თარგმანი,  კულტურა/ლიტ.თეორია,  ლექცია,  ლიტერატურათმცოდნეობა

ტონი მორისონი – სანობელე ლექცია

“იყო და არა იყო რა, იყო ერთი დედაბერი. ბრმა, მაგრამ ბრძენი“. თუ კაცი იყო? ალბათ, გურუ. ცელქი ბავშვების დამაწყნარებელი გრიოტი [დასავლეთ აფრიკაში ამბავთა მთხრობელი]. არაერთ კულტურაში მომისმენია ასეთი ისტორია ან მსგავსი.

“იყო და არა იყო რა, იყო ერთი დედაბერი. ბრმა. ბრძენი“.

ჩემთვის ცნობილ ვერსიაში ქალი მონების ქალიშვილია, აფროამერიკელი და მარტო ცხოვრობს ქალაქგარეთ, პატარა სახლში. ყველას ეჭვგარეშე სჯერა მისი სიბრძნის. თავის ხალხში კანონს თავადვე აწესებს და არღვევს. მისდამი შიში და პატივისცემა შორეულ ადგილებს სწვდება. ისეთ ქალაქებსაც, სადაც სოფლის ქადაგის დამოძღვრებით ხალხი მხოლოდ თავს თუ შეიქცევს.

ერთ დღეს დედაბერს მისი თაღლითობის გამოაშკარავების სურვილით აღტყინებული რამდენიმე ახალგაზრდა ეწვევა. მარტივი გეგმა აქვთ: სახლში შევლენ და ერთ კითხვას დაუსვამენ, რომელზე პასუხს ქალი თავისი განსხვავებულობის – სიბრმავის, გამო ვერ გასცემს. მის წინ დგანან და ერთ-ერთი ეუბნება: „დედაბერო, ხელში ჩიტი მიჭირავს. მითხარი, მკვდარია თუ ცოცხალი.“

ქალი დუმს და კითხვას უმეორებენ: „ჩიტი ხელში რომ მიჭირავს, ცოცხალია თუ მკვდარი?“

პასუხი ისევ არ ისმის. დედაბერი ბრმაა – ჩიტს კი არა, თავის სტუმრებსაც ვერ ხედავს. არ იცის მათი კანის ფერი, სქესი ან წარმომავლობა. მხოლოდ მათ განზრახვას ხვდება.

ქალი იმდენხანს დუმს, რომ ახალგაზრდები სიცილს ძლივსღა იკავებენ.

ბოლოს რბილი, მაგრამ მკაცრი ხმით ალაპარაკდა: „არ ვიცი,“ პასუხობს. „არ ვიცი, ჩიტი მკვდარია თუ ცოცხალი, მაგრამ ვიცი, რომ შენს ხელშია“.

მისი პასუხი შეიძლება ასე გავიგოთ: თუ მკვდარია, ან ასეთად იპოვე ან თავად მოკალი. თუ ცოცხალია, ჯერაც შეგიძლია მისი მოკვლა. მისი სიცოცხლე შენს ხელშია. ნებისმიერ შემთხვევაში, პასუხისმგებლობა შენზეა.

თავიანთი უპირატესობისა და ქალის უმწეობის გამოვლენის გამო ახალგაზრდები გაიკიცხნენ – უთხრეს, რომ მათ სინდისზეა არა მხოლოდ დაცინვის მცდელობა, არამედ ამისთვის გამოყენებული უსუსური არსების სიცოცხლეც. ქალმა მათი ყურადღება ძალაუფლების დამტკიცების მცდელობიდან, პროცესში გამოყენებულ ინსტრუმენტზე გადაიტანა.

„ხელებში მოქცეული ჩიტის“ სავარაუდო მნიშვნელობაზე მსჯელობა ყოველთვის მხიბლავდა , მაგრამ ჩემი საქმიანობის წყალობით, ამჟამად ყველაზე მეტს ვფიქრობ ამაზე. ამიტომაც გადავწყვიტე, ჩიტის სიმბოლოს უკან ენა დავინახო, ხოლო ქალის მიღმა – მწერალი.

