ესე,  ესე (თარგმანი),  კულტურა/ლიტ.თეორია,  ლექცია,  ლიტერატურათმცოდნეობა,  რეცენზია

ხორხე ლუის ბორხესი – ტყვე ტექსტები

 

ესეები და რეცენზიები ჟურნალისთვის „ელ ოგარი“[1]

(1936-1939)

ენრიკე სასერიო-გარისა და ემირ როდრიგეს მონეგალის გამოცემა

 

ესპანურიდან თარგმნა ნინო ფიფიამ

 

პროლოგი

ინტერტექსტუალური ემირი

 

ამბობენ, რომ როდესაც ემირ როდრიგეს მონეგალის[2] ბიბლიოთეკა იელის უნივერსიტეტში ჩავიდა, ყუთების რაოდენობისგან პირდაღებულმა მრავალმა კურსდამთავრებულმა მოიყარა თავი. ტრანსატლანტიკური ბიბლიოთეკის დასახვედრად, საჭირო გახდა ორი კაბინეტი (აქედან ერთ-ერთს გაფართოებამ და დერეფანში გაბატონებამ მოუწია), რამდენიმე ძველი კარადა და თვით ზოგიერთი აუდიტორიაც კი. წლების შემდეგ, როცა ბორხესის შესახებ სადისერტაციო ნაშრომზე ვმუშაობდი, ემირმა თავის საუკეთესო ლექციები მაშინ ჩაატარა, მთელ ნიუ-ჰეივენს საუბრით რომ მივუყვებოდით და სხვადასხვა სერიების რეორგანიზაციას ვცდილობდით. წიგნების ყიდვას არ ეშვებოდა: სივრცე ნელ-ნელა პატარავდებოდა. რეცენზიების ძიებაში, მისთვის წიგნების გაგზავნას არ იშლიდნენ. ემირმა მათი უმრავლესობა წაიკითხა: ყველას მიმოიხილავდა. ჩვენი პერიპატეტიკული ლექციები ბორხესისეულ ლაბირინთს, ინტერტექსტუალურ ალეგორიას კვალავდა. ბიბლიოთეკა იზრდებოდა. მათთვის, ვინც კითხვებით ჭამდა, მისი საყვარელი punch line[3] გახლდათ: „ბევრი რამ წამიკითხავს, რაც ჩემს სერიულ გამოცემებში არაა“.

გარდაუვალად, დიალოგებმა სხვა სერიებთან მიგვიყვანა. მათ შორის,  რეცენზირებულ  ბიბლიოთეკასთან: სექციასთან – „უცხოური წიგნები და ავტორები“, რომელსაც ბორხესი არგენტინული ჟურნალის, „ელ ოგარისთვის“ წერდა. ენთუზიაზმი, რითაც იგი ოცდაათიანი წლების მიწურულს, ბორხესის იმ სტატიებს კითხულობდა, ემირისგან მეც გადმომედო.  ბორხესის ნაშრომებს „ელ ოგარში“ პარაგრაფს პარაგრაფზე გადავხედე. დავრწმუნდი, რომ მისი კრიტიკული ფიქციების საცოდნელად, უცილობელი ტექსტები გახლდათ. სამომავლოდ, ამ ინტერტექსტუალური „ოგარის“ ანთოლოგიას ვგეგმავდით. ბორხესის დარწმუნებაღა გვაკლდა. მასთან ბევრჯერ გვისაუბრია თავის მივიწყებულ რეცენზიებზე.

ერთ დღეს, ბრაზილიიდან არგენტინელ-ბრაზილიელი მეგობრის, ხორხე შვარცისგან წერილი ჩამომივიდა. იგი მასში მიყვებოდა ბორხესის შთამბეჭდავ ვიზიტზე სან-პაულუში. ამასთან, მატყობინებდა, რომ ბორხესს გადაეწყვიტა „ელ ოგარისთვის“ დაწერილი რამდენიმე რეცენზია „ლე პლიადისთვის“ შერჩეულ ნაშრომთა კრებულში შეეტანა. წერილს მოჰყვებოდა „ელ ოგარის“ ოცდათორმეტი სტატიის სია, რომელსაც მარია კოდამა სასწრაფოდ მთხოვდა. ამდენი წლის შემდეგ, ბორხესის ტექსტებს არგენტინისთვის გამოვიხსნიდი, რათა ისინი საფრანგეთში გამოქვეყნებულიყო. ემირს დავურეკე: ძველი პროექტი ხორცს ისხამდა.

