ესე (თარგმანი),  რეცენზია (თარგმანი)

ჯონ ფაულზის "ფრანგი ლეიტენანტის ხასა"

კრისტოფერ ლემან-ჰაუპტი
ჯონ ფაულზის “ფრანგი ლეიტენანტის ხასა” სამგზის წაკითხვას საჭიროებს

გაფრთხილებთ: სანამ ჯონ ფაულზის ახალი რომანის კითხვას დაიწყებდეთ, დარწმუნდით, რომ ბუხარში დანთებულ ცეცხლს შეშის მხოლოდ ერთი ნაფოტი აქვს შეკეთებული. თუ, საუბედუროდ, არა გაქვთ ბუხარი, რომელსაც უნდა მიუჯდეთ ამ წიგნის კითხვისას, გამოიყენეთ მაღვიძარა – მისი წკრიალი გამოგაფხიზლებთ ხოლმე. რომანი შეიცავს 467 გვერდს, და რაც არ უნდა სწრაფად კითხულობდეთ, სისხლის ცირკულაციისთვის მავნეა ერთ მდგომარეობაში ხანგრძლივად ყოფნა. აიძულეთ თავი, დროდადრო ადგეთ და იმოძრაოთ. ეს წიგნი გვთავაზობს იდუმალებით აღსავსე ამბებს, რომლებიც დაუოკებელ ცნობისმოყვარეობას აღგვიძრავს და გვაიძულებს, ხარბად, სულმოუთქმელად დავეწაფოთ მას. ასე გრძელდება ნაწარმოების ბოლო გვერდამდე (და შემდეგაც). როდესაც “ფრანგი ლეიტენანტის ხასას” პირველად გავეცანი, ვეღარ მოვითმინე და წიგნი ხელმეორედ გადავიკითხე. მისი თითოეული ეპიზოდის აღქმისას ვითვალისწინებდი რომანის დასასრულს. დრო რომ მქონოდა, წიგნს კიდევ ერთხელ გადავიკითხავდი. ამასთან, ნაწარმოების ენა ძალზე დახვეწილი და სადაა, მაგრამ ტექსტის არსის წვდომა საკმაოდ ძნელი საქმეა.
ჯონ ფაულზის ნაწარმოები იმდენად “რომანულია”, რომ ავტორმა ის სწორედ ამ მიზეზით შენიღბა ვიქტორიანული რომანტიკითო, იფიქრებს ზოგიერთი მკითხველი. მოქმედება ვითარდება 1867 წელს. რომანის მთავარი გმირი, ჩარლზ სმითსონი მალე უნდა დაქორწინდეს მდიდარი კომერსანტის მშვენიერ ასულზე, ერნესტინა ფრიმენზე. ჩარლზი შუახნის (32 წლის) ძალ-ღონით აღსავსე მამაკაცია. ის წარჩინებული ოჯახიდანაა (იმედოვნებს, რომ მემკვიდრეობით მიიღებს ბარონეტის ტიტულს) და, როგორც მრავალმხრივ განათლებული და პროგრესული მეცნიერი, დარვინის თეორიის მიმდევარია.

საბედისწერო შეხვედრა
ერთ დღეს ჩარლზმა, რომელიც საცოლესთან ერთად ზღვის ნაპირზე სეირნობდა, დაინახა განმარტოებით მდგარი უცნაური ქალი. ამ უკანასკნელმა “დაჟინებული მზერა ისარივით სტყორცნა შორეულ ჰორიზონტს”. ერნესტინა დაინტერესდა უცნობის ვინაობით, და ჩარლზმა შეიტყო, რომ ეს იყო სარა ვუდრაფი, ფრანგი საზღვაო ოფიცრის ყოფილი სატრფო.
სარა არ გამოირჩეოდა უზადო სილამაზით, მაგრამ მისი მზერა და ქცევა მეტყველებდა განსაკუთრებული, იდუმალი თავისებურებების შესახებ, ერნესტინა კი მეტად პროზაული არსება გახლდათ. რომანის პირველივე გვერდი გვაგრძნობინებს, რომ სარას და ჩარლზის ცხოვრებისეული გზები უნდა გადაიკვეთოს, მაგრამ ფაულზი ოსტატურად ახერხებს ამ შეხვედრის გადავადებას გაურკვეველი დროით. აქედან გამომდინარე, გმირების შეხვედრა მარტოოდენ ჯადოსნური ეროტიკული ურთიერთობების მომასწავებელ შესაძლებლობად წარმოგვიდგება. და, საბოლოო ანგარიშში, რა არის უფრო მაცდუნებელი, ვიდრე შესაძლებლობა? (შევნიშნავთ, რომ თუმცა ფაულზის პროზა მორალისტის აღშფოთებას ნამდვილად არ გამოიწვევს, მაგრამ მწერალი კარგად იცნობს პორნოგრაფიულ ვიქტორიანულ ლიტერატურას.) მოკლედ, რომანი უკიდურესად ვიქტორიანულია და თუ დიკენსის თაყვანისმცემელი ბრძანდებით, დაღუპულხართ.
ერთი მითხარით, რა საჭიროა ვიქტორიანული რომანი რობ-გრიიეს ეპოქაში? რა ღირებულება აქვს სახეცვლილ გოთიკას (“კოლექციონერი”, “მოგვი”) თანამედროვეობისთვის? აქ გვებადება ერთგვარი ბუნდოვანების, გაურკვევლობის შეგრძნება. წიგნის პირველივე გვერდი ააშკარავებს, რომ ფაულზს არ სურს, დაკმაყოფილდეს მე-19 საუკუნის მანერების, მორალის, ლიტერატურის, ხელოვნებისა და მეცნიერების გონებამახვილური (და ხშირად – ბრწყინვალე) ანაქრონისტული კომენტირებით. ამ მხრივ სასიამოვნოდ გვაოცებს არა მარტო “ფრანგი ლეიტენანტის ხასაში” გადმოცემული ამბავი, არამედ – ნაწარმოების ფორმაც, და მოლოდინი განუზომლად ამძაფრებს ზემოხსენებული ბუნდოვანების განცდას.

