ინტერვიუ

გუსტავო მარტინ გარსო: ,,ვაღმერთებ სიგიჟეს, ისეთ სიგიჟეს, როცა არ გენაღვლება წარმატება, ფული, ძალაუფლება და მხოლოდ სიკეთეზე ფიქრობ…”

გუსტავო მარტინ გარსო, პროფესიით ფსიქოლოგი, ლიტერატურაში შემთხვევით მოხვედრილად უფრო ითვლებოდა, ვიდრე პროფესიონალ მწერლად. 1994 წელს ეროვნული პრემია მიიღო რომანისთვის, ,,წყაროთა ენა”, თუმცა პროფესიული წრეები მანამდეც იცნობდნენ და აფასებდნენ მის სამ რომანს, კრიტიკულ წერილებსა და მოღვაწეობას ჟურნალში ,,Un ángel más”.
ყველაზე დიდი პოპულარობა 1999 წელს ნადალის პრემიამ მოუტანა რომანისთვის ,,მარტასა და ფერნანდოს ისტორიები”. იგი 1948 წელს დაიბადა, ვალიადოლიდში (ესპანეთი). კათოლიკური აღზრდა დაეხმარა რელიგიური სიმბოლიკა ლიტერატურულ მასალად ექცია.
გუსტავო მარტინ გარსო ცნობილია როგორც ენერგიული, დაუღალავი და ზედმიწევნით მოწესრიგებული ავტორი. მის ნაწარმოებებში მოქმედება, როგორც წესი, ვალიადოლიდში ვითარდება. მწერალს არასოდეს დაუტოვებია მშობლიური ქალაქი, არასოდეს უძებნია უფრო ფართო ლიტერატურული ასპარეზი. იგი ამას შემდეგნაირად ხსნის: “ნებისმიერი ადგილი საკუთარ თავში მთელს სამყაროს შეიცავს, იგივე კონფლიქტებს, იგივე მისწრაფებებს. საკმარისია, მხოლოდ იცოდე, როგორ შეხედო ამ ყველაფერს.”

– თქვენს შესახებ პირველად მაშინ შევიტყვე, როდესაც ეროვნული პრემია მიიღეთ წიგნისათვის ,,წყაროთა ენა.” მახსოვს, როგორ მორცხვად პასუხობდით ჟურნალისტებს საკუთარ სახლში. იმ დროს ყველას აინტერესებდა, ვინ იყო ეს მარტინ გარსო. და მართლაც, ვინ არის ,,წყაროების ენის” ავტორი მარტინ გარსო?
– ამ კითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლებელია, შეუძლებელია შეიცნო საკუთარი თავი. რაც უფრო მეტი დრო გადის, მით მეტად ვკარგავთ ძველ თავდაჯერებულობას. მართალი გითხრათ, მე ვფიქრობ, რომ ადამიანი ისე ტოვებს ამ ქვეყანას, რომ, ხშირ შემთხვევაში ვერაფერს გებულობს ვერც სხვისი და ვერც საკუთარი თავის შესახებ. თუმცა ერთი რამ დანამდვილებით ვიცი: ჩვენი გონება ვერ იტევს ცხოვრების მთელ სისავსეს. არა მგონია, ჩემი ლიტერატურა დიდად შეცვლილიყოს, რადგან ყოველი წიგნი ახალი გამოწვევაა, გამოწვევა, რომელიც ავსებს და აგრძელებს თავის წინამორბედებს. გამუდმებით თან მდევს რაღაც დამარცხების განცდის მსგავსი. თითქოს წიგნი, რომელიც უნდა დამეწერა, ამჯერადაც მოუხელთებელი დამრჩა. ეს ძალიან ხშირად ხდება, თუმცა, ალბათ, ,,პატარა მემკვიდრე” ამ მხრივ გამონაკლისია, რადგან თითქმის ისეთი გამოვიდა, როგორიც წარმომედგინა.
