პროზა

ზაზა ასლანიძე – ანიკო

aslanidze-828

ორმოცდასამი წელია მშობლების საფლავზე დავდივარ და ორმოცდასამი წელი ვწყევლი ჯერ ფოტოგრაფს და მერე იმ ვითომდა მხატვარს, მამაჩემის და დედაჩემის პორტრეტები საფლავის ქვაზე რომ გადაიტანა. მინდოდა, საფლავზე რომ მივიდოდი, თვალებში ჩამეხედა მათთვის, მაგრამ ისინი სურათიდან სულ სხვაგან იყურებოდნენ – ხან ჩემს ზურგს უკან იცქირებოდნენ, ხან თვალებს ხრიდნენ, ხანაც სულ ხუჭავდნენ თვალს. ორმოცდასამი წელია, ერთხელაც ვერ დავიჭირე მათი მზერა. მინდოდა, თვალი გამესწორებინა, ან ის მაინც მენახა, როგორ უყურებენ ერთმანეთს დედა და მამა.

ოცი წელია, სამ თვეში ერთხელ ექიმებთან დავდივარ გამოკვლევაზე და მეღიმება ხოლმე ექიმების გაოცებულ სახეებს რომ ვუყურებ. მე ხომ ყველამ გამომიტირა. ცოცხალი რომ ვარ, ერთადერთი, მე არ მიკვირს. ჩემი სენის პატრონი ოცი წელია უკვე სამარეში უნდა ვიყო. მე კი ჯიუტად დავდივარ ექიმებთან და მშობლების საფლავზე. ექიმებმა ზუსტად ვერ დაადგინეს, რა მჭირს, მაგრამ ყველა ერთხმად თანხმდებოდა, რომ მე დიდი ხნის მკვდარი უნდა ვიყო. მე მაინც დავდივარ სასაფლაოზე და მინდა თვალი გავუსწორო მშობლებს. ბავშვობიდან ვცდილობდი მათთვის ჩამეხედა თვალებში, მაგრამ იმ ღამის მერე ეს ვეღარ მოვახერხე.

ყველაფერი იმ დღეს დაიწყო, ანიკო რომ მოკვდა. ანიკო ჩემი, არა, მარტო ჩემი კი არა,  ჩემი, ნოდარიკოს, ბექას და ელენიკოს მეგობარი იყო: მე ყველაზე უფროსი ვიყავი – ბექაზე მთელი სამი თვით უფროსი, ბექა ყველაზე ღონიერი და მსუქანა იყო, ნოდარიკო ხუთის ხდებოდა, ელენიკო ყველაზე ყველაზე პატარა, ჭიჭყინა, ზღმურტლიანი და მტირალა იყო; ანიკო ძალიან ლამაზი გოგო იყო და ყველა ბიჭს უყვარდა… ანიკოს ძალიან ლამაზი საცვლები ეცვა. ელენიკოსნაირი ფურფუშელებიანი კი არა – აი, ისეთი, ნოდარიკოს უფროს დას რომ ეცვა. ანიკო თავის საცვლებს ბიკინებს ეძახდა.

ჩვენ, პატარა ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ვცხოვრობდით. ქალაქი ყვავილებსა და ხეხილის ბაღებში იძირებოდა. ჩვენთვის, ბავშვებისათვის, ეს ნამდვილი სამოთხე იყო. ყველაზე გემრიელი ხილი ჩვენს ღიპიან მეზობელს ჰქონდა. ბავშვები ჩუმად ვიპარებოდით მის ბაღში და ხილის ჭამით ვსკდებოდით. ჩვენს მსუქანა, ღიპიან მეზობელს ავი ძაღლი ჰყავდა, მაგრამ ძაღლი რატომღაც ყოველთვის დაბმული იყო. მსუქანა რომ გამოჩნდებოდა, კისრისტეხით ვიმალებოდით ბუჩქებში და გასუსულები ვუყურებდით, ძაღლს რომ უყვიროდა – ხმა ჩაიწყვიტეო. გვერდით რომ ჩაგვივლიდა, ბურტყუნ-ბურდღუნით წაიმღერებდა – „მუცლები აგტკივდებათ, ეშმაკისფეხებო, მუცლები! ჯერ მკვახეა , მკვახე!“

