ესე

ქეთი ჩართოლანი – მომავლის მოთვინიერება – ანუ ამბავი იმაზე, თუ როგორ დაიმორჩილა საბჭოთა რეჟიმმა ქართული სამეცნიერო ფანტასტიკა

სამეცნიერო ფანტასტიკა არასოდეს ყოფილა მხოლოდ ახალი ტექნოლოგიების აღმოჩენასა თუ კოსმოსურ თავგადასავლებზე, რობოტებსა თუ უცხოპლანეტელებზე — ის, ამასთან ერთად, ყოველთვის იყო ძალაუფლებაზეც.

ყოველ ჯერზე, როცა მწერალი ტექნოლოგიურ სიახლეს გამოიგონებს, მაშინვე და თავისთავად იბადება კითხვა: ვინ აკონტროლებს ამ ტექნოლოგიას? ყოველგვარი უტოპია აწმყოს კრიტიკაა და ყოველგვარი დისტოპია — გაფრთხილება, რა შეიძლება დაგვემართოს, თუ ფრთხილად არ ვიქნებით.

ამგვარად, სამეცნიერო ფანტასტიკა, როგორც ლიტერატურული ჟანრი, მუდამ პოლიტიკურია და კრიტიკულად აფასებს მის თანადროულ რეალობას. ის ჩვენი შიშებისა და იმედებისგან ძერწავს ახალ სამყაროებს და ჯერ კიდევ ჩანასახში მყოფ პოლიტიკურ თუ სოციალურ ტენდენციებს გამოგონილი ტექნოლოგიით გარდაქმნილ რეალობაში, სხვა პლანეტებზე ან შორეულ მომავალში გამოცდის. ასე ხდება სამეცნიერო ფანტასტიკა ერთგვარი ლაბორატორია, რომელში დადგმული ექსპერიმენტებიც, იდეალურ შემთხვევაში, გვაძლევს ერთგვარ გზამკვლევს იმისა, როგორაა შესაძლებელი კაცობრიობის ყოფის გაუმჯობესება და გლობალურ საფრთხეთა თავიდან აცილება.

მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა სამეცნიერო ფანტასტიკა საბჭოთა კავშირის მსგავს ტოტალიტარულ რეჟიმში იბადება — იქ, სადაც თვით მომავლის წარმოდგენის აქტიც კი პოლიტიკური კონტროლის ქვეშაა მოქცეული? რა ხდება მაშინ, როცა პარტია გეუბნება, რომ მომავალი დეტერმინირებულია და ამ მომავალზე მხოლოდ მას აქვს ერთადერთი სწორი წარმოდგენა? პასუხი მარტივია: ამგვარ ავტორიტარულ რეჟიმში ჟანრი, რომელიც აწმყოსეული ტენდენციების სხვადასხვა პერსპექტივიდან ექსტრაპოლაციით არის დაინტერესებული, ხვალინდელი დღის ერთადერთი „სწორი“ ხედვის გამავრცელებელი ინსტრუმენტი ხდება.

***

საბჭოთა ხელისუფლებამ არა მხოლოდ წარმოების საშუალებები დაისაკუთრა, არამედ — ოცნებისაც: მომავალი აუცილებლად სოციალისტური უნდა ყოფილიყო, შორეული მომავალი კი — კომუნისტური; ტექნოლოგიური პროგრესი საბჭოთა რეჟიმის განმტკიცებას უნდა მოხმარებოდა და თვით ვარსკვლავებსაც წითლად უნდა ეკაშკაშათ.

ამ მხრივ, არც საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში შექმნილი სამეცნიერო ფანტასტიკა ყოფილა გამონაკლისი. მეტიც, თუ რუსეთში 1917 წლამდეც არსებობდა სამეცნიერო ფანტასტიკური ლიტერატურა და ახალ, ცენზურით შებოჭილ რეალობაზე მორგებას იქ წლები დასჭირდა, საქართველოში ჟანრი საბჭოთა კავშირის კონტროლშივე დაიბადა, პირველი ნაბიჯები მისი ზედამხედველობით გადადგა, მოზარდობა მისი მეთვალყურე მზერის ქვეშ განვლო — ვერ აჯანყდა, ვერ შეეწინააღმდეგა მჩაგვრელ რეალობას, სანამ თავად ეს რეალობა არ ჩამოიშალა.

ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ 1991 წლამდე დაწერილ ქართულ სამეცნიერო ფანტასტიკაში არსად არ მოიძებნება რეჟიმის გამკრიტიკებელი თუ ქართული ეროვნულობის დამცველი პასაჟები. როცა პირდაპირი კრიტიკა შეუძლებელია, ალეგორია და მეტაფორა იქცევა დაპირისპირების ფარულ იარაღად. და, მართალია, ბრძოლის ამ მახვილგონივრული ფორმების კვლევა სუბიექტურად სასიამოვნოა და ობიექტურად მნიშვნელოვანი — რის გამოც სრულიად ლეგიტიმურად ექცევა ხოლმე ქართული ლიტერატურული კრიტიკის ყურადღების ცენტრში — აქ სხვა ამბავს მოგიყვებით.

წინააღმდეგობის გამოვლინებათა მაგალითების მოხმობის ნაცვლად, ამჯერად იმას შევხედავთ, თუ რა ხდებოდა, როცა ჟანრი რეჟიმის დადგენილი წესებით თამაშობდა. როგორ იქცა სამეცნიერო ფანტასტიკა — წარმოსახვის, ცნობისმოყვარეობისა და „რა იქნებოდა, რომ“ კითხვის დამსმელი ლიტერატურა — საბჭოთა დირექტივების შემსრულებელ ერთ-ერთ ყველაზე ბეჯით მოსწავლედ; როგორ ოცნებობდა ის იმ მომავალზე, რომელზე ოცნებაც რეჟიმმა დაავალა; როგორ განადიდებდა საბჭოთა იდეალურ ადამიანს, საბჭოთა პროგრესსა და მიზნებს; და ამ ყველაფრით როგორ ეხმარებოდა რეჟიმს მისთვის სასურველი მომავლის ხედვის შექმნაში.

რეჟიმს ჟანრისადმი ორი მთავარი დირექტივა ჰქონდა: 1) განედიდებინა საბჭოთა პროექტი და ენახებინა მისი ნათელი მომავალი; 2) დაემცრო დასავლური დემოკრატიები და ეჩვენებინა მათი გარდაუვალი განადგურება. ამ ორ მიზანს უნდა მომსახურებოდა თითოეული ტექნოლოგიური სიახლე, თითოეული პლანეტათაშორისი მოგზაურობა, უცხოპლანეტურ სიცოცხლესთან თითოეული შეხვედრა. ასე შეიქმნა სოცრეალისტური სამეცნიერო ფანტასტიკა სპეციფიკური პროპაგანდისტული ენითა და გახევებული იდეოლოგიით, რამაც ჟანრი ლამის სრულად განძარცვა მისი განმსაზღვრელი ელემენტებისგან — წარმოსახვისგან, ეჭვისგან და აჯანყების სულისკვეთებისგან და სივრცე, რომელიც კითხვების დასასმელად უნდა გამოყენებულიყო, დაზეპირებული პასუხების რუპორად აქცია.

პირველი დირექტივა: ადიდე საბჭოთა კავშირი

თუკი საბჭოთა სამეცნიერო ფანტასტიკას ერთი წმინდა მისია ჰქონდა, ეს იმის დამტკიცება იყო, რომ საბჭოთა კავშირი ადამიანური პროგრესის მწვერვალზე იდგა. ისტორია გარდაუვალად კომუნიზმისკენ მიიწევდა და სამეცნიერო ფანტასტიკის ფურცლებზე აღწერილი თითოეული სამეცნიერო აღმოჩენა და თითოეული მამაცი კოსმონავტის მოგზაურობა ამ ბედისწერის განმტკიცებას უნდა მომსახურებოდა. ამ ნარატივში ტექნოლოგია არასოდეს იყო ნეიტრალური — ის იდეოლოგიის ნაწილად, რეჟიმის ძლევამოსილების, დისციპლინისა და მორალური უპირატესობის კაშკაშა სიმბოლოდ აღიქმებოდა.

