ესე (თარგმანი),  კრიტიკა,  პორტრეტი,  რეცენზია (თარგმანი)

ჯონ მაქსველ კუტზეე – თანამედროვე კლასიკოსი, ანტონიო დი ბენედეტოს “სამა”

coetzee-benedetto

ინგლისურიდან თარგმნა თამარ ლომიძემ

 1790 წელი. მიყრუებული ადგილი მდინარე პარაგვაიზე, ბუენოს-აირესიდან ძალზე შორს. დონ დიეგო დე სამა აქ თოთხმეტი თვის განმავლობაში იმყოფება, ესპანეთის ადმინისტრაციაში მსახურობს და ამ ხნის განმავლობაში ცოლ-შვილი არ უნახავს. სამა სევდიანად იხსენებს იმ დღეებს, როდესაც კორეხიდორის[1] თანამდებობა ეკავა:

დოქტორი დონ დიეგო დე სამა! ყოვლისშემძლე გამგებელი, ინდიელთა დამმორჩილებელი… მეომარი, რომელიც მართლმსაჯულებას მშვიდობიანად, იარაღის გამოყენების გარეშე აღასრულებდა… და ისე ჩაახშო ამბოხება თავის ქვეყანაში, რომ ესპანური სისხლის ერთი წვეთიც კი არ დაღვრილა.

ახლა, მართვის ახალი, ცენტრალიზებული სისტემის დროს, რომელმაც უნდა გააძლიეროს ესპანეთის კონტროლი თავის კოლონიებზე, გამგებლებად მხოლოდ ესპანელები ინიშნებიან. სამა ესპანელი გუბერნატორის ნაცვალია: მას, კრეოლს – ოკეანის გაღმა დაბადებულ Americano-ს – სამსახურებრივი წინსვლის იმედი არა აქვს. უკვე ოცდაათი წლის ასაკს გადასცდა. მისი კარიერა დამთავრებულია. სხვაგან გადაყვანა მოითხოვა; ოცნებობს, რომ ვიცე-მეფე ბუენოს-აირესში გადაიყვანს, მაგრამ ამ ოცნებას ახდენა არ უწერია.

დოკებთან სეირნობისას სამა ამჩნევს წყალში მოტივტივე სხეულს – ესაა გვამი მაიმუნისა, რომელმაც გაბედა ჯუნგლიდან გამოსულიყო და მდინარეში ჩაეყვინთა. მაიმუნი ნავმისადგომის ბოძებს შორის გაიხერგა და თავის დაღწევა ვერ შეძლო. ეს რაიმეს მომასწავებელი ნიშანი ხომ არ არის?

სამა ოცნებობს ცივილიზებულ სამყაროში დაბრუნებაზე, და, აგრეთვე, ქალზე – არა ცოლზე (თუმცა, ის უყვარს), არამედ – ლამაზ ახალგაზრდა ევროპელ ქალზე, რომლის მეშვეობით სექსუალურ იზოლაციასაც დააღწევს თავს და სოციალურსაც, და, რაც მთავარია, სევდას. სამა ცდილობს თავისი ოცნების ობიექტად წარმოიდგინოს ესა თუ ის ახალგაზრდა ქალი, რომელთაც ქუჩებში ხედავს, მაგრამ არაფერი გამოსდის.

ეროტიკულ ფანტაზიებში სამას სექსუალური ურთიერთობა ქალთან დახვეწილ ევროპულ ყაიდაზე მიმდინარეობს და უჩვეულო სიტკბოს აგრძნობინებს მას. რატომ? იმიტომ, რომ ევროპაში, სადაც ასეთი აუტანელი სიცხე არაა, ქალებს სუფთა და მშრალი კანი აქვთ და არასოდეს ოფლიანობენ. ვაი, რომ სამა აქაა, “ქვეყანაში, რომლის სახელწოდება არც ერთი ფრანგი და რუსი ქალისთვის არაა ცნობილი – და, საერთოდ, არც ერთი ადამიანისთვის მთელ დედამიწაზე”. ევროპელების აზრით, ამერიკა სადღაც, რეალობის მიღმა არსებობს. თვით სამაც ასე ფიქრობს. ამერიკა უთვისებო, უკიდეგანო უფსკრულია, რომელშიც სამა ჩაიკარგა.

ნაცნობი მამაკაცები სამას სთავაზობენ, მათთან ერთად საროსკიპოს ეწვიოს. ის უარზეა. მხოლოდ თეთრკანიანი ესპანელი ქალები მიზიდავენო, აცხადებს.

მცირერიცხოვან თეთრკანიან ესპანელ ქალებს შორის სამა ირჩევს პოტენციურ სატრფოს – ცნობილი მიწათმფლობელის ცოლს. ლუჩანა ლამაზი არაა – სახე ცხენს მიუგავს – მაგრამ მოხდენილი სხეული აქვს (სამამ მალულად იხილა მობანავე ქალი), სამამ არ იცის, როგორ უნდა აცდუნოს გათხოვილი ქალი. და, უნდა ითქვას, რომ ლუჩანას ცდუნება ადვილი არაა. ის ყოველთვის იგერიებს სამას იერიშებს.

ლუჩანას გარდა, სამას სამიზნე გახლავთ ესპანელი გოგონა – რიტა. ერთხელ ვიღაც თავზეხელაღებული ყმაწვილი გოგონას საჯაროდ შეურაცხყოფს და რიტა სთხოვს სამას, შური იძიოს მის მაგიერ. მართალია, სამას ხიბლავს შურისმაძიებლის როლი, მაგრამ ათას მიზეზს ასახელებს შურისძიების თავიდან ასაცილებლად (ანტონიო დი ბენედეტო ფროიდისტული სიზმრის მეშვეობით განმარტავს სამას შიშს ძლიერი მამაკაცების წინაშე).

როდესაც ესპანელ ქალებთან სასიყვარულო თავგადასავლების გაბმის მცდელობები მარცხით მთავრდება, სამა ადგილობრივი ქალებით ინტერესდება. საერთოდ, ის უფრთხის მულატ ქალებს, ისევე, როგორც “ზნეობრივ დაცემას”. ეს “დაცემა” კი სხვა არაფერია, თუ არა მასტურბაცია; გარდა ამისა, მულატ ქალებთან ურთიერთობა ნიშნავს სოციალურ კიბეზე დაბლა დაშვებას, რაც დაადასტურებს გავრცელებულ თვალსაზრისს, რომ კრეოლები და მულატები ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდებიან.

