
ავტორისგან
„ნადიმი რუსთველიანა“ რუსთველური დაბალი და მაღალი შაირის მონაცვლეობით არის დაწერილი (3/5 4/4) და პლატონის „ნადიმის“ დეკონსტრუქციაა, უფრო ზუსტად, რომ განვსაზღვროთ „პოლიფონიური დეკონსტრუქცია“ – აქ ეროსს, ჰიდრავლოსის (წყლის ორგანი) თანხლებით, ბანი, მეორე ხმა და პირველი ხმა აქებს: ბანი (მეთოდიოს პატარელი[1]), მეორე ხმა (პლატონი) და პირველი ხმა (ავტორი) – ეს არის შეუზღუდავი ხმათასვლა, ურთიერთშეპასუხება, პარალელიზმი, პლატონისეული დიალოგის სიუჟეტური ფორმატი რომ არ დაირღვეს. პლატონის „ნადიმის“ დიალოგი, ნარატოლოგიურად, ორმაგ სცენურობაზეა აგებული და გადმოცემულია აპოლოდოროსის მიერ, გლავკონთან დიალოგში, ისე, როგორც იგი მან არისტოდემოსისგან მოისმინა, „ნადიმი რუსთველიანაში“ კი აპოლოდოროსი რუსთაველია, გლავკონი – იოანე ზოსიმე, ხოლო არისტოდემოსი – ბარათაშვილი[2]. ნადიმის მასპინძელი აგათონის ნაცვლად თავად ავტორია (მეტატექსტუალობის პრინციპი). გარდა ძირითადი სამეულისა[3], ეროსს „ნადიმში“ აქებს: ფედროსი, არისტოფანე, პავსანია და ერიქსიმახოსი – „ნადიმი რუსთველიანაში“ კი ისინი ჩანაცვლებულნი არიან: ფეშანგით, დავით გურამიშვილით, ჯონ კითსითა და ფრიდრიხ შილერით[4] – ისინი „ცენტრალური სამეულის კათედრალურ პოლიფონიამდე“[5], „არიებით“ აქებენ „პოლიტიკური ეროსის“ ოთხ სახეს: მონარქიულს, ლიბერალურს, კომუნისტურსა და ფაშისტურს. პოემის საწყის დიალოგში, პერსონაჟებს მსაჯულად შემოჰყავთ ქართლის დედა, სასწორით ხელში, რომელიც ლხინის დასასრულს, არისტოფანეს ,,ბაყაყების“ კვალად, წონის ნადიმის წევრთა სტრიქონებს და გამოაქვს ეპიდიქტიკური განჩინება.
პუბლიკაციაში გთავაზობთ პოემის „პროლოგსა“ და რამდენიმე თავს შერჩევით.
პროლოგი
რისხვით მიმღერე ქალღმერთო, ვიცი, რომ ჩემზე ახია,
რადგან მიჯნურად, თამარის სახება დამისახია.
ჯვრის მონასტრისკენ განდგომილს, სატრფომ სამკვიდრო მახია,
გზის ნახევარზე გაირკვა, ვინ სათნო – ვინ ჩათლახია!
იმავე გზაზე მომესმა, ზოსიმე ლოგოსს ემოსა:
,,- ვესავ მიახლოს ეროსმა, ეპოსმა თუ გიეპოსა.
ჰერმესის ვაჟო, სილენოს, შენი ხმა რად მეკომოსა,
ოდეს დამჭნარი პოლისი, ცის კიდეს გაეკოლოსა!
გიხმობ, გახსენი რუსთველო – ოქროს კვეთაში კარედი,
შეუხმატკბილე შაირით: შარაფი, შარა, შარედი –
ცოტნეს გადახდილ აღაპზე, აკმიე წმინდა პწკარედი,
სადაც თქმულების მიხედვით გახლდა, ძმა შენი, არედი.
ქალწულებასთან შეთქმულებს, სიძვასთან გვქონდა რა ხელი,
როსკიპი ვარდის სანაცვლოდ, ენა დასდებელს ვახელი.
ლოცვა აღაპყრე მზის ქიმზე, მზედ მომაფინე სამხელი,
ტრფობა ვინც აქო ნადიმზე, ვთქვათ იმ პოეტთა სახელი.
ვინმე აკტეონ ებაზრა, სინად განდეგილ მონაზვნებს,
მათმა ასკეზამ შემზარა – ცოლებს უთმობენ მონაგებს.
გალობით გმობენ კაპიტალს – გმობა კაპიტალს რას ავნებს?!
ლობისტთა პროპაგანდიდან, როს ,,fake“ ისარს მოგაგებს.
ვრცელ უდაბნოზე, ციალებს ჰიმნოგრაფების კლიროსი –
სქოლასტთა ბანდამ გამანდო: ,,- ბანს მღერდა მეთოდიოსი.“
ესივრცათ მამებს, უმანკო, მონასმი ბაღის სიოსი…“
,,- მათ, ვისაც, ფრესკით ვიცნობდი მეტეხის სამიკიტნოსი!“
,,- ძველი ათენის ბურდონმა, მეორე ხმა შეაქცია,
ოდეს უარყო საჯაროდ, მიჯნურთა ვაქცინაცია.
როგორც გადმომცეს გდევნიდა, მგოსანს, ხალხი და ნაცია…“
,,- კლერკთა გავლენით დამადო მეფე ,,sunქტუსმა” სანქცია.“
,,- საგნის ალგორითმს შეახე სიმზე დახრილი სინუსი –
BBC-ის არხზე შედინდეს სტროფი, ნათარგმნი ნიუსი,
ცოტნეს მოღერილ ბგერაში მიცურავს ქრისტეს თინუსი,
აწ, მესხო თავად შენ მაცნე, ვით ჟღერდა CANTUS FIRMUS-ი.
მინდა თქმული სინელების, შენგან წვრილად მოვისმინო,
მოუბრობა მათი ტკბილი, ბროლ-ბადახშით შეიმინო,
ხელი ჰომო დეუსების წინაშე არ დაიგმინო,
რომ ეპოქის დამდაბლება, კვლა, უტეხად არ ითმინო!
მაგრამ ჯერ ეს გაამხილე ნადიმზე, რომ ესწრებოდი –
შენი მშრალი შესიტყვებით არავის აზრს ერგებოდი,
ქალაქების მიწისქვეშეთს ვირგილივით ედებოდი
და ელესდეს გულაობით ნაადრევად ბერდებოდი!“
,,- რომელმან შექმენ უბანი, ჟარგონის იქეც მფარველად,
ბირჟამ გამრიყა, შეგვედრებ მომხედო დასახმარებლად,
ძაღლობაც კვალზე დამაჯდა და გავიჭერი ყმა ველად,
სისხლს ვათხევ ჩემი სამეფოს და მისი სიძის სარგებლად.
გამოხდა ხანი, მოსილი ვარ თბილისური ტროპარით,
სიმღერას ვიწყებ ანბანის ასო-მთავრული ცნობარით…“
,,- გაიხსნას კადრის საკრალი, ახალი ტალღის გოდარით!“
,,- კადრი იხსნება მარადის თამარის შესანდობარით!