ორნაირი დასასრულის ალტერნატივა
ნება მომეცით, შევაჯამო. შეიძლება, მკითხველი სიმპათიით ან აღტაცებით განიმსჭვალოს ჩარლზის მიმართ; 1960-იანი წლების განათლებული ადამიანები გაიზიარებენ გმირის დარვინისტულ თვალსაზრისს სარა ვუდრაფის შესახებ და თანაუგრძნობენ ქალის შეუპოვარ სიძულვილს ვიქტორიანული მორალისადმი; ზოგიერთი სარას ცხოვრებაში საკუთარ ბედს ამოიცნობს; რომელიმე ჩვენგანი დაინტერესდება ნაწარმოების დასასრულით, ხოლო მავანი პიროვნება იმასაც განჭვრეტს (ალღოს აუღებს რა ფაულზის ჩანაფიქრს), რომ ამბავი სასიკეთოდ დამთავრდება.
ამასთან, ირკვევა, რომ ფაულზის წინაშე წამოჭრილია რთული დილემა; ამ უკანასკნელს მწერალი თავაზიანად განმარტავს 55-ე თავში, სადაც აღწერილია ავტორისა და ჩარლზის ერთობლივად გამგზავრება ლონდონში (დიახ, ზუსტად ასეა). ფაულზმა არ იცის, როგორ დაასრულოს ნაწარმოები. მას არ ძალუძს მანიპულირება ინტრიგით, ანუ ის ვერ ახერხებს, “აუწყოს მავან მკითხველს, როგორი იყო მავანი პერსონაჟის წარმოდგენით, სამყარო”, რადგან რომანში აღწერილი ამბავი ასი წლის წინ მოხდა და “ჩვენთვის ცნობილია ყველა მოვლენა, რაც ამ ხნის განმავლობაში განხორციელდა”. მწერლის აზრით, ერთადერთ გამოსავალს წარმოადგენს წიგნის დამთავრება ფინალის ორი ვარიანტით.
მწერალი განაგრძობს თხრობას. პირველ შემთხვევაში ნაწარმოები მთავრდება ამაღელვებელი, სასიამოვნო “დიდი იმედებით”, ე.ი. ეროტიზმის სრული განზავებით ფაულზის მომხიბვლელ თხრობაში. ესაა სწორედ ის ამბავი, რომელსაც ველოდით.
შემდეგ დგება მეორენაირი დასასრულის ჯერი. ის ამსხვრევს მკითხველის სენტიმენტალურ მგრძნობიარობას, რომლითაც სიამოვნებით ვიმსჭვალებით ხოლმე, და გიგანტური ნაბიჯით ფარავს დისტანციას ვიქტორიანულ რომანსა და “ახალ რომანს” შორის. ამგვარი ფინალი გვაიძულებს, გაოცებით ვიკითხოთ, მაინც რომელ საუკუნეს ახასიათებდა მეტი სექსუალური თავისუფლება – მე-19-ს თუ მე-20-ს? ზოგიერთი მკითხველი გაოგნდება. სხვებს კი – გაეცინებათ. ასეა თუ ისე, “ფრანგი ლეიტენანტის ხასა” წარმოადგენს შესანიშნავი რომანისტის მოულოდნელ, მაგრამ პროგნოზირებად შემოქმედებით მიღწევას.

The New York Times
Book Review, 1969,
10 ნოემბერი.

ინგლისურიდან თარგმნა თამარ ლომიძემ

Facebook Comments Box