ესე (თარგმანი),  თარგმანი

ჯეფრი მეიერსი – აირის მერდოკი: მოგონება

          

ყოველთვის აღმაფრთოვანებდა თვისებები, რომელთა წყალობითაც აირის მერდოკი დიდ მწერლად იქცა: მისი ტექნიკური ოსტატობა, მდიდარი წარმოსახვა, ფილოსოფიური იდეები და მორალური პოზიცია. 1978 წლის მარტში გავიცანი აირისი და მისი მეუღლე, ინგლისური ენის პროფესორი ოქსფორდში, ჯონ ბეილი, როდესაც ისინი დენვერის უნივერსიტეტში მიიწვიეს ლექციების წასაკითხად. ორივემ წაიკითხა საჯარო ლექციები – აირისმა თემაზე „ხელოვნება ჰბაძავს ბუნებას“, ჯონმა კი თემაზე „ჰარდის პოეზია“. მათ, ასევე, ერთობლივად ჩაატარეს ორკვირიანი სემინარი თემაზე „სიმართლე და სიცრუე მხატვრულ ლიტერატურაში“. როდესაც მე და ჩემი ცოლი ჩავედით (კოლორადოს უნივერსიტეტიდან, ქ. ბოულდერი, სადაც ორივენი პედაგოგიურ საქმიანობას ვეწეოდით) დენვერში, გაგვიკვირდა, რომ მხოლოდ სამი მონაწილე აღმოვაჩინეთ. თავს ვეკითხებოდით, ხომ არ შეეშინდათ დენვერელებს, რომ დასწრებოდნენ სემინარებს, რომლებსაც, ჟურნალისტების თქმით, „მსოფლიოს ყველაზე ჭკვიანი წყვილი“ ატარებდა?

            სუსტად განათებულ სასემინარო ოთახში მათი პირველად დანახვის შესაძლებლობა მომეცა. ჯონი, ისევე, როგორც პროფესორი კალკულუსი წიგნებში ტინტინის შესახებ, ტანმორჩილი და მელოტი იყო. თმა მხოლოდ ყურებთან ეზრდებოდა. ფეხსაცმელების ზონრები იატაკზე დასთრევდა, სხვადასხვა ფერის წინდები ეცვა, ლაქებიანი შალის ჰალსტუხი ეკეთა და შარვალი ნახევრად გახსნოდა. თავაზიანი და თვინიერი ჯონი ბრწყინვალედ გადმოსცემდა თავის აზრებს ძლიერი ენაბრგვილობის მიუხედავად. ოცი წლის აირისის ფოტოსურათები მოწმობს, რომ ის ძალზე ლამაზი იყო და ახალგაზრდა მამაკაცები ოქსფორდში თავს ევლებოდნენ. ახლა, სამოცი წლის ასაკში, ჩასუქებულიყო, მაგრამ მიმზიდველობა შეენარჩუნებინა. მომხიბვლელი გამომეტყველება ჰქონდა – მშვიდი, მაგრამ ცოცხალი და ცნობისმოყვარე. ყურადღებას იპყრობდა მისი ულაზათოდ შეკრეჭილი, მოკლე თმა, მოციმციმე ნათელი მზერა და (ეს მოგვიანებით აღმოვაჩინე, როდესაც ლოყაზე ვაკოცე) რბილი ვარდისფერი კანი. ძველმოდურად იცვამდა: ფრიალა ქვედატანები და ფორმადაკარგული ხალათები, მუქი წინდები და პრაქტიკული, დაბალქუსლიანი ფეხსაცმელები. მისი ერთ-ერთი რომანის სათაურისა არ იყოს, მიმზიდველი და კეთილი იყო. სემინარი ეძღვნებოდა რომანის ფორმას და ეხებოდა ტოლსტოისა და დოსტოევსკის რომანებს, ასევე – მორიაკის „ტერეზა დესკეირუს“.

            ჯონი და აირისი განიხილავდნენ რომანების ყველა სახეობას და ძალდაუტანებლად ავითარებდნენ ნებისმიერ თემას, რომლებიც სტუდენტებს აინტერესებდათ. მცირე ზომის აუდიტორია საშუალებას მაძლევდა, დავკვირვებოდი მათ ბრწყინვალე, დამაფიქრებელ და თითქმის მომნუსხველ ლექციას, ამ უჩვეულო ინტელექტუალურ დუეტს, როდესაც ისინიც შეკითხვებს იძლეოდნენ და გვაიძულებდნენ, არ ჩამოვრჩენოდით. ისე, როგორც ხდება ხოლმე მაღალი ხარისხის სწავლებისას, მათ შეძლეს, რომ სტუდენტები თავიანთ დონემდე აეყვანათ, იმის წყალობით, რომ თავიანთ იდეებს უზიარებდნენ და თანამშრომლობის ატმოსფეროს ქმნიდნენ. ამ ჰუმანურსა და მაღალცივილიზებულ ადამიანებს ახასიათებდათ რომანების პერსონაჟებისა და იდეების ღრმა და, ამასთანავე, საინტერესო ცოდნა, რასაც ერწყმოდა საზრისის კონკრეტული და სახალისო ანალიზი. მსჯელობისას გამუდმებით ითვალისწინებდნენ რომანების სიღრმისეულ სტრუქტურას, ავტორის ინტელექტსა და სულისკვეთებას. ლინგვისტური კრიტიკოსებისგან განსხვავებით, რომლებიც მნიშვნელოვანწილად შეენაცვლნენ მორალური სწავლების ამ ტიპს, აირისმა და ჯონმა შექმნეს და გააუმჯობესეს კითხვის გამოცდილება და შესთავაზეს სტუდენტებს, მათთვის გაეზიარებინათ თავიანთი პასუხები.

            კლდოვან მთებში გაზაფხული, როგორც ყოველთვის, ჭირვეულობდა და ქუჩებში ასფალტი თოვლ-ჭყაპითა და ყინულით იყო დაფარული. აირისსა და ჯონს, როგორც უნივერსიტეტის სტუმრებს, ერთი სული ჰქონდათ, რაც შეიძლება სწრაფად დაეტოვებინათ სასტუმრო და კოლორადო დაეთვალიერებინათ. დათანხმდნენ, გარკვეული დრო ბოულდერში ჩვენთან ერთად გაეტარებინათ. კამპუსი დავათვალიერებინე. შალის ქურთუკებსა და შარფებში გამოწყობილნი, ვუყურებდით უკვე მზენაკრავ სტუდენტებს, რომლებიც აუზთან მზეს ეფიცხებოდნენ. ვაჩვენე უნივერსიტეტის ზოგიერთი უჩვეულო ღირსშესანიშნაობა, გეებისა და ლესბოსელების ოფისი (რასაც იმხანად კოლეჯების კამპუსებში იშვიათად ნახავდით), მოცურავე რობოტები ოლიმპიურ აუზში, მძიმე ათლეტიკის დარბაზში მოვარჯიშე მხვნეშავი ცხოველები, სიურრეალისტური საციგურაო მოედანი და გრილ-რესტორანი Alfred Packer-ი, რომელსაც რატომღაც ამაზრზენი კანიბალის სახელი ერქვა.

