ესე (თარგმანი)

ჩიმამანდა ნგოზი ადიჩი – ცალმხრივად მოთხრობილ ამბავთა საფრთხე

Chimamanda Ngozi Adichie at TEDGlobal 2009, bonus session at the Sheldonian theater, July 23, 2009, in Oxford, UK. Credit: TED / James Duncan Davidson

ინგლისურიდან თარგმნა გიორგი მაჭარაშვილმა

მე მწერალი ვარ და მინდა მოგითხროთ რამდენიმე პირადი ისტორია, რომლებშიც ჩემს დაკვირვებებს ავრეკლავ იმ საკითხთან დაკავშირებით, რასაც „ცალმხრივად მოთხრობილ ამბავთა საფრთხეს“ ვუწოდებ. ბავშვობა აღმოსავლეთ ნიგერიაში გავატარე. საუნივერსიტეტო კამპუსის სიახლოვეს ვიზრდებოდი. დედაჩემს თუ დავუჯერებთ, კითხვა ორი წლისამ დავიწყე, თუმცა, გულწრფელად რომ ვთქვა, ალბათ, ოთხი უფრო შეესაბამება სიმართლეს. ასეა თუ ისე, წიგნს ჩემს ცხოვრებაში ადრეული ასაკიდან მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა. ახლაც მახსოვს, როგორ ვკითხულობდი ბრიტანულ და ამერიკულ საბავშვო ლიტერატურას.

წერაც ნაადრევად დავიწყე. შვიდი წლის ასაკში ფანქარმომარჯვებული შევუდექი ამ საქმიანობას. საკუთარ ნაწერებს ხშირად პასტელის ილუსტრაციებითაც ვაფორმებდი. საბოლოო ნამუშევარი ყოველთვის მიმქონდა საბრალო დედაჩემთან, რომელსაც მათი კითხვა ევალებოდა. აღსანიშნავია, რომ სწორედ ისეთ მოთხრობებს ვწერდი, როგორსაც ვკითხულობდი. ყველა ჩემი გმირი თეთრკანიანი და ცისფერთვალება იყო. ისინი თოვლში თამაშობდნენ, ჭამდნენ ვაშლებს და, რაც მთავარია, უსასრულოდ საუბრობდნენ ამინდის შესახებ. ჩემი ნაწარმოებების პერსონაჟთა უმრავლესობა ერთხმად აღნიშნავდა, თუ რა სასიამოვნო მზიანი დღე იყო მათ გარშემო. ახლა რომ ვიხსენებ, სასაცილოდ მეჩვენება, რომ ამ ყველაფერს ვწერდი ბავშვი, რომელიც ნიგერიის საზღვრებს არ გაშორებულა. ჩემს ქვეყანაში თოვლი მეტად იშვიათი მოვლენაა. ვჭამთ მანგოს და არასდროს ვსაუბრობთ ამინდის შესახებ, ვინაიდან ისედაც ცხადია, რომ ყოველ დღე მზე ამოვა და გაანათებს იქაურობას.

ჩემი პერსონაჟები სიამოვნებით ეტანებოდნენ ჯანჯაფილის ლუდს, თანაც უზომოდ. ეს ყველაფერი იმით იყო გამოწვეული, რომ ბრიტანულ წიგნებში ხშირად მხვდებოდა მსგავსი პასაჟები. მერე რა, რომ მაშინ წარმოდგენა არ მქონდა, თუ რა ტიპის სასმელთან მქონდა საქმე და მხოლოდ წლების შემდეგ დავიკმაყოფილე მისი გასინჯვის დაუოკებელი სურვილი. ხანდახან ასეც ხდება ხოლმე.

ეს ამბავი მხოლოდ იმას აჩვენებს, თუ რაოდენ დიდ შთაბეჭდილებას ახდენენ ჩვენზე ამბები და მათ წინაშე როგორი მოწყვლადები ვართ (ბავშვობაში განსაკუთრებით). ჩემ მიერ წაკითხული ყველა წიგნის გმირი უცხოელი იყო. ალბათ, ამიტომაც დავიჯერე, რომ ეს ბუნებრივი მოვლენა გახლდათ, ისევე, როგორც ისეთ საკითხებზე წერა, რომელთა გამოცდილებაც არ გვქონია. გავიდა გარკვეული დრო და აფრიკული ლიტერატურა აღმოვაჩინე. სწორედ ეს იყო წამი, როდესაც ჩემში რაღაც შეიცვალა. ამ წიგნების პოვნა არც ისე იოლი გამოდგა. უცხოური გამოცემები უფრო მეტად იყო ხელმისაწვდომი ჩვენთვის, ვიდრე თავად აფრიკელ ავტორთა ნაწარმოებები.

