რაინერ სტახის „კაფკა: ადრეული წლები“
ინგლისურიდან თარგმნა თამარ ლომიძემ
რაინერ სტახს უჩვეულო ეპიგრაფების ხმარება სჩვევია. მისი წიგნის – „კაფკა: ადრეული წლები“ – ცალკეულ თავებს წინ უძღვის აფორისტული ფრაზები, რომელთა წყაროები დასახელებული არაა. მაგალითად, პირველი ნაწილის ეპიგრაფია ციტატა 1980-იანი წლების ამერიკული როკ-ჯგუფის, „დევოს“ სიმღერის ტექსტიდან: „გგონიათ, ყველაფერი უკვე იცით? / ასე არაა. ახლა კიდევ უფრო მეტს შეიტყობთ“. ამ ფრაზით სტახი მიგვანიშნებს, რომ სამტომეულის (რომლის მეორე და მესამე ტომები უკვე გამოქვეყნებულია), პირველი ტომიდან შევიტყობთ კაფკას ბიოგრაფიის ახალ დეტალებს. სწორედ ამ ტომით მთავრდება თანამედროვე (და, შესაძლოა, ყველა დროის) ერთ-ერთი ყველაზე ვრცელი ლიტერატურული ბიოგრაფია.
მიზეზი, რომლის გამოც პირველი ტომის გამოცემა დაგვიანდა, განმარტებულია ამ სამტომეულის შესანიშნავი მთარგმნელის, შელი ფრიჩის წინათქმაში:
„ტომების პუბლიკაციის თანმიმდევრობა, რომელიც, ერთი შეხედვით, შეუსაბამოა – კაფკას სამყაროსავით შეუსაბამო და აბსურდული – განაპირობა იმან, რომ ისრაელის სასამართლომ წლების განმავლობაში ვერ გადაწყვიტა მაქს ბროდის ლიტერატურული არქივის ბედი. ამ ხნის განმავლობაში მკვლევართათვის მიუწვდომელი იყო მასალები, რომელთა დიდი ნაწილი უშუალოდ მიემართებოდა კაფკას ადრეული ლიტერატურული მოღვაწეობის პერიოდს“.
გასული წლის აგვისტოში, ისრაელის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბროდის არქივი იერუსალიმის ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაეცა. ფრიჩის თქმით, სტახს „საშუალება მიეცა, გაცნობოდა ბროდის დღიურების სამ ტომს, რომლებიც მოიცავს 1909 – 1911 წლებს“. რა თქმა უნდა, სტახმა ფართოდ გამოიყენა დღიურები, – იმდენად ფართოდ, რომ წიგნი შეიძლება მაქს ბროდისა და ფრანც კაფკას ერთობლივ ბიოგრაფიად მივიჩნიოთ.
ამასთან, ზოგიერთი რამ გაოცებას იწვევს. სტახის წიგნი გერმანულ ენაზე თავდაპირველად 2013 წელს გამოქვეყნდა. საკითხავია, როგორ შეძლო მან ესოდენ მნიშვნელოვანი მასალების მოპოვება ბროდის არქივიდან, თუ გავითვალისწინებთ, რომ სასამართლომ მხოლოდ 2016 წელს მიიღო გადაწყვეტილება არქივთან დაკავშირებით? შესაძლოა, სტახი მომავალი გამოცემის დანართში განმარტავს, როგორ მოიპოვა საჭირო მასალები. მთელი ეს ისტორია ჰენრი ჯეიმსის „ასპერნის წერილებს“ წააგავს. ვიმედოვნებ, სტახს არასოდეს ეტყვიან, საზიზღარო მჯღაბნელოო, ისე, როგორც ჯეიმსის ნაწარმოების უიღბლო მთხრობელს მოექცნენ.