ეს ტენდენცია პირველივე ქართულ სამეცნიერო ფანტასტიკურ რომანში გამოიკვეთა. როცა ალექსანდრე აბაშელის ფსევდონიმით მწერალმა პოეტმა, ისაკ ჩოჩიამ 1930 წელს ლიტერატურულ ჟურნალ „მნათობში“ დაიწყო თავისი რომანის, „ქალი სარკეში“ გამოქვეყნება, ამით მან ქართულ მწერლობაში არა მხოლოდ ჟანრს დაუდო დასაბამი, არამედ, არაერთ ისეთ ტროპსაც ჩაუყარა საფუძველი, რომლებიც მომდევნო ათწლეულებში გამოცემულ სამეცნიერო ფანტასტიკურ ტექსტებში ხშირად განმეორდებოდა. ამ ტროპთაგან ერთი სწორედ საბჭოთა სისტემის უპირატესობისთვის ხაზის გასმა იყო.

რომანში მოქმედება 1930-იანი წლების თბილისში ვითარდება. ქართველი მეცნიერი საიდუმლოებით მოცული სტუმრის დახმარებით უმნიშვნელოვანეს ტექნოლოგიურ აღმოჩენას აკეთებს: „ლეტარგინი“ უკაბელო ელექტროენერგიის ველს ქმნის, რომლითაც ნებისმიერი აღჭურვილობა თუ მანქანა იმუხტება. მაშინ, როცა დასავლური სამყარო საბჭოთა კავშირის მიერ ამ გამოგონების მოხელთების საფრთხეებზე მსჯელობს, პლანეტას კომეტა „ბიელა“ უახლოვდება და დედამიწას კატასტროფული შეჯახებისგან მხოლოდ „ლეტარგინი“ თუ იხსნის.

ამ სტანდარტულ სამეცნიერო ფანტასტიკურ ამბავში რაღაც ეტაპზე ჩვეული თხრობა წყდება, რათა აბაშელმა საბჭოთა რეჟიმს კუთვნილი ხარკი გადაუხადოს და იდეოლოგიური ვალი მოიხადოს. ტონალობა მოულოდნელად იცვლება და მწერალი ქართველ მეცნიერს პროპაგანდისტული ენით აწყებინებს ფიქრს:

„რევოლუციამ შთააგონა კამარელს მისი მგზნებარე იდეები[…] რევოლუციონური პათოსით გათამამებულმა შემოქმედებამ აანთო მის წინაშე მომავალ დროთა ჯადოსნური სარკე, საიდანაც იელვა სიყვარულის, ბრძოლისა და მეცნიერების უკვდავმა შარავანდედმა.“

ამგვარად, „ლეტარგინის“ აღმოჩენა აღარაა ინდივიდუალური მიღწევა, არამედ, ის საბჭოთა კოლექტიური გონის ნაყოფი, სოციალიზმით გამოთავისუფლებული შემოქმედებითი პოტენციალის მეტაფორა ხდება. ადამიანური ძიების და ინტელექტუალური ტრიუმფის ამბავი ასე გარდაისახება რეჟიმის იდეოლოგიური ძლიერებისთვის ხოტბის შესასხმელ პანეგირიკად და მხატვრულ ნაწარმოებს საბჭოთა დიდებულების შესახებ აგიტაციურ ტექსტად გარდაქმნის.

თუმცა, რეჟიმისთვის ხარკის გადასახდელად ეს არ კმაროდა. ტექნოლოგიურ გამოგონებას, ამასთან, საბჭოთა კავშირი პლანეტის მხსნელ მესიად უნდა ექცია, რადგან მხოლოდ ასე თუ დამტკიცდებოდა უტყუარად, რომ საბჭოთა სოციალისტურ წყობას დედამიწაზე ალტერნატივა არ ჰქონდა. და მართლაც, რომანში ვკითხულობთ:

„დედამიწა იხსნა კატასტროფისგან რევოლუციამ. რევოლუციამ შეანგრია მისი ბრწყინვალე მომავლის კარები და საქვეყნოდ გამოაჩინა ბრძოლის პერსპექტივის დამაბრმავებელი ელვარება[…] რევოლუციის დროშებით შემოსილი დედამიწა პურპუროსან გლადიატორივით ბრძოლით გაიკაფავს გზას და მის აელვარებულ ხმალს წინ წარუძღვება ამ ჩირაღდნის გაუქრობელი ალიონი.“