გამიმართლა, რომ მალევე გადავაწყდი ისეთ მწერლებს, როგორებიც ჩინუა აჩებე და კამარა ლაიე არიან. მათი წიგნების კითხვამ სრულად შეცვალა ჩემი ლიტერატურისადმი დამოკიდებულება. მე პირველად აღმოვაჩინე, რომ თურმე შესაძლებელია შოკოლადისფერი კანის მქონე გოგონებზე წერა. ისინი ჩვენი რეალობის სურათხატებს წარმოადგენდნენ. მათაც არ შეეძლოთ დახვეული თმის ზურგს უკან შეკვრა, თუმცა ეს არ უშლიდათ ხელს, რომ ნაწარმოებებში ეარსებათ. ამ მომენტიდან მოყოლებული, წერა იმის შესახებ დავიწყე, რაც კარგად ვიცოდი და რის შესახებაც საკმარისი გამოცდილება გამაჩნდა.

მე კვლავაც ვაგრძელებდი ამერიკული და ბრიტანული წიგნების კითხვას. ისინი ჩემს წარმოსახვას ამდიდრებდნენ მრავალფეროვანი სიუჟეტებით, რომლებიც ასე ძალიან მიყვარდა. მათ სრულიად ახალი სამყარო მიჩვენეს, თუმცა ამასთან კარგა ხნის განმავლობაში მიმალავდნენ, რომ შეიძლება ლიტერატურაში ჩემ გარშემო მყოფი ადამიანების მსგავსი პერსონაჟებიც არსებობდნენ, თანაც სრულიად ბუნებრივად. აფრიკელი ავტორების აღმოჩენამ „ცალმხრივად მოთხრობილ ამბავთა საფრთხისგან“ განმათავისუფლა, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ყოველი წიგნი სწორედ ამ იდეის ტყვეა.

ორიოდე სიტყვით წარსულის კონტურებს მოვხაზავ: ნიგერიაში ჩემი ოჯახი საშუალო ფენას ეკუთვნოდა. ტრადიციული შეხედულებების შესაბამისად მზრდიდნენ. მამა პროფესორი იყო, დედა საქმეთა მწარმოებელი. ნიგერიაში მიღებულია, რომ საშუალო ფენის ოჯახს შესაძლოა მოსამსახურე ჰყავდეს. ამ მხრივ არც ჩვენ ვიყავით გამონაკლისები. მახსოვს, არაერთხელ აგვიყვანია ახლომდებარე სოფლებიდან ჩამოსული ადამიანები მოსამსახურეებად. 8 წლის ვიყავი, როდესაც ახალი ბიჭი მოვიყვანეთ. მას ფიდე ერქვა. ერთადერთი რამ, რაც დედამ მის შესახებ გაგვიმხილა ის იყო, რომ ბიჭუნას ოჯახს ძალიან უჭირდა. ჩვენ მათ ხშირად ვეხმარებოდით. დედა კარტოფილს, ძველ ტანსაცმელსა და ბრინჯს უგზავნიდა ფიდეს ოჯახს. ხშირად, როდესაც ვჭირვეულობდი და სადილს არ ვასრულებდი, მეუბნებოდნენ: „დაასრულე ჭამა! ნუთუ არ იცი, რომ ხალხს, ფიდეს ოჯახის მსგავსად, ყოველდღიური ლუკმა-პურიც კი არ გააჩნია.“ ამ დროს თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი და მუდამ მებრალებოდა ბიჭუნას ოჯახი.

ერთ შაბათს მის სოფელში წავედით სტუმრად. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ფიდეს დედამ, მისი ძმის გაკეთებული, ულამაზესად დაწნული კალათი გვიჩვენა. მასალად გამომშრალი რაფია იყო გამოყენებული. გაკვირვებას ვერ ვმალავდი. არასდროს მეგონა, რომ ფიდეს ოჯახის წევრებს რაიმეს გაკეთება შეეძლოთ, ვინაიდან ერთადერთი რამ, რაც მათ შესახებ გამეგო, მათი გაჭირვების ამბავი გახლდათ. მივხვდი, რომ მე მხოლოდ ისტორიის ცალ მხარეს ვხედავდი. მათი გაჭირვება მთლიანი სურათის შესაკრავად საკმარის მასალას არ იძლეოდა და მის მიღმა არსებობდა დეტალები, რომელთაც არანაკლები მნიშვნელობა გააჩნდათ.