ფრიჩის შენიშვნით, ბროდის არქივის „საგას“ კაფკასეულ სამყაროსთან საერთო არაფერი აქვს; მართალია, კაფკას შემოქმედებაში შემთხვევითობებს არსებითი როლი უჭირავს, მაგრამ მის ცხოვრებაში თავს იჩენს ისეთი ასპექტები, რომლებსაც შემთხვევითობას ვერ მივაწერთ. მაგალითად, განა გასაკვირი არაა, რომ იმ მწერლის გვარი, რომლის მრავალი ნაწარმოების პროტაგონისტები ან ნარატორები ცხოველები არიან – აქ, უპირველეს ყოვლისა, გვახსენდება „მეტამორფოზა“ – როგორც ჩანს, ფრინველის სახელწოდებისგან მომდინარეობს: ჩეხური სიტყვა „კავკა“ ჭკას ნიშნავს. გარდა ამისა, კაფკას დედის გვარი, ლევი, სტახის თქმით, „ოდესღაც აღნიშნავდა ბორეასს – ჩრდილოეთის ქარის ღვთაებას, როგორც, მოგვიანებით, ბორხესისა“. საინტერესოა, იცოდა თუ არა დიდებულმა არგენტინელმა მეიგავემ თავის ჩეხ წინაპართან ამ შორეული კავშირის შესახებ. კაფკას სამყაროში ხომ ყველაფერი უჩვეულოა.
კაფკას ცხოვრების შესახებ თხრობას სტახი იწყებს ერთგვარი მეტეოროლოგიური მოგონებით ერთი დღის, კერძოდ კი, 1883 წლის 3 ივლისის შესახებ. „ზაფხულის იმ მზიან, სასიამოვნო დღეს ძველი პრაღის ვიწრო ქუჩებში მსუბუქი ნიავი დაქროდა“. როდესაც – ოცი წლის წინ – სტახმა პირველად დააპირა ამ ბიოგრაფიის დაწერა, მან მიზნად დაისახა კაფკას სულიერი პორტრეტის დახატვა. ამ მიზნის განსახორციელებლად სტახს მკითხველი გადაჰყავს (შეძლებისდაგვარად) კაფკას სამყაროსა და ეპოქაში. აი, როგორ აღწერს ის კაფკას დაბადების დღესა და ადგილს:
„ეს იყო სამშაბათი. სამშაბათობით კი მოედნებზე სამხედრო ორკესტრების კონცერტები იმართებოდა ხოლმე. ნაშუადღევის ოთხ საათზე ზოფინინზელზე აჩოჩქოლდნენ ტურისტები, სტუდენტები და პენსიონრები, რომლებიც ბაღში ლუდს შეექცეოდნენ. მაგრამ სამუშაო დღე ჯერ კიდევ არ დამთავრებულიყო. ამიტომ ხელოსნებსა და ნოქრებს რამდენიმე საათი კიდევ უნდა დაეცადათ, რათა მზის ჩასვლის შემდეგ მოზეიმეთა რიგებს შეერთებოდნენ“.
ასე შეიძლებოდა დაწყებულიყო თომას მანის ან რობერტ მუზილის რომელიმე რომანი. მაგრამ სტახი არანაკლებ შთამბეჭდავად მოგვითხრობს კაფკას შესახებ. მისი სამტომეული ისეთივე დაძაბული ინტერესით იკითხება, როგორც ნებისმიერი რიგიანი რომანი.
„ბიოგრაფია ნებისმიერი მწერლისა, რომელიც ჩეხეთის დედაქალაქში დაიბადა და გაიზარდა, – წერს სტახი, – გაუგებარი იქნება ამ ქალაქისა და მისი შემოგარენის ისტორიაში გარკვევის გარეშე“. ამიტომ ის აღწერს პრაღის ისტორიას, და, წარმოიდგინეთ, თეთრ მთასთან (პრაღის მახლობლად) გამართულ ბრძოლასაც კი (1620 წლის ნოემბერში), როდესაც პროტესტანტი ჩეხების ჯარები კათოლიკე ჰაბსბურგების არმიამ დაამარცხა. ბრძოლა – რომელშიც ახალგაზრდა რენე დეკარტი მონაწილეობდა – ორ საათზე მეტხანს არ გაგრძელებულა. ჰაბსბურგთა გამარჯვებას აღტაცებით შეხვდა მთელი კათოლიკური ევროპა. ამის შემდეგ დაიწყო პერიოდი, რომელსაც ჩეხები „ბნელს“ უწოდებდნენ და რომელიც სამი საუკუნის განმავლობაში გაგრძელდა.
