ესე,  ესე (თარგმანი),  თარგმანი,  პოეზია (თარგმანი),  პორტრეტი

ანტონიო გამონედა – პოეზია ასატანს ხდის ჩვენს ცხოვრებას

პუბლიკაცია მოამზადა და ესპანურიდან თარგმნა ქეთი ჯიშიაშვილმა

          ანტონიო გამონედა მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ესპანური პოეზიის ერთ–ერთი გამორჩეული ფიგურაა. იგი არაერთი მნიშვნელოვანი ლიტერატურული ჯილდოს მფლობელია. 2006 წელს გამონედას ესპანურენოვან სამყაროში ყველაზე პრესტიჟული – სერვანტესის პრემია მიენიჭა. მანამდე, 1988 წელს გახდა პოეზიის ეროვნული ჯილდოს მფლობელი, 2006 წელს დაჯილდოვდა რეინა სოფიას იბეროამერიკული პოეზიის პრემიით და სხვ.

          ანტონიო გამონედა 1931 წელს დაიბადა ქალაქ ოვიედოში. მისი მამა, მოდერნისტი პოეტი, სულ ახალგაზრდა გარდაიცვალა და მხოლოდ ერთი კრებულის გამოქვეყნება მოასწრო. მამის სიკვდილის შემდეგ ანტონიო დედასთან ერთად მშობლიური ოვიედოდან ქალაქ ლეონში გაემგზავრა, სადაც საბოლოოდ დასახლდა კიდეც.

          პოეტის ბავშვობამ სიღარიბისა და ფრანკოს რეპრესიების ფონზე ჩაიარა. თოთხმეტი წლისამ ერთ-ერთი ბანკის ოფისში დაიწყო მუშაობა. მომდევნო ოცდაოთხი წლის განმავლობაში სამსახური არ შეუცვლია, იცვლებოდა მხოლოდ თანამდებობები.

          მომავალმა პოეტმა განათლება კულტურისა და ლიტერატურის სფეროში მიიღო. სწავლის  საფასურის გადახდა საკუთარი ძალისხმევით უწევდა. ახალგაზრდო­ბიდან მოყოლებული, ინტენსიურად აქვეყნებდა ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში.

          1969 წელს გამონედა რეგიონულ განყოფილებაში გადავიდა სამუშაოდ და კულტურული პროექტების განხორციელებას შეუდგა. ამას მოჰყვა სიერა პამბლეის ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობა. ფონდი მუშებისა და გლეხების განათლების ხელშეწყობას ისახავდა მიზნად.

          ცენზურასთან პრობლემების გამო გამონედა ხანგრძლივი დროის განმავლობაში იძულებული იყო, უარი ეთქვა გამოქვეყნებაზე, თუმცა წერა არ შეუწყვეტია. ლექსების დაბეჭდვა მხოლოდ ფრანკოს სიკვდილის შემდეგ, 80–იანი წლებიდან შეძლო. მისი წიგნები გამოსვლისთანავე კასტილია და ლეონის პრემიითა (1985) და პოეზიის ეროვნული ჯილდოთი (1987) აღინიშნა.

          გამონედას შემოქმედებით ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მხატვრებთან თანამშრომლობას, რომლის დროსაც პოეტი და მხატვარი ერთად ცდილობდნენ, შეექმნათ პოეტური სახის ადეკვატური ვიზუალური ხატი. ამ მხრივ წარმატებული გამოდგა თანაშემოქმედება ცნობილ აბსტრაქციონისტ ანტონიო ტაპიესთან, ალვარო დელგადოსთან, ამალია ბოსალთან, ხუან კარლოს მესტრესა და ლუის მოროსთან.

          გამონედას განსაკუთრებული ინტერესი სხვა შემოქმედების მიმართ ასახვას პოულობს ესეების კრებულში, სადაც იგი ცნობილი პოეტების, ხორხე გილენის, ლუის სერნუდას, ბერნარდ ნოელის, ბლანკა ვალერას, ნაზიმ ჰიკმეტის, ხოსე ანხელ ვალენტესა და სხვათა შემოქმედების ღრმა ლიტერატურულ რეფლექსიებს გვთავაზობს.

