დრამატურგია,  თარგმანი

ქერილ ჩერჩილი – შვიდი ებრაელი ბავშვი

პიესა ღაზასთვის

ინგლისურიდან თარგმნა გუგა მგელაძემ

სცენაზე ბავშვები არ ჩნდებიან. მთხრობელები მხოლოდ უფროსები არიან, თავად ამ ბავშვების მშობლები ან თუ გნებავთ, მათი ნათესავები. ხაზები შეგიძლიათ თქვენი სურვილის მიხედვით გადაუნაწილოთ პერსონაჟებს. ყოველ მცირე სცენაში თითოეული პერსონაჟი დროისა და ბავშვების მსგავსად იცვლება. ამიტომაც, რამდენიმე მსახიობმა შეიძლება შეასრულოს მათი როლი.

უთხარი, რომ ეს თამაშია

უთხარი საქმე სერიოზულადაა

მაგრამ არ შეეშინდეს

არ უთხრა, რომ მას მოკლავენ

უთხარი, რომ დუმილი აუცილებელია

უთხარი, რომ ნამცხვარს მიიღებს თუ კარგად მოიქცევა

უთხარი ისე მოიკუნტოს, თითქოს საწოლშია,

მაგრამ ნუ იმღერებს.

უთხარი გარეთ გასვლა არ შეიძლება

უთხარი ყვირილის გაგონების შემთხვევაშიც არ გამოვიდეს

ნუ შეაშინებ

უთხარი, მაშინაც არ გამოვიდეს, თუ დიდი ხნის განმავლობაში ვერაფერს გაიგონებს

უთხარი, რომ მოვალთ და ვიპოვით.

უთხარი, რომ ჩვენ სულ აქ ვიქნებით

უთხარი რამე კაცების შესახებ

უთხარი, რომ თამაშის დროს ცუდები არიან

უთხარი, რომ ეს უბრალოდ ზღაპარია

უთხარი, რომ ისინი წავლენ

უთხარი, რომ თუ ხმას არ ამოიღებს ისინი წავლენ

მაგიის მეშვეობით

ოღონდ ნუ იმღერებს.

 

2.

უთხარი, რომ ეს ჩემი, ბებიამისის და მისი ბიძების ფოტოა.

უთხარი, რომ ბიძები მოკვდნენ

ნუ ეტყვი, რომ ისინი მოკლეს

უთხარი, რომ ისინი მოკლეს

არ შეაშინო

უთხარი, რომ ჭკვიანი ბებო ყავდა

არ უთხრა, რა გაუკეთეს

უთხარი, რომ ბებო მამაცი იყო

უთხარი, რომ სწორედ ბებომ მასწავლა ნამცხვრის კეთება

არ უთხრა, რა გაუკეთეს

რამე მოიგონე.

გაიზარდოს და მერე უამბე.

მოუყევი ებრაელთმოძულე ხალხის შესახებ

არ მოუყვე

უთხარი, რომ უკვე ყველაფერი დასრულდა

უთხარი, რომ ისევ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ებრაელები სძულთ

უთხარი, რომ ისინიც არსებობენ, ვისაც ებრაელები უყვარს

ნუ ჰკითხავ, თვლის თუ არა თავს ებრაელად

გაიზარდოს და დანარჩენზე მერე უამბე

უთხარი რამდენი, როცა გაიზრდება

უთხარი, რომ ეს ყველაფერი მის დაბადებამდე მოხდა და უკვე საფრთხეში აღარაა

არ უთხრა, რომ საფრთხე ისევ არსებობს

უთხარი, რომ გვიყვარს

უთხარი, რომ მკვდარია თუ ცოცხალია, ოჯახს მაინც ეყვარება.

უთხარი, რომ ბებო მისით იამაყებდა.

 

3.

