ესე,  კრიტიკა

ხათუნა ხაბულიანი – იდეალური ქალაქი

khatuna176567

დიდი ქალაქი არ  ნიშნავს ხალხმრავალ ქალაქს.

არიტოტელე

თბილისის წყალდიდობის კადრები სანახაობრივი მასშტაბებით ვერ შეედრება ცუნამებისა და ქვიშის ქარიშხლების ფოტოებს, რომლებიც პოპულარულ ფოტოკონკურსებში იმარჯვებენ და გლობალური ქსელის ვიზუალური აქცენტები ხდებიან არც ისე დიდი ხნით. ტრაგედიის განცდისთვის კი მნიშვნელობა არ აქვს მსხვერპლის რაოდენობრივ მაჩვენებელს. ერთი სიცოცხლის დაკარგვაც მთელი  სამყაროს დაკარგვაა და ვერც იმ სურათს ნახავ ყოველდღე, როცა წყალს მიაქვს სახლები და ერთ წუთში შეიძლება გაქრეს ის, რასაც ქალაქი ერქვა თავისი ისტორიითა და ადამიანებით. ამ მომენტში განსაკუთრებით ძლიერდება ქალაქის სხეულებრივი განცდა, მისი მოქალაქეების მხრიდან საკუთარი თავის ქალაქის ნაწილებად აღქმა და სავსებით ბუნებრივია რეაქცია, როცა ადამიანები ქალაქის ჭრილობების წმენდას იწყებენ. შესაძლოა იტალო კალვინოს „უხილავი ქალაქების“ მთხრობელი  მარკო პოლო თბილისზეც ჰყვებოდეს რამეს. იქნებ ეს იყო ქალაქი გაშენებული  მიწისქვეშა უხილავი ტბის ზემოთ, რომელიც „დახვეწილ ქალაქებშია“ მოხსენიებული. ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც ყველა ქალაქს, თბილისსაც აქვს თავისი მეხსიერება, რომელიც კალვინოსავე სიტყვებით „ისევეა აღბეჭდილი, როგორც  ხაზები ხელზე“. თბილისს კიდევ ერთი ასეთი ხაზი დაემატა, რომელიც ოდესმე ვიღაც გაბრუებულ პილიგრიმს რაღაცას მოუყვება და თავგადასავალში წაიყვანს. ურბანისტები კი სხვანაირად მსჯელობენ და მათი კითხვები არსებითად  ფილოსოფიური კითხვებია, რომლებზეც საბოლოო პასუხს არავინ ელოდება: რა არის ქალაქი? რა არის კარგი ქალაქი? რა არის იდეალური ქალაქი?.. ურბინოს გალერეა დელ მარკეში ინახება რენესანსული მხატვრობის ცნობილი ნიმუში – „იდეალური ქალაქი“ (1475), რომელზეც ფიქრობენ, რომ პიერო დელა ფრანჩესკასია, თუმცა სხვა მოსაზრებებით ის შეიძლება ლუჩანო დე ლურანას ან მელოცო დე ფორლისაც ეკუთვნოდეს. სურათი იდეალურია თავისი პროპორციებით, პერსპექტივის კლასიკური თეორიების გათვალისწინებითა და მათემატიკური  სიზუსტით. პერსპექტიული პროექცირების მეთოდი მეთხუთმეტე საუკუნის იტალიაში დამკვიდრდა სამგანზომილებიანი ობიექტის წარმოსადგენად ორგანზომილებიან სიბრტყეზე. ობიექტის მასშტაბი და პოზიცია იცვლება მანძილისა და თვალის კუთხის მიხედვით. იმ შემთხვევაშიც კი, როცა მზერის კუთხე იცვლება, ჰორიზონტალური ხაზი თვალის სიმაღლეზე რჩება. არსებობს პერსპექტივის გადმოცემის სხვადასხვა მეთოდები. „იდეალური ქალაქი“ ერთი წერტილიდან პროექცირებულ პერსპექტივას აჩვენებს.

