პროზა

ქეთევან მეფარიძე – ტეო ოტეოს უთვალთვალებენ

 

თავი I – ზარი სამსახურში

 

 

ნახევრადჩაბნელებული ბარის კიბეებზე წამოწოლილმა ტეო ოტეომ მორიგი დამთქნარებისას აღმოაჩინა, რომ უთვალთვალებდნენ.

აქამდე როგორ ვერ შეამჩნია?

გაახსენდა, დილით სიგარეტის საყიდლად გამოსულს, როგორ მიაშტერდა მანქანაში მჯდომი უცნობი კაცი, გრძელი ულვაშითა და მოძველებული, ნაცრისფერი კეპით.

დილის რვის ნახევარზე პატარა ქალაქის პატარა უბნის ეზოში გაუნძრევლად მდგომი მანქანა საეჭვოდ გამოიყურებოდა, მაგრამ ეს ფიქრი მალევე უკუაგდო. იმ მომენტში უფრო მნიშვნელოვანი პრობლემა უნდა გადაეჭრა: ტეო ოტეოს რაც შეიძლება მცირე დროში უნდა ეყიდა სიგარეტი ისე, რომ ვინმე ნაცნობს არ გადაყროდა.

თუმცა ამ უბანში ვინ შეხვდებოდა, სახლისგან ისე შორს იყო, უფრო კონკრეტულად კი საათისა და ათი წუთის სამანქანო გზაზე.

სწრაფი ნაბიჯებით მიუახლოვდა უბნის ჯიხურს და იქვე, ყიდვისთანავე მოუკიდა პირველ ღერს.

პირველ ღერს მეორე მოჰყვა, მესამეს კი ხსნადი ყავა, შაქრის გარეშე. არ უყვარდა ეს ბინა, 48 კვადრატული ფართითა და მიყრილ-მოყრილი ტანსაცმლით. რომ არაფერი ვთქვათ ვიწრო ლოგინსა და აგრესიულ კატაზე, რომელსაც ტეო ოტეო გამოხატულად არ მოსწონდა. ერთადერთი, გრძელი აივანი თუ გამოდგებოდა სიგარეტის მოსაწევად და ყავის მისაყოლებლად.

არც იმ დღეს უღალატა ჩვევას, საცვლების ამარა ხის სკამზე ჩამოჯდა და აივნის მოაჯირზე ფეხები შემოაწყო. ცხრა საათი ხდებოდა. სამსახურამდე სახლში მისვლას და წყლის გადავლებას ვეღარ ასწრებდა. სონიას აბაზანით სარგებლობა მოუწევდა. ხელები აწია, იღლიები დაყნოსა. ოფლის მძაფრმა სუნმა საბოლოო გადაწყვეტილება მიაღებინა.

სამსახურში დააგვიანა, შეხვედრების ოთახის კარი იმ დროს შეაღო, როცა ჟურნალის მთავარი რედაქტორი მისი სტატიის პირველ აბზაცს ხმამაღლა კითხულობდა.

ტეო ოტეოს ყურადღების ცენტრში ყოფნა არ უყვარდა. უხერხულობისგან ცერა და საჩვენებელ თითებს ერთმანეთში ნერვულად ათამაშებდა და გრძნობდა, ნელ-ნელა როგორ უხურდებოდა ლოყები. თუმცა იმასაც კარგად ხვდებოდა, რომ დიდი ალბათობით ამ სტატიაზე უკეთესს მომავალში ვერაფერს დაწერდა და სწორედ ეს იყო მისი კარიერული მწვერვალი. მაგრამ ამ ისტორიულ წუთებში, ტეო ოტეო სონიასა და გრეტაზე ფიქრობდა. გონებაში სონიას მკვრივ საჯდომს გრეტას დიდ მკერდს ადარებდა. გრეტას რბილ კანს – სონიას განიერ თეძოებს.

მაგრამ აწმყოში დაბრუნება მალევე მოუწია – ვიღაცამ შეკითხვა დაუსვა. ტეო ოტეომ არ იცოდა პასუხი. უფრო სწორედ, არ იცოდა კითხვა, რაზეც უნდა ეპასუხა. ამიტომ ნეიტრალური კომენტარი მოიფიქრა.

– საინტერესო მოსაზრებაა, დავფიქრდები.

