გაეტან სუსი, გოგონა, რომელსაც ძალიან უყვარდა ასანთი“. ფრანგულიდან თარგმნა ირინა ლაბაძემ. თბ. „აგორა“, 2016.
მე თუ მკითხავთ, ეპიგრაფი წიგნის თავშიც უნდა იყოს და ბოლოშიც. რა მიმზიდველიც არ უნდა იყოს ეპიგრაფი, მაინც მავიწყდება შუა კითხვის დროს და ვინმემ რომ მკითხოს, შეიძლება ვერც გავიხსენო არათუ რა ეწერა ეპიგრაფად, არამედ საერთოდ ჰქონდა თუ არა ის წიგნს. არადა, მთელ რიგ შემთხვევებში უმნიშვნელოვანესი რამაა. ავტორი ხომ ჯერ წიგნს წერს (თუნდაც გონებაში) და ეპიგრაფს მერე არჩევს სათქმელის გასამყარებლად?! მკითხველიც ასევე უნდა მოიქცეს – ჯერ წიგნი წაიკითხოს ბოლომდე და მერე მიუბრუნდეს ეპიგრაფს. გირჩევთ, რომ გაეტან სუსის წიგნს „გოგონა, რომელსაც ძალიან უყვარდა ასანთი“ თუ წაიკითხავთ, სწორედ ასე მოიქცეთ.
„ადამიანი (მაგალითად „მე“) ტკივილს განიცდის, მაგრამ ამით იგი არაფერს ფლობს. ტკივილს შესაძლოა ჰქონდეს სიძლიერე, გამოვლენის ადგილი და ა.შ., მაგრამ მას ვერ ეყოლება მესაკუთრე. რა არის ტკივილი, რომელსაც არავინ „განიცდის“? ტკივილი, რომელიც სინამდვილეში არავის ეკუთვნის? სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ ტკივილი მუდამ ისეა წარმოდგენილი, თითქოს რაიმე საგანი იყოს, რომელიც შეგვიძლია ისევე აღვიქვათ, როგორც ასანთის კოლოფი“.
წიგნის კითხვის დაწყებამდე რთულია ამ სიტყვების გაგება, თუმცა ერთი რამ კი ცხადია – ხვდები, რომ ავტორი რაღაც ძალიან დიდ ტკივილზე აპირებს საუბარს. ინტუიციურმა მკითხველმა ისიც კი შეიძლება იეჭვოს, რომ წიგნში არ დახვდება რაიმე ორგროშიანი დრამა ვერშემდგარი სიყვარულით გულგატეხილი გოგოსა თუ დედის სიკვდილით დამწუხრებული ბიჭის შესახებ, არამედ ამის სანაცვლოდ იქნება რაღაც დიდი სურრეალისტური ამბის მდინარება. ინტუიციური მკითხველისა რა გითხრათ, მაგრამ სწორედ ეგ გავიფიქრე და მართალიც გამოვდექი.
ძალიან დიდი უცნაურობა ხდება წიგნში. აქ შეხვდებით და-ძმას, რომელთაგანაც გოგონა საკუთარ სქესს არ აღიარებს და თავი ბიჭი ჰგონია. მათ მამას, რომელიც პირველივე გვერდზე კვდება და მთელი სიუჟეტი მისი სიკვდილის ირგვლივ იგება. სახლს, რომელსაც აქვს ფარდული და ქალაქისგან მოშორებით, „ფიჭვნარს იქით“ მდებარეობს. ფარდულს, რომელშიც არის დამწყვდეული გოგონას ტყუპის ცალი, რომელსაც მასობრივი დამწვრობის გამო მთელი სხეული მუმიასავით აქვს შეხვეული დოლბანდებში და რომელსაც „სამართლიანი სასჯელი“ ჰქვია, რაც ფრანგულად (ორიგინალის ენა) ჟღერს როგორც Juste Châtiment. ამ ორი სიტყვის ინიციალებს კი საითაც მივყავართ ყველაზე ზედაპირული თვალიც შეამჩნევს.
რომანში მოქმედება საკმაოდ დინამიურად ვითარდება. ავტორი ისეთი ორიგინალური რაკურსით გაყურებინებთ მოვლენებს, რომ სულ გიჩნდებათ კითხვები, გრჩებათ სათქმელი და ერთი სული გაქვთ გაარკვიოთ, რა ჯანდაბა ხდება ამ უცნაური ოჯახის თავს. რატომ ჰგონია გოგოს, რომ არის ბიჭი? რატომ არის ბიჭი უსასტიკესი? რატომ არის მამა გულგრილი შვილების მიმართ? რატომ ცხოვრობენ იზოლირებულად? რატომ მოუკვდა მამას ცოლი? რა შუაშია რელიგია? რატომ არის ამხელა გარყვნილება და სიბინძურე?
