ესე,  კრიტიკა,  რეცენზია

ჯაბა ზარქუა – ერთი იატაკი ასკრონიანები

hrabal-5645

ბოჰუმილ ჰრაბალი, ვემსახურებოდი ინგლისის მეფეს, ჩეხურიდან თარგმნა სულხან მუხიგულაშვილმა, თბ. „დიოგენე“, 2014.

ყურადღებით მისმინეთ, აი, რას გიამბობთ.

ამდენი წლის განმავლობაში პირველად მოხდა, როდესაც ჩემმა დალაქმა დააგვიანა. ცოტა უცნაურად მეჩვენა ეს ამბავი მისგან, ადამიანისგან, რომელიც ჩაწერით იღებდა კლიენტებს და ცოცხალი თავით არ აძვირებდა მომსახურების საფასურს – 5 ლარს ფეხს არ უცვლიდა წლების მანძილზე. მგონი, ერთადერთი, ჩემი დალაქის მომსახურების ფასი არის ჩვენს ქვეყანაში სტაბილური. ისე კი არ იფიქროთ, თითქოს პრეტენზიული კლიენტი ვიყო და ძალიან ვწუხდე 10 წუთით დაგვიანების გამო, არავითარ შემთხვევაში. იქნება და რა უჭირს ადამიანს, იქნება და სადღაც ჭამა გაუგრძელდა ან რომელიმე პრეტენზიულ კლიენტს გადაჰყვა თან, ან სულაც იმ ბავშვის ბრალი იყო ყველაფერი, რომელიც სკამზე იჯდა და შიგადაშიგ უკმაყოფილოდ წამოიკნავლებდა. ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს, მაგრამ ახლა ამ მიზეზების ჩხრეკა ჩვენი საქმე არაა, რადგან უფრო მნიშვნელოვან რამეზე მინდა გელაპარაკოთ. კერძოდ კი კაცზე, რომელიც კაცად ვერ შედგა, თუმცა კი ეთიოპიის იმპერატორს ემსახურებოდა. ემსახურებოდა რა ახლა, სულ ერთხელ მოემსახურა, რაც არასდროს დამავიწყდება. საოცარი სცენა იყო – ეთიოპიელი მზარეულები სამზარეულოში ფუსფუსებდნენ და ფრიად უცნაურ კერძს ამზადებდნენ. კერძს, რომლის გემოც ჩვეულებრივ მოკვდავთათვის წარმოუდგენელი იქნება. აბა სცადეთ წარმოდგენა – ჯერ იყო და აქლემი დაკლეს, რაც უკვე უცნაურია. დარწმუნებული ვარ, უმეტესობა თქვენგანი ცხოვრებაში არ გასინჯავს აქლემის ხორცს, ან კი რა გასასინჯია? მაგრამ ჯერ სად ხართ. დაკლულ აქლემში კოხტად ჩააწყვეს ორი ცალი ანტილოპა (ცხადია – ესენიც დაკლულები, ალბათ გაპუტულებიც), ანტილოპებში გოჭები, გოჭებში ინდაურები, ინდაურებში თევზები და ცარიელი ადგილებში კი, რომლებიც ხორცსა და ხორცს შორის აუცილებლად დარჩებოდა, მაგრად მოხარშული კვერცხები ჩაალაგეს. სწორედ ეს კერძი მიართვეს ეთიოპიის იმპერატორს და სხვა სტუმრებს და სწორედ ამ დროს მოემსახურა ჩვენი წიგნის მთავარი გმირი მის უდიდებულესობას, რაც ცხოვრების ბოლომდე არ დაავიწყდება, რადგან ამ სამსახურის დასაფასებლად მიიღო ბაფთა, რომელიც თვით იმპერატორმა უბოძა. თუმცა ბაფთა იქით იყოს და დასაწყისებთან მინდა დავბრუნდე მცირე ხნით და იქიდან განვაგრძო თხრობა.