მიუხედავად ამისა, როდესაც ერთი მეძავი მულატი ქალი შესთავაზებს სექსუალურ ურთიერთობას, სამა თანხმდება. ქალის ბინისკენ მიმავლებს ძაღლების ხროვა ესხმით თავს. სამა ძაღლებს თავისი რაპირით იგერიებს, შემდეგ კი მედიდურად, ამაყად (სამას თქმით) ეუფლება მეძავს. ქალი სთავაზობს სამას, შენი მუდმივი საყვარელი გავხდებიო. სამა შეურაცხყოფილია. “ეს არ შეესაბამებოდა ჩემს წარმოდგენას სიყვარულის შესახებ. ყოველგვარი სიყვარული ერთგვარ იდილიურ ხიბლს საჭიროებს”. მოგვიანებით, ის ფიქრობს იმაზე, რომ ძაღლები ერთადერთი არსებებია, რომელთა სისხლიც დაღვარა, და თავის თავს “ძაღლთამკვლელს” უწოდებს.

სამა გულფიცხი კაცია. ამაყობს თავისი სამეცნიერო ხარისხით და ფიქრობს, რომ ადგილობრივი მცხოვრებნი სათანადო პატივს არ სცემენ, ან, შესაძლოა, ზურგსუკან დასცინიან კიდეც. ქალებთან ურთიერთობისას – რის აღწერასაც რომანის უმეტესი ადგილი ეთმობა – თან უკმეხია, თან კი – გაუბედავი. მოკლედ, სამა თვითკმაყოფილი, უკმეხი, ნარცისტული და ავადმყოფურად ეჭვიანი პიროვნებაა; მიდრეკილია ავხორცობის, ძალმომრეობისა და თავისმოტყუებისკენ.

შეიძლება ისიც ითქვას, რომ სამა, აგრეთვე, თავისი თავის – როგორც პერსონაჟის – შემოქმედია (ორნაირი გაგებით). ჯერ ერთი, ინფორმაციას მის შესახებ ვიგებთ თვით სამასგან, ისეთი დამამცირებელი გამოთქმების ჩათვლით, როგორებიცაა “თვითკმაყოფილება” და “ძაღლთამკვლელი”, ეს კი ერთგვარ ირონიულ თვითცნობიერებას გულისხმობს. მეორეც, მისი ყოველდღიური ქცევა განპირობებულია მისივე არაცნობიერი ლტოლვებით ან, ყოველ შემთხვევაში, მისი შინაგანი “მეთი”, რომელთა ალაგმვას ის არ ცდილობს. სამას ნარცისტული ტკბობა საკუთარი თავით შეიცავს ტკბობას იმითაც, რომ მან არასოდეს იცის, როგორი იქნება მომდევნო წამში და ამიტომ თავისუფლად შეუძლია გამოიგონოს თავისი თავი ბიოგრაფიული დროის ამა თუ იმ მომენტში.

მეორე მხრივ – რასაც ის პერიოდულად აღიარებს – შესაძლოა, სამას მრავალ ცხოვრებისეულ მარცხს განაპირობებდეს მისი ინერტულობა: “რაღაც უძლეველი ძალა… თრგუნავდა ჩემში ინიციატივის ნებისმიერი გამოვლენის ან წინააღმდეგობის გაწევის სურვილს”. სამა ვერ მართავს თავს და უმიზეზოდ შეურაცხყოფს იმ ერთადერთ თანამშრომელს, რომელიც კეთილგანწყობილია მის მიმართ, თუმცა, ეს ახალგაზრდა კაცი დანაშაულს თავის თავზე იბრალებს და სამსახურს კარგავს.

სამას ინერტულობა ზოგიერთ მკითხველს აგონებს ალბერ კამიუს “უცხოს“ პროტაგონისტს, მერსოს (ეგზისტენციალიზმი არგენტინაში მოდაში იყო 1950-იან წლებში, როდესაც “სამა” პირველად გამოქვეყნდა). მაგრამ შედარება სამას სასარგებლოდ როდი მეტყველებს. თუმცა სამა ატარებს რაპირას, მაგრამ მისი საყვარელი იარაღი დანაა. დანა მოწმობს, რომ ის americano გახლავთ; ამასვე ააშკარავებს ქალთა ცდუნების მისეული ტლანქი მეთოდები და (რაზეც ბენედეტო მოგვიანებით მოგვანიშნებს) მისი მორალური უმწიფრობა. სამა ამერიკისა და თავისი ეპოქის პირმშოა, ამიტომ საკუთარ უზნეობას იმით ამართლებს, რომ სექსუალური ურთიერთობების (ან, მისი თქმით, “სიყვარულში ჩაკარგვის”) უფლება მას სწორედაც, რომ აქვს. სამას ქცევა – კულტურული და ისტორიული თვალსაზრისით – სამხრეთამერიკულია და არა ფრანგული (ან ალჟირული).

რომანში კამიუზე უფრო მეტად ხორხე ლუის ბორხესის – დი ბენედეტოს უფროსი თანამედროვისა და არგენტინის ინტელექტუალური ლანდშაფტის დომინანტური ფიგურის – ზეგავლენა იგრძნობა. 1951 წელს ბორხესი აკრიტიკებს ლიტერატურულ ნაციონალიზმს (ესეში “არგენტინელი მწერალი და ტრადიცია”): რა არის არგენტინული ტრადიცია?.. ჩვენი ტრადიცია მთელი დასავლური კულტურაა… ჩვენი საკუთრება მთელი სამყაროა”.

დაპირისპირება ბუენოს-აირესსა და პროვინციებს შორის, კოლონიალიზმის დროიდან მოყოლებული, არგენტინის მთელ ისტორიას გასდევს. ბუენოს-აირესი იყო ფართო სამყაროსკენ გამავალი კოსმოპოლიტური ჭიშკარი, მაშინ, როდესაც პროვინციები ოდინდელ ნაციონალისტურ ფასეულობებს არ ღალატობდნენ. ბორხესი ბუენოს-აირესის ტიპური მკვიდრი გახლდათ, ხოლო დი ბენედეტოს პროვინციები იზიდავდა: მან გადაწყვიტა, ეცხოვრა და ემუშავა იქ, სადაც დაიბადა – ქალაქ მენდოსაში, ქვეყნის უკიდურეს დასავლეთში.