გახსენე – ვარდი ედემის – ნაცადი მეტაფორათი!
ჩემი წინარე ცხოვრება გავლიე – ბისით! ფორათი!
ცნების წიაღში გეძიე ოთხთავითა და თორათი –
ეგეც არ გეყო, დამტანჯე სამარხის აფიორათი!
გენური ინჟინერიის ჯვარზე გამაკრავს დემოსი,
ელიტის გლოვას მოჰყვება – შრიალი თეთრი პეროსი.
სატანისაგან უხსნელმა, როგორ დავძლიო ეპოსი,
კორპუსებს შორის აღელდეს: ზღვა პონტო – ზღვა ეგეოსი.
ღვთის სახე მოჩანს ყოველში, რაც იმზირება ლოცვიდან,
ვწერ, ცოდვა იქმნა პოლისში – პოლისი იქმნა ცოდვიდან.
სირჩას ვცლი, სული მოვითქვი – გავდივარ ამა ფსონიდან,
მაცვია კვართი უქსოვი, აბრამის კატალოგიდან.
მერჩივნა მე ნა რხეული ფარავნის ტბაზე მერხია –
დამიყადაღეს მამული – მოწმე ღვთაების კვერთხია!
ჰე, ღმერთო, მიცან რუსთველი, განა სხვა ყველა მესხია,
ჩემი ბორკილი ბანკების პოსტჰუმანური სესხია.
საბურთალოზე დავსახლდი დამყურებს პლატოს ფერდობი,
ქირით ვარ, ბინას არ ვიძენ ინვესტორს აღარ ვენდობი…“
,,- ხან ბასიანზე იბრძვი და ხან ბასიანზე ერთობი!“
,,- ექსტაზმა თუკი გამიხსნა, ერზრუმის მიწას ვეფლობი!
წინა წლის დამდეგს დამადგა ჩხრეკაზე უბნის მენტობა,
ექსპერტიზაზე გაგზავნეს ტყაოსნის მონუმენტობა,
მრუდ დრო-სივრცესაც დავცილდი, როდემდე ვზიდო კენტობა!
და რა დავმალო ბლეფია, სექსტექთან კოვალენტობა!
სერობას შუქად ეფინა სამი ხმის პოლიფონია,
ტურფასა სატრაპეზოში მთვარე გაზაფხულს ჰკონია…“
,,- ვრაცხ, შოთას სიტყვის დასტური, შოთაის ის სმარტფონია,“
,,- ლომბარდმა რომ წარიტაცა, რადგან პროცენტი მქონია.
ნაკლოვანია ბერების ნათხრობი სახელდახელო –
გასიაფანდეს მოყვასი – შენ სიარიფეს ვამხელო!“
,,- დე გაამხილე სრულებით – აისხი აბჯრის სახელო!“
,,- გავამხელ, მხოლოდ, თხრობისას მთხრობელი არ გამახელო.
განსაჯოს მამის დუმილმა – ძე ნათელი და ძე ბნელი!
სამ წელსაც არ გაუვლია, რაც ვარ მეთოდეს მსმენელი!
ცოტნე კი პროგრესს ერიდა: „- არ ვარო შარის მძებნელი! –
აღარ მსურს სწრაფი დინება – მინდა დინება მე ნელი.“
უწინ, როცა ვყიალებდი და პატრონიც არვინ მყავდა –
კანონიკა დავარღვიე ლექსი კრულვით გამიავდა,
ვფიქრობდი, რომ ჩემს შაირებს სხვა შაირი არა ჰგავდა,
ვიდრე სულმნათს გავიცნობდი – სიბრძნის სილას გამაწნავდა!“
,,- კარგი მორჩი ჩემს დაცინვას, თქვი, ვით შედგა წვეულება,
ვიცი, კიდევ მრავალი გაქვს გამოცდილი სნეულება…“
,,- დავეხსენი წყეულ ნიმფას – არ დამეხსნა გრძნეულება –
ეგ დღეა და განმეშორა ფიქრის ზღვრული ჩვეულება!“
,,- ქარით ალაგმე ქარაგმა – ფიქრი ქარგიდან მოგვიდის…“
,,- ჯერ კიდევ ბიჭი არ მერქვა ჟამი ცხრებოდა კოვიდის,
მედდა შევაბი, პალატის, აღზრდილი იყო მოგვი დის,
მე კი, აღზრდილი ვიყავი ანტიკისა და ოვიდის.
როცა იელვა ნინველმა და გახდა ეპიდპოეტი,
სამსხვერპლოს ირგვლივ ეწვია ქალაქის ყველა ქორვეტი,
შეერთდა წირვის აკორდი, ვით მოციქული თორმეტი –
და ინთქა ჯანმოს ფანტომი – ეს ბიბლიური ჰორნეტი.
მეორე დღეს გაიმართა ზეიმი არ უწინდელი…“
,,- შეირხა ქალწული მართა, ვით ვაზი დაუწინდველი,
იქნებ მეთოდემ გიამბო – ის იყო ლხინის მხილველი…“
,,- კოჭლი მევლინა ქადაგად – ბედის ჰუნეთი მწირველი.
შეიწირა სკოლის კიბემ ბედკრული და მხიარული,
არისტოკრატ დიაცებთან, გული ჰქონდა ზიარული!
არისტევსის ძემ გაუძრო, აქტივობა პიარული –
კოჭლობამდე უყვარდაო მთაწმინდაზე სიარული.
მე მორბედის მონათხრობი დამიმოწმა პატარელმა…“
,,- მაშ გაშალე ცნობის სიღრმე, როგორც ნაღდმა ქალაქელმა…“
,,- როგორც ენა ცუდი სინჯის – კვლავ იტყუოს ხვრელში გველმა,
ისე ყველა ოლიგარქი გაანოლოს საყვარელმა!
ეჰ, მებრალებით ვაჭარნი კვლავ უმეცარნი ომისა –
საწყალობელი მორჩილნი მონეტარული დოგმისა!
მაყუთი ითხოვს ნომინალს – შინაარსია ფორმისა –
ამაოდ გრჩებათ ნიშანი, მაგ საზოგადო ძღომისა!“
,,- ყრმობიდან არვის არ ინდობ ,,არქსელო აპოლოდოროს“
მიწყივ იმისი შიში მაქვს – მავანმა არ გაგაგოროს.“
,,- სმენა მომართე არიფო – სმენა სამწყსომაც ასწოროს!
საწუთროს ორგულობანი, ზესთა წყალობამ მაშოროს.“
წყდება საუბრის გრძლივობა – ზოსიმე ღამეს ეგების,
ასაფრენ ზოლზე ისვენებს, გუნდი ციური მხედრების,
ივსება სიზმრით ქვეყანა, სერებისა და ზეგნების –
და მიდის ყოფა სიცოცხლის და მოდის ყოფა ცხედრების.
ამბავი ქართლის დედის მსაჯულად გამოცხადებისა
ვინემ ჯონ კითსს მივუჯექი, ცხელი შხაპი მანამესო,
განაგრძობდა ,,მწირი სოფლის“ საუნითაც მაამესო:
,,- და მოვიდა მონა ერთი და აღმოთქვა მანამ ესო:
,,- არ გამომყვა პატარელი“, უკვე გულში დანა მესო!