აწუხებს, როგორ ექცევიან ენას, რომელიც დაბადების წამიდან ჩაესმის, რომლებზეც ღამე ეწვევიან სიზმრები. თავიანთი საძაგელი მიზნების სამსახურში აყენებენ და ზოგჯერ მის გამოყენებასაც კი კრძალავენ. როგორც მწერლისთვის, ენა ნაწილობრივ სისტემაა, სხვა მხრივ – ცოცხალი ორგანიზმი, მაგრამ უპირველეს ყოვლისა არის სუბიექტი, რომლის ქმედებებსაც ყოველთვის მოჰყვება შედეგები. ამიტომ ბავშვების მიერ დასმული კითხვა: „ცოცხალია თუ მკვდარი?“ შორს არ დგას სიმართლისგან – ენა სიკვდილისკენ, წაშლისკენაა მიდრეკილი, ხოლო მისი გადარჩენა ნებითა და ძალისხმევითაა შესაძლებელი. დედაბერს სჯერა, თუ ჩიტი მკვდარია, სტუმრებს ეკისრებათ მის გვამზე პასუხისმგებლობა. ენას კი არა მხოლოდ მასზე საუბრის შეწყვეტა, არამედ გაქვავებული შინაარსების სიყვარული კლავს. ცენზურასა და შეუბრალებელ რეფორმებში გატარებულს ნარკოტიკული ნარცისიზმის, ექსკლუზიურობისა და დომინირების შენარჩუნების სურვილის გარდა სხვა მიზანი არ გააჩნია. მაგრამ, გინდ სულს ღაფავდეს, მისი ზეგავლენა მაინც დიდია – გუდავს ინტელექტს, აჩლუნგებს სინდისს და თრგუნავს ადამიანის პოტენციალს. გადასინჯვისადმი რეზისტენტულს არ ძალუძს ახალი იდეების მიღება, სხვათა აზრების ჩამოყალიბება, ამბავთა მოყოლა და დამაბნეველი დუმილის შევსება. უგუნურობამდე სანქცირებული ოფიციალური ენა თვალწარმტაც, გულმოდგინედ გაპრიალებულს აბჯარს ჰგავს, რომლის ტარებაზეც რაინდს უკვე დიდი ხანია უარი განუცხადებია. მაგრამ ჯერაც აქაა: უგუნური, ავაზაკი, სენტიმენტალური, სკოლის მოსწავლეებში პატივისცემას რომ აღძრავს, ხოლო დესპოტებს – თავშესაფარს, ცრუ მოგონებებს – დასაყრდენს, საზოგადოებას კი ჰარმონიას რომ სთავაზობს.

დედაბერი დარწმუნებულია, როცა ენა უყურადღებობის, გულგრილობისა და უპატივცემულობის გამო კვდება, მის გვამზე პასუხისმგებელი კი თითოეული მოსაუბრეა. მის სამშობლოში ბავშვები ენას იმტვრევენ. მაგრამ იცის რომ ეს ენობრივი თვითმკვლელობა მხოლოდ ბავშვებს როდი აურჩევიათ. ეს პირველ რიგში, სახელმწიფოს ინფანტილური მეთაურებისა და ძალაუფლების მქონე ვაჭრების გადაწყვეტილებაა, რომელთა ენას ადამიანური ინსტინქტის კვალი აღარ შერჩენია, რადგან ისინი მხოლოდ ან დამორჩილებულთ, ან დასამორჩილებლებს ესაუბრებიან.

