ესე (თარგმანი),  კრიტიკა,  პორტრეტი

ჯონ ფაულზი – ფრაგმენტები დღიურებიდან

ხელოვანის პორტრეტი

ინგლისურიდან თარგმნა ქეთი ქანთარიამ

ჯონ ფაულზი ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რომანისტი იყო. ფაულზს სახელი და წარმატება არ იზიდავდა, თანამოკალმეებს უფრო ხშირად არ წყალობდა და ,,ლიტერატურის ბიზნესისგან’’გაბეზრებულმა თავი სოფელს და ოჯახურ ცხოვრებას შეაფარა. 2006 წელს ცალკე წიგნად გამოცემული მისი დღიურების ექსკლუზიური ამონარიდები იმ ადამიანის, მოუხეშავ გულწრფელობას და არაჩვეულებრივ ლირიზმს გვიმჟღავნებს, რომელსაც საკუთარი თავისთვის თუ მთელი სამყაროსთვის დაუნდობელი ბრძოლა ჰქონდა გამოცხადებული.

10 დეკემბერი, 1965 წელი, ლაიმ რეჯისი

როგორც იქნა, ,,მოგვის’’ სცენარზე მუშაობა დავამთავრე. მადლობა ღმერთს. თავისუფალი დრო გამიჩნდა და გრძნობები წამოშალა. ამ საუკუნემდე მწერლები გაცილებით მეტის მნახველები იყვნენ, მოვლენებში ისე ღრმად იყვნენ ჩართულები, დღეს ჩვენ უკვე წარმოდგენაც რომ გვიჭირს – დღეს სიტყვა ,,შემსწრეს’’ იოლად ვეღარც იხმარ, არქაულად ჟღერს. ფინანსური მდგომარეობის გამო მწერლებს ბევრი რამის კეთება (წერაც) დროის მოკლე დროში უხდებოდათ. იმპრესიონიზმი ალბათ აკადემიური ხელოვნების მობეზრებამ შვა. თუმცა, ასე მგონია, მის განვითარებას სწრაფად ქმნის საჭიროებამაც შეუწყო ხელი. შეიძლება აბსურდულადაც ჟღერდეს, მაგრამ, ჩემი აზრით, იმპრესიონიზმი მსახურების უყოლობამ შვა.

18 დეკემბერი

ამ დღეებში ელიზი გულგატეხილობას და გაღიზიანებას ვეღარ მალავს. გეგონება, ჩვენი აქაური თანაცხოვრების თავდაყირა დაყენება გადაუწყვეტია. ყველაფერში სრულყოფილებას ითხოვს, თუ მის მოთხოვნა არ კმაყოფილდება, რაღაც გაავება ეწყება. ერთი საათით მინდვრებში გასეირნება, დილაობით წერაც კი არ მეპატიება. ყველაფერი ამაოებად ეჩვენება, ყველაფერი დროის ფუჭად ხარჯვა ჰგონია… სძულს ეს სოფელი, სახლი, ვძულვარ მე, სძაგს ჩემი მწერლური ცხოვრება და რა თქმა უნდა, საკუთარი თავი ამ ყველაფრის გარემოცვაში. აქ ცხოვრება ამ ბოლო დროს ჩემთვის ზურგზე მოკიდებული ცხედრით მთაზე ასვლას ჰგავს. თუმცა, პატარ-პატარა კომპენსაციები, ბედნიერების წუთებიც არაა იშვიათი. მაგრამ ესეც გადის, და თანამეცხედრეს ჩივილები და გაავება უახლდება…
თითქოს თავისი ცხოვრების ისეთ ფაზაშია შესული, როცა მის ბუნებაში მამაკაცური მხარე იწყებს ჭარბობას. სულ მიმეორებს, რომ იმ ცხოვრებით ვერ ცხოვრობს, როგორიც თვითონ სურს. მაგრამ ყველა მისი ჩივილი გადაჭარბებულია. ვერ გავაგებინე, რომ მძაფრი ინტერესები, ძლიერი სურვილები არ გააჩნია, და ამიტომ უჭირს: სურვილების დაუკმაყოფილებლობის კი არა, მათი უქონლობის გამო. ვერ ავუხსენი, რომ ამ მდგომარეობიდან გამოსავალი სიყვარულია, და არა სიძულვილი.

18 იანვარი, 1966 წელი, ნიუ-იორკი

აქ ისეთი განცდა გიჩნდება, რომ რომანი დაწყევლილი ფორმაა; კიდევ ოციოდე წელიც, და საბოლოოდ გაქრება. თან ეს მიუხედავად იმისა, რომ მაგარყდიანი გამოცემები ძალიან ძვირია, კინოში საავტორო უფლებებს კარგი ფული მოაქვს. ჯერ არავის აქვს წარმოდგენა, ან წარმოდგენაც არ სურს, რომელი ფორმა დაიკავებს მის ადგილს. ისე ჩანს, რომ ბევრი ვერ აცნობიერებს, რამდენად ბევრი ისეთი შესაძლებლობა აქვს რომანს, რომლებიც სხვა სახელოვნებო ფორმებს არ გააჩნია. ეს ფორმები თანდათანობით რომანის ტერიტორიაზე იჭრება და თავს მის ადგილას იმკვიდრებს. სივრცე კი რომანსაც დიდი ჭირდება – ამ ტერიტორიებზე უნდა გაიზარდოს და განვითარდეს, რადგან აღქმის, ანალიზის და წარმოსახვის უნარი, თავისებურებები ადამიანს მუდმივად ეცვლება.