ეს ისტორია წლების შემდეგ ამოტივტივდა ჩემს გონებაში, როდესაც ამერიკაში ჩავაბარე სასწავლებლად. მაშინ სულ რაღაც 19 წლის ვიყავი და ოთახს ერთ ამერიკელ გოგონასთან ვიყოფდი, რომელიც მალევე დაინტერესდა, თუ სად ვისწავლე ასე კარგად ინგლისურად საუბარი. ჩემმა პასუხმა, ცოტა არ იყოს, დააბნია კიდეც, როცა ვუთხარი, რომ ნიგერიაში ინგლისური სახელმწიფო ენაა. გარკვეული ხნის შემდეგ, გოგონამ მთხოვა მისთვის ჩვენი „ხალხური მუსიკა“ მომესმენინებინა, თუმცა იმედები გაუცრუვდა, როდესაც მერაია ქერის დისკი ვუჩვენე. წარმოიდგინეთ, მას იმაშიც კი ეპარებოდა ეჭვი, რომ შეიძლებოდა გაზქურის გამოყენება მცოდნოდა.

ამ ისტორიიდან ერთი რამ მარადიულად შემორჩა ჩემს გონებას: გოგონას ჯერ კიდევ იქამდე ვებრალებოდი, ვიდრე ის პირადად მნახავდა. იმის გამო, რომ აფრიკელი ვარ, იგი თითქოს ცდილობდა მფარველობა გაეწია ჩემთვის. მის გონებაში დახატული ისტორია სრულიად განსხვავდებოდა რეალობისგან. იგი ცალმხრივად იცნობდა აფრიკელთა ყოფას და თავზარს სცემდა იქ არსებული სიტუაცია. მას აფრიკა ერთ დიდ კატასტროფათა ერთობლიობად წარმოედგინა, სადაც შეუძლებელი იყო ეარსებათ მის მსგავს ადამიანებს. სწორედ აქედან იღებდა სათავეს სიბრალულის განცდაც. გოგონას ვერც კი წარმოედგინა, რომ შეიძლებოდა ჩვენ, როგორც თანასწორ ადამიანებს, ისე გვქონოდა ურთიერთობა.

აღსანიშნავია, რომ სანამ ამერიკის შეერთებულ შტატებში გადმოვიდოდი საცხოვრებლად, მანამდე არ მქონდა გათვითცნობიერებული, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს, იყო აფრიკელი. აქ კი ყველაფერს ძალიან მალევე მივხვდი. საკმარისი იყო, ეს სიტყვა ვინმეს ეხსენებინა, რომ მყისვე ყურადღების ცენტრში აღმოვჩნდებოდი ხოლმე. მერე რა, რომ მაგალითად სრულებით არაფერი მქონდა გაგონილი ნამიბიის შესახებ. ასე იყო, თუ ისე, ეს ახალი იდენტობა ძალიან მალე შევისისხლხორცე. დღეს ბევრად უკეთ ვხედავ, თუ რა შეიძლება იმალებოდეს სიტყვა „აფრიკელის“ უკან და გარკვეულწილად თავს ამ ყველაფრის ნაწილადაც მივიჩნევ. ერთადერთი რამ, რაც ახლაც, დღემდე მაღიზიანებს, ისაა, რომ აფრიკას კვლავაც, როგორც ქვეყანას ისე მოიხსენებენ. ორი დღის წინ ლაგოსიდან მოვფრინავდი. თითქოს, ერთი შეხედვით, შესანიშნავი მგზავრობა უნდა გამოსულიყო, თუმცა ყველაფერი ბოლოს გაკეთებულმა განცხადებამ გააფუჭა. იგი ბორტის მგზავრებს საქველმოქმედო პროექტთან დაკავშირებით გვაწვდიდა ინფორმაციას და იქვე გვატყობინებდა, რომ მისი გეოგრაფიული არეალი მოიცავს „ინდოეთს, აფრიკასა და სხვა ქვეყნებს.“

ამერიკაში, როგორც ,,აფრიკელმა” წლები გავატარე და ნელ-ნელა უკეთ გავიგე, თუ რატომ უკვირდა ამდენი რამ ჩემ შესახებ იმ გოგონას, რომელთანაც უნივერსიტეტის პერიოდში ოთახს ვიყოფდი. ნიგერიაში რომ არ დავბადებულიყავი და აფრიკის შესახებ ყველაფერი იმ სურათხატებიდან შემეტყო, რომლებიც ასეა გავრცელებული დასავლეთში, ალბათ, მეც ვიფიქრებდი, რომ ესაა კონტინენტი, სადაც არაერთი უჩვეულო ცხოველი სახლობს. აქვე იშლება ულამაზესი ბუნებაც, თუმცა, რაც შეეხება ხალხს, ისინი უგუნურები და უმეცრები არიან. მათ შეუძლიათ არაფრის გამო ომი წამოიწყონ, დაიხოცონ შიმშილითა და შიდსით, ვერ აიმაღლონ ხმა უსამართლობის წინააღმდეგ. ისინი ელიან თეთრკანიანს, უცხოელს, რომელიც მათ მხსნელად მოევლინება და გადაარჩენს. ამერიკელებს აფრიკელებზე სწორედ ისეთი წარმოდგენა აქვთ, როგორიც ადრე მე მქონდა ფიდეს ოჯახზე.