გაიკვირვა მასპინძელმა და გზავნიდა ახალ მონას,
მე ვუთხარი: ,,- თავად მოვა განმარტავს რა საბას კონას,
ასეთი აქვს ჰიპოსტასი – ვფიცავ ჩემი სულის წონას,
ვის გინახავთ მსგავსი მასტი გაემიჯნოს ყოლა-ქონას!“
ეგრე იყოსო ჭაბუკმა სტვენით მოიხმო ბილერი:
,,- მიქვეყნებ სუფრის ინვოისს ჩათვალე გბრიდავს ქილერი,
გოეთეს თანამზრახველი, ვინმე იოჰან შილერი,
აკურთხებს ნადიმს მის ნაცვლად, როგორც ოპუსის დილერი.“
აკურთხა სუფრა შილერმა – შეივსო სუფრა მგბარებით
და მგბარებს გოჭი დაერთო ყელმოგდებული ზარებით,
რა დელამა და რა ყველი რძე მობერილი ქარებით,
გაერთო ,,სული ობოლი“ პურის მარილთან დარებით!
რომ შემოვიდა მეთოდე, ჭამაში ვიყავ დამშვრალი –
შესძახა ცოტნემ და აჰყვა საგუნდო ჰარი-ჰარალი:
,,- აქ მოო, ყოვლად ძვირფასო – მომმადლე სიბრძნის გრაალი…“
,,- სიბრძნეა გასცე საჭურჭლე და დაიკიდო ზარალი!
ვნატრობ ტანთა სიახლოვით, სუფრის წრედი იკვრებოდეს
და ეს ხილვა მიუწვდომი, გლენის ნოტით იკვრებოდეს.
როგორც თასთა შეერთებით წყალი მკედში იძვრებოდეს,
მსურს, რომ შენი სავსე სულის სიბრძნე ჩემში იღვრებოდეს!“
,,- ვცნოთ მსაჯულად ქართლის დედა – თვალს მიეცეს და რულია –
მან აწონოს ვისი სიბრძნეც მყიფეა და ბზარულია!
სავსე სიბრძნის აუზებში შენი ცურვა სარულია,
ო, რა მწარე ენით მომსრე სად დაცინვაც ფარულია.“
შესრულდა ჰიმნი საწესო, ოდეს გასრულდა ვახშმობა,
დაღვარეს ტკბილი ზედაშე – უფალს შესწირეს მადლობა,
სიტყვა აიღო დავითმა – ითხოვა მსხდომთა თანხმობა,
ვისაც არ ჰქონდა ლეკთაგან დარდიმანდული დანდობა:
,,- ხილად დაგიდევ ჩემს სათქმელს – თვალახვეულო მალაქო!
გაუტანიათ ჯიბგირებს ვერაზე, დღეს სადალაქო –
მით არ გამშარო დუქანო – ფიროსმანისგან ნალაქო,
რაც ლარის კურსი დაეცა, მაგრად დაგერხა ქალაქო.
სირაჯმა ღვინო არ მასვა, მასვა იაფი ნაქაჯი,
დაბინდულს ლეკად მეჩვენა, თურმე, ლაუნჯის დარაჯი,
გადამეფარა ფეშანგი, არც მაშორებდა ცხრა ლაჯი,
ვამბობდი უნდა მოვკლათქო – ეგ ნაბოზარი ალქაჯი!
ნაბახუსევზე ვისმინე ციცეროს მეცო პიანო
და რადგან ბახუსს ვუწამლე აღარ მსურს თავს ვაზიანო,
იქვე ჩაერთო შილერი: ,,- სწორს ბრძანებ თავაზიანო –
მეც მინდა ჩემი სათქმელი ფხიზელმა ავახმიანო!“
კეთილიო, თქვა მედიკმა: ,,- მაგრამ აზრი ვკითხოთ სხვასაც,
კერძოდ, ცოტნემ თქვას თავისი – ვინც დუმილით გასტეხს ქვასაც…“
,,- აღარ ძალმიძს მეც დალევა – თავს ვანებებ ვაზის რგვასაც,
როგორია, ისე დათვრე მუქ ღვინოში ხმობდე ზღვასაც!“
,,- მოიღერეთ ორგიებში art ხმები და art ყელები…“
,,- როს, შეგვიხსნა ღვინის ძალმა ყარაჩოხლის სარტყელები!“
,,- აიკელით ტავერნები – art ელისეს – art ველები,
ვამბობ, ისე ვერსად სვამენ, როგორც აქ ეს ქართველები!
იჩალიჩებთ სტენტირებას – სარქველი გაქვთ დანაღმული –
ყანწი რაა ერთი წვეთის დალევაც გაქვთ აკრძალული,
ვით პროტეჟე ჯონ მილტონის, ვით აპოლო, ვით ბულბული,
გიქადაგებთ – ინფარქტებით ხდება გული დადაგული!“
,,- ხარ ჰიპოკრატეს ნეონი – შენს ქადაგს ვიღებ კანონად!
ელინო ქამელეონო, გიმზერ ლევიტელ არონად,
სხვამ თუ შეაგდო სასწორზე ტროპი შენ გადასაწონად,
მტკვრის პირზე ჩავუსაფრდები, ტრუპის მენავე ქარონად!
მთოვარი ფარშევანგების და მისთა სწორთა მზე მანგი –
არ აგერიოთ ვოლფანგში – მთქმელი ამისი ფეშანგი –
მიბოძა მეფე არჩილმან მდივან-მწიგნობრის მე რანგი –
აწ, მეხაშეთა წინაპარს მმოსავს პარონთა პერანგი!
დგას ქართლის დედა სასწორით, ვით რომაელი სალუსი!
თათბირის კვალად, რომ საჯოს განსახილველი კაზუსი“
,,- რითი გვიწამლოს მსაჯულმა ან რით გვიქარვოს ბახუსი –
ვსვათ! ნებისაებრ! გვკარნახობს! – ძმობის უმღვრევი ნამუსი!
კორუფციისგან ვით გიხსნა – საბჭოთა წყობის მისანი –
ახლა სხვა დროა ქურუმო, რა ვთქვა სადარი რისანი?! –
ვერ მოისყიდი სამართალს თუ არ გაქვს კრიპტო ქისანი,
სჯობს ქალთევზისა ტავერნას – გოგირდოვანი ისანი!“
დავით გურამიშვილისაგან ლიბერალური ეროსის შესხმა
,,- მომენდოს სიმთა რხევანი, რომ სათნო ქებას ვუწირო,
მერკანტილისტთა ბაზარი უაზროა და უპირო,
ფეშანგ, მინდა შენს არიას არიით დედა ვუტირო –
და აქედანვე გაფრთხილებ, შეწყვეტა არ დაუპირო!
გორისუბანის მოსახლეს, არც რა გამაჩნდა დარდიო,
მზეჭაბუკივით ვიყავი, კარგი ხმა, კარგი კარდიო,
მუხლებზე მქონდა გაშლილი პაპისეული ნარდიო,
ზედ მიჩრდილავდა კაკალი მისივე განაზარდიო!