ჩემი აზრით, ეს წიგნი ძალიან კარგად გამოხატავს შემოქმედის ტკივილსა და სევდას. შემოქმედისა, რომელსაც არაფერი გამოუვიდა და ხელი ჩაიქნია. რომელსაც გლოვის გარდა სხვა არაფერი ეხალისება. რომელსაც თავისივე შექმნილები აუმხედრდნენ და ახლა გაბოროტებულს ისღა დარჩენია, რომ ყველა და ყველაფერი შეიზიზღოს, ჩაიკეტოს, მიუშვას ნებაზე თვითგანადგურების გზაზე მდგომი უბადრუკი არსებები. ქვა ქვაზეც ნუ დარჩენილა! ჩემი აზრით, ამ წიგნში ბრწყინვალედ არის აღწერილი სამყაროს დასაბამის ავტორისეული ვერსია. მთელი ის დომხალი, რაც შემოქმედებასთან იყო კავშირში. გებულობ ფაქტებს ბატონი სუასონის შესახებ და გგონია, რომ ალბათ ამას თუ გრძნობდა ღმერთი, როცა ედემის ბაღში ასახლებდა საყვარელ არსებებს, რომლებმაც საბოლოო ჯამში მას უღალატეს. ისე, არ იფიქროთ, რომ წიგნი თქვენს რელიგიურ გრძნობებს სალბუნად დაეფინება, ნურას უკაცრავად! უფრო პირიქითაც კი, ამ წიგნის კითხვა განსაკუთრებით სახიფათო და შეურაცხმყოფელი იქნება ოჯახის სიწმინდისა და რელიგიის მცველებისათვის. დიახ, აქ ნახავთ ისეთ შესაქმეს, როგორიც ბიბლიაში არაა აღწერილი. მეტიც – აქ ნახავთ შესაქმის ვერშემდგარ ვარიანტს, ანუ იმას, რაც რეალურად მოხდა კიდეც. მთელი ეს ინცესტი, გარყვნილება, სიბინძურე, სისასტიკე, სადიზმი და ნეკროფილია ხომ სწორედ ცივილიზაციისგან მოწყვეტილი ბატონი სუასონის შემოქმედების ენერგიის აფეთქებითაა გამოწვეული?! ცარიელი ფურცლის ვნება, რომელიც უნდა შეივსოს მთელი რომანის მამოძრავებელი ძალაა. ფარდულში გამომწყვდეული ქრისტე (ანუ „სამართლიანი სასჯელი“ იგივე Juste Châtiment ანუ J.C. ანუ Jesus Christ), რომელიც იტანჯება „სამართლიანად“ და ბრაზით გამოწვეული მიზოგინია, რომელიც მთელს წიგნში მძლავრადაა წარმოჩენილი პერსონაჟების მხრიდან (ბატონ სუასონს ქალთა მოდგმა ეჯავრებოდა, როგორც სჩანს. ალბათ იმიტომ, რომ საყვარელი ცოლი შვილის გაუფრთხილებლობით დაეწვა და მოუკვდა. ამის გამო (?) მეორე ქალიშვილს ვაჟიშვილობა ჩააგონა და დააჯერა. ზოგადად ქალებს კი ორად ჰყოფდა, როგორც ბავშვისგან გავიგეთ – „მეძავებად“ და „წმინდა ქალწულებად“. ყველა ძირითადად მეძავი იყო, წმინდა ქალწული მხოლოდ მისი ცოლი იქნებოდა ალბათ) კიდევ უფრო გვხლართავენ ბიბლიურ ამბებში და სულ უფრო და უფრო გვარწმუნებენ შემდეგში – ეს წიგნი არის მყრალი ნატურალიზმით აღწერილი შესაქმის საგალობელი, გულის დამდაგველი ბლუზი შემოქმედისა.
წიგნის ბოლოში აუცილებლად მიუბრუნდით ეპიგრაფს, როგორც გირჩიეთ ზემოთ. მიუბრუნდით და ყველაფერი მალევე დალაგდება არეულ გონებაში – თურმე რა ტკივილზე გვესაუბრებოდა ავტორი! ამ ტკივილს უკვე ვგრძნობთ, ვხედავთ და შეგვიძლია ხელითაც შევეხოთ და გადავფურცლოთ წინ და უკან, ან სულაც თავიდან წავიკითხოთ აწ უკვე სხვა თვალით და მეტი დაკვირვებით. ჰო, ავტორმა მოახერხა, რომ წიგნი გასაგნებულ ტკივილად ექცია, რომელიც ყველასია და ამავდროულად არავის ეკუთვნის და რომელიც ისევე შეგვიძლია აღვიქვათ, როგორც ერთი უბრალო ასანთის კოლოფი. ასანთზე კი ხომ გახსოვთ, მკაცრი ხმა ჩვენი ბავშვობიდან – ასანთთან თამაში სახიფათოა, ბავშვებო!
© არილი