24 იანვარი, ლაიმ რეჯისი

ამერიკა ცოცხალია, ინგლისი კვდება. ინგლისური ხელოვნების, ინგლისელი პოპ-მომღერლების, ინგლისელი კრიტიკოსების და ჩემნაირი ინგლისელი მწერლების პოპულარობა დღეს ამერიკაში ისეთივე იშვიათობაა, როგორც ათენას კულტი ძველ რომში. ეს რეალობა კი არაა, უკვე რეალობიდან ჩვენს გასვლას ჰგავს. ჩვენ ამერიკას ვართობთ, მაგრამ არც ერთი თვალსაზრისით არ წარვმართავთ, წინ არ მივუძღვით.
ინგლისური დაღვრემილობა, ინგლისური მცირე ზომები, სინესტე; პატარა მანქანები, რომლებიც გაზრდას ლამობენ – ეს უსუსური მცდელობები იმ ძალაუფლების, ტექნოლოგიური კონტროლის მატების კვალდაკვალ, რომელიც ამერიკას გააჩნია.
ეს სახლი ცივია, ნესტიანი, უხალისო, მარტო გული აქვს თბილი – ძველი ბუხარი აღვადგინეთ. ელიზი ზუზუნებს, ნახევარ საათში ერთხელ ტირის. ეს ყველაფერი ისე არ ჰგავს ამერიკას, მისი ცენტარალური გათბობით, კომფორტით – სამყაროს, რომელიც ღილაკების დაჭერით იმართება. მაგრამ მთლიანობაში აქ გადმობარგებამ გაამართლა. რაციონალურად გამართლდა ყველაფერი რასაც ინტუიუტიურად ვგრძნობდი, რომ ქალაქი და მისი ერთიანად ამერიკანიზებული კულტურა (ამ სიტყვის ანთროპოლოგიური მნიშვნელობით) არაპოეტურია, არანამდვილი… მაიამიში ,,მოგვის’’ სცენარის დაწერას დავთანხმდი, მაგრამ დათანხმება მარტო ჩვენი აქაური ყოფის იმედად შევძელი, დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ მაქვს ადგილი, სადაც შემიძლია მთელ ამ რეაქტიულ-მოტორიან, წარმატების დევნაზე დამყარებულ ცხოვრებას გავერიდო. მე ზღვა მჭირდება, ღამეების სიბნელე; რაღაც თვალსაზრისით, ეს სიცივე, ეს ნესტიც მჭირდება, ყველა ყოფითი პრობლემა, რომლებიც აქ არ მელევა. კაცს ჩემს ასაკში დაახლოებით რაღაც ასეთი სჭირდება; ოცნებათა დევნის მერე დადგომა და გაჩერება; დაცხრომა; იმ რაღაცეების დაცვა, რასაც ასაკი ანადგურებს ან არ იმჩნევს.

16 თებერვალი

…სიყვარულს თავისი თეოლოგია ჭირდება. რაღაც ,,განუყრელობის მტკიცების’’ მსგავსი დოგმატი, ზეარსებობის დასაბუთება, შეურყვნელი კონცეპტი, რომელსაც ადამიანები ირწმუნებენ, ან, საკუთარი ნება-სურვილით, არ ირწმუნებენ.
ერთ-ერთი ჩვენი შეხლა-შემოხლის მერე ელიზს ვუთხარი, რომ ეს ადგილი, სადაც მას ცხოვრება ასეთი საძულველი ეჩვენება, ლექსში ცხოვრებას ჰგავს. ლექსს, საათებისგან შემდგარ წიგნს, განვლილი და ჯერ განსავლელი გაზაფხულების ნაზავს. აქაურ მინდვრებში ტრანსის მდგომარეობაში დავეხეტები. გარდა იმისა, რომ ფიზიკურად თავს აქ უფრო ჯანმრთელად ვგრძნობ, შთაბეჭდილებების გააახლებული, ცოცხალი ნაკადი მომდის. ასეთი განცდა ადრე მეუფლებოდა ხოლმე, სკოლის მოსწავლეობის ასაკში, მაგრამ მაშინ ამ მდგომარეობას მეოცე საუკუნელი მოზარდის თავში გამჯდარი ფსევდო-მეცნიერული ნაგავი, ხმაურიანი სახელების საეჭვო მნიშვნელოვნება მიმღვრევდა. ლექსის სტრიქონები უხვად მაწყდებოდა, თავად ლექსი კი – არა; ეს რაღაცით საბერძნეთს მაგონებს, რომლის არსებობაც სულ იგულისხმება, მუდმივად ახლოსაა, აფორიზმების და დაუსრულებელი პოეტური ნობათების წყაროა. ძერები ჩემს ბაღს სულ თავს დატრიალებენ (რადგან ცუდი მებაღე ვარ, დასატაცებელი კი ბევრი მაბადია), და სტრავინსკის მაგვარი სიმღერების თანხლებით, ძველ ჩინურ ჩანგს წამსგავსებული ხმით დამძახიან; პირველი ფერნაკლული იები ზღვისკენ დაქანებულ დაბლობებზე, მუშკის ყვავილების უეცარი მოლები აქაურ ტყეებში, ზღაპრული ბუები, რომელიც აქაურ ღამეებს ახმიანებენ; შავი, თეთრი და წითელი მარჯნის ფერი ფრინველები მოელვარე ლურჯი ზღვის ფონზე; ბოცვრის თვალებში ჩამდგარი შავ-რუხი სიღრმე – ესენი სულ საკუთარი ენის მქონე ლექსებია. ჩემი გაგებით, ლექსის წერა შემოქმედებითი აქტი არაა, დანახულის თარგმანია, სხვა არაფერი.