ვაი, აწ როგორ აღვწერო, საწუთრომ რაც მაბითურა,
ცხელ წყალზე ვინღა ჩიოდა, სოფელს ჩაუქრა ნათურა,
და როცა ცოლზე ვდარდობდი – არ დაემართოს, ვა, თუ რა,
უხილავ ხელის დოქტრინა ლეკთაგან წამეფათურა!
ზედაზნელ სწავლულს მივწერე: ,,- მომხიბვლელია პრაქტიკა,
ახლიდან გადავიაზრე ტრადიციული ანტიკა,
ალბათ იფიქრებ: ,,- ცოდვილო, ასე რამ გამოგატიკა?!“
ასეა, ჩემო მოძღვარო, ვარ, როგორც ინდოთ ბატიკა!
ნუ მწერ, რომ აღმოაჩინეს კვანტური გრავიტაცია,
მომწერე, ცოლის მამული როგორი თვალწარმტაცია,
ან უცოლობა დამბრიდავს ან მომკლავს რადიაცია –
დაურთე პასუხს სურათი, რომ ვნახო რა დიაცია!
გარაყანიძის ქალისთვის სლავი ნაშობა ვძრახეო,
რადგანაც ჩემი თვისება – მის განწყობაში ვნახეო,
დამიგეს ლამისყანაში საბედისწერო მახეო,
გავარტყი ძალაუფლებას, ოდენ ვცნო ცოლის სახეო!
მისი ქების ღირსებანი დამკვირვებლის თვალით ვჭვრიტო,
არ განმსაჯო ღალატისთვის – კოჭები რომ დავუხვრიტო –
არც ის მკითხო ურბანულად: ,,- ფემინურ სისხლს რატო ღვრი, ტო?!“
გადაეცი მოგელტვის-თქო ,,მისო ვარდო, მისო გვრიტო!“
პავლე, მისი სიყვარულით ვარ ყრმობიდან დანატორი,
სათნოება შეიქმნება ერთგულების გარანტორი.
ლიბერალთა ვერტიკალში – აგენტია, სად აქტორი,
აღარ არის გასაკვირი გაიპაროს ნარატორი!
ვერას გავხდი დავითურად – გავიქეცი მალ-მალვითო,
დამიჭირეს, ვით მოტყდიო – მცემეს მწარედ ნამგალითო.
თერგის პირას ქალი ვნახე – მოვეხვიე ლერწს ალვითო,
შენც ვერაფერს გააწყობდი, განდგომილთა მაგალითო.
სოციალურმა თანხმობამ განდევნა მეტაეთიკა,
ოდისევსურად მოგელავს მეტისის კიბერნეტიკა,
არასდროს დამირღვევია შაირის კვეთა-მეტრიკა,
მეორე გამოქცევისას ვიხმარე ყალბი მეტრიკა!
დარონიებდა მადანე, საცა დიოდა მდინარე,
წინარე ევას ვამგვანე, მაცდური ჭადით მცინარე,
მივედი, მივეალერსე – მუხნარი გავუჩინარე!
რეიზა ვმალო, მის მკერდზე თავიც კი მევიმძინარე!
მეკოსა გაბილიკებულს, ძილში მეძია: ,,- სა ხარო?! –
ჩემზე დაწერე ანდერძი – იყავი ხასის სახარო!“
მეისპოს იმის გამჩენი, ვინცხა ფრანსუას ჰგავხარო –
ატრეტილ ტანს რო მიმოხრი, მთლა მისი ღვიძლი ძმა ხარო.
ვერ დაარწმუნებ საყვარელს, ქე რო ნერვები იშალო –
ქონება არ მაქვს – ანდერძი რა თავში უნდა იხალო,
რაია კაცის ცხოვრება – რაი და კლდეა პიტალო,
მთავარი ეგი ყოფილა, სკეფსისი არ მეიშალო!
წყევლითაც შემომიტია: ,,- დეიწყე, ე, სასიკვდილე!“
,,- რა გიანდერძო დაია, ევრიპიდე თუ ესქილე?!“
,,- ტყვილა ქირქილობ! დაწერე! – გავხდე კრევერის მეწილე
და უკასტინგოდ დამითმონ ბურბონთა დასის დეფილე.“
კვლავ მითხრა: ,,- ეპისკოპოსთან იყო გარჩევა ქურდული,
მითხრენ, საერთო ფულიო, ყოფილა იქ აბურდული,
მეიდო ხელზე დავითმა გოლიათური შურდული
და ახსნა ქურდულ ობშიაკს – ცხრა კლიტე და ცხრა ურდული.“
,,- ეგება, მეიწადინე მგოსნისთვის წესის აგება?!
ვინცხამ მაგ გითხრა, მაბრალის – გეიგე – სხვა მაქვს გაგება!
განა არ მეყო ქუჩისგან ბოზური ფანდის დაგება?!
როის ყოფილა მაგენთან მიწევდა საქმის ლაგება!“
სით გაჩნდა, თერგის ნაპირზე, რეონის ის ასულიო,
ანდერძით რაფერ მიმეცა ტიბო დ’ოსინის ფულიო,
,,აპა რავათი“ მომნუსხა – ვახტანგის კარს წვეულიო!
რავარც, მის ამბავს ვიხსენებ, კილო მაქვს მისეულიო!
მე მსხვერპლმა ტრეფიკინგისა, სიმწრის დღეები ვთვალეო!
შენი ლექციო დივინა მოდერნს ვერ ვანაცვალეო,
აწ, ნუ შემრისხავ ამისთვის პავლეო, გენაცვალეო,
ნიშნის მოგებით ნუ მეტყვი: ,,- აღდგომაა და ხვალეო!“
რეგულაცია – Free market გავითავისე ტყვედქმნილმა,
სეკულარიზმიც ვიწამე დუმის ჭამისგან შეშლილმა!
თუმცა კი, მომცა ბაზისი, სიბრძნემ შენ ბაგით ფენილმა…“
არ ვიცი, თუ მიაღწია მოძღვრამდე ჩემმა წერილმა!
და ბოლოს პირველ სიტყვაზე ვბრუნდები, შარას მგზავრიო,
მერკანტილური წესრიგი რომ საბოლოოდ ავრიო,
ბევრჯერ გამწირა ეროსმა, ვით კვიპროსელი მავრიო,
გულიდან ვერ ამოვიღე ესე საწუთროს ჯავრიო!
უეჭველია – ვეყრები აბსოლუტიზმის დროებას,
საერთო მიზნის მსახურად – ვმსახურებ მე სათნოებას,
აქვე ვეყრები ეროსის კონცეპტის გაფართოებას –
დე ფაქტო იზოლაციას – მიჯნურთა განმარტოებას!
საპირწონედ ინკლუზივის, გახდნენ მეტად ნიშურები,
ხიფათია სისტემისთვის ეპიკური მიჯნურები –
შესაძლოა თაუერებს ანაცვალონ მიწურები,
ჯერ სადა ხართ – ამ მცირედით – არ გეგონოთ ვიწურები!