პროვინციისადმი სიყვარულის მიუხედავად, დი ბენედეტოს ახალგაზრდობისას აღიზიანებდა ეგრეთ წოდებული “1925 წლის თაობის” გონებაშეზღუდულობა, რომლის წარმომადგენლები ხელმძღვანელობდნენ პროვინციის კულტურულ დაწესებულებებს. ბენედეტო კითხულობდა ფროიდს, ჯოისს, ფოლკნერს, ფრანგ ეგზისტენციალისტებს და პროფესიულ საქმიანობას ეწეოდა კინემატოგრაფიაში – როგორც კრიტიკოსი და სცენარისტი (ომისშემდგომი წლების მენდოსა კინემატოგრაფიის მნიშვნელოვანი ცენტრი გახლდათ). მისი პირველი ორი წიგნი – “ცხოველთა სამყარო” (1953) და “ხუთკუთხედი” (1955) მოდერნისტული რომანებია, რომლებშიც პროვინციალიზმის ნიშანწყალიც კი არ შეიმჩნევა. კაფკას ზეგავლენა განსაკუთრებით აშკარად იჩენს თავს “ცხოველთა სამყაროში”, სადაც ბენედეტო შლის ზღვარს ადამიანსა და ცხოველს შორის, ისევე, როგორც კაფკას ნაწარმოებებში “მოხსენებითი ბარათი აკადემიას ” და “ერთი ძაღლის კვლევა-ძიებანი”.

“სამა” უშუალოდ უკავშირდება არგენტინული ტრადიციისა და არგენტინული პერსონაჟის საკითხს: როგორები არიან ისინი და როგორებად უნდა ჩანდნენ. აქ არსებითია განსხვავება ქვეყნის სანაპიროსა და შიდა რაიონებს, ანუ ევროპულსა და ამერიკულ ფასეულობებს შორის. რომანის პროტაგონისტი გულუბრყვილოდ და რამდენადმე პათეტიკურად ილტვის მიუწვდომელი ევროპისკენ. მიუხედავად ამისა, დი ბენედეტო არ იყენებს თავისი გმირის კომიკურ ესპანოფილიას, რათა ამტკიცოს რეგიონალური ფასეულობებისა და რეგიონალიზმთან ასოცირებული ლიტერატურული ფასეულობების, კერძოდ კი – ძველი ყაიდის რეალისტური რომანის უპირატესობა. ამ მოდერნისტულ რომანში მდინარის ნავსადგური, სადაც სამა იმყოფება, თითქმის არაა აღწერილი; წარმოდგენა არა გვაქვს, როგორ ტანსაცმელს ატარებენ და რას საქმიანობენ მისი მკვიდრნი; ნაწარმოები ზოგჯერ მეთვრამეტე საუკუნის სენტიმენტალური რომანის პაროდიად წარმოგვიდგება, მაგრამ უფრო ხშირად გვაგონებს მეოცე საუკუნის აბსურდის თეატრს (დი ბენედეტო თაყვანს სცემდა ეჟენ იონესკოს და კიდევ უფრო მეტად – ლუიჯი პირანდელოს). “სამა” სატირულად ასახავს კოსმოპოლიტურ მიდრეკილებებს, და ეს სატირა სრულიად კოსმოპოლიტური, მოდერნისტული მანერით არის ხორცშესხმული.

მაგრამ დი ბენედეტოს დამოკიდებულება ბორხესისადმი უფრო მასშტაბური და რთული იყო, ვიდრე, უბრალოდ, ამ უკანასკნელის უნივერსალიზმისა და მისი პატრიციანული შეხედულებების კრიტიკა გახლდათ (ბორხესი თავს სპენსერიანელ ანარქისტს უწოდებდა და ამბობდა, რომ არაფრად აგდებდა სახელსა და დიდებას, დი ბენედეტო კი სოციალისტად მიიჩნევდა თავს). თავის მხრივ, ბორხესი საქვეყნოდ აღიარებდა ბენედეტოს ნიჭს და, “სამას” გამოქვეყნების შემდეგ, დი ბენედეტო დედაქალაქში მიიწვია ეროვნულ ბიბლიოთეკაში (რომლის დირექტორიც იყო) ლექციების წასაკითხად.

1940 წელს ორ მეგობარ მწერალთან ერთად, რომლებიც ჟურნალ Sur-თან თანამშრომლობდნენ, ბორხესმა გაარედაქტირა “ფანტასტიკური ლიტერატურის ანთოლოგია”           – წიგნი, რომლის გამოქვეყნებამ მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა სამხრეთამერიკული ლიტერატურის შემდგომ განვითარებაზე. წინათქმაში რედაქტორები ამტკიცებდნენ, რომ ფანტასტიკა “დაბალი” ჟანრი არაა და სამყაროს უძველეს წინაისტორიულ ხედვას შეესაბამება. ფანტასტიკა მარტო ინტელექტუალური თვალსაზრისით კი არ არის ღირებული, არამედ იმითაც, რომ ასახავს სამხრეთამერიკული და მსოფლიო ლიტერატურის უძველეს ტრადიციებს. ბორხესის ნაწარმოებებს შეიძლება ფანტასტიკური ვუწოდოთ; რეგიონალური ლიტერატურის თემებით გამდიდრებულმა ფანტასტიკამ, უილიამ ფოლკნერის ნარატიულ ნოვაციებთან ერთად, შესაძლოა, წარმოშვა გაბრიელ გარსია მარკესის მაგიური რეალიზმი.

ფანტასტიკის რეაბილიტაციამ, რომელიც განახორციელეს ბორხესმა და Sur-ის ირგვლივ გაერთიანებულმა მწერლებმა, მნიშვნელოვანწილად განსაზღვრეს დი ბენედეტოს შემოქმედებითი განვითარება. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მან აღიარა, რომ ფანტაზიისა და ფსიქოანალიზის წყალობით აღმოაჩინა ახალი რეალობები. “სამას” მეორე ნაწილში ფანტასტიკა წინა პლანზე გამოდის.

1794 წელია. კოლონიას ახალი გუბერნატორი განაგებს. სამას, თავისი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, ჰყავს სატრფო, ხელმოკლე ესპანელი ქვრივი, თუმცა ეს ქალი სამასთან არ ცხოვრობს. მან სამას გაუჩინა ვაჟიშვილი – ავადმყოფი ბავშვი, რომელიც მთელი დღეების განმავლობაში ნაგავში თამაშობს. ქალს არ უყვარს სამა და მხოლოდ მაშინ თანხმდება სექსზე, როდესაც სამა ფულს აჩუქებს.