25 აპრილი, ლონდონი

ჯონ კონთან ერთად ,,მოგვის’’ სცენარის ადაპტირებაზე ვმუშაობ. ქარზონ სთრითზე, სასტუმრო ,,უოშინგტონში’’ ვცხოვრობ. პერსონალი მთლიანად უცხოელებისგან შედგება, რომელიც ყველაფერს უკუღმა აკეთებენ, ყველაფერი ფეხებზე კიდიათ. კარგი ამინდია, ყველა პრობლემა მაინც პიროვნული ხასიათისაა – ქალაქი მძაგს. საღამოობით, გარეთ რომ გავდივარ, ადამიანები ერთმანეთს გაავებულები უყვირიან, მანქანები აღმა-დაღმა გიჟური სისწრაფით დაქრიან, გვერდით მთვრალი მაწანწალა ყვირის. შეიცვალა ლონდონი ამ ექვს თვეში (მეც შევიცვალე, მაგრამ ეს სუბიექტური განცდა არაა), განცხრომაზე და გართობაზე, ახალგაზრდულ სიშლეგეზე შეიშალა; უბირი ქალაქი, ღვთის რისხვამდე დარჩენილი ბოლო ღამე.
ელიზიც პირველივე დღეს გადაირია, თმა რაღაც შუაევროპულ მოწითალო-მოყავისფრო ფერად შეიღება, კაბა იყიდა, რომელიც სრულებით არ უხდება… ეს ყველაფერი უკან მიხედვასავითაა, მის წარსულში დაბრუნებას ჰგავს, რომელიც ორივეს გუნებას გვიფუჭებს.
,,მოგვი’’ 2 მაისს გამოდის. რედქტორებს ვხვდები, ,,ქეიფ’’-ში ვსადილობ. თითქოს დოღის ცხენი ვარ, და სანამ ვიღაცას მაყურებლის წინაშე დასათვალიერებლად გამოვყავარ, ათასგვარი კომენტარის მოსმენა მიხდება. კომენტარები, რა თქმა უნდა, გამოკვეთილად თავაზიანია, მაგრამ, ვაი რომ სიტყვებს შორის კითხვა მეხერხება. არავინაა მწერლისთვის ისე უცხო, როგორც სხვა, მეორე მწერალი. რა ადვილად გადაგისვამენ ხაზს (იმიტომ რომ თვითონაც წერენ), მათი ცინიზმი, მათი ყოვლისმცოდნეობა…

8 მაისი

ახლა უკვე კრიტიკული წერილები წარმოსადგენზე გაცილებით ნაკლებ ტკივილს მაყენებს. ეს უფრო საღი რეაქცია მგონია – დაავადებულ კულტურაში სჯობს უარყოფილი იქნე, ვიდრე გაღიარონ.
სიამოვნება თვითონ წერას მოაქვს. მართლა ასეა, მაგრამ კიდევ ერთი განცდა, რომელიც ამ ბოლო დროს ხშირად მიჩნდება, ისაა, რომ რასაც მე ვწერ, შინაარსს და ღირებულებას იმის გამო იძენს, რომ ჩემი დაწერილია – ეს სიყალბეც იმავე სიმართლითაა განპირობებული. ვარგისიანობა და უვარგისობა ახლა ნაკლებად მატერიალური ცნებებია. ,,მოგვი’’ არსებობს, და მისი არსებობა უკვე გამართლებაა. ადრე ვწერდი, ახლა წერის უფლება მაქვს. რაღაც თვალსაზრისით ეს განცდა არტერიოსკლეროზის სინდრომის ნაწილი უნდა იყოს, მაგრამ მცენარე საკუთარი თავისთვის ნიადაგსაც ქმნის, რაც რომელიღაც ერთი ასპექტით საკუთარი თავის მნიშვნელოვნებას ჩაგვაგონებს, სხვა მხრივ კი ბედთან შერიგების ნიშანია.

28 მაისი

ელიზი ლონდონშია, ამიტომ მე საკუთარ თავთან მარტო ვარ დარჩენილი, ჩემს საკუთარ ლანდშაფტში, ინგლისისთვის გადასარევი ამინდია, უღრუბლო დღეები ერთმანეთს მოსდევს, ვარდები იფურჩქნება… მაგრამ მშვენიერი დღეების წყება მე დეპრესიას მმართებს, ბაღებს კი წვიმები წყურიათ. მარტოობა ცოლივითაა: ამ საუკუნეში, ჩემნაირი გაორებული ცნობიერების პატრონისთვის, მარტობაში ბედნიერების პოვნა შეუძლებელია. ჩემზე ყველა შემთხვევაში ცუდ გავლენას ახდენს…
,,მოგვშიც’’ სიმარტოვეა… ინგლისელი მკითხველისგან ჯერ ერთი წერილიც არ მომსვლია, არც ცუდი, არც საქებარი… არადა, წიგნი ამ თვის ბესტსელერების სიაში მოექცა. ინგლისელი მკითხველი მოკვდა; ოღონდ არა ინგლისური რომანი.

5 მაისი

ელიზი დაბრუნდა. ქანცგამძვრალი ადამიანის იერი ადევს… რასაც ლონდონზე მიყვება, ჩემს ბოლოდროინდელ შიშებს და ეჭვებს მხოლოდ მიმტკიცებს (თუმცა, არამგონია ამის გაცნობიერებამ დიდად გაახაროს). ჩვენი საზოგადოების დანაშაული იმაში მდგომარეობს, რომ ქალების ემანსიპირება მოახდინა, მაგრამ მათთვის კუთვნილი თავისუფლების მინიჭებაზე ან საამისოდ მომზადებაზე უარს აცხადებს. ქალები ჩვენი თანასწორები უნდა იყვნენ; არადა, ერთადერთი თანასწორობა, რომელიც მათ შევთავაზეთ, ის გამოდგა, რომ ჩვენნაირობა ვაიძულეთ, თავს ამ ცნების მამაკაცური დეფინიციები მოვახვიეთ (სოციალური და კარიერული თვალსაზრისით). ერთადერთი, ვინც მოგებული დარჩა, მასკულინური ტიპის ქალებია, ისეთები, ვისაც ჩვენი კოპირება შეუძლიათ. ნამდვილ ქალებს კი ის დაემართათ, რაც ბევრ გალიის ფრინველს თავისუფლების მოპოვების შემდეგ – ამ სამყაროში სრულიად უსუსურები აღმოჩნდნენ.

