ესე (თარგმანი),  პროზა (თარგმანი)

ჯოის ქეროლ ოუტსი – ჰოსპისი / თაფლობის თვე

ინგლისურიდან თარგმნა თამარ ლომიძემ

 

„ჰოსპისი!“

ამ სიტყვის წარმოთქმისთანავე მიწა იძვრის. ამას ყველა გრძნობს.

ისე შეუმჩნევლად იძვრის, თითქოს დედამიწა ძალზე მოკლე ძაფივით წინ და უკან მოძრაობს ნემსის ყუნწში.

ასეთ დროს თვით ჰაერიც კი ცივი და გაიშვიათებულია.

თვალებში გიბნელდებათ. შემდეგ ეს ბნელი დავიწროებას იწყებს და მალე იმდენად ცოტა სინათლე რჩება, რომ პეშვშიც კი ჩაეტევა. შემდეგ ის ქრება.

როდესაც ამბობენ „ჰოსპისი“, ეს იმას ნიშნავს, რომ იმედი გადაწურულია.

იმედი გადაწურულია. ეს ორი სიტყვა ბილწია, უთქმელი. როდესაც იმედი აღარ რჩება, მომავალიც აღარ არსებობს.

იმის აღიარება, რომ მომავალი აღარ არსებობს, ნიშნავს, რომ ფარ-ხმალი დაყარე.

და ამიტომ როდესაც სიტყვას „ჰოსპისი“ გაუბედავად, ფრთხილად ამბობს ექიმი, რომელიც პალიატიურ დახმარებას გიწევთ, არც ერთ თქვენგანს არ ესმის ის. ან, თუ გესმით, ვერ აცნობიერებთ, რომ გესმით.

მხოლოდ ოდნავ გასაგონი ზუზუნი გაისმის – მხოლოდ მაღვიძარას შორეული წიკწიკი დარაბებდახურულ ოთახში. ესაა და ეს.

და თუ ეს სიტყვები არ გესმის, შესაძლოა, ისინი (ჯერ კიდევ) არ თქმულა.

და თუ არც ერთ თქვენგანს არ ესმის, შესაძლოა, ისინი (არასოდეს) ითქმება.

მაგრამ რატომღაც ისე ხდება, რომ სიტყვა „ჰოსპისი“ ყოველდღიურად, სულ უფრო და უფრო ხშირად ითქმის.

და რატომღაც ისე ხდება, რომ შენი ქმარი გაოცებით ლაპარაკობს „სიცოცხლის ბოლო დღეების“ შესახებ. მაგალითად, „ეს, ალბათ, ჩემი სიცოცხლის ბოლო დღეებია“.

ერთ დილას, ძალიან ადრე, ამ სიტყვებს რაღაცნაირი კრძალვით ამბობს, როდესაც, საავადმყოფოდან (ონკოლოგის კაბინეტიდან გამოსვლისთანავე) გირეკავს.

ამ სიტყვებს ტელეფონით გეუბნება, რომ არ დაინახოს შენი სახე. შენ კი – მისი.

ეს კრძალვა იმ ოდინდელ კრძალვას წააგავს და ისევე, როგორც მაშინ, შენი ქმარი ცდილობს გითხრას, რომ უყვარხარ.

ზოგიერთისთვის ასეთი სიტყვების წარმოთქმა შეუძლებელია,

მაგრამ შენმა ქმარმა ეს შეძლო და შენც შეძელი გეთქვა: მიყვარხარ.

ახლა, წლების შემდეგ, ის ამბობს: „მგონი, ეს ჩემი სიცოცხლის ბოლო დღეებია“.

ეს სიტყვები ტელეფონში გარკვევით გესმის, თუმცა ცდილობ თავი დაარწმუნო იმაში, რომ ისინი არ გაგიგონია, არა!

მაგრამ შენ გაიგონე ეს სიტყვები. ალბათ, გაიგონე, რადგან თავბრუ გესხმის, ძრწი, მუხლები გეკვეთება, შეშინებული ბავშვივით იჩოქებ და ჩურჩულებ:„რაო? რა თქვი? რა სისულელეა! ამას ნუ ამბობ! „ბოლო დღეები“ რას ნიშნავს?

უკვე ყვირი. ლამისაა, ტელეფონის ყურმილი მოისროლო.

ამის ატანა შეუძლებელია. ამის წარმოდგენა შეუძლებელია. ჯერ კიდევ არ იცი, რომ წინ უზარმაზარი არარა გელოდება, და კიდევ ბევრი რამ, რისი ატანაც შეუძლებელია. მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველაფერს აიტან.

რადგან ამ გზაზე გადასადგმელ ყოველ ნაბიჯს მედგრად ეწინააღმდეგები.

ეს გზა ციცაბო აღმართზე ადის. ბუნებრივია, რომ არ გსურს მასზე ასვლა. ან, თუკი მაინც ადიხარ, თავს იმით ინუგეშებ, რომ ეს დროებითი მოვლენაა. გზის ბოლოს ზეგანია, ვაკე. მალე მიხვალთ იქ. მალე.

იმ დღემდე, იმ წუთამდე – შეიძლება თვითონვე ახსენო ჰოსპისი.

თავდაპირველად ბორძიკით, გაუბედავად ამბობ ამ სიტყვას. გეჩვენება, რომ ყელში ბურთი გაგეჩხირა.