სისტემური ძარცვა შეიმჩნევა მოსაუბრეთა ტენდენციაში, მუქარისა თუ მორჩილების მიზნით დაივიწყონ  ენის ნიუანსური და კომპლექსური მახასიათებლები. შემზღუდველი ენა მხოლოდ კი არ ასახავს ძალადობას – თავადაც ძალადობაა; მხოლოდ კი არ გვაჩვენებს ცოდნის საზღვრებს – ამ კედლებად თავადვე იქცევა. იქნება ეს მთავრობის ბუნდოვანი თუ მედიის ყალბი ლექსიკა; აკადემიკოსთა ამაყი, თუმცა გაქვავებული მეტყველება ან პროდუქტზე ორიენტირებული სამეცნიერო ენა; ეთიკისგან დაცლილი საკანონმდებლო ტერმინები თუ უმცირესობებთან გაუცხოებისთვის სპეციალურად შექმნილი სიტყვები – ჩვენ უნდა გამოვავლინოთ, უარვყოთ და შევცვალოთ ისინი. ეს ენა სისხლს სვამს, დაუცველობას დევნის, თავის ფაშისტურ ჩექმებს პატივმოყვარეობისა და პატრიოტიზმის კრინოლინის ქვეშ მალავს და დაუნდობლად მიიწევს გონიერების ფსკერისკენ. სექსისტური, რასისტული თუ თეისტური – თითოეული სანქცირებული ენის უბრწყინვალესი გამოვლინებაა, ამიტომ არ ძალუძს ახალი იდეებისა და ცოდნის წახალისება.

დედაბერს კარგად ესმის, რომ მის აზრებს არც ერთი დაქირავებული ინტელექტუალი, დაუოკებელი დიქტატორი, პოლიტიკოსი, დემაგოგი ან ყალბი ჟურნალისტი არ გაიზიარებს. მოქალაქეთა დასარაზმად, სავაჭრო ცენტრების, სასამართლო დარბაზების, საფოსტო ოფისების, სათამაშო მოედნების, ბულვარებისა თუ საძინებლების დასარბევად და არასაჭირო მსხვერპლის შესანიღბად გრძნობებზე მოთამაშე ლექსიკა ჯერაც არსებობს და კვლავ იარსებებს. კიდევ უფრო მოღონიერდება ენა გაუპატიურების, წამებისა და მკვლელობის აღსაკვეთად; უფრო მაცდურსაც შეთხზავენ ქალების გასაქრობად, გასაჩუმებლად;  კვლევის საბურველით შენიღბავენ სათვალთვალო მექანიზმს პოლიტიკური თუ ისტორიული გათვლებით მილიონი ადამიანის ტკივილის დასადუმებლად; ამპარტავნულ და ფსევდოემპირიულ ენას შექმნიან შემოქმედებითი ადამიანების არასრულფასოვნებისა და უიმედობის გალიებში დასამწყვდევად.

მჭევრმეტყველების, მომხიბვლელობის, მეცნიერული ასოციაციების მიღმა, რაც არ უნდა აღმაფრთოვანებელი ან მაცდუნებელი იყოს, ასეთი ენის გული ნელ-ნელა ცივდება, ან შესაძლოა საერთოდ აღარც სცემს – თუ ჩიტი უკვე მკვდარია.

დედაბერი ფიქრობს, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ნებისმიერი დისციპლინის ინტელექტუალური ისტორია თუ იგი დაჟინებით არ მოითხოვდა მის მსახურებს დრო და ცხოვრება დომინირების საჭიროების რაციონალიზაციაში ეხარჯათ – მომაკვდინებელი დისკურსებით, რომლებიც შემეცნების გზას როგორც გალავანს მიღმა დარჩენილთ, ისე მის შიგნით მყოფთ უღობავს.

 საყოველთაოდ მიღებულია, რომ ბაბილონის გოდოლი ნგრევის უბედურებაზე მიგვითითებს. რომ არქიტექტურულმა პროექტმა ვერ გაუძლო მრავალი ენის სიმძიმეს. ერთი, საზიარო ენა კი სამოთხემდე ასვლის შესაძლებლობას მოგვცემდა. „ვის სამოთხემდე?“ – ფიქრობს დედაბერი. „როგორ სამოთხემდე?“ იქნებ, ჯერ ადრე იყო ცათა სასუფევლის დამკვიდრება, თუ დრო ვერავინ გამონახა სხვისი ენა ესწავლა და მისი შეხედულებები გაეზიარებინა? ასე რომ ექნათ, იქნებ ზეცა ფეხქვეშ აღმოეჩინათ? რთული და მომთხოვნი, მაგრამ სამოთხე აქ და ახლა, ამ სიცოცხლეში, სიკვდილამდე და არა მის შემდეგ.