აღსანიშნავია, რომ აფრიკის ცალმხრივად დანახვას ხელს დასავლური ლიტერატურაც უწყობს. მოვიხმობ ლონდონელი ვაჭრის, ჯონ ლოკის ჩანაწერებიდან ნაწყვეტს. მან აფრიკის დასავლეთ ნაპირებზე 1561 წელს იმოგზაურა და საკუთარი თავგადასავალი დიდებულად აღწერა. იგი აფრიკელებს ,,უსახლკარო ურჩხულებს” უწოდებს და იქვე დასძენს, რომ ,,საქმე გვაქვს უთავო ხალხთან, რომელთაც პირი და თვალები სახის ნაცვლად მკერდზე აქვთ განლაგებული…”

ამ პასაჟის წაკითხვისას ყოველთვის გულიანად ვიცინი. ჯონ ლოკის წარმოსახვა ნამდვილად იმსახურებს ქებას, თუმცა აქვე მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ სწორედ მისი მონათხრობით იწყება დასავლეთში აფრიკული ამბების გავრცელება. ესაა ერთგვარი ისტორია საჰარის უდაბნოს ესთეტიკის მქონე აფრიკაზე, ადგილზე, სადაც მუდამ წყვდიადია გამეფებული, სივრცეზე, რომელიც დიდ ბოროტებას იტევს. აქაური ხალხის დასახასიათებლად არაჩვეულებრივ პოეტს, რადიარდ კიპლინგს დავესესხები, რომელიც წერდა, რომ აქ შეხვდებით ,,ნახევრად-ეშმაკებსა და ნახევრად-ბავშვებს.”

ნელ-ნელა დროის გასვლასთან ერთად გავაანალიზე, რომ იმ გოგონას, რომელთანაც ოთახს ვიყოფდი, აფრიკაზე ცალმხრივ ამბავთა სხვადასხვა ვარიაცია ჰქონდა მოსმენილი. ყოველი მათგანი ერთი საერთო ისტორიის ნაწილი იყო. უნდა აღინიშნოს, რომ იგი სრულებით არ იყო ერთადერთი, ვინც საკითხს ამგვარად უყურებდა. ერთხელ, პროფესორმა მითხრა, რომ ჩემი რომანი ,,აფრიკული სულისგან” იყო დაცლილი. მზად ვიყავი შევდავებოდი, რომ ნაწარმოებს მართლაც არაერთი ხარვეზი გააჩნდა, თუმცა ვერაფრით ვხვდებოდი, რა ნაწილში ვერ მოვახერხე აფრიკული ყოფის გადმოცემა. საერთოდაც, მის მიერ გამოყენებული ტერმინის შინაარსს ვერ ჩავწვდი. პროფესორმა დინჯად ამიხსნა, რომ ჩემი პერსონაჟები მას ჰგავდნენ. ისინი განათლებულები იყვნენ, წარმოადგენდნენ საშუალო კლასს, ჰყავდათ მანქანები, არ უწევდათ ყოველდღიურ საშოვარზე ზრუნვა. პროფესორი ფიქრობდა, რომ ამგვარი დეტალები ,,აფრიკული სულისგან” ცლიდა ნაწარმოებს და მას აუცხოვებდა.

ისე არ წარმოიდგინოთ, თითქოს თავად არასდროს გავმხდარვარ ცალმხრივად მოთხრობილ ამბავთა მსხვერპლი. რამდენიმე წლის წინ მექსიკას ვესტუმრე. მოგეხსენებათ, ამჟამად საკმაოდ არეული ვითარებაა ამერიკისა და მექსიკის საზღვარზე. ბევრს მსჯელობენ იმიგრაციის საკითხზეც. მეტიც, ამერიკაში ხშირად მექსიკელი იმიგრანტის სინონიმად გამოიყენება. აქ თქვენ არაერთ ისტორიას მოისმენთ იმის შესახებ, თუ როგორ კვეთენ არალეგალურად ისინი საზღვრებს, რამდენ ადამიანს აკავებენ ყოველდღიურად ამერიკელები და, საერთოდაც, რა ტვირთად აწევს აშშ-ს ჯანდაცვას მათი საკითხი.