მსუქანას კუკუ ჩუქუ-ჩუქუს ვეძახდით. ეს სახელი იმიტომ შევარქვით, რომ მისი ძმა მატარებლის მემანქანედ მუშაობდა და ყოველთვის, როგორც კი ჩვენს ქალაქს მოუახლოვდებოდა, მატარებლის საყვირით ესალმებოდა თავის მსუქანა ძმას. კუკუ ჩუქუ-ჩუქუ საშინლად ბრაზობდა ძმის ამგვარ საქციელზე და მუშტების ქნევითა და გინებით იკლებდა იქაურობას. რკინიგზა ქალაქის განაპირას, მდინარესთან გადიოდა. ბავშვებს რკინიგზასთან მიახლოებას გვიშლიდნენ, მდინარესთან მისვლა კი სასტიკად აგვიკრძალეს. მაგრამ მდინარის გაღმა იმდენად მიმზიდველი მინდორ-ველები იყო, ცდუნებას ვერ ვუძლებდით, გადავდიოდით ხიდზე და მთელი დღე იქ ვთამაშობდით.

ბიჭებს ვერაფრით აგვეხსნა, ანიკოს რატომ არ მიჰყავდა თან ელენიკო, როცა ბუჩქებში იმალებოდა მოსაფსმელად. მაშინ როცა ჩვენ, ბიჭები, ერთად მივდიოდით მოსაფსმელად და შორს გადაფსმაშიც კი ვეჯიბრებოდით ერთმანეთს. ვეჭვობდით, რომ ანიკო რაღაცას გვიმალავდა და ანიკოს „იქ“ რაღაც ჭირდა.

მოულოდნელად „დიდი არეულობა“ დაიწყო. ლაპარაკობდნენ ომზე, მკვლელობებზე, ლტოლვილებზე. უფროსებმა, ამ ყველაფერს „დიდი არეულობა“ უწოდეს, რასაკვირველია, უფროსები ჩვენი თანდასწრებით არაფერს ამბობდნენ, მაგრამ, ჩვენ, ანიკოს წყალობით, ყველაფერი ზედმიწევნით ვიცოდით. ანიკო არაფრით გამოირჩეოდა ჩვენგან – ანიკო არც ნათელმხილველი იყო  და არც განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ბავშვი – ის ჩემზე პატარაც კი იყო. სამაგიეროდ ანიკოს ღრმად მოხუცებული ბებია და პაპა ჰყავდა. ისინი სიბერისაგან სრულიად დაყრუვდნენ და მათი ჩურჩული მეზობელ ოთახშიც კი ესმოდა ანიკოს. აი, ასე გადაიქცა ანიკო ყოვლისმცოდნედ და ბავშვებმა ყველაფერი ვიცოდით, რასაც ასე გულმოდგინედ გვიმალავდნენ უფროსები.

