
ისინი ახლახან დაქორწინდნენ. თითოეული მათგანისთვის ეს იყო მეორე ქორწინება მრავალწლიანი მარტოხელა ცხოვრების შემდეგ, ისე, თითქოს დიდი ხნის განმავლობაში განსხვავებულ საძოვრებზე მობალახე ორი ცხოველი უეცრად – ღმერთმა იცის, რატომ – ერთ მინდორზე აღმოჩნდა და ერთი და იმავე ბალახის ძოვა დაიწყო.
„არც ისე ახალგაზრდანი“ იყვნენ, თუმცა ბევრი ამბობდა, საოცრად ახალგაზრდულად გამოიყურებიანო, რაც, ალბათ, მათი დაახლოების ერთ-ერთი მიზეზი გახლდათ.
ქალი ქვრივი იყო, მამაკაცი – ათი წლის წინ განქორწინებული (აწ უკვე გარდაცვლილ ქალთან). თითოეული მათგანი მარტოობას განიცდიდა მხიარული მეგობრებისა და კოლეგების გარემოცვაში. ქალი ფიქრობდა, რომ მისი ცხოვრება უფრო უღიმღამო იყო, ვიდრე ახალი ქმრისა, რომელიც ისტორიკოსი და საჯაროდ აღიარებული ინტელექტუალი გახლდათ და წარმატებულ ადამიანად მიიჩნეოდა. მხოლოდ გათხოვების შემდეგ მიხვდა, რომ მისი ქმარს თავდაჯერება აკლდა და ეჭვით შეჰყურებდა იმ ადამიანებს, რომლებიც ეთანხმებოდნენ, ელაქუცებოდნენ და მოწიწებით ექცეოდნენ.
„საყვარელო, დიდი მადლობა, მაგრამ ზედმეტად ნუ გამანებივრებ“.
ქმრის მიერ ნათქვამი ეს სიტყვები ხუმრობაც იყო და გაფრთხილებაც.
დაქორწინების შემდეგ ისინი ქმრის სახლში დაბინავდნენ – მისი ორი სახლიდან უფრო დიდში. მუქი კრამიტით გადახურული სახლი უნივერსიტეტის ზემოთ, მთის კალთაზე იდგა. იქ ხუთი საძინებელი ოთახი იყო. ერთ ღამეს ქალს გაეღვიძა. ქმარი ძილში ლაპარაკობდა. ეკამათებოდა თუ ევედრებოდა ვიღაცას.
ქალი უცებ ვერ გაერკვა, ვინ იყო ეს მოლუღლუღე მამაკაცი, რომლის ფართო ზურგი ოფლს დაეცვარა. ეუცხოებოდა მკვრივი ლეიბი და არც ისე ფაფუკი ბუმბულის ბალიში. და განიერი, ჩაბნელებული ოთახი. ფრთხილად შეეხო ქმრის მხარს. შეეცადა, ალერსით გაეღვიძებინა, ისე, რომ არ დაეფრთხო. „საყვარელო, უსიამოვნო სიზმარი ნახე?“
ქმარი შეკრთა და ცოლის ხელი მოიშორა. მაგრამ კი არ გაეღვიძა, არამედ უფრო ღრმად ჩაიძირა ძილში, ისე, თითქოს უჩინარ, ჩუმ მოწინააღმდეგეს დანებდა და არ სურდა, რომ ვინმეს ეხსნა. ქალი შეშფოთებული იყო იმით, რომ ქმარს ოფლით ერთიანად დასველებოდა მაისური და შორტები, რომლებსაც პიჟამის ნაცვლად იცვამდა ხოლმე, სხეული კი თითქოს სიცხისგან უვარვარებდა. ქალი შეშფოთებული იყო, ასევე, ქმრის მიერ ყრუდ წარმოთქმული სიტყვებით, რომლებიც თითქმის გასაგები იყო, ისე, როგორც „გვესმის“ ხოლმე ინგლისურის მსგავს უცხო ენაზე წარმოთქმული სიტყვები და გვეჩვენება, რომ მათ მნიშვნელობას ეს-ესაა ჩავწვდებით.
შემდეგ ქმარმა კბილების კრაჭუნი დაიწყო. თან რაღაცას ლუღლუღებდა. დამფრთხალი, შეშინებული იყო. ლუღლუღს კვნესა, ვედრება შეენაცვლა. ფეხებს კრუნჩხავდა, თითქოს სადღაც გაქცევას ლამობდა, მაგრამ არ შეეძლო, რადგან ფეხები შებორკილი ჰქონდა.
ქალი ყოყმანობდა. ფიქრობდა, რომ მართებული არ იქნებოდა ასე ღრმად ჩაძინებული ქმრის გაღვიძება და იმავდროულად, სწორად არ მოიქცეოდა, თუ უსიამოვნო სიზმრისგან არ გამოაფხიზლებდა. გაახსენდა ბავშვობისას გაგონილი ამბავი, რომ მისი ნათესავი კაცი ძილში გარდაიცვალა გულის შეტევისგან, რომელიც, ამ კაცის ცოლის თქმით, უსიამოვნო სიზმარმა გამოიწვია. მაგრამ იქნებ გულის შეტევა იმან გამოიწვია, რომ ცოლმა ის კაცი გააღვიძა? ან, იქნებ, უსიამოვნო სიზმარი გულის შეტევამ გამოიწვია? ქალმა კვლავ ფრთხილად მოჰკიდა ქმარს ხელი მხარზე და ოდნავ შეაჯანჯღარა. საკმარისად ძლიერ, რათა გაეღვიძებინა.
ქმარი უეცრად ჩაჩუმდა – და მომდევნო წამს სრულად გამოფხიზლდა. ისეთი დაძაბული იყო, თითქოს მტრის თავდასხმას ელოდა.
ქალი უკვე აღარ ეხებოდა ქმარს, მაგრამ გრძნობდა მის ძლიერ გულისცემას, რომლისგანაც თითქოს საწოლიც კი ირყეოდა.
„საყვარელო, ხომ კარგად ხარ? ეს, მხოლოდ… ეს მე ვარ“.
და: „უსიამოვნო სიზმარი ნახე. ძილში ლაპარაკობდი“.
მაგრამ ქმარი ქალისკენ არ მიბრუნებულა.
რა უცნაური იყო ეს ყოველივე! ლუღლუღი, ვედრება, კვნესა, ახლა კი ასეთი უცნაური ქცევა. სრულებით არ წააგავდა ქმარს, ისეთს, როგორიც რეალურ ცხოვრებაში იყო… არ ჰგავდა არც ქალის პირველ ქმარს, რომელიც ქორწინების ოცდათექვსმეტი წლის განმავლობაში არასოდეს ლაპარაკობდა ძილის დროს, არასოდეს კვნესოდა და არ ბორგავდა.
ქმრის გვერდით იწვა ცოლი, რომელიც იმედოვნებდა, რომ დაამშვიდებდა, მდუმარედ ანუგეშებდა კაცს თავისი სიახლოვით. ისე, როგორც ამშვიდებენ შეშინებულ ბავშვს. იმედოვნებდა, რომ მისი თანაბარი, წყნარი სუნთქვის ხმა დააშოშმინებდა კაცს. ეს ხომ მხოლოდ მე ვარ. შენი ცოლი. მიყვარხარ.
ქალი გულუბრყვილოდ ვარაუდობდა, რომ ერთი-ორი წუთის შემდეგ ქმარი (რომელიც, ჩვეულებრივ, ალერსიანი, დინჯი, კეთილგონიერი იყო) გაერკვეოდა ვითარებაში, თავს დააღწევდა კოშმარს, მობრუნდებოდა და მოეხვეოდა ქალს.
ხომ არ დაავიწყდა კაცს, რომ ცოლი ჰყავდა? ისინი ხომ ახალდაქორწინებულნი იყვნენ.
ყოველდღე ქმარი უამრავჯერ კოცნიდა ცოლს, ოდნავ საგრძნობად, პეპელას შეხებასავით. ბევრს ხუმრობდა. თითოეული მათგანი მეორის მადლიერი იყო. განსაკუთრებით ცოლი იყო მადლიერი. მაგრამ რამდენ ხანს გაგრძელდებოდა ეს იდილია?
