პროზა (თარგმანი)

ქრისტოფ ჰაინი – სამი მოთხრობა

გერმანულიდან თარგმნა დავით კაკაბაძემ

გერმანელი მწერალი, დრამატურგი და მთარგმნელი ქრისტოფ ჰაინი დაიბადა 1944 წლის 8 აპრილს ქვემო სილეზიის სოფელ ჰაინცენდორფში (დღევანდელი სკჟინკა, პოლონეთი). მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჰაინების ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა საქსონიაში, ლაიფციგის მახლობლად მდებარე პატარა ქალაქ დიობელნში, სადაც მომავალმა ბავშვობა და ყრმობა გაატარა. გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში ჰაინს, როგორც პასტორის შვილს, გიმნაზიაში სწავლა ეკრძალებოდა, რის გამოც ის, 14 წლისა, განათლების მისაღებად დასავლეთ ბერლინში გადაიყვანეს. 1961 წლის აგვისტოში, ბერლინის კედლის აგებამ ჰაინი იძულებული გახადა, ისევ გდრ-ში დაბრუნებულიყო, სადაც 1964 წელს საღამოს სკოლა დაამთავრა. უმაღლესი განათლება მიიღო ლაიფციგისა და ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტების ფილოსოფიის ფაკულტეტებზე, იმავდროულად მუშაობდა მშენებლობაზე მემონტაჟედ, წიგნების გამყიდველად, ოფიციანტად, ჟურნალისტად, მსახიობად და რეჟისორის ასისტენტად. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ერთხანს ბერლინის „ფოლკსბიუნეს“ თეატრის სალიტერატურო ნაწილს ხელმძღვანელობდა, ხოლო 1979 წლიდან მთლიანად მწერლობას მიუძღვნა თავი. გერმანულენოვან სამყაროში სახელი გაითქვა 1982 წლიდან, როცა გამოქვეყნდა მისი ნოველა „უცხო შეყვარებული“. მას შემდეგ ჰაინმა დაწერა და გამოაქვეყნა არაერთი რომანი, მოთხრობა თუ პიესა, რომლებმაც მრავალი შემოქმედებითი ჯილდო და საერთაშორისო აღიარება მოუტანა. მისი ნაწარმოებები თარგმნილია ოცზე მეტ ენაზე, მათ შორის რამდენიმე – ქართულადაც.

სამი მოთხრობა, რომლებსაც „არილის“ ამ ნომერში გთავაზობთ, შესულია 1994 წელს, ბერლინში გამოცემულ კრებულში „ხბოს ეგზეკუცია“.

მთარგმნელი

 

გაუპატიურება

ილონა ს.-ი, მიწის მუშის ქალიშვილი პრენცლაუს აღმოსავლეთით მდებარე ერთი სოფლიდან, 17 წლისა ორი დღის შესრულებული იყო, როცა მისი 64 წლის ბებია, 1945 წლის აგვისტოში, საბჭოთა შეიარაღებული ძალების ორმა მაროდიორმა ჯარისკაცმა გააუპატიურა. იმ ორმა ჯარისკაცმა გლეხის სახლის ჩარაზული კარი შეანგრია და ასე შევიდა შენობაში. იქ მარტო მოხუცი გლეხის ქალი დახვდათ, რომელსაც, სანამ ჯარისკაცები ჭიშკარსა და სახლის კარს ამტვრევდნენ, დრო ეხელთა და რძალი და შვილიშვილი სხვენში, საბოლავ ოთახში გადაემალა. იმ დროისთვის სახლ-კარი ქალების ანაბარაღა იყო დარჩენილი: ბებიას ქმარი ორი წლით ადრე გარდასცვლოდა, ხოლო მისი ვაჟი, ილონას მამა, ინგლისელებს ჩავარდნოდა ტყვედ.

როცა გაიგეს, ბებია შინ მარტოაო, ჯარისკაცებმა ყველა ოთახი გადააქოთეს. ტანსაცმლითა და საოჯახო ნივთებით მიხვდნენ, რომ აქ სხვა, უფრო ახალგაზრდა ქალებსაც უნდა ეცხოვრათ. იმ იმედით, გამოვტეხთ და სამალავს ვათქმევინებთო, ილონას ბებიას ცემა დაუწყეს, მაგრამ მოხუცი ჯიუტად იმეორებდა თავისას: გინდა თუ არა, მარტო ვცხოვრობო.