 „ელ ოგარის“ სტატიების გამოქვეყნებას ათი წელი ვგეგმავდით. ლოდინის ბოლო თვეებში, საერთაშორისო დონის საფოსტო ინტრიგების წყალობით, გარკვეული გაუგებრობა შეიქმნა. თანხმობა, რომელსაც ბორხესი რომის სასტუმრო „ამბაშატორი პალასის“ ქაღალდზე აწერს ხელს, მარია კოდამამ 1984 წლის ოქტომბერში გააგზავნა ნიუ-ჰეივენში. მაგრამ ემირს ბინა შეეცვალა და წერილი უკან დააბრუნეს. 1985 წლის იანვარში, იგი „ოტელ ლარბალეტის“ კონვერტით, ჟენევიდან  ხელახლა გაიგზავნა ძველ მისამართზე. შვეიცარიულ-ამერიკული საფოსტო კოორდინაცია უფრო წარმატებული იყო. ემირმა მომწერა: „აჰა, მოდის დაუჯერებელი დოკუმენტები, კონვერტითა და ყველაფრით“.

თანამშრომლობის იმ უკანასკნელ წელიწადს, ბევრი ვისაუბრეთ. ვისადილეთ კაფე-მაღაზიაში, სადაც ცნობილი წიგნის, „მოქალაქე კეინის“ შესახებ ვილაპარაკეთ. ვეწვიეთ „ბუქ ბარნს“: ძველი, შემთხვევითი წიგნების მაღაზიას, სადაც ემირმა ლუი მენარზე ჰენრი პეირის სადოქტორო ნაშრომი შეიძინა. მის სახლში ვნახეთ ფილმი „ის, რაც მოგველის“, დაფუძნებული ჰ. ჯ. უელსის რომანზე. ღამენათევებმა მისი ბიბლიოთეკა გადავათვალიერეთ. ვლაპარაკობდით კინოზე, მუდამ კინოსა და ფსიქოანალიზზე: „ზოგიერთები, სესილ ბ. დე მილის მსგავსად, a cast of thousands[4] ფილმებს იღებენ“. ერთ კვირა დღეს, ხმამაღლა წავიკითხეთ  ჩვენი საყვარელი პასაჟები „ელ ოგარიდან“. მის ქვრივს, სელმას ახსოვს, როგორ გავერთეთ.

ემირმა, ბორხესის მარადიულმა მოსწავლემ, თავის ლიტერატურული ანალოგიების გაზიარება იცოდა. „ელ ოგარის“ ამ ანთოლოგიაში ჩანს ის ბორხესი, ვინც წლების განმავლობაში, ინტერტექსტუალური შეხვედრების დროს შევარჩიეთ.

                                                                                    ენრიკე სასერიო-გარი

                                                                             1936 წლის 16 ოქტომბერი

 

სინთეზური ბიოგრაფია

 

კარლ სენდბერგი

 

კარლ სენდბერგი – ალბათ, პირველი პოეტი ჩრდილოეთ ამერიკიდან და უეჭველად, ყველაზე ჩრდილოამერიკელი –  დაიბადა 1878 წლის 6 იანვარს, გეილსბერგში, ილინოისის შტატში. მამამისი გახლდათ შვედი მჭედელი აუგუსტ იონსონი, დასაქმებული ჩიკაგოს რკინიგზის სახელოსნოებში. ვინაიდან იონსონები, ჯონსონები, იენსენები, ჯონსტონები, ჯონსთოუნები, ჯეისონები, იანსენები და ჯენსენები უხვად იყვნენ სახელოსნოში, მამამისი სხვა, უფრო შეუცდომელ გვარზე გადავიდა და სენდბერგი ამჯობინა.

ისე, რომ ტრანსმიგრაციისთვის არ მიუმართავს, კარლ სენდბერგმა, როგორც უოლტ უიტმენმა, როგორც მარკ ტვენმა, როგორც მისმა მეგობარმა შერვუდ ანდერსონმა – ბევრ საქმეს მოჰკიდა ხელი, ზოგს მეტად შრომატევადს. ცამეტიდან ცხრამეტ წლამდე, ერთმანეთის მიყოლებით, იყო კარისკაცი საპარიკმახეროში, მძღოლი,  სცენის დეკორატორი, მუშა აგურის ქარხანაში, დურგალი, ჭურჭლის მრეცხავი კანზას-სიტის, ომაჰასა და დენვერის სასტუმროებში, ფერმის მუშა, მაწანწალა, ქურებისა და კედლების მღებავი. 98-ში მოხალისედ ჩაეწერა ილინოისის მეექვსე ქვეითთა ჯარში და თითქმის წელიწადი იმსახურა პუერტო-რიკოში, ესპანელთა წინააღმდეგ (მის პოეზიას არ ხიბლავს მოგონებანი იმ სამხედრო თავგადასავალზე). ჯარის მეგობარი განათლების მიღებას დაჟინებით ურჩევდა. დაბრუნებულზე, გეილსბერგის კოლეჯში ჩაირიცხა. ამ პერიოდით (1899-1902) თარიღდება მისი პირველი ნაწერები: გავარჯიშებანი პროზასა და ლექსებში, რაც მას არა ჰგავს. იმ დროს, სენდბერგს ეგონა, რომ basketball უფრო აინტერესებდა, ვიდრე სიტყვათწყობა. მისი პირველი წიგნი, რომელიც 1904 წლისაა, უკვე მოიცავს რამდენიმე სტროფს, რომელსაც მისი მიმდევარი არ იუარებდა. არსებითად, სენდბერგი ათი წლით დაახანებს გამოჩენას ლექსში „ჩიკაგო“. თითქმის მაშინვე, ამერიკა მას აღიარებს, ტაშს უკრავს, ზეპირად სწავლობს და თან შეურაცხყოფს. ვინაიდან მის პოეზიას რითმა არა აქვს, მოწინააღმდეგენი გადაწყვეტენ, რომ ეს პოეზია არაა. მომხრენი კონტრშეტევაზე გადადიან, იშველიებენ სახელებსა და მაგალითებს, ჰაინრიხ ჰაინეს, მეფე დავითს და უოლტ უიტმენს. უსარგებლოა იმ დისკუსიის გამეორება, ბუენოს-აირესში ჯერ კიდევ რომ მიმდინარეობს, თუმცაღა იგი მსოფლიოს სხვა ქვეყნებში უკვე სრულიად მივიწყებულია…

