საკამათო სიბრძნე გვეუბნება, რომ კლასიკური ფილმების ხელახლა გადაღება ცუდი აზრია. საბედნიეროდ, „ცხოვრება“ ამ სიბრძნეს უგულებელყოფს.
აკირა კუროსავას „იცხოვრო“ (“ikiru”, “生きる“, “To Live”) The Sight and Sound-ის სიაში „ყველა დროის საუკეთესო 100 ფილმი“, 2022 წლის მონაცემებით, 72-ე ადგილს იკავებს. ფილმის ხელახლა ნახვა ადასტურებს, რომ მას თავისი ბრწყინვალება მართლაც არ დაუკარგავს და დღემდე უყვართ მაყურებლებს, მიუხედავად იმისა, რომ 1952 წელსაა გადაღებული. ორიგინალი აუცილებლად სანახავი ფილმია, მაგრამ ნახვად ღირს ბრიტანული ვერსიაც – „ცხოვრება“ (“Living”), რომელსაც განსაკუთრებულს ხდის ბილ ნაის შესრულება, რისთვისაც ის საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ნომინაციაში ოსკარზეა ნომინირებული.
ფილმში, რომლის მოქმედებაც 1950-იან წლებში მიმდინარეობს, იგი უილიამსის როლს ასრულებს. ადამიანის, რომელიც გამოცანაა მისი ახალგაზრდა კოლეგებისთვის, რომლებსაც ათასგვარი თეორია აქვთ მისი ქცევების ასახსნელად, მაგრამ მალევე აცნობიერებენ, რომ არ შეუძლიათ, მიხვდნენ, ვინაა ის სინამდვილეში, რადგან მას ჯერ თავადაც არ აღმოუჩენია საკუთარი თავი. მხოლოდ მაშინ, როდესაც უილიამსს ექიმი ატყობინებს, რომ რამდენიმე თვის სიცოცხლეღა დარჩენია, ის ხვდება, რომ მაქსიმალურად ბევრი რამ უნდა მოასწროს დარჩენილ დროში.
„ცხოვრება“ კუროსავას დიდებული ფილმის ადაპტაციაა. მის სცენარზე სამუშაოდ, ლოგიკურია, რომ კაზუო იშიგურო დაიქირავეს. არა მარტო იმიტომ, რომ ორივენი, ის და კუროსავა, წარმოშობით იაპონიიდან არიან, არამედ იმიტომ, რომ ამ ფილმს ბევრი აქვს საერთო იშიგუროს რომანთან „დღის მიწურულს“. შედევრთან, რომელიც იმ მოსამსახურის შესახებაა, რომელიც გვიან აცნობიერებს, რომ მთელი ცხოვრება ცარიელ, უშინაარსო მსახურებას დაუთმო.
ფილმის რეჟისორი ოლივერ ჰერმანუსია. ის უილიამსის ჩვეულებრივი ცხოვრების რამდენიმე დღეს გვიჩვენებს, მაგრამ ამ რამდენიმე დღეშიც ახერხებს მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი და საყურადღებო დეტალების მოხელთებას. უილიამსის ცხოვრება ნელ-ნელა უფრო თავისუფალი ხდება, იგი თავს ახალი რამეების ცდისკენ უბიძგებს და განსხვავებულ ადამიანად ყალიბდება. ბილის არაჩვეულებრივი შესრულება კარგად გამოხატავს მთავარი გმირის დაკარგულობას. არაერთი მიზეზით, „ცხოვრება“ მეტად იმედისმომცემია, რადგან მთავარი გმირი გადააფასებს თავის განვლილ გზას ბოლო მომენტში, ფილმის განვითარებასთან ერთად, პერსონაჟი უფრო ბედნიერი არა, თუმცა ბევრად უფრო თავისუფალი ჩანს. იგი არქეტიპული ფიგურაა: საქმოსანი, რომელიც მთელი ცხოვრება ერთი და იმავე რამეს აკეთებს და იდენტური დღეების ატანა უწევს. ამ ფიგურის გარდასახვის მასშტაბი კი ნათელი ფილმის დასასრულს ხდება. ასე იქმნება იდეალური პორტრეტი იმ კაცისა, რომელსაც მხოლოდ მას შემდეგ გაუგებენ, როდესაც მოკვდება.