სურათზე სავარაუდოდ იდეალური ქალაქის მთავარი მოედანია გამოსახული ადამიანებისა და სიცოცხლზე სხვა  მინიშნებების გარეშე. ცენტრში როტონდის ტიპის კოლონებიანი შენობაა, ორივე მხარეს სამ-ოთხ სართულიანი სწორკუთხა შენობები მიუყვება სიმეტრიულად, ტიპიური რენესანსული ფასადებით. იდეალური ქალაქის სხვა ვერსია (1480-1484) ეკუთვნის ასევე კვატროჩენტოს მხატვარს ფრა კარნივალეს (უოლტერსის მუზეუმი, მერილენდი/ბალტიმორი).  მსგავსად უკვე მოხსენიებული მაგალითისა, აქაც ადამიანებისგან დაცლილი ქალაქის მთავარი მოედანია, სიმეტრიული, იდეალური პროპორციებით, ცენტრში ერთი შენობის ნაცვლად ტრიუმფალური თაღია, მის ორივე მხარეს ჰორიზონტალურ ხაზს აგრძელებენ ექვსწახნაგიანი ტაძარი და ცილინდრული, კოლონადებიანი ნაგებობა. გვერდითი პარალელური ხაზები პერსპექტივის პრინციპით ვითარდება სიღრმისკენ ასევე სამ-ოთხ სართულიანი სწორკუთხა ნაგებობებით. იდეალური ქალაქის იდეა ამავე ეპოქის ასევე მნიშვნელოვანი ფიგურის – ლეონ ბატისტა ალბერტისგან მოდის, რომელიც ავტორია ნაშრომისა „ათი წიგნი არქიტექტურის შესახებ“. ალბერტი ნაცვლად ინდვიდუალურად დაპროექტებული ნეგებობებისა, ემხრობიდა ზოგადად ქალაქის დაგეგმარებას, სადაც პირველ რიგში ამოირჩეოდა ქალაქისთვის შესაფერისი ადგილი და შემდეგ ხდებოდა ქუჩების მიმართულებისა და ზომების განსაზღვრა, ხიდებისა და კარიბჭეების ჩართვა და სრულყოფილ სიმეტრიაზე დაფუძნებული ნაგებობების დაპროექტება. იდეალური ქალაქი აღიქმებოდა უტოპიად, რადგან  მიზანშეწონილ პლანიმეტრიას, რომელიც გულისხმობდა იდეალური სრულყოფილების გეომეტრიულსა თუ ესთეტიკურ სტანდარტებს, რეალობაში ვერ განახორციელებდნენ. იდეალური ქალაქის წარმოსახვითი ვერსიები ძალიან ჰგავს ერთმანეთს უტოპისტი მწერლებისა და ფილოსოფოსების წარმოსახვითა და ლოგიკით გაწონასწორებულ მოდელებში. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა მკვლევარი ფრენკ ქენინგემი აღწერს უტოპისტი ფილოსოფოსების წარმოდგენების მთავარ ნიშნებს იდეალურ ქალაქთან მიმართებაში, რომლებმაც დიდი გავლენა მოახდინეს თანამედროვე ურბანისტების თეორიებში. პლატონიდან დაწყებული იდეალური ქალაქის მოდელი განსაკუთრებით პოპულარული ხდება მეთექვსმეტე საუკუნიდან. „უტოპია“ ანუ „არსად“ პირველად ჩნდება თომას მორის წიგნში 1515 წელს, სადაც არ არის კერძო საკუთრება, სამუშაო დღე ექვსი საათით შემოიფარგლება, უბრალო ტანსაცმლით შემოსილი ადამიანები მარტივი ცხოვრების წესს მისდევენ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისუფთავე, ჯანმრთელობა და მუსიკა. მმართველობის ფორმა აქ მერიტოკრატიაა, – მართავენ ბრძენი და განსაკუთრებით ნიჭიერი „სიფოგრანტები“. ფრენსის ბეკონის დაუსრულებელი რომანი „ახალი ატლანტისი“ (1622) ბევრ მოსაზრებას იზიარებს თომას მორის წიგნიდან, თუმცა ძირითადი აქცენტი აქ ოჯახების მნიშვნელოვან როლზეა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ფუნქციონირებისათვის. აქ ასაკოვანი ადამიანები 600 საჟენი სიღრმის გამოქვაბულებში დროებითი ანაბიოზის მდგომარეობაში იმყოფებიან იმ დრომდე, სანამ სიცოცხლის გამახანგრძლივებელ წამლებს გამოიგონებენ. თომაზო კამპანელას „მზის ქალაქში“ (1602) ასევე არ არსებობს კერძო საკუთრება და სქესების სრული თანასწორუფლებიანობაა. ქანინგემის აზრით, თანამედროვე ურბანისტებზე ყველაზე დიდი გავლენა შარლ ფურიეს უტოპიურმა თეორიამ მოახდინა. უტოპიური ქალაქი ფალანსტერი სამასი ოჯახისგან შედგება, რომელთაგან თითოეულში ხუთი წევრია. ოჯახებს საკუთარი საცხოვრებლები აქვთ, მაგრამ სამზარეულოები კომუნალურია და ერთად სადილობენ. ამ უტოპიის ეკონომიკური და სოციალური საფუძვლები ფურიეს მიერ ჩამოთვლილ საბაზისო ემოციებს ეყრდნობოდა: ცვლილებებისა და მრავალფეროვნების მოთხოვნილება, ინტრიგებისადმი ინტერესი და შური,  და მის მიერ „კომპოზიტად“ წოდებული სიამოვნება მიღებული სხეულისა და გონების ერთიანობისაგან. ფურიეს აზრით, მრავალფეროვნების მოთხოვნილება დაკმაყოფილდებოდა იმ გზით, რომ ადამიანები მონაცვლეობით შეასრულებდნენ სხვადასხვა სამუშაოს და შური კი ხელს შეუწყობდა ეკონომიკური კონკურენციის პროდუქტიულობას. სხეულისა და გონების ერთიანობა მიღწეული იქნებოდა მუსიკითა და მზარეულის საქმით. უტოპიური ქალაქების კონცეფციების ავტორებს არსებული ქალაქების შეცვლა უნდოდათ უფრო რაციონალური, კომფორტული, საინტერესო მოდელებით, სადაც ცხოვრება იქნებოდა საინტერესო, ნაკლებად სტრესული, რომელიც უახლოვდებოდა წარმოდგენებს „სამოთხის“ გაგებაზე. უტოპიური ქალაქების მახასიათებლებში ქანინგემი კიდევ ერთ მომენტზე ამახვილებს ყურადღებას, – ეს არის გალავანი. ყველა ეს ქალაქი კედლებით არის შემოფარგლული მიუხედავად იმისა, რომ აქ არ იციან ომი. ეს კედლები უფრო „ფსიქოლოგიურ და სიმბოლურ ფუნქციებს ატარებენ. უტოპიელებს სურდათ ქალაქები თვითმყოფადები და გარე ჩარევისგან თავისუფლები ყოფილიყვნენ“.