1908 წელს, სენდბერგი (მაშინ ჟურნალისტი იყო მილუოკიში) დაქორწინდა. 1917 წელს, „დეილი ნიუსში“ დაიწყო მუშაობა. 1918 წელს, გულმოწყალედ იმოგზაურა შვედეთსა და ნორვეგიაში, წინაპართა მიწებზე. რამდენიმე წლის შემდეგ Smoke and Steel („კვამლი და ფოლადი“) გამოაქვეყნა. მიძღვნა ასეთია: „პოლკოვნიკ ედვარდ ჯ. შტაიხენს, ღამის სცენების და სახეების მხატვარს, გაელვების და მომენტების კამერით გრავიორს, ცისფერ საღამოთა ქარისა და ნორჩ, ყვითელ ვარდთა მსმენელს, მეოცნებეს და მპოვნელს, ბაღების, ხეობებისა და ბრძოლების დიადი დილის მხედარს“.

სენდბერგმა სხვადასხვა შტატები მოიარა, ატარებდა ლექციებს, დინჯი ინტენსიურობით კითხულობდა თავის ლექსებს, აგროვებდა და მღეროდა ძველ სიმღერებს. არსებობს გრამფირფიტები, რომელზეც აღბეჭდილია სენდბერგის სერიოზული ხმა და გიტარა. სენდბერგის პოეზია შედგენილია ინგლისურით, რომელიც მის ხმას და ლაპარაკის მანერას წააგავს: ზეპირი, სასაუბრო ინგლისურით, სიტყვებით, რომლებიც ლექსიკონებში არ გვხვდება და არის ამერიკის ქუჩებში, ჯამში, კრეოლური ინგლისური. მის ლექსებში არის უწყვეტი თამაში ცრუ სიუხეშისა, უნარებისა, რომელსაც სურს თავი მოაჩვენოს, თითქოს დაუდევრობაა.

არის კარლ სენდბერგში მომქანცველი სევდა: ვაკეზე შებინდების, შლამიან მდინარეთა, უსარგებლო და ზუსტ მოგონებათა სევდა, კაცისა, რომელიც დროის ცვეთას დღედაღამ გრძნობს. სამ თუ ოთხსართულიან ნიუ-იორკში, უიტმენმა ვერტიკალური ქალაქები განადიდა, ცას რომ სწვდებიან; სენდბერგს სჩვევია თავბრუდამხვევ ჩიკაგოში განჭვრიტოს შორეული დრო, რომელშიც მარტოობა, ვირთხები და ვაკეები, თავისი ქალაქის ნანგრევებში გადანაწილდებიან.

სენდბერგმა ლექსების ექვსი წიგნი გამოაქვეყნა. ერთ-ერთ უკანასკნელს ჰქვია „დღე მშვიდობისა, ამერიკა“. აგრეთვე, ავტორია სამი საბავშვო წიგნისა და სხვა ილინოისელი კაცის, ლინკოლნის – სიჭაბუკის წლების ზედმიწევნითი ბიოგრაფიისა. ამ წლის სექტემბერში, გამოაქვეყნა გრძელი, ეპიკური პოემა: „ხალხი, დიახ“.

