
ინგლისურიდან თარგმნა მარიამ ჯანუაშვილმა
ადრეული ბავშვობიდანვე, ალბათ, ხუთი თუ ექვსი წლის ასაკიდან მოყოლებული, ვიცოდი, როცა გავიზრდებოდი, მწერალი გავხდებოდი. ჩვიდმეტიდან ოცდაოთხი წლის ასაკამდე ვცდილობდი, უარი მეთქვა ამ მოწოდებაზე, თუმცა, იმავდროულად, ვაცნობიერებდი, რომ ამით საკუთარ ჭეშმარიტ ბუნებას ვეწინააღმდეგებოდი და ადრე თუ გვიან, აუცილებლად დავჯდებოდი და წიგნებს დავწერდი.
სამიდან შუათანა შვილს ორივე დასთან ხუთწლიანი ასაკობრივი სხვაობა მაშორებდა, რვა წლის ასაკამდე კი მამა თითქმის არ მინახავს. ამ და სხვა გარემოებათა გამო მეტწილად მარტოსული ვიყავი და მალევე განმივითარდა არასასურველი ქცევის მანერა, რამაც თანაკლასელებისგან გამრიყა. როგორც ყველა მარტოსულ ბავშვს, ჩვევად მექცა ამბების გამოგონება და წარმოსახვით ადამიანებთან საუბარი. ვფიქრობ, ჩემი ლიტერატურული ამბიციები თავიდანვე მარტოობის, გარიყულობისა და დაუფასებლობის განცდას ერწყმოდა. საკუთარ თავში სიტყვებთან ურთიერთობის ნიჭსა და არასასიამოვნო ფაქტებისთვის თვალის გასწორების ძალას ვხედავდი, რაც მაგრძნობინებდა, რომ პირადი სამყარო მქონდა, სადაც, ნებისმიერი მარცხის მიუხედავად, ყოველდღიურად შემეძლო მეპოვა შვება და ნუგეში. მიუხედავად ამისა, სერიოზული — ე. ი. სერიოზულად ჩაფიქრებული — ტექსტების მოცულობა, რომლებიც ბავშვობასა და ყმაწვილობაში შევქმენი, ხუთ-ექვს გვერდს არ აღემატება. ოთხი თუ ხუთი წლის ასაკში დავწერე პირველი ლექსი, რომელიც დედაჩემმა კარნახით გადაიტანა ფურცელზე. ამ ლექსის შესახებ არაფერი მახსოვს, გარდა იმისა, რომ ვეფხვს ეხებოდა, რომელსაც სკამის მსგავსი კბილები (საკმაოდ შთამბეჭდავი შედარებაა) ჰქონდა. ვგონებ, ეს ბლეიკის „ვეფხვის“ მიბაძვა იყო. 1914-18 წლების ომის დაწყებისას, თერთმეტი წლის ასაკში, პატრიოტული ლექსი დავწერე, რომელიც ადგილობრივ გაზეთში გამოქვეყნდა, ორი წლის შემდეგ კი კიტჩენერის სიკვდილის შესახებ დაწერილი ლექსი დამიბეჭდეს. როცა წამოვიზარდე, დროდადრო ვთხზავდი ჯორჯიანული სტილის მდარე „ლექსებს ბუნებაზე“, რომელთა დასრულებასაც ხშირ შემთხვევაში ვერ ვახერხებდი. ორჯერ ვცადე მოთხრობის დაწერაც, თუმცა საშინელი მარცხი განვიცადე. აი, სულ ესაა სერიოზულად ჩაფიქრებული ტექსტები, რომელთა ფურცელზე გადატანაც იმ წლებში შევძელი.