დედაბერს არ სურდა, თავისი ახალგაზრდა სტუმრებისთვის დაეტოვებინა შთაბეჭდილება, თითქოს ენის შენარჩუნება თვითმიზნურია. მას სიცოცხლისუნარიანობას რეალურსა და წარმოსახულს შორის საზღვრის გავლების უნარი უნარჩუნებს. ენა ხშირად ანაცვლებს გამოცდილებას, თუმცა თავისთავად მის შემცვლელი არ არის. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სასაფლაოდ ქცეულ ქვეყანაზე ფიქრისას წარმოთქვა, რომ მსოფლიო მის სიტყვებს არ მოიგონებს, მაგრამ სამუდამოდ ემახსოვრება ადამიანები, რომლებმაც სისხლი დაღვარეს. დედაბერს ამ ფრაზის უბრალოება ააღელვებს. ფაქტი, რომ თავისთავში არ ირეკლავს რასობრივ ომში 600 000 დაღუპული ადამიანის რეალობას. მისი სიტყვებიდან გამოჭვივის მოწიწება იმ სიცოცხლის მიმართ, რომელსაც გლოვობს, მაგრამ ვერ გამოთქვამს. ეს პატივისცემა ხიბლავს. აღიარება, რომ ენა ვერასდროს შეძლებს ცხოვრებას გაუთანაბრდეს. ას არც უნდა ქნას. მონობას, გენოციდსა და ომს ვერასდროს მოიხელთებს. არც უნდა ეყოს მცდელობისთვის თავხედობა. მისი ძალა და სიქველე სწორედ სწრაფვაა მიუწვდომლისკენ.

[…]

სიტყვებთან მუშაობა ამაღლებული საქმეა, ფიქრობს დედაბერი, რადგან წარმოქმნის აზრებს, რომლებიც ერთმანეთისგან განგვასხვავებს და ამით, როგორც სახეობას, გვმიჯნავს სიცოცხლის სხვა ფორმებისგან.

ჩვენ ვკვდებით და, შესაძლოა, ესაა ცხოვრების აზრი. მაგრამ სანამ ვცოცხლობთ, ენით ვმეტყველებთ. ეს კი, შესაძლოა, იყოს ცხოვრების საზომი.

„იყო და არა იყო რა…“ სტუმრები დედაბერს კითხვას უსვამენ.

ვინ არიან ეს ბავშვები? ამ შეხვედრით რა მოიგეს? ბოლო სიტყვებიდან: „ჩიტი შენს ხელშია,“ რა აზრი გამოიტანეს? რა დაინახეს – შესაძლებლობა თუ შეზღუდვა? ალბათ, ბავშვებმა გაიგონეს: „რა ჩემი პრობლემაა. მოხუცი ვარ, ქალი, შავი და ბრმა. ერთადერთი სიბრძნე რაც გამაჩნია არის ცოდნა, რომ ვერ დაგეხმარებით. ენის მომავალი თქვენს ხელშია.“

იქ დგანან. იქნებ, ხელში სულ არაფერი უჭირავთ? დავუშვათ, მათი სტუმრობა ერთგვარი ხრიკი იყო, რომ უფროსს მათთან სერიოზული საუბარი გაება? შანსი, ზრდასრულთა სამყაროში შეჭრილიყვნენ. გადაუდებელი კითხვები აწუხებთ. მაგალითად, „ჩიტი ჩემს ხელში, მკვდარია თუ ცოცხალი?“ იქნებ ამით გულისხმობდნენ: „შეუძლია ვინმემ გვითხრას, რა არის სიცოცხლე? რა არის სიკვდილი?“ იქნებ, ოინი არაფერ შუაშია და მათი კითხვა მოხუცისა და გამოცდილის ყურადღებას მართლა იმსახურებს? თუ პასუხი მასაც არა აქვს, მაშინ ვისღა უნდა ჰკითხონ?

დედაბერი დუმს, საიდუმლოს ინახავს; საკუთარ თავზე კარგ წარმოდგენას ინარჩუნებს; ხელოვანია ვალდებულების გარეშე. დისტანციას იჭერს, მანძილს ზრდის და მარტოობისკენ ისწრაფვის, დახვეწილი და პრივილეგირებული სივრცისკენ.