 

 

რეცენზიები

 

ფ.ო. მატისენის The Achievement of T.S. Eliot

 

არა ბურუსი, არამედ ელიოტის სიცხადენია ამ წიგნის თემა. მავანთა სკანდალებს და სხვათა ცოტათი სნობურ და სასკოლო აღტყინებას თანაბრად დაშორებული მატისენი ამ ნაშრომში ელიოტის პოეტურ შემოქმედებას განიხილავს და მას კრიტიკული შრომების ჭრილში განსჯის. ადამიანი ტომას ელიოტი მას ელიოტის იდეებზე ნაკლებ აინტერესებს, იდეები კი იმ ფორმაზე ნაკლებად, რომელსაც მწერალი იდეებს აძლევს. მიაჩნია, რომ შეცდომაა ჩაეძიოს ადამიანურ მინიშნებებს, მთელ ნაწერ გვერდზე რომ გვხვდება, ანდა ბუნდოვან, ზოგად იდეებს, რითაც ლექსის ახსნა შეიძლება. შესაბამისად, ამჯობინებს გამოწვლილვით, ფორმალურ კრიტიკას. დიდად სამწუხაროა, რომ როგორც კი ამ რთული ამოცანის შესახებ აცხადებს, ურჩევნია, იგი არ შეასრულოს. ნაცვლად ვიწროდ რიტორიკული მიმოხილვისა, რასაც წიგნის პირველი გვერდები გვპირდება, მომსწრენი ვხდებით დისკუსიების სერიისა, რომელიც თავისთავად, მეტად საინტერესოა.

ელიოტის პოეზიის – ამ შეზღუდული, თვითნებური, მაგრამ გამორჩეულად მძაფრი სამყაროსთვის – ამაზე უკეთესი შესავალი არ მეგულება.

                                                1937 წლის 12 თებერვალი

 

ესე

 

არგენტინელი მწერლები და ბუენოს-აირესი

 

არიან მწერლები (და მკითხველები), რომლებიც იფიცებენ, რომ იყო მწერალი და იყო არგენტინელი, ერთგვარი წინააღმდეგობრიობაა, თითქმის შეუძლებლობა. ასე შორს რომ არ წავიდეთ, გავბედავ ვიეჭვო, რომ იყო ბუენოსაირესელი, ერთ-ერთი ის უგუნური აქტია, რისი ჩადენაც ბუენოს-აირესში შეიძლება. უკეთ რომ ვთქვათ, ერთ-ერთია იმ აქტებიდან, რომლის ჩადენაც არ შეიძლება, არ დაიშვება და გადაწყვეტილად, არ ეგების ბუენოს-აირესში. მიზეზი ცხადია: ბუენოსაირესელებს გვაკლია სრული ეგზოტიკური მომხიბვლელობა და ერთმანეთის მხარდასაჭერად მეტისმეტნი ვართ. ადამიანი შეიძლება იმედოვნებდეს სხვის დახმარებას; არავინ ელის, რომ მას რვაასი ათასი ადამიანი შეეწევა. რაღაც კლანის მაგვარი მხოლოდ რიაჩუელოს შესართავთან ჩამოყალიბდა: უნდა ითქვას – იმ ერთადერთ ადგილას ბუენოს-აირესში, რომელიც არაფრით ჰგავს ბუენოს-აირესს, ერთადერთი უბანში, რომელშიც სხვა უბნების ტურისტები მოდიან… ბუენოსაიერესელი მწერალი, რომელსაც ელემენტარული სიფრთხილე ვერ გამოუჩენია, ბოკელი ყოფილიყო, მარტოა. მისი ხსნა თვით გაჭირვების პრესტიჟსაც არ ძალუძს. იყო პორტში ნაშიმშილარი, რომანტიკული შტრიხია. იყო ცენტრში, პალერმოში ან სან-კრისტობალში ნაშიმშილარი, უხერხულია მხოლოდ და არ შეიძლება ბიოგრაფიას ამშვენებდეს. არიან ისეთებიც, ვისაც წარმოუდგენია, რომ ბარიო ნორტე[5] ბუენოს-აირესს თავს ახვევს თავის მწერლებს. ისინი ცდებიან. ბარიო ნორტეს (სოციალურ კატეგორიას უფრო მეტად, ვიდრე ტოპოგრაფიულს, რომელსაც ბარიო ნორტედ მოვიაზრებთ) არ აინტერესებს ერთი ინდივიდის სხვებზე აღზევება. დიდად არც რეკლამით  გააოცებინებს თავს. კრეოლური უბანია ბოლოს და ბოლოს – ისეთივე კრეოლური, როგორც მატადეროსი ან ბახო ბელგრანო – მოწიწებისკენ უფრო ნაკლებად იხრება, ვიდრე დაცინვის ან უნდობლობისკენ. ერთი კია, ცრურწმენა ტანჯავს: ყველაფერი სახალხო და ადგილობრივი უსაზღვროდ ურჩევნია. რიკარდო გუირალდესმა Xaimaca გამოაქვეყნა და ხმა არავის ამოუღია. მენახირეების „დონ სეგუნდო სომბრაში“ განდიდება გახდა საჭირო, ბარიო ნორტე ენთუზიაზმით რომ ავსებულიყო, სხვები შემდეგ მიჰყვნენ. ათი წლის წინანდელზე ვამბობ. კარგად მახსოვს, ფლორესმა და ლომას დე სამორამ (ამ ორ სახელსაც აქ უფრო სოციალური დატვირთვა აქვს და არა ტოპოგრაფიული) გარკვეული წინააღმდეგობა გასწიეს: Zogoibi [6] უკეთ დაწერილი მოეჩვენათ…