ფიქრი გააგრძელა. წამებში ისევ შეაწყვეტინეს. სამსახურის ტელეფონთან ეძახდნენ. ჟურნალის მთავარი რედაქტორი გაოცებული უყურებდა, ბოლო 5 წლის მანძილზე ტეო ოტეოს სამსახურის ნომერზე პირველად კითხულობდნენ.

12 საათი ხდებოდა. ისევ ეს უხერხული სიჩუმე და დაძაბულობა. ტეო ოტეო ტელეფონისკენ ზანტად დაიძრა, თანამშრომლების დაჟინებულ მზერებს თვალი აარიდა, ნამიანი ხელით ყურმილი აიღო და საუბრისთვის მოემზადა.

მაგრამ ყურმილის მეორე მხარეს სიჩუმე იყო.

– გისმენთ, გისმენთ, ტეო ოტეო ვარ. გისმენთ – რამდენჯერმე გაიმეორა.

ყურმილის მეორე მხარეს კი მხოლოდ მძიმედ ჩასუნთქვის ყრუ ხმები ისმოდა. ბოლოს უმიზნოდ დგომა და ლოდინი მობეზრდა და ყურმილი დაკიდა.

იმავე წამს მობილურზე შეტყობინება მიიღო. სანამ გახსნიდა, გაიფიქრა, ალბათ, რომელიმე მეგობარი მეხუმრებაო, მაგრამ გრეტა აღმოჩნდა:

„ცოცხალი ხარ? დღესაც უნდა მიაკვდე ამ შენს სამსახურს? ის სტატია მაინც დაამთავრე, რაზეც ორი თვეა მუშაობ? დროზე თუ მოაღწევ სახლში, ჭვავის პური წამოაყოლე“.

„გვიან მოვალ, არ დამელოდო. პურს წამოვიღებ“- მოკლე ტექსტური შეტყობინება გრეტასთან.

 

 

თავი II- თავი გრეტაზე

 

 

გრეტას შვილი არასდროს სდომებია, მაგრამ 34 წლის ასაკში, როცა პირველად გაიგო სიტყვათა შეთანხმება „წყვილის ფერტილობა“, ბავშვის გაჩენის უსაზღვრო სურვილი იგრძნო.

უკვე ერთი წელი ხდებოდა, რაც გრეტა გულმოდგინედ ასრულებდა ჩვეულ რიტუალს: ბოლო მენსტრუაციის პირველი დღიდან გადათვლით სავარაუდო ოვულაციის დღეების საწყის თარიღს იღებდა, ბაზალურ ტემპერატურას ზომავდა და ოვულაციის დაწყებიდან 3 დღის განმავლობაში ტეო ოტეოს სექსის დროს (ბონუსად) ძუძუსთავებზე მოფერების საშუალებას აძლევდა.

იმ ღამეს, როცა ტეო ოტეო პატარა ქალაქის პატარა უბანში იმყოფებოდა, გრეტა ორკაციან საწოლზე თავისუფლად წამოწოლილიყო და ოვულაციის თარიღზე ფიქრის მოსაშორებლად, ტელეფონში Angry Birds-ს თამაშობდა. ბოლოს, თამაშიც მობეზრდა და შუაღამეს სმს-ი გააგზავნა:

„მგონი, ჩვენ ორში მარტო მე მადარდებს, შვილი გვეყოლება თუ არა. კარგად მაინც გიხდიდნენ, სტატიას რომ გადააყოლე ყველაფერი. ვიძინებ“.

ტეო ოტეოს არ უპასუხია. არც მეორე ღამით, 3 საათზე გამოგზავნილ სმს-ზე გაუცია პასუხი, როცა ორკაციან საწოლში თავისუფლად წამოწოლილმა გრეტამ მოწყენილობის ნიადაგზე მეუღლეს უკმაყოფილების გამომხატველი შეტყობინება გაუგზავნა. არადა, მოწყენილობის ხარისხი ნელ-ნელა იზრდებოდა, სანამ ბოლოს ლოგიკურ პიკს არ მიაღწია და გრეტამ ბრაუზერის ინკოგნიტო ფანჯარაში გაცნობის საიტების ძებნა დაიწყო.

რა დაშავდებოდა მსუბუქი ფლირტით? – გაიფიქრა გრეტამ. არც არაფერი – დაეთანხმა საკუთარ თავს. დროს საინტერესოდ გაიყვანდა, ცოტას გამხიარულდებოდა და ტეო ოტეოზეც ნაკლებად იფიქრებდა.