ბოლოს კაცს დაძაბულობა მოეხსნა. მხრები მოუდუნდა. უფრო თანაბრად სუნთქავდა. მშვიდად დაიძინა.
მადლობა ღმერთს! ქალმა ისეთი შვება იგრძნო, თითქოს რაღაც გაურკვეველ საფრთხეს გადაურჩა. ლოგინში გვერდი იცვალა, ჩამუქებულ კედელს მიაჩერდა და შეეცადა დაესვენა, დაეძინა, მაგრამ შეძრწუნდა, როდესაც მის ზურგს უკან კრაჭუნის ხმა გაისმა.
ქალმა მიაყურადა. ქმარი აკრაჭუნებდა კბილებს?
მოეჩვენა, რომ კაცს ყბები უთრთოდა. თითქოს სიცივისგან კანკალებდა. ამაზრზენი ხმა იყო, რომლისგანაც ქალს თმა ყალყზე დაუდგა.
აი, ისევ! ყრუ, შეშინებული, საბრალობელი ლუღლუღი. რას ლაპარაკობდა ქმარი? ქალი ახლა უკვე საბოლოოდ გამოფხიზლდა და კაცს უსმენდა. ცდილობდა, აზრი გამოეტანა ამ ლუღლუღიდან.
მართლაც სურდა თუ არა იმის გაგება, რას ლაპარაკობდა მისი ქმარი ძილში? ზნეობრივი თვალსაზრისით, რამდენად გამართლებული იყო ამგვარი მიყურადება? განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქმარი ამგვარ უმწეო მდგომარეობაში იმყოფებოდა. როდესაც მისი სული თითქოს გაშიშვლებული იყო.
დღისით ქალი არასოდეს მიაყურადებდა მალულად ქმარს, მაგალითად, მაშინ, როდესაც კაცი ტელეფონით ელაპარაკებოდა ვინმეს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ასეთი აფორიაქებული იყო.
მძინარე მდგომარეობაში ქმარი სრულად სხვა კაცს წააგავდა და არა იმას, რომელიც დღისით მსუყე ბარიტონით ლაპარაკობდა და სიმშვიდეს, უშფოთველობას ასხივებდა.
ეს მხარბეჭიანი კაცი ექვს ფუტზე უფრო მაღალი იყო, ხშირი მოწითალო, ხვეული თმა შევერცხლოდა. თვალებთან ნაოჭები ეტყობოდა, რადგან ხშირად და გულიანად იცინოდა ხოლმე. იღლიები, ხელები, ფეხები, ზურგი უხეში ბალნით ჰქონდა დაფარული. მის ხმაში არასოდეს ისმოდა ვედრება, წუწუნი.
ის კაცი, რომელიც მის გვერდით იწვა, თითქოს უფრო დაბალი და უფრო ტანსრულიც იყო. უფრო ჩასხმული ზურგი ჰქონდა. ქალს წარმოუდგა მძინარე კაცის რბილი, დონდლო მუცელი, მომჩვარული ასო, გაავებული ინდაურის ჩიჩახვივით წითელი კვერცხები.
ქალს ეჩვენებოდა, რომ ქმარი ჩართული იყო რაღაც კამათში, რომელშიც დაზარალებული მხარე იყო ან თავს ასეთად თვლიდა. მას აწამებდნენ, ამცირებდნენ. იქნებ, კაცი ხელახლა განიცდიდა რაიმე კონფლიქტს, რომელიც უნივერსიტეტში შეემთხვა? მან თორმეტი წელი იმუშავა (სანამ გადადგებოდა) ისტორიის კათედრის გამგის თანამდებობაზე, რაც უნივერსიტეტის ადმინისტრაციული თანამშრომლისთვის მეტად ხანგრძლივი ვადა იყო; ახლა კვლავაც აქტიურად მონაწილეობდა უნივერსიტეტის ცხოვრებაში და ხშირად აქვეყნებდა ნაშრომებს თავის სფეროში – მედიცინის ისტორიაში.
ყოველივე ეს ქალმა სხვებისგან შეიტყო. ქმარი იმდენად თავმოყვარე იყო, რომ არასოდეს კადრულობდა ტრაბახს თავისი მიღწევებით; და ცოლს არც ესიამოვნებოდა, ქმარი ასე რომ მოქცეულიყო.
თავისი წინა ქორწინების შესახებ კაცი იშვიათად ლაპარაკობდა. და არც ცოლის წინანდელი ცხოვრების ამბები აინტერესებდა.
გარდაცვლილ ცოლს თითქმის არავინ ახსენებდა. მისი რამდენიმე შვილი ამერიკის შორეულ შტატებში ცხოვრობდა.
ის, ახალი ცოლი, ვერ ბედავდა, რომ ქმრისთვის მისი პირადი ცხოვრების ამბები გამოეკითხა. ასე იქცეოდა მოკრძალებულობის გამო და იმის შიშით, რომ ქმარი უსაყვედურებდა ან გაღიზიანდებოდა. ქალი ქმრის მადლიერი იყო იმის გამო, რომ მან მაშველი რგოლი გადაუგდო, გადაუგდო თოკი, რომელსაც ქალი ჩაეჭიდა, რათა სასოწარკვეთილების ჭაობიდან ეხსნა თავი.
პირველი ქმრის გარდაცვალების შემდეგ ქალი მრავალი ღამის განმავლობაში ფიქრობდა, თავი ხომ არ მოვიკლაო. ფიქრობდა: „თავს მოვიკლავ, მაგრამ მერე, იქ, რა იქნება?“
„საყვარელო, გაიღვიძე, გთხოვ“.
ქალმა უნებურად ღონივრად უბიძგა ქმარს ზურგზე.
„რაო? რა მოხდა?“ უეცრად გაეღვიძა კაცს.
„საყვარელო, ეს მე ვარ. ხომ კარგად ხარ?“ ქალს ქმრის ხვნეშა ესმოდა. წარმოიდგინა მისი დაკრეჭილი კბილები და ოფლის წვეთებით დაცვარული სახე.
„ავი სიზმარი ნახე?“
ქალმა ხელი მოაფათურა, რათა ნათურა აენთო. მისი მხრივ, ეს უხეში შეცდომა იყო: ქმარმა ბრაზით გამოხედა და მოჭუტულ თვალებზე ხელი მოიჩრდილა, თითქოს ოთახს სუსტი შუქი კი არ ანათებდა, არამედ შუქურას დამაბრმავებელი სხივი.
„ღმერთო ჩემო! ღამის სამი საათია. რატომ გამაღვიძე?“
„ძილში შფოთავდი“.
„ძილში შენ შფოთავდი! ყოველთვის მაღვიძებ, როდესაც ვცდილობ დავიძინო! შუქი ჩააქრე. ხვალ ადრე უნდა ავდგე“.
ცოლმა სცადა, სწრაფად ჩაექრო სინათლე. გაოცებულსა და შეწუხებულს, თითქოს ხმა ჩაუწყდა, ბოდიშის მოხდაც კი ვერ მოახერხა. გააოგნა ქმრის სახემ, რომელიც სიბრაზისა და ზიზღისგან დამანჭოდა. როგორც ჩანს, კაცი თავს დამცირებულად გრძნობდა იმის გამო, რომ მან, ცოლმა, ახალმა ცოლმა, ის ასეთ უმწეო მდგომარეობაში იხილა.
პირველი შემთხვევაა, რომ ერთმანეთს გაშიშვლებულებს ვხედავთ: „მეს“, როგორც სხეულებრივი არსების სიშიშვლე, რომელიც ყოველთვის მოულოდნელია.
„ვნანობ, ძალიან ვნანობ. შეგიძლია, მაპატიო?“
ქალი დაფიქრდა, იქნებ ჩვენი ქორწინება შეცდომა იყოო. იქნებ ქმარი ისეთი არაა, როგორიც მეგონაო.