გარდა ტრფობით გახელების არაფერი არ იციან,
ბელზებელის სარეცელზე შემზარავად იცინიან,
კარგად ვიცნობ მაგათ მოდგმას – კანონს თარგზე მოიჭრიან –
სულ ჰკიდიათ რას თესენ და მითუმეტეს რას იმკიან!
საჭიროა სათნოების საყველპურო განშტოება,
რაც არ უნდა აბსოლუტურ მონარქიას გამოება!
მუნ უარვყვე კლასიკური თეორიის სასოება,
სადაც მხოლოდ ელიტების სფერო არის სათნოება!
ინკლუზიურ მყოობადში ვნების ხნული ყამირდება,
ქების ღირსად მყოფი ხარ თუ გარე თვალი გაკვირდება!
ოდეს შენი პირადული ხალხში სოციალიზდება,
საზოგადო სიკეთენი ქვითკირდება, ალიზდება!
ორი სული ამურული კარგავს გარე პერსპექტივას,
არ მოუსმენს მაყურებელს – ,,lol-ს“ ყვირის თუ ყვირის ,,Viva-ს!“
რა საწოლი, რა კომფორტი ეტანება გამხმარ თივას,
მაჰომეტის სამსხვერპლოზე აამღერებს მიწის დივას!
პირქუში იდუმალების გახელებული ართმობა –
ბალამუტობის გარეშე სისტემისაა დამხობა –
უპრიანია ოჯახი – გაფორმებული თანხმობა,
რომ სტანდარტულად განევრცოს შვილში მშობელის სახობა!
თვალშეუვალი ეროსი სტანდარტირების მტერია,
ამაზედ უფრო მკაფიოდ, ,,სენტიმენტებში“ წერია,
ჩემი მუხთალი სიცოცხლე ისევე ბინდის ფერია –
ზოგისთვის ცაა ტეხასის, ჩემთვის ზუბოვკას მტვერია!
კრისტინის ომის ვეტერანს მეზმანებოდა ხრესილი
და იქნებ, ქართლის ქარია, პრუსიის ქარით ლესილი!
ფეშანგ, უშვილოდ დარჩენილს, მღერა ხომ მრჩება თესილი –
ლიბერალური ცეცხლისგან ჯონ ლოკის გამოკვესილი!
მაგდებურგს ელბა ადიდდა – თბილისში ღელავს მტკვარია,
ამ ფარჩაკ ლიბერალიზმშიც ვერაფრით გამიხარია!
მუხლმოყრით შეგთხოვ ქალწულო, მაკმარე დავითს შარია,
წახდება ხემის რხევანი და მით და კაპო არია!“
ჯონ კითსისგან კომუნისტური ეროსის მანიფესტი
,,- კარგად დაიწყო ,,დევიდმა” – მომწონდა მისი პათოსი,
მაგრამ გაექცა სადავე კანტოსი, ვით ,,და კაპოსი“,
ლიბერალიზმის კულტია კაპიტალისტთა ფალოსი
და კლასით მის კულტს ჩამოვშლი ანგლო-საქსელი სალოსი!
მომხდურს, ვადნით აბინგდონის, გაფრთხილებ რომ არ იბოზო!
სუფრა იტყვის: ,,- რას გვაშინებ კომუნისტო მაფიოზო,
მაგას სჯობსო, ვით ექიმმა პერედოზი გაგვიდოზო!“
აწ, ყველაფერს პასუხს გასცემს ჩემი ფართო არიოზო!
უწინარეს ყოვლისა მსურს მამის სული მოვიგონო,
უარს ვამბობ სახელმწიფო ბურჟუებმა მოირგონო,
ნადიმს, კი ვთხოვ, როგორც ნამდვილ, მისტერს, ისე მომიგონო!
თუ მომიგეს შაირობა – ღირსეულად მომიგონო!
წასულმა შვილებისაგან უფსკრულს გვერდი ვერ უქცია,
რთულია მამის სიკვდილის შაირით რეკონსტრუქცია.
მისმა ჯორჯმა და თომასმა საფლავზე რომ წაუქცია,
მშრალ ხიდზე გამაქვს, ის თასი – გრაალის რეპროდუქცია!
ლონდონის ნისლში გაიხსნა ბერძნული ენის ენობა,
შევეხე ათენს ვიგრძენი, მე, კინტოს ათენელობა,
სადღაა ძველი ენფილდი, შადრევანი და შენობა,
რკინიგზის ნანგრევს მოლების კათედრა შეეშენობა!
მორგში დაწვენილ გვამების, როს დავწვი ჩანახატები,
ლარნაკზე გამომესახა სტერნზ ელიოტის კატები,
ძმებო, თქვენს მოშლილ დრო-სივრცეს, ამ კითხვით შევემატები –
საიდან ბერნსის საფლავზე ნაგები ვეფხის ნატები?!
ნადიმზე მდგარი დუმილი – პოეტის ასპარეზია,
პოეტო ჯენზის დეზი ჰკარ, სადაც კომუნის გეზია,
ვამხელ – ლორენცოს ამბავი ფანტაზმი და ფენტეზია –
ქალაზე ალუზიაა – მამაზე ანამნეზია!
კოლექტივს თუ არ მსახურებს, ის მიჯნურობა ხვრელია,
მიქია მე მიჯნურობა, რომელიც ოფლის მღვრელია –
შრომასთან მიახლოება მიჯნურთა შვების მგვრელია,
სოციალური პროცესის ჯანსაღი განმსაზღვრელია.
ფრენსის, რადგანაც ჰემპსტიდში, ისევ ერთგულად მომელი,
სიმდიდრისათვის არასდროს გავხდები ხვრელში მძრომელი!
კაპიტალიზმის სწრაფვაა, გააღატაკოს მშრომელი,
აქციოს წრფელი ეროსი კერძო ქონების მდომელი!
როგორ ვსაზღვრო, ამ მოტივის ღვთაებრივი სიმოტივე,
თითქოს მოვსვი ჰემლოკი და ზღვის განევრცო სინოტივე –
გამიფარსდა ბონაპარტეს ბრიუმერი თვრამეტივე –
მერანიელს მიასვენებს რვა კუბო და რვა მეტივე!
ექვსი კუბო მიაქვს ცაებრ, რაზმს, მას, აბჯარ-ქამარიანს!
ვით შეერთოს მტკვარი ენგურს – უშგულს მზიანს, ლამარიანს,
ქება წმინდა აგნესისა მივამსგავსე თამარიანს,
ქება თამარს უსამაროს, ქება თამარს სამარიანს!
როს ჩანაცვლდება ჩაფხუტით ორნამენტული სარუხი,
მუნ აყვავდება თაბორზე ინდუსტრიული ხარფუხი.
მშრომელ ქალს უნდა აეხსნას პატრიარქატის მარწუხი,
საწარმო შრომა როდია – ქალური გვამის საწუხი.
აყვავდეს სოციალური ეროსი, როგორც დატურა,
შემირაცხია ოჯახი, როგორც აფთარი და ტურა
დე, განადგურდეს კერათა, კერძოდ მხვეჭელი ნატურა,
ვით რომაელთა ორგია, ვით რომაელთა სატურა.