მომდევნო წელს ოცდაშვიდი მეამბოხე პროტესტანტი, მათ შორის – პრაღის უნივერსიტეტის რექტორი იან ესენიუსი – ჰაბსბურგთა ულმობლობის დემონსტრირების მიზნით სტარე მესტოს მოედანზე სიკვდილით დასაჯეს. პრაღელებს ახლაც ვერ დაუვიწყებიათ თეთრი მთის ტრაგედია; სტახის თქმით, „ამ ქალაქის ზოგიერთ ადგილას წარსული და აწმყო, სიკვდილი და სიცოცხლე მჭიდროდაა გადაჯაჭვული ერთმანეთთან და ძველისძველი აჩრდილები თავზარს სცემენ პრაღელებს“.
კაფკა დაიბადა 1883 წელს, როდესაც ჰაბსბურგებს ძალაუფლება ჯერ კიდევ ხელთ ეპყრათ. თვით პრაღის ჰაერიც კი ოდინდელი დამცირებისა და ახლანდელი თვითკმაყოფილების ნაზავით იყო გამსჭვალული. კაფკას დამოკიდებულება მშობლიური ქალაქისადმი ამბივალენტური გახლდათ. ის ყოველთვის წუწუნებდა იმის გამო, რომ იძულებული იყო, ამ ქალაქში ეცხოვრა. მაგრამ სხვაგან ცხოვრება არ შეეძლო. „პრაღა არსად გამიშვებს, – ამბობდა ის, – მას ბასრი ბრჭყალები აქვს“. ავსტრიის უღლის ქვეშ მყოფი ჩეხები თავს მსხვერპლად მიიჩნევდნენ, მაგრამ კაფკას უკმაყოფილებისთვის დამატებითი საბაბი ჰქონდა – ის ცენტრალურევროპელი ებრაელი იყო, თუმცა კი ებრაელებთან სულიერ და ფიზიკურ ნათესაობას არ გრძნობდა. მისი მშობლების წინაპრები პრაღელები არ იყვნენ; მწერლის მამა, ჰერმან კაფკა, დაიბადა სამხრეთ ჩეხეთში, სტრაკონიცეს მახლობელ სოფელში, ხოლო დედის წინაპართა რამდენიმე თაობა ცხოვრობდა პოდებრადიში – ელბაზე განლაგებულ ქალაქში, „ვეება ციხესიმაგრის ჩრდილში“; ისინი ექსცენტრიული და დეპრესიისკენ მიდრეკილი მეცნიერები იყვნენ“, – აღნიშნავს სტახი.
ჰერმან კაფკა და იულია ლევი 1882 წელს დაქორწინდნენ. მომდევნო ზაფხულს დაიბადა მათი ვაჟი, ფრანცი. ფრანც კაფკას ფოტოსურათებზე დაკვირვებისას – საოცარია, რამდენი ფოტოსურათი გადაიღო ამ უკიდურესად მოკრძალებულმა და თავმდაბალმა ადამიანმა – გვაკვირვებს მწერლის გარეგნული განსხვავება მისი მშობლებისგან. ჰერმან კაფკა ტანსრული, ბრტყელთავა, ფართოსახიანი და მსხვილკისერა კაცი იყო – ნამდვილი პოცო, ბეკეტის პიესიდან „გოდოს მოლოდინში“, ხოლო იულიას გარეგნობაში ყურადღებას იპყრობს ძალზე გრძელი ნიკაპი. როგორ გაუჩნდა ამ ცოლ-ქმარს ესოდენ დახვეწილი გარეგნობის მქონე, მაღალი და გამხდარი (თითქმის სიფრიფანა) ვაჟიშვილი? ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, თითქოს მან თვითონ შექმნა თავისი თავი. წარმოუდგენელია, რომ ვინმე შეიძლებოდა ჰგვანებოდა ფრანც კაფკას – და, (თუკი ფოტოსურათებს საიმედო მტკიცებულებებად მივიჩნევთ) მას არ ჰგავდა არც ერთი და (სამიდან). ზოგიერთ ფოტოსურათზე კი კაფკა საკუთარ თავსაც არ ჰგავს.