პირველი ნაბიჯი „პიროვნების ტესტი“ იყო. გრეტას 20 შეკითხვისთვის გულახდილად უნდა ეპასუხა, რის შედეგადაც ვებგვერდის ალგორითმი მისთვის შესაფერის მეწყვილეს იპოვიდა.

სახალისო პროცესი ჩანდა. გრეტამ ჩვეული გულმოდგინებითა და პასუხისმგებლობით შეავსო კითხვარი. ტესტის ბოლოს კი ვებგვერდის მარჯვენა კუთხეში გამოჩნდა 3 უცნობი კაცის ფოტო და მათი ინტერესების მოკლე აღწერა.

მესამე ფოტო გრეტასთვის განსაკუთრებით მიმზიდველი აღმოჩნდა. უცნობს გრძელი ულვაშები და მუქი წაბლისფერი თვალები ჰქონდა. ფოტოში შავი პერანგი და მუქი ლურჯი პიჯაკი ეცვა, 40 წლამდე იქნებოდა. ზომიერად სერიოზული სახით უყურებდა კამერას.  გრეტას არც მისი ინტერესების ფანჯარა დარჩენია უყურადღებოდ. მალევე გამოუტყდა საკუთარ თავს, უცნობი კაცის შევსებული აღწერა საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურებოდა:

„გრძელი, უინტერესო ღამეების გადაგორება“ – ხმამაღლა წაიკითხა გრეტამ, ღრმად ჩაისუნთქა და გაიფიქრა: რა დაშავდებოდა, უბრალოდ რომ მიეწერა?

 

 

თავი III- შეხვედრა

 

 

როცა ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა, შუახნის ქალმა, ირიტამ, სარედაქციო გუნდის დილის შეხვედრაზე იკითხა, ვინ გააშუქებდა მოძალადე ქმრის მიერ ქალის მკვლელობის მორიგ ისტორიას, ტეო ოტეომ დაუფიქრებლად აწია ხელი.

სახლში მისვლა ეზარებოდა, სონიას გვიანობამდე არ ეცალა, ბოლო სტატიაზე მუშაობა რამდენიმე დღის დასრულებული ჰქონდა და, შეიძლება ითქვას, უსაქმოდ იყო.

რატომაც არა?

ირიტას გაეღიმა.

– ტეო, ასე თუ გააგრძელე, მალე თვის საუკეთესო თანამშრომელიც

გახდები. მომწონს შემართება! – დინჯად საუბრობდა და შიგადაშიგ, კალამს თითებით ათამაშებდა.

ცხელოდა. ტეოს შუადღის მწველი მზისგან შუბლზე ოფლის წვეთები ემჩნეოდა. გარდაცვლილის დედა ინტერვიუზე ძლივს დაითანხმა, საუბრისთვის მხოლოდ რამდენიმე წუთი ჰქონდა. მანქანა სახლის შორიახლოს დააყენა, სანივთე უჯრაში ტყავის უბის წიგნაკი მოძებნა და კალამთან ერთად შარვლის უკანა ჯიბეში ჩაიგდო.

აუჩქარებლად მიდიოდა, ნაბიჯებთან ერთად პერანგს მკლავებზე იწევდა. სადარბაზოში შარდის სუნი იდგა. ლიფტი არ მუშაობდა. მე-7 სართულზე ფეხით უნდა ასულიყო.

კარი ღია დახვდა. გარდაცვლილის დედა მომცრო სამზარეულოს ჭრაჭუნახმიან მაგიდაზე ბოსტნეულს ჭრიდა.

საჭმლის კეთება მამშვიდებსო – აუხსნა თვალებჩასიებულმა ქალმა.

ტეო ოტეომ კარი ღია დატოვა. ამ სართულზე კიდევ 3-4 ოჯახი ცხოვრობდა. გრძელ დერეფანში ხალხის ფუსფუსის ხმა ისმოდა.

გარდაცვლილი 23 წლის ყოფილა. ქმარს ორი წლის წინ დაშორდა. ამ ხნის განმავლობაში, კაცი რამდენჯერმე მიადგა ქალს სახლში, სადარბაზოში აგინა და თმებით ითრია.

დაშორების შემდეგ ხომ არ ემუქრებოდა? – დაინტერესდა ტეო ოტეო.

