო ორგანიზაციის თხოვნით მოხდა.მაღრაძის გადადგომას წინ უძღოდა პენის საერთაშორისო ცენტრის მდივნის საქართველოში სტუმრობა. იუჯინ შულგინთან ერთ-ერთი შეხვედრა, რომელსაც მწერლები და პოეტები ესწრებოდნენ, გამომცემლობა ”სიესტაში” გაიმართა. იმ დროისთვის არსებული ქართული პენის შემადგენლობიდან შეხვედრას მხოლოდ რამდენიმე წევრი დაესწრო. (მაღრაძის თქმით, ორგანიზაციაში დაახლოებით 40 წევრია).
ამ შეხვედრას დავით მაღრაძე არ ესწრებოდა (მოგვიანებით ნეტგაზეთთან საუბრისას განაცხადა, რომ პირადი მიზეზების გამო). რამდენიმე მწერლის ინფორმაციით, სწორედ მაშინ დაიგეგმა ქართული პენის გადახალისება და ახალი საბჭოს შექმნა. პენის საბჭო მალევე შეიკრიბა, დავით მაღრაძე კი კვლავ პრეზიდენტის პოსტზე დარჩა.
პრეზიდენტის სტატუსით ესწრებოდა მაღრაძე “კავკასიურ სახლში” 28 ივლისს გამართულ პენ კლუბის პრესკონფერენციასაც. ამ დღეს ჟურნალისტებს ქართული პენის ბორდის წევრები წარუდგინეს. ქართული პენის საბჭოს წევრები არიან: მწერალი დავით ქართველიშვილი, ჟურნალ ”ლიბერალის” გამომცემელი შორენა შავერდაშვილი, პოეტი რატი ამაღლობელი, პოეტი გიორგი კეკელიძე, გამომცემლობა ”სიესტას” დირექტორი ქეთი კიღურაძე, მწერალი ნაირა გელაშვილი და ლიტერატურული კაფეების ქსელის მფლობელი ნინო ჟვანია. პრესკონფერენციაზე საბჭოს არ უსაუბრია, თუ დღემდე რას აკეთებდა ქართული პენ კლუბი. ეს სწორედ ის თემაა, რომლის გამოც, ზოგიერთი მწერლის თქმით, მაღრაძეს თანამდებობა უნდა დაეტოვებინა.
პოეტი ზაზა კოშკაძე ამბობს, რომ ”სიესტაში” გამართული შეხვედრის შემდეგ მისთვის მოულოდნელი იყო მაღრაძის ამ თანამდებობაზე დარჩენა და ბორდის წევრების გვერდით მისი გამოჩენა.
“სიესტაში გამართულ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ უნდა მომხდარიყო მაღრაძესთან შეხვედრა და რომ მას ორგანიზაცია უნდა დაეტოვებინა. ამაში ეჭვი არავის გვეპარებოდა”.
“იუჯინს ვუთხარით, მას უნდა აღელვებდეს, რომ პენი ასეთი არაპოპულარულია ახალგაზრდა ავტორებისთვის. მე არასდროს გავწევრიანდები იმ ორგანიზაციაში, რომელშიც ჯანსუღ ჩარკვიანი და დათო მაღრაძე არიან”-ამბობს კოშკაძე.
“იუჯინს არ უთარგმნეს, როცა ვამბობდი, რომ ქართული პენ ცენტრის წევრი ჯანსუღ ჩარკვიანი იმ აქციაში იღებდა მონაწილეობას, რომელზეც ჩემი მწერალი მეგობრების სურათები დაწვეს”.
ამას პოეტი შოთა დიღმელაშვილიც ადასტურებს, და ამბობს, რომ იმ დღეს ბატონი იუჯინი პენის წევრებთან შეხვედრას ელოდებოდა, ამის ნაცვლად კი დახვდნენ ის მწერლები, რომლებსაც პენთან აბსოლუტურად არანაირი კავშირი არ ჰქონდათ და რომლებიც პენის მიმართ პრეტენზიებს გამოთქვამდნენ.ქართული პენის წევრი ჯანსუღ ჩარკვიანი ილიას უნივერსიტეტთან წელს გამართულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა, რომელზეც ერეკლე დეისაძის წიგნის ”საიდუმლო სირობის” უნივერსიტეტში პრეზენტაციას აპროტესტებდნენ. ვიდეომასალაში ჩარკვიანი ჰომოფობურ განცხადებებსაც აკეთებს.ქართული პენი არ გამოხმაურებია ერეკლე დეისაძის წიგნის გამოცემის შემდეგ გამართულ საპროტესტო აქციებს, რომლებზეც დეისაძის და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლების ფოტოები დაწვეს და მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ავტორების ნაწილი სწორედ ამ ფაქტების გამო მიიჩნევდა, რომ ქართული პენის საქამიანობა არ შეესაბამებოდა საერთაშორისო პენის მისიას, რომელიც გამოხატვის თავისუფლების ხელშეწყობა, მწერლების და ჟურნალისტების უფლებების დაცვაა.
გაზეთ ”რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში მაღრაძე ამბობს: “არც წიგნის (ერეკლე დეისაძის “საიდუმლო სირობა”), არც მისი ავტორის და არც პრეზენტაციის შესახებ არაფერი ვიცი. რაღაცა კი გავიგე, მაგრამ აღარ დავინტერესებულვარ და, ალბათ, არც დავინტერესდები. ჩემი საპირწონე ეგ ნამდვილად არ არის. არც ეგ ბიჭი ვიცი და არც მისი ნაწერი.”