ცხოვრება ასეა მოწყობილი – პირველად ქალს გაჟიმავ და მერე ყველაფერი ირევა თავში. პან დიტეს შემთხვევაშიც ასე მოხდა, თუმცა „პან“ იმ დროს ნამდვილად არ ეთქმოდა ერთ რიგით პიკოლიკს, ხელის ბიჭუნას. პანობამდე ბევრი უკლდა, თუმცა თავისი ცხოვრების მიზნად სწორად ეს დაისახა – გამხდარიყო დამსახურებული, შემდგარი, პატივცემული და საზოგადოებაში გათქვეფილი კაცი, ნამდვილი კაცი. მის მიზანსწრაფულობას მისი ფიზიკური ნაკლიც უწყობდა ხელს – ძალიან დაბალი იყო და მოგეხსენებათ, დაბალ ხალხს უფრო მეტი შრომა უწევს, ვიდრე მაღალს, თუმცა შრომას ჩვენი პიკოლიკი არასდროს უშინდებოდა. ერთი რამ მინდა სწორად გაიგოთ, ეს არ იყო იმ ტიპის ადამიანი, რომელიც რაღაცის მოსახვეჭად აკეთებს ყველაფერს. არც ქალები იყო მისი თვითმიზანი საბოლოო ჯამში, არც მდიდრული საცხოვრებელი და არც საკუთარი ბიზნესი. ეს ყველაფერი მხოლოდ საშუალებად ესახებოდა – ნამდვილ კაცებში გათქვეფის საშუალებად, თორემ განა ფულს გამო აკეთებდა იმას, რასაც აკეთებდა? ნურას უკაცრავად. ასე რომ, განაგდეთ გონებიდან ახლა ყველა ის ახალგაზრდა კარიერისტი, რომლებიც მრავლად გინახავთ სამთავრობო სტრუქტურებში თუ სულაც პარლამენტში და განაგრძეთ კითხვა, სხვა შემთხვევაზე გესაუბრებით, არა ბანალურზე.

სასტუმროდან სასტუმროში გადაბარგებისას თვალსა და ხელს შუა იზრდებოდა ჩვენი პატარა ბიჭუნა. ერთხელაც ერთ-ერთ სასტუმროში უცნაური მსუქანი კლიენტი შეხვდა, ერთი ვაჭარი ვინმე, რომელსაც ძალიან მოაწონა თავი და რომლის ნომერშიც ისეთ სცენას შეესწრო, რაც მის შემდგომ ცხოვრებას თან გაჰყვა – ასკრონიანები იატაკზე ჰქონდა გადაშლილი ვაჭარს და დიდი სიამოვნებით თვლიდა და აწყობდა. მიხვდა პიკოლიკი, რომ ოდესღაც თავადაც ასე უნდა ყოფილიყო, ეს იყო მისი სულიერი მდგომარეობა, სწორედ ასე უნდოდა ფულს მოპყრობოდა. „ერთი იატაკი ასკრონიანები“ – ფული ასე დიდებულად არავის აღუწერია მგონი. სწორედ ამ ერთი იატაკი ასკრონიანების შეგროვებისთვის დაიგეშა პიკოლიკი და განაგრძო გზა.

