პროზა

ჯაბა ზარქუა – ბლუზი პატარა კაცისთვის

jaba zarqua 1 copy

ოთახს ადვილად მიაგნო. „407, მგონი ეგაა“ – გაიფიქრა, თეთრი პერანგი შეისწორა, ღრმად ჩაისუნთქა და შევიდა.

– გამარჯობა.

– გამარჯობათ.

– დაბრძანდით. ხომ ადვილად მოგვაგენით?

– უპრობლემოდ.

– კეთილი. სანამ საუბარს დავიწყებდეთ, ჩაის ან ყავას შემოგთავაზებთ.

– არა, არა, ნუ შეწუხდებით, იყოს.

– ბევრი ლაპარაკი მოგვიწევს ალბათ და…

– მაშინ ყავა, სამი კოვზი შაქრით, თუ შეიძლება.

– ორ წუთში. წყალი ადუღებულია, დავასხამ და დავიწყოთ.

შუა ხნის ქერა ქალი სკამიდან ადგა, უხერხული ღიმილით დაძლია კაცსა და კარადას შორის პატარა სივრცე და გვერდით ოთახში გაუჩინარდა. „უკნიდან კაია“ – გაიფიქრა კაცმა და მაგიდაზე დაყრილ ფურცლებს დახედა ისევ.

– აი, მეც მოვედი. – ღიმილითვე გადმოლახა ქალმა ის ვიწრო სივრცე, თუმცა ამჯერად უფრო დიდი გაჭირვებით, რადგან ორი სავსე ფინჯანი ეჭირა. – მიირთვით და გისმენთ.

– მადლობა, არც კი ვიცი საიდან დავიწყო.

– ჯერ თქვენს შესახებ მოგვიყევით.

– ოცი წლის წინ ჩამოვედი სოფლიდან, – დაიწყო კაცმა და ყავა მოყლუპა. – ჰმმ, გემრიელია.

– გმადლობთ.

– უცნაური ამბავი იყო ჩემი აქ ჩამოსვლა.

– რატომ?

– ჩვენთან ხშირად დადიოდნენ სტუმრები ხან ქალაქიდან, ხანაც სულაც უცხოეთიდან. მაშინ 21 წლის ვიყავი, როცა სოფელში ის ჩამოვიდა.

– ვინ?

– ძალიან ლამაზი გოგო. არც კი ვიცი როგორ გითხრათ, ცოტათი მერიდება კიდეც, მაგრამ…

– თამამად, თამამად, ნურაფრის გრცხვენიათ.

– რაღაც ურთიერთობა გავაბით, იქით, აქეთ, მდინარის პირას ვხვდებოდით ხოლმე საღამოობით მარტო და მერე… ის…

– აჰმ, გასაგებია, ჰიჰი. – ჩაიცინა და პირზე ხელი მიიფარა ქალმა.

– ჰო, ჩემთვის პირველი იყო. მითხრა, რომ არავისთვის გამემხილა ეს ამბავი.

– რატომ?

– ქმარი მყავს, სამინისტროში მუშაობს, ორივეს ადვილად გვიპოვნის და მოგვკლავსო. სანამ აქ ვარ, გავერთოთ ერთად, კარგი ბიჭი ხარო. როცა წავალ, ჯობია დამივიწყოო. ძალიან მიმძიმდა ამ სიტყვების გაანალიზება, რადგან მიყვარდა და მზად ვიყავი ის ქმარიც მომეკლა და ყველა, ვინც ხელს შეგვიშლიდა სერიოზულ ურთიერთობაში.

– რა რომანტიულია.

– როცა ის ქალი ქალაქში დაბრუნდა, ისე ცუდად გავხდი, რომ გადავწყვიტე გავყოლოდი. მისი სახელიც არ ვიცოდი, მისამართზე ლაპარაკიც ზედმეტია, ერთადერთი არაფრისმომცემი ინფორმაცია ის მქონდა, რომ ბიოლოგი იყო, რადგან ბიოლოგების ჯგუფს ჩამოჰყოლოდა სოფელში და რაღაცეებს იკვლევდნენ.