კაცი, რომელსაც ცოლი იცნობდა ან ამბობდა, რომ იცნობდა, არასოდეს მოიქცეოდა ასე ბავშვურად, ბოროტად, სულელურად. ის სანდომიანი, ღირსეული, თავდაჯერებული მამაკაცი იყო, კეთილი, თავაზიანი, წყნარი. დაუდევრად, მაგრამ გემოვნებით იცვამდა. ლითონისჩარჩოიანი სათვალე ეკეთა, რომელიც ახალგაზრდულ და ჭკვიანურ იერს ანიჭებდა და შეესაბამებოდა მის სოციალურ მდგომარეობას. როდესაც რაიმე არ მოსწონდა, თავის აზრს თავშეკავებულად გამოთქვამდა. არასოდეს იმანჭებოდა. აშკარად არასოდეს არ გამოთქვამდა თავის სიშმაგეს, მრისხანებას.
ახლა კი ამ კაცის ამრეზილი სახე წყრომას გამოხატავდა. ლამაზი კი არა, ტლანქი და შეშუპებული სახე ჰქონდა. კანი წვრილ-წვრილი ნაოჭებით დასეროდა, ხოლო თვალები, როდესაც სათვალე არ ეკეთა, ისე გასწითლებოდა, როგორც – გაცოფებულ ხარს.
ასეთი გაცოფებული ნადირი საშიშია. ცოლმა ეს იცოდა და შეკრთა.
ყველაფერი ეს სასაცილოა! რასაკვირველია!
ასეთ რაღაცებზე მხოლოდ ღამით ფიქრობ ხოლმე.
ქმარს ეძინა. ცოლი იწვა და ქმრის მძიმე სუნთქვას უსმენდა.
მადლობა ღმერთს. ეს თითქოს ჩვეულებრივი ძილი იყო.
ახლა, როდესაც თითქოს სიმშვიდე დამყარდა, ცოლი თავს ეკითხებოდა, მაინც რა მოხდაო. ფიქრობდა, რომ ქმარმა ის ვერ დაინახა. ნამდვილად ასე იყო. კაცი გააოცა იმან, რომ ასე უხეშად გააღვიძეს; ჯერ კიდევ ძილ-ბურანში იმყოფებოდა.
ეს სიმართლეს ჰგავდა და ქალს გულზე მოეშვა, მაგრამ თავს ჰკითხა: თუკი ქმარი მე ვერ მხედავს, მაშინ ვის ხედავს? შემდეგ ჩასთვლიმა. თბილი მქრქალი ჩრდილები სხეულზე შემოეხვია, წყალნარევი ტალახის მსგავსად. პლაჟზე, ცივ სილაზე ფეხშიშველა მიდიოდა. ქაფიანი ტალღები ელამუნებოდა ფეხებზე და უკუქცევისას სილაზე ტოვებდა შემზარავ გამჭვირვალე მედუზებს, დაკლაკნილ გველთევზებს, უთვალებო თევზებს და მყრალ წყალმცენარეებს. ერთ-ერთი აზრი, რომელმაც შეზარა, ის იყო, რომ ქმარმა (შესაძლოა) მოკლა უკანასკნელი ქალი, რომელსაც ამ საწოლში ეძინა აქ, ამ სახლში, უნივერსიტეტის მახლობლად. კაცმა ცოლი მოკლა, როდესაც გაეღვიძა და გაშმაგდა. იმიტომ გაშმაგდა, რომ ცოლმა ის შიშველი დაინახა, დაინახა მისი ოფლით გაჟღენთილი მაისური და შორტები, ჩაიხედა კაცის მხდალ სულში.
არცერთი კაცი არ აპატიებს ქალს, რომელმაც მისი გაშიშვლებული და უსუსური სული დაინახა.
გაგუდა? კაცს ღონიერი ხელები ჰქონდა.
სხვაგვარად როგორ უნდა მოეკლა საწოლში? დანას ან ტყვიას ვერ გამოიყენებდა – ქვეშაგები სისხლით დაისვრებოდა.
ალბათ, გაგუდა. ეს უფრო სავარაუდო იყო, ვიდრე მოხრჩობა, რომელიც საჭიროებს ძალას, მოთმინებას, იმის უნარს, რომ უყურო მომაკვდავი ცოლის უკვე დაბინდულ თვალებს.
ბუმბულის ერთ-ერთი ბალიში დაადო ცოლს სახეზე. მიიხუტა აფართხალებული, სასოწარკვეთილი ქალი, რომელსაც ყვირილის ილაჯიც კი აღარ ჰქონდა.
რომელი ბალიში გამოიყენა? შეინახა თუ არა ბალიში, რომლითაც თავისი (პირველი) ცოლი გაგუდა, თუ სადმე გადააგდო?
არა, ეს აზრი უცნაური, შემზარავი იყო – აზრი ბუმბულის ბალიშით მოგუდვის შესახებ.
აბსურდული იყო, მაგრამ მიმზიდველი.
როგორ შეიძლება, ასეთი უმადური იყო? ამ კაცმა შენი სიცოცხლე იხსნა. უყვარხარ და გიყვარს. ის ადამიანია, რომელმაც, არსებითად, შენი სიცოცხლე იხსნა.
უეცრად გათენდა.
ქალმა თვალები გაახილა და გაოგნდა (რა მოხდა ღამით?).
ის მარტო იწვა ბალდახინიან საწოლში. სააბაზანო ოთახიდან წყლის ჩქეფის და ქმრის ღიღინის ხმა ისმოდა. ქმრისა, რომელიც თავის თავს „ტოროლას“ უწოდებდა.
ფანჯრიდან მზის შუქი იღვრებოდა.
და ასეთია დღის სინათლის ლოგიკა: ყველაფერი, რაც ღამით მოხდა, ქრება. ასე მქრქალდება ეკრანზე ასახული ფიგურები, როდესაც ოთახში შუქს ანთებენ. ქალმა სწრაფად გამოცვალა დაჭმუჭნილი, ოფლის სუნით აყროლებული ქვეშაგები – საწოლიდან ააძრო ზეწრები, ძლივს ამოაძრო ბუმბულის ბალიშები ბინძური შალითებიდან.
მოგვიანებით, უკანა პარმაღზე, სადაც ქმარი კარგ ამინდში საუზმობდა ხოლმე, ქალმა მას „თაიმსის“ ახალი ნომერი მიუტანა. ქმარმა ახედა და გაუღიმა. ღამის შესახებ აშკარად არაფერი ახსოვდა. „გმადლობ, საყვარელო!“, და ცოლს ნამიან ხელისგულზე აკოცა.
„საყვარელო!“. ესე იგი, ქმარს უყვარდა.
რამდენიმე ღამის შემდეგ ცოლი კვლავ გააღვიძა ბურტყუნმა, რომელიც მის გვერდით გაისმოდა, სიბნელეში, და კბილების კრაჭუნმა, კასტანიეტების ტკაცატკუცის მსგავსად.
თითქოს რაღაცამ უბიძგა სიბნელეში, უცნობ ოთახში.
აბნევდა ბუმბულის მაღალი, ხეშეში ბალიშიც, რომლისგანაც ქალს კისერი სტკიოდა.
ქორწინების პირველ დღეებში ქალმა მომცრო ბალიში დაიდო, მაგრამ ქმარმა თქვა, რომ საწოლზე გადაფარებული ხელნაკეთი პლედი ახლა ასიმეტრიული იყო, ისეთი, „როგორც ქალი, რომელსაც ცალმხრივი მასტექტომიის შედეგად მშვენიერი სხეულის სიმეტრია დაერღვა“. მასტექტომია! ქალი მოიჭმუხნა. შემდეგ გაეცინა. ანალოგია მოულოდნელი იყო. მაგრამ ქალი ხედავდა, რომ ქმარი იღიმებოდა. მან მხოლოდ იხუმრა!
