პოეზია

ქეთევან ნათელაძე – ძველი ავტომობილი და სხვა ლექსები

ძველი ავტომობილი

წავიდეთ სოფელში
ჩვენი ძველი ავტომობილით.
გიჩვენებ ჩემი მაჯებიდან გაფრენილ ჩიტებს,
ახალგაყვავილებული კვირტებივით როგორ გაიშლებიან
ხეების ზურმუხტისფერ ფოთლებში
და სხვენს – ყველაზე საიმედო ადგილს,
სადაც დიდი ხნის წინ შევინახე ჩემი თავი
და წამოვედი შენს მოსაძებნად.

მეხსიერებაში ჩაკრულია ბალახების გამომშრალი ხმები
და მონატრება რაღაც არარსებულის.
იქ, სადღაც ახლოს
ქათმების კრიახი უნდა სერავდეს სიცხისაგან გაბლანტებულ შუადღეს,
სიმინდის ყვითელი კრისტალებით ისეტყვებოდეს მიწა,
თუ კიდევ შემორჩა ვინმე სულიერი.

გიჩვენებ კაბას, რიყის ქვებივით თეთრს – ცამეტი წლის გოგოსთვის შეკერილს;
იმ დღით რომ მეცვა, როცა მქონდა პირველი ციკლი,
რომლის კვალიც ვერაფერმა ამოაშორა
და დარჩა კაბის ბოჭკოებში სამარადისოდ,
როგორც თეთრ ქვებში ვარდისფერი, ნაზი ყვავილი,
ერთადერთი ყვავილი, რომელსაც ფერი შეეცვალა,
მაგრამ არ დაჭკნა,
ამიტომ, იქნებ სევდის მომგვრელიც კი იყოს მისი ხილვა.
მიხვდები, საიდან დაიწყო ეს ტკივილებით სავსე ამბავი,
ეს უსასრულო გაუგებრობა,
გადასაყრელი ჟურნალებივით სხვენში საკუთარი თავის გადამალვა
და წამოსვლა შენს მოსაძებნად.

წავიდეთ სოფელში ჩვენი ძველი ავტომობილით,
და მომიყევი, როგორი იყო შენი სახლი თავდაპირველად,
თვალებში მასაც ალუბლის ტოტები ეჩხირებოდა,
თუ ლეღვის რძიანი ფოთლები უსუსხავდნენ კედლებს?
ან იქნებ არცერთი ხე არ მდგარა შენი სახლის გარშემო?
ისევ ისეთი ხარ, თუ შენც სხვენში დატოვე საკუთარი თავი,
ჩემს მოსაძებნად რომ წამოსულიყავი?
ახლა კი აღარ შეგიძლია, ამომგლიჯო, როგორც კიბოს მეტასტაზები – მარტოობიდან ვეღარგამოღწევის პანიკური შიში.
ჩავუქროლოთ ჩვენი ძველი ავტომობილით გაუვალ კორომებს
და მინდვრებსაც,
კალიების მწვანე თქეში რომ გადაუვლის
და მომაკვდინებელი ყაყაჩოები დაემართება –
– ტვინში სისხლის გაჟონვა.

რომ დაგაყენო იმ ფანჯარასთან,
რომელთანაც ანთებულ შუქში ყოველღამე პერანგს ვიხდიდი,
რადგან ვიცოდი, მოპირდაპირე სახლის სიბნელიდან
მეზობლის ჩემი ტოლი ბიჭი მითვალთვალებდა,
და ყოველთვის ნელა ვიხდიდი,
წარმოვიდგენდი, ისე უგუბდებოდა თვალებში და მთელ ტანში ზღვები,
ქუთუთოებთან თევზებს რიყავდა,
და მერე ოფლით დაცვარული ტანით ვწვებოდი
და ჭერზე ჩამოჟონილი წვიმისგან დახატულ ფუტკრებს ვითვლიდი,
რომ როგორმე ჩამძინებოდა.