თავიდან ცოტა დაბნეული ვიყავი მისი ცხოვრების შემყურე. ახლა, როცა სადალაქოში ვდგავარ და ჩემს რიგს ველი, ჩანაწერებს ვათვალიერებ მობილურში, რომელსაც კითხვის დროს ვაკეთებდი და ერთგან მიწერია: „მაგარი თხრობის სტილი აქვს, დამაბნეველი, სწრაფი, მკაფიო“. ჰო, თან დამაბნეველი და თან მკაფიო, სწორედ ასე წერს ბოჰუმილ ჰრაბალი და მისი ეს ნაწერი ნამდვილად არ არის განკუთვნილი ზედაპირული და შემდგარი ადამიანებისთვის, პირიქით – თავის თავში დაკარგულები, ვერგარკვეულები და თავმოუბმელები თუ შეძლებენ ბოლომდე მიყვნენ ამ იდეალურ ბოდვას, რომელიც ბოდვის კვალობაზე საკმაოდ მკაფიო და დამაჯერებელია. კიდევ ერთი სტილისტური უცნაურობა, რომელმაც კარგა ნახევარი წიგნის განმავლობაში დიდი კითხვები გამიჩინა, იყო ავტორის დამოკიდებულება დროსთან – ვერაფრით მივხვდი, რა ეპოქაში ვითარდებოდა მოქმედება. ეს სასტუმროები, რომლებიც მოწყვეტილები იყვნენ რეალობისგან, თითქოს იზოლირებულად, ცალკე სამყაროში არსებობდნენ და მხოლოდ იმისთვის იყვნენ საჭირონი, რომ პიკოლიკის ცხოვრების გზა დაემშვენებინათ, სხვა არაფერი, არანაირ ობიექტურ და თვითმყოფად რეალობას ისინი არ გამოხატავდნენ. ერთი პირობა იმასაც კი ვფიქრობდი, მოქმედება მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში თუ ვითარდება-მეთქი, მერე აზრი შემეცვლებოდა და მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში გადმოვვარდებოდი, ბოლოს კი ჩემს მარჩიელობას ბოლო მოეღო, გავიგე რა, რომ მოქმედება მეორე მსოფლიო ომამდე, ომის დროს და ომის შემდგომ პერიოდს აღწერდა. ყველა ეპოქაზე მივიტანე ეჭვი ამის გარდა, ესეც საგულისხმოა. მეორე მსოფლიო ომზე როცა წერენ ხოლმე, ძირითადად ასე პირდაპირ, მოურიდებლად და ნაჯახივით გაჯახებენ ცხვირში ეპოქას და დროს, მთელი თავისი ზიგ ჰაილებითა და ამბებით. საბედნიეროდ, ასე არ ხდება ამ წიგნში. ავტორი მკითხველზე აშკარად დიდი წარმოდგენისაა, აკი გითხარით, რომ შემდგარი თავდაჯერებულები ტყუილად ნუ დაეჭიდებით ამ წიგნს, არაა თქვენთვის-მეთქი! რამე სხვა იკითხეთ დროის მოსაკლავად ან ფილმებს უყურეთ, მაგალითად, „შინდლერის სია“ გაქვთ ნანახი?