ალექსანდრე აბაშელის შემოქმედებითი ბიოგრაფია ტრაგიკულია. მასზე აკაკი ბაქრაძე რეჟიმის მიერ ქართული მწერლობის მოდრეკის აღმწერ მატიანეში, „მწერლობის მოთვინიერება“ წერს. ის სწორედ რომანის, „ქალი სარკეში“, გამოქვეყნების წინა წელს ასახელებს აბაშელის სულიერად მოდრეკის წლად. პოეტი, რომელიც 1920-იან წლებში 25 თებერვალსა და კრწანისის ომს „ერთი ნაღველის ორ სახელად“ მოიხსენიებდა და ჩიოდა, რომ „ახლა ქუხილი არ ისტამბებაო“, საკუთარ თავზე იწვნევს მსგავსი ცენზურისა და მორალური ტერორის შედეგს:

„თითქმის ათი წელიწადი ცდილობდა ალ. აბაშელი დაეცვა და შეენარჩუნებინა პოეტისა და პიროვნების თავისუფლება, მაგრამ ბოლოს ვეღარ გაუძლო კომპარტიის მიერ მოწყობილ სულიერ ტერორს. გატყდა და მორჩილად თავი დახარა. 1929 წელს თავისთავი გამოიგლოვა და პირი საბჭოთა ხელისუფლებისაკენ იბრუნა.“

შეუძლებელია, რომ მწერლის ამგვარი მორალური კომპრომისი მისი შემოქმედების მხატვრული ღირებულების დაკნინების ხარჯზე არ მოხდეს. ეს ტენდენცია მომდევნო წლებში ერთადერთ დაშვებულ კულტურულ მიმდინარეობად სოცრეალიზმის გამოცხადების გვერდით ეფექტად იქცა: მწერლობის ხარისხი დაეცა, პერსონაჟებს ფსიქოლოგიური სიღრმე მოაკლდათ, სადღაც გაქრა და აორთქლდა ირონია, ენა გაერთფეროვანდა და უხერხულად დიდაქტიკური ტონალობა მოირგო.

თუმცა, „ქალი სარკეში“ მხოლოდ მოთელვა იყო. რაც უფრო გამკაცრდა საბჭოთა ცენზურა და ვიწრო საზღვრებში მოექცა სოცრეალისტური ხელოვნებისადმი წაყენებული მოთხოვნები, მით უფრო იდეოლოგიზებული გახდა ქართული სამეცნიერო ფანტასტიკაც. ჟანრი, რომლის მამოძრავებელი ძალაც მეცნიერული პროგრესის ეთიკური, ემოციური თუ პოლიტიკური შედეგების კვლევაშია, საბჭოთა ოკუპაციის ქვეშ მყოფ საქართველოში იდეოლოგიური სისწორის დამტკიცების იარაღად ჩამოყალიბდა.

ამიტომ გასაკვირი არაა, რომ საბჭოთა წყობის განმადიდებელი ყველაზე ტრაფარეტული პასაჟები სტალინის მმართველობის პერიოდში გამოცემულ სამეცნიერო ფანტასტიკაში გვხვდება. ამის ყველაზე რადიკალური მაგალითი აპოლონ ბასილაიას ტრილოგიაა, რომელიც 1950-იან წლებში დაიბეჭდა („კოსმიური ბრძოლა“ (1950 წელი), „ჩვენი მისამართი“ (1956 წელი), „ბრძოლა კოსმოსში“ (1960 წელი).

ტრილოგიაში გამეორებულია სამეცნიერო ფანტასტიკის ის ტროპი, რომელსაც ალექსანდრე აბაშელიც იყენებს: დედამიწისკენ კომეტა მოემართება და შეჯახების თავიდან აცილების უნარი მხოლოდ საბჭოთა კავშირში მცხოვრებ ქართველ გმირებს აქვთ. და აქაც ქართული ინჟინერიის მიღწევები სრულად რეჟიმის დამსახურებადაა მონათლული, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი სამყაროს მესიად ევლინება.

თუმცა, თუ აბაშელთან სოციალისტური წყობის განდიდება ამბის თხრობის შემაფერხებელი უხერხული დანამატია, ბასილაიას ტრილოგიაში — განსაკუთრებით კი მის პირველ წიგნში — პირველ პლანზე ინაცვლებს საბჭოთა ძლევამოსილების წარმოჩენა, ხოლო უშუალოდ სამეცნიერო ფანტასტიკური საფრთხის თავიდან აცილება ერთგვარ ფონად იქცევა.