მალე ჩვენ საკუთარი თვალით ვნახეთ ლტოლვილები, როდესაც მათ ჩვენს ქალაქს ჩაუარეს და ბორცვებთან დაბანაკდნენ. ეს ადამიანები სადაც მოხვდებოდათ, იქ იდებდნენ ბინას – ხეების ძირში, გამოქვაბულებში, ბუჩქებსა თუ ორმოებში… თვეში ერთხელ წითელჯვრიანი ვერტმფრენი მოფრინდებოდა ხოლმე და საჭმელს, ჩასაცმელს, წამლებს ყრიდნენ ზემოდან. ზოგჯერ ისეც ხდებოდა, ვერტმფრენიდან კალათას ჩამოუშვებდნენ და რამოდენიმე ადამიანი მიჰყავდათ თან. ლტოლვილთა ნაკადს კი ბოლო არ უჩანდა. ლტოლვილთა ნაწილი გზას აგრძელებდა, მაგრამ უმრავლესობა იქვე იხოცებოდა და მალე ბორცვებზე უზარმაზარი სასაფლაო გაჩნდა. ლტოლვილები კეთროვანებივით, განმარტოებით ცხოვრობდნენ – არც ისინი ეკარებოდნენ ქალაქს და არც ქალაქის მცხოვრებლები აწუხებდნენ მათ. თუმცა, მე მინახავს, როგორ ავსებდა დედაჩემი მოზრდილ კალათას საჭმლითა და ძველი ტანსაცმლით, ხოლო შებინდებისას, კალათით ხელში, მამა ბორცვებისაკენ მიდიოდა. ანიკოსგან ვიცოდით, რომ ნახევარი ქალაქი ერთმანეთისაგან მალულად, ამგვარად ეხმარებოდა ლტოლვილებს. ერთადერთი კუკუ ჩუქუ-ჩუქუ იყო, ვინც ბედავდა და დღისით-მზისით მიდიოდა ლტოლვილებთან, კუკუ ჩუქუ-ჩუქუ ხმამაღლა ლანძღავდა ქალაქელებს და ყველას დასანახად, დემონსტრაციულად გადადიოდა ხიდზე. კუკუ ჩუქუ-ჩუქუს საქციელმა გამბედაობა შეგვმატა ბავშვებს, გაგვიქრა ლტოლვილების შიში და მშობლების დატუქსვისაც აღარ შეგვშინებია. ბაჭაჭყანა ელენიკომაც კი გაბედა და დაუკითხავად წამოიღო შინიდან პური. ჩვენ ბანაკის სიახლოვეს დავდეთ პური და გამოვიქეცით. ამის შემდეგ ყოველდღე მოგვქონდა სახლიდან მოპარული პური, კარაქი, ყველი, კუკუ ჩუქუ-ჩუქუს ბაღიდან მოპარული ხილი და იმავე ადგილას ვალაგებდით, სადაც ელენიკოს წამოღებული პური დავტოვეთ. ტოლვილებს ნელ-ნელა მივეჩვიეთ. ეს უმწეო, დაუძლურებული, უწყინარი ხალხი გვებრალებოდა, მაგრამ ამავე დროს გვეზიზღებოდა კიდეც – მათი ბანაკის აუტანელი სიმყრალე ქალაქამდეც კი აღწევდა. დაფლეთილი, ჭუჭყისგან აქოთებული სამოსის, ჩირქიანი და სისხლიანი ნაჭრების გროვები მათთან მიახლოების სურვილს გვიკარგავდა. ისინი საშინელი შესახედები იყვნენ, ხეიბრები, საპყარი მთვარეულები. ლტოლვილებში ერთ ჯანმრთელ ადამიანსაც ვერ ნახავდი – ზოგი ცალხელა იყო, ზოგი თვალებდათხრილი ან ცალფეხა… მაგრამ ყველაზე უცნაური ის იყო, რომ მათ ბავშვები არ ჰყავდათ. მოგვიანებით ანიკოსგან გავიგეთ, რომ ბავშვებს „გამარჯვებულები“ ხოცავდნენ: ცოცხლად წვავდნენ, ჭებში ყრიდნენ, ფეხმძიმე ქალებს კი ხიშტებს ურჭობდნენ მუცელში.

ერთხელ, როცა კვლავ გადავიპარეთ კუკუ ჩუქუ-ჩუქუს ბაღში, მოულოდნელობისგან ადგილზე გავქვავდით – მოაჯირზე ჩამოყრდნობილი კუკუ ჩუქუ-ჩუქუ მშვიდად ესაუბრებოდა ლტოლვილს. ლტოლვილი ცალთვალა გოლიათი იყო – დაფლეთილ-დაგლეჯილ ტანსაცმელში გახვეულს უამრავი იარა და ნაჭრილობევი ადგილები უჩანდა.  მაგრამ, ემჩნეოდა, რომ ჯანმრთელი კაცი იყო და სხვა ლტოლვილებისაგან განსხვავებით, არ ყარდა.  ლაპარაკს რომ მორჩნენ, მსუქანამ დიდი ბოხჩა გადასცა და ერთმანეთს დამშვიდობებისას ხელი ჩამოართვეს. მოულოდნელად, ლტოლვილი ჩვენსკენ მობრუნდა და ხმამაღლა თქვა: „თქვენ, ძალიან კარგი და კეთილი ბავშვები ხართ!“  გაოგნებისგან ენა ჩაგვივარდა. ისღა მოვახერხეთ, რომ ვეცით გასასვლელს და თავქუდმოგლეჯილები გავიქეცით. ამის შემდეგ სამი დღე სახლიდან ცხვირი არ გამოგვიყვია. მერე თანდათანობით გაგვიქრა შიში და ჩვენი სახლების შორიახლოს დავიწყეთ თამაში. ეგ იყო, კუკუ ჩუქუ-ჩუქუს ბაღისკენ გახედვისაც კი გვეშინოდა, ხოლო ბორცვებზე თამაშზე ფიქრიც ხომ ზედმეტი იყო. უფროსები და მშობლები გაოცებულები კითხულობდნენ, რა ჭირთ ამ ბავშვებსო. ყველაფრის ნებას გვრთავდნენ, მაღაზიაში გვაგზავნიდნენ, მალე ალბათ ბორცვებზეც გაგვიშვებდნენ. ბოლოს კი დაასკვნეს, დიდმა არეულობამ ამ ახტაჯანებზეც კი იმოქმედაო.

