26 მაისიდან 29 მაისის ჩათვლით თბილისის წიგნის რიგით 24-ე საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. პანდემიის მიწურულს ფესტივალი სრულად უბრუნდება ტრადიციულ ფორმატს. შესაბამისად, “ექსპო ჯორჯიას” მე-11 პავილიონში წარმოდგენილი იქნება, როგორც ქართველი, ისე უცხოელი გამომცემლების მთავარი სტენდები. ამავდროულად, სურვილის შემთხვევაში, მომხმარებელს საშუალება ექნება წიგნები საფესტივალო ფასებად შეიძინოს ონლაინ რეჟიმში ვებ-გვერდზე www.tbilisibookfestival.ge
ქართველი ავტორები, ზვიად კვარაცხელია და გიორგი ლობჟანიძე, მკითხველს შემდეგი წიგნების შეძენას ურჩევენ:
ზვიად კვარაცხელიას რჩეული წიგნები:
დავით წერედიანი „თვალი თვალში”, გამომცემლობა “ინტელექტი”
დიდი ქართველი პოეტისა და მთარგმნელის, დავით წერედიანის დიალოგები, წერილები, ლიტერატურული პორტრეტები და სატირული ესეების კრებული, რომელშიც პირველად მოიყარა თავი ლიტერატურული პერიოდიკის ფურცლებზე გაფანტულმა თუ სულაც გამოუქვეყნებელმა ტექსტებმა, რომელიც სრულიად ახლებურად, განსხვავებულად დაგვანახებს კლასიკურ თუ მეოცე საუკუნის ქართულ და უცხოურ ლიტერატურას, აღიარებულ შედევრებსა თუ ჯერაც აღმოსაჩენ ავტორებს.
„ეს წიგნი არის გზამკვლევი ჩვენს ლიტერატურაში და როდესაც ვამბობთ, რომ ქართული ლიტერატურა არის დასავლური ლიტერატურის წრეში, ეს წიგნი ამას ადასტურებს. დავით წერედიანი არის იმ რანგის ლიტერატორი, იმ რანგის მოვლენა, რომ თამამად ჩადგება საუკეთესო დასავლელ მწერალთა შორის“, – როსტომ ჩხეიძე.
კლაუს მანის „მეფისტოფელი” (გერმანულიდან თარგმნა დავით კაკაბაძემ), გამომცემლობა “ინტელექტი”
“მეფისტოფელი, ანუ ერთი კარიერის ამბავი“ კლაუს მანის მეექვსე რომანი და მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია. იგი ემიგრაციაში დაიწერა და 1936 წელს გამოქვეყნდა. თავად გერმანიაში რომანმა დღის სინათლე პირველად მხოლოდ 1956 წელს იხილა, და ისიც მხოლოდ გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში.
ეს რომანი ნაცისტური გერმანიის საზოგადოებაზე შექმნილი ერთ-ერთი პირველი კრიტიკული ნაწარმოებია. მოგვითხრობს ნაცისტური გერმანიის კულტურული ცხოვრების გავლენიანი ფიგურის, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, „მკვლელთა გამრთობ ტაკიმასხარის“ სულიერი დეგრადაციის ამბავს.
თავისთავად, მაღალმხატვრული ღირსების მიღმა, რომანის აქტუალობას მიმდინარე ომი, რუსული აგრესია და, ზოგადად, დღევანდელი მსოფლიოს გეოპოლიტიკური სიტუაციაც განაპირობებს.
თედო სახოკია, „მოგონებანი”, გამომცემლობა „არტანუჯი“
„დავიბადე 1868 წლის მარტის 2, სოფელ ხეთაში, მღვდლის ოჯახში…ბებიამ ჭიპის მოჭრასთან ერთად პირში ჩხიკვის ფრთა გამომავლო თურმე – ენას ადრე ამოიდგამსო…“ – თედო სახოკია.