იცვლება კიდევ ის, რომ თუ 1930-იან წლებში საბჭოთა კავშირი საბჭოთა ხალხის კოლექტიური გენიის შედეგად საღდება, 1950 წელს რეჟიმი გაპიროვნებული ხდება. ბასილაიას სამეცნიერო ფანტასტიკურ სამყაროში კოსმონავტობაზე მეოცნებე ბავშვები „გორში, ძია სტალინის სახლის დათვალიერებისას“ დებენ ფიცს, რომ გმირულ საქმეებს დაატრიალებენ, რადგან ესაა ადგილი, სადაც „გამარჯვების ურყევი რწმენის შთაგონებას ღებულობენ“. დიდი ბელადის გარეშე ყოველგვარი დიადი წამოწყება ჩანასახშივე განწირულია წარუმატებლობისთვის, რადგან მხოლოდ ისაა, ვინც „გამოგვიყვანს ჩვენ ყოველდღიური ჩიხიდან! აი, ვინ გაგვამხნევებს, ვინ შთაგვბერავს გამარჯვების რწმენას! მე შემიძლია წარვუდგინო ბელადს თუნდაც დაუმთავრებელი პროექტი. გამონახული იქნება გზები და საშუალებანი“.

და მართლაც, „ძია სტალინის“ გენია — და არა ცალკეული ინჟინრების, მეცნიერებისა თუ კოსმონავტების მიღწევები — იხსნის პლანეტას ირაციონალური შიშებისა და ქაოსისაგან. ამას ბასილაია კომიკურობამდე მისული ჰიპერბოლიზებით აღწერს, ენით, რომელიც სრულად შორდება მხატვრულობას და რეჟიმისადმი ერთგულების უხერხულ სიტყვით გამოსვლად იქცევა:

„მუდამ მართალმა მოსკოვმა გაუფანტა მსოფლიოს შიში და სასოწარკვეთა[…] შორეულ ქვეყნებში, სოფლებსა და ქალაქებში, ქუჩებში, მოედნებსა და შარაგზებზე სხვადასხვა ეროვნების ადამიანები ერთმანეთს ეხვეოდნენ, იცინოდნენ, ტიროდნენ, ხარხარებდნენ, დარბოდნენ, ცრემლად იღვრებოდნენ[…] შვილებო, გახსოვდეთ, რომ ჩვენ სიცოცხლე და მომავალი დიდმა საბჭოთა კავშირმა გვაჩუქა! გიყვარდეთ ეს ქვეყანა ყველაზე მეტად! იცოდეთ, რომ თქვენ მისი შვილები ხართ!.. ისინი კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ საბჭოთა კავშირი მათი ხსნის, იმედისა და მომავლის საიმედო ბურჯი და კაცობრიობის ბედნიერების დიადი სიმბოლოა!“

იდეოლოგიის ასეთი უხეში შემოჭრა მხატვრულ ტექსტში დრამატულად ავიწროებს ქართული სამეცნიერო ფანტასტიკის შემოქმედებითი წარმოსახვის პოტენციალს, რა დროსაც მეცნიერული ძიებისადმი აღფრთოვანება კერპთაყვანისმცემლობით იცვლება.

სტალინის სიკვდილის შემდეგ, სამეცნიერო ფანტასტიკურ ტექსტებში ამგვარი ზღვარგადასული პათეტიკა იკლებს. იმავე ავტორების ტექსტებშიც კი, რომლებიც 1950-იან წლებში პარანოიამდე მისული გახელებით ადიდებდნენ რეჟიმსა და მის გაპიროვნებულ ბელადის სახეს, იკლო მსგავსმა პასაჟებმა.

თუმცა საბჭოთა კავშირის დაშლამდე ურყევად შენარჩუნდა ჟანრისადმი წაყენებული მეორე დირექტივა, გაეკრიტიკებინა დემოკრატიული დასავლეთი და წარმოეჩინა ის ყველა ბოროტებისა და ზნეობრივი ხრწნის განსახიერებად. ამ გზით საბჭოთა კავშირის სიდიადე გაცხადდებოდა არა იმდენად პირდაპირი ხოტბის შესხმით, არამედ — კონტრასტით; დასავლეთს, როგორც მომხვეჭელობის, ხრწნისა და მორალური დაცემის ხატს, ამასთან, საბჭოთა სისტემის სისწორეს, რაციონალურობასა და ეთიკურ უპირატესობას გამოკვეთდა.