ხის დაბალი კარიდან შეგიძღვები საკუჭნაოში,
იქ ორმოც გრადუს სიცხეშიც კი
ყინულივით ცივი იყო კედლები
და ყოველთვის ხახვის გირლიანდები ეკიდა,
მრგვალი, ვარდისფერი ნათურებივით.
ვიდექი მათ დაწრეტილ ჩრდილში
და ფეხებზე ხავსივით მაცოცდებოდა
კალენდარზე სადღესასწაულოდ ჩანიშნული თარიღების სიცარიელე.
მიწიდან ფესვებიანად ამოთხრილ ყვავილებს
თმებში ჩავიწყობ,
ჩემი შუბლიდან ნერვებივით დაიწყონ გაზრდა.
და ჭიდან ცივ წყალს ამოვიღებ,
ერთმანეთის პირისპირ ჩამოვჯდებით მრგვალ მაგიდასთან,
შევძლებთ იმდენი წყალი დავლიოთ, რამდენიც მოგვესურვება –
– ნამდვილი ცხოვრებაც ეს უნდა იყოს!

დავრჩეთ სოფელში შემოდგომამდე,
რომ გიჩვენო, როგორი ცა ჩანს ჩემი სახლიდან,
რომ გითხრა – მე მხოლოდ შენთვის გავჩნდი ასეთი
და შენი ზღვების ნაპირებთან გამორიყულ თევზებს ვუპატრონო.
მერე ყველაფერი შეიძლება მოხდეს –
– ან მახლობელ ტყეებში დამალულმა ქარებმა მოგვაკითხონ სხვენში,
ან საკუჭნაოში დაკიდულ ვარდისფერ ნათურებთან ერთად გადავიწვათ,
ან მთებიდან ჩამოწოლილმა სქელმა ნისლმა შეგვიწოვოს.
ჩვენ დავწვით სახლი

შემოდგომას რომ არ დაეშვა ყვითელი ფრთები,
არ შესჩვეოდა ყინვა, როგორც ერთგული ძაღლი,
რომ ვერცერთ გამვლელს ვერ ეპოვნა მის შიგნით შვება,
ჩვენ ჩავიდინეთ ბოროტება და დავწვით სახლი.
ჩამოდიოდა შავ ნამსხვრევად გრძნობები მინის,
და ყაყანებდნენ ბაყაყები გუბურის ახლოს,
იწვოდა სახლი. შეპყრობილნი სადისტურ ჟინით
ვურბენდით ირგვლივ და ვყვიროდით – ”დაიწვი, სახლო!”
დაიწვი, სახლო! შენ არასდროს დარჩები უბრად,
არც მარტოობის ხავსიანი მოწყენა გელის,
არაფერია მიტოვებულ სახლებზე უფრო,
უიმედო და შემზარავად არაფრის მთქმელი.
იქ დარჩა მაწვნის თეთრი ქილა, ყვავილი ბალბის,
და ტელეშოუ, იატაკზე ხეების ლანდი,
სიზმრის მდინარე – სარეცელი, კანაფის ბოლი,
და სიყვარულის ნარჩენები, რომელსაც ვწვავდით.
როგორც დავწვავდით დაძველებულ კომბოსტოს ფოთლებს,
აღწევდა ალი ღრუბლებამდე და უფრო მაღლა,
რომ დაბრუნების შევეცდინეთ არასდროს სურვილს,
და არასოდეს დაგვხვედროდა გამოცვლილ სახლად.
(ჩვენ დავწვით სახლი… შევიშალეთ ამგვარად როდის?)
ძირს ეშვებოდა ბუდეები სხვენიდან მერცხლის,
ჭერსა და სკამებს, ღია ფანჯრებს, თუკი რამ გვქონდა,
გაუმაძღარი აღტკინებით ღეჭავდა ცეცხლი.
იწვოდა დიდხანს, იშვიათი ისე ვით განძი,
და ბოლოს გამქრალ მირაჟივით ჩამოწვა დაღმა,
რა დიდი იყო, რა მაღალი და თან რა გამძლე,
ცეცხლმოდებულმა დაგვანახა ბოლოსღა სახლმა.
რომ შემოდგომას არ დაეშვა ყვითელი ფრთები,
არ შესჩვეოდა ყინვა, როგორც ერთგული ძაღლი,
რომ სხვას ვერავის ვერ ეპოვნა მის შიგნით შვება,
ჩვენ დავწვით სახლი;
ჩვენ დავწვით სახლი.
***
ცხელ ქვიშად ქცეულ მოგონებებს სევდის მზე აჭერს,
მწველია ღამეც, ტეხასური ამინდებია,
სარკის ნატეხში ჩანს უხორცო ვიღაც მეორე,
როგორ მოჰგვანან ეს ხეები ტოტებდაჭრილი,
ომიდან სახლში დაბრუნებულ, დაღლილ მეომრებს.