            კეთილი და გულისხმიერი აირისი მზად იყო, ნებისმიერ თემაზე ესაუბრა და რომანისტებისთვის ჩვეული ცნობისმოყვარეობით ეცნობოდა ახალ ადამიანებსა და ახალ ადგილებს. წვეულებაზე, რომელიც ჩვენ გავმართეთ, ის თითოეულ სტუმარს გამოელაპარაკა და ყურადღებით ისმენდა იმას, რასაც ეუბნებოდნენ. იმ დღეს ვმსჯელობდით როგორც მისი რომანების, ისე მისი ცხოვრების შესახებ. თანამედროვე მწერალთა შორის ყველაზე მეტად სოლ ბელოუ და ფილიპ ლარკინი მოსწონდა. როდესაც ვკითხე, თუ რატომ გვხვდება მის რომანებში ესოდენ ბევრი ჰომოსექსუალური ორიენტაციის პერსონაჟი, მიპასუხა, რომ ბევრ მათგანს ოქსფორდში იცნობდა. მის რომანებში მოქმედება ძირითადად ინგლისში ხდება, რადგან აირისს იმდენ ხანს არ უცხოვრია საზღვარგარეთ, რომ სრულად ჩასწვდომოდა უცხო ქვეყნის ცხოვრებას. მხოლოდ ერთხელ გაატარა საზღვარგარეთ დიდი ხანი, როდესაც ომის შემდგომ ავსტრიაში დევნილებთან მუშაობდა. შევნიშნე, რომ ძალიან უყვარდა ფერწერა, რაც მის პროზაშიც აისახა. ვისაუბრეთ გერმანელ ექსპრესიონისტ მაქს ბეკმანზე, რომელიც ფიგურირებს რომანში „ჰენრი და კატონი“ (ერთ-ერთი პერსონაჟი აპირებს წიგნი დაწეროს ბეკმანზე). აირისის ინტერესი ბეკმანის მიმართ არ ჩამცხრალა და 1985 წლის ივლისში მან მომწერა: „რა შესანიშნავი მხატვარია… როგორ მიყვარს… სენტ-ლუისის ხელოვნების მუზეუმში ვნახეთ მისი ბევრი ფერწერული ტილო და, ასევე, პირადი ნივთები, რომელთა მფლობელია კოლექციონერი ბასტერ მეი (სამწუხაროდ, ახლა ის უკვე გარდაიცვალა და თავისი სურათები ხელოვნების მუზეუმს დაუტოვა). ახლახან კიოლნის მუზეუმში წავაწყდით ბეკმანის ექვს საუცხოო ტილოს“.

            ვკითხე, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა რეცენზიების მიმართ და მითხრა, რომ რეცენზიებს არასოდეს უგზავნიდნენ და ამიტომ მათ იშვიათად კითხულობდა. გრძნობდა, რომ რეცენზიები, ჩვეულებრივ, ნაჩქარევად დაწერილი და ზედაპირული იყო, და რომ რეცენზენტებსა და კრიტიკოსებს ხშირად არ ესმოდათ მისი რომანების არსი. ვისაუბრეთ, აგრეთვე, ბოულდერისა და, ზოგადად, სტუდენტური ცხოვრების შესახებ. აირისს არ მოსწონდა სტუდენტთა თავისუფალი სექსუალური ქცევა და ფიქრობდა, რომ უმჯობესი იქნებოდა, ისინი ნაკლებად თავაშვებულნი ყოფილიყვნენ.

            იმ პირველი შეხვედრის შემდეგ ჩემი და აირისთან მიმოწერა მომდევნო თვრამეტი წლის განმავლობაში გაგრძელდა. ერთმანეთს ლონდონსა და ოქსფორდში ვხვდებოდით, ხოლო 1988 წელს ინტერვიუ ჩამოვართვი Paris Review-ში გამოსაქვეყნებლად. ამ წლების განმავლობაში აირისმა გამოსცა რამდენიმე ფილოსოფიური ნაშრომი, რომანები, პოეტური და დრამატული ნაწარმოებები; ლექციებს მთელ მსოფლიოში კითხულობდა; ბუკერის პრემია მიიღო; „ქალი-კომანდორის“ ორდენი მიენიჭა. აქტიური კორესპონდენტი იყო, რომლის ძახილის ნიშნებით აჭრელებულ და ძნელად გასარჩევ წერილებს ტაატით ვკითხულობდი ხოლმე (ერთი განსაკუთრებით ხალისიანი წერილი ტალღოვანი ცისფერი არშიით და ხუთი წითელი ვარსკვლავით შეამკო). მაგრამ საჭირო იყო მისი სტიმულირება საკითხებით, რომლებიც აინტერესებდა. ერთ-ერთი ამგვარი საკითხი იყო პრესაში გამოქვეყნებული კომენტარები მისი ქცევისა და პირადი ცხოვრების შესახებ. ზოგჯერ, როდესაც არ ეცალა, უბრალოდ, მოკლეტექსტიან ბარათს მიგზავნიდა (ვერაფრით ვაიძულე აეხსნა, მაგალითად, რატომაა, რომ ბევრი მოაზროვნე ჰერბერტ სპენსერს თვალსაჩინო ფილოსოფოსად მიიჩნევს).

            წერილებში ვმსჯელობდით კლასიკური ლიტერატურის შესახებ, დაწყებული ლედი მურასაკით და ჯონ კაუპერ პოუისით (ეს იყო მერდოკის საყვარელი ავტორი, რომელმაც, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა მის შემოქმედებაზე) და დამთავრებული თვალსაჩინო მეცნიერებითა და მეგობრებით, რომელთა შორის იყვნენ ლორდი გლენავი, ფილოსოფოსი ა.ჯ. ეიერი და გაეროს მოხელე ბრაიან ერკჰართი. ხშირად ვეკითხებოდი, რას ფიქრობდა თანამედროვე მწერლებზე. აირისი იხსენებდა, რომ 1954 წელს მან და ჯონმა გაიცნეს ედმუნდ უილსონი „ოქსფორდში, მგონი, ისაია ბერლინთან, ჩაბნელებულ ოთახში. საკმაოდ უხეში და უსიამოვნო კაცი იყო. შემეშინდა კიდეც. ვფიქრობ, მერი მაკარტი ახლდა ან, შეიძლება, ეს დამესიზმრა“- ალბათ, აირისს ეს მართლაც დაესიზმრა, რადგან უილსონი და მაკარტი ჯერ კიდევ 1946 წელს დასცილდნენ ერთმანეთს. მინდოდა შემეტყო, რატომ უწოდა უილსონმა აირისს და ჯონს „მოსაწყენი“ ადამიანები. როგორც ჩანს, ისინი იმდენად დააფრთხო უილსონის უტიფარმა ქცევამ, რომ საუბარში მონაწილეობა არ მიუღიათ.

განსაკუთრებით მაინტერესებდა, რა აზრისა იყო აირისი ტ.ე.ლოურენსის, დ.ჰ.ლოურენსისა და ჯოზეფ კონრადის შესახებ, რომლებსაც დიდად ვაფასებდი. შესაძლოა, ახლო აღმოსავლეთში ბრიტანული იმპერიალიზმის მიერ გატარებულ პოლიტიკასთან ტ.ე. ლოურენსის კავშირის ან ყურადღების ცენტრში ყოფნისადმი მისი მიდრეკილების გათვალისწინებით, აირისმა 1990 წელს, ლოურენსის ასი წლის იუბილედან ორი წლის შემდგომ, მომწერა: „მიყვარს ტ.ე.ლოურენსი, რომელიც აქ [ინგლისში], მგონი, ბევრს სძულს (არ მიყვარს დ.ჰ.ლოურენსი, ადამიანი და არა მისი წიგნები, რომლებსაც აქ, მგონი, ეთაყვანებიან!“). ასევე, ვკითხე, ხომ არ იცოდა რაიმე ოქსფორდელი ექიმი ქალის შესახებ, რომელიც ბავშვობისას დ.ჰ.ლოურენსის მოწაფე იყო. „საშინელებაა, როდესაც დ.ჰ.ლოურენსის მოწაფე ხარ!“ – წამოიძახა აირისმა და გაკიცხა ლოურენის დიდაქტიკა, მისტიკა და ქალთმოძულეობა. მომდევნო წერილში შევეწინააღმდეგე და დავწერე, რომ დ.ჰ. ბრწყინვალე, ნოვატორული და წარმატებული მასწავლებელი იყო როგორც სკოლებში, ასევე – კერძო რეპეტიტორის როლშიც. არგუმენტებზე დამყოლმა აირისმა მომხიბვლელი თვინიერებით მიპასუხა: „დიახ, გავბედავ ვთქვა, ლოურენსი შესანიშნავი პედაგოგი იყო. ჩემი თვალსაზრისი მიკერძოებულია! (ავტორის პიროვნება არ მომწონს… მაგრამ, რა თქმა უნდა, გენიოსია და შესანიშნავი მწერალი.)“

