ესე (თარგმანი)

ჩესლავ მილოში – ჩვენი საერთო მემკვიდრეობა: ორიოდე სიტყვა ვისლავა შიმბორსკაზე

vislava shimborska

ინგლისურიდან თარგმნა ქეთი ქანთარიამ

გამომცემლობა “ინტელექტმა” სულ ცოტა ხნის წინ ნობელის ლაურეატების სერიით გამოსცა ვისლავა შიმბორსკას (1923-2012) ვრცელი კრებული, სადაც მის საუკეთესო ლექსებთან ერთად შესულია პოეტის მცირე პროზაც (მთარგმნელები: მიხეილ ქვლივიძე, ნათელა გავაშელი, გივი ალხაზიშვილი, გია ჯოხაძე და ირაკლი ლომოური). პუბლიკაცია ეძღვნება ვისლავა შიმბორსკას დაბადებიდან 90 წლისთავს.

ჩესლავ მილოშის წინამდებარე ესე წინ უძღვის ვისლავა შიმბორსკას კრებულს ,,სასწაულების ბაზარი” (2001).

I

როცა პოეზია ადამიანის ხვედრის – სიყვარულის, სულიერი მისწრაფებების, ტკივილის, შიშის, იმედის, საგანთა მყიფე არსისა თუ სიკვდილის უცვლელ კოორდინატებზე საუბრობს, ამით გვარწმუნებს, რომ პოეტი ერთ-ერთი ჩვენგანია და ჩვენთან, ადამიანებთან, საზიარო ბედი აქვს. “ჩვენ” – ამგვარი პოეზიის სუბიექტს არც ერი განსაზღვრავს და არც სოციალური კლასი. თუმცა არც იმის მტკიცება იქნებოდა სწორი, თითქოს მისი თემები ადამიანის უცვლელი ბუნებიდან მომდინარეობს. ცნობიერების ცვლის კვალდაკვალ, ჩვენც ვცდილობთ, მარადიულს ახალი და განსხვავებული გზებით მივუახლოვდეთ. შიმბორსკას პოეზიის ეს ,,ჩვენ” ყველა ჩვენგანის აღმნიშვნელია, ადამიანებისა, რომლებიც ამ პლანეტაზე დღეს, ახლა ვცხოვრობთ, ერთი ცნობიერება, ,,პოსტცნობიერება”, პოსტკოპერნიკული, პოსტნიუტონისეული, პოსტდარვინული, ორი ომის, ამ ომების დროს ჩადენილი დანაშაულებისა და მეოცე საუკუნის გამოგონებების კვალდაკვალ შეძენილი აზროვნება გვაერთიანებს. ეს დიაგნოზის დასმის სერიოზული და გაბედული მცდელობაა, იმის თქმის მცდელობა, თუ რანი ვართ, რისი გვწამს და როგორ ფიქრებს ვატარებთ გონებით.

II

შიმბორსკას ,,მე” ასკეტური მეა, არათუ აღსარების მოთხოვნილებისგან, არამედ ინდივიდუაციის ნებისმიერი ნიშნისგან განწმენდილი, და მაინც ყველა იმ სხვა ადამიანის ,,მეს” შემკრებელი, რომელთაც საერთო ადამიანური ხვედრი კრავთ და ამის გამო თანაგრძნობასა და სიბრალულს იმსახურებს. მის ერთ ლექსს ,,ჩემი დის საქებრად” ჰქვია, თუმცა მერე ირკვევა, რომ მისი და ის ადამიანია, ვინც ,,ლექსებს არ წერს”. ლექსი ,,სიცილი” ახალგაზრდა პოეტ ქალთან გასაუბრებაა, უფრო სწორად, მასთან ოდინდელი საუბრის გახსენება, თუმცა მასში უნიკალური არაფერია, ასეთი საუბარი ნებისმიერ ორ ადამიანს შორისაა შესაძლებელი. ,,შენ იხდი, ჩვენ ვიხდით, თქვენ იხდით…” – ზმნა ,,გახდას” ამ სამი ფორმის გამოყენებაშია თვით შიმბორსკას პოეზიის არსი: ,,მხოლობითი შენ”, ,,მრავლობითი თქვენ” და კოლექტიური ,,ჩვენ” ერთარსად ერწყმიან ერთმანეთს. და კიდევ ერთი მაგალითი რომ მოვიყვანოთ: განა ლექსი ,,რეპორტაჟი საავადმყოფოდან” იმას არ გვიყვება, რაც, როგორც წესი, თითოეულ ,,შენ”-ს, ყოველ ,,ჩვენ”-განს შეიძლება დაემართოს?!