4 იანვარი, 1967

მაიკლ კეინს შობამდე შევხვდით… საფუძვლიანად უგვანი და უსიმპათიო ახალგაზრდაა, მისი გავარსკვლავება… კინოს არტისტული სტანდარტების მიმართ წინ წაწევა მხოლოდ შეურაცხმყოფელია. ერთადერთი იმედი, რომელიც მასთან დაკავშირებით გამაჩნია, თავად მასში დევს, და მის ახლანდელ პოპულარობასთან საერთო არაფერი აქვს – ეგებ მდარე ირონიის მიღმა, რომელსაც მისი ნიღაბი არ იშორებს, უკეთესი პიროვნება იმალებოდეს.
ორი დღის წინ აქ საღამოთი ტერი სტემპიც იყო – დორჩესტერთან ჰარდის მიხედვით ფილმს იღებენ, იქ მონაწილეობს. პრინც ჰამლეტის აურა, აბსურდული ამაოების მისთვის დამახასიათებელი განცდა აქამდე დასდევს, მაგრამ თავისი ძმაკაცის, კეინისგან განსხვავებით ამ ყველაფერს რაღაც მოხდენილობას და სიმსუბუქეს ანიჭებს. მისი შარმი თავისუფლების მისივე ბედნიერი განცდიდან მომდინარეობს; მე-18 საუკუნის ჯენტლმენის ,,აცვენილობა’’ აქვს.

15 იანვარი

თვიგისთან (60-იანი წლების დასავლური მოდის სახე – მთარგ.) ერთად ვსადილობ. მოდის სამყაროს იდიოტიზმის ბოლოდროინდელი განსახირებაა. ამ არსების არმოწონება შეუძლებელია. რა უმანკოებაა. საკუთარ საქციელზე პასუხიც კი არ მოეთხოვება.
ყვება, როგორ მოატარა ,,ჰერცოგმა ბედფორდმა’’ პარიზი თავისი როლს-როისით. ელისეს მინდვრებზე დროშები დაუნახავს, ბედფორდს მიბრუნებია და უკითხავს:
– სერ, თქვენ გაქვთ საკუთარი დროშა ?
– თითქოს სახლის თავზე ფრიალებს რ ა ღ ა ც…

15 იანვარი, 1969 წელი

დაახლოებით ორი კვირაა, ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დეპრესიის პერიოდი მიდგას. ბოღმა მახრჩობს, დროის მიმართ რაღაც აუხსნელი გაავება დამეწყო. მემგონი ეს გარკვეულად ბრიტანული ფენომენია: სიკვდილისადმი სწრაფვა, კატასტროფის მოლოდინი..
… ,,ვინ ვინ არის’’ ერთ-ერთი ამერიკული გამოცემიდან ძალიან სასაცილო კითხვა მომივიდა: რა მიზნები მაქვს ამ ცხოვრებაში? რომელ სფეროში და როგორი წვლილი მაქვს შეტანილი? სასაცილოა და გამაღიზიანებელი. რა თქმა უნდა, პასუხის გაცემა შეიძლება, თუმცა გაუცემლობა უფრო საღი რეაქცია იქნებოდა. მაინც მივწერე: ,,გაქცევა, და გაქცევაში სხვების დახმარება. ’’

14 თებერვალი, 1989 წელი

რუშდისთან დაკავშირებული ამბები. ელიზი პარანოიდალურ მდგომარეობაშია, მარწმუნებს, რომ რუშდის მხარი უნდა დავუჭირო. სრულიად აშკარაა, რომ ეს ზნეობრივი არჩევანის საკითხია. იქედან, რაც მის შესახებ მსმენია, ეგ კაცი დიდად არ მომწონს. თავად არ წამიკითხავს წიგნი, რომელმაც ისლამის სამყარო ასე გააღიზიანა. მაგრამ ვიცი, რომ შერყეულ ირანელ მოლებთან დაპირისპირებაში მის მხარეზე უნდა ვიყო. ყველა კანიდან ძვრება, რომ სიმართლის თქმისგან თავი დაიძვრინოს: მუსლიმანების უმეტესობა ძალიან პრიმიტიული ხალხია. ვეფხვს რომ დაუსრულებლად აღიზიანებ, რა თქმა უნდა, ბოლოს კლანჭებს გიჩვენებს.
და ამ ყველაფრის გამო, გარკვეული პრინციპების დაცვით, იძულებულები ვართ, მათი თავი მოხალისე მოწამეებად შევუშვიროთ. რა აბსურდია.