სტახი ღრმა თანაგრძნობითა და სიყვარულით აღწერს ფრანცის ბავშვობას. კაფკას მშობლებს ჰქონდათ საგალანტერეო მაღაზია პრაღის ცენტრში. აგრესიული და ცვალებადი ხასიათის მქონე ჰერმანი ხშირად ურისხდებოდა და უყვიროდა ხელქვეითებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ფრანცის დაბადების შემდგომ იულია კაფკას ეყოლა კიდევ ორი ვაჟი, რომელთაც დიდხანს არ უცოცხლიათ: თხუთმეტი თვის გეორგი წითელათი დაავადდა და გარდაიცვალა, ხოლო ჰაინრიხმა მხოლოდ ექვსი თვე იცოცხლა, შემდეგ კი მენინგიტისგან დაიღუპა.
ყოველივე ამის გამო ცოლ-ქმარი არა მარტო განუწყვეტლივ კინკლაობდა, არამედ დროებით სცილდებოდა კიდეც ერთმანეთს, ეს კი პატარა ფრანცს უნერგავდა ღრმა უნდობლობას როგორც ადამიანთა ურთიერთობების, ისე, ზოგადად, სამყაროს მიმართ, რომელშიც ნებისმიერი ახლობელი ან საყვარელი ადამიანი შეიძლებოდა წამიერად და სამუდამოდ გამქრალიყო.
ისეთი მგრძნობიარე ადამიანისთვის, როგორიც კაფკა იყო (ყოველ შემთხვევაში, ის ასეთად წარმოგვიდგენს თავს, თუმცა, სავსებით შესაძლებელია, ბოლომდე არ ვენდოთ მწერლის აღსარებებს) – ესკაპიზმი თავდაცვის ერთადერთი და სრულიად ბუნებრივი ხერხი გახლდათ. „თუკი ვირწმუნებთ კაფკასეულ მითოლოგიას, – წერს სტახი, – ის ცხოვრებას გაექცა და ლიტერატურას შეაფარა თავი“, მოწიფულობის ასაკში კი იმასაც აცხადებდა, ლიტერატურა ვარ და სხვა არაფერიო. ამასთან, სტახი ვარაუდობს უფრო საინტერესო შესაძლებლობას და კითხულობს“, „იქნებ, ლიტერატურა მისთვის ერთადერთი შესაძლო თავშესაფარი იყო?“ მაგრამ კაფკას ემოციური და შემოქმედებითი არსის ფსიქოლოგიური ანალიზისას სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ, რადგან თვით მწერალი სკეპტიკურად ეკიდებოდა ფროიდისტულ ფსიქოანალიზს: „ჩემი აზრით, ფსიქოანალიზის თერაპევტული ნაწილი სრულიად მცდარია“, ამბობდა ის. აქ უნდა გავიხსენოთ აფორიზმები, რომლებშიც კაფკა მისთვის უჩვეულო მგზნებარებით აცხადებდა: „ძირს ყოველგვარი ფსიქოლოგია!“
ბუნებრივია, პირველი ტომის უმეტესი ნაწილი ეძღვნება კაფკას ფორმალურ განათლებას. ხელოვანის მოწაფეობის წლები იშვიათად იწვევს ბიოგრაფთა ინტერესს და სტახის სამტომეული გამონაკლისი როდია. შესაძლოა, ამის მიზეზია ის, რომ ხელოვანის განათლება ნაწილია თვითმართვადი პროცესისა, რომელიც უმეტესწილად არ აისახება გამოცდების შედეგებში. მე-7 თავი, რომლის სათაურია: „კაფკა, ფრანც: სანიმუშო მოსწავლე“, ყველაზე უფრო უფერულია. კაფკა განუწყვეტლივ და ხარბად კითხულობდა – სწორედ კითხვის მეშვეობით ეუფლებიან მწერლები ლიტერატურული შემოქმედების საიდუმლოებებს – და თორმეტი თუ ცამეტი წლის ასაკში გადაწყვიტა, მწერალი გამხდარიყო.