მის განცხადებას პასუხი არ მოსდევს. სიჩუმე ღრმაა, დედაბრის წარმოთქმული სიტყვების მნიშვნელობაზე უფრო უძირო. სიჩუმე თრთის და გაღიზიანებული ბავშვები მის შევსებას ადგილზევე შეთხზული ენით ცდილობენ.

„ვერაფერს გვეტყვი?“ ეკითხებიან. „ერთ სიტყვასაც ვერ გაიმეტებ, შენი წარუმატებლობის დასაძლევში რომ დაგვეხმარო? იმ ბარიერის გადალახვაში, სულგრძელობასა და სიბრძნეს შორის რომ აღგიმართია?

„ხელში ჩიტი არ გვიჭირავს. არც მკვდარი და არც ცოცხალი. მხოლოდ შენ გვყავხარ და ეს მნიშვნელოვანი კითხვა. ნუთუ არ შეგიძლია ჩვენს ხელში დაჭერილი სიცარიელის განჭვრეტა ან ამოცნობა? არ გახსოვს ახალგაზრდობა, როცა ენა იყო აზრისგან დაცლილი ჯადოქრობა? როცა შეუძლებელი იყო, რისი თქმის უნარიც გქონდა, იმას მნიშვნელობა ჰქონოდა? როცა წარმოსახვა უხილავის შეცნობას ცდილობდა? როცა კითხვებზე პასუხის მიღების სურვილის ცეცხლი მხურვალედ ელავდა და არ ცოდნის ბრაზი გაკანკალებდა?

ჩვენი ცნობიერებაც იმ ბრძოლით უნდა დაიწყოს, რომელშიც თქვენ უკვე იომეთ და წააგეთ, რის გამოც ახლა ხელში არაფერი გვიჭირავს, შენი წარმოსახვის გარდა? შენი პასუხი ოსტატურია, მაგრამ ეს ოსტატობა ჩვენ გვარცხვენს და შენც უნდა შეგრცხვეს. შენი პასუხი უხამსი თვითტკბობაა. ტელევიზიისთვის შეთხზული სცენარი, რომელიც უფასურდება, თუ ხელში არაფერი გვიჭირავს.

ხელი რატომ არ გამოგვიწოდე და შენი რბილი თითებით რატომ არ შეგვეხე? ჯერ გაგეგო ვინ ვიყავით, სანამ გაკვეთილს წაგვიკითხავდი. ჩვენი ოინი ისე შეგძულდა, რომ ვერც შეამჩნიე შენი ყურადღების მიპყრობას როგორ ვცდილობდით? ახალგაზრდები ვართ. მოუმწიფებლები. მთელი ჩვენი ხანმოკლე სიცოცხლე გვესმის, რომ უნდა ვიყოთ პასუხისმგებლები. ეს რას უნდა ნიშნავდეს, ასეთ კატასტროფად ქცეულ სამყაროში? სადაც, როგორც პოეტმა თქვა, „არაფრის გამოვლენა არ არის საჭირო, რადგან უკვე გაშიშვლებულია ყველაფერი“. ჩვენი მემკვიდრეობა შეურაცხყოფაა. გსურთ თქვენსავით მოხუცი და ცარიელი თვალები გვქონდეს, რათა მხოლოდ სისასტიკესა და მედიდურებას ვხედავდეთ. გგონიათ, იმდენად სულელები ვართ, რომ ეროვნული ფანტაზიით თავს მოვიტყუოთ? როგორ ბედავთ ჩვენს მოვალეობაზე გველაპარაკო, როცა თქვენი წარსულის შხამში ვიძირებით წელამდე?