III

ცნობიერება, რომელსაც შიმბორსკა ,,ჩვენ”-ში შეიგრძნობს, ,,ჩვენი” იმიტომაა, რომ საერთო საფუძველი აქვს – ჩვენს ერთნაირ სწავლა-აღზრდაზე, ჩვენი ერთნაირი პრიალა ჟურნალების, მუზეუმების თვალიერების, ტელემაყურებლობის ჩვევებზე დგას. ბუნებრივია, სამხრეთ ინდოეთის რომელიმე სოფლის მკვიდრმა შეიძლება საკუთარი თავი მის ლექსებში ვერ ამოიცნოს, რადგან წარსული, რომელსაც შიმბორსკა ხშირად უბრუნდება – ჰომეროსი, ტროა, რომი, ლოთის ცოლი, წარღვნა, მარია სტუარტი და ასე შემდეგ – მისი წარსული არ არის, მისთვის უცხოა, მაგრამ, სხვა მხრივ, ჩვენი პლანეტა დღითი დღე პატარავდება, სამყარო ვიწროვდება და ჩვენც სულ უფრო და უფრო ხშირად მივირთმევთ ერთი და იმავე კულტურის საერთო თეფშიდან.

IV

კულტურული ცნობიერება ცხოვრების დასაწყისშივე გვივითარდება: უფროსებისგან ვიგებთ, რომ თურმე მზე სულაც არ ბრუნავს დედამიწის გარშემო, რომ დედამიწა თურმე სხვა არაფერია, თუ არა გალაქტიკების თვალშეუდგამ გორგალში მოქცეული ერთი პატარა ლაქა, რომ მეცნიერები დღემდე თავს აკლავენ იმ გამოცანას, თუ როგორ იშვა სიცოცხლე დედამიწაზე, რომ ჰომო-საპიენსი ხანგრძლივი ევოლუციური პროცესის შედეგად იშვა და რომ ჩვენი უახლოესი ნათესავი თურმე მაიმუნია. ხანდახან მკითხველს შეიძლება მოეჩვენოს, რომ შიმბორსკას მსოფლმხედველობის ძირი და ძირი სკოლის ბიოლოგიის გაკვეთილებშია საძებარი – ბევრი მისი ლექსი საკუთრივ ევოლუციის თეორიიას ეყრდნობა, მაგრამ მასთან ეს ადამიანს არასოდეს აკნინებს, პირიქით, ადამიანი გასაოცარი ქმნილებაა – სწორედ მისი მდარე წარმომავლობის გამო, სწორედ იმიტომ, რომ მისი სხეული ასეთი დაუცველი და სუსტია, და მაინც, ადამიანი ორივე ფეხზე მკვიდრად დგას მიწაზე და ხელოვნების, ზნეობრივი ღირებულებების, აღმოჩენებითა და თავგადასავლებით მდიდარ სამყაროს ქმნის; აღფრთოვანების ღირსია, რადგან ,,მისი ხელი კალმითაა ფრთაშესხმული” (ასე წერს თავის ,,თომას მანში”), რადგან წერის გაბედულება შეუძენია – ხელის შურისძიება მოკვდავობისთვის (,,წერის ნეტარება”).

ადამიანის სულის ტიტანური მიღწევების, მუზეუმებს შემორჩენილი შედევრების, დიდი მწერლობის კულტია სწორედ ის, რაც მეოცე საუკუნის ცნობიერების ძირითად ,,ინგრედიენტადაა” მიჩნეული. შიმბორსკა ამ ღირებულებების კულტივირებას ახდენს და თან არასოდეს ივიწყებს, რომ ყველაზე ღირებული სწორედ ისაა, რაც დროის მსახვრალ ხელს უკვე წარუტაცნია. რაზეც შიმბორსკა თავის ყველაზე სულისშემძვრელ ლექსში ,,წამება” წერს, ჩვენი საუკუნის გამორჩეული ნიშან-თვისებაა: სხეულებრივი არსებობის სიმყიფეს, ჩვენს ფიზიკურ დაუცველობას ყველაზე მძაფრად ადამიანი ჩვენს დროში უმხედრდება.