აღმოჩნდება, რომ ადმინისტრაციის კლერკი, სახელად მანუელ ფერნანდესი, სამსახურის საათებში რომანის წერითაა გართული. გუბერნატორს სძულს ფერნანდესი. ის სთხოვს სამას, მოიგონოს რაიმე საბაბი სამსახურიდან ფერნანდესის გასათავისუფლებლად. სამა ღიზიანდება, მაგრამ მას აღიზიანებს არა გუბერნატორი, არამედ ამ ახალგაზრდა იდეალისტი, ეს “გრაფომანი ჰომუნკულუსი”, რომელიც ჩაკარგულია იმპერიის პერიფერიაში.

ფერნანდესი გულუბრყვილოდ უამბობს სამას, რომ შემოქმედებითი პროცესი უდიდეს თავისუფლებას ანიჭებს; რომ ცენზურა, სავარაუდოდ, არ მისცემს რომანის გამოქვეყნების უფლებას, და ამიტომაც ის აპირებს, მიწაში ჩაფლას ყუთში შენახული ხელნაწერი, რომელსაც მისი შვილთაშვილები ამოთხრიან. “მომავალში ხომ ქვეყანა სრულიად სხვაგვარი იქნება”.

სამას დაედო ვალები, რომელთა გადახდა არ ძალუძს. კეთილი ფერნანდესი სთავაზობს სამას მისი უკანონო ოჯახის რჩენას. ის მზადაა, უსიყვარულოდ ითხოვოს ცოლად ესპანელი ქვრივი და ბავშვს თავისი გვარი მისცეს. სამა მისთვის ჩვეული ეჭვით შეხვდება ამ წინადადებას: ფერნანდესის წინადადებაზე დათანხმების შემთხვვაში ის ჭაბუკის წინაშე ვალში ხომ არ აღმოჩნდება?

გაღატაკებული სამა ბინას ქირაობს მავანი სოლედოს სახლში. აქ სამა დროდადრო ხედავს ქალს, რომლის შესახებ მსახურები ამბობენ, სოლედოს ცოლიაო, სხვები კი სოლედოს ქალიშვილად მიიჩნევენ. არის კიდევ ერთი იდუმალი ქალი. ის მოპირდაპირე სახლში ცხოვრობს, გამუდმებით ფანჯარასთან ზის და დაჟინებით უყურებს ხოლმე ქუჩაში მიმავალ სამას. რომანის მეორე ნაწილში, ძირითადად, აღწერილია სამას მიერ ამ ქალების საიდუმლოს ამოცნობის მცდელობები: სოლედოს ოჯახში ორი ქალია თუ ერთი, რომელიც სწრაფად იცვლის ხოლმე ტანსაცმელს? ვინაა ქალი, რომელიც ყოველთვის ფანჯარასთან ზის? ყველაფერი ეს სოლედომ ხომ არ ჩაიფიქრა სამას გასამასხრებლად? როგორ უნდა ჩაიგდოს ხელში სამამ ეს იდუმალი და ძალზე მიმზიდველი ქალები?

თავდაპირველად სამა ფიქრობს, რომ ეს იდუმალი თამაში მისი გამჭრიახობის გამოსაცდელადაა განკუთვნილი. აქ სამა (შესაძლოა, მთარგმნელის მცდელობათა შედეგად) სემუელ ბეკეტის ინტელექტუალური გმირების მსგავსად მეტყველებს და თანმიმდევრულად განიხილავს სხვადასხვა ჰიპოთეზას, რათა გაიაზროს შექმნილი სიტუაცია. მალე აღმოჩნდება, რომ ფანჯარასთან მჯდომი ქალი ხნიერი და უსახურია. შეზარხოშებული სამა ფიქრობს, ხომ არ გავაუპატიურო ეს ქალი და თან იქნებ ფულიც წავართვაო, მაგრამ შემდეგ იბრუნებს სულიერ წონასწორობას. ერთი მხრივ, არსებობს ხნიერი და ულამაზო ქალი, რომელიც სექსუალურად ხელმისაწვდომია, მეორე მხრივ – “თავზარდამცემად მომხიბვლელი” ქალი (ან, შესაძლოა, ორი ქალი), რომელიც სამას ლტოლვის მიუწვდომელ (და, შესაძლოა, არარსებულ) მიზანს/ მიზნებს წარმოადგენს

ანტონიო დი ბენედეტომ ამ რომანის მოფიქრებას დიდი ხანი მოანდომა, მაგრამ სწრაფად დაწერა. კომპოზიცია ნაჩქარევია, რაც აშკარად ჩანს მეორე ნაწილში, სადაც სოლედოს სახლის ფანტასტიკური ტოპოგრაფია ისევე აოცებს მკითხველს, როგორც – სამას. რაც მთავარია, დი ბენედეტო უსხლტება ნარატიული ლოგიკის კანონებს და პერსონაჟის ბედს მარტოოდენ თავის წარმოსახვას მიანდობს.

კარზე აკაკუნებენ. ესაა დაკონკილ ტანისამოსში ჩაცმული ფეხშიშველი ბიჭი – იდუმალი შუამავალი, რომელიც სამამ ერთხელ იხილა და კვლავაც ნახავს. ბიჭის ზურგსუკან, ფერწერული ტილოს მსგავსად, მოჩანს სამი გაგიჟებული ცხენი, რომლებიც პატარა გოგონას ფლოქვებს ურტყამენ.

“დავბრუნდი ჩემს ოთახში, სადაც თითქოს სიბნელე შედედებულიყო. მომეჩვენა, რომ შემეძლო, გარედან დავკვირვებოდი საკუთარ თავს. ვხედავდი, როგორ თანდათან გადავიქეცი შავ ფიგურად. ღამურასავით რბილი ჩრდილები ამედევნენ… ვაპირებდი, რაღაცას ან ვიღაცას გავმკლავებოდი და მივხვდი, რომ ასე უნდა მოვქცეულიყავი ან მომვმკვდარიყავი”.

ქალის აჩრდილი გამოჩნდება. სამას სანთელი ამ არსების სახესთან მიაქვს. ის არის! მაგრამ ვინაა ის? ვერ ხვდება. ოთახს თითქოს ნისლი ავსებს. სამა საწოლში ბორგავს, ეღვიძება და ხედავს, რომ მოპირდაპირე სახლის ფანჯრიდან ქალი უყურებს და მის “თვალებში თანაგრძნობა, სიყვარული და სიბრალული გამოსჭვივის…… ესაა იდუმალებისგან განძარცული ქალი”, რომელიც გულისტკივილით შენიშნავს, რომ სამა “მონუსხულია სხვა ქალით” და უხსნის, თუ რაოდენ საშიშია ფანტაზიის სამყარო.