– ასე ხელცარიელი ჩამოხვედით ქალაქში? ნამდვილი ავანტიურისტი ყოფილხართ.

– ჰო, სოფელივით წარმომედგინა აქაურობა მე სულელს, მეთქი გავიკითხავ, გამოვიკითხავ, ადამიანი როგორ ვერ უნდა ვიპოვოთქო, თუმცა სინამდვილეს რომ შევეჩეხე ძალიან დავიბენი თავიდან, მერე კი საერთოდაც გავტყდი და ხელი ჩავიქნიე. სხვა მიზანი გამიჩნდა. ჩემს თავს ვეუბნებოდი: „მე ისეთი დიდი კაცი უნდა გავხდე, რომ ყველამ გამიცნოს და აქეთ მიპოვოს მან, თვითონ მოკლას თავისი ქმარი და ჩემთან გამოიქცეს“. 21 წლის ვიყავი, თავში სხვანაირად მიქროდა, ხომ გესმით. თუმცა ფაქტი ფაქტია – დიდკაცობისკენ მიმავალი გზისთვის არასდროს მიღალატია და ბეჯითად შევუდექი კიდეც მისკენ სწრაფვას, ლურჯებში შევედი – მაშინ ისინი იყვნენ მმართველობაში.

– საიდან სადაო…

– ჯერ სად ხართ, არაერთხელ აღმოგხდებათ ეგ ფრაზა. მოკლედ, თავიდან ძალიან გამიჭირდა, სოფლელი ვიყავი მაინც და… ხომ ხვდებით. პრინციპში ალბათ ვერც ხვდებით, რადგან ახლა არაფერი მეტყობა რამე მსგავსის, მაგრამ მაშინ ძალიან გაუთლელი ვიყავი.

– მართლაც არაფერი გეტყობათ, საოცარია.

– ამის მისაღწევად ბევრი და დაუზარელად ვიშრომე. თავიდან ცხადია, ჩემი უბნის აქტივისტად განმამწესეს, თუმცა მალევე გავხდი კოორდინატორი. ამას სულ ჩემი შრომით მივაღწიე, სულ! აბა, ცნობილი და ფულიანი მამა და ბიძა მე არ მყავდა და არაფერი. მოკლედ, კოორდინატორობას ისე ყაირათიანად ვართმევდი თავს, როგორც დაგიბარებიათ. უბნის ყველა მაცხოვრებლის მონაცემი ჩაწიკწიკებული მქონდა ანბანის მიხედვით. უბნის მაჯაზე მედო ხელი და ერთი გაფაჩუნებაც კი არ მრჩებოდა თვალთახედვიდან. რთული სამუშაოა, მერწმუნეთ. ეს ახლა უყურებენ კოორდინატორობას არასერიოზულად, თორემ მაშინ… ყველა ადამიანს უნდა იცნობდე და იცოდე მისი ასავალ-დასავალი, მსოფლმხედველობა, სამეგობრო წრე და ა.შ. ეს განსაკუთრებით რთულია იმ ხალხთან, რომელსაც ეჯავრები და ეზიზღები, აი, აქ ვლინდება მთელი შენი, როგორც კოორდინატორის, მაღალი ოსტატობა, თორემ აბა ისაა საქმე, ბოლო ხანებში ცენტრალურ ოფისებში ზედაპირული ინფორმაციები რომ მიდის მხოლოდ კეთილგანწყობილთა ოჯახებიდან? ეჰ, სად იყო კეთილგანწყობა ჩემს დროს. დიდი მუშაობა დამჭირდა საკუთარ თავზე, რომ ეს სირთულე გადამელახა. „შენ ეს უნდა გააკეთო, შენ ამას შეძლებ, პირველივე სირთულემ არ უნდა გაგტეხოს, შენ უნდა გახდე დიდი კაცი!“ – ვუმეორებდი ჩემს თავს სარკის წინ და ვმხნევდებოდი. ვხვდებოდი თითქოს ყოველთვის, რომ დიდკაცობისთვის ვიყავი შექმნილი.

იცი, ზოგჯერ… შენობით მომართვა პრობლემა ხომ არ იქნება?

– არა, რა სისულელეა, პირიქით.