მიუხედავად ამისა, ამ დროის განმავლობაში, გარკვეულწილად მაინც ვიყავი ჩართული ლიტერატურულ საქმიანობაში. უპირველეს ყოვლისა, ვმუშაობდი შეკვეთებზე, რომლებსაც სწრაფ-სწრაფად, ყოველგვარი ძალდატანებისა და სიამოვნების გარეშე ვწერდი. სკოლის პერიოდში ახლანდელი გადმოსახედიდან წარმოუდგენელი სიჩქარით ვთხზავდი vers d’occasion[1], ნახევრადკომიკურ ლექსებს. თოთხმეტი წლისამ, სულ რაღაც ერთ კვირაში, არისტოფანეს მიბაძვით, გარითმული პიესა დავწერე. იმავე პერიოდში მონაწილეობას ვიღებდი როგორც ბეჭდური, ისე ხელნაწერი სასკოლო ჟურნალების რედაქტირებაში. ეს ჟურნალები უბადრუკი ბურლესკი იყო და მათ შექმნას იმაზე ნაკლები ძალისხმევა სჭირდებოდა, ვიდრე ახლა ყველაზე იაფფასიანი ჟურნალისთვის სტატიის მოსამზადებლად მჭირდება. ყოველივე ამის პარალელურად, თხუთმეტზე მეტი წლის განმავლობაში სრულიად განსხვავებული ტიპის ლიტერატურულ საქმიანობას ვეწეოდი: საკუთარი თავის შესახებ ვქმნიდი უწყვეტ “ამბავს”, ვაწარმოებდი ერთგვარ დღიურს, რომელიც მხოლოდ ჩემს გონებაში არსებობდა. ვფიქრობ, ეს ბავშვებსა და მოზარდებში საკმაოდ გავრცელებული ჩვევაა. ღრმა ბავშვობაში წარმოვიდგენდი ხოლმე, რომ, მაგალითად, რობინ ჰუდი ვიყავი და თავს ამაღელვებელი თავგადასავლების გმირად წარმოვიდგენდი, მაგრამ ძალიან მალე ამბავი ნარცისისტულ ხოტბა-დიდებაში გადაიზრდებოდა, და მხოლოდ ჩემი ნამოქმედარისა და ნანახის აღწერად იქცეოდა. მაშინ, დაახლოებით, ამდაგვარი ტექსტები მიტრიალებდა გონებაში: „კარი შეაღო და ოთახში შევიდა. მზის ყვითელი სხივები, ოთახში მიტკლის ფარდებიდან რომ აღწევდა, მაგიდას ეცემოდა, სადაც ნახევრადგახსნილი ასანთის ყუთი სამელნის გვერდით იდო. ჯიბეში ჩადებული მარჯვენა ხელით ფანჯარას მიუახლოვდა. ქუჩაში ჭრელი კატა ქარში მოფრიალე ფოთოლს ასდევნებოდა.“ ეს ჩვევა, დაახლოებით, ოცდახუთ წლამდე გამყვა. მიუხედავად იმისა, რომ შესაფერისი სიტყვების ძიება მიწევდა და ასეც ვიქცეოდი, ვფიქრობ, ყველაფრის დაწვრილებით აღწერას საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, გარეგანი ძალდატანებიდან გამომდინარე ვცდილობდი. სავარაუდოდ, ჩემი მონათხრობი, ირეკლავდა სტილს იმ მწერლებისა, რომლებსაც სხვადასხვა დროს ვეტრფოდი, თუმცა, რამდენადაც მახსოვს, მასში ყოველთვის მრავლად იყო დაწვრილებითი აღწერები.
დაახლოებით, თექვსმეტი წლის ასაკში აღმოვაჩინე სიტყვების მშვენიერება, ვისწავლე მათი ჟღერადობითა და მათგან მოგვრილი ემოციით ტკბობა. ახლა არც ისე ამაღელვებლად მეჩვენება ეს სტრიქონები „დაკარგული სამოთხიდან“:
So hee with difficulty and labour hard
Moved on: with difficulty and labour hee[2].
არადა, მაშინ მთელ სხეულში ჟრუანტელს მგვრიდა, განსაკუთრებულ სიამოვნებას კი ნაცვალსახელის არქაული ფორმა „hee“ მანიჭებდა. საგნების აღწერას რაც შეეხება, ამაში უკვე განსწავლული ვიყავი. ნათლად ჩანდა, როგორი წიგნების წერას ვესწრაფოდი, თუკი მართლაც მეთქმოდა, რომ ნამდვილად მწერლობა მსურდა. მსურდა დამეწერა ვრცელი, ნატურალისტური რომანები სევდიანი დასასრულებით, დეტალური აღწერილობებითა და დამატყვევებელი შედარებებით, მათში მრავლად უნდა ყოფილიყო მაღალფარდოვანი ეპიზოდები, რომლებშიც სიტყვებს ჟღერადობის მიხედვით შევარჩევდი. არსებითად, სწორედ ასეთი წიგნია პირველი რომანი, „ბირმული დღეები“, რომელიც ოცდაათი წლის ასაკში დავწერე, მაგრამ ბევრად ადრეული ჩანაფიქრის ნაყოფია.