სტახის თქმით, კაფკას „პირველივე ლიტერატურული თხზულებების მთავარი დამახასიათებელი თვისებაა გულგრილობა“. მწერალი წუხდა: „მთელი დღეების განმავლობაში მაწუხებდა ჩემი გულგრილი დამოკიდებულება იმის მიმართ, რის შესახებაც ვწერდი“. გაუგებარია, რატომ აკვირვებს ეს ბიოგრაფს; უპირველესი და ურთულესი ამოცანა, რომელიც უნდა გადაჭრა მწერალმა, ესაა ახალგაზრდული მგზნებარების ალაგმვა. კაფკა იმიტომაა დიადი, რომ იმთავითვე მნიშვნელოვნად გაემიჯნა თავის შემოქმედებას. შესანიშნავი მოთხრობა „განაჩენი“, რომელიც 1912 წელს ერთ ღამეში დაწერა და რომელსაც თავის პირველ დასრულებულ ნაწარმოებად მიიჩნევდა, „ნულოვანი ხარისხით“ გამოირჩევა (თუკი როლან ბარტის ტერმინს გამოვიყენებთ) და დაწერილია არაჩვეულებრივად მყარი და ობიექტური კილოთი, მიუხედავად ნაწარმოების ავტობიოგრაფიული თემისა – მასში ვაჟიშვილი დამცირებული და დაჯაბნილია მამის მიერ. და ეს განხორციელდა, წერს თვით ავტორი, „სხეულისა და სულის სრული ღიაობის“ გზით. მართალია, კაფკა ყოველთვის ასახავდა საკუთარ განცდებსა და აზრებს , მაგრამ არასოდეს ჰქონია ილუზია, რომ უშუალოდ გამოხატავდა საკუთარ თავს. ერთხელ ისიც კი თქვა, ხელოვანი ისაა, ვისაც სათქმელი არაფერი აქვსო. „კაფკა ყოველთვის მიიჩნევდა, რომ ერთადერთი ფასეული რამ იყო წერის პროცესი, – შენიშნავს სტახი, – მაგრამ არა – წერის შედეგი, რომელსაც ახლავს ხოლმე ბუნდოვანი წარმოდგენა შემოქმედებითი შთაგონების შესახებ“.
1920 წელს კაფკა თავის დღიურში წერდა იმ მომენტის შესახებ, როდესაც განიცადა ჭეშმარიტი შთაგონება და შემოქმედებითი მგზნებარება. ერთხელ, „მრავალი წლის წინ“, ის იჯდა ლაურენზიბერგის ფერდობზე“ – პრაღის ცენტრში განლაგებული ბორცვის ფერდობზე, რომელიც ნახსენებია მის „ერთი ბრძოლის აღწერაში“, და ფიქრობდა იმ სურვილებზე, რომელთა ახდენაზეც ოცნებობდა.
უმთავრესი ან ყველაზე სანუკვარი სურვილი მდგომარეობდა იმაში, რომ მიეღწია იმგვარი მსოფლაღქმისთვის (და, რა თქმა უნდა, სხვებიც დაერწმუნებინა ამაში), როდესაც ცხოვრება შეინარჩუნებდა თავის ბუნებრივ მრავალფეროვნებას, მაგრამ იმავე დროს განიცდებოდა, როგორც არარა, როგორც სიზმარი, როგორც ნელი სიოს ქროლა.
ეს აღიარება გვაგონებს იმ მომენტს ბეკეტის „კრეპის უკანასკნელ ლენტში“, როდესაც კრეპი ხვდება, რომ თავის შემოქმედებაში, შუქთან ერთად, სიბნელე უნდა შეეტანა, – და ეს შესანიშნავად გამოხატა სტახმა: „ყოფიერებისა და არარას გაერთიანებამ ერთსა და იმავე წამს და ერთსა და იმავე საგანში ან ერთსა და იმავე წინადადებაში გააოგნა კაფკა. მან ეს სინთეზი უზენაესი სისრულის გამოვლინებად მიიჩნია, რომლის გამოც ღირს ცხოვრება. და ღირს შემოქმედებითი მუშაობა.