– მადლობა. იცი, ზოგჯერ ვფიქრობდი ხომ არ მივაგდო ყველაფერი და სოფელში დავბრუნდე-თქო, მაგრამ როდესაც ჩემი მიზანი მახსენდებოდა, მომენტალურად ვძლიერდებოდი.

ერთ დღეს, ჩემი კოორდინატორად მუშაობის დაწყებიდან შვიდი წლის შემდეგ, ანუ მაშინ, როცა 31 წლის ვიყავი უკვე, ჩემთან მოვიდა ერთი კაცი და მითხრა:

„ტარება იცი?“

„გააჩნია რისი“ – ჩავეძიე.

„მსუბუქი მანქანის. მართვის მოწმობა გაქვს?“

„კი. მერე?“

„წლებია გაკვირდებით. შენნაირი კადრი გვინდა ზუსტად. შსს მინისტრის მძღოლი უნდა გახდე“.

გულმა რეჩხი მიყო, მაგრამ გარეგნულად არაფერი შევიმჩნიე და თავდაჭერილად დავუდასტურე შემოთავაზება. აი ასე, საიდან სადაო, მართლაც და.

– აღფრთოვანებული ვარ, 31 წლის ბიჭი და უკვე…

– ჰო, მაგრამ ჯერ სად ხართ! შსს მინისტრი კარგი ადამიანი აღმოჩნდა ურთიერთობაში. დასაწყისიდანვე წესიერად მეპყრობოდა, ალბათ იცოდა რომ სანდო და კარგი კადრი ვიყავი. მოკლედ, მიუხედავად შემდეგ განვითარებული მოვლენებისა, ის პერიოდი, როცა ვერაფერს ვხვდებოდი, კარგად მახსოვს, არ მოვიტყუები. ეს მერე გავიგე ათასი საშინელება ჩემი უფროსის შესახებ, თორემ მანამდე… ამაზე ცოტა მოგვიანებით.

ეს ჩვენი მინისტრი ისე არ წავიდოდა რესტორანში საქეიფოდ, თან რომ არ წავეყვანე და თანასწორივით არ მომპყრობოდა, იქვე შორიახლო არ დავესვი და ხორცის ნაჭერი არ შემოეთავაზებინა. ერთხელ ღვინოც დამისხა, აბა! 31 წლის ბიჭს, წარმოიდგინეთ. მოკლედ, ჩვენს საყვარელ რესტორანში მორიგი ვიზიტისას, მითხრა:

„ხო იცი როგორ პატივსაც გცემ და როგორ გენდობი?“ – შეზარხოშებულიყო.

„დიახ, დიახ, დიახ, ვიცი ბატონო, ვიცი“.

„ჰოდა, ახლა მითხარი რა გინდა, ნებისმიერი რამე!“

„ასე ახლა…“ – დავიმორცხვე, თუმცა გონებაში გავიფიქრე – „დაიწყო!“ და წინა ეპიზოდი გავიხსენე, რომელიც ზუსტად მსგავსი საუბრით დაიწყო და მეზობელ ქვეყანაში, ქალის ძუძუებში თავის ჩამხობით დამთავრდა.

„მუტელი გინდა?“ – განაგრძობდა ჩემს წაქეზებას.

ისა, ბოდიში მართლა, მაგრამ ვციტირებ და უხერხული ხომ არაა? ასე ლაპარაკობდა ის, ხომ ხვდებით.

– არა უშავს, განაგრძეთ.

– მადლობა.

„მუტელი გინდა? ძუძუ გინდა? თამაში გინდა? რა გინდა? ნებისმიერ რამეს დაადე ხელი, ნებისმიერი რამე ისურვე!“

თვალები მიბრწყინავდა და ერთი სული მქონდა როდის ავირჩევდი რამეს.

„თამამად, მიდი. მოიცა, აი იქით ჩაიხედე, ხედავ?“ – ჩვენ ზემოთა სართულზე ვისხედით მარტო, ქვემოთ საერთო დარბაზში სიხალვათე იყო და მხოლოდ ორი მაგიდა გახლდათ დაკავებული. ერთ-ერთს ორი მამაკაცი და სამი ქალი უსხდა. ერთ-ერთისკენ მიმითითებდა. „უყურებ? მოგწონს? ჰააა?“ – მუჯლუგუნებს მკრავდა და მაქეზებდა.