მექსიკაში ჩემი პირველი დღე გუადალახარაში სეირნობას დაეთმო. ვუყურებდი სამსახურისკენ მიმავალ ხალხს. ისინი იცინოდნენ, სიგარეტს ეწეოდნენ, ბაზარში ტორტილას ახვევდნენ. რაც უფრო დიდხანს ვაკვირდებოდი მათ, მით მეტად მეუფლებოდა გაკვირვებისა და სირცხვილის განცდა. ეს იყო მომენტი, როცა გავაანალიზე, თუ რაოდენ ჰქონდა მოცული ჩემი გონება მედიაში გავრცელებულ სურათხატებს. ჩემთვის, მექსიკელი ასოციაციურად ნამუსგარეცხილ იმიგრანტთან იყო დაკავშირებული. მე ცალმხრივად მოყოლილი ისტორიის მსხვერპლი აღმოვჩნდი და ამის ძალიან შემრცხვა. აქ მივხვდი, რომ ამგვარად იქმნება ასეთი ამბები. გააშუქე ისტორია ცალმხრივად, უჩვენე იგი ადამიანს უწყვეტად, მრავალჯერ და ის გახდება ერთადერთი სარწმუნო ამბავი, რომლის საპირისპიროსაც რთულად თუ დააჯერებს ვინმე.

თუკი არაფერს ვიტყვით ძალაუფლების საკითხზე, მაშინ ცალმხრივად მოთხრობილ ამბებზე საუბარი ძალიან გაგვიჭირდება. იგბოს ტომის ენაზე არსებობს ერთი სიტყვა (გამოითქმის, როგორც ,,ნკალი”), რომელიც ხშირად მახსენდება ხოლმე ამ საკითხებზე ფიქრისას. იგი ,,სხვაზე რაიმეთი აღმატებულობას” ნიშნავს. თუკი ჩვენს ცხოვრებას შესაბამისი პოლიტიკური და ეკონომიკური მოწყობა განსაზღვრავს, ასევეა ისტორიათა შემთხვევაშიც. ამბავთა მიმართულებას ,,ნკალის” პრინციპი წარმართავს. ამ დროს ყოველთვის ყურადსაღებია თუ ვინ, როდის, როგორ და რა სიტუაციაში ჰყვება მას. ისტორია უფრო მეტ დამაჯერებლობას სწორედ მაშინ იძენს, როცა მის მომყოლს დიდი ძალაუფლება გააჩნია და მას ლოგიკური ფორმით აწვდის ხალხს.

ძალაუფლების საშუალებით შესაძლებელია არა მხოლოდ ისაუბრო ადამიანზე, არამედ მისი როლიც განსაზღვრო ამ ისტორიაში და ის სამუდამოდ დაუკავშირო მას. პალენსტინელი პოეტი მურიდ ბარგჰუტი შენიშნავდა, რომ თუკი ვინმეს დამცრობას განიზრახავთ, მაშინ აუცილებელია ამბის ჩრდილში მყოფი მეორე ნახევრის მოყოლა დაიწყოთ. ნებისმიერ ისტორიაში მნიშვნელოვანია ის ფაქტი, თუ საით მივმართავთ ისრებს. ასე, მაგალითად, თუკი ამერიკელთა ამბავს ადგილობრივი ტომების თვალთახედვით მოვყვებით და ბრიტანელთა ჩასვლას უგულებელვყოფთ, მაშინ არსებული რეალობისგან სრულიად განსხვავებულ რამეს მივიღებთ. იმავეს თქმა შეიძლება აფრიკის კონტინენტზეც. მისთვის კოლონიალიზმის ისტორიის გამოცლითა და ძველი აფრიკული სახელმწიფოების დაცემის ისტორიათა აღწერით, მთლიანად შეიცვლება ჩვენი ხედვა აღნიშნული საკითხის მიმართ.

ახლახან ერთ-ერთ უნივერსიტეტში მომიწია სიტყვით გამოსვლა, სადაც საუბრის ბოლოს სტუდენტმა მითხრა, რომ სამარცხვინოა ნიგერიელ კაცთა ქმედება. მან ეს შთაბეჭდილება მას შემდეგ შეიქმნა, რაც ჩემს წიგნში აღწერილ ერთ-ერთ უხუცეს, მოძალადე პერსონაჟს გადააწყდა. ცოტა არ იყოს, გავღიზიანდი, თუმცა პასუხი მალევე მომაფიქრდა. სტუდენტს ვუთხარი, რომ ახლახან წავიკითხე რომანი ,,ამერიკელი ფსიქოპათი” და თავზარი დამცა იმის გაცნობიერებამ, რომ ამერიკელი ახალგაზრდების უმრავლესობა შეიძლება პოტენციურად სერიული მკვლელი იყოს.