XIX-XX საუკუნის გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე თედო სახოკია ქართველი მკითხველისათვის ცნობილია როგორც, ეთნოგრაფი, ფოლკლორისტი, ლექსიკოგრაფი, მთარგმნელი (თარგმნიდა 5 ევროპული ენიდან). მისი ნაშრომები ფასდაუდებელია ქართველი ხალხის ყოფისა და კულტურის ისტორიისათვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მემუარული ჩანაწერები.
წინამდებარე წიგნი სწორედ თედო სახოკიას მოგონებათა ჟანრის ორ ნაშრომს აერთიანებს: „როგორ ვიზრდებოდით ძველად“ და „ჩემი საუკუნის ადამიანები“. მასალები ავტორის თანამედროვე ქართველ მოღვაწეთა და ამ პერიოდის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს.
ანა პოლიტკოვსკაია, „პუტინის რუსეთი” (რუსულიდან თარგმნა გვანცა ჯობავამ), გამომცემლობა „არტანუჯი“
ეს წიგნი ვლადიმერ პუტინზეა, მაგრამ არა ისეთ პუტინზე, როგორსაც ჩვეულებრივ იცნობენ დასავლეთში, არა ვარდისფერი სათვალით დანახულ ვლადიმერ პუტინზე.
უკრაინული წარმოშობის რუსი ჟურნალისტი ანა პოლიტკოვსკაია „ნოვაია გაზეტას“ სპეციალური კორესპონდენტი იყო. „ნიუ იორკ ტაიმსს“ თუ დავეყრდნობით, ის უშიშრად ამხელდა რუსეთის პრეზიდენტებს, პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, გენერლებს, ბიუროკრატებსა და სხვა გავლენიან ხალხს. ანა პოლიტკოვსკაიამ ჩეჩნეთის ომის შესახებ გაბედული რეპორტაჟებით გაითქვა სახელი, რეპორტაჟებით, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში იყო როგორც ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა. უფრო მოგვიანებით კი, მან უშუალოდ ვლადიმერ პუტინზე დაიწყო წერა, რაც ჟურნალისტს საბოლოოდ სიცოცხლის ფასად დაუჯდა.
ანა პოლიტკოვსკაიას მხატვრულ-დოკუმენტური რომანი „პუტინის რუსეთი“ 2004 წელს დიდ ბრიტანეთში გამოქვეყნდა და მაშინვე ბესტსელერად იქცა. ითარგმნა და გამოიცა უამრავ ქვეყანაში: ამერიკის შეერთებულ შტატებში, დანიაში, ფინეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, ჰოლანდიაში, იტალიაში, იაპონიაში, ნორვეგიაში, ესპანეთსა და შვედეთში. წიგნი რუსეთში არ გამოცემულა.
თეიმურაზ დოიაშვილი და ნათია სიხარულიძე, “გალაკტიონი უცენზუროდ”, გამომცემლობა „არტანუჯი“
ამ წიგნის იდეის ავტორი თავად გალაკტიონია, რომელსაც სურდა ერთად შეეკრიბა თავისი ეპიგრამები – ცენზურაგაუვლელი ლექსები.
კრებული დოკუმენტურ მასალას ეყრდნობა, ძირითადად, პოეტის ჩანაწერებს, აგრეთვე, სანდო მოგონებებსა და გადმოცემებს. ამბები საჭირო ფონს, ინფორმაციულ კონტექსტს ქმნის ეპიგრამების, მახვილსიტყვაობისა თუ არაორდინალური პერსონაჟის უცნაური ქცევის აღსაქმელად. გვაცნობს სხვა გალაკტიონს – არა პოეზიის მეფესა და უკვდავი ლირიკული შედევრების ავტორს, არამედ – პოეტი-ეპიგრამისტს – ღიმილიანს, ირონიულს, აღშფოთებულს, ზოგჯერ – ცინიკურსა და სკაბრეზულსაც კი.