ორის ოცი წუთია. ერთი საათის წინ დაწვნენ. იმ საღამოს ივახშმეს ქმრის ძველ მეგობრებთან, რომლებიც მის პირველ ცოლს იცნობდნენ, მაგრამ ახალ ცოლს გულთბილად და ალერსიანად ექცეოდნენ. ქალი ოდნავ დაძაბული იყო, მაგრამ ქმარი ისეთი ლაღი იყო, როგორიც ცოლს უწინ არასოდეს ენახა. კაცმა ჩვეულებრივზე მეტი დალია, თუმცა არც ისე ბევრი, რადგან არასოდეს არაფერში ამეტებდა. მან დალია სულ ორი თუ სამი ჭიქა (სავარაუდოდ) შესანიშნავი არგენტინული წითელი ღვინო, რომელიც, ცოლის აზრით, ზედმეტად მწკლარტე იყო, თუმცა ღვინოებში – თეთრსა თუ წითელში, არგენტინულსა თუ სხვაგვარში – დიდად როდი ერკვეოდა.
როგორც კი დაწვნენ, ქმარს მაშინვე დაეძინა, მაგრამ ქალს არ ეძინებოდა. კვლავ და კვლავ ფიქრობდა იმ წვეულების შესახებ. ისე, როგორც ვუყურებთ ხოლმე ვიდეოჩანაწერს, იმ იმედით, რომ აღმოვაჩენთ ახალ დეტალებს, რომლებსაც პირველ ჯერზე ვერ ვამჩნევთ, კვლავ ხედავდა, როგორ უმზერდნენ ერთმანეთს გულთბილი მასპინძლები, როდესაც ქალი ლაპარაკობდა – ისე, თითქოს ახალ ცოლს ადარებდნენ ძველთან, აწ უკვე გარდაცვლილთან, რომელსაც მრავალი წლის განმავლობაში იცნობდნენ. მაგრამ ქალს წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ მათ იმ ძველი ცოლის მიმართ, რას ანიშნებდნენ ისინი ერთმანეთს მზერით.
„როგორ ფიქრობ, შენს მეგობრებს მოვეწონე?“ – მორიდებით ჰკითხა ქალმა ქმარს მანქანაში, როდესაც ისინი შინისკენ მიემგზავრებოდნენ, თუმცა იცოდა, რომ ეს კითხვა შეაცბუნებდა ან გააღიზიანებდა ქმარს – მას არ უყვარდა, როდესაც ცოლი გამოხატავდა საკუთარ სისუსტეს, ან სევდას, ან მოჩვენებით მიამიტობას; ქმარს გულკეთილად გაეცინა და მოკლედ შენიშნა: „რასაკვირველია! რასაკვირველია, მოეწონე“.
ქმარს ამ თემაზე მეტი არაფერი უთქვამს. საბაბი არ მიუცია, რომ ქალს კვლავ მიემართა მისთვის სულელური კითხვებით, არ უკითხავს ცოლისთვის, მოეწონა თუ არა მისი მეგობრები, ან სასიამოვნოდ ჩაიარა თუ არა საღამომ, ან სურდა თუ არა ქალს, მომავალში კვლავ მოენახულებინა ეს ადამიანები.
ქალს დიდად როდი სურდა, რომ ქმრისთვის თავისი მეგობრები გაეცნო. მეგობრები, რომლებსაც ის იცნობდა ქორწინების ოცდათექვსმეტი წლის განმავლობაში, მისი აზრით, ისეთი საინტერესო ადამიანები არ გახლდნენ, როგორიც ახალი ქმრის სამეგობრო წრე იყო. და ახალ ქმარს არასოდეს გამოუთქვამს სურვილი, რომ ისინი გაეცნო.
ქალს სხვადასხვაგვარი აზრები აწუხებდა. ეს აზრები რწყილებივით თუ ბაღლინჯოებივით იკბინებოდნენ. უმნიშვნელო აზრები იყო, მაგრამ უსიამოვნოდ იკბინებოდნენ. ჩასთვლიმა, კიბეზე დაეშვა და წაბორძიკდა ბოლო საფეხურზე, რომელიც ვერ დაინახა, რადგან მისი ყურადღება ბუზების, ბუზანკლების ხმამაღალმა ზუზუნმა მიიპყრო; უეცრად გააღვიძა ვიღაც ახმახმა, მის გვერდით მწოლიარემ, რომელიც რაღაცას ბურტყუნებდა და კბილებს აკრაჭუნებდა, კასტანიეტების ტკაცატკუცის მსგავსად. ფეხებს ისე იქნევდა, თითქოს ცდილობდა მოეშორებინა ქსელი თუ ბადე, რომელშიც გახვეულიყო. ყოველივე ამან ქალი კიდევ უფრო მეტად შეაშინა, რადგან ახლა უნდა ეღიარებინა, რომ ეს „უსიამოვნო სიზმრები“ ქმარს ღამღამობით ხშირად აწუხებდა და, მაშასადამე, ასე გაგრძელდებოდა.
გაოგნებული ქალი ფიქრობდა, ვისზე გავთხოვდიო.
იმ ღამის შემდეგ, რაც ძილი პირველად გაუტყდა, ქმრისთვის არავითარი ცვლილება არ შეუტყვია – კაცი ისევე გულთბილად ექცეოდა, როგორც ყოველთვის. არავითარი მოგონება, იმ ავად სახსენებელი ინტერლუდიის არავითარი ჩრდილი არ ჩამდგარა მათ შორის. ქალმა თავბრუსხვევა, თითქმის გულისრევა იგრძნო, როდესაც შეხედა ტკბილად მოსაუბრე ქმრის პირს და გაახსენდა, როგორ უბღვერდა მამაკაცი, რომელიც იღლიებისა და საზარდულის სუნით ყარდა, თუმცა დღისით ქმარი სუფთად იყო გაპარსული და დაბანილი, მოწითალო შევერცხლილი ხშირი თმა უბზინავდა. მისი ლურჯი თვალები სრულიად გულწრფელად, მიამიტურად იმზირებოდა. ქალს მეხსიერება უნდა დაეძაბა, რათა გაეხსენებინა ჩასისხლიანებული თვალები, რომლებიც მრისხანებისგან ელვარებდნენ ნათურის შუქზე. მაგრამ რა საჭირო იყო მეხსიერების დაძაბვა?
ცოლს არც უსიამოვნო სიზმრები შეუხსენებია ქმრისთვის – რა თქმა უნდა, არა.
ქალი ახალგაზრდა არ იყო, შუახნისა გახლდათ და იცოდა, რომ საშიშ თემებზე არ უნდა ელაპარაკა, მით უმეტეს, რომ ახალგათხოვილი იყო და უნდოდა, ახალი ქმრისთვის ესიამოვნებინა.
პირველი ქმრის სიკვდილის შემდეგ, რამაც თითქმის თვითმკვლელობამდე მიიყვანა, ახლა ბედნიერების კიდევ ერთი შესაძლებლობა მიეცა. თუკი ამ კაცს გააბედნიერებს, საკუთარ თავსაც იხსნის. ოჰ, რატომ აანთო ნათურა ღამის სამ საათზე! ახლა ქალი საგულდაგულოდ აკონტროლებდა თავის თითოეულ ნაბიჯს. იმ საშინელი ღამის შესახებ ქმრისთვის არაფერი უთქვამს. დაავიწყდა კიდეც ის ღამე – ან თითქმის დაავიწყდა.
რაღაც ბუნდოვანი სულელური სიზმარი, ბუმბულის ბალიშთან დაკავშირებული… ასეთი მძიმე ბალიში შეიძლება სახეზე დააფარო ადამიანს…
მის სახეზე? რა თქმა უნდა, არა. ქალს არც კი გაუკითხავს, როგორ გარდაიცვალა ქმრის ყოფილი ცოლი. ინტერნეტშიც არ უცდია ნეკროლოგის მოძებნა. რა სისულელეა, ქმარში დაეჭვდე…
კაცი ძილში კვნესოდა, თითქოს მშვენივრად იცოდა, რას ეჭვობდა მისი ცოლი. მოკლედ, საწყალობლად ყვიროდა, ტანჯვით, წყენით. მხრებს აქეთ-იქით იქნევდა, თითქოს ცდილობდა რაღაცისგან განთავისუფლებულიყო. ცოლს წარმოუდგა საშინელი ქსელი, რომელშიც მისი ქმარი მწერივით იყო გაბმული; რაც უფრო მეტად იკლაკნებოდა, მით უფრო ძლიერ იხლართებოდა და მის გვერდით მწოლიარე ცოლს საფრთხე ემუქრებოდა, რომ მასაც ქსელში გააბამდა და მოკლავდა – ვინ?