ბევრჯერ. ხშირად მეზობლებსაც კი ესმოდათ კაცის მუქარა, თუ ქალი არ შეურიგდებოდა,  ჯერ თვალებს დათხრიდა, შემდეგ კი მოკლავდა. გარდაცვლილის დედას მისი ეშინოდა, მაგრამ რას იზამდა? ჩუმად იყო, პოლიციის იმედი ჰქონდა.

იმ მომენტში, როცა ქალი შემოსასვლელ კართან დაფენილ ხალიჩაზე, სადაც გარდაცვლილის სისხლის წვეთები შემორჩენილიყო, თითით ანიშნებდა, ტეო ოტეომ თვალი მოკრა უცნობ კაცს, გრძელი ულვაშითა და ნაცრისფერი კეპით, რომელმაც ღია კარს აუჩქარებლად ჩაუარა.

ეს მოძველებული, ნაცრისფერი კეპი დილითაც ხომ ნახა? პატარა ქალაქის პატარა უბნის ეზოში.

მაგრამ მალევე, ყურადღება ისევ ხალიჩაზე გადაიტანა, სადაც 23 წლის ქალის სისხლის წვეთები რთულად ამოსაყვანი ლაქა გამხდარიყო.

 

სადარბაზოს პირველი სართულის პირველი კიბე რომ ჩაიარა, თავი ვეღარ შეიკავა და იქვე აღებინა. როგორც გაირკვა, ქმარს მუქარა შეუსრულებია და მსხვერპლისთვის თვალები დაუთხრია.

რამდენიმე წუთში სონიას აუდიო შეტყობინება გაუგზავნა.

„სონია, ამ აბსურდულ და ტრაგედიებით სავსე სამყაროში მე შენ მიყვარხარ. მოდი, ბავშვზე ვიფიქროთ“.

 

 

თავი IV – თავი სონიაზე

 

 

სონიას შვილი არასდროს სდომებია, მაგრამ როცა ტეო ოტეოს აუდიო შეტყობინება მოისმინა, წარმოიდგინა ხუჭუჭა, ფუმფულალოყებიანი ბავშვი, რომელიც მამას დაემსგავსებოდა და ბავშვის გაჩენის უსაზღვრო სურვილი იგრძნო.

6 საათი ხდებოდა. აბაზანიდან ახალგამოსულმა სველი თმის პირსახოცით გამშრალება დაიწყო. გრძელ სარკეში საკუთარი სხეული შენიშნა. ზურგით დადგა, შემოხვეული პირსახოცი აიწია და საჯდომის თვალიერებას შეუდგა.

პატარა ქალაქში სონიას უცნაურ, თამამ მხატვრად იცნობდნენ. განსაკუთრებით უყვარდა ქალის სხეულის ჩანახატების კეთება. ხატავდა ნებისმიერ ფორმასა თუ პოზაში. რამდენიმე წლის წინ ავტოფარეხი სახელოსნოდ გადააკეთა და დღის დიდ ნაწილს იქ ატარებდა.

იმ დღესაც იგივე მოხდებოდა,  რომ არა სონიას კარზე კაკუნის ხმა.

ტეო ოტეოს კითხულობდნენ. უცნაური იყო. სონიამ პირსახოცი შეისწორა, ჭუჭრუტანაში გაიხედა. კართან უცნობი კაცი იდგა, გრძელი ულვაშითა და კეპით, რომელიც სონიას სასაცილო მოეჩვენა.

– ტეო აქ არ არის, თქვენ ვინ ხართ? – დაძაბულად იკითხა სონიამ.

– მე მისი ძველი ნაცნობი ვარ. შეიძლება ასე ვერ გამიხსენოს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ბევრჯერ უფიქრია ჩემზე. წერილს დაგიტოვებთ. გთხოვთ, გადაეცით – უცნობმა კარის ღრიჭოში კონვერტი შეაცურა.

დალუქულ, შინდისფერ კონვერტზე არაფერი ეწერა.

მიაუ, მაცადე ორი წამი – მკაცრად მიმართა მის კოჭთან ატუზულ კატას სონიამ.

რა დაშავდებოდა, კონვერტი რომ გაეხსნა?

საკუთარი სინდისის პასუხი არ ესიამოვნა, მაგრამ მაინც გახსნა.

ვერაფერი გაიგო:

„ტეო ოტეოს.

დროა“.

 

 

თავი V – თავი ტეო ოტეოზე

 

 

ტეო ოტეოს ბავშვობაში დიდი, სლიპინა ხვლიკების ეშინოდა, ზაფხულის არდადეგების დროს, თამაშისას რომ გადაეყრებოდა ხოლმე გზაზე და კანკალს აწყებინებდა.