ანგელოზურად ფრინავენ დიალექტიკის დრონები,
დაეცეს ფეოდალიზმი – ვაჭართა გარნიზონები,
მცდარია ცნობიერება, თამადის შენაგონები –
და ვითხოვ – ათავისუფლოს ლხინის მსახური მონები!
მიგმია კლასიცისტური სიმრუდე და ხაფანგობა,
დოვლათით გაბრუებული სენატორების ბანგობა!
აროდეს მქონდა ფეშანგის სიმაღლე, მით ანაგობა
და ტრფობის მთავარ სამიზნედ მისახავს ამხანაგობა!
გაკულაკდეს, ვინც ეროსი კაპიტალში დააბანდა,
ლიბერალთა მფარველია კაპიტალის მზიდი ბანდა,
,,ვაშინგტონის კონსენსუსი“ ჩვენს ნადიმზეც დაილანდა,
დოკუმენტში ყოველივე, რა მაცდურად კარგი ჩანდა!
შევისუნთქე ოპიუმი – რელიგია და განგება,
რომ გავიგო, როგორია ეპითეტის მათგან გება!
არ მეწადა კოლექტივზე ამოდენა გადაგება,
დრო მოვიდა, მეც დავიწყო ცეცხლოვანი ქადაგება!
გაეწყობოდა ,,TEA PARTY” – ფაიფური და საინი!
მოარულს შემიფარებდნენ ენი და ქეროლაინი:
,,- ხშირად გვაჩუქე საკაბე აბრეშუმი და ლაინი!‘’
,,დონ ჯოვანიდან“ მღეროდა ქეროლაინის ,,ლაინი“!
ვუხსნიდი, მე, ენ მეთიუს ზეპურთა ვირიშვილობას,
მჩაგვრელთა მონოპოლიას, მასების გადახსნილობას:
,,- იქნები თავისუფალი, ვერვინ შეგკადრებს ცილობას!“
,,- ველტვი ჯენტლმენი მიჯნურის ცოლობას და მორჩილობას!“
სატრფო, პროლეტარ მეომარს, ღალატით თუ უთხოვდება,
ეროსის შემქმნელს, ეროსი კლასით თუ უუცხოვდება –
ნაღალატევი გულები ერთდება ანუ გროვდება,
იფეთქებს რევოლუცია და ბრძოლის ცეცხლი თოვდება!
ათენს ვავლე მეტაფორა, შექსპირულად გამართული,
ავამღერე კომუნიზმი და მაჟორის გამა რთული –
ახმიანდა მეტალურგის ჭანჭიკი და სამართული –
ავადობაც, იმიტომ მაქვს ნაადრევად დამართული!
ეროსია ჭეშმარიტი, გრძნობა იტევს, როს რაციოს,
ინდივიდთა სიმხურვალე კოლექტივმა გააციოს,
სჯობს, მიჯნური გაერიყოს ერესულ წრეს სააქციოს,
კომუნიზმმა სიყვარული ქანდაკებად რომ აქციოს.
ვიხსენებ ბერძნულ პართენონს და განიც გან-და-განდება –
შემეხმიანა ედგარ პო – შალვა კარმელის ლანდება,
სოციალობის შესაქმე კოპულაციით ვანდება –
შევცვალე ქალის სვე-ბედი – სახლში სიკვდილი ან დება.
უკანონო აბორტებით ქალმა, რომ არ იმარტვილოს –
ქალწულები კომუნიზმმა დაიწინდოს – დაიწყვილოს,
ლეგალურად დამარხულმა ჩვილმა ვარდად იყვავილოს
და ნაყოფი ინდუსტრიის შავი ნისლით დაითრთვილოს!
ბერწ მიწაზე კომუნიზმის მმართველობა დავადგინე,
ტაუერის ნანგრევიდან მეტეხის ბჭე აღვადგინე,
სანსკრიტიდან ლიბერალებს მარჩენალი შევუგინე
სოლიდარულ წყობაშია – თანასწორი, ლომის, გინე!
კომუნისტური ეროსი – ცოდნისმიერი წამია,
ჩავხედავ მარქსის კაპიტალს – სხვა კაპიტალი ვამია,
მისაბაძია წყვილისგან ჰეტერო მონოგამია,
აწ, ქართლის დედამ აწონოს, ვისი რამდენი გრამია!
გამოვაღვიძე არიით, მძინარე ძალა მშრომელთა,
ექსპლუატატორ ლიბერალს შრომა ეწიოს მწყრომელთა,
მებრძოლი პლებსი, ფლაკუსის, სენატს აიღებს ჰრომელთა,
და იმათ დედებს ატირებს – არ შეინანეს რომელთა!“
ჯონ კითსისაგან ცოტნეს მოხმობა ავანსცენაზე
სცენა დატოვა პლატონმა, ნებთა ცემით და დიდებით,
ჯონ კითსმა უხმო მასპინძელს თითის კლავიშზე მიდებით:
,,- მარჯვენა ხელი მზადაა – გისმენთ სუფრათა კიდებით,
ვიდრე ანდერძს არ გვიმღერებ, სუფრას ვერ გავერიდებით!“
ჩაერია პატარელი: ,,- რა დროს ამის ანდერძია,
მახსენდება კვლავ სიზმარი – სად ლანდია, სად სეძია!
თუმცა ცოტნეს პოეტიკის მიმოქცევა ასკერძია –
ოცდაორი წლის ჭაბუკი, ნუთუ ამდენს ჩაეძია?!“
,,- სწორედ ამდენს ჩავეძიე ან რად გიკვირს ჩაძიება,
არავისთან არ მჭირდება გაშველება – გარძიება,
გამომტაცეს ყოფის გემი, რასაც ჩემი განძი ება,
აწ, ანდერძი რომ ვიმღერო, ვინ გაბედოს განძიება?!“
თქვა ჰიპოკრატეს ნეონმა: ,,- ნუღარ მოუსმენ ნურავის,
ამაო არის მცდელობა, სიბრძნის აუზში მცურავის –
მასპინძელს გერგო სახელი, კათედრის, დღეს, დამხურავის –
აქ, ქართლის დედას ეკუთვნის განსჯა და თქმა სამდურავის!
შენი ვალია, პირველი ხმით შეკრა პოლიფონია,
სანამ საბჭოთა რუდიმენტს – სტროფები აუწონია!“
,,- ბულბულო, შენს ჰიდრავლოსზე ყოველთვის სწორი ტონია –
დე, გაიგონოს ჩემი ხმა – ვისაც არ გაუგონია!“
ცოტნეს ანდერძი ნადიმის წინაშე
,,- ასე მოხდა – დავსახელდი, მე, მაძებრად სამარისად,
ავაჟღერებ CANTUS FIRMUS-ს წინაპართა საკადრისად,
ზურგქარო და იალქანო, თქვენი ძალით, სად, მივქრი სად?!
ჩაითვალოს ჩემი ქებაც – მზის ქებად და თამარისად!