ქალს არჩევანი არ ჰქონდა: უნდა გაეღვიძებინა ქმარი და აეტანა მისი რისხვა, რადგან ხედავდა, როგორ იტანჯებოდა ის, როგორი დამფრთხალი და უსუსური იყო.
დაჭრილი, ტკივილისგან თითქმის დაბრმავებული ცხოველი შეიძლება თავს დაგესხას, დაგკაწროს და დაგკბინოს.
აკანკალებულმა ქალმა ხელი ასწია, რომ მხარზე შეხებოდა ქმარს, რომელიც მისკენ ზურგშექცეული იწვა. ქალს მხოლოდ ის შეეძლო, რომ წარმოედგინა კაცის სახე, ჩასისხლიანებული თვალები, ტანჯვისგან დაღრეცილი პირი. მღელვარებას და შიშს გრძნობდა, თითქოს უფსკრულში გადავარდნას აპირებდა. გაახსენდა პასკალის აფორიზმი: ჩვენ დაუფიქრებლად მივქრივართ უფსკრულისკენ და ვცდილობთ თვალი ავარიდოთ მას.
„საყვარელო! გაიღვიძე, გთხოვ!“
მხარში ხელი ჩაავლო და შეაჯანჯღარა. ერთხელ, მეორედ.
ქმარმა გაიღვიძა და მყისვე დაიძაბა.
„ხომ კარგად ხარ?“
ქალს სურდა, რომ მის ხმაში მანუგეშებელი, დამამშვიდებელი ინტონაცია გაჟღერებულიყო.
„უსიამოვნო სიზმარი ნახე?“
მაგრამ გაღიზიანებული კაცი უარყოფდა. „თავი დამანებე, არ მეძინა. არ მეძინა“.
კაცი ძალზე გაგულისებული იყო და იჟინებდა, რომ უსიამოვნო სიზმარმა ის კი არ დააფრთხო, არამედ – ცოლი, რომელიც ძილში კვნესოდა და კბილებს აკრაჭუნებდა.
„მე ვკვნესოდი? მე?“, გაიკვირვა ქალმა, მაგრამ გადაწყვიტა, არ შეჰკამათებოდა ქმარს, რომელიც თავისას იჟინებდა, ისე, როგორც იქცევიან ხოლმე ბავშვები მათთვის უცხო და დამაბნეველ ვითარებაში.
„მაპატიე. ვერ მივხვდი, რომ ეს მე ვიყავი“.
ქალს მხოლოდ უკან დახევა და თავის მართლებაღა დარჩენოდა (რადგან ყოველთვის შესაძლებელია, რომ თუკი უკან დავიხევთ, თუკი ბოდიშს მოვიხდით, თუკი საკუთარ სიმართლეს დავთმობთ, ის, ვინც ჩვენზე გაბრაზებულია, შეიძლება მოტყუვდეს და შეგვიბრალოს).
„შეშინებულია. შეიძლება, მე დამადანაშაულოს. ნურაფერს საყვედურობ“, უთხრა ქალმა თავის თავს. „ის, რაც ძილში აწამებდა, გაღვიძებისთანავე დაავიწყდა. მადლობა ღმერთს“.
რამდენიმე წუთის განმავლობაში ისინი გვერდიგვერდ მდუმარედ იწვნენ, ისე, რომ ერთმანეთს არ ეხებოდნენ. კაცი აღშფოთებისა და ზიზღისგან თრთოდა. არ შეეძლო, ეღიარებინა, რომ უსიამოვნო სიზმრები ტანჯავდა, თუმცა, ალბათ, უკვირდა, რატომ დასველებოდა საცვალი ოფლისგან.
შემდეგ კაცი მკვეთრი მოძრაობით წამოდგა. ისეთი უხეში, ისეთი ტლანქი იყო, როგორიც ცოლს მანამდე არასოდეს ენახა.
ჩვეულებრივ, ღამღამობით კაცი საპირფარეშოში ფეხაკრეფით მიდიოდა – ცოლისა ერიდებოდა. ახლა კი თითქოს ვერ ამჩნევდა ქალს, მძიმე ნაბიჯებით გაიარა ოთახი და სააბაზანოში რომ შევიდა, კარი არ მიუხურავს; სააბაზანოში ვენტილატორი ხმაურით ტრიალებდა, და იქიდან საძინებელში კაშკაშა შუქი იფრქვეოდა, ქმარი ხმაურით შარდავდა უნიტაზში, რაც თითქოს ძალზე დიდხანს გაგრძელდა. ქალმა კი ყურებზე ხელები აიფარა და გაიფიქრა: „დავავიწყდი! დაავიწყდა, რომ ცოცხალი ცოლი ჰყავს!“.
ქმარს სააბაზანოში შუქი არ ჩაუქრია. საძინებელში დაბრუნდა და საწოლზე დაეგდო, ისე, რომ ზამბარებმა პროტესტის ნიშნად დაიჭრიალეს. თითქმის მაშინვე დაიძინა. ხრიალით, ნელა სუნთქავდა.
ქალს ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს ალიყური გააწნეს.
სხვა გზა არ ჰქონდა, იმის გარდა, რომ ამდგარიყო და სააბაზანოში შუქი ჩაექრო (რის გამოც ხმაურიანი ვენტილატორიც ავტომატურად გაითიშა). ქმრის სიუხეშით შეურაცხყოფილი, ცდილობდა, საკუთარი თავი დაერწმუნებინა, რომ კაცი ძილ-ბურანში იმყოფებოდა და ამიტომ თავის ტლანქ ქცევაში ბრალი არ მიუძღოდა. ძილისგან რომ გამოფხიზლებულიყო, საკუთარი ქცევა გააოცებდა.
სააბაზანოში ქალმა კარი მიხურა. ვენტილატორს ცოტათი გაეწმინდა საძინებლის ჩახუთული ჰაერი და შიშის სუნი, ქმრის კანს რომ უდიოდა.
ძალა მოიკრიბა და ნიჟარის თავზე დაკიდებულ სარკეში თავისი ანარეკლი შეათვალიერა. დაინახა ფერმკრთალი, დაძაბული, ნიღბის მსგავსი სახე ქალისა, რომელიც შიშობდა, რომ ქმარს აღარ უყვარდა, რაც ქალისთვის დიდ უბედურებას მოასწავებდა.
აკანკალებული ხელებით ცივი წყალი შეისხა სახეზე და შეამჩნია, რომ თვალის გუგები ისე ჰქონდა გაფართოებული, როგორც ველურ ნადირს.
შემდეგ ნიჟარაში მუქი რგოლი დაინახა, თითქოს მასში რაღაც ცხიმოვანი ჩაესხათ. ქაფის ოდნავი სუნიც იგრძნობოდა.
შემდეგ სააბაზანოს იატაკზე, კუთხეში, დაინახა ლაქებიანი შავი არსება, ლოქორას მსგავსი, დაახლოებით სამი დუიმის სიგრძისა, პაწაწინა მოწითალო-მოყავისფრო თვალებით; როდესაც მისკენ დაიხარა, ეს არსება ნიჟარის მილის ქვეშ შეძვრა და გაუჩინარდა.
ფეხშიშველი ქალი უკან გადახტა და კივილის ხმა შეიკავა.
გაახსენდა, როგორ ათვალიერებდა წიგნებს ქმრის კაბინეტში, ძველი სამედიცინო ტექსტებით გაჭედილ კარადაში. ისეთი ძველი წიგნები იყო, რომ ფურცლები შეხებისას მტვრად იქცეოდა ხოლმე. ეს იყო ადრეული მედიცინის, სისხლის გამოშვების, ტრეპანაციის ისტორიები, იმ ამაზრზენი პროცედურების ამსახველი ილუსტრაციებით, რომლებსაც დიდი ხანია, აღარ იყენებენ სამედიცინო პრაქტიკაში…
უცნაურია, რატომ გაახსენდა ახლა ეს ძველი წიგნები. ძალზე დაღლილი იყო და მკაფიოდ ვეღარ აზროვნებდა.