მსგავსი რამ არასდროს მექნა და ცოტათი შემეშინდა ჟურნალისტების და ხმაურის, თუმცა მაინც ავირჩიე. ის არა, რომელსაც მინისტრი მიმითითებდა, მის გვერდით მჯდომი, რომელიც იყო ქერა, დიდმკერდიანი და გამომწვევი, ახლაც თვალწინ მიდგას, თითქოს.

– აარჩიეთ?

– ცხადია. კარგიო, მითხრა. Gადარეკა-გადმორეკა და ჩვენს თვალწინ ჩვენი ჯეჯგვი ბიჭები მაგიდას წამოადგნენ. ორმა მამაკაცმა წინააღმდეგობის გაწევა სცადა, თუმცა ფეხები არავისთვის წაეჭამათ ერთბაშად, სადღაც გააქრეს იმწამსვე. ქალები კი ჩვენთან ამოიყვანეს. მინდა გითხრა, რომ იმ ღამეს ქალღმერთის მკლავებში გახვეულს მეძინა, არასდროს დამავიწყდება მისი მკვრივი მკერდი და მრგვალი უკანალი, მისი დაუოკ… ბოდიში, ძალიან ხომ არ ვიჭრები როლებში?

– არა უშავს, ჰიჰი.

– კეთილი. მოკლედ, ორი წელი გავატარე მსგავს სიამტკბილობაში და 33 წლისამ ერთი თავზარდამცემი ამბავი შევიტყვე უცაბედად – ჩემი შეფი მოღალატე ყოფილა!

– საიდან გაიგეთ?

– წითლების ხალხმა მითხრა. ძალიან მეწყინა, თუმცა რა უნდა მექნა, მოღალატესთან მუშაობას ვეღარ გავაგრძელებდი, არსებობს რაღაც, რასაც ვერ გადააბიჯებ, ხო? ჰოდა მეც ვთქვი – „დიახ“ და ბრიფინგზე წარმოსათქმელი სიტყვის დალაგებას შევუდექი გონებაში. რევოლუცია კარზე იყო მომდგარი. მიტინგის პირველივე დღის პრელუდია უნდა ყოფილიყო ეს ბრიფინგი, სადაც უნდა მომეყოლა ყველაფერი, რაც ვიცოდი მოღალატის შესახებ. უნდა მომეყოლა ჯერ არნახული ანტისახელმწიფოებრივი შეთქმულების შესახებ, უცხო ქვეყნის ჯაშუშებთან შეხვედრების შესახებ, ოპოზიციური ლიდერების დევნის გეგმის შესახებ, მანიაკი მკვლელების გამოზრდის მეთოდების შესახებ, რესტორნიდან ორი მამაკაცის გატაცების, არა, გატაცების არა – ადგილზე  ჩაცხრილვის შესახებ, მათი ქალების გაუპატიურების შესახებ, მისი მუცელღმერთობისა და ავხორცობის შესახებ… ღმერთო ჩემო, როგორ შემეძლო ამ არამზადა ცხოველთან მუშაობა! დაბრმავებული ვყავდი ამქვეყნიური სიკეთეებით, თუმცა, მადლობა ღმერთს, ბოლომდე არ გასტანა ტყუილმა.

უცბად გავხდი ძალიან ცნობილი. შოუები, გაზეთები, მიტინგები – ყველგან მე ვიყავი და ჩემს სიმართლეს თან დავატარებდი. ამ პერიოდში დამირეკა კიდეც მან, მოღალატემ, რომელსაც წყალი ჰქონდა უკვე შეყენებული და მითხრა:

„შენ რაღამ გამოგაყლევა?“

მე კი ეს სიტყვები ჩავწერე და მეორე დღეს ჟურნალისტებს გადავეცი, როგორც სახელისუფლებო ზეწოლის მორიგი მცდელობა. უშედეგო მცდელობა! დიახ, არაფრის მეშინოდა, მიუხედავად ფიზიკური ლიკვიდაციის რეალური საფრთხისა, საერთოდ არაფრის! ჩემთან იყო სიმართლე და ჩემთან იყო ხალხი!