ამის შემდეგ შეზარხოშებულმა ჯარისკაცებმა გლეხის ქალი გააუპატიურეს და იქაურობას გაეცალნენ, ხელს გააყოლეს რა ორი ყუთი ვაშლის ღვინო, რომლისთვისაც სარდაფში მიეგნოთ.

ბებიამ რის ვაი-ვაგლახით გადარაზა დამტვრეული კარი და საბოლავიდან გამოუშვა რძალი და შვილიშვილი. მერე წყალი გააცხელა, სამზარეულოში გამოიტანა საბანაო ტაშტი და ორ ახალგაზრდა ქალს თავიდან ფეხებამდე კარგად დააბანინა თავი. როცა დაინახა, რომ რძალი და შვილიშვილი ცრემლებს ვერ იკავებდნენ, ბებია, სრულიად შიშველი, წელში გასწორდა, ხელი გადახვია ორივეს და ასე ანუგეშა: რა გატირებთ, თქვე სულელო წიწილებო? ფეხი ხომ არ მომიტეხია?

გლეხის ქალმა დანაშაულის ამბავი საბჭოთა კომენდატურას აცნობა, მაგრამ იმ ორი ჯარისკაცის ვინაობის დადგენა ვერ მოხერხდა, რადგან მოხუცმა არ ისურვა, ახალგაზრდა რუსი ლეიტენანტის თხოვნა შეესრულებინა და, დამნაშავეთა ამოსაცნობად, ჩამწკრივებული ჯარისკაცების რიგი ჩამოევლო. ლეიტენანტი ჰპირდებოდა, ამოცნობის პროცედურას, რასაც თვითონ ასე დაჟინებით მოითხოვდა, თქვენთვის არავითარი უსიამოვნება არ მოჰყვებაო, მაგრამ ბოლოს, გვარიანად გაღიზიანებული, იძულებული შეიქნა, ქალი შინ გაეშვა.

შემდეგ წელიწადს ილონამ მშობლიური სოფელი დატოვა და ბურგომისტრის მდივნად დაიწყო მუშაობა ერთ პატარა ქალაქში, პოლონეთთან ახლად გავლებული საზღვრის მახლობლად.

ბურგომისტრს, აგურის ქარხნის ყოფილ მუშას, ნაცისტების დროს ორი წელი ციხეში გაეტარებინა საბრძოლო სულისკვეთებისთვის საზიანო გამონათქვამის გამო და სწორედ ამ სასჯელის საფუძველზე შეერჩიათ ქალაქისთავად, თუმცა არავითარი კვალიფიკაცია არ გააჩნდა. დანიშვნას უხალისოდ, ნაძალადევად დასთანხმდა, რადგან საკანცელარიო საქმე გულზე დიდად არ ეხატებოდა. რაკი ამ თანამდებობისთვის თავი არც თვითონ მიაჩნდა შესაფერისად – ლამის წერა-კითხვის უცოდინარი იყო – ძალიან ემადლიერებოდა ილონას, რომელმაც, მისი ეს სუსტი მხარე რომ დაინახა, თითქოს განსაკუთრებული არაფერიაო, მთლიანად იტვირთა საქმიანი ქაღალდებისა და ოქმების შედგენა თუ კითხვა. ოფლში გახვითქულ ბურგომისტრთან ერთად, მისსავე კაბინეტში გამოკეტილი, ყოველდღე ამეცადინებდა თავის უფროსს, რათა ორმოცდაათი წლის კაცისთვის ისევ გამოსადეგი გაეხადა დავიწყებული თუ მეხსიერებაში მიკარგული სკოლის მასალა. ერთ წელიწადში, ვიდრე მისი ჩამორჩენილობა სხვისთვისაც ცხადი გახდებოდა და ქალაქში სალაპარაკო შეიქნებოდა, ბურგომისტრი ისე დაეუფლა გრამატიკას, ისე აითვისა გერმანული ენის მართლწერის ნიუანსები, რომ სრულიად დამოუკიდებლად, თავდაჯერებულად უმკლავდებოდა სამსახურებრივ საქმეებს.