ნუ ეტყვი, რომ სამუდამოდ მივდივართ

უთხარი, რომ შეუძლია მისწეროს მეგობრებს და ისიც უთხარი, რომ ისინი სავარაუდოდ მოვლენ

უთხარი, რომ იქ მზეა

უთხარი, რომ სახლში ვბრუნდებით

უთხარი, რომ ეს მიწა ღმერთმა მოგვცა

არაფერი უთხრა მისი რელიგიის შესახებ

უთხარი, რომ ბაბუები, ბაბუების მამები და იმათი მამები მანდ ცხოვრობდნენ

არ უთხრა, რომ გამოაგდეს

უთხარი, რა თქმა უნდა, უთხარი, რომ ყველა გამოგვყარეს

სამშობლო გველოდება

არ უთხრა, რომ ამათ არ ეკუთვნის

უთხარი, რომ რასაკვირველია, აქაურობა ძალიან მოსწონს, თუმცა იქ უფრო მეტად მოეწონება

უთხარი, რომ ეს თავგადასავალია

უთხარი, რომ არავინ არ აწყენინებს

უთხარი, რომ ახალი მეგობრები ეყოლება

უთხარი, რომ შეუძლია თავისი სათამაშოები თან წაიღოს

არ უთხრა, რომ შეუძლია საკუთარი სათამაშოების წაღება

უთხარი, რომ განსაკუთრებული გოგოა

უამბე იერუსალიმის შესახებ

 

4

ნუ ეტყვი, მათ შესახებ

რამე უთხარი

უთხარი, რომ ბედუინები არიან და მოგზაურობენ

მოუყევი აქლემების და უდაბნოს შესახებ

უთხარი, კარვებში რომ ცხოვრობენ

უთხარი, რომ ეს მათი სახლი არ იყო

ნუ ეტყვი სახლის შესახებ, სახლს ნუ უხსენებ, უთხარი, რომ მიდიან

ნუ ეტყვი, რომ მათ ეს ადგილი არ მოსწონთ

უთხარი ფრთხილად იყოს

არ უთხრა თუ ვინ ცხოვრობდა ამ სახლში

არა, არ უთხრა, რომ მისი პაპა ცხოვრობდა ამ სახლში

არ უთხრა, რომ მის საძინებელში არაბებს ეძინათ.

უთხარი, მათ უხეშად არ მოექცეს

უთხარი, ნუ ეშინია

არ უთხრა, რომ უფლება არა აქვს სხვა ბავშვებთან ითამაშოს

არ უთხრა, რომ ბავშვებს სახლში ვერ აიყვანს.

უთხარი, რომ მათ ძალიან ბევრი მეგობარი და ოჯახები ჰყავთ.

უთხარი,რომ ძალიან შორს მათ საკუთარი მიწები აქვთ

კიდევ ერთხელ უთხარი, რომ ეს ჩვენი დაპირებული მიწაა.

არ უთხრა, რომ იმათი აზრით, ამ მიწებზე არავის უცხოვრია

არ უთხრა, რომ არ მოვიდოდი , რომ მცოდნოდა ამის შესახებ

უთხარი, რომ შეგვიძლია გავიზიაროთ.

ნუ ეტყვი.

 

5

უთხარი, რომ მოვიგეთ

უთხარი, რომ მისი ძმა გმირია

უთხარი, რამხელა არმია ჰყავთ

უთხარი, რომ უკან დავახევინეთ

უთხარი, რომ მებრძოლები ვართ

უთხარი, რომ უკვე ახალი მიწა გვაქვს

 

6

ნუ ეტყვი

ნუ ეტყვი საცურაო აუზთან დაკავშირებული პრობლემის შესახებ

უთხარი, რომ ეს ჩვენი წყალია, უფლება გვაქვს

უთხარი, რომ ეს წყალი მათი მინდვრებისთვის არ არის

არაფერი უთხრა წყლის შესახებ.

არაფერი უთხრა ბულდოზერის შესახებ

ნუ ეტყვი, რომ ბულდოზერს არ შეხედოს

ნუ ეტყვი, რომ ბულდოზერი სახლს მიწასთან ასწორებს

უთხარი, რომ ეს სამშენებლო მოედანია

არაფერი უთხრა ბულდოზერების შესახებ

არაფერი უთხრა გამშვებ პუნქტთან არსებული რიგების შესახებ

უთხარი, რომ იქ ძალიან მალე მივალთ

არაფერი უთხრა ისეთი, რასაც თავად არ გკითხავს

ნუ ეტყვი, რომ ბიჭი მოკლეს

არაფერი უთხრა

უთხარი, რომ უდაბნოში ახალი ფერმა გვექნება

არაფერი უთხრა ზეთისხილის ხეების შესახებ

უთხარი, რომ უდაბნოში ახალ ქალაქებს ავაშენებთ

არ უთხრა, ქვებს რომ გვესვრიან

უთხარი რომ უსუსურები არიან ტანკების წინააღმდეგ

არ უთხრა.