მეორე დირექტივა: დააკნინე დასავლეთი

კაცობრიობის განადგურების მოსურნე მწყობრიდან გამოსულ რობოტებსა თუ დაპყრობის სურვილით მართულ იმპერიალისტ უცხოპლანეტელებზე მეტად, საბჭოთა ოკუპაციის პერიოდის ქართული სამეცნიერო ფანტასტიკის ანტაგონისტი სხეულითა და სულით გახრწნილი დასავლელი კაპიტალისტია.

ის, თუ რა იგულისხმებოდა გახრწნილებაში, დამოკიდებული იყო ისტორიულ გეოპოლიტიკურ კონტექსტზე; კერძოდ, ის უნდა ქცეულიყო ყველა იმ ბოროტების წყაროდ, რისი საპირისპირო სიკეთის განსახიერებადაც ისახებოდა საბჭოთა კავშირი.

მაგალითად, იმავე „კოსმიურ ბრძოლაში“ დასავლეთის ერთ-ერთ მთავარ ნაკლად რელიგიურობა წარმოჩნდება, რაც, თავის მხრივ, სოციალისტური რაციონალურ-ათეისტური მოძღვრების უპირატესობის ხაზგასმას ემსახურება. როცა პლანეტა მოახლოებული კატასტროფის შესახებ შეიტყობს, სანამ საბჭოთა კავშირის მეცნიერები გამოსავალს ეძებენ, ბასილაია კაპიტალისტურ სამყაროში დატრიალებულ ქაოსს ამგვარად აღწერს: „ხავსმოდებული ვატიკანიდან ხმა აღიმაღლა რომის პაპიმაც […] ბნელი სამღვდელოება ჯვრებითა და ხატებით დაძრწოდა“.

დასავლეთის ზნეობრივი გახრწნილების ერთ-ერთ მიზეზად რელიგიურობის დასახვა თანამედროვე კრემლის დეზინფორმაციული ნარატივის ამოყირავებული ვერსია კია, თუმცა ერთმანეთზე გადაჯაჭვული მეორე და მესამე მიზეზი გაცილებით ნაცნობ რიტორიკას ეფუძნება:

„დაიწყო ბნელეთის მოციქული ბურჟუაზიის ყველაზე საზიზღარი, აღვირახსნილი პროპაგანდა საბჭოთა ქვეყნის წინააღმდეგ. სულთმობრძავი კაპიტალის ოლიგარქია აშკარად გრძნობდა თავისი უკანასკნელი დღეების მოახლოებას და ყოველ ღონეს ხმარობდა მსოფლიოს მშვიდობისმოყვარე ხალხების ომის საშინელებაში ჩასაბმელად, რათა ამ გზით თავი დაეღწია გამანადგურებელი კრიზისისთვის და მოახლოებული აღსასრული დროებით მაინც გადაედო.“

მომხვეჭელობა და მის სამსახურში ჩაყენებული ომის დაწყების სურვილი სამეცნიერო ფანტასტიკური დასავლელის ატრიბუტებად მომდევნო ათწლეულებშიც დარჩა. ცივი ომის გამძაფრების თანადროულად გაჩნდა ბირთვული იარაღის გამოყენების სავალალო შედეგთა ამსახველი ნარატივებიც. ცხადია, ატომური იარაღის გამოყენების შიში არაერთი კულტურის სამეცნიერო ფანტასტიკის საკვლევ საკითხად იქცა.

