პოეზია (თარგმანი)

ქრისტინე ლავანტი – “ამ ბეწვივით ვიწრო სიზმარზე მხოლოდ ჩიტებს შეუძლიათ სიარული” და სხვ. ლექსები

Christine Lavant

გერმანულიდან თარგმნა მაია ლიპარტელიანმა

***

ამ ბეწვივით ვიწრო სიზმარზე

მხოლოდ ჩიტებს შეუძლიათ სიარული.

ქვემოთ, მოდარაჯე წყალში

მრავლდება მათი სანახევროდ

აფრენილი ნაბიჯების ფრთხიალი.

ო, როგორ უმძიმს ჩემს სულს!

ვინ ჩამოჰკიდა გულზე ეს ქვა

და ფრთები ვინ გადაუგრიხა?

ის მარტოდმარტო იცდის დაბლა,

არადა ის ხომ დედა არის ამ ფრთხიალა ჩიტებისა

და უღრმეს წყალზეც გადმოიარა

მოციმციმე კუნძულისაკენ.

აი, ის ზემოთ აყურადებს,

აი, ის ქვემოთ აყურადებს,

და სანამ ამ ბეწვივით ვიწრო სიზმარზე

ოჩოფეხებით გადადიან მჩატე ფიქრები,

ის დოლივით აბრახუნებს დაბლიდან იმ ქვას:

დიდება მაღალთა შორის ღმერთსა!

***

შენ მე ყველა სიხარულიდან ამომიღე.

მაგრამ მე მაინც

ზუსტად იმდენ ხანს ვიგლოვებ,

რამდენიც თავად მეამება, უფალო.

უცხოველესი სიამაყის

და სასტიკი სიმამაცის

ხორცი შევისხი, შენ წინაშე ვარ.

აღმართე ხელი და დამანარცხე,

მე უფრო მაღლა ამოვხტები

რათა თვალწინ გყავდე ყოველთვის –

მომცრო, წითელი, მრისხანე ბურთი.

ყველა მიწა ისევ შენკენ ამომისვრის,

რადგანაც ერთხელ შენ ამომიღე იმ ადგილიდან

სადაც  გული მერქვა  და ჩიტივით

რბილი და სიხარულით სავსე ვიყავი.

ამომიღე, დამამრგვალე ბურთივით და

სამუდამო წამებაში გადამისროლე.

***

ასეთი დღეებით ცხოვრება არ იქმნება.

ალბათ დედის საშოშივე

მომიკვეთა ბედისწერამ გაბედულად

და გასწია ჩემ მაგიერ – ჩემზე ბევრად უშიშარმა –

ღვთითდავიწყებულ ვარსკვლავისაკენ.

დარჩა იქ, დაწვა დასაძინებლად

და ახლა უკვე ესიზმრება რა შეამთხვიოს

მოელვარე საფეთქლებს ჩემსას.

ხშირად ქარს შევუდგები ხოლმე მალულად,

რომ ნამდვილების ღუმელისკენ გადამაქროლოს,

სადაც მბრაწავენ, მერე მფცქვნიან

ჩემი მწარე გემო აწბილებთ

და ისევ ცეცხლში მაფურთხებენ,

ან მლაშე წყალში.

იქ ხშირად ვფიქრობ: ნეტა ღმერთმა თუ იცის ჩემზე?

ჩემნაირებსაც თუ იცავენ ანგელოზები?

სულიერების წმინდა მარცვალს

ნუთუ მხოლოდ ჯანმრთელი ფლობს –

ის, ვინც კბილებით ტეხს კაკალს,

სხვისას, თავის ბედის სანაცვლოდ?

ცეცხლსა და წყალში ვინ ფიქრობს ნათლად  –

მომიტევეთ, მამა ღმერთო, ძეო ღვთისა  და სულიწმინდავ!

თქვენ სამმხრივ ხართ, მე  მარტო ვარ,

არც არავინ გააღვიძებს  ჩემს იღბალს მაღლა.

***

მსურს პური გიჟებს გავუნაწილო,

ყოველდღიური თავზარიდან თითო ნაჭერი,

და ზარიც გულში –

მტრედი რომ ბუდობს

თავის ციდა თავშესაფარში,

უკაცრიელ ადგილებში, წყლების გადაღმა.

დიდხანს ვიცხოვრე ქვადქცეულმა

ნივთების ფსკერზე.

მაგრამ ზარის ხმა შემომესმა

მფრინავ თევზებში

შენი ჩუმი აღსარებიდან.

მე ვისწავლი ცურვას და  ფრენას

ქვის ქვეშ დავტოვებ რაც ქვისაა

სადაფებში ჩავასვენებ უსასოებას,

ტანჯვას და რისხვას ზეაღვმართავ.

ჩემი ფრთები შენს თმენაზე დიდი ხნისაა,

ჩემი ფრთები ამოფრინდნენ სიმამაციდან,

მან სიგიჟე თავის თავზე აიღო.

მსურს პური გიჟებს გავუნაწილო

იქ, სადაც მტრედის შემზარავი სიმარტოვეა

სადაც ზარის ხმა ასამმაგებს საშინელებას

სამხმოვანი შენი სახელის.

***

თუ შემომიშვებ, ვიდრე თვლემენ შენი

მამლები,

მოსამსახურედ დაგიდგები ამ ძვლოვან სახლში,

მსურს დაფდაფებზე დაგიკრა და სუნთქვა

მოგიძღვნა

და სამჯერ მოვრწყა შენი სულიერების ვარდი

დილით, შუადღით, და საღამოთი.