ამ ყველაფერს იმიტომ გიყვებით, რომ, მგონია, შეუძლებელია მწერლის მოტივების შეფასება, თუ მისი ადრეული განვითარების შესახებ არაფერი ვიცით. მწერლის საგანს, ყოველ შემთხვევაში, ასეთ მღელვარე და რევოლუციურ დროში, განსაზღვრავს ეპოქა, რომელშიც ცხოვრება უწევს. თუმცა, სანამ წერას დაიწყებდეს, სამყაროსადმი გარკვეული ემოციური დამოკიდებულება უყალიბდება, რომლისგანაც სრულად ვერასოდეს გათავისუფლდება. მისი საქმეა, დაიმორჩილოს ხასიათი და ერიდოს უმწიფარ მდგომარეობაში ჩარჩენას. ამასთანავე, თუკი სრულად უკუაგდებს ადრეულ გავლენებს, მთლიანად ჩაკლავს საკუთარ თავში წერის სურვილს.
ჩემი აზრით, მატერიალურ საჭიროებებს თუ არ ჩავთვლით, არსებობს ოთხი მთავარი მიზეზი, რის გამოც ადამიანები წერენ, ყოველ შემთხვევაში, მხატვრულ ლიტერატურას. ყველა მწერალში ეს მოტივები სხვადასხვა დონეზეა განვითარებული, და ერთ მწერალშიც ამ მოტივების პროპორციული წილი მუდმივად იცვლება იმ გარემოს მიხედვით, რომელშიც ცხოვრება უწევს. ესენია:
პირველი: წმინდა წყლის ეგოიზმი
სურვილი, რომ ჭკვიანად ითვლებოდე, შენზე ისაუბრონ, ახსოვდე ადამიანებს გარდაცვალების შემდეგ, შური იძიო მათზე, ვინც ბავშვობაში დაგცინოდა და ა. შ. ეს თვისება მწერლებს საზიარო აქვთ მეცნიერებთან, ხელოვანებთან, პოლიტიკოსებთან – ერთი სიტყვით, კაცობრიობის რჩეულ ნაწილთან. ადამიანების უმრავლესობას არ გააჩნია მკვეთრად გამოხატული ეგოიზმი. ოცდაათი წლის ასაკის მიღწევის შემდეგ ისინი უარს ამბობენ ინდივიდუალურ ამბიციებზე, საერთოდაც, უმეტეს შემთხვევაში, თითქმის მთლიანად კარგავენ ინდივიდუალობის განცდას და მხოლოდ სხვებისთვის ცხოვრობენ. თუმცა, არსებობს ჯიუტ რჩეულთა უმცირესობა, მტკიცედ რომ აქვთ გადაწყვეტილი, ბოლომდე საკუთარი ცხოვრებით იცხოვრონ, და მწერლები სწორედ ამ ჯგუფს მიეკუთვნებიან. ვიტყოდი, რომ სერიოზული მწერლები ბევრად უფრო თვითკმაყოფილები და ეგოცენტრულები არიან, ვიდრე ჟურნალისტები, თუმცა ნაკლებად აქვთ ფინანსური ინტერესები.
მეორე: ესთეტიკური ენთუზიაზმი
ესაა გარესამყაროში სილამაზის აღქმა და მისი სიტყვათა სათანადო წყობით გადმოცემა; ესაა სიამოვნება, რომელიც თან ახლავს ბგერათა ჰარმონიულ თანმიმდევრულობას, ამბის რიტმულობას; ესაა სურვილი, გაუზიარო სხვებს გამოცდილება, რომელიც ღირებულად მიგაჩნია. ესთეტიკური მოტივი საკმაოდ უმნიშვნელოა არაერთი მწერლისთვის, თუმცა თვით პამფლეტებისა და სახელმძღვანელოების ავტორებსაც აქვთ ამოჩემებული სიტყვები, ფრაზები, რომლებსაც არ იყენებენ უტილიტარული მიზნებით. არც ერთი წიგნი, რომელიც მნიშვნელობით რკინიგზის ცნობარზე მაღლა დგას, არაა დაცლილი ესთეტიკური მოტივებისგან.
მესამე: ისტორიული იმპულსი
ესაა სურვილი, რომ ობიექტურად აღიქვა მიმდინარე მოვლენები, აღმოაჩინო და აღრიცხო ჭეშმარიტი ფაქტები შთამომავლობისთვის.
მეოთხე: პოლიტიკური მიზანი
სიტყვას “პოლიტიკური” ვიყენებ ყველაზე ფართო მნიშვნელობით, რაც კი შეიძლება არსებობდეს. ესაა სურვილი, წარმართო სამყარო გარკვეული მიმართულებით, შეცვალო ადამიანების იდეები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ საზოგადოებაში სურთ ცხოვრება. არც ერთი წიგნი არაა სრულად თავისუფალი პოლიტიკური მიკერძოებულობისგან. თვით ის მოსაზრებაც, რომ ხელოვნებას არაფერი ესაქმება პოლიტიკასთან, პოლიტიკურ შეხედულებას წარმოადგენს.