ფურიეს ფალანსტერის ნაგებობების იდეა საფუძვლად დაედო ლე კორბუზიეს მოდერნისტულ ვერსიას საცხოვრებლის შესახებ, რომელიც ცნობილია სახელით – Unité d’habitation. ამ პრინციპით განხორციელებული არქიტექტურის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნიმუში  Cité radieuse – სხივოსანი ქალაქი (1952) – მარსელში აშენებული კორპუსია. ეს შენობა ერთგვარი რაციონალური ვერსიაა იდეალური ქალაქის სახლებისა, რომლის განხორციელებაც მეოცე საუკუნის შუა წლებში გახდა შესაძლებელი. ლე კორბუზიემ თავის დიზაინერებთან ერთად დაამუშავა ბოძებზე მდგარი თორმეტსართულიანი სახლის პროექტი, რომელშიც 337 აპარტამენტია. კორპუსში აპარტამენტების გარდა არის მაღაზიები, არქიტექტურული წიგნების მაღაზია, სამედიცინო და საგანმანათლებლო განყოფილებები, სასტუმრო, რესტორანი სახელით Le Ventre de l’architecte (არქიტექტორის მუცელი). თითოეული აპარტამენტი ორ დონეზე ვითარდება და აივნით სრულდება. სახურავი ბრტყელი ტერასაა სავენტილაციო სკულპტურული მილებით, სარბენი ბილიკითა და საბავშვო აუზით. აქვეა საბავშვო მხატვრული სტუდიაც. სახურავზე მრავალი თეატრალური წარმოდგენა ჩატარდა და 2010-2013 წლებში საგამოფენო ცენტრი MaMo ფუნქციონირებდა. სახლის სახურავიდან იშლება ხმელთაშუა ზღვისა და მარსელის პანორამული ხედები.