– რა სიმამაცეა, ძალიან მომწონს.

– შეირყა სისტემა და როგორც იქნა შეიცვალა კიდეც. წითლები მოვედით. ყოფილ შსს მინისტრს ციხეში ვუკარით თავი სამშობლოს ღალატის ბრალდებით. მე ქალაქის ერთ-ერთი რაიონის გამგებელი გავხდი. წარმოგიდგენიათ ეს რას ნიშნავს 33 წლის ბიჭისთვის, რომელიც 12 წლის წინ ჩამოვიდა სოფლიდან ქალაქში, მდიდარი მამა და ბიძა არ ჰყოლია, არც არავის იცნობდა თავიდან და ამ ყველაფერს თავისით მიაღწია, თავისი არაადამიანური შრომით? წარმოგიდგენიათ? თავს უბედნიერეს ადამიანად ვგრძნობდი, როგორც იტყვიან – ცა ქუდად არ მიმაჩნდა და დედამიწა – ქალამნად.

ჩემი ნათესავები ჩემს რაიონში ჩამოვასახლე და ბინები გამოვუძებნე როგორღაც. არასდროს დამავიწყდება მამაჩემის აცრემლებული თვალები და ის სიტყვები, ჩვენი პირველი შეხვედრისას რომ წარმოთქვა:

„უკვე გამგებელი ხარ, შვილო?“. ამაყობდა მოხუცი კაცი. საფუძველიც ჰქონდა პრინციპში, მისი შვილი ხომ უკვე დიდი კაცი იყო, მთელი ქალაქის მასშტაბით თან! მეეჭვება ჩვენს გვარს მსგავსი რამ ოდესმე ღირსებოდა.

დავიწყე პარკებისა და სკვერების შენება, გზების დაგება, ეკლესიების აგება. იცი, ყველაზე მეტი ეკლესია ჩემს რაიონში იდგა! ხალხისთვის ნამდვილი მისაბაძი მაგალითი გავხდი, როგორიც უნდა იყოს კიდეც ჭეშმარიტი რაიონის გამგებელი. თუმცა გულის სიღრმეში ვხვდებოდი, რომ იდეალურობამდე ერთადერთი რამ მაკლდა – ოჯახი.

„ყველაფერი იქნება“ – მითხრა ბიძაჩემმა და ამ სიტყვებიდან სამიოდე კვირაში რამდენიმე ვარიანტი შემირჩია, რომელთაგან ერთს დავადე ხელი. გამრჯე, მუყაითი, კაი ოჯახისშვილი და პატიოსანი ქალია, ყოჩაღო, შემიქო არჩევანი ბიძამ. ასე შევირთე ცოლი და ჩემსავე აშენებულ ეკლესიაშიც დავიწერე ჯვარი. მთელი რაიონი და მთელი ქალაქი ამაზე ლაპარაკობდა, ყველას უხაროდა, იწერებოდა სტატიები, მიწვევდნენ გადაცემებში.

პირველ წელს ერთი ბავშვი გავაჩენინე, ბიჭი, რომელიც პრეზიდენტმა მომინათლა. მეორე წელს – მეორე, გოგო, რომელიც მინისტრებმა მომინათლეს. და ასე, ხუთი წლის მანძილზე წელი არ ჩაგვიგდია. ნათლობები, ძეობები… საოცარი დრო იყო, ჩემი ცხოვრების უბედნიერესი წუთები.

„შენზე ამბობენ ცოლს ერთგულობსო. გოგო ხარ, ბიჭო?“ – შემეხუმრა ერთხელ ახალაშენებული სკვერის გასახსნელად მოსული პრეზიდენტი და შეუღლებიდან მესამე წელს საყვარელიც გავიჩინე. ბევრი არ მიძებნია, ჩემივე მდივანი იყო, ქერა ქალი, ლამაზი მკერდითა და გამომწვევი ქცევებით.