მადლიერების გრძნობისა და იმ სურვილი გამო, რომ ახალგაზრდა ქალისთვის მსგავსი სირცხვილი აერიდებინა, – მას სწორედ სირცხვილად მიაჩნდა თავისი ხინჯიანი განათლება – ბურგომისტრმა მდივანი ადრიანად შეწყვეტილი სწავლის გასაგრძელებლად შეაგულიანა. მან ილონა მუშათა და გლეხთა ფაკულტეტზე მიაღებინა, სულ ცოტა ხნით ადრე იმათთვის შექმნილ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ვისაც სოციალური წარმომავლობის გამო თავისი ნიჭის შესაფერისი განათლება ვერ მიეღო და ახლა ამ გზით შეეძლო უმაღლესისთვის აუცილებელი დიპლომის მოპოვება.

ამ სკოლაში ილონამ გაიცნო იურგენ ს.-ი, თავისი მომავალი ქმარი, 24 წლის ფეხმოკვეთილი ახალგაზრდა, ომის მონაწილე. მასთან ერთად ბერლინში ხუთ წელიწადს სწავლობდა იურიდიულ ფაკულტეტზე, რის შემდეგაც ორივემ ასისტენტის ადგილი მიიღო ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში. ცოლ-ქმარმა დისერტაციაც იქვე დაწერა. ქმარი უნივერსიტეტში დარჩა და ყველაზე ახალგაზრდა პროფესორების რიცხვშიც მოხვდა. ილონა პროკურორი გახდა და რვა წლის შემდეგ სამინისტროში გადავიდა სამუშაოდ. ოცდაათი წლისამ პირველი შვილი გააჩინა, მერე, ორ-ორი წლის ინტერვალით – კიდევ ორი. ორმოცდახუთისა თავის სამინისტროში სახელმწიფო მდივნის მოადგილედ დაინიშნა. ილონაც და მისი ქმარიც აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას ეწეოდნენ, რისთვისაც არაერთი ჯილდოც მიიღეს.

ამასობაში ბერლინის ფრანკფურტის ხეივანს, რომელსაც მანამდე ფრანკფურტის დიდი ქუჩა ერქვა და ომის შემდეგ ნანგრევებადღა იყო ქცეული, საბჭოთა სახელმწიფო მოღვაწის დაბადების დღეს და მის პატივსაცემად, სტალინის ხეივანი უწოდეს და იქვე ჩაუყარეს საძირკველი მომავალ შენობებს. ხეივანშივე აღმართეს სტალინის ძეგლიც და საზეიმოდ გახსნეს მსოფლიო ახალგაზრდობის მესამე ფესტივალისთვის საგანგებოდ აშენებული სპორტის სასახლე. მალე ხეივანში აგებულ ახალ ბინებში ბედნიერი მობინადრენი შესახლდნენ. ევროპის ბინათმშენებლობაში პირველად, სწორედ სტალინის ხეივანში გამოიყენეს რკინა-ბეტონის კარკასის მეთოდი. მაგრამ ერთხელაც, გაზაფხულზე, ხეივნის მშენებლობაზე მუშები გაიფიცნენ, რის შემდეგაც აჯანყება მთელს ქვეყანას მოედო და მისი ჩაქრობა მხოლოდ საბჭოთა ტანკების მეშვეობით გახდა შესაძლებელი. ერთ ღამეს სტალინის ძეგლი ჩამოაგდეს, უცნობ ადგილას გადაიტანეს და მოგვიანებით ბრინჯაოს მასალის მომწოდებელს, საბჭოთა კავშირს დაუბრუნეს. დაიწყო ხეივნის მშენებლობის მეორე ეტაპი, შტრაუსბერგის მოედნიდან ალექსანდრეს მოედნამდე. სტალინის ხეივანი კარლ მარქსის ხეივნად გადააკეთეს. სახელმწიფო მოღვაწემ, ვალტერ ულბრიხტმა, მოინახულა ხეივანში აღმართული ახალი სასტუმრო, შეაქო ნაგებობა და მშენებლებს უსაყვედურა, კიბის მოაჯირებზე რატომ ხე გამოიყენეთ და არა პლასტმასაო. ფერადი პლასტმასა, – თქვა მან, – ზედგამოჭრილია საამისოდ, მომავალში გაითვალისწინეთო. სპეციალისტებმა, არქიტექტორებმა და მშენებლებმა, მადლობა მოახსენეს ვალტერ ულბრიხტს და დაჰპირდნენ, რომ მის წინადადებას მომავალ მშენებლობებზე მხედველობაში მიიღებდნენ. სპორტის სასახლე კი, ავარიული მდგომარეობის გამო, სამშენებლო ინსპექციის ბრძანებით დაიხურა: როგორც გაირკვა, მის ასაგებად გამოყენებული ყოფილა ომის დროს განადგურებული საქონლის მთავარი სადგომის დამწვარი და დაზიანებული ლითონის კარკასი, რომელიც თურმე უკვე წაქცევის პირას იყო. დაიწყო სახლების მშენებლობა მსხვილი ბლოკებით და სპორტის სასახლე დაანგრიეს. ასე, ნანგრევებიდან, ხელახლა იშვა ხეივანი და ქალაქი, და ცხოვრებაც თავისი გზით მიედინებოდა ამ ლამაზსა და სასტიკ სამყაროში, ხოლო ქვეყნის გაზეთები მოგვითხრობდნენ ლამაზ სამყაროზე და სიტყვას არ ძრავდნენ სასტიკზე.