 

თუ შემომიშვებ, ვიდრე დაიფერფლებიან ჩემი

თვალები,

შენს ანარეკლს ჩამოვადნობ მხოლოდ შენთვის და

ზეცაში მეფედ გადავაქცევ ანგელოზების,

უფალს ვაახლებ ხატადთვისად

სავსეს რწმენით, იმედებით, და სიყვარულით.

 

თუ შემომიშვებ, ვიდრე ჩემი ფრთები

დაიმსხვრევიან,

თავს გველით ცხრაჯერ მოვკვეთ

სიკვდილს,

ამოვთხრი და თავად შევჭამ ნაღველის ფესვებს

და მერე მზის ნაწნავიდან ამოგიყვან

პურს, ღვინოს, მტრედებს.

***

ამოაძვრინე ქერქიდან ვაშლი

არ მიაკარო კბილი და დანა,

ამოაძვრინე ცრემლიდან გული,

სიგიჟისათვის რომელსაც ვხატავ

დასურათებულ მისივე წიგნში.

მერე კი, როცა წყევლას გადაკვეთ,

რომლითაც სუნთქავს ყოველი ღამე

და სადაც გველის გვირგვინად მადგას

გამხმარ ღეროზე ნახევარმთვარე,

ჩამოიშორე ის ანგელოზიც,

რომელსაც თავის სულის დაცხრობა

ეწადა შენი ბუნების მსგავსად

მაგრამ ვერასდროს ვერ დაგემსგავსა.

იწამე დიდი უიმედობა –

ჩემი გონება იმას ენდობა

ვითარცა ვარდი ახალი მთვარის…

ცხრაჯერ მოვიხმო ფიქრები შენზე,

ყველა გამოცდა მოგიძღვნა შენვე,

გარდა ერთისა, რომლის იმედიც

მრჩება, შენთვის რომ დავიძირები

ამაოების არსში.

გატეხე ორად გვირგვინი გველის

წყევლას რომ ადგას, ამდენი წელი

სადაც ვიცხოვრე მარტოობაში.

***

დიახ, უფალო, მე მჯერა წინათგრძნობის!

ის რახანია ჩემს გულთან სახლობს

და თვალებისგან ცრემლს იპარავს

ხორხისგან – ცახცახს,

რათა დროზე ადრე ატირდეს.

არასდროს ვიცი ხოლმე – რას ტირის

არასდროს ამხელს – ვის დასტირის,

მაგრამ ყოველთვის, როცა მოდის,

გული ისე მძიმდება,

როგორც მუცელი გაწბილებული,

შიგ რომ ნაყოფი მოკვდა და გასივდა.

ამას ვერაფერს შეადარებ,

ვერცერთ ხორციელ და სულის ტკივილს.

ვერც ვერაფრით მოიშორებ

სანამ თავის დროს არ გაიყვანს.

ეს გრძელდება კვირები და ხშირად თვეები,

უმეტესად კი მხოლოდ შვიდი დღე,

ვიდრე გარედან არ მოვა ცნობა

რომ შენ, უკვე მერამდენედ,

უზუსტესად და მონდომებით

გაუნადგურე ჩემს ერთადერთ იმედს ფესვები.

ამის შემდეგ საზარელი წინათგრძნობა ისევ იძინებს.

თვალებს უბრუნებს კუთვნილ ცრემლებს

ხორხს აკვნესებულ კანკალს უბრუნებს.

გულში კი ყოველ ჯერზე იზრდება

ჯიუტი ვნება – საკუთარი თავის დარწევის.

***

მომეცი ნება დავსევდიანდე

შენი თვალის ქვეშ, ვარსკვლავების ქვეშ.

იქნებ ვერც მიხვდნენ, რომ ვსევდიანობ,

რადგან მთვარემ მოიშორა თავის ნიჟარა

ყურს აღარ უგდებს ჩემს საუბრებს.

დღისით მზე შუბლით აღარასდროს

იფიქრებს ჩემზე – ჩამობინდულზე –

მომეცი ნება, მთლიანად გავქრე

უღიმღამობის პირქუშ ბუჩქებში.

***

შენ გაგუდე დედაჩემი?

შენ დაახრჩვე მამაჩემი?

მე ისინი სისხლში არ მყავს,

ხსოვნიდანაც მიქრებიან.

 

შენ განდევნე ჩემი შიმშილი?

შენ გადაღვარე ჩემი წყურვილი?

და ჩემს გულში ფითრის ტოტი შენ ჩაარჭვე

გარდიგარდმო,

რომ გამხმარიყო?

 

რა თქმა უნდა აღარ მქვია ღმერთის ქმნილება.

შენ მე მისი თითებიდან მომგლიჯე,

სუნთქვა მთლიანად შემიცვლე,

ხოლო შემდეგ, შინისაკენ მიმავალმა, გზაზე დამკარგე.

***

ჩემი ძილი წყალში შევიდა.

მისი მანტო და ფეხსაცმელი

ღამემ სარკმელში შემომიგდო

ქვაზე მიბმული.

ახლა მთვარეულივით უნდა ვიარო

ჩემს ოთახში მაღლა და დაბლა,

დავინახო, როგორ შეიგრძნობს

ჩემი თვალები წყლის ზედაპირს.

ჩემი ძილი წინ გამიძღვა.

მე ჯერ მისი ტყვიისფერი მანტო

და გავარვარებული ფეხსაცმელი  უნდა გავცვითო,

ქვა დავღეჭო მისი ბოლო სიზმრიდან,

მერე შემიძლია მას გავყვე.

© არილი

Facebook Comments Box