ღამის სამი საათი სრულდებოდა. უნდა დაეძინა!
ქალი მხვრინავი ქმრის გვერდით კი არ დაწვა, არამედ სხვა საძინებელ ოთახს მიაშურა, სადაც უფრო მომცრო საწოლი იდგა. აქ ამ უცხო ოთახში, სადაც არაფერი აშინებდა და თავს ლაღად გრძნობდა, მშვიდად დაიძინებდა.
ამ ოთახში, რომელიც მთავარ საძინებელ ოთახზე ორჯერ უფრო პატარა იყო, ქმრის ქალიშვილი ცხოვრობდა მრავალი წლის წინ.
ქალს ჩასთვლიმა და დაესიზმრა, თითქოს აქაფებულ მდინარეში გადადიოდა ქვიდან ქვაზე, რომლებიც მის ფეხებქვეშ ირყეოდნენ; მათ ქვეშ, წყალში, მილიარდობით პაწაწინა მუქი ლოქორებისმაგვარი არსებები ელოდებოდნენ, როდის დაუცდებოდა ქალს შიშველი ფეხები ქვებზე.
დროულად გაეღვიძა, რომ უჩუმრად დაბრუნებულიყო ქმართან და დაწოლილიყო, სანამ ქმარს ეძინა. უდიდეს შვებას გრძნობდა იმის გამო, რომ დაბრუნდა, ქმარს კი არაფერი შეუმჩნევია.
იცოდა, რომ კაცი შეწუხდებოდა, თუკი მიხვდებოდა, რომ ქალმა სხვა ოთახში გაატარა ღამე ქმრის წინაშე შიშის, მისდამი ზიზღის გამო.
ქალმა იეშმაკა და ქმარს ზურგზე მიეხუტა, ისე, როგორც ეხუტები ხოლმე დამცავ კედელს.
გათენდა. ჟალუზიში მზის თბილმა სხივებმა შემოაღწია.
ქალს გაუკვირდა, რომ ასე ძალდაუტანებლად დაეძინა ქმრის გვერდით. დაეძინა! და ეს იყო ყველაზე უფრო მშვიდი ძილი მის ცხოვრებაში.
ახლა მას ღვიძავს. საწოლში მარტოა. ქმარი სააბაზანოში ბანაობს და ღიღინებს. წყლის ხმა ქალს კი არ აღიზიანებს, არამედ ამშვიდებს. ცოლისადმი რიდის გამო ქმარმა სააბაზანოს კარი მჭიდროდ მიხურა.
რასაკვირველია, ქალს ასეთი ქმარი უყვარდა. ღრმად. ჭეშმარიტად.
მას შემდეგ, რაც ქმარი მთელი დღით წავიდა, ქალმა ქვეშაგები გამოცვალა. გააღო ფანჯარა და ჩახუთული ოთახი გაანიავა.
სანამ ქმარი წავიდოდა, ცოლმა, ჩვეულებისამებრ, სახლის უკანა პარმაღზე, „თაიმსის“ ახალი ნომერი მიუტანა. „გმადლობ, საყვარელო!“, ღიმილით უთხრა კაცმა.
ისე უთხრა, თითქოს ღამით არაფერი უჩვეულო არ მომხდარა, რაც მათ ერთმანეთისადმი მტრულად განაწყობდა.
თითქოს ქმარს არ სურდა ცოლის მოკვლა, ხოლო ცოლი თავის გადარჩენაზე არ ფიქრობდა.
რადგან, თუკი ქმარს შეეძლო, ესოდენ იოლად დაევიწყებინა ყველაფერი, ცოლმაც გადაწყვიტა, ყოველივე დაევიწყებინა.
მიუხედავად ამისა, იმ საღამოს, ვახშმობისას, ქალმა თითქოს უნებურად, უთხრა ქმარს: „მგონი, ბოლო ხანებში უსიამოვნო სიზმრებს ხედავ“. უნდოდა, თანაგრძნობა გამოეხატა და არა საყვედური.
ქმარი მოიღუშა და მკაცრი კილოთი უპასუხა: „მე ვხედავ? არა მგონია“.
„არაფერი გახსოვს?“
„რა უნდა მახსოვდეს?“
„უსიამოვნო სიზმარი, რომელიც წუხელ ნახე…“
„უსიამოვნო სიზმარი? ბავშვი ხომ არ ვარ, რომ „უსიამოვნო სიზმრებს“ ვხედავდე?“
ქმარმა მოთმინებით გაუღიმა ცოლს, თითქოს დაცინვით.
ქალმა საპასუხოდ უნდილად გაუღიმა. არ იცოდა, რა ეთქვა. არ იცოდა, რატომ ალაპარაკდა ამ თემაზე, თუმცა გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ღამეული ამბები არ ეხსენებინა.
ქალს თითქოს ხმა ჩაუწყდა. რატომ ალაპარაკდა ამ თემაზე…
ქმარი ირონიულად უმზერდა, ისე, როგორც უყურებს ხოლმე მშობელი ბავშვს, რომელიც დაეჯახა რაღაც საგანს, თუმცა შეეძლო ამისთვის თავი აერიდებინა, თუკი უფრო დაკვირვებულად მოიქცეოდა.
„გისმენ, საყვარელო“.
„თუკი რამე გაწუხებს, შეგიძლია დამელაპარაკო ამაზე“.
„დაგელაპარაკო?“
„მე ხომ შენი ცოლი ვარ“.
ქალს უეცრად შეეშინდა.
(მართლაც ამ კაცის ცოლი იყო? ეს როგორ მოხდა?)
ქალს თავში ათასგვარი აზრები უტრიალებდა. მხოლოდ ის უნდოდა, რომ თანაგრძნობა გამოეხატა ქმრისთვის, დაერწმუნებინა, რომ რაც უნდა მომხდარიყო, ყოველთვის მის მხარეს იქნებოდა.
ქალმა კიდევ ერთხელ სცადა. ალერსიანი ხმით, რომელშიც საყვედურის ნატამალიც კი არ იგრძნობოდა, ეთქვა: „ბოლო დროს, მგონი, მოუსვენრად გძინავს. გაგეღვიძა და…“
„რამდენადაც მახსოვს, შენ გამაღვიძე. წუხელ“.
„უსიამოვნო სიზმრები გაწუხებდა.“
„უსიამოვნო სიზმრები შენ გაწუხებდა. და ორივეს გაგვეღვიძა“.
ქალი გაჩუმდა. მოეჩვენა, თითქოს მის თავზე დიდი მწერები ზუზუნით დაფრინავდნენ. მაგრამ ეს მხოლოდ ქმარი იყო, რომელიც მოთმინებით უხსნიდა რაღაცას, თითქოს ქალი გონებაჩლუნგი სტუდენტი იყო.
„დაიმახსოვრე, საყვარელო: სიზმრები მხოლოდ და მხოლოდ სუბლიმირებული ნაკვალევებია. არისტოტელე ფიქრობდა, რომ სიზმრები დღისით განცდილი ამბების ფორმაშეცვლილი ფრაგმენტებია. პასკალის აზრით, ცხოვრება იგივე სიზმარია, ოღონდ ნაკლებად ცვალებადი. ფროიდი თვლიდა, რომ სიზმრები „სურვილთა ასრულებაა“ – რაც საერთოდ უაზრობაა, თუკი ამ დებულებას საგულდაგულოდ განვიხილავთ. მაგრამ ყველანი ფიქრობდნენ, რომ სიზმრები არამატერიალური ბუნების – და ამიტომ უმნიშვნელო – მოვლენებია. სასაცილოა, რომ მათ გაშიფვრას ცდილობ.
ქალს უნდოდა შეჰპასუხებოდა, რომ თავის სიზმრებზე კი არა, ქმრის სიზმრებზე ლაპარაკობდა.
უსიამოვნო სიზმრები, რომელთაც ადამიანები ღამით ხედავენ, უმნიშვნელო სულაც არაა.