ჰო, დავუბრუნდეთ ისევ პიკოლიკს, რომელიც ისევ პიკოლიკი იყო ჯერ კიდევ და პანობისგან შორს იდგა. ყველაფერი ლოგიკურად მიდიოდა, თუმცა უეცრად თხრობაში ლიზა შემოეხეტა, გერმანელი ქალი, რომელსაც ქუჩაში ამცირებდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ ჩეხები. ამ გერმანელმა ქალმა პიკოლიკის ცხოვრება მთლიანად გადაიყვანა ჩვეული რელსებიდან. რას ვგულისხმობ იცით? აი ასეთი პერსონაჟისგან ყველაზე ნაკლებ წარმომედგინა რომ სიყვარულის გამო თავს დაკარგავდა და ერთი იატაკი ასკრონიანები დაავიწყდებოდა. განა ჩაგრული გერმანელი ქალის გამოსარჩლებით საზოგადოებაში დამკვიდრებას და პატივისცემას დაიმსახურებდა? ცხადია, ვერა. მაშ რატომ გააკეთა ეს? რატომ დაიცვა ლიზა, რომელსაც ჩეხები ჩაგრავდნენ? ამის გამო თანამშრომლებისგან სახეში ფურთხებაც კი დაიმსახურა. რა ძალა ერჩოდა? დატეულიყო იმ თავის ტყავში და განვითარებულიყო ნელ-ნელა, ყველაფერი კარგად მიდიოდა თან. მართალი გითხრათ, ამ უცაბედი შემოტრიალებით მაგრად დავიბენი, ცოტა არ იყოს, და გავაგრძელე კითხვა. ერთი ლოგიკური ახსნა ის რჩებოდა, რომ ამ ქალის შემწეობით აპირებდა ნამდვილ კაცად გახდომას მომავლის საზოგადოებაში. აჰმ, ნუთუ გული უგრძნობდა რომ გერმანელები მალე მთელს მსოფლიოს მოედებოდნენ და დააფასებდნენ მას, როგორც ვაჟკაც ჩეხ ადამიანს, რომელმაც ჩაგრული გერმანელი ქალი აგრესიისგან დაიცვა და თავის თავზე იწვნია აგრესია? ვინ იცის, შეიძლება გულის სიღრმეში ეს განზრახვაც ჰქონდა. ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ ლიზაზე დაქორწინდა და შვილიც კი გაუჩნდათ. თავიდან რომ მეგონა მაგრად უყვარს ეს ლიზა-მეთქი, მერე სხვანაირად ვუყურებდი მათ ურთიერთობას. მას შემდეგ რაც გერმანელები მთელს სამყაროს მოედვნენ და ლიზას უკვე ვერავინ ჩაგრავდა, არამედ პირიქითაც კი იყო, პიკოლიკი მაინც პიკოლიკად რჩებოდა. არავინ შეეგება მას ხელგაშლილი, რადგან მაინც ჩეხი იყო, თან დაბალი ჩეხი, დაბალი ჩეხი კი ტანადი არიელებისთვის აბა როგორი ასატანი იქნებოდა? იმას ვერ ეღირსა, რომ ხელი ჩამოერთვათ მისთვის, თუნდაც ქორწილში. ძაღლად არ აგდებდნენ. ოპერაცია „ლიზა“ კრახით დასრულდა, შეიძლება ასეც შევაფასოთ, თუმცა ქალმა მის კაცად შედგომაში მაინც ითამაშა დიდი როლი, რადგან ფრონტიდან დაბრუნებულმა დახოცილი ებრაელებისთვის წართმეული მარკებით სავსე მთელი ჩემოდანი ჩამოუტანა. ძალიან ძვირფასი მარკები იყო, ერთი კი არა, კარგა ასი იატაკი ასკრონიანების საფასური იქნებოდა. თვალის ჩინივით უფრთხილდებოდა ამ ჩემოდანს ჰერ დიტე და ასე ნელ-ნელა მათი სიყვარულიც ყველაფერს დაემსგავსა, გარდა სიყვარულისა.

