მელბურნის უნივერსიტეტის პროფესორი ედვინა პრესტონი თავის სტატიაში იხსენებს, რომ გასულ წელს იმ მეგობრის დაკრძალვაზე იყო, რომელთან ერთადაც ცხოვრობდა ადრეულ 90-იან წლებში, მელბურნში. მის მეგობარს სკლეროზის აგრესიული ფორმა დაუდგინდა და როცა გარდაიცვალა, უკვე წლები იყო გასული, რაც მისი ხმა აღარ მოესმინათ მეგობრებს. დაკრძალვაზე საერთო მეგობარმა მისი წერილი წაიკითხა, რომელიც 23 წლისამ დაწერა, როცა მოგზაურობდა და თავის დიაგნოზთან შეგუებას ცდილობდა.
ედვინა ჰყვება, რომ ფურცელზე დაწერილმა სიტყვებმა მისი ხმა გააცოცხლა – მხიარული, შეშინებული, გულწრფელი… ასე შეძლეს მისი მოსმენა. მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევა სევდიანი იყო, წერილმა შეახსენა, რამდენად ეფექტური საშუალებაა დროისა და მომენტების შესანახად წერილები. ედვინა წერს იმასაც, რომ მაშინ, როცა სკოლაში სწავლობდა, წერილები კომუნიკაციის ხშირი და ბუნებრივი გზა იყო. სკოლაში სწავლობდნენ, როგორ უნდა დაეწერათ კონვერტზე მისამართი სწორად, ისე, როგორც ამას საფოსტო ოფისები ითხოვდა. ახლა კი ეს გამოცდილება არქაულად იქა.
სწორედ ამ გამოცდილებით შთაგონებული ჰყვება წერილების მნიშვნელობისა და რამდენიმე გამორჩეული წერილის შესახებ.
რა გვეცოდინებოდა წერილების გარეშე ხელოვანებისა და მწერლების, მეცნიერებისა და პოლიტიკოსების, ოჯახის წევრების, მეგობრებისა და საყვარელი ადამიანების შინაგან სამყაროებზე? რა გვეცოდინებოდა თავად ცხოვრებაზე? ან, რაც მნიშვნელოვანია, რა გვეცოდინებოდა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გვეცხოვრა?
სენეკამ თავისი ფილოსოფია 124 „მორალურ წერილში“ გადმოსცა, რომლებსაც თავის ახალგაზრდა მეგობარს, ლუცილიუს სწერდა. ეს წერილები მხოლოდ ნომინალურად არის პირადი მიმოწერა ორ კაცს შორის. რეალურად, ისინი დაწერილია უფრო მეტი მკითხველისთვის, რომლებმაც, შესაძლოა, მორალური დილემებიდან გამოსავალი სენეკას დახმარებით იპოვონ. მაშინაც კი, როცა ერთი მოსაუბრის ხმა არ გვესმის, წერილი მაინც იწვევს ორმხრივობისა და ინტიმურობის შეგრძნებას. როგორც სენეკას მისცა საშუალება წერილებმა, ერთდროულად ერთთანაც ელაპარაკა და მრავალთანაც.
აღსანიშნავია რაინერ მარია რილკეს წერილები ახალგაზრდა პოეტისადმი. ისინი 1903-1908 წლებში დაიწერა და 1929 წელს გამოქვეყნდა. წერილებს სინაზე, სითბო და სენტიმენტალურობა გამოარჩევს.
როგორც დღიური, წერილიც შეიძლება ვიღაცის ცხოვრების ქრონიკად ჩავთვალოთ, მაგრამ რადგან წერილი ორმხრივ კომუნიკაციას მოიაზრებს – ერთგვარ მიმდინარე, დაუმთავრებელ დიალოგს – იგი აცოცხლებს ურთიერთობას და საჭიროებს, იყოს ემოციურად აღსაქმელი მკითხველისთვისაც, რაც დღიურს არ სჭირდება.
წერილს გასართობი ფუნქციის შეთავსებაც უწევს. ესაა წერის ფორმა, რომელიც მწერლის გონებას ანიჭებს თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და ამავე დროს ავტორს აქტიურად აკავშირებს ყურადღებიან და, სავარაუდოდ, კეთილგანწყობილ მკითხველთან – რაც მთავარია, მკითხველთან, რომელსაც იცნობს.
წერილებს გამოარჩევთ ისიც, რომ შესაძლოა, დავივიწყოთ, მაგრამ მაინც აგრძელებენ არსებობას. რილკე და სენეკა მხოლოდ ორი კონკრეტული მაგალითია, მათ გარდა, კიდევ არაერთი საინტერესო ადამიანის წერილებია შემონახული.
მაგალითად, შთამბეჭდავია წერილი, რომელსაც ჯონ სტაინბეკი სწერს თავის ვაჟს 1958 წელს, მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ იგი შეყვარებულია.