            საუბრისას მან უარყო ჯონის შეხედულება იმის თაობაზე, რომ ლორდი ჯიმი სინამდვილეში პოლონელი იყო და ამიტომ არადამაჯერებელია, როგორც ინგლისელი პერსონაჟი. ის უპირისპირებდა ლოურენსსა და კონრადს: „დ.ჰ.ლ. დიდი მწერალია, მაგრამ (ვაღიარებ), არც ისე მომწონს. ყველაზე მეტად მიყვარს „კენგურუ“ და ზოგიერთი მოთხრობა და ლექსი. ჩემთვის კონრადი უფრო ახლოა და, შესაძლოა, ის უფრო დიდი მწერალი იყო. ვფიქრობ, „ლორდი ჯიმი“ – [შესანიშნავი] რომანია. ახლახან კვლავ გადავიკითხე და ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, უკანასკნელი ნაწილის ჩათვლით, რომელსაც ზოგიერთნი მდარედ მიიჩნევენ“.

ერთხელ ვკითხე, რა აზრისა იყო პლატონის შეხედულებაზე (რომელიც აირისმა დაიმოწმა თავის გამოკვლევაში „ცეცხლი და მზე“) იმის შესახებ, რომ კარგი წიგნი ქველმა პიროვნებამ უნდა დაწეროს. განა თანამედროვე მწერლები, უარყოფითი თვისებების მიუხედავად, კარგ წიგნებს არ წერენ? განა მალკოლმ ლაურიმ არ მიაწერა საკუთარი ნაკლოვანებები პერსონაჟს შესანიშნავ წიგნში „ვულკანის ძირას“? აირისი დამეთანხმა, მაგრამ ამტკიცებდა, რომ ლოურენსის ხასიათის ნაკლოვანებებმა მისი წიგნების ხარვეზები განაპირობა. არ დამეთანხმა, რომ კაფკას ცუდი (ესე იგი, სუსტი) ხასიათი ჰქონდა, და თქვა, რომ – თვითდაკნინებისადმი მიდრეკილების მიუხედავად, კაფკას ძლიერმა, კეთილშობილურმა ხასიათმა განსაზღვრა მისი წიგნების სიდიადე.

ბევრი წარმატებული და ცნობილი მწერლის მსგავსად, აირისი ზოგჯერ თმობდა განმარტოებისა და სიწყნარის ატმოსფეროს და გასაქანს აძლევდა მოგზაურობისა და ადამიანთა გაცნობის სურვილს. ხშირად იწვევდნენ კონფერენციებზე და სთავაზობდნენ ლექციების კურსების წაკითხვას საზღვარგარეთ. ეს ხელს უშლიდა შემოქმედებით მუშაობას, მაგრამ აირისი თანხმდებოდა შეთავაზებებს, ტკბებოდა სახელგანთქმული რომანისტის როლით და, იმავდროულად, „ადამიანთა სიბრიყვეს“ აკვირდებოდა. თავისი ცხოვრების ამ პერიოდების შესახებ დაფიქრებისას, ამბობდა: „რა საჭიროა ხეტიალი? შინ ჯდომა და მშვიდად მუშაობა გაცილებით უფრო სახალისოა“. მაგრამ შინ ჯდომისა და მუშაობისას ის სხვა ადამიანთა დაჟინებულ ყურადღებას იპყრობდა. მასზე დაიწერა უამრავი წიგნი და სტატია, რომელთა ავტორები უმეტესად ხოტბას ასხამდნენ. მაგრამ აირისი მიიჩნევდა, რომ კრიტიკის უმეტესი ნაწილი აბსურდული იყო. სასაცილოდ იგდებდა კომპიუტერულ გამოკვლევას, რომელშიც გამოთვლილი იყო, რამდენჯერ გვხვდება მის რომანებში სიტყვა „ქალწული“. შეძლებისდაგვარად ყურადღებას არ აქცევდა ამგვარ თხზულებებს და აღიარებდა: „არ შემიძლია, ვიკითხო სტატიები ჩემს წიგნებზე“.

ბევრი კრიტიკოსი განადიდებდა ცნობილ მწერალს და ამბობდა, რომ საფუძვლიანად იცნობდა მის შემოქმედებას, მაგრამ რამდენ ჭორსა და სკანდალურ წვრილმან ამბებს მოიცავდა ეს ცოდნა! 1988 წლის მარტში, ჯეიმს ეტლესის ქედმაღლური და სატირული სტატიით აღშფოთებულმა, გადავწყვიტე, ეს სტატია აირისისთვის გამეგზავნე. ეტლესი იმოწმებდა ცნობილი ჰომოსექსუალისტის, სერ მორის ბოურას ბოროტ სიტყვებს აირისისა და ჯონის შესახებ: „შესანიშნავი წყვილია. ორივე მათგანთან ვიკოტრიალე ლოგინში“. აირისმა ოდნავი გაღიზიანებითა და სევდით უპასუხა, თუმცა, ზოგადად, ყურადღებას არ აქცევდა კრიტიკოსთა თავდასხმებს: „არ მინახავს Vanity Fair-ში გამოქვეყნებული სტატია და არც მინდა ვნახო. სამწუხაროა, რომ ლოთებად და ჩაჩანაკებად მიგვიჩნევენ. რაოდენ მომხიბვლელია ბოურას შენიშვნა!“ აირისმა უარყო ის, რასაც ირონიულად „მახვილგონიერი ხუმრობა“ უწოდა და ამტკიცებდა, რომ ეს, „რასაკვირველია, სიცრუე“ იყო.

            აირისი კვლავ გაბრაზდა, როდესაც 1988 წლის 5 ივნისს ტაბლოიდმა Daily Mai-მა გამოაქვეყნა სენსაციური ინტერვიუ მასთან. ინტერვიუში აღწერილი იყო მწერალი ქალის სასიყვარულო ურთიერთობა ოქსფორდის კურსდამთავრებულ ომის გმირთან, ფრენკ ტომპსონთან, რომელიც ნაცისტთა მიერ ოკუპირებულ ბულგარეთში დააპატიმრეს და სიკვდილით დასაჯეს. ინტერვიუსთან ერთად გაზეთმა გამოაქვეყნა აირისის და ჩეხი დევნილი ანთროპოლოგის, ფრანც შტაინერის ერთობლივი ფოტოსურათი. შტაინერი – ისევე, როგორც ედუარდ ფრენკელი, არნალდო მომილიანო და ელიას კანეტი – აირისის ერთ-ერთი ოდინდელი ევროპელი გურუ გახლდათ. „Daily Mail-ისთვის ინტერვიუ არ მიმიცია“. მომწერა მან. „ამ სტატიის შესახებ პირველად მაშინ შევიტყვე, როდესაც მისი ეგზემპლარი შემთხვევით ჩამივარდა ხელთ. Daily Mail არასოდეს დამკავშირებია და სტატიის ეგზემპლარი არ გამოუგზავნია. ჟურნალისტების მხრიდან ეს გასაკვირი არაა…. ფრენკის შესახებ ახალი არაფერი უთქვამთ. ვერ წარმომიდგენია, როგორ მოიპოვეს ჩემი და ფრანცის ფოტოსურათი!“.