1983 წლის იანვარში იმ უბნის საშუალო სკოლის დირექტორმა, სადაც ილონა ცხოვრობდა, მას სთხოვა, აპრილის ერთ კვირადღეს საზეიმო სიტყვით მიემართა თოთხმეტი წლის ბიჭებისა და გოგონებისთვის, რომლებსაც საყმაწვილო ასაკში შესვლა უნდა აღენიშნათ. ილონა ს.-ი უმალ დასთანხმდა. ორჯერ ბავშვების რეპეტიციებსაც დაესწრო, რათა უკეთ გაეცნო ისინი.

ზეიმი მეზობლად მდებარე კინოთეატრში გაიმართა. საზეიმოდ ჩაცმულ-დახურული ყმაწვილების წინაშე, სწორედ ამიტომ კიდევ უფრო მოუმწიფებელი რომ ჩანდნენ, კინოდარბაზის დროშებითა და ყვავილებით მორთულ ვიწრო სცენაზე იდგა ილონა და საუბრობდა განთავისუფლების დღეზე, ჰიტლერის ფაშიზმზე და რესპუბლიკის პირველი წლების სირთულეებზე. იგი ჰყვებოდა, ჯერ კიდევ სულ ახალგაზრდა, როგორ გახდა მოწმე გერმანიის ვერმახტის დამარცხებისა, როგორ შევიდნენ მის სოფელში საბჭოთა ჯარისკაცები და როგორ შვებით ამოისუნთქეს გლეხებმა იმის გამო, რომ ნაცისტების ბარბაროსული თარეშის წლებს, როგორც იქნა, ბოლო მოეღო. მან მოზარდებს უამბო, როგორ სცადა სოფლის გლეხთა მეთაურმა ჯერ დამალულიყო, შემდეგ კი თავი ნაცისტების მოწინააღმდეგედ და მსხვერპლად წარმოედგინა, და ილაპარაკა იმ წარსულ სიძნელეებზე, რაც ძველი სამყაროს ნანგრევებზე ახალი ცხოვრების შენებას უკავშირდება. რამდენიმეჯერ გაიხსენა, როგორ ურიგებდა კომენდატურა სოფლის მოსახლეობას პურის დამატებით ულუფებს, რა სწრაფად იბადებოდა მეგობრობა სოფლის ბავშვებსა და უცხო ქვეყნის ჯარისკაცებს შორის, როგორ უანგაროდ ეხმარებოდა საბჭოთა ჯარი სოფლის მკვიდრთ მოსავლის აღებაში. ჰყვებოდა, როგორ უმასპინძლდებოდნენ ჯარისკაცები მას, მაშინ სულ პატარა გოგონას, და არც იმ შემთხვევის ხსენება დავიწყებია, როცა ერთხელ, ბოსელში, ბებიამისი ძროხამ დაწიხლა და კომენდანტმა დაშავებული პირადად გააქანა პრენცლაუს საავადმყოფოში. მოხსენება ილონამ დაამთავრა შეგონებით სხვა ხალხებთან მეგობრობის აუცილებლობაზე, განსაკუთრებით კი იმათთან, ვინც გერმანია ფაშიზმისგან იხსნა, რითაც სამუდამოდ და შეუქცევადად დაასამარა ქვეყნის ისტორიის ეს შავბნელი წლები. წარსულის შესახებ ამ ცოდნით, – ასე დაასრულა მან თავისი გამოსვლა, – თქვენ, ახალგაზრდები, მოვალენი ხართ, დაუღალავად იშრომოთ დემოკრატიული მომავლისთვის და ძალა არ დაიშუროთ სოციალისტური რესპუბლიკის კეთილდღეობისთვისო.