ამ მომენტამდე, არასდროს მიცდია პერსონაჟის ნიშან-თვისებების ხალხზე გავრცელება. მართლაც, თუკი წავიკითხე ნაწარმოები, სადაც ამერიკელი სერიული მკვლელია აღწერილი, ეს ხომ სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ იქ მცხოვრები ადამიანები სწორედ ასეთები არიან? არ ვამბობ, რომ რაიმეთი აღვემატები იმ სტუდენტს, რომელმაც ამგვარი პრეტენზია გამოხატა ჩემი მისამართით. არამც და არამც. უბრალოდ, მე ვიცი ამერიკის კულტურული და ეკონომიკური ძლიერება, წამიკითხავს არაერთი ისტორია ამ ქვეყანაზე. ვიცნობ ტაილერის, აპდაიკის, სტაინბეკისა და გეითსკილის ნაწარმოებებს. სწორედ ამიტომ არის, რომ ამერიკას, როგორც ცალმხრივ ისტორიათა ერთობლიობას, ისე არ ვუყურებ.

წლების წინ, სადღაც ამოვიკითხე, რომ წარმატებულ მწერლებად ქცევას მხოლოდ უბედური ბავშვობის მქონე ადამიანები ახერხებდნენ. ამ წამიდან მოყოლებული, დავიწყე იმ საზარელი ამბების გამოგონება, რაც შესაძლოა შემმთხვეოდა. ზოგიერთი ცუდი ქმედება მშობლებსაც მივაწერე. არადა, უნდა ვაღიარო, რომ ძალიან ბედნიერი ბავშვობა მქონდა. მყავდა მოსიყვარულე, მხიარული და ერთიანი ოჯახი, რომლის თითოეული წევრიც მუდამ ზრუნავდა ჩემზე.

აქვე არსებობს ისტორიის მეორე მხარეც. ბაბუაჩემი ლტოლვილთა ბანაკში დაიღუპა. მამიდა პოლი ჯანდაცვის გაუმართავ სისტემას ემსხვერპლა. ჩემი უახლოესი მეგობარი, ოკოლომა, ავიაკატასტროფის შედეგად გარდაიცვალა, მხოლოდ იმიტომ, რომ სახანძრო მანქანებში საკმარისი წყალი არ აღმოჩნდა. გავიზარდე მილიტარისტული მთავრობის მმართველობის პირობებში, სადაც განათლებას არც ისე ბევრი ადამიანი აფასებდა, რის გამოც ჩემი მშობლები ხანდახან ხელფასის გარეშეც კი რჩებოდნენ. ერთ დღეს, ღრმა ბავშვობაში, აღმოვაჩინე, რომ სუფრიდან ჯემი გაქრა, მას მიჰყვა კარაქიც. მალე გავიგე, რომ პური მნიშვნელოვნად გაძვირდა, რძის შოვნა გაჭირდა. გარშემო ყველა მერყევმა პოლიტიკურმა სიტუაციამ მოიცვა. ადამიანთა ყოველდღიურობაში შიშმა და თავზარდაცემამ დაისადგურა.

სწორედ ამ ამბების ერთობლიობამ შემქმნა ისეთად, როგორიც ვარ დღეს. თუ ცხოვრებაში მხოლოდ უარყოფით ისტორიებზე ვკონცენტრირდებით, მაშინ ჩვენ ხელიდან გაგვისხლტება მეორე მხარე, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია. სწორედ ამბის ამ ნაწილს აქვს ჩვენი საბოლოო სახით ფორმირების ძალა. ცალმხრივად მოყოლილი ისტორიები სტერეოტიპებს ქმნის. ისინი ბუნებით არასრულყოფილები არიან და მათი უმთავრესი პრობლემაც სწორედ ესაა. სტერეოტიპები ხშირად ცალმხრივად დანახულ ისტორიას ამ ამბის ერთადერთ შესაძლო, სარწმუნო ვარიანტად აქცევენ ხოლმე.

რა თქმა უნდა, არავინ უარყოფს იმ ფაქტს, რომ აფრიკის კონტინენტის შესახებ არაერთი შემზარავი ფაქტი შეიძლება მოისმინოთ. საშინელებაა იმის წარმოდგენაც კი, თუ რამდენ ადამიანს აუპატიურებენ ყოველდღიურად კონგოში. ნიგერიაში 1 ვაკანსიაზე 5000 კაცი მოდის. ეს ამბები, ცხადია, არასასიამოვნო განცდებს აღძრავს ჩვენში, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ შემზარავი ფაქტების მიღმაც რჩება რაღაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ყველაფერზე საუბარი აუცილებლობასაც კი წარმოადგენს.

ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ ადამიანებისა და კონკრეტული ადგილების შესახებ სრულყოფილი წარმოდგენის შექმნა შეუძლებელია, თუკი მათ ისტორიას მრავალი კუთხიდან არ შეხედავ. აი, რა არის ცალმხრივად მოთხრობილ ამბავთა შედეგი: ის ადამიანს ღირსებას ართმევს. მისი საშუალებით ძალიან რთულია სხვისი თანასწორად აღქმა. ასეთი ამბები მხოლოდ ჩვენს განმასხვავებელ ნიშნებზე კონცენტრირდებიან და არაფერს ამბობენ მსგავსებათა შესახებ.

ნეტავ, რას ვიფიქრებდი, მექსიკაში წასვლამდე იმიგრაციის დებატებთან დაკავშირებით, ორივე მხარისთვის რომ დამეგდო ყური? მცოდნოდა, როგორც ამერიკელების, ისე მექსიკელების პოზიციები? როგორ წარიმართებოდა ჩემი ამბავი, თუკი დედა თავიდანვე მეტყოდა, რომ ფიდეს ოჯახი სიღატაკის მიუხედავად, დაუღალავად შრომობდა? ნუთუ, შეიცვლებოდა რამე, აფრიკელთა ისტორიები ტელევიზიით რომ გადაეცათ მთელი მსოფლიოს მასშტაბით? მართლაც და, რას მოიაზრებს ჩინუა აჩებეს ტერმინი ,,ისტორიების საკმარისი ოდენობა”?

რა იქნებოდა, ჩემი ოთახის მეზობელს სცოდნოდა ნიგერიელი გამომცემლის, მუქტა ბაკარაის შესახებ? ეს ხომ ის დიდებული ადამიანია, რომელმაც მიატოვა ბანკში სამუშაო, რათა გამომცემლობა დაეარსებინა და საკუთარ ოცნებებს მიჰყოლოდა. იგი წინ აღუდგა საყოველთაოდ გავრცელებულ მოსაზრებას, რომლის თანახმადაც, ნიგერიელები არ კითხულობენ ლიტერატურას. მან გადაწყვიტა საპირისპირო დაემტკიცებინა. მუქტა ბაკარაის აზრით, თუკი დაიბეჭდებოდა შესაბამისი წიგნები და ისინი ხელმისაწვდომი იქნებოდა, მაშინ მკითხველიც აუცილებლად გამოჩნდებოდა.

ჩემი პირველი რომანის გამოცემიდან მალევე ლაგოსის ტელევიზიისთვის მომიწია ინტერვიუს მიცემა. იქ ერთი ქალი მუშაობდა, რომელმაც, დამინახა თუ არა, მყისვე გამოექანა ჩემკენ და შემდეგი რამ მითხრა: ,,დიდებული რომანი გამოგივიდათ, თუმცა მას ერთი პრობლემა აქვს. დასასრული არ უვარგა. წესით, ასეთ დროს გაგრძელება უნდა დაწეროთ, სადაც შემდეგი ამბები მოხდება…” მან დაიწყო იმის მოყოლა, თუ როგორ უნდა განვითარებულიყო ჩემი შემდეგი ნაწარმოები. სრულიად შემძრა ამ ამბავმა. წარმოიდგინეთ, ჩემ წინ იდგა უბრალო ქალი, რომელზეც ვერც კი იფიქრებდით, რომ ლიტერატურის მოყვარული შეიძლება ყოფილიყო. მან არა მხოლოდ წაიკითხა რომანი, არამედ სიუჟეტის თანამონაწილეც გახდა, რამაც ამბის გაგრძელების მისეული ვარიაციის მოყოლაც კი გააბედვინა.