ერთხელ ვკითხე რებეკა უესტის ბიოგრაფიის შესახებ, რომელიც ვიქტორია გლენდენინგმა დაწერა და რომელშიც ნათქვამი იყო: „უესტის აზრით, აირის მერდოკის რომანი „ზეციური და მიწიერი სიყვარულის მექანიკა“ მის ბიოგრაფიას ემყარება“. აირისმა მიპასუხა: „მე ვიგონებ ადამიანებსა და ამბებს და არ მიყვარს რეალური ადამიანების თავგადასავლებისა და ფათერაკების აღწერა ჩემს ნაწარმოებებში. რებეკა უესტს ასე რომ მოვქცეოდი, ეს სამარცხვინო და ბოროტი საქციელი იქნებოდა, რასაც არასოდეს ჩავიდენ და ეს იცის ყველამ, ვინც კი მიცნობს. ხომ ვერ მეტყვით, გულისხმობს თუ არა გლენდენინგის წიგნი, რომ მე მართლაც ავსახე ჩემს რომანში რებეკა უესტის ცხოვრება?“

რასაკვირველია, წარმოდგენა არ მქონდა იმის შესახებ, იზიარებდა თუ არა რებეკა უესტი ამ უცნაურ თვალსაზრისს და გამაკვირვა მისმა უხეშმა დამოკიდებულებამ ჩემდამი, რაც ერთ თუ ორ წვეულებაზე შევამჩნიე. კარგად არც კი ვიცნობდი, არასოდეს დავლაპარაკებივარ და ამგვარმა ქცევამ გამაკვირვა. შემდეგ მომწერა, რომ იმის საფუძველზე, რაც ჩემს შესახებ შეიტყო, ეჭვი გაუჩნდა, მართლა ჩავიდინე თუ არა ამგვარი სათაკილო საქციელი. პასუხად მივწერე, რომ, რასაკვირველია, არ ამისახავს მისი ოჯახური ცხოვრება, რომლის შესახებ არაფერი ვიცოდი და ვიმედოვნებდი, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, გამამართლებდა. მან ძალზე გულთბილი და მეგობრული წერილი გამომიგზავნა, რომელშიც ამბობდა, რომ სჯეროდა ჩემი და ნანობდა, რომ მანამდე ეჭვით მიყურებდა!… ეს სრულიად გამაოგნებელი ბრალდება იყო.“

მეორე აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით – და ეს იყო ვაჟი-სტუდენტების მიღება ქალთა კოლეჯებში – აირისი სომერვილის სტუდენტებს უჭერდა მხარს და გმობდა ერთობლივი სწავლის ტენდენციას. მან მომწერა: „ჩემს ძველ კოლეჯში, სომერვილში, დიდი მღელვარებაა, რადგან ხელმძღვანელობამ ვაჟების მიღება გადაწყვიტა! სტუდენტი გოგონები ამის წინააღმდეგნი არიან და გამოდიან პლაკატებითა და ბანერებით, რომლებზეც დაწერილია – არა! მათ მხარს ვუჭერ. სომერვილისა და სენტ-ენის სიმშვიდეს ვაჟი სტუდენტების შემოჭრა დაარღვევს. ვშიშობ, რომ ეკონომიკური მოსაზრებების კარნახით ამ სიმშვიდეს ყველა შემთხვევაში დაარღვევენ.“

აირისის მიერ ქალთა უფლებების დაცვამ – თუმცა ის არ იცავდა ფემინიზმსა და ფემინისტურ კრიტიკას, რომელთაც „ქალების შეურაცხყოფად“ მიიჩნევდა – ის ისლამის „უპირატესობათა“ კრიტიკამდე მიიყვანა: „ამ რელიგიას, გარდა ადამიანის სიცოცხლისადმი განურჩეველი დამოკიდებულებისა, ერთი მნიშვნელოვანი თვისება აქვს – ესაა ერთადერთი რელიგია, რომელიც აბსოლუტურად და პრინციპულად უარყოფს ქალების უფლებებს! ამიტომ მოხდა, რომ ის პოპულარულია მრავალ ქვეყანაში ძალაუფლების მპყრობელთა შორის!“

მაგრამ აირისი სიმპათიით იყო განწყობილი ინდოეთის მიმართ, რაც განაპირობა ბავშვობისას წაკითხულმა წიგნებმა და განამტკიცეს ბადმინტონში სწავლისას გაცნობილმა ინდოელმა სტუდენტებმა: „ყოველთვის მიყვარდა ინდოეთი და სიამოვნებით ჩავდიოდი ამ ქვეყანაში (იქ ორჯერ ვიყავი). ყველაფერი ეს უკავშირდება იმას, რომ ჯერ კიდევ 8 წლის ასაკში წავიკითხე „კიმი“ (მას შემდეგ უამრავჯერ გადავიკითხე) და ვსწავლობდი პროგრესულ სკოლა-ინტერნატში ინდირა განდისთან ერთად, რომელთანაც აქამდე მაკავშირებს მეგობრული ურთიერთობა“.

თუმცა აირისმა თითქმის მთელი მთელი სიცოცხლე ინგლისში გაატარა, მაგრამ ის დუბლინში დაიბადა და მისი წინაპრები, მეჩვიდმეტე საუკუნიდან მოყოლებული, პროტესტანტული რელიგიის აღმსარებლები იყვნენ. თავს ირლანდიელად მიიჩნევდა და წუხდა ამ უბედური კუნძულის ბედის გამო. 1993 წლის მარტში მან წამოიძახა:

            „[პრეზიდენტ] კლინტონის მიერ… ოლსტერში ირლანდიური საკითხის გადასაწყვეტად დიპლომატიური წარმომადგენლის გაგზავნა! ეს, როგორც ჩანს, ჩვენი იდიოტი პრემიერ-მინისტრის [ჯონ მეიჯორის] ნებართვით მოხდა. მიზანს, ალბათ, „ადამიანის უფლებათა დარღვევის“ პრობლემათა შესწავლა წარმოადგენს. ჩვენი პოლიტიკოსები დაბნეულნი არიან! სრული ქაოსია! საწყალი ბებერი ევროპა, საწყალი ბებერი რუსეთი, საწყალი ბებერი ბრიტანეთი, საწყალი ბებერი ირლანდია“.

            თანამედროვე პოლიტიკიდან ის თეოლოგიურ საკითხებზე გადავიდა და მომწერა: „დამავიწყდა, პასუხი გამეცა თქვენს მნიშვნელოვან კითხვაზე. ღმერთმა სამყარო ზღვარგადასული სიყვარულისგან შექმნა. Ebulitio [დუღილი]- ეკჰარტის მიერ გამოყენებული ტერმინია“.

            მრავალი წლის განმავლობაში ერთმანეთს დროდადრო ვხვდებოდით ლონდონსა და ოქსფორდში. პირველად ეს მოხდა 1979 წლის დეკემბერში, როდესაც აირისი და ჯონი სადილად დავპატიჟე ბელსაიზ-პარკში, ლონდონის ჩრდილოეთ ნაწილში. იმ წელს კენტის უნივერსიტეტში ვასწავლიდი. როგორც ყოველთვის, ისინი მეტროთი მოვიდნენ და არა ტაქსით. მათ მეტროს სადგურთან შევეგებე.

            იმ დღეს აირისი მსჯელობდა თანამედროვე მწერლებსა და მეცნიერებზე. თომას მანს კითხულობდა და, მისი ნაწარმოებების აშკარა ნაკლოვანებების მიუხედავად, აღფრთოვანებული იყო. ეს ნაკლოვანებები განპირობებული იყო იმით, რომ მანმა ვერ შეძლო ენციკლოპედიური მასალის საკმარისად მწყობრად ინტეგრირება თავის რომანებში, დიალოგები კი გაჭიანურებული იყო.