– თავი მორცხვ ადამიანად მიგაჩნიათ? მაშინ მორცხვად ჩაგთვალეთ, ან იქნებ მე მომეჩვენა ასე?
– არ ვიცი, მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა. მოკლე დისტანციებზე თავის დაცვაც შემიძლია, თუმცა მაინც უფრო სერიოზულობისკენ ვიხრები. სწორედ ამიტომ ვაღმერთებ ქალებს, მათი ცხოვრება ხომ თამაშითაა სავსე.
– შეიცვალა თუ არა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც ,,მარტა და ფერნანდოს ამბებისთვის” ნადალის პრემია მიიღეთ?
– არა, ეს უაზრობაა. პრემიას არ შეუძლია ადამიანის ცხოვრება შეცვალოს. ძალიან ცოტა რამ არის ისეთი, რასაც მართლა შეუძლია ჩვენი ცხოვრების შეცვლა.
– თქვენს წიგნს უცნაური აგებულება აქვს. ის ლექსები, რომლებიც ჰიპოთეტურად მარტას ეძღვნება, დამოუკიდებლადაა ჩართული. ასეთი რამ თქვენს სხვა წიგნშიც შემხვდა. რითი ახსნით ამას?
– ჩემს წიგნში ხშირად ვეხები პოეზიას. მინდოდა მცირედი პატივი მიმეგო ჩემი საყვარელი პოეტისათვის. ხშირად ვკითხულობ პოეზიას და რომ შემეძლოს, სიამოვნებით დავწერდი ლექსებს, მაგრამ ეს ჩემს ძალებს აღემატება. ლირიკის მიმართ ჩემი პატივისცემა იმდენად ღრმაა, რომ ამის გაკეთებას ვერასოდეს გავბედავ, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ეს სურვილიც ისევე, როგორც კინოს გადაღება, არასოდეს გაქრება ჩემში.
– მაგრამ ამას წინათ ვნახე გამოცემა, რომელშიც ეს ნაწილი არ იყო.
– წესით, ყველა გამოცემაში უნდა ყოფილიყო. ალბათ ხვდებით, რომ ეს უბრალო კაპრიზი არ არის. ეს არის მინიშნება იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პოეზია წიგნის პერსონაჟებისთვის. იშვიათი გამონაკლისის გარდა, მეტალიტერატურა არ მიტაცებს. ჩემს შემოქმედებაში მთავარი ადგილი ლიტერატურულ გამონაგონს უჭირავს, თუმცა ხშირად მივმართავ ალუზიებს სხვადასხვა ავტორებთან და ნაწარმოებებთან, მათ შორის, ყველაზე რეალისტურებთანაც კი. მიზანი ერთია – მკითხველს ვაჩვენო, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ცხოვრებაში ჩვენს მიერ წაკითხული წიგნები. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ასე იყო. და თუ ადამიანებთან ძირითადად წიგნებსა და ფილმებზე ვსაუბრობ, რატომ არ უნდა ავსახო ეს ჩემს ნაწარმოებებში? ლიტერატურა ცხოვრებას არ უნდა მოსწყდეს, პირიქით, იგი იმისთვის იქმნება, რომ უფრო ინტენსიურად ვიცხოვროთ, უფრო მეტი შემწყნარებლობითა და სიმართლით.
– რას გვეტყვით ახალი რომანის, ,,ჩემი საყვარელი ევას” შესახებ, სადაც მოქმედება თქვენს მშობლიურ ქალაქში, ვალიადოლიდში ხდება?
– ეს არის რომანი სიყვარულზე. სიყვარული და სიკვდილი ლიტერატურის ორი ყველაზე დიდი თემაა. მათ გვერდს ვერც ერთი ღირებული ისტორია ვერ აუვლის.
– არ გეშინიათ, რომ სიყვარულზე წერა ,,დრომოჭმულად” იქნება მიჩნეული?