არც ვიცი, რაოდენ შეიძლება ჩემი მკითხველი გააოცოს იმ დაკვირვებებმა, რომელიც მოვიყვანე. ჩემთვის, ისინი წმინდა აქსიომაა, უტყუარი ჭეშმარიტება. ყოველთვის ასე განვსჯიდი. ამიტომაც, არასოდეს მიზრუნია მათ ჩანიშვნაზე, ვიდრე იმ დღეს, უცოდველმა შემთხვევითობამ ერთ-ორ საჩივართან არ დამაპირისპირა – ერთი ზეპირი, ხოლო მეორე წერილობითი გახლდათ. ორივე – მეტად გულწრფელი, ეხებოდა ფრიად რთულ და განსაკუთრებულ დაბრკოლებებს, მიწის მწერალი ბუენოს-აირესის შიგნით რომ აწყდება და ამ ქალაქის ყინულისებრ, ლიტერატურულ მტრობას. ორივე საჩივარი, როგორც ზეპირი, ისე წერილობითი, მას გარდაუვალად, კართაგენთან ადარებდა: ნისლიან მეტროპოლიასთან, რომლის არტისტულ სიმპათიებსა და ანტიპათიებზე, მეორე მხრივ, ძალიან ცოტა რამ ვიცით. ყური მოვკარი ამ ვიშვიშს და ჩემი პირველი რეაქცია განცვიფრება იყო. მოგვიანებით, ბატონ ენდრიუ ლანგის მწარე და ბედს დანებებული სიტყვები გამახსენდა: „აბსურდია გადაემტერო ადამიანებს იმიტომ, რომ ისინი არ იზიარებენ ზუსტად იმ ლიტერატურულ არჩევანს, ჩვენ რომ გვაქვს. სიმართლე ისაა, ადამიანთა უმრავლესობას წიგნები არ აინტერესებს“. თუკი ბატონმა ენდრიუ ლანგმა ამ სიტყვების დაწერა ყველაზე ლიტერატურულ ქვეყანაში – ინგლისში მოახერხა, განა რომელი არტისტული გულგრილობა არ შეგვიძლია ვივარაუდოთ ჩვენს ქალაქში? რაა პროვინციელი მწერლისთვის უფრო იოლად დასაშვები შეცდომა, ვიდრე ის, რომ ჩვეულებრივი გულგრილობა დააბრალოს თავის ფარდობით მდგომარეობას – იყოს უცხო მხარიდან? როგორი ცდუნებაა, მიაკუთვნო ნებისმიერი უიღბლობა უპიროვნო, ზოგად მიზეზს?

სხვა მხრივ, ფაქტები ამ მელანქოლიურ ჰიპოთეზას უარყოფენ. ლუგონესი, მარტინეს ესტანდა[7], კაპდევილა რესპუბლიკის პირველი მწერლები არიან. არავის მოუწადინებია, რომ მეორის სანტაფელობით ან დანარჩენების კორდობელობით, მათ ეს რანგი ჩამორთმეოდათ. ენტრერიოსელი ევარისტო კარიეგო კვლავ ბუენოს-აირესის ნაპირების მფარველი პოეტია. ფლორენსიო სანჩესის სახელოვანი აჩრდილი მიუძღვის ჩვენს თეატრებს, ისევე როგორც ბარტოლომე იდალგო ჩვენს გაუჩოურ პოეზიას.  არ არსებობს კრეოლური ამბების სხვა პოეტი, ვისაც დამსახურებულად, ისეთი სახელი მოეხვეჭოს, როგორც ფერნან სილვა ვალდესს, მასაც  „სხვა სარტყლიდან[8]“. ამ ჩანაწერებს ანდროგეში[9] ვადგენ, ისე, დამხმარე სახელმძღვანელოების გარეშე. ცნობისმოყვარე მკითხველს შეუძლია გამოჩენილი სანტიაგოელის, რიკარდო როხასის „არგენტინული ლიტერატურის ისტორიის“ სარჩევში მოიძიოს ერუდიტები და დამატებითი მაგალითები მოაგროვოს. ამჟამად, ესენია სარმიენტო, ალბერდი, დეკანი ფუნესი,  ხუან კრისოსტომო ლაფინური, ილარიო ასკასუბი, ხერვასიო მენდესი, ოლეგარიო ანდრადე, მარკოს სასტრე, ფერნანდეს ესპირო.