            მან დაახასიათა ჯონ ქერი, რომელიც ოქსფორდში ინგლისური ენის პროფესორი იყო, როგორც ენერგიულ და შრომისმოყვარე (თვით აირისის თვისება), თუმცა რამდენადმე უსიამოვნო ადამიანი, რომელსაც „ყინულოვან ჯონს“ ეძახდნენ. აირისს აღაფრთოვანებდა ფრენკ ქერმოუდი, მაგრამ ფიქრობდა, რომ ის გულჩაკეტილი ადამიანი იყო, ისევე, როგორც, ზოგადად, ყველა შოტლანდიელი. როდესაც ვუთხარი, რომ ქერმოუდი ოქსფორდში კუნძულ მენიდან ჩამოვიდა, აირისმა დასძინა, რომ ეს კიდევ უფრო უარესი იყო, რადგან მენის მცხოვრებთა წინაპრები „ელფები ან მათი მსგავსი არსებები იყვნენ“.

            მან გამომკითხა ამერიკული სტრუქტურალიზმის ცენტრების შესახებ. დავასახელე იელი, ჰოპკინსი და ვირჯინია, რომლებმაც „ლიტერატურის ახალი ისტორია“ გამოაქვეყნეს. ვისაუბრეთ, აგრეთვე, შესანიშნავ მეცნიერულ კონფერენციებზე, რომლებსაც როკფელერის მეცნიერული ცენტრი ატარებდა კომოს ტბაზე. აირისს მტკიცედ სწამდა (ისევე, როგორც მე), რომ სტრუქტურალიზმი და სემიოტიკა მავნე იყო როგორც ლიტერატურისთვის, ისე – ლიტერატურული კრიტიკისთვის. გრძნობდა, რომ სტრუქტურალისტთა აზროვნების ცენტრში დიდი ხარვეზი იყო: რომ მარქსისტები თავს ვალდებულად არ მიიჩნევდნენ, გამოეყენებინათ ის ლოგიკური აზროვნება და მკაფიო ენა, რომელსაც იყენებდნენ ბურჟუაზიული ლიბერალები.

            ჩვენი მომდევნო შეხვედრა 1982 წლის ზაფხულში შედგა. ჩემი ცოლი, ცხრა წლის ქალიშვილი და მე სადილად ვეწვიეთ აირისსა და ჯონს მათ სახლში სტიპლ ესტონში, ოქსფორდის მახლობლად, სადაც ისინი 1956 წლიდან ცხოვრობდნენ. ძლიერი წვიმის ქვეშ გავიარეთ გავერანებული ბაღჩა („ჩვენ თვითონ ვუვლით მას“). სახლი ნესტიანი იყო და მყუდროებით არ გამოირჩეოდა: მორყეული ავეჯი, დალაქავებული შალითები, ნაცრით გავსებული ბუხარი… წიგნები და ქაღალდები იატაკსა და კიბეზე ეწყო. კედლებს ობის უზარმაზარი მწვანე ლაქები აჩნდა. ცივ საპირფარეშოში ეყარა ლექსიკონები, ჰოლანდიურისა და ესპერანტოს ჩათვლით (Who’s Who-ში აირისმა მიუთითა, რომ „ენების შესწავლით“ იქცევდა თავს). აირისს და ჯონს არ იზიდავდა მოწესრიგებული ცხოვრება და ერთგვარ პირქუშ ქაოსში ცხოვრობდნენ. მათი საყვარელი ავტომანქანა – ძველი „რენო“ – ისეთივე გაცვეთილი იყო, როგორც სახლი. განუწყვეტლივ არემონტებდნენ მას და სალონის წინა ნაწილში იატაკზე ლითონის ფურცელი დაამაგრეს, რომ ფეხები ძირს არ ჩასცვენოდათ.

            წვეულება ხალხმრავალი აღმოჩნდა. ეს იყო თავყრილობა ექსცენტრიკული ინტელექტუალებისა, რომლებიც დაუმთავრებელ წინადადებებს ბურტყუნებდნენ. სტუმრებს შორის იყვნენ: ნორა სმოლვუდი (აირისის რედაქტორი); ახალგაზრდა ჟურნალისტი ჯინა, რომლის მამა ამერიკულ ლიტერატურას ასწავლიდა ჰალეს უნივერსიტეტში; პიტა ეიდი – ეკონომიკის ულვაშა ლექტორი ქალი სენტ-ენის კოლეჯიდან; იენ მაკგილქრისტი – ჯონის საყვარელი სტუდენტი – ხალისიანი და პრანჭია, რომელსაც ბაცი ფერის სელის კოსტიუმი და იისფერი წინდები ეცვა. მედიცინის შესწავლას აპირებდა საუთჰემპტონში; დევიდ ლუკი – ქედმაღალი ბერიკაცი, რომელიც გერმანულს ასწავლიდა Christ Church-ში; და, ბოლოს, კორეელი პროფესორი ჩანგი, რომელიც გვერდიდან არ შორდებოდა აირისს, თაროებიდან წიგნებს იღებდა და მოითხოვდა, რომ აირისს მათზე წაეწერა და ეჩუქებინა. ვფიქრობდი, რომ აირისი თავის დაცვას შეძლებდა და ეწყინებოდა, თუკი ჩავერეოდი, მაგრამ ვწუხდი, რომ ეს ხარბი კაცუნა მწერლის დამთმობი, კეთილი ხასიათით სარგებლობდა.

            ჯონმა, რომელიც ქიმიკოსს წააგავდა, მოამზადა მაგარი კოქტეილი შამპანურისგან – აბზინდით, ესპანური ბრენდითა და ფრანგული კონიაკით – მართლაც რომ ფეთქებადი ნაზავი იყო. აირისს უმეტესად კორეელისგან თავის დაცვა უხდებოდა, მაგრამ მაინც ახერხებდა იმას, რომ კერძები ჩამოეტარებინა. ის გაგვიმასპინძლდა ცივი ქათმით და ენით, რიზოტოთი, ყველიანი სალათით, ზეთისხილიანი ლობიოთი და მაგრად მოხარშული კვერცხებით, კარის საწებლითურთ. ჩვეულებრივზე ნაკლებს ლაპარაკობდა, მაგრამ თქვა, რომ აპირებდა, უახლოეს ხანებში სტივენ სპენდერს სწვეოდა პროვანსში, იქ დიდხანს დარჩენილიყო და ეწერა (შემდგომ გადაიფიქრა და მალევე დაბრუნდა ინგლისში). როდესაც გვაცილებდა და მისი ბაღჩის სველ ბალახზე მივაბიჯებდით, მომეჩვენა, რომ ერთი სული ჰქონდა, მიელაგებინა სახლი (ჩვენ მიერ შეთავაზებულ დახმარებაზე უარი თქვა) და თავის მაგიდას მისჯდომოდა.

            1983 წლის ოქტომბერში, მას შემდეგ, რაც ერთი წელი ლონდონში გავატარე და ჰემინგუეიზე წიგნი დავწერე, ბელსაიზ-პარკში დავბრუნდი. ერთ საღამოს აირისი ჩვენთან სავახშმოდ მოვიდა. მან, ჩემმა ცოლმა და მე სამი ბოთლი ღვინო გამოვცალეთ, მაგრამ საჭმელი ბევრი იყო და არც ერთი ჩვენგანი არ დამთვრალა. აირისის წარმომავლობაზე ვსაუბრობდით. მამამისი წარმოშობით შოტლანდიელი იყო. დედის ოჯახი, რიჩარდსონები (აირისს გაუხარდა, როდესაც შეიტყო, რომ ავსტრალიელ მწერალს, ჰენრი ჰენდელ რიჩარდსონს ენათესავებოდა) სკვაირები იყვნენ და ირლანდიაში კრომველის გამარჯვებების შემდგომ დასახლდნენ. მშობლებმა 1920 წელს, აირისის დაბადებიდან ერთი წლის შემდეგ დატოვეს ირლანდია, მაგრამ ოჯახის დანარჩენი ნაწილი ჯერ კიდევ იქ ცხოვრობდა. მამა 1963 წელს გარდაცვლილიყო. აირისი ეხმარებოდა დედას, რომელიც იმხანად ოთხმოც წელზე მეტი ხნისა იყო, პარკინსონის დაავადება და მოხუცებულობის ჭკუასუსტობა აწუხებდა. აირისი კვირაში ერთხელ ჩადიოდა ლონდონში, რათა მოევლო დედამისისთვის და, ასევე, ჯონის დედისთვის. ზუსტად იმ დღეს აირისმა დედამისი ფსიქიატრიული საავადმყოფოდან მოხუცებულთა თავშესაფარში გადაიყვანა. შიშობდა, რომ თუმცა თავშესაფარში დედა უკეთეს პირობებში იმყოფებოდა, ბედნიერი მაინც არ იქნებოდა ან არ მოინდომებდა იქ დარჩენას.