სხვათა შორის, ეს საკითხი ძალიან კარგად არის აღწერილი ამ წიგნში, ვგულისხმობ სიყვარულისა და ტოტალიტარული სისტემის დამოკიდებულებას ერთმანეთთან. ხედავ, თუ როგორ იწყება ორი ადამიანის ურთიერთობა დიდი ვნებითა და თავგანწირვით და შემდეგ როგორ შთანთქავს ძალაუფლება ამ ურთიერთობას. ჰო, ჰერ დიტესა და ლიზას სიყვარულმა ვერ გაუძლო მესამე რაიხის ზეწოლას და მალე ჰერ დიტე ერთი გულანთებული შეყვარებულიდან რაიხის გამრავლების საშუალებად იქცა. როდესაც გერმანელ ექიმებთან შარვალჩახდილი იდგა და ისინი ამოწმებდნენ მის მამაკაცურ ღირსებას და სთხოვდნენ სპერმის ჩაბარებას, რათა გადაეწყვიტათ, ჰქონდა თუ არა უფლება ამ დაბალ ჩეხს გერმანელი ერის გამრავლებისა, სწორედ ამ დამამცირებელ დროს დაფიქრდა თავის თანამემამულეებზე, რომლებსაც ამ ექიმების თანამემამულეები ამ წუთებში დიდი ალბათობით უმოწყალოდ ექცეოდნენ, თავად კი იდგა და ანძრევდა, რათა სპერმა ჩაებარებინა და მიეღო საკუთარი ცოლის განაყოფიერების უფლება. ერთით ნული სისტემის სასარგებლოდ სიყვარულის წინააღმდეგ. არადა, რამხელა შანსი ჰქონდა პიკოლიკს რომ მართლა კაცად ქცეულიყო და მიუხედავად იმისა, რომ სამშობლო გაეყიდა, ნამდვილ სიყვარულში დაკარგულიყო და შემდგარიყო, თუმცა სისტემამ ძლიერი ალიყური მისცა და მიწაზე დააბრუნა. არანაირი სიყვარული, არანაირი მაღალი გრძნობები, ამ საზოგადოებაში ის ვერასდროს შედგებოდა კაცად და ამიტომაც დაიწყო სისტემის ნგრევის ლოდინი მორჩილად. გულში ისევ თავის თანამემამულეებზე დარდობდა და იმედი ჰქონდა, რომ ერთ დღესაც ჩეხეთში დაბრუნდებოდა და დაეხსნებოდა წყეულ გერმანელებს… და აი, დადგა ის ნანატრი დღეც, როცა ლიზას ბომბმა თავი წააცალა, რაც დიდად გულთან ახლოს არ მიუტანია. არც შვილი უდარდია, ერთადერთი რაზეც ფიქრობდა – ებრაელებისთვის წართმეული მარკებით გაძეძგილი ჩემოდნის ამოიღლიავება და სამშობლოში დაბრუნება იყო.

ომის შემდგომ ჩეხეთში პიკოლიკი, როგორც იქნა, იქცა პან დიტედ. თავისი სასტუმრო ააშენა, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა მდიდრებში. ყველაფერი თავის გემოზე მოაწყო და ნელ-ნელა გამოჩნდა ნარჩევი საზოგადოების რუკაზე, თუმცა ბედნიერება დიდხანს არ დასცალდა – ექსპროპრიაცია! ჰო, ხელისუფლებამ დაუარა მილიონერებს და ყველაფერი ჩამოართვა და რამდენი მილიონიც ჰქონდათ ნაშოვნი, იმდენი წელი მიუსაჯა. რა საშინელებაა! არა, ნამდვილად არასწორად გაუგეთ ახლა თქვენ პან დიტეს. საშინელება ის კი არ იყო, რომ მილიონერები დააპატიმრეს და ძველი მონასტრის შენობაში გამოკეტეს, არამედ ის, რომ ამ მილიონერებში პან დიტე არ მოხვდა! ეს კი ნამდვილად საშინელება იყო. აბა, განა რად უნდოდა ან ის ორი მილიონი, რომელიც დაგროვილი ჰქონდა, ან ის სასტუმრო, რომელიც კარგად გაემართა, თუ ის ხალხი, რომლისკენაც ისწრაფვოდა, მის გვერდით არ იქნებოდა? ადგა და დიდი ხვეწნა-მუდარით ჩააბარა თავისი ქონება სახელმწიფოს, რომელსაც მილიონერთა სიიდან გამორჩენოდა პიკოლიკი და ამიტომაც არ შეხებია ნაციონალიზაცია. ჩააბარა ქონება და ჩაჯდა თავის თანამოძმეებთან ერთად, რომლებიც, მიუხედავად წარსული წარმატებისა, მაინც პიკოლიკად აღიქვამდნენ და დიდად არც სცნობდნენ. ძალიან ტრაგიკული იყო ეს ფაქტი.