ქართულ სამეცნიერო ფანტასტიკაშიც ერთგვარ გაფრთხილებად არაერთგან გვხვდება ატომის გახლეჩის შედეგად განადგურებული პლანეტის ლანდშაფტი. მაგრამ საფრთხის სხვა ციურ სხეულებზე გადატანა დასავლეთის დამნაშავედ წარმოჩენას შეუძლებელს ხდიდა. მეორე მხრივ, ცენზურა არ დაუშვებდა ისეთი დისტოპიური რეალობის ამსახველი ტექსტის გამოცემას, რომელშიც საბჭოთა კავშირი დასავლეთისგან ნასროლი ბირთვული იარაღის სამიზნე გახდებოდა; ეს მომავლის იმ დეტერმინისტულ ხედვას ეწინააღმდეგებოდა, რომლის თანახმადაც, კაპიტალისტურ სამყაროს განადგურება ელოდა, საბჭოთა კავშირს კი — სამოთხე ამ ქვეყანაზე, მეორენაირად, კომუნიზმი.

თუმცა, ამ ერთგვარი იდეოლოგიური ჩიხიდან გამოსავალი მაინც მოიძებნება საბჭოთა ოკუპაციის პერიოდის ქართულ სამეცნიერო ფანტასტიკაში, კერძოდ, თამაზ ჭეიშვილის 1985 წელს გამოცემულ რომანში, „სირიუსი, იდუმალი სტუმარი“. ნაწარმოებში თბილისელ სკოლის მოსწავლე გიას სირიუსის სისტემიდან ჩამოფრენილი რობოტი სტუმრობს. მისგან ბიჭი იგებს, რომ დედამიწას სასიკვდილო საფრთხე ემუქრება: უცხოპლანეტელთა იმპერიალისტურ რასას, არესელებს, რომლებიც „სამყაროში ერთმმართველობისთვის იბრძვიან“, ამჯერად დედამიწელთა ცივილიზაციის განადგურება გადაუწყვეტიათ. არესელთა დამანგრეველმა სხივებმა ატმოსფეროში რომ ვერ შემოაღწიოს, პლანეტას ანტიგრავიტაციული ჯავშანი უნდა შემოევლოს. ეს კი მხოლოდ მაშინ გახდება ტექნიკურად შესაძლებელი, როცა პლანეტის ზედაპირზე ყოველგვარი ბირთვული იარაღი მოისპობა.

რობოტი სირიუსი დედამიწაზე სწორედ ამ მისიით არის ჩამოსული: მან სახელმწიფოები ბირთვული იარაღის განადგურებაზე უნდა დაითანხმოს და ასე გადაარჩინოს კაცობრიობა. კეთილი უცხოპლანეტელის ამ შემოთავაზებას ყველა ბირთვული სახელმწიფოს მეთაური თანხმდება, გარდა ერთისა: სირიუსი გიას აცნობს, რომ განიარაღების სასტიკი წინააღმდეგი რეირიკის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტი ამეგანია. რთული მისახვედრი არაა, რომ „რეირიკა“ და „ამეგანი“, სიტყვებში, „ამერიკა“ და „რეიგანი“, მარცვალთა გადანაცვლებითაა მიღებული.

ამეგანის მიერ ავტორიტარულად მართული რეირიკა ჯიუტად წირავს მთელ პლანეტას განადგურებისთვის. შედეგად, სირიუსი იძულებულია, თავისი ვარსკვლავთმფრენი შეაჯახოს არესელთა ხომალდს და საკუთარი არსებობის ფასად გადაარჩინოს პლანეტა. ამ შეჯახებას ის მთელი პლანეტის ტელევიზიებით პირდაპირ ეთერში გადასცემს, რასაც, წესით, ამეგანის რეპუტაციული სიკვდილი უნდა მოეტანა. თუმცა რეირიკის პრეზიდენტს ერთ-ერთი სატელევიზიო არხის დიქტორი გადაარჩენს, როცა ტრანსლაციას სატელევიზიო მხატვრულ-ფანტასტიკური სერიალის ნაწყვეტად გამოაცხადებს. პასაჟის აბსურდულობა იმის აღნიშვნით გვირგვინდება, რომ მადლიერი ამეგანი საინფორმაციო გადაცემის დიქტორს ოსკარით დააჯილდოებს.

რომანში დასავლელი არა მხოლოდ ამორალურ, არამედ უვიც ეგოისტადაა გამოყვანილი — ის ისეა დაბრმავებული ძალაუფლების სურვილით, რომ მზადაა, მთელი სამყარო და საკუთარი თავიც კი გაანადგუროს, ოღონდ კი თავისი პოზიციები არ დათმოს. ამასთან, ჟურნალისტისთვის ოსკარის გადაცემის სრულიად კომიკური გადაწყვეტილება სანახაობითა და თვალთმაქცობით დასავლეთის შეპყრობილობას უსვამს ხაზს.