ბოლოს სამა საწოლიდან დგება და გადაწყვეტს, რომ მთელი ეს ეპიზოდი მარტოოდენ ნერვული აღგზნების შედეგია. ის თავს აღწევს ჰალუცინაციების ბნელ სფეროებს და აღადგენს ფანტაზიისა (ნერვული აღგზნების) და რეალობის დიქოტომიას, რომელიც თვითონვე გაანადგურა.

იმის გასარკვევად, თუ რა იგულისხმება აქ, უნდა მივუბრუნდეთ კაფკას – მწერალს, რომელმაც ყველაზე ძლიერი ზეგავლენა მოახდინა დი ბენედეტოს შემოქმედებაზე, როგორც უშუალოდ, ასევე – ბორხესის, როგორც შუალედური რგოლის მეშვეობით. ფანტასტიკის, როგორც ლიტერატურული ჟანრის რეაბილიტაციის მიზნით, ბორხესმა 30-იანი წლების შუა ხანებში გამოაქვეყნა სტატიების სერია კაფკას შესახებ, რომლებშიც ის პრინციპულად განასხვავებდა ფანტაზიებს, რომელთა განმარტება შესაძლებელია, და, მეორე მხრივ, კაფკასეულ კოშმარებს (ამის საუკეთესო მაგალითია იოზეფ კ.-ს უწყვეტი კოშმარი “პროცესში”), რომელთა ენა ჩვენთვის გაუგებარია. ბორხესის თქმით, კაფკასეული კოშმარის ერთადერთი საშიშროება ისაა, რომ ჩვენი განცდების არარეალურობას ვაცნობიერებთ (ამ ზმნის გარკვეული მნიშვნელობით), მაგრამ ჰალუცინაციების სამყაროში ვიმყოფებით, საიდანაც თავს ვერ დავაღწევთ.

“სამას” მეორე ნაწილის ბოლოს პერსონაჟი უგულებელყოფს ჰალუცინაციურ ფანტაზიას, უპირატესობას ანიჭებს რეალობას და, ამდენად, წყვეტს თვითშემეცნების პროცესს.

თხრობა გრძელდება ხუთწლიანი ინტერვალის შემდეგ. სამას ადგილსამყოფელი არ შეუცვლია. მისი სასიყვარულო თავგადასავლები წარსულს ჩაბარდა.

ჯარისკაცთა რაზმი მიემართება ვიკუნა პორტოს – თითქმის მითოლოგიური ყაჩაღის საძებრად და დასაპატიმრებლად. არავინ იცის, როგორ გამოიყურება პორტო, რომელსაც ბრალად ედება კოლონიაში ჩადენილი ყველა ბოროტმოქმედება.

ჯერ კიდევ იმ დროს, როდესაც სამა კორეხიდორი იყო, ვიკუნა პორტო აქეზებდა ინდიელებს ამბოხებებისთვის. ჯარისკაცებს უმეცარი და გონებაჩლუნგი კაპიტანი პარილა მეთაურობს. სამა უერთდება მათ, იმ იმედით, რომ წარმატების შემთხვევაში სამსახურში დააწინაურებენ.

ერთ ბნელ ღამეს ბილიკზე ვიღაც ჯარისკაცი გვერდზე გაიყვანს სამას. ეს თვით ვიკუნა პორტოა, რომელიც პარილას რაზმში გაწევრიანებულა და, ამგვარად, თითქოს თავისი თავის საძებრად წასულა. პორტო აღიარებს, რომ მობეზრდა ყაჩაღობა და საზოგადოებაში დაბრუნება სურს.

უნდა უღალატოს თუ არა სამამ პორტოს, რომელიც მას ენდო? ღირსების კოდექსი ამის უფლებას არ აძლევს; მაგრამ ამ კოდექსის მორჩილებაც არ სურს, რაც ღალატისკენ უბიძგებს. ამიტომ სამა არღვევს პორტოსთვის მიცემულ პირობას და მაშინვე მთელი არსებით გრძნობს თავისუფლებას და უდანაშაულობას.

პარილა აპატიმრებს სამასაც და პორტოსაც. მათ ხელებს შეუბორკავენ. ბუზების ნაკბენებისგან სახეშეშუპებული პატიმრები ქალაქში მიჰყავთ. და “ყაჩაღი ვიკუნა პორტო უფრო დამცირებული და უბედური როდია, ვიდრე – მისი თანამზრახველი სამა”.

მაგრამ გაბედული ყაჩაღი კლავს პარილას და სთავაზობს სამას, შეუერთდეს ბანდას. სამა უარზეა. პორტო მას თითებს მოაჭრის და, დასახიჩრებულს, უღრან ტყეში ტოვებს.

ამ უიმედო წამს მას ევლინება მხსნელი – ფეხშიშველი ბიჭი, რომელიც სამას უკანასკნელი ათი დღის განმავლობაში უთვალთვალებდა და მისდევდა. “ეს ბიჭი მე გახლდით, – ამბობს სამა, – ისეთი, როგორიც… ვიყავი…დიდი ხნის წინ. გავუღიმე და ვუთხარი: “არ გაზრდილხარ..”. მან სევდიანად მომიგო: “შენც ბავშვად დარჩენილხარ”.

ასე მთავრდება “სამას” მესამე და უკანასკნელი ნაწილი. მისი პერსონაჟი-ნარატორი საკუთარ თავს ეძებს, ისე, როგორც ვიკუნა პორტო ეძებდა თავის თავს. ესაა ძიება თავისუფლებისა, “რომელიც გარესამყაროში კი არაა, არამედ – ჩვენსავე სულში”. ის, რისი მოპოვებაც ყველაზე მეტად გვსურს, ჩვენს სულშია და ესაა ჩვენი “მე”, ისეთი, როგორიც ვიყავით, სანამ ბუნებრივ უმანკოებას დავკარგავდით.