არაფერი შეცვლილა.

სხეულს კვლავ სტკივა,

რადგან სული, მასში გამომწყვდეული

თავისივე თავისადმია გაუცხოებული,

ახლა რომ სჯერა, ხვალ თავადვე

არ სწამს თავისი არსებობა,

სხეული კი არსებობს, და არსებობს,

და არსებობს

და არ აქვს ადგილი თავშესაფარი.

V

პოლონურმა პოეზიამ, როგორც იქნა, ეგზისტენციალური მედიტაციის საკუთარი გზა და ხერხი გამოიმუშავა, შეურეველი ლირიკა უკან მოიტოვა და ის დისკურსი განივითარა, რომელიც მანამდე უმეტესწილად პროზის ნიშან-თვისებად ითვლებოდა. მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს ადამ ასნიკი (1838-1897) ლექსში ისეთნაირად ფილოსოფოსობდა, დღეს მთლად დამაჯერებლად რომ აღარ გვეჩვენება. პოლონური მოდერნიზმის ხანაში კაზიმეჟ ტეტმაიერი (1865-1940) უკვე წერს მედიტატიურ ლექსს, რომელსაც ,,საუკუნის გასრულება” ჰქვია. თუმცა მერე, მოძრაობა ,,სკამანდერის” პოეზია, რომელიც აღმავლობას ორი ომის შუა პერიოდში განიცდიდა, ინტელექტუალური შინაარსით ჯერ კიდევ არ იყო დატვირთული. ძალიან ბევრი რამ უნდა მომხდარიყო, სანამ ისეთი ხერხები გაჩნდებოდა, რომლებიც ვისლავა შიმბორსკასნაირ პოეტებს ცხოვრების უხალისო ფერხულთან გასამკლავებლად ინტელექტუალური დისკურსის გაშლისას გამოადგებოდათ. შიმბორსკამ პოეზიაში სიხარული მოიტანა, იმიტომ, რომ წარმოუდგენელი სიზუსტე და მკაფიოება გააჩნდა, იმიტომ, რომ სიამოვნების წყაროს ჩვენი საერთო მემკვიდრეობის შემადგენელი კომპონენტებით ჟონგლიორობაში პოულობდა (მაგალითად, მაშინ, როცა რუბენსის ქალებზე და ბაროკოს ეპოქაზე წერს), იმიტომ, ბოლოს და ბოლოს, რომ კომიკურის საოცარი შეგრძება ჰქონდა და სრულიად შეგნებულ რისკზე მიდიოდა, როცა ხუთპწკარიანი ლექსისა და ესეს დასაახლოებლად თავის მაგიურ ილეთებს მიმართავდა.

მას რომ მკვეთრი შუქჩრდილების სიყვარული ჰქონოდა, თავისი დროის ნამდვილი ფერების მიმართ ერთგული ვეღარ იქნებოდა. მისი ნაწერები მსოფლიო ლიტერატურის ნაწილია, და რაკი ასეა, შეგვიძლია ეს დიაგნოზი სხვა ენებზეც დაისვას. აქ თავისთავად ჩნდება სემუელ ბეკეტისა და ფილიპ ლარკინის სასოსწარმკვეთ ხილვებთან შედარების ცდუნება. მათგან განსხვავებით, შიმბორსკა ისეთ სამყაროს გვთავაზობს, რომელშიც ადამიანი სუნთქვას შეძლებდა. სუბიექტურობის გამიზნული უარყოფის წყალობით, ,,მე” და პიროვნული დეპრესიის კერძო შემთხვევები პერიფერიაზე ექცევა. ესენი შიმბორსკასთან თამაშის სულითაა ჩანაცვლებული, რომელიც, სხვა რომ არაფერი, ადამიანის ყოფიერების საოცარ მრავალფეროვნებას და დიდებულებას წარმოაჩენს.

© “არილი

Facebook Comments Box