თარგმნა დალილა გოგიამ
ბულდოზერის ლექსი
ბულდოზერები ჯიჯგნიან ხორცს. ბულდოზერები აბოროტებენ
კარგ ადამიანებს. ბულდოზერები ემორჩილებიან ბრძანებებს
იძულებით, ბულდოზერები იჯღანებიან როცა
დედამიწას ტყავს აძრობენ – თავადაც დედამიწიდან არიან.
ბულდოზერებს აწყობენ ადამიანები რომლებსაც უნდათ ახალი
მობილური ტელეფონები თამაშებისთვის და ოჯახების გამოსაკვებად.
ბულდოზერები მოვლენებს მხოლოდ აკვირდებიან – მათ ხელიდან აცლიან
გადაწყვეტილებებს. მათ ავსებთ შეგრძნებები.
ისინი შეისმენენ ჩვენს ვედრებას და შეებრძოლებიან თავის მმართველებს.
ბულდოზერები ჭრიან და კეპავენ, ბულდოზერები ბეგვავენ, ბულდოზერები ფორმას
უცვლიან ქვიშის კარიერებს, წარმოქმნიან გრრრრრრ ხმებს, ბავშვის მოტორულ უნარებს.
ბულდოზერები შუაზე ჭრიან გველს, რათა მან სდიოს თავის კუდს, რომელიც მის
თვალწინ ასოებს წერს. ბულდოზერები არიან ღონიერი
პერკუსიონისტები, თხრისას ქვაბულებს გააქვთ ტკაცუნი და გუგუნი,
ღრიალს კვეთს კაკადუს ბუმბულის ჩურჩული.
ბულდოზერები უარყოფენ ეთერის არსებობას, თუმცა,
სარქველების სიღრმეში, ბერკეტების სიღრმეში, იციან, რომ
ირგვლივ მხოლოდ სფეროებია და ზეცა და წინაპრების ხმები განიცდიან
მათ სიმშვიდეს. ბულდოზერები აღიარებენ საბოლოო მიზეზებს და იღებენ
შედეგებს, რომლებმაც მათ სამუშაო წაართვა. სულ იზრდება ამოსაძირკვი
ეკალ-ბარდები, აბა რა… აბა რა? ო მუდმივმოქმედი მუხლუხა ტრაქტორი,
ო S და U დანის პირები, მის ბრძანებას მიყვებიან, მის ოსტატობას. საზოგადო,
როგორც D9 მუხლუხო (მისი ციცხვი ასტეროიდებს სწვდება, რომლებიც
კარიერში ელიან მოპოვებას.) ო ბულდოზერო! შენი ისტორია! ო Holt
ტრაქტორები თხრილის პირას, ო პირველი ზოზინა ტანკები, ბრძოლის ველის
მაოხრებელნი. ყოფიერების ურთიერთკავშირი. ფილოსოფოსი!
ო შენი შემქმნელები, ქამინგსი და მუხლუხი – ო დიადი კატა*
ჩვენ გავიზარდეთ მათ ტყვეობაში და შესაძლოა, ვერც ვხვდებოდით – სპორტულ
თამაშებს ვთამაშობდით შუა ტყეში და ვჯირითობდით, მაშინ, როცა
მოაშორეს დიდი ხეები. შენ მოგაქვს სიახლე და აბრტყელებ მიწას.
ალბათ გესმის შენი მსოფლიო მნიშვნელობა – კომპანიებთან მუშაობ
და ქმნი სამყაროს უსასრულო ჰორიზონტით. ეს არის გუნდური ძალისხმევა,
ეკოსისტემის არად ჩაგდება. შენც კი ვერ შეძლებ უხუცესი ხის დამარცხებას
დაუხმარებლად. მაგრამ ჩვენ ვიცით შენი ძალა, წარმომავლობა, სისხლიანი
მოსაზრებები. ბოდიშს გიხდით, გვაპატიე, ნუ დავარღვევთ ცივილურ საზღვრებს,
ო მუხლუხო! შენში არის კოსმოლოგია – ჩვენ გიყვიროდით სახელებს ბენდიკუტების**
და ოპოსუმების, კენგურუების და იქედნეების, თაფლისმჭამელების,
დღისით მძინარე ბაყაყპირასებრის, რომელიც მისი გარინდების ჟამს მოკალი შენ
და ახლა ვდგავართ შენს წინაშე ვედრებით და მაინც მტკიცედ,
გთხოვთ, ყური გვიგდო შენი საბრძოლო ყიჟინის ფონზე, სამუშაო ეთიკის ფონზე,
რომელსაც ასე მონდომებით თამაშობენ. მოგვისმინე, მომისმინე,
ნუ დაგვცინებ გულგატეხილებს, სერიოზულად მოგვეკიდე, გვაპატიე
უთქმელობა, რჩევა სიტყვების მაშინ, როცა ჩვენთვის
მშობლიურ სამყაროს სპობდი, ხელებს, რომლებმაც გამოგკვებეს,
რომლებმაც შეგქმნეს. ნუღარ მოუსმენ მოხელეებს, ვინც ისარგებლა
პოზიციით და აქცია თანამდებობა სამყაროს და იმ ღიმილის სიძულვილის
გამავრცელებლად, რომლითაც ბავშვს პაწაწინა ხელზე კოცნიან. ბავშვთა ხმები
ალბათ შენამდე ვერ მოაღწევს როცა ძრავას მთელი ძალით ააგრუხუნებ.