ჩამოთვლილი იმპულსები ერთმანეთს ებრძვის და მათი ხვედრითი წილი კონკრეტული ადამიანისა და ეპოქის მიხედვით მერყეობს. ბუნებით — და ბუნებაში ვგულისხმობ იმ მდგომარეობას, რომელსაც ადამიანი ზრდასრულობაში გადასვლისას აღწევს — იმ ადამიანთა რიცხვს ვეკუთვნი, რომლებისთვისაც, წესით და რიგით, პირველმა სამმა იმპულსმა მეოთხე უნდა გადაწონოს. მშვიდობიან დროში ალბათ მხოლოდ სიტყვაკაზმულ, აღწერილობით წიგნებს დავწერდი და პოლიტიკური შეხედულებები საერთოდ არ მექნებოდა, თუმცა, გარემოებათა წყალობით, მომიწია პამფლეტისტი გავმხდარიყავი. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ხუთი წელი გავატარე ჩემთვის შეუფერებელ სამსახურში, ვმსახურობდი რა ბირმაში ინდოეთის იმპერიული პოლიციის ძალებში, შემდეგ გამოვცადე სიღატაკე და წარუმატებლობის განცდა ვიგემე. ამან გამიძლიერა ბუნებრივი სიძულვილი ავტორიტეტისადმი და გამაცნობიერებინა მუშათა კლასის არსებობა, ბირმაში მსახურებამ გარკვეულწილად იმპერიალიზმის ბუნებაც გამაცნო, თუმცა ეს გამოცდილებები არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ მყარი პოლიტიკური ორიენტაცია ჩამომეყალიბებინა. შემდეგ იყო ჰიტლერი, ესპანეთის სამოქალაქო ომი და სხვა მოვლენები, თუმცა 1935 წლის ბოლოს ჯერ კიდევ არ მქონდა მიღებული მკაფიო გადაწყვეტილება. იმ პერიოდში ასეთი ლექსიც[3] კი შევთხზე, რომელიც ჩემს დილემას კარგად აღწერს:
ორასიოდე წლის წინათ
მღვდელი ვიქნებოდი, უზრუნველი
მოქადაგე მარადიულ ბედისწერაზე
კაკლის ხეების ზრდით ბედნიერი.
მაგრამ, ვაჰმე, ბოროტ ჟამს ვიშვი
სამოთხე ნეტარი ხელიდან გავუშვი
ტუჩს ზემოთ ულვაში მომზრდია
მღვდლები კი არიან სახეგაპარსულნი.
მოგვიანებით, სიმშვიდის ჟამს
ჩვენი კმაყოფა იოლი იყო
მშფოთვარე აზრებს ვაძინებდით
ხეთა გულ-მკერდზე.
ლაღად ვტკბებოდით უბრალო სიამენით,
რომელთაც ახლა უკუვაგდებთ.
ვაშლზე შემომჯდარი უწყინარი ჩიტი, მწვანულა,
ჩემს მტრებს შიშის კანკალს ჰგვრის.
მაგრამ ყველაფერი ზმანება ყოფილა:
გოგოების მუცლებიც და გარგრის ნაყოფიც,
დაჩრდილულ ნაკადულში მცურავი ნაფოტაც,
ცხენებიც და გამთენიისას გადამფრენი იხვებიც.
აკრძალულია ოცნებებში დაბრუნება;
ვახშობთ ან ვმალავთ ჩვენს სიხარულს.
ცხენებს ჭედავენ ქრომირებული ფოლადით –
პატარა, მსუქანი კაცები რომ შემოასხდნენ.
მატლი ვარ, რომელიც ვერასდროს ამოტრიალდა[4];
საჭურისი ვარ ჰარემის გარეშე.
მღვდელსა და კომუნისტ კომისარს შორის
იუჯინ არამივით[5] დავაბიჯებ.
რადიოს ხმაურის ფონზე
კომისარი ჩემს ბედს წინასწარმეტყველებს
მღვდელი კი დამპირდა „ოსტინ სევენს“,
რადგან დაგი[6] ყოველთვის იხდის.
დამესიზმრა, მარმარილოს დარბაზებში ვცხოვრობდი
და გამოვიღვიძე, რომ ეს სინამდვილეშიც მენახა.
ამ ეპოქაში არ უნდა დავბადებულიყავი, ამას არ ვიმსახურებდი.
მაგრამ განა სმითი იმსახურებდა? ან ჯონსი? ანდა, შენ?
