რეცენზია

ჯაბა ზარქუა – არადეგენერატული საკითხავი

degeneratebis kalalki

ლაშა მილორავა, „დეგენერატების ქალაქი“, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2013.

„ის კვირა ცა სტაბილურად რუხი იყო – თითქოს წვიმას აპირებდა, სინამდვილეში კი ერთი წვეთიც არ ჩამოვარდნილა. როცა, ცის შემხედვარე, შფოთი გიპყრობს, მიწიდან კარგს არაფერს უნდა ელოდო“, – არც მიწიდან და არც წიგნიდან, რომელიც დასაწყისიდანვე ამგვარად გაფრთხილებს, დავამატებდი მე. და მართლაც, ლაშა მილორავას ახალი მცირე რომანი „დეგენერატების ქალაქი“, რომელიც ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ გამოსცა, საშინელებათა ჟანრს მიეკუთვნება, კერძოდ კი – ზომბი-სთორია მკაფიო სოციალური აქცენტით.

ამ ბოლო ხანებში ჩვენთან საკმაოდ პოპულარული გახდა ერთგვარი მცირე რომანების წერა. ტექნიკური თვალსაზრისით თუ განვსაზღვრავთ, მცირე რომანი საშუალო ზომის მოთხრობაზე დიდია და საშუალო ზომის რომანზე პატარა, რაც უფრო პრაქტიკულად მეჩვენება. დღევანდელი ჩვენი სამკითხველო კულტურიდან და თბილისის ქუჩების გადატვირთული და დაცობილი მოძრაობიდან გამომდინარე, მსგავსი ჯიბის წიგნების გამოცემას პრაგმატული თვალითაც შეგვიძლია შევხედოთ. იზრდება ქალაქი და ჩვენც მეტი დროის გატარება გვიწევს ტრანსპორტში. ფანჯარაში კი იმაზე საინტერესოს ნამდვილად ვერაფერს დავინახავთ, ვიდრე „დეგენერატების ქალაქში“ ხდება, ამიტომ ვიკითხოთ, რატომაც არა? ერთ-ორ გზაზე აუცილებლად გეყოფათ ეს წიგნი, თუ, რა თქმა უნდა, არ ჩაგითრიათ და სამსახურის დროც არ წაგართვათ, რაც ჩემი პროგნოზით სავსებით მოსალოდნელია. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ეს იდეალური ჯიბის წიგნი იქნებოდა, რომ არა ერთი, ჩემთვის ამოუხსნელი დაბრკოლება – წიგნის ფასი. არ ვიცი რა მიზეზები ჰქონდა გამომცემლობას, როდესაც წიგნის საბაზრო ღირებულებას განსაზღვრავდა, მაგრამ ფაქტია რომ 7,90 ლარი მსგავსი წიგნისთვის არაადეკვატურად ძვირი ჩანს და დარწმუნებული ვარ ბევრ მკითხველსაც დააკარგვინებს ავტორს, რომელიც ჯერ იმდენად ცნობილი არაა, რომ მისმა სახელმა და ავტორიტეტმა ნებისმიერი ფასი გადაახდევინოს ერთგულ მკითხველს.Aარადა, ეს სამწუხაროა, რადგან „დეგენერატების ქალაქი“ მასობრივი მოხმარებისთვის განკუთვნილი ხარისხიანი პროდუქტია, ხაზს ვუსვამ სიტყვას – „ხარისხიანი“.

ქართველი მკითხველები ჟანრული პროზის მრავალფეროვნებით განებივრებულები ნამდვილად არ ვართ. ჩვენთან რატომღაც ერიდებიან სამეცნიერო ფანტასტიკის, ჰორორის, ფენტეზისა და სხვა ჟანრული ნაწარმოებების წერას, არადა, სტატისტიკა აჩვენებს, რომ ჟანრული პროზა განვითარებულ ქვეყნებში საკმაოდ პოპულარულია და ლიტერატურული პროცესის შემადგენელ საპატიო ადგილსაც იკავებს. თუმცა განვითარებული ქვეყნების სტატისტიკა ჩვენთან რა მოსატანია ისე. ამ არცთუ სახარბიელო ვითარებიდან გამომდინარე, ჟანრული პროზის ყოველი კარგი ნაწარმოები, პირადად ჩემს აღფრთოვანებას იწვევს და სხვისი კი არ ვიცი. ახლა ალბათ იტყვით, რა აუცილებელია ეს ჟანრული პროზა, დიდი ამბავი თუ არ გვაქვსო საერთოდაც. ამაზე მოგახსენებთ, რომ ჟანრული პროზა თამაშობს ერთგვარი კარიბჭის როლს, რომელიც ლიტერატურის ჯადოსნურ სამყაროში გიტყუებთ. არა? კეთილი, გაიხსენეთ ბავშვობაში რომელ წიგნებს კითხულობდით გატაცებით, სანამ სტაჟიან მკითხველად ჩამოყალიბდებოდით და თუ მათ რიგში ჟიულ ვერნზე მეტად ჯეიმს ჯოისი ან მარსელ პრუსტი დგას, მაშინ გილოცავთ – თქვენ ალბათ მათი პირდაპირი შთამომავალი ხართ და ჯერ არ იცით, გენეტიკა კი თავისას გიშვრებათ ამ დროს.