ერთხელ, ჩემს ოთახში რომ ვთამაშობდი – უცხო ხმა გავიგონე. გამოვედი ოთახიდან და გავშეშდი – დედა და მამა მაგიდასთან ისხდნენ და ცალთვალა გოლიათთან ღვინოს სვამდნენ. მამამ სუფრასთან მიმიხმო, მაგრამ ნაბიჯიც ვერ გადავდგი. „როგორ ხარ, ბაღების რისხვავ? მამაშენი კარგი კაცია!“ – გამიღიმა ცალთვალამ.

მამა მოსამართლე იყო, მაგრამ არც მტერი ჰყოლია და არც ცუდი მსმენია მასზე. მამაჩემის სიკვდილის შემდეგაც კი, ხალხი ამბობდა, რომ მამასავით პატიოსან და სამართლიან კაცს ძნელად იპოვიდი.

– მოხვალ, თუ არა, სტუმარს ხომ უნდა მიესალმო! – თქვა მამამ.

– შენი მეზობელი პროკურორი დარდობს, რომ ხილი ულპება! – მითხრა გოლიათმა.

– მაშ ანზორს ხილს თქვენ პარავდით?- გაეცინა მამას.

აი, ასე გავიგე, რომ მსუქანას ანზორი ერქვა და რომ ის პროკურორია. მე ძალიან მიყვარდა მამას მუხლებზე ჯდომა და მოსმენა, თუ როგორ ელაპარაკებოდა დედას, ან როგორ უსმენდა მამა – როცა, დედა როიალზე უკრავდა.

გოლიათის გაცნობის შემდეგ უკვე გავბედეთ ბავშვებმა ბორცვებზე გაპარვა და თამაში. ანიკოსგან გავიგეთ, რომ გოლიათს გუჯა ერქვა და რომ მისი ოჯახი ჯერ აწამეს და მერე დახოცეს. გაკოჭილ გუჯას კი აიძულებდნენ ამ საშინელებისთვის ეცქირა. როცა შვილების დახოცვის ჯერი დამდგარა, გუჯამ თვალები დახუჭა. „გამარჯვებულები“ შეეცადნენ მისთვის კოვზით გაეღოთ თვალები და როცა ეს ვერ შეძლეს – კოვზით ამოთხარეს თვალი.