16 ივლისი, 1989 წელი

დილით ფეი უელდონმა დარეკა. სალმან რუშდი საღამოს სტუმრად ეყოლება, და გვკითხა, მივიდოდით თუ არა. ალბათ სხვა ასეთ მშვენიერ, თბილ დღეს უარს ვეტყოდით, მაგრამ შარშანდელი საეჭვო პოპულარობის შემდეგ სალმან რუშდისთან კიდევ ერთი შეხვედრის შანსი არ გამოვტოვეთ და დავთანხმდით.
ფეი ლარკბეროუში, ძველ სოფლურ სახლში ცხოვრობს. მისი ქმარი რონი, ადრე ნარკოტიკებით მოვაჭრე, ახლა კი მხატვარი, შინ დაგვხვდა, ასევე რამდენიმე ახალზელანდიელი გოგო თუ ქალი, რომლებიც აშკარად დასახმარებლად იყვნენ მიწვეულები, რამდენიმე მცველი (რუშდის ოთხი მცველი ჰყავს, ორი წყვილი – როგორც ჩანს, ერთიმეორის შესაშველებლად, პოლიციამ დაუქირავა). გვარიანად შემელოტებული კაცი, სათვალეს დაჩვეული სახით დავინახეთ – რუშდი სწორედ ეს იყო.
წინა ჯერზე, გრაუჩოსთან პირველად შეხვედრის შემდეგ მასზე აზრი დიდად არ შემცვლია – ცდილობს უფრო სხარტი, მახვილი გონების კაცად გამოჩნდეს, მაგრამ მაინც და მაინც ვერ არის; დაუოკებელი პატივმოყვარეობა მაშინვე თვალში გხვდება; ამაზრზენია ამის გაცნობიერება, მაგრამ ისლამისგან ანათემას გადაცემული კაცის ეს ახალი როლი გარკვეულწილად თითქოს მოსწონს კიდეც, ხომეინიმ ხომ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. ყველაზე საინტერესო მაშინ მეჩვენა, როცა ირანის ხელისუფლებისაგან გამოტანილი განაჩენის ამბავს ყვებოდა; როგორ გაიგო ეს ამბავი პირველადBბიბისის რადიოს თანამშრომლისგან; მის სახლს მაშინვე ათასი ტელევიზია და გადამღები ჯგუფი მიაწყდა; მათს უჩუმრად რუშდიმ საკუთარ აგენტთან, გილონ ეიტკენთან ერთად როგორღაც გაპარვა შეძლო და ცოლის, მარიან უიგინსის მიერ შორიახლოს, სამუშაოდ ნაქირავებ ბინაში ეძინა.
მაშინ საქმეში სკოტლენდ იარდი და უშიშროების ხალხი ჩაერია. რუშდის გასაკვირად (მაშინ ამ ამბავს კარგადაც გაუხალისებია), პოლიციელები, რომლებთანაც ახლო ურთიერთობა უხდებოდა, სულ სხვდასხვა კატეგორიის ხალხი აღმოჩნდა; ერთი გეი იყო, მეორე – მარქსისტი, მესამე – კვალიფიციური გეოლოგი და ასე შემდეგ; რუშდი ტეტჩერის მთავრობასთან თანამშრომლობას იქამდე ამრეზით უყურებდა, მაგრამ ამ მოვლენებში მათ მოქმედებას ხინჯი ვერ უპოვა; ირანი ბრიტანეთს დაემუქრა, და ვინც არ უნდა ყოფილიყო რუშდი, ხელისუფლებამ გამხეცებული უცხოელებისგან მისი დაცვა იკისრა. დაახლოებით პირველი საათისთვის, როცა შინ წასასვლელად ემზადებოდა (არ ვიცი, სად ცხოვრობს, მაგრამ რამდენადაც მივხვდი, ლონდონს გარეთ), მისი დაცვის წევრებმა, რომლებიც, არ ვიცი, მანამდე გარეთ ელოდებოდნენ, თუ ტელევიზორს უყურებდნენ, ყელამდე შეიარღებულებმა მოაკითხეს.
ფანატიკოსების თავდასხმის არ ეშინია, თვლის, რომ დაცვა საფრთხეს აარიდებს, მაგრამ კარგად გაწვრთნილი ტერორისტები, აბუ ნიდალის ჯგუფის მსგავსი თავზეხლაღებული, ჯილდოდ გამოცხდებულ თანხას და სკანდალურ სახელს დახარბებული ხალხი ბევრად უფრო საშიშები არიან.
რუშდი თვლის, რომ სწორად ვერ გაუგეს, უნდა, ამაზე კიდევ ერთი რომანი დაწეროს; იწერს ყველაფერს, რაც მის გარშემო ამ იძულებითი შინაპატიმრობის დროს ხდება, რასაც თავად გრძნობს. მიაჩნია, რომ ბევრ სიამოვნებასაა მოკლებული, თეატრს, კინოს, თავშეყრის მსგავს ადგილებს. რუშდის აზრით, მის ცოლსა და ვაჟს საფრთხე არ ემუქრებათ, რადგან ისლამი ოჯახის წევრების მეშვეობით ანგარიშსწორებაზე მაღლა დადგება. ამბობს, რომ პაკისტანში მის დებს ქალების მიმართ ისლამის დამოკიდებულება არ მოსწონდათ და ქმრები თავად აირჩიეს. ოჯახში ერთადერთი მე ვიყავიო, ყვებოდა, ვისაც გარიგებით დაქორწინება დაუპირესო, ულამაზესი გოგონა იყო, მაგრამ სამწუხაროდ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდაო.
რუშდის ერთი ნაწილი ბრიტანეთსა და ყველაფერ ბრიტანულს ძალიან კარგად იცნობს, განსაკუთარებით, ლიტერატურულ სამყაროსა და ლიტერატურულ სააგენტოებს. ამით გარკვეულწილად თომ მაშლერის და ფრედი რეფეიელის ყაიდის ებრაელებს მაგონებს, რომლებიც საკუთარ მდგომარეობას დაჰკანკალებენ, თვლიან, რომ მეტი სახელი და აღიარება ეკუთვნით; ამ ცოდნისათვის თავის მოყრა და საკუთარ სამსახურში ჩაყენება, ისე როგორც კონრადმა მოახერხა, რუშდის არ გამოსდის; ეს ბოლომდე ინგლისელი ვერასდროს გახდება. რაღაცნაირად ორივე უნდა, ინგლისელობაც და იმ თავისუფლების და კრიტიკულობის შენარჩუნებაც, რომელიც უცხოს გააჩნია. უნდა რომ ჩვენ გვიყვარდეს, ვეთაყვანებოდეთ, თავად კი განსმდგომად დარჩეს.
ეს ყველაფერი, შესაძლოა, ლამაზად არ გამოიყურებოდეს, მაგრამ სიკვდილისათვის თვალებში შემყურე ადამიანს ბევრი რამე ეპატიება. ბესტსელერების ჩამონათვალებში მოხვედრის მხრივ ბედი კი სწყალობს, მაგრამ, რა თქმა უნდა, პირადი თავისუფლებები ძალიან შეეზღუდა.