მაგრამ მიხვდა, რომ ქმრისთვის ეს საშიში თემა იყო და ხმა ჩაიკმინდა.
სპორტსმენის მსგავსად, რომელიც მხოლოდ სათამაშო მოედანზე იწვრთნება, ქალი უნდა გაიწვრთნას იმაში, რომ ქმარს ყველაზე უფრო იდუმალ განწყობილებებს მიუხვდეს. უნდა გაიწვრთნას იმაში, რომ წინასწარ განჭვრიტოს ქმრის უსიამოვნო სიზმრები, სანამ ის – ქმარი – მათი გავლენის ქვეშ მოექცევა. უნდა ისწავლოს საკუთარი სიცოცხლის დაცვა.
მალე აღმოაჩინა, რომ პირველ (გარდაცვლილ) ცოლს არავითარი ცხოვრებისეული ისტორია არ ჰქონდა. ქსელებში მის შესახებ არავითარი ინფორმაცია არ მოიპოვებოდა. არავითარი ნეკროლოგი არ იყო. ყოველთვის, როდესაც ყოფილი ცოლის სახელი შეჰყავდა კომპიუტერში, ერთი და იგივე შეტყობინებას იღებდა: „აღარ ირიცხება“.
მაგრამ როგორ შეიძლებოდა, რომ ქმრის ყოფილ ცოლს ისტორია არ ჰქონოდა?
როდესაც ცდილობდა, რაიმე შეეტყო მის შესახებ, ყველა იმრიზებოდა.
ელვირა, რომელიც ყოველ პარასკევს სახლს ალაგებდა, ისევე, როგორც გასული ოცდახუთი წლის განმავლობაში, ნერვიულად იცინოდა, როდესაც ქალი თავისი ქმრის ყოფილი ცოლის შესახებ კითხვებს უსვამდა („განქორწინების შემდეგ ხვდებოდით იმ ქალს? რა დაავადებით გარდაიცვალა? განქორწინებიდან რამდენ ხანში გარდაიცვალა“?), უკან-უკან იხევდა და თან მტვერსასრუტს მიათრევდა. “Lo siento, no entiendo!”.
(რაც, რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეესაბამებოდა. რადგან ქალს არაერთხელ გაეგონა, როგორ ელაპარაკებოდა ელვირა მის ქმარს ინგლისურად. მხოლოდ მას ელაპარაკებოდა ნახევრად ინგლისურად, ნახევრად კი – ესპანურად, რაც ააშკარავებდა, რომ საუბარი არ სურდა). სუპერმარკეტში ქალი ერთხელ შემთხვევით წააწყდა ქმრის მეგობარს, ალექსანდრას, რომელიც თავდაპირველად საკმარისად თავაზიანი იყო, მაგრამ მეტისმეტად თავდაჭერილი გახდა მაშინვე, როდესაც ქალმა გადაკვრით მიანიშნა თავისი ქმრის ყოფილ ცოლზე. „მაპატიეთ, მეჩქარება. სხვა დროს ვილაპარაკოთ!“ – და სწრაფად გააგორა პროდუქტებით დატვირთული ურიკა, სანამ მისი უხეში კილოთი გაოგნებული ქალი თვალს აყოლებდა.
ქალი მხოლოდ ერთხელ შეხვდა ქმრის შვილებს, რომლებიც (ფორმალურად) მისი გერები იყვნენ. იგი დააბნია ზრდასრული გერების ყოლამ, რომელთაც თითქმის არ იცნობდა. ვერ გაბედა, თვით ქმრის ორმოცდახუთი წლის ქალიშვილისთვისაც კი (რომელთანაც თითქოს ერთგვარი სიმპათია აკავშირებდა) ეკითხა (ყოფილი) ცოლის შესახებ, რადგან შიშობდა, რომ გერის ცივ მზერას წააწყდებოდა. არ გრცხვენია? ვინ ხარ? თავიდან მომწყდი. ჩვენ არასოდეს გვეყვარები.
შესაძლოა, მათი საუბრის შესახებ ქალიშვილს მამამისისთვის ეთქვა და შესაძლოა, ქმარი გაღიზიანებულიყო.
რატომ უსვამ ჩემს ქალიშვილს ამგვარ კითხვებს? ვინ ხარ, რომ ამგვარი კითხვები დასვა?
ქორწინების პირველივე დღეებში ქმარმა ნათლად აგრძნობინა ცოლს, რომ მისი წარსული ბედნიერი არ იყო, არ იყო „იღბლიანი“ ან „ნაყოფიერი. ამიტომაც თავგამოდებით მუშაობდა და „გარკვეულ წარმატებას“ მიაღწია. და ამიტომაც იყო, რომ აწმყოს ანიჭებდა უპირატესობას. „ამიტომაც მიყვარხარ. შენ ჩემი მომავალი ხარ. ახალი ქორწინება ახალი კალენდრის დასაწყისია“.
ამ სიტყვებმა ქალი ააღელვა, სულის სიღრმემდე ააღელვა. სიყვარულისგან თავბრუ დაეხვა.
მალე ქალს უკვე დაავიწყდა თავისი ცხოვრების მოვლენები: სად – საუნივერსიტეტო ქალაქის რომელ რაიონში – ცხოვრობდნენ ის და მისი (პირველი) ქმარი; როდის გარდაიცვალა მისი (პირველი) ქმარი და სად გაიცნეს ერთმანეთი; სად იყო ახლა მისი ყოფილი სახლის ავეჯი, რომელიც შესანახად ჩააბარა, როდესაც (ახალი) ქმრის სახლში დაბინავდა. ექვსი ყუთი, ცოლის ყველაზე უფრო საყვარელი წიგნებით, (ახალი) ქმრის სახლის სარდაფში ინახებოდა, მაგრამ როდესაც ქალმა ამ ყუთების მოძებნა სცადა, ვერ იპოვა ისინი გადაყრილ ავეჯს, საყოფაცხოვრებო ტექნიკას, ძველ ტელევიზორებსა და მიკროტალღურ ღუმელებს შორის. როდესაც უცნობი სახლის სარდაფში დახეტიალობდა, კიბის მოძებნა გაუჭირდა და სული შეეხუთა.
ახალი ქორწინება ახალი კალენდრის დასაწყისია.
ეს რაღაა? ცხვირზე, ლოყებზე, იღლიების ნაზ კანზე, მკერდზე, მუცელზე, ბარძაყების შიდა მხარეზე ჩხვლეტა იგრძნო. ეს ქავილი და ჩხვლეტა უსიამოვნო იყო. ქალი შეეცადა, თავი გაეთავისუფლებინა ამ შეგრძნებებისგან, ხელით შეხებოდა ცხვირს, სადაც ჩხვლეტა ყველაზე უფრო მძაფრად იგრძნობოდა, მაგრამ არ შეეძლო, რადგან ხელები უგრძნობი ჰქონდა.
მიშველეთ! მიშველეთ!
ქალი ყვირის, ქვითინებს, მაგრამ ხმას ვერ გამოსცემს. პირს ფართოდ აღებს, „O“ ასოს ფორმით, ყბები უთრთის. ცდილობს შეარხიოს ხელები, მაგრამ ხელები გაშეშებია. სასოწარკვეთილი, თავს აქეთ-იქით იქნევს, რომ მოიშოროს სახიდან, ის, რაც ახლა კიდევ უფრო მტკივნეულად იკბინება. უეცრად იღვიძებს და ღრმა ძილს თავს აღწევს. მისი დატანჯული ტვინი გაფუჭებული მექანიზმივით რახრახებს..
„მიშველეთ! გთხოვთ!“
რაღაც არსებები კბენენ ცხვირზე, ლოყებზე და იღლიებზე.
ძალას იკრებს, დგება და სააბაზანოსკენ მიემართება. შუქს ანთებს და შეშინებული, ნიჟარის თავზე დაკიდებულ სარკეში ხედავს, რომ ცხვირზე რაღაც მისწებებია – მუქი, ცხიმიანი, წელვადი, ცოცხალი. ეს წურბელაა?