თანდათან მიეჩვევი ამ სამი მარცვლის გარკვევით წარმოთქმას: „ჰოს-პი-სი“.

მალე ძალდაუტანებლად წარმოთქვამ: „ჩვენი ჰოსპისი“.

და, თითქოს ღვთის წინაშე აღთქმას დებდე, საკუთარ თავს შეჰფიცავ:

ვფიცავ, ჩვენს ჰოსპისს თაფლობის თვედ ვაქცევ,

ვფიცავ, ყველაფერს ვიღონებ, რომ ჩემი ქმარი ბედნიერად გრძნობდეს თავს; რომ ორივენი ბედნიერნი ვიყოთ.

შეძლებისდაგვარად შევუსრულებ ყველა სურვილს.

უპირველეს ყოვლისა, შევუქმნი სასიამოვნო გარემოს. ონკოლოგიურ ცენტრში არ დავაწვენ. ჩვენი ჰოსპისი ჩვენსავე სახლში იქნება, რომელიც მას უყვარს.

ატრიუმიდილის მზის შუქით განათებული.

ჰორიზონტიჩვენი სახლის გარემომცველი ხეები.

სკულპტურული ღრუბლების ფლოტილიები.

ჩემს ქმარი დივანზე წამოწვება და დაინახავს ხეებსა და ცას. ზურგს უკან ბალიშებს ამოიდებს; ფეხებს, რომლებზეც თბილი წინდები ეცმევა, ოდნავ მაღლა დააწყობს.

მაგრამ უფრო სავარაუდოა, რომ ჩემი ქმარი დაწვება საავადმყოფოდან ქირით წამოღებულ საწოლზე, ფანჯრის მახლობლად. გვერდით მივუწვები, ისე, როგორც საავადმყოფოში ვიქცეოდი.

ერთმანეთს ხელებს ჩავჭიდებთ. რასაკვირველია, ჩავჭიდებთ. მისი ხელები ჯერ კიდევ თბილია და ძლიერი.

როდესაც ვაკოცებ, ყოველთვის მაკოცებს საპასუხოდ.

ჩემი ქმრის გვერდით დავიძინებ; ხელს მოვუჭერ მის ხელს, რომელიც უკვე საკმაოდ უღონოა; მიუხედავად ამისა, საპასუხოდ ისე მიჭერს თითებს, თითქოს ძლიერი, ღონიერი იყოს.

ფანჯრის მიღმა, წითელი ხის ტერასაზე ჩიტებს საკენკს ვუყრი. არა ჩვეულებრივ საკენკს, არამედ უფრო ძვირად ღირებულს, რომელსაც ჩემი ქმარი ყიდულობს ხოლმე.

რა საინტერესოა ჩიტებზე დაკვირვება. დრო არ მენანება, ყურადღებით დავაკვირდები ერთხელ მაინც

 ჩემს ქმარს მუსიკა უყვარს! ყველაზე ლამაზ მუსიკას მოვასმენინებ! საწოლზე მის გვერდით დავწვები, მოვეხვევი და ერთად მოვუსმენთ ბეთჰოვენისოდას სიხარულისადმი“, რახმანინოვისმწუხრის ლოცვას“.

მასთან ერთად დავიძინებ ხოლმე. დღისითაც კი. თვით დღის მკრთალ შუქზეც. თავს ბალიშზე დავდებ მისი თავის გვერდით.

ერთად დავათვალიერებთ წიგნებს ხელოვნების შესახებ, საუკეთესო ფოტოგრაფებისბრიუს დევიდსონის, ედვარდ უესტონის, დიანა არბუსის ალბომებს. ნელა გადავაბრუნებ ფურცლებს. ერთად დავტკბებით ამ შესანიშნავ ფოტოხელოვანთა ნამუშევრებით.

მე-19 საუკუნის დასაწყისის ოჯახური ფოტოსურათები. ძველი ალბომები. მისი წინაპრები, რომლებმაც თავი დააღწიეს გეტოს და სამშობლოდან გადაიხვეწნენ. წინაპრებით ახლახან დაინტერესდა.

მისი საყვარელი კერძები ვეცდები, დავუმზადო.

შესაძლოა, მადაც დაუბრუნდეს. დარწმუნებული ვარ, ჩემ მიერ დამზადებულ საჭმელს მადიანად შეექცევა.

რა თქმა უნდა, ჩვენი ოჯახის წევრები გვეწვევიან. შვილები, შვილიშვილები. ნათესავები, მეგობრები. კოლეგები უნივერსიტეტიდან. მეზობლები. ორმოცდაათი წელია, გიმნაზიელი მეგობრები არ უნახავს. საუკეთესო სიურპრიზებს მოვუმზადებ..

არა, უბრალოდ, ჰოსპისი, არამედ ჩვენი ჰოსპისი. არა სევდიანი, არამედხალისიანი დრო, თაფლობის თვე.

ბედნიერნი ვიქნებით საკუთარ სახლში. ორივენი.

ორივესთვისბოლო დღეებითაფლობის თვედ გადაიქცევა. ვფიცავ.

სინამდვილეში არაფერი მსგავსი არ მოხდება. ეს ხომ წარმოუდგენელია.

იქნება ჰოსპისი, მაგრამ არ იქნება თაფლობის თვე.

 

The New Yorker

          30 ივლისი, 2020

© არილი

Facebook Comments Box