29 ოქტომბერი, 1968

ედნა ო’ბრაიენი

სრულიად აშკარაა, რომ ჩვენ მისთვის სასიამოვნო ხალხის სიაში აღარ ვწერივართ. ამასწინანდელი შეხვედრისას ლოყაზე ვაკოცე და ჩემს წინააღმდეგ ავიმხედრე. მგონი მას, თუ მის ცხოვრებისეულ პრინციპს იმითაც კი ვიმხედრებთ, რომ ქორწინებაში ვცხოვრობთ. ან შეიძლება სახიფათო ლიტერატურულ მეტოქედ მივაჩნივარ, სიმყარის და უძრაობის ფილოსოფიის ერთგვარ პერსონიფიცირებად, რომლის საპირისპირო პოზიციასაც თავად ფოლადის სიმტკიცით განასახიერებს. ედნა საშიში ქალია, კლასიკური სირინოზი. შევსწრებივარ, როგორ იყენებდა საკუთარ შარმის დიდ-დიდ ულუფებს სხვა მამაკაცების მიმართ. მათ თვალებში იგივე ამოვიკითხე, რაც ალბათ ,,ოდისევსის’’ მეზღვაურებს ეწერათ სახეზე – ,,კიდევ თქვი რამე, და დაბმული ავეხსნები’’.

27 ივლისი, 1972

ჯოის კეროლ ოუთსი

როცა ვუთხარით, რომ ჯოისს სტუმრად ველოდებოდით, ტომ მაშლერმა გვითხრა: ,,აბა ღმერთის შემწეობა არ გაწყენთ’’, და ჩვენც ჩავთვალეთ, რომ მაღალი საზოგადოების ძალაუფლებისმოყვარე, ავტორიტეტულ ძუ ლომს ვიხილავდით. მის ნაცვლად რაღაც სრულიად განსხვავებული, ლიტერატურული წრეების სტანდარტებიდან ამოვარდნილი (როგორც ჩანს, მე ეს სტანდარტები მეტისმეტად აწეული მაქვს) ქალი მოვიდა. მისი ნაწერების წაკითხვა ბევრჯერ მიცდია, უზარმაზარ და ჩახუჭუჭებულ წიგნებს წერს. საინტერესოა, ეს ფაქიზი, მორცხვი არსება შემოქმედებაში თავს სულ სხვაგვარად ავლენს. ალბათ შემიძლია ვთქვა, რომ მომწონს, რასაც ეს ქალი წარმოადგენს.