აქ შეისვენებს სიყვარული, როგორც ულაყი,
მტვერში გაქცეულს დაღლის ალი როცა ედება,
შენ ასეთ ქალთან იცხოვრებდი? არა მგონია,
შუაღამისას რომ დგება და მთვარეულივით,
თვალდახუჭული სველ მინდვრებში დაეხეტება…

დამძიმდა მიწა და სურნელი ისე ტკბილია
საზამთროების, თითქოს ქარი აქ მზეს ამიწებს,
შენ იცხოვრებდი? ასეთ ქალთან, ვინც იდილია
დაგირღვია და ყოველ ჯერზე უნდა გაცდუნოს,
ვინც გიწერს ლექსებს და ძილის წინ პირჯვარს არ იწერს.

ვინც თავის ფეხით მიჰყვებოდა ქარებს უბელოს,
ყველა მახეშიც თავისივე ნებით გაება,
ვინც ეკლიანი ღობესავით შეუვალია,
თან სახიფათოდ მსუბუქია, როგორც ღრუბელი,
ვინც ვერც დათმენა ისწავლა, ვერც თავშეკავება.

ყვითელ ლაქებად გადაქცევა იწყეს ფოთლებმა,
ვარსკვლავები კი ფართხალებენ ცის ლურჯ ბადეში
ლიფსიტებივით. ამართლებს კი მსგავსი იდეა?
შენ იცხოვრებდი? ასეთ ქალთან, ვინც შემოდგომა
თვალებში მწუხრის წუხილივით გამოიმწყვდია.

მხოლოდ სევდაა უსასრულო. წვიმა, შანხაი
და ყვავილები ოცნებაა გულისწამღები,
ან სამუდამოდ შემიძულე, ან უარმყავი,
შეპყრობილი ვარ სიყვარულით, შენ ვერ გაუგებ
თავსა და ბოლოს ჩემს ვნებებს და დაიკარგები.

მხოლოდ გახსოვდეს, რომ სურვილით სავსე დღეებმა
ამ სველ მინდვრებში ჩაუქრობი ცეცხლი აკმიეს,
მხოლოდ ხანდახან გაიხსენე, რომ ეს ხდებოდა –
– მთვარეულივით ავდგებოდი თვალდახუჭული,
და შენ გეძებდი, თუმცა მაინც ვერ მოგაკვლიე.

რომ დარჩი ყველა აუხდენზე აუხდენელი,
როგორც განცდილი და ნაცნობი სინათლეები,
წერტილებივით შეუმჩნევლად შორს რომ რჩებიან;
შემოვიქსოვე მარტოობა, როგორც ობობამ,
მწველია ღამე, ტეხასური ამინდებია…
შენ ვერ გაიგებ!
ხეები

დიდი სიყვარულის, ან დიდი სიძულვილის შედეგად
ყველაფერი განიცდის სახეცვლილებას,
ჩვენც ვიცვალეთ სახე,
სულიც ვიცვალეთ
და ახლა ჩვენ ხეები ვართ.
ჩვენ ყველაზე სევდიანი ადამიანები ვიყავით და ახლა
ყველაზე სევდიანი და ყველაზე მოწყენილი ხეები ვართ.
გვანათებენ ლამპიონები და
ასეთ დროს ჩვენ ერთმანეთს ვემსგავსებით,
როდესაც წვიმა მოდის, ჩვენ გვინდა რომ გავიქცეთ,
მაგრამ ფესვებით ისე ვართ მიწაში ჩაზრდილი,
რომ ერთ ნაბიჯსაც ვერსად გადავდგამთ.
ჩვენ გვჯერა, რომ ისევ მოფრინდებიან ჩიტები შორეული ქვეყნებიდან
და იმღერებენ შორეული ტყეების სიმწვანეებზე,
და იმღერებენ შორეული ზღვების თავისუფლებაზე.
ჩვენ ახლა ხეები ვართ,
მოვლენ ჩვენს დახრილ ტოტებთან და თავს ჩამოიხრჩობენ მათზე,
ჩვენ კი ერთმანეთის ტოტებზე ვიხრჩობთ თავს.
და როცა მთვარის  შუქი  წყლისთვის  მოყოლილი  სიზმარივით  თხევადდება,
ჩვენი ტოტები ასრულებენ სიყვარულის პანტომიმას
მხოლოდ ერთმანეთისთვის,
ჩვენი არსებობა კი  არარსებულზე ოცნებაა.
ჩვენ ახლა ხეები ვართ –
– ფოთლების გარეშე,
ჩრდილების გარეშე,
ჩიტების გარეშე დარჩენილი ხეები ვართ
და ერთმანეთს ტოტებით ვეფარებით
ძლიერი ქარიშხლის დროს.
ჩვენ ვოცნებობთ სიცოცხლის ფასად დაბრუნებულ სიყვარულზე,
ჩვენ ვოცნებობთ სიცოცხლის ფასად მოპოვებულ თავისუფლებაზე,
ჩვენ გაქცევაზე ვოცნებობთ და გვესიზმრება,
რომ ერთ დღესაც მიწაში ჩაზრდილ ფესვებს გადაგვიჭრიან.