მოზარდები, ვისკენაც ეს სიტყვები იყო მიმართული, გამოსვლას უყურადღებოდ უსმენდნენ. ისინი თავიანთი ახალი სამოსით იყვნენ გართული და ერთმანეთს ეჩურჩულებოდნენ იმ დღეს მიღებულ თუ ჯერ კიდევ მისაღებ საჩუქრებზე.

ზეიმის შემდეგ მომხსენებელი და მისი მეუღლე სადილად დაპატიჟა სკოლის დირექტორმა: მახლობელ რესტორანში მაგიდა შეუკვეთა და სუფრაზე ილონას მოჭარბებული მადლობაც გადაუხადა საზეიმო სიტყვისთვის, რომელსაც „ბრწყინვალე“ და „შთამბეჭდავი“ უწოდა.

ნაშუადღევს, როცა ცოლ-ქმარი რატუშის პასაჟის ბოლო სართულზე მდებარე ბინაში დაბრუნდა, ყავა მოიდუღა და ტელევიზორით რომელიღაც ძველი ფილმის სანახავად მოემზადა, ილონამ მეუღლეს მიმართა: შენ ჯერ არაფერი გითქვამს. როგორ მოგეწონა ჩემი გამოსვლა?

ქმარი დიდხანს ჩუმად იყო, იმდენად დიდხანს, რომ ბოლოს ილონამ გაკვირვებულმა შეხედა და პასუხის გაცემა მოსთხოვა.

ქმარმა ძალიან ხმადაბლა მიუგო: ეს რაღა საჭირო იყო, ილონა.

ვერ გამიგია, რას გულისხმობ, უჩვეულოდ მკვახედ უპასუხა ცოლმა, რაც იქ მოვყევი, ყველაფერი სიმართლეა.

ვიცი, მიუგო კაცმა და ცოლს დასამშვიდებლად თავი დაუქნია, მაგრამ ბებიაშენი… რუსები ხომ მას მხოლოდ საავადმყოფოებში არ დაატარებდნენ. ყოველ შემთხვევაში, შენ ჩემთვის სხვა რამეც გიამბია.

მერე რა? გაოცდა ილონა, შენ გინდოდა, ეს ბავშვებისთვისაც მეამბა? თანაც ასეთ დღეს? ასეთ საზეიმო ვითარებაში? ნუთუ მართლა გინდოდა?

არა, უპასუხა ქმარმა, მაგრამ მაშინ არც ის მეორე ამბავი უნდა გაგეხსენებინა.

ილონა წამოდგა, მთელი ტანით ცახცახებდა.

შენ ყოფილხარ, – თქვა მან და სიტყვებს ძებნა დაუწყო, – შენ ყოფილხარ…

სათქმელი ვერც დაამთავრა, ისე დატოვა ოთახი. მეზობელი ოთახიდან ქმარს ცოლის ხმამაღალი ტირილი ესმოდა. ცოტა ხანში შუშის მსხვრევის ხმაც გაიგონა. კაცი წამოდგა და ქალთან გასვლა დააპირა, მაგრამ ვიდრე კარს მიუახლოვდებოდა, ის თვითონ გაიღო. კარებში აცრემლებული იდგა ილონა, რომელმაც ქმარს ახედა და მიახალა: შენ ყოფილხარ ფაშისტი.

კარგი რა, ილონა, უთხრა კაცმა.

ქალმა კარი შეიჯახუნა. კაცმა ცოტა ხანს დაიცადა, მერე კი ცოლს საძინებელში შეჰყვა. ის ლოგინზე იწვა, ქვითინით გამოწვეული ძლიერი კრუნჩხვით გატანჯული. ქმარი თმაზე მოეფერა. იგრძნო თუ არა ხელის შეხება, ცოლი მისკენ მიტრიალდა და შეშლილი სახით შეჰკივლა: არ გამეკარო, შე ფაშისტო, შენა!

ერთი საათის შემდეგ ქალი ჯერ კიდევ ტიროდა. ქმარმა მას დამამშვიდებელი აბი და ჭიქა წყალი მიუტანა, ცოლმა კი, თითქოს მძიმე ავადმყოფიაო, აბი გადაყლაპა და წყალიც დააყოლა. ქმარი საწოლზე ჩამოუჯდა და სათუთად მოსწმინდა შუბლი. ქალმა ყურადღება შეიფერა, მაგრამ თან ჩუმად ტიროდა. თანდათან დამშვიდდა და ჩაეძინა, ქმარიც იქვე ეჯდა. ახლა მის სხეულს მხოლოდ დროდადრო თუ შეარხევდა ნერვული კრუნჩხვა, თითქოს ძილშიც ქვითინებსო.