ლაშა მილორავას სადებიუტო ნაწარმოები გახლდათ „ბაბუა ბუკოვსკი“, რომელზეც „არილის“ ფურცლებიდანაც გვისაუბრია და კარგი ბევრი არაფერი გვითქვამს. ამ კონტექსტის გათვალისწინებით, ალბათ ხვდებით, როგორი განწყობით დავიწყებდი „დეგენერატების ქალაქის“ კითხვას, რომელიც პირველი წიგნის გამოსვლიდან მალევე გამოვიდა. სკეპტიკურად ვუყურებდი ახალგაზრდა, დაუოკებელი მწერლის მსგავს პროდუქტიულობას და მეეჭვებოდა რაიმე ზრდის ტენდენცია შემენიშნა, თუმცა მადლობა ღმერთს, რომ ჩემი სკეფსისი ბოლომდე გაცამტვერდა წიგნის წაკითხვის შემდეგ. წიგნის სტრუქტურა იმდენად დახვეწილი და შეკრულია, რომ ბარე ორი ლოკალური ბესტსელერი მოაწერდა ხელს.

უპრიანი იქნება ერთგვარი მოთხოვნები წამოვაყენოთ ჯიბის წიგნის ფორმატის ჰორორ-ნაწარმოებების მიმართ და ლაშას წიგნიც მსგავსად განვიხილოთ. ის უნდა იყოს აუცილებლად დინამიკური და მერწმუნეთ, დინამიკა გვერდების რაოდენობასთან პირდაპირ კორელაციაში არ არის – შეიძლება იყოს პატარა წიგნი, მაგრამ არ იყოს დინამიკური და ვერაფრით ართმევდე თავს მის კითხვას. უნდა ჰქონდეს დამაინტრიგებელი დასაწყისი, ჩამთრევი შუაწელი და ეფექტური ფინალი. არ უნდა იყოს გაწელილი და ყველა სიტყვა თუ მოქმედება თავის ადგილზე უნდა იდგეს. ამბავი უნდა იყოს დასამახსოვრებელი. ჩამოთვლილი მოთხოვნები ლაშას წიგნმა აბსოლუტურად დამიკმაყოფილა.

წიგნი იკითხება ძალიან სწრაფად და არა იმიტომ, რომ პატარაა, არამედ იმიტომ, რომ კარგად არის დაწერილი. ეს „კარგი“ ნიშნავს შემდეგს: არ არის ზედმეტი პერსონაჟები, რომლებსაც ავტორი თავს ვერ გაართმევდა და ბოლომდე ვერ დახატავდა, არის დამაინტრიგებელი ისტორია, არჩეულია თხრობის საინტერესო რაკურსი. სულ სამი მთავარი გმირია, რომელთა ურთიერთობაშიც საინტერესო ამბები ხდება და რომლებიც დამაკმაყოფილებლად არიან აღწერილები. თვალში მომხვდა ავტორის მცდელობა, რომ მისი გმირები ყოფილიყვნენ ლინგვისტურადაც განსხვავებულები, თუმცა ეს მიზანი ბოლომდე ვერ შესრულდა. „ბაბუა ბუკოვსკიშიც“ ცდილობდა ავტორი იმავეს და იქაც არ გამოვიდა. ჩემი აზრით, ავტორმა ფსონი ამაზე არც უნდა დადოს, რადგან სრულიად უმნიშვნელო დეტალია და არის საფრთხე, რომ კოხტა სიუჟეტი ზედმეტად გადატვირთოს. სიუჟეტი კარგია, ბოლო-ბოლო ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რამდენ სამამულო ზომბი-სთორის გაიხსენებთ? მგონი, ვერც ერთს. ამიერიდან შეგეძლებათ ერთი მაინც გაიხსენოთ, ვინმე თუ შეგეკითხებათ. ვირუსით ტვინდეგრადირებული ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს ებრძვიან, მრავლდებიან, ყველაფერს ედებიან და რამდენიმე გმირი ცდილობს გადარჩენას, ქალაქი განადგურების საფრთხის წინაშე დგება – ღმერთო, ეს ხომ ბევრს აინტერესებს! ეს ხომ გვაკლია ქართულ ლიტერატურაში, ჰოდა, რატომაც არა? მომეწონა ავტორის პოზიციონირებაც – ის სამი გმირის ზურგს უკან იმალება და მათი პირიდან ცდილობს მოვლენების ჩვენებას, რაც მეტ შრომას მოითხოვდა, თუმცა, ფაქტია, რომ ავტორი ამ შრომას არ მორიდებია და ამოცანას დამაკმაყოფილებლად გაართვა თავი. რა საჭიროა ეს? სტრუქტურას ამრავალფეროვნებს და ალამაზებს, რაც ზედმეტი არასდროს არაა და მკითხველის პატივისცემაზე მეტყველებს, როგორც მინიმუმ. ასევე სიუჟეტური ექსპერიმენტირებისადმი მიდრეკილებაზე, რაც ასევე საინტერესოა.