ისე ამ მონასტერზე და ნაციონალიზაციაზე მინდა ცოტა ხნით თქვენი ყურადღება გავამახვილო. ბოჰუმილ ჰრაბალი ძალიან მაღალი ოსტატობით დასცინის სისტემას, როცა მილიონერების ყოფას აღწერს ციხე-მონასტერში. კი, ვითომ მდიდრებს წაართვეს და ღარიბებს მისცეს, ვითომ სახელმწიფომ იზრუნა თავის ხალხზე, მაგრამ სინამდვილეში ამ მილიონერების ციხე-მონასტერში ყოფას თუ დააკვირდებოდით, არაფერი დასჯილების მათ არ ეტყობოდათ. ნაირ-ნაირ კერძებს მიირთმევდნენ, რისთვისაც ფული გამოჰქონდათ რაღაც მანქანებით და მათი მცველი სახელმწიფო-პოლიციაც არ ეწინააღმდეგებოდა, რადგან ქეიფის თანამონაწილეები ისინიც იყვნენ. კერძები იქით იყოს და არც ქალებს და მუსიკას იკლებდნენ, მოკლედ, ერთ განცხრომაში იყვნენ და თითქოს მოსწონდათ კიდეც იქ ყოფნა, რადგან ფულის შოვნის დროს თავისი თავისთვის ვერ იცლიდნენ და იქ კი უსაქმოდ ყოფნისას, „დაკავებულებმა“, პირველად შეიგრძნეს თითქოს ამა ქვეყნის სიტკბოება. სახელმწიფოსა და კაპიტალის ასეთი მახინჯი და ტრაგიკომიკური გადაბმა ერთმანეთზე, ბარე ორგან არ მექნება წაკითხული.

ამ გახსენებაზე, არ შემიძლია, ერთი პერსონაჟიც  არ ვახსენო, რომლის მეშვეობითაც ჰრაბალი გროსმაისტერის სიზუსტით აღწერს დროს, რომელიც მიდის – მიდის უაზროდ, უკვალოდ, ბუზღუნით. ეს ცოტა უფრო ადრე იყო – სასტუმრო „ტიხოტას“ პირველი სტუმარი მყავს მხედველობაში, მოხუცი გენერალი, რომელიც გემრიელ საჭმელს გეახლებოდათ, სვამდა, ჟიმაობდა ნაირ-ნაირ ქალებთან, არაფერს იკლებდა და მაინც ყველაფრით უკმაყოფილო იყო. რითი უნდა ყოფილიყო უკმაყოფილო? ალბათ იმით, რომ მოხუცდა და მიდის. კი მაგრამ, ასეთ სიბერეს ხომ ბარე ორი ინატრებდა? კი ინატრებდა, მაგრამ ზუსტად ეგაა ამ პერსონაჟის მთავარი არსი, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მაინც უკმაყოფილო იყო, წასვლის გარდაუვალი შესაძლებლობით უკმაყოფილო, ალბათ.

არ აეწყო პიკოლიკის ცხოვრება საბოლოო ჯამში. ბოლოს ის ერთ ქოხმახში ცხოვრობს ცხენთან, თხასთან და კატასთან ერთად. სრულიად მარტო. არც ერთი იატაკი ასკრონიანები არ აქვს და ვერც პან დიტე გახდა, როგორც წარმოედგინა. თუმცა ერთი, რაც არის, ის შემორჩა რომ – სარკის წინ დგას, ოფიციანტის ძველი ფრაკი აცვია და მკერდზე ეთიოპიის იმპერატორის ნაჩუქარი ბაფთა უკეთია. მაგრამ ეს ეთიოპიის იმპერატორი იყო მაინც და არა ინგლისის მეფე. ბევრი იარა თუ ცოტა იარა, ინგლისის მეფის მსახურება მაინც ვერ შეძლო.

მე კი სადალაქოდან გამოსულს ერთი კითხვა მაწუხებს ამასობაში – ნეტავ რაში დავხარჯავდი ერთ იატაკ ასლარიანებს?

© არილი

Facebook Comments Box