ამგვარად, რომანის პირველსა და მეორე ნაწილებში სამა შეპყრობილია ამაო ოცნებებით და თავგზააბნეულია ავხორცი ვნებებით, მაგრამ მესამე ნაწილში იბრუნებს პირვანდელ ზნეობრივ და სულიერ სისრულეს. სანამ პორტო თითებს მოაჭრიდა, სამამ წერილი მისწერა თავის უსაზღვროდ თვინიერ ცოლს, წერილი ბოთლში ჩადო და მდინარეს გაატანა: “მარტა, მე არსად წავსულვარ”. “ეს შეტყობინება არ იყო განკუთვნილი მარტასთვის ან სხვა ვინმესთვის, – აღიარებს სამა. – ის ჩემთვის დავწერე”.

კოლუმბიდან მოყოლებული, ევროპელებს – როდესაც ისინი ამერიკას ეცნობოდნენ და იპყრობდნენ – ასულდგმულებდა ოცნება ახალი სამოთხის შესახებ. 1816 წელს, როდესაც შეიქმნა არგენტინის დამოუკიდებელი სახელმწიფო, მას ზედიზედ მიაწყდნენ იმიგრანტები იმ უტოპიის საძებრად, რომელიც, თურმე, არ არსებობდა. გასაკვირი არაა, რომ იმედგაცრუება ოცნებების დამსხვრევის გამო არგენტინული ლიტერატურის ერთ-ერთი მთავარი ლაიტმოტივია. ველურ ბუნებაში, მდინარის პირას მყოფი სამა, იმიგრანტი, ხვდებოდა, რომ ჭეშმარიტი სამოთხე მოუხელთებელი იყო, ხოლო ამ ყალბი “სამოთხიდან” თავს ვერ იხსნიდა. “სამა” ეძღვნება “ილუზიების მსხვერპლთ”.

სამას თავგადასავლები ინდიელთა ტერიტორიაზე აღწერილია ლაკონიური სტილით, რომელიც დი ბენედეტომ კინემატოგრაფიაში მუშაობის დროს გამოიმუშავა. კრიტიკოსთა ყურადღება განსაკუთრებით მიიზიდა რომანის მესამე ნაწილმა, რომელიც გვიჩვენებს, როგორ ამსხვრევს Americano ძველი სამყაროს მითებს და ეზიარება არა წარმოსახულ ედემს, არამედ – ახალ სამყაროს მთელი მისი საოცარი რეალობით. ამ რეალობას შეადგენს ეგზოტიკური ფლორა და ფაუნა, სასარგებლო წიაღისეულის საბადოები, უჩვეულო საკვები პროდუქტები, ველური ტომები და მათი ჩვეულებები. სამა თითქოს თავის სიცოცხლეში პირველად ხედავს კონტინენტის მთელ სიმდიდრეს და მრავალფეროვნებას. უნდა ითქვას, რომ რომანის ამ ნაწილზე მუშაობისას დი ბენედეტო საკუთარ ცოდნას კი არ ეყრდნობოდა (მას პარაგვაი თვალითაც არ ენახა), არამედ – ძველ წიგნებს, მათ შორის, 1752 წელს დაბადებული მიგელ გრეგორიო დე სამალოას ბიოგრაფიას, რომელიც კორეხიდორი გახლდათ ტუპაკა ამარუს – ინკების უკანასკნელი მეფის – ამბოხების დროს.

ანტონიო დი ბენედეტო დაიბადა 1922 წელს, საშუალო კლასის წარმომადგენელთა ოჯახში. 1945 წელს მან შეწყვიტა სწავლა იურიდიულ ფაკულტეტზე და დაიწყო მუშაობა მენდოსას ყველაზე პრესტიჟულ გაზეთში – Los Andes-ში, რამდენიმე წლის შემდეგ კი მის მთავარ რედაქტორად დაინიშნა. გაზეთის მეპატრონეები კონსერვატიული კურსის მომხრენი იყვნენ და ამასვე მოითხოვდნენ დი ბენედეტოსგან, რომელიც არ ეთანხმებოდა მათ. 1976 წელს დი ბენედეტო (ის თავს მიიჩნევდა პროფესიონალ ჟურნალისტად, რომელიც თავისუფალ დროს ფანტასტიკური ჟანრის ნაწარმოებებს წერდა) გაზეთის მეპატრონეების მოთხოვნათა დარღვევის გამო დააპატიმრეს.

“სამა” (1956) მისი პირველი ვრცელი რომანი გახლდათ, რომელმაც კრიტიკოსთა ყურადღება მიიპყრო. გასაკვირი არაა, რომ ქვეყანაში, რომელიც თავს მიიჩნევდა ევროპული კულტურის ნაწილად, ხაზს უსვამდნენ მწერლის ევროპულ წარმომავლობას. მას თავდაპირველად უწოდებდნენ სამხრეთამერიკელ ეგზისტენციალისტს, შემდეგ კი სამხრეთამერიკული “ახალი რომანის” წარმომადგენლად მიიჩნევდნენ. 1960-იან წლებში რომანი მრავალ ევროპულ ენაზე ითარგმნა, გარდა ინგლისურისა. არგენტინაში “სამა” საკულტო კლასიკურ ქმნილებად ითვლება.

დი ბენედეტოს ნაწარმოებების განხილვაში თვით ავტორმაც მიიღო მონაწილეობა. კერძოდ, მან მიუთითა, რომ თუკი მის ნოველებში მთხრობელი არ მონაწილეობს და თხრობა იმდენად ობიექტურია, თითქოს მოვლენებს კინოკამერა აღბეჭდავდა, ეს იმიტომ კი არ მოხდა, რომ დი ბენედეტო ბაძავდა ალენ რობ-გრიიეს, არამედ იმიტომ, რომ ორივენი აქტიურად მოღვაწეობდნენ კინოში.

“სამას” მოჰყვა კიდევ ორი რომანი და ნოველების რამდენიმე კრებული. მათგან ყველაზე უფრო საინტერესოა El silenciero – ამბავი ადამიანისა, რომელიც ცდილობდა დაეწერა რომანი, მაგრამ ქალაქის ხმაური უშლიდა ხელს. აკვიატებული იდეა ხმაურის შესახებ ფიტავს მის სულიერ ძალებს და საბოლოოდ ეს პერსონაჟი სულით ავადდება.

ეს რომანი, რომელიც პირველად 1964 წელს გამოქვეყნდა, მწერალმა ძირფესვიანად გადაამუშავა 1975 წელს. ნაწარმოები გამდიდრდა ღრმა ფილოსოფიური ქვეტექსტით (აქ შოპენჰაუერს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია), რის საფუძველზეც თავიდან იქნა აცილებული მისი მარტივი, სოციოლოგიური წაკითხვის საფრთხე. გადამუშავებულ გამოცემაში ხმაურის თემა მეტაფიზიკურ განზომილებას იძენს: პროტაგონისტი ამაოდ ეძებს პირველსაწყის სიჩუმეს, რომელიც წინ უძღოდა ღვთაებრივი ლოგოსის მიერ სამყაროს შექმნას.