          ანტონიო გამონედას 50-ანელთა თაობას აკუთვნებენ, თუმცა თავად პოეტი ამ მოსაზრებას არ იზიარებს, რადგან მისი შემოქმედება დამოუკიდებლად ვითარდებოდა და რეალურად არასოდეს გადაკვეთილა ამ შემოქმედებით ჯგუფთან. ამას ემატება ისიც, რომ გამონედას სრულიად განსხვავებული, საკუთარი სტილი აქვს, რომლის წყალობითაც მან გვიან, მაგრამ მაინც მოიპოვა აღიარება. როცა სერვანტესის პრემიის მიღების შემდეგ 50-ანელთა შესახებ დაუსვეს კითხვა, გულწრფელობის შემოტევისას პოეტმა უპასუხა, რომ სახელწოდება ,,50–ანელთა თაობა’’, მისი აზრით, მხოლოდ მარკეტინგული ხრიკია: ,,ჩემთვის რომ ეკითხათ, ალბათ, უფრო დაუნდობელი ვიქნებოდი და ვიტყოდი, რომ ეს თაობა არ არსებობს, ის მოიგონეს, რათა რამდენიმე მეგობარს თავის თანამედროვეებს შორის უპირატესობა მოეპოვებინა, პოპულარული გამხდარიყო და საკუთარი სახელი სახელმძღვანელოებში მოეხვედრებინა. რაც შემეხება მე, ჩემი მიმართულებით მათ არც ერთი ნაბიჯი არ გადმოუდგამთ, ეს არც მე გამიკეთებია.’’

          ახლა უკვე ოთხმოცდაათი წლის გამონედა ხშირად საუბრობს პოეზიის როლზე ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამბობს, რომ ,,გული წყდება იმის გამო, რომ თანამედროვე საზოგადოებამ არ დატოვა ადგილი პოეზიისათვის, მიუხედავად იმისა, რომ მილიონობით ადამიანი მის გარეშე უბრალოდ ვერ ცხოვრობს. მათ ნამდვილად აქვთ საჭიროება და სურვილი, რომ პოეზიას საკუთარი სივრცე ჰქონდეს დეჰუმანიზებულ საზოგადოებაში. პოეზია ხომ ასატანს ხდის ჩვენ ცხოვრებას, რომელიც, ყველაზე უკეთეს შემთხვევაში, ობიექტური სახით ავლენს თავს, უფრო ხშირად კი ბოროტია.”

ანტონიო გამონედა

                    * * * *

მიყვარდა. ეს ისეთივე უცნაურია, როგორიც ვერხვის შრიალი.

ახლა სინათლემ შთანთქა ჩემი არსება, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ მიყვარდა.

მე მასში ვარსებობდი და მისი სისხლი ჩემს ძარღვებში მიმოდიოდა.

ვიკარგებოდი მუსიკაში. მე თვითონ ვიყავი მუსიკა.

ახლა კი… ვინაა ეს ბრმა ჩემს თვალებში?

ჩემს სახეზე მოალერსე ხელები ტკბილად მაბერებდნენ.

ნეტავ რა იყო ცხოვრება დავიწყებასა და თოკებს შორის?

ვინ იყო დედაჩემის მკლავებში, ვინ იყო ჩემს საკუთარ გულში?

უცნაურია,

მხოლოდ არცოდნა და დავიწყება ვისწავლე.

უცნაურია,

სიყვარული ისევ ცოცხლობს დავიწყებაში.

               ვეცემი შენს ხელებში

როცა ჯერ კიდევ არ ვიცოდი,

რომ ხელებში ვცხოვრობ,

ისინი ჩემს სახესა და გულს ეხებოდნენ.

მე ვგრძნობდი, რომ ტკბილია ღამე, როგორც თბილი რძე

და დიდი…

უფრო დიდი, ვიდრე ჩემი ცხოვრება.

დედა:

ეს შენი ხელები იყო ღამესთან ერთად

და სიბნელესაც ამის გამო ვუყვარდი მხოლოდ

აღარაფერი მახსოვს, მაგრამ

იქ, სადაც მეტად ვარსებობ – დავიწყებაში,

შენი ხელები და ღამე

სულ თან მდევენ,

სულ ჩემთან არიან.

და როცა ხანდახან ჩემი თავი დაეკიდება და ზემოდან დასცქერის მიწას,

მეტს ვეღარ ვუძლებ და სამყარო ცარიელდება,

მუხლებზე ვდგები,

რომ ვისუნთქო შენი ხელები,

ვეშვები დაბლა.

შენ ჩემს სახეს ფარავ, მე პატარა ვარ,

შენი ხელები კი დიდია. კვლავ მოდის ღამე,

და მე ვისვენებ ადამიანობისგან.