პიერო დელა ფრანჩესკასა და ფრა კერნივალეს მხატვრულ ვერსიებში იდეალური ქალაქები თავისი ეპოქის მსოფლმხედველობის, არქიტექტურული გემოვნებისა და ესთეტიკური ღირებულებების მანიფესტებს წარმოადგენენ. თუ მთლიანად დაგეგმარებულ ქალაქების ვერსიების არა, ცალკეული არქიტექტურული ფორმების რეალიზაცია იტალიურ ქალაქებში საკმაოდ ინტენსიურად ხდებოდა. ასევე მნიშვნელოვანი ნაწილი იყო მხატვრობის ნიმუშებშიც. იდეალური ქალაქის ფრაგმენტები პიერო დელა ფრანჩესკას ფრესკის – „ცხოველმყოფელი ჯვარის“ (1455, კაპელა ბაჩი, ასიზი) – კომპოზიციურ შემადგენელს წარმოადგენს. „იდეალურ ქალაქში“ ხდება პერუჯინოს მიერ აღწერილი მოქმედებები – წმ.პეტრესთვის გასაღების გადაცემა (1481) და მარიამის დაწინდვა (1502). იგივე ხდება უკვე რაფაელის მიერ შესრულებული მარიამის დაწინდვის სცენაშიც (1504). აქ რაფაელი თითქმის იმეორებს თავისი მასწავლებლის კომპოზიციას არქიტექტურული ფონის ჩათვლით. რენესანსული იდეალური ქალაქის ჩრდილოურ ვერსიას ქმნის ჰანს ვრედემან დე ვრისი. მისი „სასახლე ბაღით“ (1542-1607) პერსპექტივის ზუსტი გადმოცემითა და არქიტექტურული ფაქტურებით, დეტალებით, დეკორით აღწერილი იდეალური ქალაქია. აქ გამწვანებით დაფარული მდიდრული ნაგებობებია, მოვლილი ცხოველებითა და ეზოში მოსერნე ფარშავანგებით, მდიდრულად ჩაცმული ადამიანების იდილიური ცხოვრების სცენებით. ეს არის ერთგვარი „სამოთხე“,  რომელიც დე ვრისის უცნაური  თანამემამულის – ბოსხის მხატვრულ ფანტაზიაში სრულიად უარყოფს არქიტექტურას და ქალაქს და მთლიანად ბაღში ინაცვლებს. დისკუსიებში ურბანისტული დაგეგმარების შესახებ ერთ-ერთი მთავარი თემა – სოფლისა და ქალაქის ერთგვარი შერწყმის ვერსიებიც განიხილება, სადაც გამწვანება და ლანდშაფტი ქალაქის ბეტონის ჯუნგლებად ქცევისაგან გადარჩენის საშუალებად ითვლება. თუმცა განსახორციელებლად ეს ვერსიებიც არ არის ადვილი.

მოდერნისტი მხატვრების სურათებში  იდეალური ქალაქი  ზმანებების სამყაროში გადაინაცვლებს, – სიურრეალისტი და მეტაფიზიკოსი მხატვრების ტილოებზე რენესანსული პიაცას იდეალური დაგეგმარება უჩვეულო განმარტოებასა და სევდაში ეხვევა ან ჰალუცინაციურ კადრებში გამოჩენილი ანტიკური ეპოქის რემინისცენციებად ჩნდება. ჯორჯო დე კირიკოს “წითელი კოშკი“ (1911-1917)  პერსპქტივის ხედვის სრულიად სხვა პრინციპს აჩვენებს. აქ ირაციონალურია დომინანტური, რომელიც არსებულ  გამოსახულებაში იმ ფაქტორის მნიშვნელობას ზრდის, რაც ხილული არ არის. დელვოს „ტაძარი“ (1949) არქიტექტურულ მოტივს ფისქოანალიზის სიზმრების სიმბოლიკის ასოციაციებით აჩვენებს. ესეც უკაცრიელი სივრცეა, თითქმის სხვა პლანეტა, ჰალუცინაციებში ხეტიალისას აღმოჩენილი გამქრალი ცივილიზაციის ფრაგმენტი.

თანამედროვე მხატვრები ნაკლებად ინტერესდებიან ქალაქის უტოპიური მოდელებით. დღევანდელი რეალიზმი ქაოსის ღმერთს აღიარებს და მის მიერ ყოველწამიერად შობილი მოულოდნელობების დაფიქსირებას ძლივს ასწრებს. ესქატოლოგიური განწყობები და ტექნოლოგიებით უზრუნველყოფილი ვიზუალური ეფექტების შესაძლებლობები უფრო საინტერესოდ მიიჩნევს სამყაროს განადგურების სავარაუდო სურათების შექმნას. დღევანდელი იდეალური ქალაქი თუ არსებობს, ის მუდმივად ცვალებადი, დინამიკური, მრავალი შესაძლებლობის მატარებელი და ღიაა. შეუძლებელია ის დაფიქსირებული მოდელის სახით არსებობდეს და შორეულ მომავალზე ჰქონდეს გათვლა. მიმდინარე მომენტისთვის თუ უტოპიებს მაინც  მოვიძიებთ, თავისებურ ვერსიებად შეიძლება წავიკითხოთ ახლო აღმოსავლეთისა და აზიის მდიდარი ქალაქების ფუტურისტული პროექტები, სადაც ჰაი ტექარქიტექტურისა და საინჟინრო მიღწევების ხარისხი შესაბამისი მატერიალური ბაზის საფუძველზე რეალიზდება და შთამბეჭდავ სანახაობას ქმნის. ეს პროცესი მაინც უფრო მეტად ახალი ტექნოლოგიების განვითარებაზეა კონცენტრირებული და თუ მომავლის ქალაქების წარმოდგენას მაინც ვეცდებით, სავარაუდოდ სანახაობრივი მხარე კიდევ მრავალ სიურპრიზს გვპირდება.

© არილი

Facebook Comments Box