ვის უქია ჭკუადმყოფელს, ანდერძიდან სიყვარული,
გაიაფდა ცრემლთა ღვარი, ჩემს ბაგეზე დაღვარული,
ამემღვრევა მათით მღერა, მდინარება, ვით მტკვარული,
რომლის ტალღით გა-ცა-ვშალე მხრები ღამეს მიმთვარული!
ვიქნები სამიკიტნოდან კინტოთა გასატანიო,
თანატოსთან მაქვს თავანი, სიცოცხლით ჩასატანიო
თუ აღიმართა ეროსი, როგორც კლდის სალი ტანიო,
ვეღარც ვედრება მიშველის, ვერც ლოცვა სალიტანიო!
მქონდეს როსკიპის ცრემლები საგზლად, ამ, ბნელი ღამისა,
პატრონზე დავიგინები თუ მეშინოდეს რამისა!
ნაცვლად საძებნი შარისა, ნაცვლად საძებნი გვამისა –
მეწადა პოლისისაგან მიღება, რამ სიამისა!
აღარ ვაპირებ საცავში, ქეშად, მაყუთის დადებას,
ვითხოვ სიცოცხლის დაზღვევას და სესხის გადავადებას!
დავიწყებ ნოტარიუსთან ერთად ანდერძის მზადებას,
სადაც იხილავთ მემკვიდრის ხატოვან გამოცხადებას!
მომანიჭა მიჯნურობამ უკვდავების ამბროსია!
ტრფობით სნეულს, ნუღარ მკითხავთ: ,,- ჯერ ანდერძი რა დროსია!“
შაითანის მაედანზე საეროსო ტაროსია,
გაანათებს მტკვარს შუქურა, თითქოს მტკვარი ფაროსია!
ეროსს სამი სიმაღლიდან პოეტები ძილში მზერენ,
ქვენა მზერა არის ვნება, რასაც ცოდვას მიაწერენ,
შუა მზერა არის მსხვერპლი, ეპოსები რაზეც მღერენ,
მესამეს კი ვიტყვი შემდეგ, გულს, ვარდით, რომ დამისერენ!
მისამართი, რომ გაიგო სადედოფლო სამარისი,
ამისათვის გმირს გაწირვა, მოგიწიოს განა რისი?!
გამარჯვება, რაც ვიგემე, როდი არის საკმარისი,
ხამს გავიჭრა ველთა კიდედ, ვით რაინდი და ფარისი!
როგორც ვატყობ, ერთ-ორ არიფს (ჩვენ სუფრაზე) ხასა წველის
ან უხარჯოდ ვის რგებია აღსრულება საწადელის,
მივნდობივარ, რადგან უფალს, მოწყალებაც მისგან მელის,
მსურს გაგანდოთ ციტაციით, მოწერილი საყვარელის:
,,- ცოტნე, შენგან განწირული, წამწამებით ვარ მთოვანი,
ქმრის სასახლე ციხე არის და საკანი თაღოვანი,
რომ მენამოს შენი კანის სურნელება ზეთოვანი,
მოდი ვარდო, ვარდს, დამიდგი სიყვარულის წვეთოვანი!
დამილინკე ლომთა ხოცვის საუცხოო საუნდები!
ან პასუხის გასაცემად სამ წელიწადს რად უნდები,
მომიქროლე, შეფიცული ცხენოსნების, ზღვა გუნდები,
ვიდრე ვარდი დავჭნები და ვიდრე ვარდი გავხუნდები!“
პარდონ! ეს, ჩემი, ანდერძი შარჟი და ვოდევილია,
საყვარლისაგან მიჯნურის გამიჯვნა არ-ადვილია,
როდესაც ბაღი მიჯნურის ეკალთა სიმძიმილია,
საყვარლის ბაღი საწოლზე უეკლოდ გადაშლილია!
სასეიროა, ანდერძით ქონება გაანაწილო –
შენი ქონების მოშურნე, შენს ანდერძშივე ამხილო,
მაგრამ არ მინდა ვიკადრო, ეს საქმე, მით სათაკილო –
ანდერძის განსაზღვრულობის წესდებას გადავაცილო!
ალბათ, კვლავ მიცდის, წყლის პირას, შიზოფრენიკი მგლოვარი –
მისი ჯაგლაგიც შემხვდება უღონო და უპოვარი,
თუმც არ ვყოფილვარ ბანკირი, არც ფულის დიდი მშოვარი,
ჩემს ორ თაობას გასწვდება ანდერძით დანატოვარი!
ნარეკლში მძებნმა ნარეკლის, მძებნმა მიუვალ მხარესი,
უნდა ვიგემო ნარ-ეკლის გადავლა ან უარესი,
საწუთროს გზაზე გაწვება სიჩუმე უსამარესი,
სხვა მფარველობა არ მინდა, მიცავს ზევსის ძე არესი!
თუკი შეკვეთით დამბრიდო, დე მომკლა დასაბრედელმან,
ვერ შეგამჩნიო ქილერი, უჩინომ – ახლოს მხედველმან,
დამბრიდე, როგორც მშველელმან, დამბრიდე როგორც მსმენელმან,
შაირმან, ჩემი ცხოვრების უაზროდ გამომჭედელმან!
სოლო კრინიდან მადლობას გწირავთ, ნადიმზე მოსულებს –
მივერქმი დიდ განსაცდელში, თქვენს აბრუნდებს და მოდულებს
მიხაროდა, რომ გხედავდით ჟამისგან ვერ-ფეხმოჭმულებს!
ცოცხალი თუკი დავბრუნდი, მერე მოგივლით ორგულებს!
საყვარელმა დატირება გულზე შუქად დამაქციოს,
წერილს თუ ვერ ვუპასუხე შემინდოს და მაპატიოს!
მიჯნურობით შეპყრობილმა მის ობიექტს სად არ სდიოს,
ქართლის დედის განაჩენი, ვინმემ ტრაპზე დამაწიოს!
სრულდება ჩემი ანდერძი, ვგონებ რომ გასაგებარი,
სუფრიდან კაცის გაპარვა საქმეა არ-საქებარი!
მაგრამ ვინ ძებნოს, ჩემ გარდა, საპოვნი და საძებარი –
ვის შერჩა სიტყვა, თამარის საფლავზე დასადებარი?!
ამონათდება ,,GOOGLE MAP-ში’’ კონტინენტური აზია,
შეხედე რა დოვლათია, შეხედე რა მურაზია!
ამის შემდგომი მელიზმა, ანდერძის ბოლო ხაზია –
ჩემს ბრძოლას ხოტბას შეასხამს თბილისის კურტუაზია!
ქართლის დედის განჩინება
,,- ზოგის სიმღერა ძღვნა არის, ზოგის სიმღერა ხილია,
ვინ უწყის, რა ნამდვილია ანუ რა მოგონილია,
ჩემ გარდა ვერვინ განსაჯა, თქვენი უგონო ფილია –
თქვენი ყოველი სტრიქონი, პინაზე აწონილია!
ვიქნები მიუდგომელი, რადგან ეს ჩემი შერთია –
პოლიტიკური არიის ოთხივე წონა ერთია,
მათი სტროფების სიმძიმე, წვეთში ზღვა – ზღვაში წვეთია –
აქ მხოლოდ დადგენილების პირველი მონაკვეთია.