ვისვენებ ადამიანობისგან.

                    თრობა მელანქოლიით

ვიღაც შემოდის თეთრ მეხსიერებაში, ქვად ქცეულ გულში.

ვხედავ შუქს ნისლში და ამ შეცდომის სიტკბოება მაიძულებს დავხუჭო თვალი.

ეს მელანქოლიით თრობაა; მაგრამ როგორ დავყნოსო სნეული ვარდი,

მოციმციმე – სურნელებასა და სიკვდილს შორის.

                        სიყვარული

ჩემი შენდამი სიყვარული უბრალოა:

ტანზე გიხუტებ, თითქოს სიმართლე აკლდეს ჩემს გულს,

შენს სხეულს კი მისი მოცემა შეეძლოს.

თმას რომ გიწეწავ,

რაღაც მშვენიერი იბადება ჩემს თითებს შორის.

სხვა რა ვთქვა. მე მხოლოდ ვცდილობ, შენთან ერთად მშვიდად ვიცხოვრო.

მშვიდად ვიცხოვრო იმ ამოუცნობ მოვალეობასთან,

ხანდახან მძიმე ტვირთად რომ აწვება ჩემს გულს.

                     ვნახე ჩაძირული ლავანდები

ჯამში დამბალ ლავანდებს მოვკარი თვალი და აენთო ხილვა.

წვიმის მიღმა დავინახე ავადმყოფი გველები, ლამაზი, გამჭვირვალე წყლულებით. ეკლებითა და ჩრდილებით შეწუხებული ხილი, ნამით აღგზნებული ბალახი. დავინახე განწირული ბულბული, მისი შუქით სავსე ყელი.

ვუყურებ ნაწამებ ბაღს და ვფიქრობ ყოფიერებაზე. თავბრუდამხვევი სისწრაფით ჩამიქროლეს თვალწინ ჭაღარა დედებმა.

ჩემი ფიქრი მარადისობაზე ადრინდელია, მაგრამ სად არის მარადისობა. ახალგაზრდობა ცარიელ საფლავს შევალიე. დავუძლურდი შეკითხვებით, რომლებიც დღემდე ჩამესმის, როგორც ცხენის ფლოქვების ხმა, მეხსიერებას სევდიანად რომ ეხეთქებიან.

ახლაც, ისევ საკუთარი თავის ირგვლივ ვტრიალებ, თუმცა ვიცი, რომ საბოლოოდ ჩემი გულის სიცივეში გადავეშვები.

ასეთია სიბერე: სიცხადე შესვენების გარეშე. 

                         ამბოხი

გეფიცებით, სილამაზე არ შობს მშვენიერ სიზმრებს.

უფრო უძილობას, ყინულივით წმინდას

და მეხივით მყიფეს, მოუქნელს.

ვაჟკაცი უნდა იყო, სილამაზე რომ აიტანო:

შიშის გამო ვინ

გაუთხრის ცალ-ცალკე საფლავს

უბრალო პურს და მჭახე მუსიკას.

ოჰ, ეს მხდალები,

საკუთარ ჩრდილსაც რომ გაურბიან.

ერთ დღეს, მართლა რომ ამეტყველდეს ეს მდუმარება,

შეისუნთქავდნენ აჩრდილთა კვამლს?

ან სიმღერით შეხვდებოდნენ ლანდად გარდაქმნას?

და ესენი,

ეს საბრალო შეყვარებულები,

ტკივილით რომ იმართლებენ თავს,

გაფრთხილდით, ასე ყმუილი სჩვევიათ ძაღლებს.

ჩვენ სიყვარულზე უფრო წმინდას უნდა ვუმღეროთ,

ცოცხალ ქანებში, მატერიათა მბორგავ სხეულში,

მწყობრად დინებას აბრკოლებს რაღაც.

ეს სიკვდილი არ არის,

ეს უხილავი წესრიგია თავისუფლება.

მე მოვითხოვ სიმშვიდის ამბოხს, უძრავ ქარიშხალს.

ვნატრობ და ვითხოვ სილამაზე გახდეს ძალა და პური,

ტკივილის საზრდო, მისი სასახლე.

დიახ, ვუხმობ სამართალს და სილამაზეს.

რომ თავის ნებით აირჩიოს კაცმა სინათლე

მოვკვდები კიდეც

ასეთი თავისუფლებისთვის.

© არილი

Facebook Comments Box