პოეზია

შოთა პაპავა – ლექსები

 

ქუდი დათვით

ქუდი დავკარგე.

რვა წელი მეხურა

ყოველთვის როდესაც

სახლიდან გავდიოდი.

არც ერთხელ არ

გამირეცხია. მახსოვს

ისეთი გახუნებული იყო

ზედაპირზე, რომ ოდესღაც

ლურჯი ფერი ნაცრისფრად

კი არა, საერთოდ უფეროდ

გამოიყურებოდა. საწყისი

ფერის გახსენება თუ გინდოდა

შიგნიდან უნდა დაკვირვებოდი,

სადაც კიდევ მოჩანდა

წარსული – პირველადი მდგომარეობა.

წინ ყვითელი დათვი ჰქონდა

ამოქარგული. უნივერსიტეტის

სიმბოლო. ალბათ მაგიტომ წავედი

უნივერსიტეტში. დათვი რომ

დავინახე, მივხვდი

რომ ჩემი ადგილი იქ იყო.

მაღაზიაში ჩემი ზომა რომ ვიპოვე

და პირველად დავიხურე, ცოცხლად

ვიგრძენი ის შუბლზე. ოღონდ დათვად

კი არ გადავიქეცი, უბრალოდ

რაღაცამ მომცა დასტური

რომ მე და დათვი ყოველთვის

ერთი ვიყავით. ისე კი არა,

ვიღაცა რომ იტყვის:

‘ჩემი ცხოველი დელფინია,

შენი რა არის?’ არა,

პირდაპირი მნიშვნელობით,

ყველანაირ სიმბოლიზმს

მოკლებული მნიშვნელობით.

არც რუსეთია დათვი და არც

ბავშვის რბილი მეგობარი.

დათვი დათვია, ვარდივით.

 

ერთხელ რომელიღაცა ტყის პირას,

სანამ კარავში ჩავგორდებოდი,

დათვთა ოჯახი ვნახე:

დედა, მამა, და ორი ბელი.

ლუდზე ნასვამიც მივხვდი, რომ

ჩემი ადგილი არ იყო მათთან

და ძაღლს ვუბრძანე დაჯექი-მეთქი,

გაატარე. მომისმინა, და ასე

მიიმალა ოჯახი მზის

უკანასკნელ ყვითელ სხივებში.

 

ქუდი რომ დავკარგე

იმდღესვე დედაჩემს დავურეკე.

შვიდი წელია მთხოვს გადავაგდო,

ან, ჯანდაბას, თუ მაინც მინდა
ეს არასოლიდური კეპი,

იქნებ გავრეცხო მაინც.

სანამ ყურმილს აიღებდა

თავს ვარწმუნებდი

დედაშენს მაინც გაახარებ-თქო

‘ეს მაინც შეირგე ამ დაბნეულობაში’ .

რომ მოვუყევი, ცოტა ხანი არაფერი თქვა,

მერე უცებ: ‘გინდა ახალი გიყიდო?’

გამეცინა: ‘თუ მინდა, თვითონ ვიყიდი’ .

არა, გთხოვ, მე მინდა გიყიდოო.

კარგი-თქო, შევპირდი.

‘იქნებ დღეს შემოგირბინოთ,

ყველამ ერთად, სამსახურის მერე’,

გამიხარდება ხომ იციო.

კი-თქო, ვუთხარი, და შიშველი თავი

უნებლიეთ მოვიფხანე.

 

 

მარტოობა

 

ვითომ ყველამ იცის

რომ ყველა მარტო კვდება

თავის თავთან, თავის

განუმეორებელ სუნთან.

 

და მაინც ამ ყველას აქვს

იმედი რომ სიკვდილი

მარტო არ არის გარდაუვალი.

ხანდახან იმედიც ამართლებს.

 

მაგრამ სად არის იმედი

როდესაც რჩები მარტო,

დასაფლავების, ქელეხის,

ფეხსაცმელების ნაკადის მერე?

 

როდესაც სადღაც მაღაზიაში,

(იმიტომ რომ პურია გარდაუვალი)

მოგაწვება გულზე და ამ დროს

წინ გიზის მხოლოდ მოლარე,

რომელსაც სახლში ეჩქარება წასვლა.

 

მარტო არ კვდებიან.

მარტო გლოვობენ.

 

უიმედობა

უიმედობა

პირველი ნაბიჯია

ყველაფრისკენ.

ძალაა, ისეთივე

როგორც

ზიზღი და ვნება.

აუცილებელია,

როგორც

სუნთქვა.

გარდაუვალი,

როგორც

ბედისწერა.

გაიჟღინთე

უიმედობით.

მიესალმე მას!

ნუ გეჩქარება

ის რაც თითქოს

უნდა მოვიდეს მერე.

საწყის წერტილს

მიღმა არ გააჩნია.

სიცარიელე

ვარსკვლავებს შორის

ფართოვდება.

მზე ამოდის,

უიმედოდ.

© არილი

Facebook Comments Box