ეს ჩამონათვალი არ გახლავთ პანეგირიკი უმადურთაგან შეუცნობელი და სასტიკად მოპყრობილი ბუენოს-აირესის უსარგებლო  დიდსულოვნებისა. უფრო მეტად, იგი ამერიკის ამ ნაწილის ადამიანთა ძირითადი იდენტობის მტკიცებულებაა. სულისა და სისხლის იდენტობის. მე მაგალითად, ბუენოსაიერესელი ვარ: შვილი, შვილიშვილი, შვილთაშვილი და შვილთაშვილის შვილი ბუენოსაირესელთა. მაგრამ (სხვა განშტოებებით) მყავს წინაპრები, რომლებიც დაიბადნენ კორდობაში, როსარიოში, მონტევიდეოში, მერსედესში, პარანაში, სან-ხუანში, სან-ლუისში, პამპლონაში, ლისაბონში, ჰენლიში…  ანუ ტიპური ბუენოსაირესელი ვარ. უკეთ რომ ვთქვათ, იტალიური სისხლიღა მაკლია ტიპური ბუენოსაირესელი რომ ვიყო…

უკვე კარგა ხანია, რაც ბუენოს-აირესის წინააღმდეგ, პროვინციათა გაცხარებული დებატები დასრულებულია. უსარგებლოა ქაღალდზე განაახლო პავონისა და ლა კანიადა დე ლა კრუსის[10] ძველი განხეთქილებანი. ბუენოსაირესელი მწერლებისა და ვისენტე ფიდელ ლოპესისა და ეჩევერიას თვალნათელი ტრადიციის გამოკლებით, ვერავინ შეედავება ბუენოს-აირესს თავის შეუდარებელ ფასეულობაზე: მის მტკივნეულად მამოძრავებელ და ფხიზელი სტიმულის მქონე ფასეულობაზე; იკამათო იმაზე, რომ პოეზია, თუ კულტურის ნებისმიერი სხვა ფორმა, ველებზე უკეთ წარმოჩინდება, ვიდრე ქალაქში, არის სუფთა წყლის მანკიერება დაქანცული და სენტიმენტალური ცრურწმენისაგან, რომელმაც შვა ისეთი ყალბი ნაწარმოებები, როგორიცაა „სამეფო კარის დაკნინება და სოფლის ხოტბა“.[11] ჩვენი გაუჩოური ლიტერატურა –  ალბათ ყველაზე ორიგინალური ჟანრი ამ კონტინენტისა – ყოველთვის ბუენოს-აირესში იქმნებოდა. გარდა პოლკოვნიკ ასკასუბისა[12], ვისზეც ისტორია გვიამბობს, რომ დაიბადა კორდობაში, ხოლო ამბები თუ ტრადიცია მას მონტევიდეოს მიაკუთვნებს – ყველა მისი შემოქმედი ბუენოსაირესელი იყო, დაწყებული ესტანისლაო დელ კამპოდან, ედუარდო გუტიერესის ჩათვლით, იქნებოდა ეს „გაუჩო მარტინ ფიეროს“ თუ „დონ სეგუნდოს“ ავტორი. ვფიქრობ, ეს ერთსულოვნება შემთხვევითი არაა; ოდესმე ამის მიზეზებსაც ავხსნი.

 

 

 

 

 

                                                                   1937 წლის 29 ოქტომბერი

 

სინთეზური ბიოგრაფია

ფრანც კაფკა

 

ცხოვრებისეული ფაქტები ამ ავტორისა, სხვა საიდუმლოს არ გვთავაზობს, გარდა იმისა, რაცაა მისი შეუსწავლელი კავშირები უჩვეულო შემოქმედებასთან. კაფკა 1883 წელს, პრაღის ებრაულ უბანში დაიბადა. მის მშობლებს ჰქონდათ რაღაც ქონება. კაფკამ სამართალი შეისწავლა, დოქტორის ხარისხი მიიღო და სადაზღვევო კომპანიაში იმუშავა. მის ახალგაზრდობაზე ორი რამ ვიცით: უიღბლო სიყვარულის და სათავგადასავლო რომანებისა და მოგზაურობაზე წიგნების მოწონების შესახებ. ტუბერკულოზიანი იყო: დიდი წილი თავის დღეებისა განვლო ტიროლის, კარპატებისა და ერცგებირგეს სანატორიუმებში. მისი პირველი რომანი –  „ამერიკა“ 1913 წლით თარიღდება. 1919 წელს, ბერლინში დაფუძნდა. 1924 წელს, ვენასთან ახლოს, ერთ სანატორიუმში მოკვდა. მოკავშირეთა სამარცხვინო ბლოკადამ (წერს ინგლისურ ენაზე მისი მთარგმნელი, ედვინ მუირი) მისი სიკვდილი დააჩქარა.[13]

კაფკას შემოქმედება სამი დაუსრულებელი რომანისა და მოთხრობების, აფორიზმების, წერილების, დღიურებისა და მონახაზების სამი ტომისაგან შედგება (აქედან პირველმა ოთხმა ბერლინში იხილა სინათლე, ბოლო ორმა – პრაღაში).