– არა, არანაირად. სინამდვილეში ეს სწორედ ის არის, რასაც ყველა ელოდება, როცა წიგნს იღებს ხელში, ელოდება, რომ სიყვარულზე მოუყვებიან. კითხვის დროს ჩვენ ცხოვრების ყველაზე დიდი გამოცანების პირისპირ ვდგებით. სიყვარული მოჯადოებას ჰგავს. ყველა იმისთვის ვცხოვრობთ, რომ მოვაჯადოოთ და ვიყოთ მოჯადოებულნი.
– სიყვარული თქვენი რომანების უცვლელი თემაა, გავიხსენოთ თუნდაც უკანასკნელი რომანი ,,მეოცნებე”, სადაც ყველაფერი სიზმრისეულ ბურუსშია გახვეული.
– რაც არ უნდა უაზრობად მოგეჩვენოთ, სიყვარული დანაპირების ასრულებაა. იგი იმ სურვილების ხორცშესხმასთანაა დაკავშირებული, რასაც ოცნებებში წარმოვიდგენთ.
– ,,ჩემს საყვარელ ევაში” ყურადღებას იპყრობს გადახვევები კრივის თემაზე. ბავშვობაში გატაცებული ხომ არ იყავით ამ სპორტით?
– წლების წინ კრივი საზოგადოებისთვის ჩვეულებრივი სპორტის სახეობა იყო და მას განსაკუთრებულად არავინ აღიქვამდა. ამ სპორტს არაფერი ჰქონდა საერთო მის დღევანდელ აკრძალულ სახეცვლილებასთან. ეს იყო ეპიკური, კეთილშობილებასთან ნაზიარები სამყარო. ეს იყო ჩხუბი მოტყუების გარეშე, სადაც ყველაფერი გარკვეულ წესებს ემორჩილებოდა და მათი შესრულება ყველასთვის სავალდებულო იყო. ასეთი დამოკიდებულება სრულიად საპირისპიროა იმისა, რასაც დღეს, თანამედროვე ცხოვრებაში ვხვდებით, როცა გვეჩვენება, რომ ყველაფერი დასაშვებია. როდესაც ვხედავ, რომ ზოგიერთები ტაშს უკრავენ მოღალატეს, ჩემს თავს ვეკითხები, ნუთუ მათ ბავშვობაში არც ერთი წიგნი არ წაუკითხავთ, ვესტერნები მაინც არ უნახავთ, ანდა კრივს არასოდეს დასწრებიან-მეთქი? არ მესმის, როგორ უნდა შექმნა გმირი იმისგან, ვინც მზად არის ზურგში მახვილი ჩაგცეს. ან როგორ შეიძლება ახალი ქვეყნის აშენებაზე ვიოცნებოთ, როცა ჩვენს გვერდით ამდენი უღირსობაა. ნამდვილი გმირების სამშობლო ხომ სწორედ ადამიანთა მოდგმაა.
– არ დაგიმალავთ, ,,ჩემი საყვარელი ევა” ბავშვობაში მაბრუნებს, იმ დროში, როცა საღამოებს მდინარის პირას ვატარებდით. ეს მაფიქრებინებს, რომ თქვენ დიდი ავტობიოგრაფიული მარაგი გაქვთ.