„ადრეულ წლებში“ კაფკას მოწაფეობისა და სტუდენტობის წლების შესახებ საუბრის შემდეგ ვხედავთ მას, როგორც “სადაზღვევო კომპანიის მოხელის მრისხანე თანაშემწეს“. კაფკას სძულდა თავისი სამსახური, მაგრამ ისე ებღაუჭებოდა თავის მაგიდას, თითქოს ეს მედუზას ტივი იყო. სამსახურში ყოველთვის საშინელ იმედგაცრუებას განიცდიდა, მაგრამ იქაც კი ამჩნევდა თავისი მდგომარეობის კომიკურ მხარეს:
„იმდენი საქმე მაქვს! … ადამიანები ხარაჩოებიდან ისე ცვივიან, თითქოს მთვრალები იყვნენ, და სხვადასხვაგვარ მექანიზმებზე ეცემიან; მათ საფრთხეს უქმნიან ხის არამყარი კოჭები, ფხვიერი მიწაყრილები , მოლიპული საფეხურები; ყველაფერი, რის აწევაც სურთ, ხელიდან უვარდებათ, ხოლო როდესაც რაიმეს ჩამოტანას ლამობენ, თვითონ ეცემიან ძირს. როდესაც მახსენდება ფაიფურის ფაბრიკებში მომუშავე გოგონები, რომლებიც განუწყვეტლივ ეცემიან კიბეებიდან და უამრავ ჭურჭელს ამსხვრევენ, მყისვე თავი მტკივდება ხოლმე“.
კაფკას ურთიერთობით მის მეგობართან, მწერალ მაქს ბროდთან, არაერთი ავტორი დაინტერესებულა. 1930-იანი წლების ბოლოს ვალტერ ბენიამინმა გააკრიტიკა კაფკას ბროდისეული ბიოგრაფია, განსაკუთრებით კი – ბროდის მიერ კაფკას შემოქმედების მცდარი (ბენიამინის აზრით) რელიგიური ინტერპრეტაცია. კაფკას დამოკიდებულებას გულთბილი, მაგრამ, არსებითად, საშუალო ნიჭის მქონე ბროდის მიმართ სტახი მიიჩნევს უფრო ძლიერ და, შესაძლოა, ცხოვრებისა და ყოფიერების შესახებ უფრო მარტივი წარმოდგენის მქონე ადამიანთან დაახლოებისაკენ ბუნებრივ სწრაფვად. კაფკას იზიდავდნენ აქტიური პიროვნებები, რომელთა ბობოქარ ცხოვრებისეულ ძალასაც შეეძლო ზიარებოდა, ისე, რომ არ დაქვემდებარებოდა მათ.
კაფკა ფიქრობდა, რომ მას შეეძლო ეცხოვრა მარტოოდენ სხვა ადამიანების ცხოვრებით, განურჩევლად იმისა, ეს ბროდი იქნებოდა თუ ნებისმიერი სხვა პიროვნება. მაგრამ ძნელად წარმოსადგენია უფრო განსხვავებული ადამიანები. ბროდი, რომელიც კაფკაზე ერთი წლით უმცროსი გახლდათ, საშუალო კლასის ებრაელთა წრეს მიეკუთვნებოდა – მამამისი შეძლებული ბანკირი იყო. აქედან გამომდინარე, ბროდს უძნელდებოდა წვრილი მოვაჭრის შვილის, კაფკას განცდების გაზიარება. ის იმასაც კი ცდილობდა, რომ გაებათილებინა ფრანცის „მცდარი“ წარმოდგენა იმის შესახებ, რომ ჰერმან კაფკა თრგუნავდა შვილის თავისუფალ ნებას. „ჩვენ კარგად ვიცით, რით დამთავრდა ეს მცდელობა“, – გესლიანად შენიშნავს სტახი.