უამრავი წურბელა აზის სახეზე, ნიკაპზე, კისერზე. ქალი ყვირის და ფრჩხილებით იშორებს ცხვირზე მიწებებულ წურბელას, სისხლისგან რომ გაბერილა. წურბელა იატაკზე ეცემა და იკლაკნება. ქალს ცხვირი გასწითლებია იქ, სადაც წურბელამ პაწაწინა კბილები ჩაასო. ლოყებზე წითელი წვეთები აჩნევია. შიშისგან ლამის შეიშალოს და ფრჩხილებით იკაწრავს იღლიებს და მკერდს. იატაკზე კიდევ უფრო მეტი წურბელა ეცემა და მათგან სისხლი ჟონავს. მისი სისხლი.
ქალს წურბლები არასოდეს უნახავს, მხოლოდ ფოტოსურათები იხილა მედიცინის ისტორიისადმი მიძღვნილ წიგნებში, ქმრის ბიბლიოთეკაში. მაგრამ ცნობს ამ სისხლისმწოველ ლოქორებს. გაოგნებულია, ხვნეშის, ჰაერი არ ჰყოფნის. ეშინია, რომ გული შეუღონდება. ძვლები ურბილდება, სითხედ იქცევა და ქალი ეცემა იატაკზე, სადაც ათობით წურბელა იკლაკნება და ემზადება მასზე თავდასხმისთვის.
იმავე წუთს შუქი ოთახში უფრო კაშკაშა ხდება.
შუქისგან თითქმის დაბრმავებულ ქალს ქმარი ეძახის. აჯანჯღარებს. უმეორებს:„გაიღვიძე, საყვარელო! გაიღვიძე!“ – და ქალი იღვიძებს. სააბაზანოში კი არ იმყოფება, არამედ თავის საწოლში. ქმარმა იხსნა საზარელი სიზმრისგან.
შეწუხებული ქმარი ეკითხება ცოლს, რა დაგესიზმრაო. რამ შეაშინა? მაგრამ ქალს ლაპარაკი არ შეუძლია – ჯერ კიდევ სიზმრის ტყვეობაშია.
არავითარი სურვილი არა აქვს, უამბოს ქმარს წურბლების შესახებ, არავითარი სურვილი არა აქვს, წარმოთქვას ეს საშინელი სიტყვა – წურბელა.
ქმარი ეხვევა, ეალერსება და დატანჯული ქალი იძინებს.
არ მიმატოვო! შენ გარდა, ამქვეყნად არავინ მყავს.
ყოფილი ცოლი ისე ჩუმად ლაპარაკობს, რომ ახალ ცოლს ძლივს ესმის მისი ხმა. ქალი მარტოა სახლში, ჩაბნელებულ სარდაფში ეძებს თავის საყვარელ დაკარგულ წიგნებს და, ასევე, ყოფილი ცოლის (შესაძლო? სავარაუდო?) საფლავს.
საათობით დახეტიალობს სარდაფში, სანამ ქმარი შინ არ იმყოფება.
რამდენი შეკრული ყუთია! კუთხეში დაყრილი რამდენი ჩაკეტილი ჩემოდანია!
ახალი ცოლი იძულებულია აღიაროს, რომ თუკი ყოფილი ცოლის ნეშტი სადღაც აქ, ამ უზარმაზარ მიწისქვეშა მავზოლეუმშია დამალული, ის, ახალი ცოლი, მას ვერ იპოვის. ქმარმა ძალზე ოსტატურად წაშალა დანაშაულის ყოველგვარი ნიშან-წყალი.
ქმრის „მე“ დღისით – მისივე ღამეული „მეს“ იდეალური საფარია. ცოლის გარდა, ამას ვინ მიხვდება?
ახალი ცოლი, ასევე, ვარაუდობს, რომ ქმარმა, როგორც ჩანს, ნარკოტიკებით გააბრუა ყოფილი ცოლი. ასე რომ, როდესაც სახეზე ბუმბულის ბალიში დაადო, ცოლი ძალზე დასუსტებული იყო და წინააღმდეგობა ვერ გაუწია.
ძალზე დასუსტებული იყო და თავს ვერ იხსნიდა. და, რა თქმა უნდა, უფრო ღონიერ ქმარს ვერ მოერეოდა.
მოძებნე ქმრის საშინაო აფთიაქი, იქ ნახავ მრავალი წლის წინ გამოწერილ აბებს. მოძებნე ყველაზე ძლიერი ბარბიტურატები. წვრილად დაფხვენი ისინი. ეს ფხვნილი ქმრის კერძებში ჩაყარე ხოლმე. კარგი იქნება, თუ კერძებში ბევრი სანელებელი იქნება.
დაიცადე, სანამ ღრმად დაეძინება. არ იჩქარო. ბუმბულის ბალიში აიღე, სახეზე დაადე და ღონივრად დააწექი. როდესაც დააწვები, მხნეობა არ დაკარგო. არ შეიბრალო, თორემ გონს მოვა და მოგკლავს. მტერი უნდა დაასუსტო, რადგან თავდაცვა ბუნების ძირითადი კანონია.
მაგრამ მომდევნო ღამეების განმავლობაში ქალს არაფერი დასიზმრებია.
შემდეგ, ერთ ღამეს, ქალმა ნახევრად დახუჭული ქუთუთოებიდან დაინახა, როგორ უახლოვდებოდა ქმარი საწოლს, რომელშიც ახალ ცოლს ეძინა.
გვიანი ღამეა. უმთვარო ღამეა. მაგრამ ქალი ხედავს, როგორ ფეხაკრეფით უახლოვდება ქმარი (გაბრუებულ) ცოლს. როგორ იღიმება, იმის მოლოდინში, რაც ახლა უნდა ჩაიდინოს, მტაცებლის ღიმილით, რომელიც ქალს უწინ არასოდეს უნახავს; და როდესაც ქმარი რწმუნდება, რომ მისი (გაბრუებული) ცოლი არ გაიღვიძებს, კონტეინერიდან იღებს სამი დუიმის სიგრძის შავ წურბელას და ფრთხილად სვამს ცოლის ცხვირზე.
გახევებული, გაბრუებული ქალი თავს ვერ იცავს ქმრისგან, რომელიც სვამს წურბლებს ქალის იღლიებზე, ძუძუებს შორის, მუცელზე, საზარდულის უხეშ ბალანში. უკანასკნელ წურბელას ქმარი სვამს ცოლის მარჯვენა მუხლის უკანა მხარეს, სადაც ხორცი რბილი და მსუყეა. წურბლები დამშეულები არიან, ქალის კანს კბენენ და შიგ თავიანთ ნერწყვს ასხურებენ.
მტანჯველ სიჩუმეში ქალი ყვირის:„არა! მიშველე! მიშველე, გთხოვ!“
ქმარი ღონივრად აჯანჯღარებს ქალს.
სიბნელეში, რომელიც სრული წყვდიადი არაა, ქალი გაოცებით ხედავს, რომ გვერდით მწოლიარე ფიგურა მისკენ იხრება. ქმარი უყვავებს, ისე, როგორც უყვავებენ შეშინებულ ბავშვს, ეუბნება, რომ ყველაფერი ავი სიზმრის ბრალია, რომ ახლა გაიღვიძა. ახლა უსაფრთხოდაა.
სად ვარ? საწოლში? ვის საწოლში?
შიშველ ტანზე ღამის პერანგი აცვია. ბამბის ქსოვილის თხელი, ოფლით გაჟღენთილი პერანგი, თეძოებამდე რომ აჩაჩულა.
ქალი სწრაფად იფათურებს ხელებს ცხვირზე, ლოყებზე, ნიკაპზე, მკერდზე, მუცელზე. ყველგან მხოლოდ გლუვი კანია.
ამ საწოლში, ამ ოთახში საკუთარ თავს ვერ ცნობს. შემდეგ ახსენდება: ის გათხოვილია (კიდევ ერთხელ).
ერთ-ერთი მათგანი ნათურას ანთებს. თითოეული ხედავს, რომ მეორის სახეს სიბნელეში შარავანდედი აცისკროვნებს.
The New Yorker
15 აპრილი, 2024
© არილი