* * *
კარელთან [კარელ რეიში, ფილმის ,,ფრანგი ლეიტენანტის ცოლი’’ რეჟისორი] და ბეტსისთან [მისი ცოლი] ვსადილობთ. ამ კაცის მიმართ თავდაპირველი ნეიტრალური დამოკიდებულება თანდათანობით სიმპათიაში გადამეზარდა. უცნაურად ,,აღმოსავლელი’’, ბუდასებრი ადამიანია, არამარტო გარეგნულად; უსაზღვრო მოთმინების პატრონი, მხიარული, ოპტიმისტი. სანამ ელიზი და ბეტსი ზედა სართულზე საუბრობდნენ, ჩვენ ლივერპული-აბერდინის მატჩს ვუყურებდით. მალროს არაერთხელ მოსინჯული La Condition Humaine გადასაღებად შესთავაზეს, და მემგონი, ხელს მოკიდებს კიდევაც, როგორც თვითონ ამბობს, მისი ბოლო ფილმიც ეს იქნება. მერე ზემოთ ჩაის ვსვამთ, და ჰაროლდის [პინტერი] და ანტონიას [ფრეიზერი] ქორწილზე ვსაუბრობთ. მალე ჰაროლდის სცენარი [ფილმისთვის ,,ფრანგი ლეიტენანტის ცოლი’’] უნდა გამოქვეყნდეს, მე მცირე შესავალი დავურთე: გულწრფელად ვაღიარე, რომ ჩემი წიგნების მიხედვით ფილმების გადაღებას გულგრილად ვუყურებ.
…ფილმის გადაღების პირველ დღეს კიდევ ერთი სასაცილო ამბავი მოხდა. ერთ ელექტრიკოსს მეორისთვის უკითხავს, ,,ეს ორი გამოშტერებული ვინაა, იქ რომ დგანან?’’
,,აზრზზე მოდი. მაგ ერთმა გამოშტერებულმა ეს წიგნი დაწერა, მეორე სცენარისტია.’’
,,ხო. მეც ეგრე ვიფიქრე. ეს წვერიანი თხა მწერალი იქნება. ის მეორე ნახმარი მანქანების გამყიდველს უფრო გავს.’’
ჰაროლდი რაღაც განსაკუთრებული პეწით იცვამს, ჩაცმის თავისუფალ სტილს არ აღიარებს. როგორც კი მის ნევროზებს შევეჩვიეთ, ჰაროლდიც შეგვიყვარდა. მოდუნებულ მდგომარეობაში ძალიან სასაცილო ვინმეა; კოხტად ფრაზირებულ ანეგდოტებს ყვება, რომლებსაც, მე ისეთი ეჭვი მაქვს, რომ წინასწარ რეპეტიციასავით ამზადებს; მერე რა, ამით არაფერი აკლდება. ერთხელ მე და ტომი მარშვუდ ვეილში ჰაროლდს და ანტონიას სადილად ვესტუმრეთ. სადილობა დავასრულეთ თუ არა, ანტონიას მაგიდაზევე ჩამოეძინა – ისე ჩანდა, რომ ჩვევა აქვს ეგეთი – და ჰაროლდმა თავიანთი სიყვარულის პირველი ღამის ამბავი მოგვიყვა. გრძნობის გამჟღავნება მოხდენილად უნდოდა, და ჩათვალა, რომ საამისოდ ლექსებზე უკეთეს ხერხს ვერ ვერ მოიგონებდა. ანტონია მოვიდა, სავარძელში ჩაჯდა. ჰაროლდი ფაქიზად ნარჩევ ლექსებს კითხულობს, გამოთქმით, ფრაზებზე აქცენტებს აკეთებს, ეფექტის მოხდენა სურს. რამდენიმე წუთის მერე თავს მაღლა სწევს. ანტონია ღრმა ძილსაა მიცემული.
მე და ანტონია მე-17 საუკუნის ისტორიაზე ვსაუბრობდით ხოლმე. ამის მერე, ტომი სხვა ვერაფერზე ფიქრობდა: როგორ მოხდა, რომ ეს ქალი ადრე ჩემი საყვარელიც იყოო.
მემგონი ჰაროლდი ბუნებით დენდია. აქედან მოდის ენის და სტილის მისთვის დამახასიათებელი უზუსტესი შეგრძნება, და შესაძლოა, მისი მართლაც ძალზე უჩვეულო სოციალური ნიღაბიც. ერთხელ ის და ანტონია ერთ ტიტულიან ცოლ-ქმართან ერთად გვესტუმრნენ, რომლებსაც სახლი ბროუდუინძორთან აქვთ. ყოფაში იტონდამთავრებული კაცივით იქცევა: ხმა, მანერულობა, ყველაფერი შესაბამისი აქვს. მარტო ყოველივე სოფლურის, ბუნების მიმართ მისი სრული გულგრილობაა ჯერაც ებრაული; კიდევ, ალბათ, კოპწიობით და კოხტაობით თერძისთვის დამახასიათებელი თვისებები; რაღაცით მისტერ ჯოროქსს ჩამოგავს: ქალაქელია, რომელიც სხვა გარემოში თავს მუდამ წყლიდან ამოგდებული თევზივით გრძნობს. ბაირონის და შატობრიანისეული კიდევ უფრო მეტი სცხია, ადამიანის, რომელიც სადაც უნდა იყოს, გარშემო ცხოვრების საკუთარ სტილს ამკვიდრებს – ზეპური ცხოვრების, მაღალი კლასის გადმოსახედიდან მსოფლიო სევდით იმზირება. რა თქმა უნდა, ამ ორი დიდი რომანტიკოსის საზოგადოებრივი გავლენა, სიმამაცე, იმათნაირი სატანური ჟინი არ გააჩნია. თუმცა, მისი და ანტონიას ამბავი, მათი ,,გაქცევა’’ გარკვეულად ამ ყველაფრის ნიშნებს მაინც შეიცავს. ასე მგონია, რომ ცხოვრებაშიც ამ როლისკენ მიისწრაფვის; მისი ნევროზები იმაზე მიუთითებს, რომ უზადო ექსტერიერის მიღმა შავნაღვლიანი გული იმალება.
არის ერთი რაღაც, რასაც ფინალური სცენის პირველ ვარიანტში, როცა ჩარლზი და სარა ერთმაენთს კიდევ ერთხელ ხვდებიან (ამ სიტყვის ვიქტორიანული გაგებით), ჰაროლდი ვერ გაუმკლავდა; ჩემი აზრით, იმის გამო, რომ ემოციური მუხტის შეტანის აუცილებლობა არ აღიარა. თუმცა, როცა სცენა ხელმეორედ დავწერე და მერე მას და კარელს ერთად წავუკითხე, არ შემომდავებია. ეს ყველაფერი უსიამო ნალექის, მცირე გაღიაზიანების გარეშე მოხდა, მეგობრობის და თანამშრომლობის სულისკვეთებით, რაც კინოს ხალხს შორის მგონი საკმაოდ იშვიათი ხილია.
კარელი და მერილი [სტრიპი] უზომოდ დაძაბულები იყვნენ, ელოდებოდნენ, ხომ არ განსხვავდებოდა ჩემი ხედვა მათისგან… საბოლოო შედეგზე ლაპარაკი ჯერ მიჭირს. მემგონი საკმაოდ გაბედული ნამუშევარი იქნება. ვნახოთ, რა გამოვა.