            ვისაუბრეთ გენიალურ ადამიანებზე, რომლებსაც აირისი იცნობდა ან შეხვედრილა. მან შენიშნა, რომ ბერტრან რასელს ბრძენკაცად და მორალურ მოძღვრად მოჰქონდა თავი, მაგრამ სინამდვილეში უზნეო და „საკმაოდ ტლანქი“ იყო. ვიტგენშტაინს, რომელსაც აირისი მეტ-ნაკლებად იცნობდა, უცნაური აქცენტი ჰქონდა, მაგრამ აირისი ამ აქცენტს ყურადღებას არ აქცევდა და ძირითადად მის საუბარს უგდებდა ყურს. ვიტგენშტაინი გენიოსი იყო და უაზრო ლაყბობას ვერ იტანდა. საკუთარი ჰომოსექსუალობის გამო წუხდა, მაგრამ, იმავდროულად, ნამდვილი სატანა იყო, რომელიც განზრახ სჩადიოდა ბოროტებას: მიატოვა ძველი მეგობრები, უხეშად აკრიტიკებდა ებრაელ დევნილ ფილოსოფოსებს, წარმატებულ სტუდენტებს ურჩევდა, უარი ეთქვათ ფილოსოფიაზე და ამით მრავალი მათგანის კარიერა დაანგრია. აირისის აზრით, ბოლო ხანებში ელიზაბეტ დიპლის მიერ გამოქვეყნებული ნაშრომი აირისის შემოქმედების შესახებ საკმაოდ კომპეტენტური იყო, მაგრამ დიპლი ვერ ჩასწვდა ვიტგენშტაინის იდეებს და ცდებოდა, როდესაც ამ იდეებს აირისის შემოქმედების საფუძვლად მიიჩნევდა.

            ვიტგენშტაინის გარდა, ერთადერთი გენიოსი, რომელსაც აირისი იცნობდა, ელიას კანეტი გახლდათ. კარგი ადამიანი იყო, რომელსაც შეეძლო, თუკი მოინდომებდა, თავისი ინტელექტუალური ძალა ბოროტი მიზნებით გამოეყენებინა. აირისი იცნობდა ბერკლის უნივერსიტეტის პროფესორს, ჯონ სირლსაც, რომელიც ჯ.ლ.ოსტინის იდეებს ავითარებდა, მაგრამ მის ფილოსოფიურ პოზიციას არ ეთანხმებოდა. ტელევიზორი არ ჰქონდა და აინტერესებდა, როგორ განიხილავდა სირლი (პროგრამაში Voices) სერ ჯონ ეკლზთან ერთად გონების და ტვინის პრობლემას. ფიქრობდა, რომ კარგი იქნებოდა, ამ ინტელექტუალურ პროგრამაში ერთხელ მაინც მიეღო მონაწილეობა.

            აირისი ცხრა წლის ასაკიდან წერდა და ყოველთვის იცოდა, რომ ეს მისი ჭეშმარიტი მოწოდება იყო. პირველი წიგნები, რომლებიც მამამ აჩუქა, „კიმი“ და „განძთა კუნძული“ იყო. აქამდე დიდად აფასებდა ორივეს. კითხულობდა კლასიკურ რომანებს, განსაკუთრებით, ტოლსტოის, ტურგენევსა და დოსტოევსკის, ჯეინ ოსტინსა და დიკენსს, პრუსტსა და მანს. ამ მწერლების რომანები იმდენჯერ ჰქონდა გადაკითხული, რომ მათი ფრაგმენტების ზეპირად ციტირება შეეძლო. გაეღიმა, როდესაც შევახსენე მალარმეს სტრიქონი: «La chair est triste, hélas! et j’ai lu tous les livres»[1]. მთელი დღეების განმავლობაში (მაგრამ არა ღამღამობით) მუშაობდა. ახლა ახალ რომანს წერდა, რომელიც ძველის დასრულებისთანავე დაიწყო. წერდა, ასევე, მნიშვნელოვან ფილოსოფიურ თხზულებას, რომელიც 1992 წელს გამოქვეყნდა სახელწოდებით „მეტაფიზიკა, როგორც მორალის სახელმძღვანელო“ და რომლის საფუძველსაც წარმოადგენდა მის მიერ გიფორდსა და ედინბურგში წაკითხული ლექციები. ჩემ მიერ გამოგონილი პერსონაჟების რეალური პროტოტიპები არ არსებობენო, მითხრა საკმაოდ არაგულწრფელად და გამაფრთხილა, რომ ამ პროტოტიპების ძებნა ამაო საქმე იქნებოდა. ეს პერსონაჟები მისი „მეს“ ნაწილები იყვნენ, „რაც, ჩემი აზრით, საკმაოდ მოსაწყენია“.

            აირისი ხელით წერდა. ყოველ ნაწარმოებს – სამ შავ ხელნაწერად, რომელთაგან უკანასკნელს პროფესიონალს გადააბეჭდვინებდა ხოლმე. თავის რომანებს Chatto&Windus-ში გზავნიდა, სადაც მათ რედაქტირების გარეშე ბეჭდავდნენ და აქვეყნებდნენ. ერთხელ გაეცინა, როდესაც დავიმოწმე დიზრაელის სიტყვები: „როდესაც წიგნის წაკითხვის სურვილი მიჩნდება, ვწერ მას“. გავიხსენე ბულვერ-ლიტონიც, რომელიც თავის რომანებს პირდაპირ სტამბაში გზავნიდა და გამომცემელს მათი წაკითხვის უფლებას მხოლოდ ამ რომანების აკინძვის შემდეგ აძლევდა.

            როდესაც შევადარე ჩემი ინტელექტუალური იზოლაცია კოლორადოს უნივერსიტეტში (სადაც ახალგაზრდები იმისთვის ჩამოდიოდნენ, რომ დაესვენათ) და, მეორე მხრივ, ჩემი ცხოვრება ლონდონში, აირისს გაუკვირდა. მთელი ცხოვრება ოქსფორდსა და ლონდონში გაატარა და ამიტომ მისთვის უცხო იყო მარტოობის შეგრძნება, რომელიც ადამიანს დასავლეთ ამერიკაში ეუფლება ხოლმე.

1984 წლის მარტში მე და ჩემმა ცოლმა აირისთან და ჯონთან ერთად ვივახშმეთ მათ ბინაში, ლონდონში, გლოსტერ-როუდის მახლობლად. მან შაბათ დილას დამირეკა, რათა დავეპატიჟებინე. ლოგინში ვიწექი და ვკითხულობდი, ვივარაუდე, რომ ჩემს ქალიშვილს ურეკავდნენ და ყურმილი მხოლოდ მაშინ ავიღე, როდესაც ტელეფონმა თორმეტჯერ დარეკა. „ვგრძნობდი რომ შინ იქნებოდი, – მითხრა აირისმა. „მინდოდა, რომ გეპასუხა“.