კათედრის პოლიფონიის წევრთაგან, ბანი მეტია –
თვინიერ მეთოდიოსის ,,ტერცია“ კუნაპეტია,
ულუმბოს ლავრის ცხებული, ცოტნეს ნადიმის სვეტია,
თავის ნამღერის მიღმადაც მიმწოლი და რეკეტია!
რომ არ ვთქვა, პასუხს მომთხოვენ გინეკეიის დედანი,
მეორე ხმაა, მეთოდეს, პირველწყარო და დედანი –
არც ჩემი ხმაა უძლური, არც ჩემი ხმალი ცვედანი,
უნდა დაგაჭრათ თავები ანუ სხეულთა ზედანი!
ჩემი ქედი დეველოპერს კორპუსებით უმოსია,
ბულბულს ვარდზე ჩაძინებულს ჰეროინი უყნოსია.
ვისი პირიც უწვეროა, ვინც ასაკით უმცროსია,
მისი არის გამართლება, განა ვინმე უცხოსია!
ყმაწვილური გაბრწყინება მრავალ თქვენგანს ეწყინება,
თუნდაც თავი წავაცალო, თავზე დაფნა ეფინება,
მან მცურავმა დრეიფებზე, არ გიჩვენათ შეშინება –
ეჭვი რომ არ შეიტანოთ – აი ზუსტი განჩინება:
ცვლადი სიდიდის მიხედვით, გამოისახა ფუნქცია –
ცოტნეს ანდერძი ჯამურად, ასჯერ ოცია უნცია,
ვინცაა ჩემი მოძღვარი, კურთხევაც მას მოუცია –
აჰა, აღვადგენ სამართალს ქეიფის იუსტიცია!
ახდეს მეთოდეს სიზმარი – შეირხეს ხმა მარაოსი
ან მიჯობს მტკვარში გადავხტე, დავტოვო სცენის ნაოსი,
როდემდე უნდა ვიტანო ეს ურბანული ქაოსი –
გავქრები, განმეშორება საცობი სააქაოსი!
დასასრული
კვლავ გითხრობ ,,მწირის“ ნაამბობს, რაც მაქვს მე მისგან ცნეული:
,,- სავსე პინებით გადახტა წყალში საბჭოთა გრძნეული,
მივსდიეთ სალუსს – ქარს კვეთდა ნიჩაბი ჩვენგან ქნეული,
მუნ მტკვარზე ბრინჯი ელავდა, დემოსის მიმობნეული!
დაცარიელდა აბანო, დაცარიელდა პარტერი –
მიჰქონდა ძლიერ დინებას, ქართლის მფარველი მატერი,
ბრძანა ფრიდრიხმა: ,,- მომართეთ ცხრავაზნიანი ვალტერი,
თუკი გამოჩნდა მებრძოლი, მეთოდეს გადანამტერი!“
ქართლის დედის მაძებარი, მეც მომიცვა შავმა გრძნობამ!
დე, დაზაფროს, ტურფა სატრფო, მორგში ჩემმა ამოცნობამ,
ძილის მძივი ამეკინძა, როს დამღალა ნაოსნობამ,
განთიადზე გამაღვიძა გალობამ და თანაბრძნობამ.
კასპარის ძე მეტეხის თაღს, სიგესტორად ასაღებდა,
ფრიდრიხ შილერს და პატარელს, ცოტნე მღერით ალაღებდა:
,,- ჰე, გვიამბე მეთოდიოს, კასტა როგორ გასაღებდა,
სანამ შენი ქალწულება, ქრისტეს ბაღებს გააღებდა.“
ფეხზე ადგა ლიკიელი: ,,- ვამბობ თქვენდა გასაგებად,
მიშიმა თუ დაინახოთ, მიხმეთ წესის ასაგებად,
თუკი სიტყვა არ ახდება, არ ღირს სიტყვა ქადაგებად!“
მოფენილა მტკვარზე ბრინჯი, თითქოს, თოვლის ფარდაგებად.
საგანთიადო საარი, უკვე ფეხებზე მეკიდა,
მათი გალობის სმენაში, რული ახლიდან მეკიდა,
მახსოვს საუზმის სამეულს ცოტნე პირველი ერიდა,
უნდა ვძებნოო სალუსი ანუ ნადიმის თემიდა!“
ცაო, მისრულე გულისთქმა, რეისს ნუ გადამივადებ,
იწყება რეგისტრაცია – პასპორტს ტურნიკეტს მივადებ.
ვიდრე სანნარევ ენიდან სინათლეს გააფრიადებ,
გაყრისას, როგორც მოყვარეს, ეპილოგს, ძღვნად, დაგიადებ!
მიუნდობელმა პოლისმა მგოსანი მადარდიანა,
ვტოვებ თამარის სამეფოს, თამარის სამარიანა,
არათუ ვალმიკიანა, არათუ რამაიანა,
გასრულდა ჩემო ზოსიმე ,,ნადიმი რუსთველიანა“.
[1]ადრექრისტიანული მწერლობის ავტორი, მისი მთავარი ნაწარმოები ,,ნადიმი ანუ უმანკოების შესახებ“ კომპოზიციურად პლატონის ,,ნადიმის“ ქარგითაა შექმნილი – მეთოდიოსმა სახარებისეული იგავის (ათი ქალწულის შესახებ) ალუზია პლატონური დიალოგის ფორმით გადმოსცა და ამდენად, ანტიკურ ფაბულაში ქრისტიანული შინაარსი ჩადო.
[2]ნიკოლოზ ბარათაშვილი გააზრებულია, როგორც გამტარი/მედიუმი რუსთაველსა და ავტორს შორის.
[3]პლატონის ნადიმის პერსონაჟები: სოკრატე, ალკიბიადე, აგათონი.
[4]პერსონაჟების ჩანაცვლება ,,პოლიტიკური არიების“ ოთხმა დისკურსმა განაპირობა: ფეშანგის მონარქისტულ ქებას ,,შაჰნავაზიანის“ პათოსი დაედო საფუძვლად, რომელიც, ფართო გაგებით, მონარქის/მონარქიზმის ხოტბაა, დავით გურამიშვილის და ლიბერალიზმის ურთიერთმიმართება ადამ სმიტის ,,უხილავი ხელის“ დოქტრინის და გურამიშვილის ბიოგრაფიული ქარტეხილების პარალელმა გამოკვეთა, ჯონ კითსის დაწყვილება კომუნიზმთან მისი პოემის ,,Isabella, or the pot of basil-ის“ კვალად მოხდა, ხოლო შილერის კავშირი ფაშიზმთან მისმა ნაწარმოებმა ,,მოსეს წერილმა“ განსაზღვრა (იხ. მარინე ანდრონიკაშვილის დისერტაცია ,,გოეთეს ლექსის ,შილერის რელიკვიების’ სამი ასპექტი“).
[5]იგულისხმება პოლიფონიური წყობა: ბანი (მეთოდიოს პატარელი) მეორე ხმა (პლატონი) და პირველი ხმა (ავტორი).
© არილი