ამგვარი სატირული გაზვიადებით ჭეიშვილის რომანი ქართული სამეცნიერო ფანტასტიკისადმი წაყენებულ დირექტივას პირნათლად ემსახურება: ის მკითხველს უმტკიცებს, რომ ეგოიზმითა და უვიცობით გახრწნილი კაპიტალისტური სამყარო მთელი პლანეტისთვის წარმოადგენს საფრთხეს.

მხატვრულ ტექსტში ოკუპირებულ ერზე თავსმოხვეული იდეოლოგიის ასეთი უხეში შემოჭრა მცირე ადგილს ტოვებს საზოგადოებაში რეალურად არსებულ შიშებზე რეფლექსიისთვის. მართალია, მეორე მსოფლიო ომის მერე ატომური ომის დაწყების საფრთხე სრულად კაცობრიობის ეგზისტენციალურ შიშად იქცა, თუმცა ქართულმა სამეცნიერო ფანტასტიკამ ვერ შეძლო ამ შფოთვის ხელში მოხელთება და სათანადოდ გამოკვლევა. ეს იმიტომ, რომ სოცრეალისტური მიმდინარეობის ნაწილად ფორმირებულ ჟანრს არ მიეცა ბუნებრივად განვითარების შესაძლებლობა.

***

როცა რეჟიმმა მომავალი დაისაკუთრა, ამით სამეცნიერო ფანტასტიკის მწერლის მთავარ იარაღს, წარმოსახვას, მოკვეცა ფრთები. მწერლებისგან მომავლის ისეთი სამყაროების შექმნას მოელოდნენ, რომლებშიც დედამიწაზე კომუნიზმი ბატონობდა და სადაც გახრწნილი დასავლეთი გადაშენებული თუ არა, გადაშენების პირას მაინც იყო. მომავლის სხვაგვარად წარმოდგენა — მასში ეჭვის შეტანა, კითხვების დასმა ან თუნდაც ნაკლოვანი უტოპიის დახატვა — იდეოლოგიურ დევიანტობად შეირაცხებოდა და საბჭოთა ოკუპაციური მმართველობის სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა სასჯელს მოიაზრებდა.

რაღა თქმა უნდა, ქართველი მწერლები პოულობდნენ გზას, რომ სამეცნიერო ფანტასტიკის ფორმალური მახასიათებლები პოლიტიკური კრიტიკის სამსახურში ჩაეყენებინათ. ასე მაგალითად, ნუგზარ აფხაზავას 1986 წლის მოთხრობაში, “Ab Irato“, რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობა ორ პლანეტას შორის ურთიერთობის აღწერითაა მოთხრობილი და გაკრიტიკებული. მაგრამ, სამწუხაროდ, რეჟიმის მიერ ჟანრის უზურპირება შინაარსის კონტროლის მიღმა იყო წასული: სოცრეალიზმმა ქართულ სამეცნიერო ფანტასტიკას თავისი ხისტი ენა და აგიტროპული ესთეტიკაც უწილადა, რამაც ეს ნაწარმოებები მხატვრული ზემოქმედების ძალისგან განძარცვა. ამიტომ, შესაძლოა, ყველაზე დიდ დაუმორჩილებლობად ჟანრში არა პოლიტიკური კრიტიკა, არამედ სოცრეალისტური ენისგან გათავისუფლებული, საბჭოური იდეოლოგიისგან სრულად დაცლილი, სპეკულაციური ტექსტის შექმნა იქნებოდა — რაც, ოკუპაციის პერიოდში ჯემალ ქარჩხაძემ შეძლო, როცა თავისი მცირე ზომის სამეცნიერო ფანტასტიკური მოთხრობა, „დრო“, დაწერა. თუმცა, ეს გამონაკლისი კიდევ უფრო ცხადად აჩვენებს, რა დამართა საბჭოთა რეჟიმმა ქართულ სამეცნიერო ფანტასტიკას; მან ჟანრი ისე მოათვინიერა, რომ იდეების ლაბორატორია პოლიტიკური მითების მწარმოებელ ქარხნად აქცია.

© არილი

Facebook Comments Box