 

გოგოები საკვირაო წირვებიდან

სარეცხის თოკებიდან ახალჩამოხსნილ კაბებში გამოწყობილი გოგოები, საკვირაო წირვებიდან,
სახეებს რომ მალავენ
ღრუბლებივით გამჭვირვალე თავსაფრებში,
გადაქცეულან ფუტკრების სკებად,
საკმარისია ერთი ხელის შეხებაც,
რომ დაგკბინოს
მათი ტანიდან გამოშლილმა ყვითელმა სევდამ.
სისხლის გუბეებში წვანან,
სურნელოვან ნაყოფს ისხამენ
მოგონებები ბავშვობაზე,
იმ დროზე, როცა ურჩები იყვნენ –
– ბალიშის ქვეშ მალავდნენ აკრძალულ წიგნებს
და კითხვაში ათენდებოდათ.
წყალმცენარეებივით გაზრდილ სიჩუმეს
შხამიანი თევზები ჭამენ,
სიყვარულს აკვარელით დახატული
წმინდანები ჭამენ,
გოგოებს საკვირაო წირვებიდან –
– კედლები ჭამენ, ღმერთო…
გადიან მათი თვალებიდან სინათლის გემები
საყვირების შემზარავი ხმებით,
ამაოების უძირო ზღვაში
და მათ ადგილას სიბნელე რჩება.
ღამღამობით ფეხებშუა გაჩენილ ფურცლებს თეთრი ლავანდის
ხელით ისრესენ იქამდე, სანამ მათ ცხელ წიაღში,
როგორც ზაფხულის უძირო ცაში
ბოლო ვარსკვლავიც არ შეწყვეტს ციმციმს,
იქამდე, სანამ გალიებივით ღია თვალებში
ცრემლის ჩიტები არ გაჩნდებიან.
და ფერს კარგავენ იისფერი ლავანდებივით,
ჭკნობას იწყებენ იისფერი ლავანდებივით –
– გოგოები საკვირაო წირვებიდან.
ვინ თქვა, რომ მათი სხეულები მომაკვდინებელი ცოდვა იყო,
თუ სიყვარული შეეძლოთ მხოლოდ,
თუკი მხოლოდ სიცოცხლე სურდათ.
მათ მსუბუქ ალზე თავს იკლავდნენ თეთრი პეპლები,
ახლა კი მხოლოდ ფიტულებს ჰგვანან,
გარემოცულს სიკვდილის ფერით.
მათი თავიდან ყველა ფიქრი გადაიწერეს,
საეჭვო შუქით სხივმოსილმა ანგელოზებმა,
არა ჰგავს ნამდვილს მათი ასე გასხივოსნება,
ღმერთმა არ ქნას, რომ მათ დავემსგავსოთ.
თავის გადარჩენაზე ფიქრობენ გოგოები საკვირაო წირვებიდან,
მომაკვდინებელ აირს უშვებენ ჩაკეტილ სახლში
და ღრმად სუნთქავენ,
პირვანდელი სილამაზე და ბავშვური, ჩაკლული ლტოლვა რომ დაიბრუნონ აკრძალული ხილისადმი,
სხეულები რომ დაიბრუნონ,
თავის წიაღში გაჩენილი ზღვებით და ცებით,
დიდი ხნის წინ აღსარებაში რომ ჩააბარეს და ჩაიბარეს,
როგორც მძევლობისთვის გამოჩორკნილი ხის თოჯინები.
მათ ცეცხლისფრად აყვავებულ მკერდსა და მკლავებს
ოთხმოცი წლის მხატვარი ხატავს.
მნახველები აღტაცებას გამოხატავენ
უმარილო პირმოთნეობით,
უგერგილოდ ღეჭავენ და აგემოვნებენ,
როგორც ტყის პირებზე მოწყვეტილ კოწახურის ყვავილს.
მათი ცხოვრების მუსიკაა ქარი ხეებში,
მათი ცხოვრების პეიზაჟი – ხეები ქარში,
და იბზარებიან ლავანდებივით,
და ჭკნებიან ლავანდებივით
გოგოები საკვირაო წირვებიდან – გაათავისუფლე, ღმერთო…
მეგობარს