„შენნაირი პატიოსანი ადამიანი მეორე არ შემხვედრია, არადა, რამდენი ვინმეს მდივანი ვყოფილვარ, შენ კი ამდენ ხანს… ალბათ, ძალიან გიყვარს შენი ცოლი“ – მეუბნებოდა სექსის შემდეგ. მე კი მიხაროდა და მეამაყებოდა ის ფაქტი, რომ ასეთ პატიოსან კაცად ვიყავი ცნობილი მთელს ქვეყანაში. აბა იმას კი არ ვგავდი, იმ სულწავარდნილ გარყვნილს, ეკონომიკის მინისტრს, უუუხ! მისი ბრალი იყო ყველაფერი რაც მოხდა, მე თუ მკითხავ.

– გეთანხმებით.

– ჰო, ღმერთი მოწყალეა და ყველაფერს ხედავს, ყველას თავისი მიეზღვება ადრე თუ გვიან, ჩვენ რა ხეირი თორე… ქვეყანა ნელ-ნელა ირეოდა და ჩემს იდეალურ ყოფასაც რეალური საფრთხე ემუქრებოდა. ლურჯები რეაბილიტაციას განიცდიდნენ, ძლიერდებოდნენ და რევანშისთვის ემზადებოდნენ.

ხმები გავარდა, რომ ბევრი ჩვენიანი ისევ მათ ბანაკში გადავიდაო, მე კი არ ვიცოდი რა მექნა. ფსიქიკა შემერყა. გავგიჟდი. ბოლოს დიაზეპამზეც კი შევჯექი, აბა ისე ვერაფრით ვიძინებდი, კოშმარები მესიზმრებოდა და წარმოდგენაც კი მზარავდა რა მოხდებოდა, თუ ის ბოროტი მოღალატე კაცი ციხიდან გამოვიდოდა. ღმერთო, პირველს ხო ჩვენ მოგვადგებოდნენ? დიდკაცებს – პრეზიდენტს, მინისტრებს, გამგებლებს. წვრილფეხობას მერე დაერეოდნენ ან შეიძლება არც დარეოდნენ, ვის რაში ადარდებდნენ ისინი. მთავარი ბირთვი და მამოძრავებელი ძალა ხომ მე და ჩემი გუნდი ვიყავით და პირველი დარტყმაც ჩვენზე უნდა ყოფილიყო. საბედნიეროდ, საქმე რევოლუციამდე არ მისულა. არჩევნებში ჩემს რაიონში მხოლოდ 5% ავიღე. ძალიან გავბრაზდი, მაგრამ ახლა უკვე ფეხებზე მკიდია – ხალხი ხომ უმადური, დაუნახავი, ბნელი მასაა, განა მე რას გავაწყობდი ბუნების ამ წესთან?

პრეზიდენტი და მინისტრები უცხოეთში გაიკრიფნენ. მე ბევრი ვიფიქრე და პრინციპულად არსად წავსულვარ. უღირსი საქციელი მეგონა ეს, თუნდაც პრეზიდენტისგან. ღირსება ჩემთვის ყოველთვის უმთავრესი იყო და ის არც მაშინ დამიკარგავს, როდესაც არჩევნების შემდეგ ახალმა მერმა დამიბარა და მითხრა: „შენ ისევ აქ ხარ? როდისღა უნდა გააჯვა?“, რაზეც მე ირონიულად ჩავიცინე, წინასწარ გამზადებული და გულის ჯიბეში შენახული განცხადება ამოვიღე, მაგიდაზე დავუგდე და გამოვბრუნდი უხმოდ. წარმომიდგენია რა დღეში ჩავარდებოდა, ალბათ ელოდა, რომ მუხლებში ჩავუვარდებოდი და ფეხის თითებს დავუკოცნიდი, მაგრამ ნურას უკაცრავად – მე ჩემი გასაკეთებელი პირნათლად გავაკეთე. ჩემნაირი კაცი შიმშილით არასდროს მოკვდება, ყოველთვის იშოვის რაიმე ღირსეულ სამსახურს და რისი უნდა მეშინოდეს? ამ პატარა კაცებმა და წვრილფეხა კარიერისტებმა იკითხონ, თორემ მე რა. დღე და ღამე იმის ფიქრში რომ არიან ეს უბადრუკები, ტრაკი ვის როგორ აულოკონ, ტფუი.