„ამერიკა“ – ყველაზე დამაიმედებელი მისი რომანებიდან, ალბათ, ყველაზე ნაკლებადაა სახასიათო. დანარჩენი ორს – „პროცესს“ (1925) და „ციხესიმაგრეს“ (1926), სრულებით ისეთი მექანიზმი აქვთ, როგორც ზენონ ელეელის უსასრულო პარადოქსებს. პირველის გმირი, თანდათან გაბრუებული უაზრო პროცესით, ვერ ახერხებს გამოარკვიოს რა დანაშაულში ედება ბრალი, ვერც კი უპირისპირდება უხილავ სასამართლოს, რომელმაც იგი უნდა გაასამართლოს;  ისიც, წინარე მოსმენის გარეშე, ბოლოს მისთვის ყელს გამოაჭრევინებს. „კ“- მეორე ნაწარმოების გმირი, მიწისმზომელია, რომელსაც უხმობენ ციხესიმაგრეში, სადაც ვერასოდეს შეძლებს შეღწევას და მის მფლობელთა აღიარების გარეშე კვდება. შემთხვევითი არ მგონია, რომ ორივე რომანს, შუაში თავები აკლია: ზენონის პარადოქსსაც აკლია უსასრულობის წერტილები, აქილევსმა და კუმ რომ უნდა გაირბინონ.

კაფკას მოთხრობებიდან, ყველაზე საუცხოო „ჩინური კედლის მშენებლობა“ მგონია. ასევე: „ტურები და არაბები“, „კანონის წინაშე“, „საიმპერატორო გზავნილი“, „შიმშილის ხელოვანი“,  „ოჯახის კაცის საფიქრალი“, „პრობლემა ჩვენი კანონებისა“, „ძველი ხელნაწერი“, „სვავი“, „სოფლის მასწავლებელი“, „ერთი ძაღლის კვლევა-ძიებანი“, „სორო“.

                                                1939 წლის 24 თებერვალი

 

სინთეზური ბიოგრაფია

კარელ ჩაპეკი

 

იმ ჩეხ მწერალთაგან, რომელთაც უარი თქვეს გერმანული ენის (ფარდობით) უნივერსალურობაზე და მშობლიური ენის შეზღუდვებს დასჯერდნენ, ჩაპეკი, ალბათ, ყველაზე ცნობილია. მისი შემოქმედება ბევრ ქვეყანაშია თარგმნილი. მისი დრამები წარმოდგენილ იქნა ნიუ-იორკსა და ლონდონში.

ჩაპეკი 1890 წლის 9 იანვარს, ბოჰემიის ჩრდილოეთში, ერთ მოკრძალებულ ქალაქში დაიბადა. იყო ექიმის შვილი. დოქტორის ხარისხი ფილოსოფიაში პრაღის უნივერსიტეტში მიიღო, ისწავლა ბერლინსა და პარიზში. მასზე უზარმაზარი გავლენა იქონია უილიამ ჯეიმზისა და ჯონ დიუის ნაშრომებმა. „არცერთ ფილოსოფიას არ ჰქონია ისეთი გავლენა ჩემზე, როგორც ჩრდილოამერიკულს“ – წერდა მოგვიანებით. მრავალი წლის განმავლობაში, ჟურნალისტი იყო. 1920 წელს, გამოაქვეყნა პოლემიკური ბროშურა – „სიტყვათა კრიტიკა“ და თავის პირველი და განთქმული დრამა R.U.R, რომელიც წარმოადგენს მექანიკურ ადამიანთა ჯანყს შემქმნელების – ადამიანთა წინააღმდეგ. მომდევნო წელს, საზოგადოებას გააცნო „მწერების ცხოვრებიდან“, 1922 წელს კი „მაკროპულოსის საქმე“, რომლის თემაც – მსგავსად ბერნარდ შოუს „მათუსალასთან დაბრუნებისა“ (1921) –  არის უჩვეულო დღეგრძელობის მიღწევის შესაძლებლობა. ამავე წელს, გამოაქვეყნა ფანტასტიკური რომანი „აბსოლუტის ქარხანა“, ხოლო ორ წელიწადში – „კრაკატიტი“, რომელიც ისეთი მძლავრი ასაფეთქებლის სახელია, მის გამომგონებელს ფორმულის გამხელას, დევნა და ციხე ურჩევნია.

მისი დრამატურგიული ღვაწლი დიდძალია. აღსანიშნავია „ადამი, შემოქმედი“, დაწერილი ძმასთან თანაავტორობით; „თეთრი ავადმყოფობა“, რომელიც დიქტატურებს  ამათრახებს და უჩვეულო დრამა „დედა“. ამ ნაწარმოების რამდენიმე პერსონაჟი ბოლოს მკვდარი აღმოჩნდება.

აღნიშვნას იმსახურებს ასევე მისი წიგნები მოგზაურობაზე, თავისივე ილუსტრაციებით; მისი ანთოლოგიები თანამედროვე ფრანგ პოეტებზე, მისი „დიალოგები ტ.გ. მასარიკთან“ და „ჯიბის მოთხრობები“ (1929), რომელიც მინიატურული დეტექტიური მოთხრობების სერიის ნაწილია.

კარელ ჩაპეკი პრაღაში გარდაიცვალა, 1938 წლის დეკემბრის მიწურულს.