მაგრამ ვერ ამჩნევ დედამიწის თვალწარმტაც ფერებს, ბულდოზერო –
მხედველობას მწვანე ფერი გიღიზიანებს. ჩვენ კარგად გვესმის, ბულდოზერო,
ნამდვილად გვესმის – შიში გმართავს, მდორედ მიჰყვები მარადისობას,
ახალი დროის არაორგანულ წარმონაქმნებს გულში იხუტებ.
*იგულისხმება მუხლუხა ბულდოზერი. ინგლისურად Caterpillar (მუხლუხი) , შემოკლებით ცნობილია, როგორც Cat, რაც ითარგმნება, როგორც კატა.
**ბეტონგები (Bettongia penicillata), ე.წ. „მინი-კენგურუები“, ასევე ცნობილი, როგორც იალგირი, გადაშენების პირას მისული სახეობა.
სიჩუმე
სიჩუმე დუმილში არ აგერიოს
რადგან ოფლი მდის და ვთრთი
და გული ისე სწრაფად მიცემს.
ერთი წამითაც არ იფიქრო, რომ
დავივიწყე იულიმარის ტყე
და მისი შემოგარენი. წამითაც
არ იფიქრო რომ ჩემი სიჩუმე
არის დუმილი, რომელიც შთანთქავს
ბურღის ხმას, „მომავალს“ რომ იწყებს ისე
თითქოს იქ არასოდეს არსებულა ტყე. ეს
სამაღაროე კოლონიალიზმი ემყარება მათ დუმილს,
რომლებსაც, გრძნობს, რომ საბოლოოდ
ხელში ჩაიგდებს. მათ, ვინც
„ცეკვის და სიმღერის“ შემდეგ
ისევ დუმილში იკარგებიან, აბედნიერებთ,
ორიოდე კაკადუს ხილვა ან
იალგირის ერთი ფოტო, თანაც, მორჩილად
ციტირებენ – ვეთანხმები, რომ სამყარო ელემენტია,
მრავალჯერადად იმუხტება, და ის იზრდება და
აგროვებს, ხოლო შემდეგ ათავისუფლებს
დედამიწის მთელ ენერგიას. მაგრამ არა,
მე არ ვდუმვარ ჩემი სიჩუმით – ტყეთა ფესვები
იკავებს, იცავს იმ გამოუთქმელ ენერგიას,
მეტყველებას რომ ააქტიურებს.
ვის შეუძლია ამის გამართლება?
ბავშვებს ამოჰყავთ ბავშვები დაბომბილი სახლის ნანგრევებიდან –
ბრუტალური სურათი მზრუნველობისა, რომელიც აუცილებელია,
მაგრამ უკეთესია, თუ არ დაგვჭირდება მისი გამოვლენა.
ეს სურათი ერთიანდება სხვა სურათებთან, თუნდაც
ზოგი მოსწორებული ადგილის იყოს. ერთმანეთზე
დახვავებული სურათები – ხატოვანი ენის ნანგრევები.
ბავშვებს ამოჰყავთ ბავშვები ნანგრევებიდან
აჩქარებული გული ერითმება სამშენებლო მასალებში
მომწყვდეულ მისუსტებულ გულს.
თავდასხმის „მართებულობა“ მარტო ტოვებს ბავშვებს
რომლებსაც ამოჰყავთ ბავშვები ნანგრევებიდან.
ომის კონსტრუქციები; იდიომი
ბავშვებისთვის, რომლებსაც ამოჰყავთ ბავშვები
დაბომბილი სახლის ნანგრევებიდან.
ემპათიის მარცხი
ქუჩების ტრაგიკომედიაში,
იუბილეს შექსპირისეული
იმპულსი – პოლიცია მიდის ბავშვთან
რომელსაც უჭირავს ფირფიტა შეკითხვით,
თუ რა ბედი ელის მის მომავალს.
ის დგას მდუმარედ, უცქერს
კონტრაქტორს და პოლიციას,
და ყველაფერი ხდება იმ წამს,
როცა ბუჩქი ბასრ პირს ეცემა,
პოლიცია კი მზად არის წინ აღუდგეს
ნებისმიერ საშიშროებას.
© არილი