რა იქნებოდა, ჩემი ოთახის მეზობელს სცოდნოდა ფუმი ონდა, ჩემი უშიშარი მეგობარი, რომელიც ლაგოსის ტელევიზიაში მუშაობდა ერთ-ერთი გადაცემის წამყვანად? იგი ყოველ დღე გაუგონარ ისტორიებს გვიყვებოდა, ისეთებს, რომელთა დავიწყებასაც ვცდილობთ, თუმცა რთულად თუ გამოდის ეს ამბავი. ნეტავ, რას იფიქრებდა, ჩემი ოთახის მეზობელი, წინა კვირას ლაგოსში ჩატარებულ გულის ოპერაციაზე რომ შეეტყო რაიმე? ანდაც თანამედროვე ნიგერიული მუსიკისათვის მოეკრა ყური? აქაური მომღერლები ხომ ერთდროულად აერთიანებენ ინგლისურ, იორუბულ, იგბოს, იჯოსა და პიჯინის ენებს? ისინი ჯეი-ზის, ბობ მარლისა და სხვა არაერთი ცნობილი ვარსკვლავის დიდ გავლენას განიცდიან. ნუთუ, ჩემი ოთახის მეზობელს ოდნავ მაინც არ გააკვირვებდა და აღაფრთოვანებდა ისტორია იმ ნიგერიელი ადვოკატი ქალისა, რომელმაც სასამართლოში სრულიად უმსგავსო კანონი გაასაჩივრა? მისი მიხედვით, ქალებს ქმრის თანხმობა სჭირდებოდათ პასპორტის გასაახლებლად. ნეტავ, რა შთაბეჭდილება დარჩებოდა ჩემი ოთახის მეზობელს ნოლივუდზე, სივრცეზე, რომელიც არაერთ ნიჭიერ ადამიანს აერთიანებს? ისინი ხომ სრულიად არაფრისგან ქმნიან ღირებულ ფილმებს? თითოეული მათგანი გვიჩვენებს, რაოდენ მნიშვნელოვანი რაღაცების გაკეთება შეუძლიათ მათაც. რა იქნებოდა, ჩემი ოთახის მეზობელს შეეტყო იმ სტილისტის ისტორია, რომელმაც საკუთარი სალონი გახსნა და დღეს არაერთ თავის მოვლის საშუალებას ყიდის? რა აზრის იქნებოდა მილიონობით ნიგერიელზე, რომლებიც იწყებენ სხვადასხვა ბიზნესს, ზოგს არც უმართლებს, თუმცა არასდროს კარგავენ იმედს და კვლავაც ამბიციურად აგრძელებენ წინსვლას?

ყოველთვის, როდესაც ნიგერიაში ვიმყოფები, ვბრაზობ ჩემ გარშემო არსებული რეალობის გამო. ქვეყანაში არ გვაქვს ნორმალური ინფრასტრუქტურა, გვყავს სრულიად უნიათო მთავრობა, თუმცა გასაოცარია ის გამძლეობა, რომელსაც ხალხი ავლენს. მმართველის მიუხედავად, ისინი მაინც აგრძელებენ წინსვლას. ლაგოსში ყოველ ზაფხულს მხატვრული წერის კურსებს ვატარებ. გასაოცარია, თუ რამდენ ადამიანს სურს იქ მოხვედრა. ადამიანებს უნდათ საკუთარი ისტორიის მოყოლა. რაც მეტს გაუჩნდება ამის სურვილი, მით უფრო მკაფიო გახდება მათგან ამომავალი ხმაც.

ცოტა ხნის წინ, ჩემს ნიგერიელ გამომცემელთან ერთად დავაარსე არასამთავრობო ორგანიზაცია, ,,Farafina Trust”, რომლის მიზანსაც ახალი ბიბლიოთეკების მოდერნიზაცია და ძველების განახლება წარმოადგენს. ჩვენ გვსურს, რომ სახელმწიფო სკოლები წიგნებით მოვამარაგოთ და ბავშვებს წერა-კითხვის ინტერესი გავუღვივოთ. ამისთვის საჭიროა, რომ არაერთი კურსი ჩავატაროთ, რათა ადამიანებს საკუთარი ისტორიების მოყოლა მოუნდეთ და ისინი დიდ ამბებად აქციონ. სიტყვას დიდი ძალა აქვს. ხშირად ამბებს ღვარძლის დასათესად იყენებენ, თუმცა მათ შეუძლიათ ადამიანთა გაკეთილშობილებაც. არსებობს ღირსების შემლახავი ისტორიები, მაგრამ მათ საპირწონედ არაერთი საპირისპირო მაგალითიც გვახსენდება. ამბებს დამსხვრეული ოცნებების აღდგენა შეუძლიათ.

ამერიკელი მწერლის, ელის უოლკერის ნათესავები სამხრეთიდან ჩრდილოეთში გადასახლდნენ. მან წიგნში აღწერა სამხრეთული ცხოვრება, ის ამბები, რაც მისი ოჯახის თითოეულმა წევრმა მოიტოვა უკან:

„ისინი წრეზე ისხდნენ და წიგნს კითხულობდნენ. ზოგიერთი მათგანი გაფაციცებით უსმენდა ხმამაღლა ამოკითხულ ისტორიებს. თითქოს ჩვენ გარშემო სამოთხემ დაისადგურა…“ მინდა, ჩვენი ნააზრევი ამგვარი ფიქრით დავასრულო: თუკი უკუვაგდებთ ცალმხრივად მოყოლილ ამბებს და მივხვდებით, რომ მათი ადგილი არაა ჩვენ გარშემო, მაშინ დავინახავთ, რომ თურმე ირგვლივ სამოთხეს დაუსადგურებია.

© არილი

Facebook Comments Box