თქვენ გვამარტივებთ ჩვენც და ჩიტსაც, რომელიც ხელში არ გვიჭირავს. ნუთუ, არ არსებობს ჩვენი ცხოვრების კონტექსტი? არც სიმღერა, არც ლიტერატურა, არც ვიტამინებით სავსე ლექსი, არც ისტორია, რომელიც დაგვეხმარება ცხოვრების ღირსეულად დაწყებაში? თქვენ უფროსი ხართ მოხუცი. ბრძენი. შეწყვიტეთ ზრუნვა საკუთარი სახის შენარჩუნებაზე. ჩვენს ცხოვრებაზე იფიქრეთ და თქვენი სამყარო აღგვიწერეთ. ამბავი შეთხზეთ. ნარატივია საფუძველი, რომელიც გამოთქმისთანავე ჩვენც შეგვქმნის. არ დაგადანაშაულებთ, თუ უნარი არ გეყოფათ; თუ სიყვარული იმდენად გაანათებს თქვენ სიტყვებს, რომ აალდებიან და ჩაიფერფლებიან; ან თუ ქირურგიული სიზუსტით მხოლოდ იმ ადგილს გაკერავთ, საიდანაც სისხლი ჟონავს. ერთხელ და სამუდამოდ გვეცოდინება, რომ ვერ შეძელით. არც ვნება და არც უნარი ხომ არასოდეს საკმარისი არ არის. მაგრამ გვეცოდინება, რომ სცადეთ. ყველას გულისთვის, დაივიწყეთ თქვენი სახელი. გვითხარით, როგორი იყო თქვენთვის სამყარო ყველაზე ბნელ და ნათელ პერიოდებში. არ დაგვარიგოთ რა უნდა გვწამდეს. გაგვაფრთხილეთ, რისი გვეშინოდეს. თქვენ, დედაბერო, სიბრმავით კურთხეული, შეგიძლიათ გვაუწყოთ ის, რისი გამოთქმაც მხოლოდ ენას ძალუძს: როგორ დავინახოთ ვიზუალური ხატის გარეშე. უსახელო საგნების შიშისგან მხოლოდ ენას შეუძლია დაგვიცვას. ენაა თავისთავადაა მედიტაცია.

„გვითხარი როგორია იყო ქალი, რომ შევიცნოთ რას ნიშნავს კაცი. რა იძვრის მის საზღვრებთან. როგორია აქ ცხოვრება, ნაცნობებს ჩამოშორება.

გვიამბე გემებზე, რომლებიც აღდგომისას მოშორდნენ სანაპიროს. მოგვიყევი მონების ვაგონებზე, სადაც ისე ნაზად მღეროდნენ, რომ მათი სუნთქვა ბარდნისგან არ განირჩეოდა. გუმანმა როგორ უკარნახა, რომ შემდეგი გაჩერება მათთვის ბოლო აღმოჩნდებოდა.  როგორ ფიქრობდნენ სექსის დროს მლოცველის ხელებით სითბოზე, შემდეგ კი მზეზე. თავს მაღლა სწევდნენ, თითქოს მის მოხელთებას შეძლებდნენ. სასტუმროსთან გაჩერდნენ. მძღოლი ლამპით ამხანაგთან ერთად შიგნით შევიდა და მგზავრები სიბნელის გუგუნში დატოვა. ცხენის ჩლიქებს ქვეშ თოვლი ორთქლდება და გაყინულ მონებს შურთ მისი დნობა.

„სასტუმროს კარი იღება: შუქიდან გოგო და ბიჭი გამოდიან. ვაგონის საწოლზე ცოცხლდებიან. სამ წელში ვაჟს თბილი სიდრის დოქისა და ლამპის ნაცვლად ხელში თოფი ეჭირება. სასმელს პირიდან პირში ცვლიან. გოგონა პურს, ხორცის ნაჭერს და კიდევ რაღაცას სთავაზობს: ჩააცქერდება თვალებში, რომლებსაც ემსახურება. და უყურებს. ისინიც უკან უმზერენ. შემდეგი გაჩერება მათთვის ბოლო იქნება. თუმცა ეს არა. ეს თბილია.“

ბავშვები საუბარს წყვეტენ. დედაბერი ჩამოწოლილ სიჩუმეს დაარღვევს:

„როგორც იქნა,“ ამბობს, „ახლა გენდობით. ჩიტს განდობთ, რომელიც თქვენს ხელში არაა, რადგან მისი დაჭერა ჭეშმარიტად შეძელით. შეხედეთ. რა მშვენიერია, ეს რაღაც, რაც ახლა ერთად შევქმენით“.

© არილი

Facebook Comments Box