            მათ სტუმრებს (რომლებიც უფრო სასიამოვნონი იყვნენ, ვიდრე – ოქსფორდში სადილად მიწვეული ადამიანები) შორის იყვნენ ხანდაზმული აგენტი ლედი ეივბერი; საბავშვო წიგნების გამომცემელი სებასტიან უოკერი; ახალგაზრდა ქალი მერი-კეი უილმერსი, რომელიც The London Review of Books-ში მუშაობდა; რობერტ და შირლი ლეტუინები – ქმარი ლონდონის ეკონომიკის სკოლაში ასწავლიდა, ცოლი კი ტროლოპის შესახებ წიგნის ავტორი იყო; და, ბოლოს, St .Catherine-ის კოლეჯის (სადაც ჯონი მუშაობდა) ბერძნული ფილოსოფიის ლექტორი ჯონ სიმოპულოსი, რომელიც იხსენებდა: „უწინ ვწერდი რეცენზიებს სახელგანთქმული ჟურნალისთვის“. მაგრამ ეს ჟურნალი ოცი წლის წინ დაიხურა!

 ბინისკენ ასასვლელი კიბე ციცაბო იყო, ოთახები – პატარა, სამზარეულო – ღარიბული, მაგრამ ჩვენ მადლიერებას ვგრძნობდით გულთბილი სტუმართმოყვარეობის გამო. კერძები უცნაური იყო – და ეს ცნობილია! მაგიდაზე ეწყო კლდისასუქათი, ჭყიმა-მხალითა და მაიონეზით შეზავებული ცივი სკუმბრია, ორი სახის რაგუ წყალწყალა საწებლით – ერთი ძეხვით, მეორე კი (ჯონის ამაზრზენი საფირმო კერძი) – ჭინჭრით; მაღაზიაში ნაყიდი ნამცხვრები და ოცი წლის შესანიშნავი ღვინო სენტ კეტის სარდაფებიდან. მათგან ექვსი უკვე გაეხსნათ. მაგრამ წვეულების მიზანი დახვეწილი კერძებით ჩვენი გამასპინძლება როდი იყო, აირისი და ჯონი ბოჰემის ნამდვილი წარმომადგენლები იყვნენ – გულითადნი, ხალისიანნი და ენაწყლიანნი.

 აირისს უცნაურად, მაგრამ მოხდენილად ეცვა: შავი ბრიჯები და წინდები, ფურფუშებიანი ბლუზი და ხავერდის ჟაკეტი. ბოლო დროს გასუქებულიყო და ცოტათი ულაზათოდ გამოიყურებოდა. სანამ რვა სტუმარს ართობდა, სალაპარაკოდ არ ეცალა, მაგრამ მითხრა, რომ ძალიან გადაღლილი იყო. დილაობით ფილოსოფიურ თხზულებას წერდა, დღისით კი (რომ დაესვენა) – რომანს. ბერკლიში გამგზავრებას აპირებდნენ, სადაც ჯონს მაქს ბეკმანისადმი მიძღვნილი ლექციები უნდა წაეკითხა. კარგად არ იცოდნენ, სადაა განლაგებული ბერკლის უნივერსიტეტი და არც ის იცოდნენ, რომ ის სან-ფრანცისკოს ყურის მახლობლადაა. მოუთმენლად მეკითხებოდნენ იმ ადგილებზე, რომელთა ნახვა სურდათ და მეც მათ ცნობისმოყვარეობას ვუღვივებდი და აღვწერდი რობერტ ლუის სტივენსონისა და ჯეკ ლონდონის სახლებს, მდინარე რაშენ-რივერსა და ნაპას ველს, კარმელსა და მონტერეის, ბიგ-სურსა და ჰერსტის სასახლეს სან-სიმეონში. მოგვიანებით წერილებში აირისი იხსენებდა უგემრიელეს სატაცურსა და კალიფორნიულ ღვინოს, რომლებიც მას ბერკლიში გაასინჯეს. ხშირად იმოწმებდა თავისი მეგობრის, რიჩარდ უოლჰაიმის სიტყვებს:„ბერკლი – საუკეთესო ადგილია ინგლისურენოვან სამყაროში“.

ჩვენ ხშირად ვწერდით ერთმანეთს საგამომცემლო საქმიანობის შესახებ. აირისი ძალზე განრისხდა (რაც მის გულუბრყვილობას მოწმობდა) იმ გაუგებრობის გამო, რომელიც შეიქმნა მისი პირველი წიგნის ხელახლა გამოცემისას: „ყოვლად უვარგისმა კომპანიამ, სახელწოდებით Harvester Press ერთხელ გამოაქვეყნა (ხელახლა გამოსცა) ჩემი წიგნი სარტრის შესახებ. წიგნის სახელწოდება იყო „სარტრი: რომანტიკული რაციონალისტი“. მათ გამოუშვეს წიგნი სახელწოდებით „სარტრი: რომანტიკული რეალისტი“. ჩემი ეგზემპლარის მიღებისას შეცდომაზე მივუთითე, მათ ბოდიში მომიხადეს (ძალზე ზოგადი ფრაზებით) და ვივარაუდე, რომ ყველა ეგზემპლარს გაანადგურებდნენ. ამის ნაცვლად ტირაჟი მთლიანად გაყიდეს და ახლა ზოგიერთ ნუსხაში მითითებულია ჩემი ერთი და იგივე წიგნი ორი განსხვავებული სახელწოდებით!“

1986 წლის აპრილში აირისი და ჯონი ჩრდილოეთ ოქსფორდში, Hamilton Road-თან დასახლდნენ. როდესაც ასაკი მოემატათ, გაუჭირდათ ცხოვრება დიდ სახლში, რომლის მახლობლად მაღაზიები არ იყო და ამიტომ უხდებოდათ, ხშირ-ხშირად ჩასულიყვნენ ოქსფორდში. მაგრამ სამ-ნახევარი წლის შემდეგ ისინი ხმაურმა და „ხულიგნურმა ელემენტებმა“ შეაწუხა. ერთხელ ჯონმა, აირისის დაუკითხავად, იმპულსურად იყიდა უფრო დიდი სახლი და 1989 წლის შემოდგომაზე ისინი იქ დაბინავდნენ, სადაც, მათი აზრით, წიგნებისთვის მეტი ადგილის გამოყოფა შეიძლებოდა.

მე და აირისი უკანასკნელად შევხვდით ერთმანეთს ამ სახლში 1992 წლის ივლისში. ჯონი პენსიაზე გასულიყო და თავისი ოფისიდან ასობით წიგნი გადმოეტანა აქ. წიგნები თაროებზე ვერ დატეულიყო და ყველგან ეყარა. წინა ეზო გავერანებულიყო – აირისს გამრჯე მებაღეების დაქირავება არ ეხერხებოდა – მაგრამ უკანა ეზო, რომელსაც თვითონ უვლიდა, მოწესრიგებული იყო. მივუტანე სტატია Independent-იდან მათი ძველი სახლის შესახებ, რომელიც სასტუმროდ გადაექციათ. აირისმა სტატიის წაკითხვა არ ისურვა. ის და ჯონი ახლახან დაბრუნებულიყვნენ წვიმიანი შვებულებიდან, რომელიც კორნუოლში გაატარეს. იქ საჭმელს თვითონ იმზადებდნენ, წვიმაში სეირნობდნენ და ბევრს კითხულობდნენ. მალე აირისი თავისი ილუსტრატორის, რეინოლდს სტოუნის ქვრივის მოსანახულებლად სოფელში უნდა გამგზავრებულიყო, იქიდან კი – იტალიაში.