El silenciero-ში “სამაზე” უფრო მეტადააა გამოყენებული ოცნებებისა და ფანტაზიის ასოციაციური ლოგიკა. ესაა იდეათა რომანი, რომელიც შეიცავს იდეებს რომანის მონტაჟის შესახებ და, აგრეთვე, მისტიკურ ქვეტექსტს. El silenciero, სავარაუდოდ, იმ გზაზე გადაგმული პირველი ნაბიჯი გახლდათ, რომელსაც უნდა გაყოლოდა დი ბენედეტო, ისტორია რომ არ ჩარეულიყო.

1976 წლის მარტში სამხედრო ხუნტამ ხელში ჩაიგდო ძალაუფლება არგენტინაში, ფარულად შეუთანხმდა სამოქალაქო ხელისუფლებას და განაცხადა, რომ ბოლოს მოუღებდა პოლიტიკურ ძალმომრეობასა და სოციალურ ქაოსს. გენერლები მყისვე შეუდგნენ თავიანთი გენერალური გეგმის ანუ “ეროვნული რეორგანიზაციის პროცესის” ხორცშესხმას. გენერალმა იბერიკო სენ-ჟანმა, რომელიც ბუენოს-აირესის გუბერნატორად დაინიშნა, განაცხადა: “თავდაპირველად დავხოცავთ ყველა დივერსანტს, შემდეგ გავანადგურებთ მათ თანამზრახველებსა და თანამგრძნობთ, შემდეგ – ნეიტრალურად განწყობილ პიროვნებებს, ბოლოს კი – ლაჩრებს”.

ეგრეთ წოდებულ დივერსანტებს შორის, რომლებიც გადატრიალების პირველსავე დღეს დააპატიმრეს, დი ბენედეტოც იყო. მოგვიანებით ის (იოზეფ კ.-ს მსგავსად) განაცხადებს, რომ არ იცის, რისთვის დააპატიმრეს, მაგრამ ცხადია, რომ ეს მოხდა Los Andes-მოღვაწეობის გამო, სადაც დი ბენედეტო აქვეყნებდა მასალებს “სიკვდილის ესკადრონების” შესახებ (გაზეთის მეპატრონეები მწერლის დაპატიმრებისთანავე განუდგნენ მას და, ფაქტობრივად, გაწირეს).

დაპატიმრებას მოჰყვა “ტაქტიკური დაკითხვა” – ესაა წამების ევფემიზმი, რომლის დანიშნულება იყო პატიმრისგან ინფორმაციის მოპოვება. მას უნდა შეეგნო, რომ ახალ სამყაროში იმყოფებოდა, რომელსაც თავისი კანონები ჰქონდა. ედუარდო დუალდეს თქმით, ხშირად პირველი წამებისგან მიღებული ტრავმა, აგრეთვე – სხვა პატიმრების წამება და მათი განწირული ყვირილი სამუდამო დაღს აჩნევდა პატიმრების ფსიქიკას. წამების ინსტრუმენტი, ჩვეულებრივ, გახლდათ ელექტროხელსაწყო, რომელიც მწვავე კრუნჩხვას იწვევდა. მისი ზემოქმედება იწვევდა კუნთების აუტანელ ტკივილს, შემდეგ – დამბლას და ნევროლოგიურ დაზიანებას, რომელიც თავს იჩენდა დისრიტმიის, ქრონიკული თავის ტკივილებისა და მეხსიერების დაკარგვის სახით.

დი ბენედეტომ თვრამეტი თვე გაატარა საპყრობილეში, ძირითადად, ლა-პლატას პენიტენციარული სამსახურის საყოველთაოდ ცნობილ მე-9 განყოფილებაში. ის გაათავისუფლეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც რეჟიმს მწერლის გათავისუფლების თხოვნით მიმართეს ჰაინრიხ ბიოლმა, ერნესტო საბატომ და ხორხე ლუის ბორხესმა, რომელთაც მხარი დაუჭირა პენ-კლუბმა. გათავისუფლების შემდეგ დი ბენედეტომ ქვეყანა დატოვა.

მეგობარს, რომელმაც იხილა მწერალი განთავისუფლების შემდეგ, თავზარი დასცა დი ბენედეტოს გარეგნობამ: თმა გაჭაღარავებოდა, ხელები უთრთოდა, ენა ებმოდა, ბარბაცებდა. თუმცა დი ბენედეტოს არასოდეს აღუწერია თავისი პატიმრობა (ის “დავიწყების თერაპიას” ამჯობინებდა), მაგრამ პრესაში გამოქვეყნებულ ინტერვიუებში ნახსენებია ძლიერი დარტყმები თავში (“მას შემდეგ აზროვნების უნარი დამიქვეითდა”); ელექტროშოკის სეანსები (იმდენად ძლიერი, რომ მწერალს შინაგანი ორგანოები დაუზიანდა); შეიარაღებული რაზმის პირისპირ დაყენება და ფიქტიური სიკვდილით დასჯა. სხვა პატიმრები, რომელთა უმრავლესობა დი ბენედეტოზე უფრო ახალგაზრდა იყო, იხსენებდნენ, რომ ის ვერ ეგუებოდა საპყრობილის სასტიკ რეჟიმს და ვერ მიმხვდარიყო, რატომ აწამებდნენ მას სხვადასხვა დროს, სრულიად მოულოდნელად, თუმცა ამ დამსჯელი ღონისძიებების არსი სწორედ მათი მოულოდნელობა იყო და – კაფკასეული კოშმარის მსგავსად – უაზრობაში მდგომარეობდა.

სამშობლოდან დევნილი დი ბენედეტო ცხოვრობდა საფრანგეთში, გერმანიაში და, ბოლოს ესპანეთში, სადაც ათეულ ათასობით სამხრეთამერიკელი დევნილი იმყოფებოდა. მართალია, მწერალი ყოველ კვირას აქვეყნებდა მასალებს ბუენოს-აირესის გაზეთში და მას ბინაც გამოუყვეს მაკდოუელის კოლონიაში (ნიუ-ჰემპშირში), მაგრამ ცხოვრების ეს ეტაპი მისთვის ასოცირდებოდა სიღარიბესთან, როდესაც სარკეში თავისი ანარეკლის ხილვისას სირცხვილს გრძნობდა.