წიგნს დამატების სახით ერთვის პოეტის მიერ სხვადასხვა დროს შეკრებილი სახუმარო ამბები, დიალოგები, ანეკდოტები. ტექსტი გაფორმებულია გალაკტიონის ჩანახატებით.
ალექსანდრე მიქაბერიძე, ლევან მიქაბერიძე, ნიკა ხოფერია, „ნაპოლეონის მარშლები”, გამომცემლობა „არტანუჯი“
„აქ არის ოცდაექვსი კაცი, რომლებიც ეპოტინებოდნენ გვირგვინებს, ცხარედ კამათობდნენ ერთმანეთში, ხლართავდნენ ინტრიგებს, იბრძოდნენ, ლაშქრობდნენ და ეცემოდნენ ყველა დროის უდიდესი მხედართმთავრის მეთაურობით. ისინი იყვნენ არისტოკრატიიდან, საშუალო ფენიდან თუ მდაბიოთაგან, სამი რამ ჰქონდათ საერთო – ამბიცია, უკიდურესი სიმამაცე და ის თავისებური სიამაყე, რომელიც ან წარმატების მწვერვალს მიაღწევინებს კაცს, ან დაამდაბლებს მას ბავშვური აზროვნების დონემდე“. – რონალდ ფ. დელდერფილდი
იმპერიის პერიოდში ნაპოლეონმა სულ 26 მარშალი დანიშნა. მათ ცხოვრება ქაოტურ, ომითა და სისხლისღვრით აღსავსე წლებში გაატარეს. ყველამ დიდების მწვერვალს მიაღწია. ზოგიერთი ადრევე დაიღუპა, ზოგმა კი დიდხანს იცოცხლა და მონაწილეობა მიიღო საფრანგეთში შემდგომში მომხდარ დიდ გარდაქმნებში.
გიორგი ლობჟანიძის რჩეული წიგნები:
“ეს წიგნები შევარჩიე ჯერ ერთი თარგმანის ხარისხის მიხედვით. ამდენ წამლეკავ ნაგავში, რაც თარგმანის სახელით საღდება ეს წიგნები, ნამდვილი მთარგმნელების ნამუშევარია. მეორეც, ამ წიგნებში დასმული პრობლემატიკის მიხედვით. დაჩა მარაინის რომანი იტალიაში არასრულწლოვანი გოგონების პროსტიტუციის პრობლემაზე მოგვითხრობს და ააშკარავებს ბევრ ისეთ თემას, რაც ქართული საზოგადოებისათვისაც მტკივნეულია, მაგრამ აქ მკაცრად არის ტაბუდადებული. ტაბუების მსხვრევაა მარკიზ დე სადის ძალიან გახმაურებული რომანის მთავარი მიზანი. უცნაურია, რომ სადი ქართულად პირველად ითარგმნა. ამ წიგნში ყველაზე მკაფიოდაა ნაჩვენები რელიგიური ფარისევლობის მთელი შემზარაობა. და ბოლოს, კარლოს რუის საფონის წიგნი ჩემთვის არის ყველაზე დიდი წიგნი ესპანურ ლიტერატურაში “დონ კიხოტის” შემდგომ”.
დაჩა მარაინი, “გოგონა და მესიზმრე კაცი” (იტალიურიდან თარგმნა ნუნუ გელაძემ), გამომცემლობა “კლიო”
დაჩა მარაინი ჩვეულ ამპლუაში რჩება და კვლავაც ისეთ პრობლემას წამოჭრის, რომელზე ლაპარაკსაც ადამიანები, ჩვეულებრივ, გაურბიან ანდა ამჯობინებენ, გვერდი მრავალმნიშვნელოვანი დუმილით აუარონ.
არადა, ბავშვთა პროსტიტუციის საკითხი, რომელიც თანამედროვე მონათმფლობელობის უმძიმეს ფორმას წარმოადგენს, დღევანდელი მსოფლიოს ერთ-ერთი ჭირია.