თუ იმ დროს უფროსი ძმა ახლოს იყო, ტეო ოტეოს ფერგადასული სახის დანახვისას სიცილს ვერ იკავებდა და სოფლის ბიჭებს გასართობად ეძახდა.

სოფლის ბიჭებიც თვალის დახამხამებაში ადგილზე ჩნდებოდნენ, ტეო ოტეოს წრეს შემოარტყამდნენ და გულს სიცილით იჯერებდნენ ხოლმე.

ერთხელაც, ტეო ოტეოს ფეხებმა უმტყუნა. შუაგულ ტყეში „ომობანას“ თამაშისას, როცა ტეო ოტეომ თავის წარმოსახვით მეგობარს პირველმა ესროლა წარმოსახვითი იარაღი, დიდი, სლიპინა ხვლიკი დაინახა. შიშისგან შეჰკივლა და ადგილზე ჩაიკეცა. ხვლიკი არ იძვროდა. არც ტეო ოტეო.

მალე ხალხიც შეგროვდა. უეცრად, სოფლის ბიჭების წრეს ერთი გამოეყო, დაგლეჯილძირებიანი შარვლითა და სახეზე მუწუკებით, წინ გადადგა რამდენიმე ნაბიჯი და მიწაზე ჩაკეცილ პატარა ტეო ოტეოს პირდაპირ ფეხებში კენჭები დაუშინა.

ტეო ოტეომ ღმუილი დაიწყო. სოფლის ბიჭებმა კი სიცილს უმატეს. მალევე სხვებმაც მოიმარჯვეს კენჭები და მხიარულად დაიწყეს სროლა. ტეო ოტეომ ხალხში კენჭებმომარჯვებული ძმა აღმოაჩინა და მუხლებში თავი ჩარგო.

აღარ ახსოვს, როგორ გამოექცა უფროს ძმას, სოფლის ბიჭებსა და ათობით კენჭებს. გამოეკიდნენ, მაგრამ ისე სწრაფად მირბოდა, მალევე უკან მოიტოვა ყველა.

ტბამდე ძლივს მიაღწია. აქ ვერავინ იპოვიდა, მისი სამალავი ადგილი იყო. დიდ ქვაზე ჩამოჯდა, ტკივილისგან ფეხები უხურდა, წარმოსახვითი მეგობარიც არ ჩანდა.

იმ დღეს, ტეო ოტეოს ცხოვრებაში პირველად შეეშინდა სიკვდილის და ამის შემდეგ არ გასულა არცერთი დღე, მასზე რომ არ ეფიქროს.

 

 

თავი VI – შუაღამე

 

შუაღამე იყო.

სიკვდილი პატარა ქალაქის ქუჩებში სწრაფი ნაბიჯებით მოძრაობდა. გზაში, სანამ ვიწრო ქუჩას მიუახლოვდებოდა, მთვრალი კაცი დაეჯახა და ისე ჩაუარა, ბოდიშიც კი არ მოუხდია.

შენც მოგხედავ ცოტახანშიო – გაიფიქრა სიკვდილმა, მხრები დაიფერთხა და მიზანმიმართულად გააგრძელა გზა.

ვიწრო ქუჩის ბარები ისე ჰგავდნენ ერთმანეთს, პირველ ჯერზე შეცდომით სხვაგან შეაჭრა.

მეორე ცდაზეც შეცდა. ბარში არავინ იყო. მხოლოდ ერთი მოხუცი ქალი, „ბლუ ლაგუნას“ დარჩენილ წვეთებს ჭიქიდან ხარბად რომ წრუპავდა.

აგვიანდებოდა. სამი ხდებოდა. მესამე ბარშიც შეცდომით შეიხედა.

გაბრაზდა საკუთარ თავზე. სიკვდილი იყო თუ იღბალი, უმისამართოდ რომ დაეხეტებოდა აღმა-დაღმა?

მაგრამ უეცრად შეამჩნია შავი კარი, რომელსაც ნაცნობი სახელური ჰქონდა.

დროა – გაიფიქრა სიკვდილმა, გააღო კარი და გარშემო მიმოიხედა.

ნახევრადჩაბნელებული ბარის კიბეებზე წამოწოლილმა ტეო ოტეომ მორიგი დამთქნარებისას აღმოაჩინა, რომ უთვალთვალებდნენ.

© არილი

Facebook Comments Box