 

ძალაუფლების საკითხი

გერმანულენოვან მწერალთა კონფერენციაზე, ბერლინში, ერთი ახალგაზრდა ვენელი ავტორი გახსნის საღამოს მონაწილეებისთვის გამოყოფილი სასტუმროს ჰოლში მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელ კოლეგას შეხვდა და იქვე, ბარში, კათხა ლუდზე დაპატიჟა. მათს საუბარში რამდენიმეჯერ ჩაერია სამი მამაკაცი მეზობელი მაგიდიდან, რომლებმაც ბერლინელი მწერალი იცნეს და წამდაუწუმ რაღაცას ეკითხებოდნენ.

მწერალს თავიდან ძალიანაც ესიამოვნა ასეთი ყურადღება, მაგრამ სამმა მამაკაცმა მას სულ მალე, უხეში სიტყვებით აუხსნა, რომ ცნობით, მართალია, იცნობდნენ, მაგრამ დაფასებით არც თავად მას აფასებდნენ, არც მის წიგნებს.

მაშინ ავსტრიელმა კოლეგას შესთავაზა, სხვა დარბაზში გადავინაცვლოთო; ასეთ აბეზარ ხალხთან მეც მქონია საქმეო, კოლეგის დასამშვიდებლად თქვა მან, და ამიტომ მუდამ გაცლას ვამჯობინებ, თორემ სხვაგვარად თავს არ დაგანებებენო. მაგრამ გერმანელმა ვიღაც ორიოდე მთვრალი შფოთისთავის გამო სასტუმროს ბარის დატოვებაზე უარი განაცხადა.

სამმა მამაკაცმა, რომლებიც მართლაც ნასვამები ჩანდნენ, ცნობილი მწერლის შეურაცხყოფა არ დაიშალეს, ხმამაღლა და ყველას გასაგონად სასაცილოდ იგდებდნენ მის წიგნებს, ხოლო მის პოლიტიკურ პოზიციას ოპორტუნისტულს უწოდებდნენ.

ბოლოს გულმოსულმა მწერალმა პოლიციის გამოძახება სთხოვა ბარმენს და მიაღწია კიდეც მიზანს: სასტუმროს დაბნეულმა თანამშრომელმა ტელეფონის ყურმილი აიღო, პოლიციის განყოფილებაში დარეკა და დახმარება ითხოვა.

მალე ორი პოლიციელიც გამოჩნდა. მწერალმა მოსულებს აუხსნა, რაც მოხდა, მოითხოვა, მეზობელ მაგიდასთან მსხდომ მამაკაცთა მონაცემები ჩაეწერათ და სამივე სასტუმროდან გაეძევებინათ. ასეთმა მოთხოვნამ პოლიციელები დააბნია, მით უფრო, რომ ნასვამი მამაკაცები დაშოშმინებულიყვნენ და ხმაამოუღებლივ, ღიმილით ადევნებდნენ თვალს მოვლენათა განვითარებას, ბარმენმა კი განაცხადა, ისეთი არაფერი შემიმჩნევიაო.

მწერალი გააღიზიანა მორიგე პოლიციელთა ასეთმა ჭოჭმანმა. მან წესრიგის დამცველ მოხელეებს თავისი საბუთები წარუდგინა, აუხსნა, ვინც იყო და კიდევ ერთხელ მოსთხოვა – ამჯერად უფრო თავდაჯერებულად და დაჟინებით – შარის ამტეხები სასტუმროდან გაეყარათ.

პოლიციელები მაინც ყოყმანობდნენ. მათ საბუთები შეუმოწმეს სამივე მამაკაცს და ბოლოს, როგორც იქნა, მოსთხოვეს, გამოგვყევითო. მამაკაცებმა ფული გადაიხადეს და პოლიციელებთან ერთად ბარიდან გავიდნენ. ავსტრიელმა მწერალმა კოლეგას უთხრა, დავიღალეო, და თავის ნომერში წავიდა.