– არა მგონია, რომ ჩემი რომანი ნოსტალგიური იყოს. მინდოდა დამეწერა სიყვარულზე, როგორც ჯადოქრობაზე, იმაზე, თუ რა გვემართება მას შემდეგ, რაც სიყვარული გვეწვევა ხოლმე, რა ადგილებში აღმოვჩნდებით, რა სიტყვებით ვსაუბრობთ. სიყვარულის ენა, ისევე, როგორც ლიტერატურისა, უანგაროა. შეყვარებულები პოეზიის, შემოქმედების, მითის ენით მეტყველებენ, მხოლოდ ამ ენით შეგვიძლია ვესაუბროთ სამყაროს. პრობლემა ის არის, რომ როცა ამ ენაზე ვლაპარაკობთ, არ ვიცით, რას ვამბობთ, რადგან შექსპირის პერიფრაზს თუ მოვიშველიებთ, ,,სიყვარული ზედმეტად ნორჩია იმისათვის, რომ იცოდეს, რა არის ცნობიერება.” ვიცით, რომ რაღაც უცნაურ, მისტიკურ ადგილას აღმოვჩნდით, უცნობ ენაზე ვსაუბრობდით, გვახსოვს, რომ ისეთი ნიჭები მოგვეცა, რაზეც ოცნებასაც ვერ გავბედავდით, მაგრამ არ გვახსოვს, ზუსტად რა მოხდა ან რას ვაკეთებდით მაშინ. ეს სიზმრისგან გამოფხიზლებას ჰგავს, გვინდა ისევ უკან დავბრუნდეთ, მაგრამ ეს შეუძლებელია.
– ყველა თქვენი რომანი ეგზისტენციალური ნიშნებითაა აღბეჭდილი, ეს საგანგებოდ ჩაიფიქრეთ?
– არავის უცხოვრია ისე, როგორც სურდა. ალბათ, არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ ცხოვრება ყველას შეცდომით მოგვეცა. ეს წიგნი სწორედ ამას ეხება, აგრეთვე ისეთ დიდ ნიჭს, როგორიცაა: სიკეთე, გამბედაობა, ცოდნისა და სიცოცხლის სურვილი, სიმართლის სიყვარული, თავგანწირვა. ერთ-ერთი პერსონაჟი ამბობს: ,,ეს ცამ უნდა განსაჯოს მიწა და არა პირიქით.” მიყვარს ეს პერსონაჟები, მათ ირგვლივ უამრავი ხიფათია ჩასაფრებული, თუმცა ხაფანგში მაინც არ ებმებიან. ვაღმერთებ სიგიჟეს, ისეთ სიგიჟეს, როცა არ გენაღვლება წარმატება, ფული, ძალაუფლება და მხოლოდ სიკეთეზე ფიქრობ. სიკეთეზე, რომელიც რაღაცის გაფრთხილების სურვილს აღძრავს. ჩემი საყვარელი პერსონაჟები ისინი არიან, ვინც თითქოს სიცარიელის ზედაპირზე ტივტივებენ, მაგრამ მათ რაღაც იკავებს და ჩვენ არ ვიცით, რა არის ეს. ალბათ რაღაც ისეთი, რაც რწმენასა და სასწაულთანაა დაკავშირებული. მე მგონი, ევა სწორედ ასეთი გმირია. ეს ჩემი საყვარელი რომანია, თუმცა, ალბათ, ბევრ მკითხველში იგი დაბნეულობასა და კითხვის შეწყვეტის სურვილს აღძრავს. მაგრამ მე არც არასდროს დამიწერია რაციონალური მკითხველისთვის, მე, უბრალოდ, მოთხრობების მწერალი ვარ.
– როდის დაუბრუნდება მარტინ გარსო საბავშვო ლიტერატურას, სადაც მას ასეთი წარმატება ხვდა წილად?
– არ ვიცი, ჩემზე არ არის დამოკიდებული, რას დავწერ მომავალში. ყველა წიგნს თავისი დრო აქვს. მაგრამ ამ ჟანრს აუცილებლად დავუბრუნდები, რადგან ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია. ჩემი ცხოვრებისა და შემოქმედების მთავარი თემა სწორედ ბავშვები და მათთან დაკავშირებული შეკითხვებია, რადგან ბავშვობა, როგორც ბაშლიარი ამბობს, ,,ყოფიერებით გაოცების ხანაა”.

წინასიტყვაობა დაურთო და ტექსტები ესპანურიდან თარგმნა ქეთი ჯიშიაშვილმა
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
Facebook Comments Box