პოეტი პაატა შამუგია ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ მას არ ჰქონია ქართული პენის ცენტრისგან მხარდაჭერა, იმის მიუხედავად, რომ მისი, როგორც მწერლის გამოხატვის თავისუფლებას აშკარად და ღიად ზღუდავდნენ.
“ანტიტყაოსნის” გამოცემის შემდეგ თვეების განმავლობაში იყო მუქარები, პირველი კვირების განმავლობაში, საერთოდ, მოკვლით, ყელის გამოჭრით და სამუდამოდ დაინვალიდებით მემუქრებოდნენ. გაზეთმა “ასავალ–დასავალმა” ჩემი წიგნის და თავად ჩემი (ავტორის) დაწვის ინიციატივით მიმართა მთელს ქართველ ერს. შენახული მაქვს ეგ ნომრები. არც “პენ–კლუბი” და არც სხვა ორგანიზაცია ამ ფაქტს არ გამოხმაურებია, არადა, პრესით ეს ამბავი რამდენჯერმე გაშუქდა”- აცხადებს შამუგია.ინტერვიუში, რომელიც ნეტგაზეთმა მაღრაძესთან 28 ივლისს ჩაწერა, ქართული პენის ყოფილი პრეზიდენტი ამბობს: “ყველა ის მონაკვეთი ჩვენი ისტორიიდან, როდესაც იზღუდებოდა თავისუფალი სიტყვა… ყველა ინფორმაციას ვაწვდიდით საერთაშორისო პენ კლუბს”.
მაღრაძის ეს განცხადება წინააღმდეგობაში მოდის იუჯინ შულგინის მიერ ნეტგაზეთისთვის მიწოდებულ ინფორმაციასთან: “საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ჩვენ, საერთაშორისო პენ კლუბს წარმოდგენა არ გვქონდა საქართველოს პენ კლუბის საქმიანობის შესახებ”.
ნაწილი მწერლებისა მაღრაძეს აკრიტიკებს, ნაწილი კი პრესასთან საუბარში აცხადებს, რომ მაღრაძე პენ კლუბის კარგი პრეზიდენტი იყო. სწორედ ასე განაცხადა ნეტგაეზთთან საუბრისას ირაკლი კაკაბაძემ: “მე არ მახსოვს შემთხვევა, რომ მაღრაძე ოდესმე გაქცეოდა პასუხისმგებლობას… ის იყო ქართული პენის ძალიან კარგი ხელმძღვანელი ბოლო წლების მანძილზე”.ქართული პენ კლუბის ამჟამინდელი საბჭოს წევრი, პოეტი გიორგი კეკელიძე ამბობს, რომ წლების მანძილზე მას მხოლოდ სმენოდა ქართული პენის შესახებ: “ქართულ პენ კლუბზე გაგებული მქონდა, მაგრამ არ ვიცოდი, რას აკეთებდა. საქართველოში არანაირი აქტიურობით არ გამოირჩეოდა და, შესაბამისად, მეც აღარ ვადევნებდი თვალყურს. ერთ–ერთ მკვდარ ორგანიზაციად წარმომედგინა”.
ქართული პენ ცენტრი 1992 წლიდან არსებობს. მისი პირველი პრეზიდენტი ჭაბუა ამირეჯიბი იყო, რომელიც შემდეგ ჯანსუღ ჩარკვიანმა შეცვალა. 1997 წლიდან 2010 წლის 2 აგვისტომდე კი პრეზიდენტი დავით მაღრაძე იყო.საერთაშორისო პენ კლუბის ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ ორგანიზაცია სახელმწიფოს მიერ არ ფინანსდებოდეს. ნეტგაზეთთან საუბარში ქართული პენის ახლა უკვე ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ პენის წევრი “მთავრობის მეხოტბე ვერ იქნება”.
1999 წელს, ქართული პენის თავმჯდომარეობის დროს, მაღრაძე საქართველოს პარლამენტის წევრი გახდა მაშინდელი მმართველი პარტიის, მოქალაქეთა კავშირის სიით. 1992-1995 წლებში პენის წევრობის პარალელურად კი კულტურის მინისტრი იყო. ახალი საბჭო დღეიდან უკვე დავით მაღრაძის გარეშე განაგრძობს მუშობას. დავით ქართველიშვილი, მწერალი და ქართული პენის საბჭოს თავმჯდომარე ამბობს, რომ იუჯინ შულგინის საქართველოში ყოფნისას, როდესაც ის შეხვდა ქართველ ავტორებს, მან თქვა, რომ საჭირო იყო საბჭოს შექმნა. ეს საბჭო შეიქმნა იუჯინ შულგინთან შეთანხმებით, არჩევნების გარეშე.“ვინაიდან ეს არის დროებითი საბჭო, ამიტომ ის პირდაპირ იუჯინთან შეთანხმებით შედგა. მან შეხვედრისას გვითხრა, რომ კარგი იქნებოდა, ჩვენ ვყოფილიყავით საბჭოს წევრები, ისინი, ვინც ამ შეხვედრაზე აქტიურობდნენ”.
“ეს (საბჭოს წევრობა) არ ნიშნავს, რომ ამ ჩემი თანხმობით რაღაც დოზით გავინაწილებ წინა პერიოდების პასუხისმგებლობას”-ამბობს გიორგი კეკელიძე.ახლა საბჭოს პრეზიდენტის არჩევა 2011 წლის ოქტომბერში იგეგმება, ამ დროს თბილისში დაგეგმილია გამოხატვის თავისუფლების საერთაშორისო ფორუმის ჩატარება.