„კუროსავამ და მისმა სცენარისტებმა სცენარი დაახლოებით 1949-1950 წლებში დაწერეს. მაშინ მათი პესიმიზმი ბიუროკრატიის და იმის მიმართ, თუ რისი მიღწევა შეეძლოთ ჩვეულებრივ ბიუროკრატებს, გამართლებული იყო. მაგრამ იაპონიამ ისტორიის ეს საშინელი პერიოდი გადალახა – მილიტარიზმი, ომი, ატომური ბომბი, ამერიკული ოკუპაცია… კუროსავასა და მის გუნდს წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორი მდიდარი ქვეყანა გახდებოდა იაპონია და რა მყარ ლიბერალურ დემოკრატიას შექმნიდა. მათ არ იცოდნენ. ასე რომ, ვფიქრობ, მისი ფილმი პესიმისტურია“ – ამბობს იშიგურო ინტერვიუში. ხაზს უსვამს ინგლისურ და იაპონურ ბიუროკრატიას შორის მსგავსებებსაც და აღნიშნავ, რომ მასზე ორივე მათგანმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა.
„ვფიქრობ, ჩვეულებრივმა ხალხმა, უილიამის მსგავსმა, წარმატებას მიაღწია. რთული იყო, მაგრამ შეძლეს. მგონია, რომ ეს ცოდნა გვაქვს. ჩემი აზრით, დროში დიდი განსხვავებაა. ჩვენი ფილმი მეტად ოპტიმისტურია და უფრო ახალგაზრდა თაობას ასახავს. ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია, იმედი გვქონდეს“.
აღსანიშნავია ისიც, რომ ინგლისურ ვერსიაში მთავარი გმირი შოტლანდიურ სიმღერას „“The Rowan Tree” ასრულებს, ხოლო კუროსავას ფილმში „Gondola no Uta“ ჟღერს. ინტერვიუში იშიგურომ თავისი არჩევანიც ახსნა:
„კუროსავას დიდ პატივს ვცემ, მისი ორიგინალი ფილმი მიყვარს, მაგრამ არის რამდენიმე ასპექტი, რომლებიც მეტისმეტად პირდაპირი მგონია. ხანდახან თემატიკა ზედმეტად აშკარად არის გამოხატული. ერთ-ერთი ასეთი ასპექტია სიმღერა – მიუხედავად იმისა, რომ ფინალური სცენა, სადაც კუროსავას გმირი მღერის, კინოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდებული სცენაა, მერჩივნა, რომ სიმღერის ტექსტი პირდაპირ არ ყოფილიყო ამბავთან დაკავშირებული. ცხოვრება მოკლეა და ასე შემდეგ, ხომ გესმით.
ვფიქრობდი, უფრო მნიშვნელოვანი იყო, რომ სიმღერა იმ ფაქტთან დამეკავშირებინა, რომ მას ჰყავდა ცოლი, რომელიც ძალიან უყვარდა და ვისთან ყოფნის დროსაც იგი ასეთი არ იყო. ცოლის გარდაცვალებამდე ის უფრო გახსნილი, უფრო სავსე ცხოვრებით ცხოვრობდა. ვფიქრობ, ესეც მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ამ პერსონაჟის. ამიტომაც მინდოდა, ამ სიმღერით მეჩვენებინა, რომ ის ძალიან წუხს ცოლის გარდაცვალების გამო და სადღაც ინახავს მოგონებას მასზე და იმ დროზე, როცა უფრო ცოცხალი იყო. იმ პერიოდზე, სანამ „ზომბად“ გადაიქცეოდა. მინდოდა, რომ ეს სიმღერა მის შოტლანდიელ ცოლთან დამეკავშირებინა.
ამ სიმღერას ორჯერ ასრულებს. როცა ფილმის ბოლოს მღერის, ეს თითქმის ტრიუმფალურია, მაგრამ, გარდა ამისა, მას სურს, რომ ამ განსაკუთრებულ მომენტში ცოლთან ერთად იყოს. ვფიქრობდი, ეს მნიშვნელოვანი მომენტი იქნებოდა. ჩემი ცოლიც შოტლანდიელია, ეს სიმღერა მისგან ვისწავლე და არა ჩანაწერებიდან. მან კი ბებიამისისგან ისწავლა და ხშირად მღეროდა. ამიტომაც, ეს ჩემთვის ის სიმღერაა, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა და არა ის სიმღერა, რომელიც ჰიტად იქცევა.“ – ამბობს იშიგურო ინტერვიუში.
წლევანდელი ოსკარის დაჯილდოება 12 მარტს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ გარდა მთავარი როლის შემსრულებლისა, ოსკარზე ნომინირებული არის კაზუო იშიგუროც, როგორც სცენარის ავტორი, „საუკეთესო ადაპტირებული სცენარის“ ნომინაციაში.
© არილი