მეორე დილით მწერლები სასტუმროს სასაუზმე ოთახში შეხვდნენ ერთმანეთს. გერმანელი უკვე მაგიდას უჯდა, როცა ვენელი კოლეგა მას სალმის სათქმელად მიუახლოვდა. მერე კი თვითონაც მის წინ დაჯდა და ოფიციანტ გოგონას ყავა შეუკვეთა. საუზმეს ორივე უსიტყვოდ შეექცეოდა. გერმანელმა კითხვიანი მზერით შეხედა ავსტრიელ კოლეგას, როცა შენიშნა, რომ ის თვალს არ აცილებდა.

რა ხდებაო, თავაზიანად იკითხა მერე.

ავსტრიელმა ოდნავ გადააქნია თავი და ხმადაბლა, სინანულნარევი ღიმილით უპასუხა, იცით, ასე მოქცევა არ შეიძლებაო.

მისმა კოლეგამ ლუდის კათხა ისევ მაგიდაზე დადგა და პირი მოიწმინდა. მერე წინ გადაიწია და მიუგო: აქ ძალაუფლება ჩვენს ხელშია. და მას არავის დავუთმობთო.

მერე კათხა აიღო და გამოცალა.

 

ემიგრაცია

კაროში, ბერლინის განაპირას, ორმოცდაათიანი წლების დასაწყისიდან, ფერნაქცევ ვილაში ცხოვრობდა ერთი მხატვარი, წარმოშობით პარაგვაელი. სამშობლოს დატოვება ჯერ კიდევ სტუდენტობისას მოუხდა, რადგან უნივერსიტეტში მეტისმეტად აქტიურად იყო ჩაბმული პოლიტიკურ საქმიანობაში. რამდენიმე წელიწადს დასავლეთ ევროპაში მოგზაურობდა, ბოლოს კი ბერლინის აღმოსავლეთ ნაწილში ჩამოვიდა და, როგორც გულთბილი მიღებით, ისე მრავალი თანამემამულისა და მეგობრის ნახვით გახარებულმა, გადაწყვიტა, აქ დარჩენილიყო.

პარაგვაიში რამდენიმე სემესტრი ფიზიკის ფაკულტეტზე ჰქონდა გავლილი, მაგრამ ემიგრაციის წლებში სწავლის დასრულება ვეღარ მოეხერხებინა. სამაგიეროდ, ახლა ამხანაგების წაქეზებით გაიხსენა ოდინდელი გატაცება – ფერწერა. ხატავდა მონუმენტურ ტილოებს, რომლებზედაც ცდილობდა აესახა თავის სამშობლოში რეჟიმთან მიმდინარე ბრძოლა და, საერთოდ, ლათინური ამერიკის ქვეყნებში დიქტატურის წინააღმდეგ გალაშქრების ეპიზოდები. ამ სამუშაოებს დასავლეთ ევროპაში მოქმედი სხვადასხვა მემარცხენე პარტია თუ პროფკავშირი უფინანსებდა. თავისი ფერადოვანი სურათების წყალობით სახელიც გაითქვა და მალე შეკვეთები ისე გახშირდა, საქმეს ვეღარც აუდიოდა. წლების განმავლობაში კიდევ უფრო დაოსტატდა და შემოქმედებითი დიაპაზონიც გაიფართოვა: ქმნიდა ლითოგრაფიებსა და გრავიურებს ხეზე, ხატავდა ზეთით და ძერწავდა თიხით. ბერლინში რომ ჩამოვიდა, უკვე ენერგიული, ბრძოლაში გამობრძმედილი ხელოვანის სახელი ჰქონდა დაგდებული.

აქაც განაგრძო მუშაობა დაახლოებული პარტიებისა თუ ჯგუფებისთვის, ამხანაგებისთვის, რომლებსაც მის მსგავსად მოუხდათ ლათინური ამერიკის დატოვება და ახლა ევროპაში ემიგრაციაში ცხოვრობდნენ. მართალია, თავისი საქმიანობის გამო მოგზაურობა ხშირად უწევდა, კოლეგებთან პირადი ურთიერთობა თითქმის არ ჰქონია – არც თავის მეორე სამშობლოში, არც იმ ქვეყნებში, სადაც დროებით უხდებოდა ჩასვლა. მათ საჯაროდ და ხშირად, ერთობ აღელვებული ტონითაც აკრიტიკებდა პოლიტიკური მრწამსის არასათანადოდ მკაფიოდ და არასათანადოდ აქტიურად გამოხატვისთვის. კოლეგები, თავის მხრივ, სულ უფრო მეტი ათვალწუნებით უყურებდნენ მის შემოქმედებას, თავს არიდებდნენ მის გამოფენებსა და საჯარო საუბრებს და დისკუსიებში მონაწილეობის მისაღებადაც იშვიათად თუ იწვევდნენ.