ერთხელ ანიკომ ახალი ამბავი მოგვიტანა. თავიდან ჩვენ არ დავიჯერეთ და ვიფიქრეთ, რომ ეს ანიკოს ფანტაზიის ნაყოფი იყო. ანიკო გვიმტკიცებდა, რომ ბანაკში ბავშვი ჰყავდათ. ანიკო მოგვიყვა, რომ ბავშვი გუჯამ გადაარჩინა: თურმე გუჯამ მძინარე ბავშვი დაიკრა ზურგზე; მოიგონა, ვითომდა კუზიანი იყო და ასე გამოაპარა ბავშვი. ჩვენ ერთხმად გადავწყვიტეთ, რომ ახლავე გვენახა ბავშვი. ანიკომ გაგვაფრთხილა, რომ ეს არც ისე იოლი იყო. ჯერ ერთი, ბანაკთან ძალიან ახლოს მოგვიწევდა მისვლა, მერე კიდევ, ლტოლვილები თვალის ჩინივით რომ უფრთხილდებოდნენ პატარას, ესეც უნდა გაგვეთვალისწინებინა. მაგრამ ჩვენ ისე გვინდოდა და გვაინტერესებდა პატარა ლტოლვილის ნახვა, უკან არაფერზე დავიხევდით. ეგ კი არა, თუ საჭირო გახდებოდა, ბანაკშიც შევიდოდით. იმ ბავშვისთვის საჩუქრებიც კი შევაგროვეთ და ბორცვებისკენ გავსწიეთ. ბანაკთან მისვლა ძალიან გაგვიჭირდა. ქვემოდან ადიდებული მდინარე მოგვბღაოდა, ქარი სახეში გვცემდა. ფრიალო კლდეებზე და ხრამებზე საცალფეხო ბილიკებით გადავდიოდით, ფეხები გვიკანკალებდა, მაგრამ ერთმანეთს ჩაბღაუჭებულები მაინც წინ მივდიოდით. თითქმის მივაღწიეთ ბანაკს, რომ უეცრად შიშისგან და აუტანელი სიმყრალისგან ელენიკოს თავბრუ დაეხვა. ელენიკო ტიროდა, ხმამაღლა გაჰკიოდა და ადგილზე ტრიალებდა. ანიკო ეფერებოდა და აწყნარებდა ელენიკოს. ელენიკო კი ტიროდა და ტიროდა. მოულოდნელად ანიკოს ფეხი დაუსხლტა და მდინარეში გადავარდა. ჩვენ ყვირილი დავიწყეთ და ტირილით ვითხოვდით შველას. ბანაკიდან მაღალი კაცი გამოვარდა და მდინარეში გადაეშვა. ეს კაცი გუჯა იყო. გუჯა დიდხანს ებრძოდა მდინარეს – ხან ტალღებში ქრებოდა, ხან ამოყვინთავდა. ჩვენ მას ნაპირ-ნაპირ მივდევდით. ბოლოს გუჯამ ამოიყვანა ანიკო და ბალახზე დააწვინა. გუჯა მკერდზე აწვებოდა ანიკოს, მაღლა წევდა და აქანავებდა, პირში უბერავდა, ატრიალებდა. შემდეგ გუჯა ქვიშაში ჩაჯდა. სახეზე ხელები აიფარა და ტირილი დაიწყო. შორიდან ვუყურებდით, როგორ დატოვა გუჯამ ანიკო და ხიდისკენ მიმავალ ბილიკს გაუყვა. ელენიკო აღარ ტიროდა. უეცრად უჩვეულო ხმაური შემოგვესმა. შევტრიალდით და დავინახეთ, რომ ლტოლვილთა ბანაკი მოფუთფუთე ჭიანჭველების ბუდედ ქცეულიყო. ბანაკიდან უცნაური ზუზუნი ისმოდა. მალე ზუზუნი გუგუნში გადაიზარდა და ეს ხმაური თანდათან მოგვიახლოვდა, ყველა მხრიდან ლტოლვილები მოდიოდნენ: ხეიბრები ბრმებს მოუძღოდნენ, ზოგი ჯოხს ეყრდნობოდა, დაუძლურებულები საკაცეებით მოჰყავდათ, საპყარ-დაფეხვილები ფორთხვით მოიწევდნენ ჩვენსკენ. აუტანელმა სიმყრალემ და ლტოლვილებმა შთანთქეს ანიკო. ჩვენ მას ვერ ვხედავდით. ანიკოს გარს შემოხვეული ლტოლვილები რაღაცაზე მსჯელობდნენ, კამათობდნენ და ყვიროდნენ. შემდეგ, ლტოლვილები დადუმდნენ, წრე გაშალეს და ჩვენ ისევ დავინახეთ ანიკო. ანიკოსთან ქალების პატარა ჯგუფი დარჩა. ერთ ქალს ბავშვი ეჭირა. ჩვენ პირველად დავინახეთ პატარა ლტოლვილი. შორიდან ვერ გავარჩიეთ, გოგო იყო თუ ბიჭი. მოხუცმა ქალმა ანიკოს საცვალი გახადა და თავიანთ ბავშვს ჩააცვა. მერე ბავშვი მაღლა ასწიეს, რათა ყველას დაენახა. აღტაცებულმა ლტოლვილებმა ერთხმად იღრიალეს. ანიკოს კაბაც გახადეს, ფეხსაცმელებიც… და ანიკოს სამოსში გამოწყობილ პატარას ყველას დასანახად, მაღლა სწევდნენ და ატრიალებდნენ. ლტოლვილების საზეიმო პროცესია წამოძახილებითა და გნიასით გაემართა ბანაკისაკენ. ბავშვი ხელიდან ხელში გადადიოდა. ყველა ეფერებოდა და კოცნიდა თავიანთ პატარას. პატარას გამო ლტოლვილები რამდენჯერმე წაიჩხუბნენ. ყავარჯნები, ჯოხები, ქვებიც კი დაუშინეს ერთმანეთს, ყველას უნდოდა ლამაზად ჩაცმული ბავშვის ხელში აყვანა, შეხება და მოფერება.

მწვანე მდელოზე მკვდარი, შიშველი ანიკო იწვა. ანიკოსი არ გვეშინოდა. ანიკო ჩვეულებრივი გამხდარი, ლამაზი გოგო იყო. ჩვენ მაინც ვერ გავიგეთ რას უმალავდა ანიკო ელენიკოს. ანიკოს „იქ“ ყველაფერი რიგზე ჰქონდა.