მე ბოლოს შენთან მიკითხავენ და შენ პირობას
ამ ბოლოჯერაც შეასრულებ – არაფერს იტყვი…
შენ იტყვი სიტყვებს ზერელეს და უფრო პირობითს,
რადგან სხვა მხრივ საშიშია ყოველი სიტყვა…

ნუ ისაუბრებ დეტალებზე, ზუსტ თარიღებზე,
როდის მოვედი, დაგირეკე ბოლოჯერ როდის,
გკითხავენ პირად შეგრძნებებზე, ნუ აღელდები,
უბრალოდ მოკლედ უთხარი, რომ არაფერს ვგრძნობდი.

მოყევი რამე, მაგალითად რომ ვუყურებდით
ამ ცოტა ხნის წინ, სამხრეთისკენ მიმავალ ბატებს,
რომ ყვითლდებოდნენ ნეკერჩხლები ნაცნობი სევდით,
და ფანჯარასთან დიდხანს თვლემდა მეზობლის კატა…

თქვი, რომ არ იცი არაფერი ამაზე მეტი,
და კაცმა რომ თქვას, არც ესაა ძალიან ცოტა,
გეტყვიან, თუ რამ დაგიბარე, ვერც გაამტყუნებ,
ხომ შესაძლოა, რომ სათქმელი რაიმე მქონდა…

შენ უპასუხებ – არაფერი ყოფილა მსგავსი,
არავითარი წერილები, არცერთი სიტყვა…
მე ბოლოს შენთან მიკითხავენ და მერე არსად…
შენ კი პირობას შეასრულებ – არაფერს იტყვი.

და ყოველგვარი შესავლების გარეშე ასე
შენ შეგიძლია დაამატო, რომ იყო თოვა,
რომ სათქმელია არაფერი, ხოლო კითხვაზე
თუ როდის მოვალ, შენ იტყვი, რომ მე აღარ მოვალ.

…იტყვი, რომ დავრჩით მეგობრებად და პირველ ყოვლის
ისედაც დიდხანს ვიმეგობრეთ, უხსოვარ დროდან…
რომ მე წავედი, სულ უბრალოდ… და იყო თოვლი,
აუარება თეთრი თოვლი და ყველგან თოვდა…
წითელქუდა

შენ ტყე ხარ და უფრო საშიში ხარ
ღამით, როდესაც მთვარის შუქზე
შენი გულიდან გამოდიან მწვანეთვალება მაქციები;
როცა ბეჭებზე წიწვებივით
მოგონებები გეზრდებიან.
დიდია შენი მარტოობა,
ძველია შენი მარტოობა,
თოვლია შენი მარტოობა
და ჯერ არავის გაუკვალავს…

შენ ტყე ხარ, მე კი წითელქუდა,
ზღაპარი შენი ჯურღმულების,
სიზმარი შენი ფოთოლცვენის,
ამბავი შენი მაგიისა.
შავი მოცხარი გამასინჯე,
შავ მოცხარს გემო აქვს სიყვარულის,
სიყვარულს შავი მოცხარის გემო აქვს.
არ შემახვედრო ბეღურები,
არც ირმები და მელიები,
შენ ტყე ხარ, მე კი წითელქუდა
შენ მგელი უნდა შემახვედრო!
და მე ამისთვის შეგიყვარებ…

ასე როდიდან მეფიქრები?
ან ასე როდის გავიზარდე?
რომ შენი აღარ მეშინია.
არც მაგ პირღია სიღრმეების,
არც შხამიანი სოკოების,
აღარც გრძნეულთა მეჯლისისა.
შენს საიდუმლოს მაზიარე,
ერთხელ ჩემს ბილიკს ამაცდინე
და შენს სურვილში შემიტყუე,
სულ სხვანაირი დამაბრუნე
შენი ფოთლების სილურჯიდან…

შენს ათასწლოვან სიჩუმეში,
შენ შეძლებ, რომ არ შემომიშვა,
შენ ტყე ხარ და ნუ შემომიშვებ,
თუ მგელი მოკლა მონადირემ.

© არილი

Facebook Comments Box