ჩამოთვლილი მიზეზების გარდა, წიგნს ორიგინალურობას ერთი მცირე შტრიხიც სძენს – ფაქტია, რომ ზომბი-სთორით დღეს ვინმეს გაკვირვება რთულია. ერთგვარი ჟანრული ყალიბივითაა, სტანდარტივით. ჩვენთან არა, მაგრამ უცხოენოვან ფილმებსა თუ წიგნებში თუ ვიდეოთამაშებში რამდენჯერ და რა კონტექსტში არ შეგვხვედრიან ზომბები, თითქმის ყველა სიუჟეტი ნაცნობი და მისაღებია თანამედროვე ახალგაზრდისთვის. თუმცა ეს წიგნი ერთი რამით განსხვავდება კლასიკური ზომბი-სთორისგან და ეს რაღაცა სათაურიდანვე ჩანს – ზომბი არსადაა ნახსენები და ის შეცვლილია სიტყვით „დეგენერატი“. თითქოს უმნიშვნელო ცვლილებაა, რადგან არსით ზომბიცა და დეგენერატიც ერთი და იგივეა. მეტიც, დეგენერაცია უკუგანვითარებას ნიშნავს, სიუჟეტის მიხედვით კი ტვინის უკუგანვითარებაზეა საუბარი. თუმცა „დეგენერატს“ მეორე მნიშვნელობაც აქვს გარდა პათანატომიურისა – ის ხომ არასახარბიელო ინტელექტუალური მონაცემების პატრონების დამაკნინებელი ეპითეტიცაა? – რა თქმა უნდა. ავტორმა პრეზენტაციაზე აღნიშნა, რომ ჰქონდა სურვილი რუსთავისთვის მიეძღვნა ნაწარმოები და აი ისიც, მივუძღვენიო. და არა მარტო რუსთავი, არამედ უმეტესობა ქართული ქალაქებისა, დეგენერატების ქალაქად შეგვიძლია აღვიქვათო. ვიღაცა დაეთანხმება, ვიღაცა – არა, ზოგი შეიძლება გაღიზიანდეს კიდეც, თუმცა ეს ყველაფერი უმნიშვნელოა. მთავარია, რომ ამ მცირე შტრიხით, ავტორმა თავის ზომბი-სთორის მკაფიო სოციალური აქცენტი შესძინა და ნაწარმოები ერთ დიდ სატირულ მეტაფორადაც აქცია. არ შემიძლია ისევ არ ვახსენო „ბაბუა ბუკოვსკი“, რომელიც მოწოდებული იყო სატირულ ნაწარმოებად. მინდა სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ „დეგენერატების ქალაქი“, რომელიც საშინელებათა ჟანრს მიეკუთვნება, ნებსით თუ უნებლიეთ ბევრად დახვეწილი სატირაა, ვიდრე ავტორის სადებიუტო ნამუშევარი.

დასასრულისთვის, ვაი-მკითხველთა ერთი მეტად სპეციფიკური კატეგორია მინდა ვახსენო, რომლებიც დაახლოებით ასე ფიქრობენ: „საიფაი, ჰორორი და რაღაცეები რა მოსატანია ნამდვილ ლიტერატურასთან, მაგათ რა მაკითხებს თუ ძმა ხარ, ბავშვი ხომ არ ვარ“. ახალგაზრდა ქართველ მწერლებს დიდი შრომის გაწევა მოუწევთ, რომ ეს მყარად გამჯდარი სტერეოტიპი დაანგრიონ და დაუმტკიცონ გაუცნობიერებელ მკითხველს, რომ ისინი ცდებიან და კლიშეებით აზროვნებენ. კლიშეების ნგრევა კი იოლი ნამდვილად არ გახლავთ – დიდი დრო, ბევრი შრომა და მეტი ახალი ავტორი სჭირდება ამ საქმეს, რომელთა რიცხვში მოხვედრასაც ვუსურვებდი ამ წიგნის ავტორს, რომელშიც ყველაზე იმედისმომცემი მაინც ზრდის დინამიკაა – ეს წიგნი ბევრად სჯობს პირველს, იმდენად, რომ შედარებაც არ შეიძლება. დაველოდოთ მის მორიგ ნაწარმოებს და იმედი ვიქონიოთ, რომ ზრდა შეუქცევად პროცესად იქცევა.

© “არილი

Facebook Comments Box