– ნამდვილად ღირსეული ადამიანი ყოფილხართ!

– ეგაა მთავარი ამქვეყნად, ჩემო კარგო. სხვას რას წავიღებთ წუთისოფლიდან, რა შეგვრჩება, გარდა კარგი სახელისა და ღირსეული ბიოგრაფიისა. ღმერთი ყველაფერს ხედავს.

– ძალიან მომწონხართ, ძალიან!

– სასიამოვნოა, მეც მომწონხარ.

ოთახში გვერდითა ოთახიდან კაცმა შემოყო თავი. გაბრაზებული ჩანდა:

– შენ ე, არ უნდა მორჩე ამ ტვინის ტყვნას არასდროს?

– მოვრჩით უკვე, ეს კანდიდატურა მომწონს! – წამოდგა ქალი.

– დროზე რა, ბლიად! პორნოფილმს ვიღებთ თუ ფრანგულს, რა უბედურებაა ეს, რა ჩემ ყლედ მინდა თქვენი ცხოვრებისეული დიალოგები აქ, ავოე! ჩაიხადე, იტყნაურე, წადი – რად უნდა ამას ამდენი არჩევა? Eე, შენ, კაცური კაცი, –  მიმართა კანდიდატს. – აბა ერთი შენი ღირსება გვანახე.

– ნუ ყვირი! მე ასე ყველასთან ვერ დავწვები, მით უმეტეს უცნობებთან, ჯერ უნდა გავიცნო და მოვიწონო! – გაწიწმატდა ქალი.

– ბებიაშენისამ რა! ვითომ სხვა რამის კეთება იცოდე. გიჟი ხარ, ნამდვილი გიჟი! ასე ვერ ვხედავ წესიერად, ხელით გაუწვალე და აუყენე, დროზე.

– ნუ ყვირი-თქო! ათასჯერ გითხარი, რომ… – ქალი თან ჩხუბობდა, თან მაგიდაზე გადახრილიყო და ხელით პენისს უწვალებდა.

– კაია?  – დარცხვენით იკითხა კანდიდატმა და რეჟისორს მიაჩერდა თვალებში.

– სულ ესაა? სახაზავი მიადე აბა. რამდენია?

– 9 სმ.

– რაა? შემდეგი! გააჯმევინეთ ამას დროზე აქედან, ვისთან მაკარგვინებს ამდენ დროს, ო ღმერთო და თან მოსწონს! ეს მოგწონს? ეს ბეღურასაც ვერ მოტყნავს რომ მიუშვა.

– აუ, იცი რას გეტყვი შე ნაბიჭვარო? გააჯვი. – თქვა ქალმა, ის ვიწრო სივრცე გაიარა, კაცს შარვალი ამოაცვა, ხელკავი ამოსდო და დერეფანში გაუჩინარდა.

– ინანებ! მწარედ ინანებ! მოხოხდები შენით ისევ, მოცოცდები შენ ბოზო! – ყვიროდა რეჟისორი. წყვილი კი უკვე კიბეზე ჩადიოდა.

– ქერა ქალები ყოველთვის მომწონდნენ.

– წამოდით ჩემთან.

– კი, წამოვალ, მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ გიცნობ, თითქოს არაერთხელ მყავხარ ნანახი და…

– დავლიოთ რამე? დავლიოთ.

– დღეს გაგიხსენებ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ გიცნობ, უეჭველი გიცნობ, თან ახლოდან!

– არაყი? არაყი ჯობია.

იმ ღამეს პატარა კაცმა გაიხსენა ქერა ქალი. ქალი, რომლის გამოც სოფლიდან ჩამოვიდა, რომელიც რესტორანში აირჩია და რომელიც მისი მდივანი იყო.

იმ ღამეს პატარა კაცმა მტკიცედ გადაწყვიტა, რომ ცოლ-შვილი მიეტოვებინა და ახალი ცხოვრება დაეწყო.

იმ ღამეს პატარა კაცი დააპატიმრეს. ორი თვის მერე კი ინსულტით მოკვდა.

10.11.13.

© “არილი

Facebook Comments Box