9 თებერვალი, 1970 წელი, ლაიმ რეჯისი: ე მ ა

უცნაური შაბათ-კვირა მქონდა. აქ ერთი ქალია, ორი პატარა ბავშვით, რომლებიც სახელმწიფო დახმარებაზე ცხოვრობენ. ქორწინება დაიმსხვრა, ქმარი ღარიბ-ღატაკი მხატვარი იყო. ამიტომ, დახმარების იმედად, ბავშვები აქ გადმოიყვანა. მასში ლონდონელ წვრილბურჟუათა ფენის ცნობიერება ამოიცნობა, თუმცა, როგორც ჩანს, მერე იყო ამბოხი, მხატვრის ყოფა, ხელოვნებაში ჩაძირვა, და როგორც მე ვვარაუდობ, უპასუხისმგებლობა – ყველა თვალსაზრისით. იყო მსხვერპლის როლი, და იმაში, რომ გარემოებებს თვალი ვერ გაუსწორა, ვერ მოერია, ამ ქალს ვერც ვერავინ გაამტყუვნებს.; მაგრამ მაინც არის მასში რაღაც, რაც მე მძაგს – ალბათ, ის კულტურა და კულტურული დამოკიდებულებები, რომელთა გავლენითაც ჩამოყალიბდა ეს ადამიანი. ხელმოცარულობასთან გადაჯაჭვული ამაოების განცდა, ბოჰემური ეგოცენტრიზმი.
მაგრამ ამ კვირადღის უცნაურობა მის ქალიშვილებთან, რვა წლის ემასთან და ექვსი წლის სოფისთან ნაცნობობას უკავშირდება. ის, რაც ჩვენს შორის მოხდა, ერთი ნახვით სიყვარულს გავდა. ემა მე მომეჯაჭვა, სოფი – ელიზს. ერთი მხრივ, მათი უმშობლობის განცდა იყო, მეორე მხრივ – ჩვენი უშვილობა ამის მიზეზი. რა თქმა უნდა, ამ ურთიერთობას ქველმოქმედების სუნიც დაკრავდა: ყოველ თბილ მზერას, ყოველ საჩუქარს ეს ბავშვები პირდაპირ და უდანაკრაგოდ იღებდნენ, ისეთი სისუფთავით, რომ ხანდახან სუნთქვა მეკვროდა და გული მეკუმშებოდა. ქვემოთ, მთის ფერდობზე, ჩამავალი მზის სხივებში ენძელების დასაკრეფად წავიყვანე; ყოველთვის მძაგდა ის ხალხი, ვინც ჩემი ბაღის ყვავილებს წყვეტდა, მაგრამ ამათ შეუძლიათ მთელი ბაღი ჩემი პირწმინდად მოასუფთაონ. ამ ბავშვებმა გაცემა ისეთ ნეტარებად მიქციეს, რომელსაც მხოლოდ ის სიხარული შეედრება, რომლითაც ესენი ჩემგან გაცემულს იღებენ; მერე გავაცნობიერე, რომ ემა ალბათ ის ერთადერთი ადამიანია, ვინც ჩემს ბაღს ზუსტად ისე ხედავს, როგორც მე; რომელსაც ჯერაც ჩემი ნაკლული (სივრცის, თავისუფალი აღზრდის და ა.შ) ბავშვობის თვალები აქვს. ყველა კარგი ბავშვი ძენ-ბუდისტია; სარეველად და ბაღის ყვავილად დაყოფა ამათთვის გაუგებარია.
ემას თხელი, თეთრი ვარდისფერდაკრული სახე აქვს, საფეთქლებთან კანქვეშიდან ცისფერი ძარღვები მოუჩანს, თავისი პატარა თვალებით უჩვეულოდ პირდაპირ იყურება; ხან კალთაში მეჯდა, ხან ჩემი ხელები ეჭირა, ხან ზურგზე ამხედრებულს ვასეირნებდი.. მთელი მისი არსება უზომო ხიბლად მეჩვენებოდა. მცენარეებს ფაქიზად ეპყრობოდა, მათ სახელწოდებებს და შესატყვისებს ადვილად იხსომებდა. მასზე რომ ვფირობდი, მთელი კვირა თან რაღაც აუხსნელი განცდა დამდევდა, რაღაც მსგავსება, პარალელი – ახლა ვხვდები: ელის ლიდელი* (ლუის კეროლის პერსონაჟის პროტოტიპი ქ.ქ.). ასე მგონია, ელისიც ასეთი მხიარული სერიოზულობის, ფაქიზი გაბედულების ბავშვი უნდა ყოფილიყო, ერთდროულად გოროზიცა და დამყოლიც; იერში მგრძნობელობის ოდნავ შესამჩნევი ჩრდილით და ყველაზე მაღალი ხარისხის გონიერებით.
ვერ გავუძელი და კვირა საღამოს მათს გასაცილებლად სადგურზე ვერ გავედი. ვიცი, რომ ემა მთელი გზა იტირებდა; ალბათ მარტო ჩემი ასაკი თუ შემიშლიდა, რომ მასთან ერთად არ ავტირებულიყავი. ალბათ ჩემი უშვილობის გამო დამემართა ეს, თუმცა, შვილი არასდროს მდომებია – ყოველ შემთხვევაში წლების განმავლობაში ასე იყო, და ახლაც ასე ვარ. მე მარტო ეს, ეს ერთადერთი ბავშვი მინდოდა. მემგონი ამას ემაც მიხვდა; ასეთი ბავშვები ადამიანის აზრებს ჩვენზე ბევრად უკეთ კითხულობენ. მინდოდა პროზაული დედამისისთვის რაღაც ფული მეჩუქებინა, მაგრამ ელიზმა ჩათვალა, რომ ზამთრობით მათი გათბობის გადასახადის გადახდა და მათი სწავლებაც საკმარისი იქნება; ზუსტად ვიცი, როგორ უნდა აღზარდო ასეთი გონება. სანაპიროდან შინ რომ ვბრუნდებოდით, გზად ნავთობში ამოსვრილი ყარყატი ვნახეთ; ემას ავუხსენი, რომ ფრინველი ალბათ მოკვდებოდა; მე ასეთ ფრინველს არ მოვკლავდი, გადარჩენის მცირე შანსი ხომ მაინც ჰქონდა. ორმოცდაათიოდე იარდი რომ გავიარეთ, ლექსად მითხრა: ,,ვიღაც მოკვდება, ვიღაც იწვალებს, მაგრამ სიცოცხლე მაინც გრძელდება.’’ მე უკეთესი რითმა შევთავაზე. მოსინჯა, მაგრამ დამიწუნა.
ბავშვების სისუფთავეზე ვფიქრობდი: რა სისასტიკეა მათთვის იმის ჩვენება, რაც, შენი აზრით, სამოთხედ უნდა მოეჩვენოთ, და მერე ამ სამოთხის წართმევა. ემას უმცროსი და, სოფი პატარა საყვარელი მაიმუნი იყო, ცხოვრებაში იმას გაცილებით ნაკლები ტანჯვა შეხვდება. სოფი ფილოსოფოსობს, დედამისივით; ემა პოეტი იყო.
ისე რომ სულ არ მიკარნახია, მეორე დილას წინა დღით დაკრეფილი ენძელებისგან გვირგვინი მოწნა, თითქოს Poil de Carotte [ჟიულიენ დიუვივიეს 1931 წელს გადაღებული ფილმი] ჰქონდა ნანახი. იქ მოხუცი კაცი ორი ბავშვისთვის მდინარის ფონს ეძებს და სამშვიდობოს გადაჰყავს – ეს სცენა ფილმის ნახვის შემდეგ სულ თან დამსდევს. იმ გვირგვინით ორივეს სურათი გადავუღე. ჩემს გარდა ასეთებად მათ ვერავინ ვერასოდეს ნახავს. არც არავისთვის მინდა მათი ჩვენება.

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

Facebook Comments Box