ნუ ეტყვი, რომ კაფეებში ბომბები დაამონტაჟეს.

უთხარი, რომ კაფეებში ბომბები დაამონტაჟეს

უთხარი ფრთხილად იყოს

ნუ შეაშინებ.

უთხარი, რომ კედელი გვჭირდება უსაფრთხოებისთვის

უთხარი, რომ ზღვაში გაყვანას გვიპირებენ

უთხარი, რომ არ გვიპირებენ

უთხარი, რომ ბევრი მათგანი უკვე მოვკალით

არ უთხრა

უთხარი

უთხარი, რომ ძლიერები ვართ

უთხარი, რომ უფლება გვაქვს

უთხარი, რომ იმათ არაფერი ესმით, ძალადობის გარდა

უთხარი, რომ მშვიდობა გვსურს

უთხარი, რომ ცურვას ვაპირებთ.

 

7

უთხარი, რომ ახალ ამბებს არ უნდა უყუროს

უთხარი, რომ შეუძლია მულტფილმები ნახოს

უთხარი,რომ შეუძლია გვიანობამდე იყოს და ,,ფრენდზს’’ უყუროს.

უთხარი, რომ რაკეტებით აპირებენ თავდასხმას

არ შეაშინო

უთხარი, რომ ჩვენებიდან მხოლოდ რამდენიმე მოკლეს

უთხარი, რომ ჯარი უკვე მოვიდა ჩვენს დასაცავად

არ უთხრა, რომ მისმა ბიძაშვილმა უარი თქვა ჯარში გაწვევაზე

არ უთხრა, რამდენი მათგანი მოკლეს

უთხარი, რომ ჰამასის მებრძოლები მკვდრები არიან

უთხარი, რომ ისინი ტერორისტები იყვნენ

უთხარი, რომ ნაგვები არიან

არა

არაფერი უთხრა მკვდარი გოგოების ოჯახის შესახებ

უთხარი, რომ არ გჯერა რასაც ტელევიზორში ხედავ

უთხარი, რომ ჩვენ შემთხვევით მოვკალით ბავშვები

არაფერი მოუყვე არმიის შესახებ

მოუყევი, მოუყევი არმიის შესახებ, უთხარი, რომ არმიით უნდა იამაყოს.

მოუყევი მკვდარი გოგოების ოჯახებზე, ჰო, მათი სახელებიც თქვი, რატომაც არა. უკვე მთელმა მსოფლიომ იცის. მოუყევი, რომ აქვე მკვდარი ბავშვებიც არიან. ნახა უკვე ბავშვები? უთხარი, არაფრის შერცხვეს. უთხარი, მკვლელობა თავად რომ ჩაიდინეს. მათ საკუთარი ბავშვების სიკვდილი სურდათ, ხალხისგან სიბრალული რომ მიეღოთ. უთხარი, რომ არ მეცოდება ისინი. უთხარი, თავადაც ნუ შეიბრალებს, უთხარი, რომ სწორედ ჩვენ უნდა ვებრალებოდეთ სხვებს. უთხარი, რომ მკაცრები ვართ. უთხარი, რომ ეს საომარი ნისლია, უთხარი, რომ იქამდე არ შევწყვეტთ მათ დახოცვას, ვიდრე უსაფრთხოდ არ ვიგრძნობთ თავს, უთხარი, როგორ გამეცინა მკვდარი პოლიციელების დანახვისას, უთხარი, რომ ეგ ცხოველები უკვე ნანგრევებში ცხოვრობენ, უთხარი, რომ მკიდია, თუ ჩავაძაღლებთ, უბრალოდ მსოფლიოს შევზიზღდებით, უთხარი, რომ მკიდია თუ სამყაროს შევზიზღდებით, უთხარი, რომ ჩვენ უკეთ შეგვიძლია სიძულვილი, უთხარი, რომ რჩეული ერი ვართ, უთხარი, რა ვიგრძენი იმათი დასისხლიანებული ბავშვის დანახვისას. უთხარი, რომ მიხაროდა ეგ რომ არ იყო მკვდარი.

არა, ეგ არ უთხრა.

უთხარი, რომ გვიყვარს.

ნუ შეაშინებ.

© არილი

Facebook Comments Box