ე.ნ.უილსონმა აირისის ბიოგრაფიის დაწერა მოინდომა, მაგრამ ეს მცდელობა უიღბლო აღმოჩნდა. ბოლოს მან უარი თქვა თავის ჩანაფიქრზე და ამის ნაცვლად ქრისტეზე წერა დაიწყო. აირისი, ცოტა არ იყოს, გაოგნებული იყო იმით, რომ მის ბიოგრაფიას დაწერდნენ, მაგრამ გრძნობდა, რომ ის აუცილებლად უნდა დაეწერათ და დასძინა: „ვიმედოვნებ, ამ საქმის გადავადება შეიძლება, სანამ სცენიდან არ ჩამოვალ“. როდესაც უილსონმა პროექტზე უარი თქვა, მას პიტერ კონრადი შეენაცვლა.

ახლა აირისს თმა შესთხელებოდა და გასჭაღარავებოდა, სახე დალაქავებოდა, ხოლო ზედა ტუჩის თავზე ღინღლი ეტყობოდა. ულაზათო ხალათი ეცვა, შარვალი წინდებში ჩაეტანებინა და სიარულისას მეზღვაურივით აქეთ-იქით ქანაობდა. უხეირო იტალიურ რესტორანში ვისადილეთ (ჩვენი გემოვნება ბევრ რამეში თანხვდებოდა, მაგრამ არა კულინარიისადმი დამოკიდებულებაში). ერთი ბოთლი წითელი ღვინო შეუკვეთა და მოზრდილი ყლუპი სწრაფად მოსვა. არ მესიამოვნა, რომ ახლა უფრო მეტად კერძებით იყო დაინტერესებული, ვიდრე – საუბრით. გაცილებით ნაკლებად ხალისიანი, ცნობისმოყვარე და გულთბილი იყო, ვიდრე – უწინ. უფრო გაფანტული, დაბნეული და გულჩათხრობილი მომეჩვენა. იმის ნაცვლად, რომ მაგიდასთან დიდხანს ვმსხდარიყავით, როგორც ჩვეულებრივ ვიქცეოდით ხოლმე, აირისს სურდა, რაც შეიძლება მალე დაბრუნებულიყო შინ. მანქანაში ვუთხარი, რომ ის ძვირფასი ტვირთი იყო და ამიტომ უსაფრთხოების ღვედი უნდა გაეკეთებინა. მან ღიმილით მითხრა: „გავრისკავ“.

ბოლო წერილებში აირისი უჩიოდა დაღლას და მკაცრ მოთხოვნებს, რომლებსაც მას უყენებდნენ. სულ უფრო მეტად უჭირდა მიმოწერა და რომანების თხზვა. მეც მიჭირდა მისი ბოლო ნაწარმოებების დასრულება და დაწყებაც კი, რომლებსაც ის კეთილსინდისიერად მიგზავნიდა ხოლმე. ეს რომანები, მათი დახლართული სიუჟეტებით, ექსცენტრიკული პერსონაჟებითა და უცნაური სექსუალური სცენებით – მისი ადრეული რომანების დამღლელი გადამღერება იყო.

1993 წლის ნოემბერში აირისმა მომწერა, რომ ყოველდღე დაახლოებით ოც წერილს იღებდა და რის ვაი-ვაგლახით პასუხობდა მათზე, მაგრამ ამას მხოლოდ მოვალეობის მოხდის სურვილის გამო სჩადიოდა. იმავე წელს მის წერილებში თავი იჩინა უჩვეულო ჩივილებმა შემოქმედებითი შესაძლებლობების უკმარობასთან დაკავშირებით: „ახლა ძალიან დაბნეული ვარ, ვერც ერთი ახალი სცენის მოგონებას ვერ ვახერხებ. მიკვირს! “. მოგვიანებით იმეორებდა: „რასაკვირველია, მინდა დავწერო რომანი, მაგრამ ძალიან მიჭირს. შესაძლოა, ეს ასაკით და დროითაა გამოწვეული“. მან თავისი თავი აკრობატს შეადარა და დასძინა: „ვცდილობ, ახალი რომანის წერა დავიწყო, მაგრამ ჯერჯერობით არ შემიძლია. (ალბათ, ის დრო დადგა, როდესაც შეიძლება ჟონგლირება შევწყვიტო და თოკიდან ჩამოვვარდე. იმედი მაქვს, ეს არ მოხდება!“).

1994 წელის დეკემბერში ვკითხულობდი ახმატოვას ბიოგრაფიას, რომელთანაც აირისსს ბევრი რამ ანათესავებდა. შევეცადე გამემხნევებინა, რისთვისაც ახმატოვას ერთ-ერთი ლექსი გავუგზავნე:

შენია ჩემი დღიური ლოცვა

და უძილობის ჩამქრალი ალი,

ჩემი ლექსების სპეტაკი გუნდი,

ჩემი თვალების ლურჯი ხანძარი.

უკანასკნელისწინა წერილში მან მიპასუხა: „დიდი მადლობა შენი გამამხნევებელი წერილისა და მშვენიერი ლექსისთვის! ეს მართლაც ბრწყინვალე ლექსია და ჩემთვის ძალზე ახლოა!“. უკანასკნელ წერილში კი მომწერა: „ჯეფრი, ძვირფასო, დიდი მადლობა იმისთვის, რომ მწერ ხოლმე – და მწერ სიყვარულით. აირისი… მართლაც დიდებული პიროვნება ხარ“.

აირისი მიყვარდა და დიდ პატივს ვცემდი. მადლობელი ვიყავი იმ მეგობრობისთვის, რომელიც თვრამეტი წლის განმავლობაში გაგრძელდა. მახსოვდა, რომ დედამისს მოხუცებულობისას დემენცია აწუხებდა, ვგრძნობდი, რომ მის თავს რაღაც უბედურება ტრიალებდა, მაგრამ არ ვიცოდი, სახელდობრ, რა ხდებოდა. გულის სიღრმემდე მაღელვებდა მისი მოთხოვნილება, კვლავ ეწერა, მისი თავგანწირული ბრძოლა გონებრივი უნარების შენარჩუნებისთვის. ბოლოს და ბოლოს, 1997 წლის თებერვალში, The New York Times-ში დაბეჭდილმა რეპორტაჟმა დაადასტურა ის, რისიც მეშინოდა:

„77 წლის ბრიტანელ მწერალ ქალს, აირის მერდოკს, ალცჰაიმერის დაავადება დაემართა… პროფესორმა ბეილიმ, ბრიტანეთის ლიტერატურულ სამყაროში მერდოკის შემოქმედებით კრიზისთან დაკავშირებით გავრცელებული ხმების საპასუხოდ აღნიშნა, რომ პირველად დაახლოებით ორი წლის წინ გაუჩნდა ეჭვი, როდესაც მისი ცოლი მეგობრებთან დანიშნულ შეხვედრაზე არ მივიდა. „სრულიად დაავიწყდა, სად მიდიოდა და ამიტომ შინ დაბრუნება ამჯობინა, რამაც განმაცვიფრა“… ექვსი თვის წინ მერდოკმა თავისი ეგრეთ წოდებული შემოქმედებითი კრიზისი შეადარა „უსიამოვნო ბნელ ადგილას დამწყვდევას, საიდანაც გაქცევას ცდილობდა.“

სულისშემძვრელ წერილში, რომელიც ჯონმა 1997 წლის ბოლოს გამომიგზავნა, წავიკითხე, რომ აირისი „ახლა ალცჰაიმერის დაავადების შეუქცევად სტადიაში იმყოფება. გამოიყენეს ყოველგვარი სკანირებები, წამლები და ა.შ. მაგრამ არაფერი შველის, თუმცა ის ისეთივე საყვარელი და გულისხმიერია, როგორც უწინ… რა უცნაურიც უნდა იყოს, სასიამოვნოა აირისზე ზრუნვა, თუმცა მისი დიადი შემოქმედებითი ინტელექტისგან აღარაფერი დარჩა, აღარაფერი“.

1999 © The New Criterion


[1] „ხორცი მოწყენილია! და მე ყველა წიგნი წავიკითხე!“ (ფრ.)

© არილი

Facebook Comments Box