„ძვირფასო ტომ,
პირველ ყოვლისა – თუკი შეყვარებული ხარ – ეს კარგი რამ არის. ესაა საუკეთესო რამ, რაც კი შეიძლება ვინმეს შეემთხვეს. არავის მისცე უფლება, რომ მსუბუქ ან უმნიშვნელო რამედ წარმოაჩინოს.
შემდეგ – რამდენიმე ტიპის სიყვარული არსებობს. პირველი ტიპის სიყვარულს შეუძლია, დაგაავადოს, დაგამციროს, დაგასუსტოს. მაგრამ მეორე ტიპისას შეუძლია, გაგაძლიეროს, გაგამხნეოს და მოგცეს ისეთი სიბრძნეც კი, რომელიც თავადაც არ იცოდი, რომ გქონდა.“
ასე ნაზად და გულწრფელად პირისპირაც დაელაპარაკებოდა სტაინბეკი შვილს? შესაძლოა, მაგრამ ზუსტად არ ვიცით. შესაძლებელია ისიც, რომ წერილები განსხვავებულად საუბრის საშუალებას აძლევდა წინა თაობის მამაკაცებს, რომლებიც საუბრისას თავიანთი გრძნობების გამჟღავნებას ერიდებოდნენ.
წერილებს შორის განსაკუთრებული ადგილი სასიყვარულო წერილებს უჭირავს. ამ წერილებში ადამიანები ამბობენ ისეთ რამეს, რასაც არ უნდა ამბობდნენ, მათ შორის ისეთ უხერხულ რამეებსაც, რასაც მოგვიანებით ნანობენ. მაგალითად, ტომას სტერნზ ელიოტმა უარყო მისი მხურვალე წერილები, რომლებიც ემილი ჰეილისთვის ჰქონდა მიწერილი. როგორც მან თქვა, „ეს იყო ჰალუცინირებული მამაკაცის წერილები“. მიუხედავად ამისა, ისინი მოდერნისტი პოეტის განსხვავებულ მხარეს წარმოაჩენენ, იმ მხარეს, რომელსაც მისი გრძნობები მართავდა და, შესაძლოა, უფრო მოწყვლადიც იყო.
გამორჩეულად მხიარულია ჯეიმს ჯოისის ის წერილები მისი ცოლის, ნორა ბარნაკლისადმი, რომლებშიც იგი ცოლის სხეულის ნაწილებს აღწერს. წერილების პუბლიკაციამ 1975 წელს ჯოისის შვილიშვილი გაანაწყენა, თუმცა ეს წერილები ამჟღავნებს, რომ ჯოისსა და მის ცოლს ჯანსაღი სექსუალური ურთიერთობა ჰქონდათ, რომელიც დაცლილი იყო უხერხულობის ან ყალბი სოციალური ვალდებულებებისგან.
1988 წელს დაწერილ ესეში ურსულა ლე გუინი „დედა ენის“ შესახებ წერს. იგი მას აღწერს, როგორც ავთენტურ, ქალების ენას. დედა ენა, ამბობს ის, ლაპარაკობს ინტიმურობით, კავშირის განცდით. ესაა ენა, რომლითაც ღობის მიღმა მეზობელს ველაპარაკებით; ენა, რომელსაც სახლში გვიან დაბრუნებულ შვილებთან ვიყენებთ; ან ის, რომლითაც პარტნიორებს ვახსენებთ, რომ ახლა მათ უნდა გადაყარონ ნაგავი; ან ენა, რომლითაც მეგობრების გაცინებას ვცდილობთ.
აღსანიშნავია, რომ ქალები ხშირად წერდნენ წერილებს, ეს მათთვის თვითგამოხატვისა და კომუნიკაციის აუცილებელი ფორმა იყო. გარდა ამისა, ის არ არღვევდა სტატუს-კვოს და არ ეწინააღმდეგებოდა ქალის საოჯახო მოვალეობებსა და პასუხისმგებლობებს. ასეთი წერილების დასაწერად „საკუთარი ოთახიც“ კი არ იყო საჭირო. წერას შეეძლო ყურადღების გაფანტვისთვის, ხელის შეშლისთვისაც გაეძლო. ამ წერილებში ისინი სწორედ ლე გუინის აღწერილი ენით წერდნენ.
ამიტომაც იყო წერილების ენა უნივერსალური. მაგრამ ამ ენასთან საერთო აღარ აქვს სოციალურ ქსელში გაგზავნილი შეტყობინებების ენას.
ამიტომაც ჩნდება კითხვა – რა ბედი ელით 21-ე საუკუნის მიმოწერებს?
მეილები ნაკლებად სპონტანურია, მათი გადახედვა და წაშლა შეიძლება, მარტივია მათი გაზიარებაც. მათში არ აღიბეჭდება ადამიანის განსაკუთრებული მახასიათებლები – მაგალითად, კალიგრაფია ან ორთოგრაფიული შეცდომები (ავტომატური შემსწორებლები სწრაფად აქრობენ ამ საინტერესო უზუსტობებს). აქედან გამომდინარე, ძნელი წარმოსადგენია, რომ ვინმე 50 წლის შემდეგ ზედი სმითის მეილების კოლექციას გამოსცემს.
© არილი