პო გეზია
თრობა, თრილერი… ტანჯულნი ვართ და თან ნეტარნი,
ხილვებში ვყვინთავთ და გვაბოდებს, რომ პო გეზია –
თანამედროვე გვსურს რომ ვიყოთ? შლეგ ამერიკელს,
დეტექტივმომტანს ვეყმოთ და ვთქვათ, რომ პო გეზია
მარადიული, ნაცადი და გალაკტიონს რომ,
თვით გალაკტიონს მტკიცედ სწამდა, რო პო გეზია,
ეს მრავალს ნიშნავს, ეს ნიშნავს რომ უნდა გავფითრდეთ,
როს მოგვესმება ლიგეასგან, რომ პო გეზია
სულმთლად ბოლომდე, მალსტრემში და შიშში დანთქმამდე,
რითმების თქმამდე, ვერლიბრამდე ო, პო გეზია,
ხოლო მას მერე, უკვე ცხენთა შეჯიბრებაზე
კი – დარეკე და დაუბარე – რომ პო დეზია
შენი მერნის და უნდა ჰკრა და იქ გააჭენო,
სადაც სუყველა მხედარია და პო დეზია –
თრობა, თრილერი.. – ვართ ტანჯულნი და თან ნეტარნი,
და ღმერთმა ნუ ქნას, აღარ გვწამდეს, რომ პო გეზია!
ანაზელს გღლი
გღლი.
დიდი ხნის
წინ მოხდა ეს –
ტალახში შენი აზელვა –
და გღლი მას შემდეგ,
ანაზელს გღლი.
ქალწული ხარ,
და წყლის პირას ცხოვრობ,
იქ, სადაც ხომალდი
ედგა პორტთან
ჩვენღმერთს,
იქ, საიდანაც
სიყვარულის ტალახს
გზავნიდააგზავნიდა და
გზავნის დღესაც
დიდ სამეფოებში,
სამყაროს ოთხივე მხარეს.
ტალაჰ! –
ხელებაღმართულან მიწაზედდაცემულნი
და მადლობას სწირავენ საკუთარღმერთს.
ტალაჰ! –
აკლდამებთან გროვდებიან შენიანები
და შენღმერთს სთხოვენ,
ერთმანეთს დაგვაშორონ ჩვენ.
დიდი ხნის წინ
მოხდა ეს –
მე წყლის პირს ვიყავი,
იქვე გაგთხუპნე სიყვარულის ტალახით
და საცოლე გიწოდე იქვე.
ფრთიანმა სერაფიმებმა,
წყლის ბოროტმა სულებმა,
ამაყმა შენიანებმა კი –
ვერავინ შეძლო,
განეყო ჩვენი სულები და –
ტალაჰ! –
ანაზელს გღლი მას შემდეგ,
ანაზელს გღლი.
ლირიკა
შენი თოჯინაა ლირიკა,
კაბას ხდი და აცმევ, ვარცხნი,
იჭერ ცალი ხელით და აყირავებ,
რათა მინაბოს თვალები,
მეორე ხელის თითებით კი
აპრეხილ წამწამებში წასწვდები ხოლმე
და ცალ თვალს ახელინებ,
ცივად მომზირალს,
გაუგებარი ფერისას –
ახელინებ ახუჭინებ და
ახუჭინებ ახელინებ,
მოგწყინდება და ისევ წინ ისვამ,
მაგიდაზე,
ძველებურად თვალებდაჭყეტილმა
რომ შემოგხედოს,
შენი კი დააწყვიტო კიდურები და
ხელები ფეხების,
ფეხები კი ხელების
ადგილას მიაბა –
ჰო, შენი ასეთი თოჯინაა ლირიკა,
მოშლილი მუცლით,
ისეთი მოშლილით, რომ
როცა აყირავებ,
ტირის კი არა,
საერთოდ აღარ იღებს ხმას,
მხოლოდ ცალ ქუთუთოს ამოძრავებს,
თვალს აპაჭუნებს თითქოს და
რაღაც საიდუმლო – იქნებ ცხოვრების? – იცის,
შენ კი შენს საექიმო ყუთს
ხსნი საპასუხოდ,
და გულს უსინჯავ ფონენდოსკოპით,
და შპრიცს უკეთებ
ბარძაყის ადგილას მიბმულ მკლავში –
უკეთებ და გრძნობ,
როგორ მშვიდდება იგი,
და მშვიდდები შენც,
ხვდები რადგანაც,
ასეთი თოჯინა უნდა იყოს შენი ლირიკა,
თმაგაწეწილი და
ალუბლის მურაბით გაწებილი
კაბით შემოსილი,
ცალთვალამოგდებული,
მუცელმოშლილი და
ხელფეხარეული.
ასეთი თოჯინა უნდა იყოს შენი ლირიკა,
სანამ თავს არ დაანებებ
სიყვარულს,
შპრიცს,
თოჯინებს…
თოჯინებით თამაშს.
მკერდი
ზურაბ რთველიაშვილს
მხოლოდ აქ შემომრჩა
10 წლის წინანდელი სიზმრები,
მხოლოდ აქღა დაფრინავს ხოლმე
სოფელ დიღმის მაცხოვრებელი პოეტი
თავისის კოტიტა თითებით და
წყლით სავსე სათლი უჭირავს ერთ ხელში,
მეორეში კი ჯვარი;
მხოლოდ აქღა იბზარავენ ხმას და სახეს და
გულწრფელ მონოლოგებს ამბობენ
ჩემი რუხი, საოცარი სამზარეულოს მუდმივი სტუმრები –
დაწაფებულნი ღვინოს,
მისეულნი შავ პურს და ზღვის კომბოსტოს კონსერვს;
მხოლოდ აქღა ვდგავარ შუაღამობით,
კომენდანტის საათის დროს
ნინოშვილის ქუჩის ბინადართან ერთად
მარჯანიშვილის მოედანზე
და მონაცვლეობით მოაქვთ ქარებს
კატორღელების ციმბირული სიცივე და
ლესბოსელების ნერვიული სიმხურვალე.
გულის ამოჯდომასავითაა,
გულიანი სიცილივითაა
10 წლის წინანდელი ჩემი ეს სიზმრები,
მხოლოდ აქ რომ შემომრჩა,
აქ – სადაც ვიბაგუნებ მუშტებს და
ვცდილობ, გამოვიბერტყო ოქროს მტვერი,
განვთავისუფლდე ამ ძველი ცეცხლისაგან,
მაგრამ არა –
ჯიუტად, კიდევ ერთხელ
იძინებს ჩემი გული
და მე ვხედავ
სოფელ დიღმის მაცხოვრებელ პოეტს,
რომ დაფრინავს თავის მელოტ მეგობართან ერთად
ქალაქის თავზე და
თავის კოტიტა, მელნიან თითებს
მიქნევს და მიქნევს.
© ”არილი”