მწერალი მოურიდებლად, მე ვიტყოდი, უშიშრად გვიყვება ამ პრობლემის არაერთ ასპექტზე და არაჩვეულებრივი ლიტერატურული ოსტატობის წყალობით რომანს, რომელიც მოსალოდნელი იყო, რომ ჟურნალისტიკის ჩარჩოებს ვერ გასცილებოდა, დიდი ლიტერატურის მრავალშრიან, წინააღმდეგობრივი შუქ-ჩრდილებით სავსე, დაუვიწყარ ნიმუშად გადააქცევს.
ქართული თარგმანი მთელ ამ ნიუანსებს ადეკვატურად ასახავს და წიგნი ქართველი მკითხველისთვისაც ორიგინალის სადარი შთაბეჭდილებით იკითხება.
მარკიზ დე სადი, “ფილოსოფია ბუდუარში ანუ უზნეო აღმზრდელნი” (ფრანგულიდან თარგმნა ვალერი ოთხოზორიამ) გამომცემლობა ‘ინტელექტი”
„ფილოსოფია ბუდუარში“ XVIII-XIX საუკუნის ყველაზე ეპატაჟური ფრანგი მწერლის, დონატიე ალფონს ფრანსუა დე სადის, იგივე მარკიზ დე სადის (1740-1814) პირველი წიგნია, რომელიც ქართულად ითარგმნა.
მარკიზ დე სადმა დიდი გავლენა მოახდინა ევროპულ კულტურაზე: რომანტიკოსებზე, დეკადენტებსა და ნიჰილისტებზე, უფრო მოგვიანებით კი სიურრეალისტებზე, რომლებიც მას „ღვთაებრივ მარკიზს“ უწოდებენ. მარკიზ დე სადის სახელი გამოიყენა ფსიქიატრმა რიჩარდ ფონ კრაფტ-ებინგმა, როცა სხვისთვის ტკივილის მიყენებით გამოწვეულ სიამოვნებას სადიზმი უწოდა. დე სადი ქალებისადმი სასტიკი მოპყრობის გამო რამდენჯერმე იჯდა ციხეში და თავისი ნაწარმოებების დიდი ნაწილი სწორედ გისოსებს მიღმა დაწერა.
„ფილოსოფია ბუდუარში“ 1795 წელს დაიწერა. კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ამ რომანში სადი თეორიის (ფილოსოფიის) პრაქტიკად (ეროტიკად), ხოლო პრაქტიკის ფილოსოფიად გარდაქმნას ცდილობს. ესაა, ერთი მხრივ, რომანი სხეულის ამბოხის შესახებ, მაგრამ ამავე დროს ფილოსოფიური ტრაქტატი, სადაც ავტორის ხედვაა წარმოდგენილი პიროვნული თავისუფლების, იდენტობის, საზოგადოებისა და ადამიანის, როგორც „პოლიტიკური ცხოველის“, შესახებ.
კარლოს რუის საფონი, ” ქარის ჩრდილი” (ესპანურიდან თარგმნა მაია მარჯანიშვილმა), გამომცემლობა “არეტე”
“ეს თავგადასავალი მკითხველის თავგადასავალია, პირველივე გვერდიდან რომ ჩაგითრევს და მიგიზიდავს. კარლოს რუის საფონის მთავარი გმირი მკითხველია. მისი თხრობის მანერა იმით არის განსაკუთრებული, რომ ერთდროულად რამდენიმე წიგნს კითხულობ”: წიგნების მაღაზიის ახალგაზრდა გამყიდველის, წიგნიდან წიგნში მონაცვლე პერსონაჟების, ავტორის ბიოგრაფიისა და საბოლოოდ ჩვენი, მკითხველის ამბავს.
მოქმედება ბარსელონაში ვითარდება. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ იქ დიქტატურა და ძალადობაა. სიუჟეტურად ეს თითქოსდა დეტექტიური რომანი უდიდესი სიყვარულის და სიძულვილის, მეგობრობის და თავდადების ამბავს მოგვითხრობს.