საღამოს ჩემს ოთახში ვიჯექი და იმ სათამაშოებს ვარჩევდი, ანიკომ რომ მაჩუქა – ნიჟარებს, ჯარისკაცებს, სახანძრო მანქანას… ეს მანქანა, ანიკომ ბექას ჯიბრით მაჩუქა. უეცრად ყვირილი, კივილი და ხალხის გუგუნი შემომესმა. ოთახიდან გამოვვარდი. გაფითრებული მამა ფანჯარასთან იდგა. დედა სკამზე იჯდა და ტიროდა. ქუჩიდან ხმაური და მსხვრევა-მტვრევის ხმა ისმოდა. ფანჯარასთან მივირბინე, მაგრამ მამამ ხელი მტაცა და მშვიდად მითხრა: „შენ, ეს არ უნდა ნახო!“ მამას დავუსხლტი და ქუჩაში გავვარდი. აბობოქრებული ადამიანების ბრბო დასისხლიანებულ გუჯას მოათრევდა და გაჰკიოდა: „ნაჭერ-ნაჭერ ავკუწოთ! ჩავქოლოთ! ჩამოვახრჩოთ!“ გუჯას მუშტებით, ფეხებით, ჯოხებით სცემდნენ. ქვებს ესროდნენ და აფურთხებდნენ. ხალხი ჩვენს ფანჯრებთან იკრიბებოდა: „მოსამართლე, გარეთ გამოდი და გაასამართლე! ჩამოახრჩვე! პროკურორი მოვიდეს! სად არის პროკურორი?! სად არის მოსამართლე?!“

გუჯა ცენტრალურ მოედანზე, ჩვენი სახლის წინ ჩამოახრჩვეს. შემდეგ გვამი თოკებით გამოაბეს ფურგონს და ჩირაღდნებით ხელში, ბღავილითა და ღრიალით ქუჩა-ქუჩა დაათრევდნენ გუჯას სხეულს.

ღამით მშობლების ოთახში შევედით. დედა და მამა სხვადასხვა საწოლზე ისხდნენ. მამა ერთადერთ ფრაზას იმეორებდა – „ანიკო შიშველი იყო, გუჯას სველი ტანსაცმელი ეცვა!“

– „მამა, შენ და კუკუ ჩუქუ-ჩუქუმ გუჯა ჩამოახრჩვეთ!“

– „ანიკო შიშველი იყო, გუჯას სველი ტანსაცმელი ეცვა!“- იმეორებდა მამა.

– „მამა, შენ ხომ იცოდი სიმართლე?! მამა, შენ და კუკუ ჩუქუ-ჩუქუმ სიკვდილი მიუსაჯეთ გუჯას!“

იმ ღამით დამესიზმრა, რომ ბექამ, ნოდარიკომ და ელენიკომ თავიანთ მშობლებს სიმართლე უთხრეს. ყველაფერი თქვეს, რაც სინამდვილეში მოხდა.

ანიკოს სიკვდილიდან  დიდი დრო გავიდა. დავბერდი. ანიკოსა და გუჯას სიკვდილი, ასე თუ ისე, გასაგები გახდა ჩემთვის. მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, გუჯას არ გაუხდია ანიკოსთვის, მაინც გასაგები გახდა ჩემთვის, თუ რატომ მიუსაჯეს მამაჩემმა და კუკუ ჩუქუ-ჩუქუმ გუჯას ჩამოხრჩობა. იმასაც ვხვდები, რომ რაც უნდა კოხტა ჩასაცმელი ჰქონოდა ანიკოს, გუჯა არასოდეს გახდიდა და არასოდეს არავის ჩააცმევდა მკვდარი ბავშვის ჩასაცმელს. მაგრამ დღემდე ვერ გამიგია, ლტოლვილებმა რატომ გახადეს მკვდარ ანიკოს და ასე ზარზეიმით რატომ  ჩააცვეს თავიანთ სათაყვანებელ არსებას მკვდარი ანიკოს საცვალი და პატარა მოკლე კაბა. იქნებ ანიკოს და გუჯას სიკვდილი და პატარა ლტოლვილისთვის ანიკოს ტანსაცმლის ჩაცმა ერთი დიდი სიკვდილი იყო ჩვენი ქალაქისათვის?!

© არილი

Facebook Comments Box