[1] არგენტინული ყოველკვირეული ჟურნალი, რომელიც 1904 წელს დაარსდა. თავიდან, მას „ოჯახური კერის მრჩეველი“ (EL consejero del Hogar) ერქვა და მის სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენდნენ დიასახლისები. ნელ-ნელა, ჟურნალის ფორმატი შეიცვალა და რეცეპტებს, თავის მოვლის საშუალებებსა თუ ბავშვის გაზრდასთან დაკავშირებულ რჩევებს დაემატა სექციები, სადაც ცნობილ მწერლებს თუ პოლიტიკურ მოღვაწეებს მიმოიხილავდნენ. წლების განმავლობაში, „ელ ოგარი“ (თარგ. ესპანურიდან: კერა, ოჯახური კერა) იყო ქვეყნის ყველაზე პოპულარული ჟურნალი, რომელიც არგენტინის საზღვრებს გასცდა და გახდა არგენტინული ყოფისა და კულტურის სიმბოლო (მთარგ. შენიშვნა).

[2] მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ლათინოამერიკელი ლიტერატურის კრიტიკოსი. გარდაიცვალა 1985 წლის 14 ნოემბერს, ბორხესამდე ექვსი თვით ადრე (ავტორის შენიშვნა).

[3] წინადადების თუ ამბის კულმინაციური მომენტი, მთავარი ფრაზა (მთარგ. შენიშვნა).

[4] დღევანდელი გაგებით, გამოთქმა მოიაზრებს ერთად თავმოყრილ უამრავ ხალხს, თუმცა, ეს ფრაზა უფრო  კინემატოგრაფიას და კონკრეტულად სესილ დე მილს უკავშირდება. ეს უკანასკნელი  ცნობილი გახდა მაღალ ბიუჯეტიანი ფილმებით, სადაც ხშირად ჩანდა ხალხმრავალი საბრძოლო თუ ბიბლიური სცენები. იმ დროს, ამ ფილმების რეკლამირებას ხშირად ეწოდნენ ფრაზით „A cast of thousands!” (მთარგმ. შენიშვნა)

[5] ბუენოს-აირესის უბნებს, რეტიროსა და რეკოლეტას შორის ზონა, რომელიც ყოველთვის მიიჩნეოდა და ახლაც მიჩნევა მაღალი წრის არგენტინელთა საცხოვრებელ ადგილად (მთარგმ. შენიშვნა)

[6] არგენტინელი მწერლისა და დიპლომატის, ენრიკე ლარეტას (1875-1961) წიგნი, რომელიც 1926 წელს გამოქვეყნდა და არანაკლები ლიტერატურული ღირებულება გააჩნია, ვიდრე ლარეტას უმთავრეს ნამუშევრად მიჩნეულ ნაწარმოებს, „დონ რამიროს დიდება“ (მთარგმ. შენიშვნა)

[7] ესეკიელ მარტინეს ესტრანდა (1895-1964) – არგენტინელი მწერალი, პოეტი, ლიტერატურის კრიტიკოსი (მთარგმ. შენიშვნა)

[8] გულისხმობს ურუგვაის. სანჩესიც, იდალგოც და ვალდესიც ურუგვაელები არიან (მთარგმ. შენიშვნა)

[9] ქალაქის ბუენოს-აირესის შემოგარენთან (23 კმ-ში), რომელიც ესტებან ანდროგეს სახელს ატარებს, მანვე დააფუძნა ლომას დე სამორა (მთარგმ. შენიშვნა).

[10] იგულისხმება 1820 წლის 28 ივნისს, პროვინცია ბუენოს-აირესში მომხდარი „კანიადა დე ლა კრუსის“ შეტაკება უნიტარისტებსა და ფედერალისტებს შორის (მთარგმ.შენიშვნა)

[11] ანტონიო დე გევარას, XVI საუკუნის ესპანელი მწერლისა და საეკლესიო მოღვაწის 1539 წლის ნაშრომი (მთარგმ.შენიშვნა)

[12] ილარიო ასკასუბი (1807-1875) – არგენტინელი პოეტი და დიპლომატი, გაუჩოური ლიტერატურის წარმომადგენელი; თითქმის ოცი წელი იცხოვრა მონტევიდეოში (მთარგმ. შენიშვნა)

[13] გულისხმობს შიმშილიანობას, რომელიც პირველი მსოფლიო ომის მიწურულს, ბრიტანეთ-საფრანგეთის მიერ, გერმანიის, ავსტრია-უნგრეთის, ბულგარეთისა და თურქეთისთვის დაწესებულ ბლოკადას მოჰყვა. მიუხედავად 1918 წლის ზავისა, აკრძალვა საკვები პროდუქტებისა და იარაღის ტრანსპორტირებაზე კიდევ შვიდი თვე გაგრძელდა (მთარგმ. შენიშვნა)

© არილი

Facebook Comments Box