მხატვარს არც ანაღვლებდა, რომ კოლეგებს გულზე არ ეხატებოდათ. მათი მხრიდან ნაკლებ აღიარებას განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებით ხსნიდა. მაგრამ გავიდა წლები და თანდათან შეკვეთებმაც იკლო. ხანგრძლივი ემიგრაციის წლებში პოლიტიკური ბრძოლის ფორმებმაც სახე იცვალა და მხატვრის ნაცადი სტილის, ერთფეროვანი სურათები უკვე აღარავის სჭირდებოდა. ამას ისიც დაემატა, რომ ევროპაში ემიგრანტთა სხვა თაობა ჩამოვიდა, მათ შორის იყვნენ ახალგაზრდა ფერმწერები, რომლებმაც საყოველთაო ყურადღება მიიქციეს და მხატვრის ყოფილ დამკვეთთა ინტერესიც დაიმსახურეს.

მოხუცმა მხატვარმა ახალ სიუჟეტებზე დაიწყო მუშაობა. გულისყური ახლა ისეთ საგნებს მიაპყრო, უწინ რომ არ სწყალობდა და, როგორც ხელოვნების ობიექტებს, ამრეზითაც კი უყურებდა. ხატავდა ნატურმორტებს, ბალტიის ზღვას ზამთარში, იმ გარეუბნის პეიზაჟებს, რომელშიც ცხოვრობდა. ასრულებდა ესკიზებს თავისი მეზობლებისა და მათი შვილების პორტრეტებისთვის. აგროვებდა მცენარეებს, ქვებსა და ხის უცნაურ ნაჭრებს, რომლებსაც შინ ფანქრით მოხატავდა ხოლმე, ან გრავიურებს აკეთებდა.

მაგრამ ეს ნამუშევრები კოლეგებს კიდევ უფრო ნაკლებად მოსწონდათ, ვიდრე მისი ადრინდელი სურათები. მხატვრის ახალი პერიოდის შემოქმედებას თვით მისი მეგობრების დიდი ნაწილი ხანში შესული კაცის ფატალურ და დასანან შეცდომად მიიჩნევდა.

თავადაც უკმაყოფილო იყო. სულ უფრო ხშირად ისე აჰქონდა სხვენში თავისი ახალი ნამუშევრები, რომ თვალით არავის დაანახვებდა. სასოწარკვეთილს მოუსვენრობა დასჩემდა. ხატავდა რაღაც გაშმაგებით, მკვეთრი მონასმებით, თითქოს ცხოვრების მიწურულს მიმავალი დროის გაჩერებას ლამობსო.

ერთ ახალგაზრდა ქალს, ბერლინში ასევე პარაგვაიდან ჩამოსულ მხატვარს, 1979 წლის სექტემბერში გამოუცხადა, მე ჩემს სამშობლოში მოქმედი რეჟიმის უჩინარი მსხვერპლი ვარო. ემიგრაცია საშუალებას არ მაძლევს, მოვკვდე და, იმავდროულად, არც სიცოცხლეს მანებებსო. მხატვრად ემიგრაციამ მაქციაო, უთხრა ახალგაზრდა კოლეგას, მაგრამ ემიგრაციას სისხლისა და ცრემლის გარდა არაფრის ჩუქება არ შეუძლია, ჩემთვის კი ეს საკმარისი არ იყოო; ჩემი დრო სხვების დროსთან შედარებით განსხვავებული საზომით იზომება, და ჩემი დღეები შენსაზე ნელა გადისო.

ორი დღის შემდეგ, 70-ე დაბადების დღემდე ზუსტად ერთი კვირით ადრე, როცა თავისი პარტიისა და თავისი ემიგრაციის ქვეყნის მთავრობისგან მაღალი ჯილდოები უნდა მიეღო, მან თავი ჩამოიხრჩო იმ სახლის სხვენში, რომელშიც ცხოვრობდა. თოკის გადასაჭრელად და გვამის ჩამოსახსნელად საჭირო შეიქნა სხვენში დახვავებული ტილოები, მხატვრის ბოლო წლების მუშაობის ნაყოფი, ერთიანად გარეთ გამოეზიდათ.

© არილი

Facebook Comments Box