1984 წელს, მას შემდეგ, რაც აღდგენილ იქნა სამოქალაქო ხელისუფლება, დი ბენედეტო დაბრუნდა არგენტინაში, რომლისთვისაც ეს ნაბიჯი განასახიერებდა ერის სურვილს, განთავისუფლებულიყო უახლოესი წარსულისგან და ცხოვრება თავიდან დაეწყო. მაგრამ ამ როლისთვის ის ძალზე ხანდაზმული, სულიერად დაძაბუნებული და სევდიანი გახლდათ. მისი შემოქმედებითი ენერგია საპყრობილესა და ემიგრაციას ემსხვერპლა და ვეღარ აღდგებოდა. “მისი აგონია დაპატიმრებისთანავე დაიწყო “, – შენიშნა დი ბენედეტოს ესპანელმა მეგობარმა. – ის კვდებოდა აქ, ესპანეთში… და როდესაც სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა, ეს მხოლოდ იმის გამო მოიმოქმედა, რომ სურდა, ფინალი მეტ-ნაკლებად ღირსეული ყოფილიყო”. სიცოცხლის ბოლო წლები სხვადასხვაგვარმა ბრალდებებმა ჩაუშხამა. მწერლის თქმით, თავდაპირველად მის დაბრუნებას მიესალმებოდნენ, შემდეგ კი კიდევ უფრო მეტი სიღარიბისთვის გაიმეტეს, ვიდრე ესპანეთში განიცდიდა. დი ბენედეტო გარდაიცვალა 1986 წელს, სამოცდასამი წლის ასაკში.

ესპანეთში ცხოვრების დროს დი ბენედეტომ გამოაქვეყნა ნოველების ორი კრებული “აბსურდი” (1978) და “მოთხრობები დევნილობის შესახებ” (1983). “აბსურდის” ზოგიერთი ნოველა დაიწერა საპყრობილეში, საიდანაც ისინი მალულად გაიტანეს. ამ გვიანდელი ნოველების მუდმივი თემაა დანაშაული და სასჯელი, ჩვეულებრივ – თვითგვემა, ხშირად იმ საქციელის გამო, რომელიც ადამიანს არც კი ახსოვს. ყველაზე უფრო ცნობილი შედევრი გახლავთ ნოველა „აბალაი”, რომლის მიხედვითაც 2011 წელს ფილმი გადაიღეს. რომანის მთავარი პერსონაჟია გაუჩო, რომელმაც, ქრისტიანული წმინდანის, სვიმეონ მესვეტის მიბაძვით, გადაწყვიტა თავისი ცოდვები გამოესყიდა. ვინაიდან პამპებში მარმარილოს სვეტები არ მოიპოვება, ამიტომ აბალაი დაკმაყოფილდა მონანიებით ცხენზე, რომლიდანაც არასოდეს ჩამოსულა.

სევდიანი, ხშირად ტრაგიკული გვიანდელი მოთხრობები, რომელთაგან ზოგიერთი მხოლოდ ერთ გვერდს მოიცავს – წარმოსახული ხატები, მოგონებათა ფრაგმენტები – ააშკარავებს, რომ დი ბენედეტოსთვის ემიგრაცია წარმოადგენდა არა მხოლოდ სამშობლოს იძულებით დატოვებას, არამედ განაჩენსაც, რომელმაც ის რეალური სამყაროდან აჩრდილთა მიღმურ სამყაროში განდევნა.

Sombras, nada mas… [2](1985), დი ბენედეტოს უკანასკნელი ნაწარმოები, ერთგვარი დაუმთავრებელი ექსპერიმენტია. აჩრდილთა შორის გზის გაკვლევა ადვილი როდი გახლავთ. მთხრობლები და პერსონაჟები ერთმანეთს ერწყმიან, ისევე, როგორც სიზმარი და ნაწარმოებში აღწერილი რეალობა; ავტორის ჩანაფიქრის წვდომა ძნელია. ამიტომ დი ბენედეტო იძულებული შეიქნა, განემარტა რომანის საზრისი და შემოეთავაზებინა მისი წაკითხვის წესები.

“სამას” დასასრულს მთავარი გმირი დასახიჩრებულია, არ ძალუძს წერა, ელოდება, რომ მავანი პიროვნება საუკუნე-ნახევრის შემდგომ მოჰყვება მის ამბავს. მანუელ ფერნანდესის მსგავსად, რომელმაც მიწაში ჩაფლა თავისი ხელნაწერი, დი ბენედეტომ – მოკლე ანდერძში, რომელიც სიკვდილამდე მცირე ხნით ადრე დაწერა – აღიარა, რომ მისი წიგნები დაწერილია მომავალი თაობებისთვის. ახდება თუ არა ეს მოკრძალებული ტრაბახი, ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს.

“სამა” კვლავაც დი ბენედეტოს ყველაზე პოპულარული წიგნია, თუნდაც თვით სამას უჩვეულო ენერგიის გამო, რაც შესანიშნავადაა გადმოცემული ესტერ ალენის ბრწყინვალე თარგმანში. გამომცემლობა Archipelago Books 2017 წელს გეგმავს დი ბენედეტოს ნოველების (რომლებიც შესანიშნავად თარგმნეს ადრიან უესტმა და მარტინა ბრონერმა) დასტამბვას. იმედი ვიქონიოთ, რომ რომელიმე გამომცემელი მალე დაინტერესდება როგორც El silenciero-ს თარგმანით, ისე მისი გამოქვეყნებით.

© The New York Review of Books

© არილი


[1] კორეხიდორი იყო მოხელე ფეოდალურ ესპანეთსა და მის კოლონიებში, რომელსაც ესპანეთის მეფე ნიშნავდა. კორეხიდორი აკონტროლებდა ადგილობრივი ადმინისტრაციისა და მოსამართლეების საქმიანობას. XVI საუკუნეში, ესპანეთის მიერ ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის დაპყრობის შემდეგ (იმ რაიონებში, სადაც ინდიელები რაოდენობრივად ჭარბობდნენ ესპანელებს), კორეხიდორის ფუნქციას წარმოადგენდა ინდიელთა იძულებითი შრომის ორგანიზება, გადასახადების აკრეფა და სხვ.

[2] აჩრდილები, სხვა არაფერი (ესპ.)

Facebook Comments Box