კაფკასადმი ბროდის დამოკიდებულებაში საეჭვო ასპექტიც ვლინდება; სტახის შენიშვნით, ბროდი „საკუთარი მიზნების მისაღწევად ათასგვარ ხერხს მიმართავდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ მან კაფკას დღიურებში ცვლილებებიც კი შეიტანა“. სტახი ცდილობს, მიუკერძოებელი იყოს და დათრგუნოს თავისი ანტიპათია ბროდის მიმართ – უსამართლობა იქნებოდა, ამის მიზეზად მივიჩნიოთ სტახის გაღიზიანება იმის გამო, რომ მისთვის დიდი ხნის განმავლობაში მიუწვდომელი იყო ბროდის არქივი. ის ძალზე ობიექტურია, და აკვირვებს არა ის, რომ გენიალური კაფკა შემწყნარებლურად ეკიდებოდა უნიჭო ბროდს, არამედ ის, თუ როგორ უძლებდა თვით ბროდი კაფკას უწყვეტ სულიერ მღელვარებას მისი შემოქმედების, ჯანმრთელობის, სატრფიალო გატაცებების გამო. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ხომ სწორედ ბროდს უნდა ვუმადლოდეთ კაფკას თხზულებების გადარჩენას, რადგან მან არ შეასრულა კაფკას თხოვნა – დაეწვა მისი ნაწარმოებები მისივე სიკვდილის შემდეგ. შეიძლება ვაპატიოთ ბროდს, რომ მან დაისაკუთრა კაფკას არქივი და შეეცადა გაეყალბებინა ზოგიერთი ფაქტი. სამაგიეროდ, ბროდმა შთამომავლობას დაუტოვა ფასდაუდებელი ლიტერატურული განძი.
უეჭველია, რომ კაფკას უყვარდა ბროდი. სტახი კომიკურად და მიმზიდველად მოგვითხრობს შვებულების შესახებ, რომელიც ბროდმა და კაფკამ 1911 წელს ერთად გაატარეს:
„ვიჩქაროთ, – თქვა კაფკამ, როდესაც ისინი სასტუმროში შევიდნენ, – პარიზამდე მგზავრობას ხუთი დღე სჭირდება. პირი დავიბანოთ, მოვწესრიგდეთ და გზას გავუდგეთ“.
ბროდი თავის ოთახში შევარდა, ბარგი ჩაალაგა და რამდენიმე წუთში დაბრუნდა. მისმა მეგობარმა კი, პირიქით, „ბარგი ჩემოდნიდან ამოალაგა და ოთახიდან არ გასულა, სანამ ყველაფერს თავისი ადგილი არ მიუჩინა“, შემდეგ კი ჰკითხა ბროდს, რით ხარ უკმაყოფილოო.
საფრანგეთისკენ მიმავალმა მეგობრებმა რამდენიმე დღე დაჰყვეს ლაგო-მაჯორეს ნაპირებზე და ცურვით გული იჯერეს. იმდენად დაღლილები იყვნენ სიცხისა და მგზავრობისგან, რომ „ხელიხელგადახვეულნი დიდხანს იდგნენ წყალში“, წერს სტახი, შემდეგ კი დასძენს: „და საკმაოდ უჩვეულოდ გამოიყურებოდნენ განსხვავებული სიმაღლის გამო“.
სტახმა მოიფიქრა პირველი ტომის შესანიშნავი ფინალი, რომლითაც მთავრდება, აგრეთვე, კაფკას სამტომიანი ბიოგრაფია. ეს ფინალი თითქმის მოცარტისეული სილაღითა და სილამაზით გვაოცებს. აქ აღწერილია სანატორიუმი ციურიხის ტბის მახლობლად, სადაც კაფკა ისვენებდა პარიზში ბროდთან ერთად ფათერაკებიანი მოგზაურობის შემდგომ. ბოლო ორი გვერდი იმდენად წარმტაცი, იმდენად მომხიბვლელია, რომ ვრცელ პარაფრაზირებას ვერ შევძლებთ – ამით დაირღვევა კომიზმის, სევდისა და აბსურდის (რომლებითაც კაფკას შემოქმედება ისევეა გასჭვალული, როგორც პირქუში განწყობილებითა და შიშით სამყაროს წინაშე) უფაქიზესი ბალანსი. ამ უდიდესი მწერლის ბიოგრაფიის უკეთ დასრულება წარმოუდგენელია.
© The New York Review of Books
August 17, 2017
თარგმანი © არილი