ესპანეთის სამოქალაქო ომმა და 1936-37 წლების სხვა მოვლენებმა ყველაფერი შეცვალა და ამის შემდეგ, უკვე მტკიცედ გავაცნობიერე ჩემი პოზიცია. 1936 წლის შემდგომ დაწერილი ჩემი სერიოზული ნაშრომების ყოველი სტრიქონი, პირდაპირ თუ ირიბად, ტოტალიტარიზმს ეწინააღმდეგება და დემოკრატიული სოციალიზმის მხარდაჭერას ემსახურება. წარმოუდგენლად მეჩვენება, რომ ჩვენს ეპოქაში შესაძლებელი იყოს მსგავსი თემებისთვის თავის არიდება. ამა თუ იმ ფორმით ყველა წერს ამ თემებზე. საქმე მხოლოდ ისაა, თუ რომელ მხარეს დაიკავებს ადამიანი. და რაც უფრო გაცნობიერებული აქვს მას თავისი პოლიტიკური შეხედულებები, მით უფრო მეტად აქვს საშუალება, იმოქმედოს პოლიტიკურად, ესთეტიკური და ინტელექტუალური ღირსების დათმობის გარეშე.
უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში უმთავრეს მიზნად დავისახე, რომ პოლიტიკური მწერლობა ხელოვნებად ვაქციო. ჩემთვის ამოსავალი წერტილი პარტიზანობის განცდა, უსამართლობით გამოწვეული ბრაზია. როცა წიგნის დასაწერად ვჯდები, არ ვამბობ, რომ აი, ახლა ავდგები და ხელოვნების ნიმუშს შევქმნი. ვწერ, რადგან არსებობს ტყუილი, რომელიც უნდა გამოაშკარავდეს; გარკვეული ფაქტი, რომელსაც ყურადღება უნდა მივაპყროთ. ჩემი უპირველესი მიზანი ხალხისთვის ხმის მიწვდენაა. თუმცა, ვერ დავწერდი ვერც ერთ წიგნს, ვერც ერთ სტატიას ჟურნალისთვის, ეს ჩემთვის ესთეტიკური გამოცდილება რომ არ იყოს. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ჩემი ნაწარმოებების კვლევას შეეცდება, შეამჩნევს, რომ მაშინაც კი, როცა ტექსტი ცალსახად პროპაგანდისტულია, ბევრ ისეთ რამეს შეიცავს, რასაც ნებისმიერი სერიოზული პოლიტიკოსი არარელევანტურად მიიჩნევდა. არ შემიძლია და არც მსურს, დავთმო ბავშვობისდროინდელი მსოფლმხედველობა. სანამ ცოცხალი ვარ, ჩემთვის მნიშვნელოვანი იქნება მხატვრული სტილი, მეყვარება დედამიწის ზედაპირი და სიამოვნებას ვპოვებ მყარ საგნებსა და უსარგებლო ინფორმაციაში. არ ვაპირებ, საკუთარ თავში ეს სურვილები ჩავახშო. რაც მევალება, ისაა, რომ ეპოქის მოთხოვნების შესაბამისად, ჩემი თანდაყოლილი მოწონება-არმოწონებები შევუსაბამო საზოგადოებრივ, არაინდივიდუალურ აქტივობებს.
ეს არაა მარტივი, რადგან წარმოიქმნება ტექსტის აგებულებასთან, ენასთან და გულწრფელობასთან დაკავშირებული პრობლემები. ნება მომეცით, წარმოგიდგინოთ მსგავსი სირთულის ერთი მარტივი მაგალითი. ჩემი წიგნი ესპანეთის სამოქალაქო ომზე „პატივი კატალონიას“ ცალსახად პოლიტიკური ტექსტია, თუმცა დაწერილია მიუკერძოებლად, სტილისა და სტრუქტურის დაცვით. ძალიან ვეცადე, რომ მასში ლიტერატურული ინსტინქტების შებღალვის გარეშე გადმომეცა სრული სიმართლე. მიუხედავად ამისა, ყველაფერთან ერთად, წიგნში არის ვრცელი თავი, რომელიც სავსეა გაზეთებიდან ამოღებული იმ ტროცკისტების მხარდამჭერი ციტატებით, ფრანკოსთან ერთად შეთქმულების მოწყობაში რომ ედებოდათ ბრალი. რამდენიმე წლის შემდეგ ასეთი თავი რიგითი მკითხველისთვის სრულიად უმნიშვნელოდ იქცევა და წიგნისთვისაც ზედმეტი ხდება. ერთმა კრიტიკოსმა, რომელსაც დიდ პატივს ვცემ, ამის შესახებ მთელი ლექცია წამიკითხა, მისაყვედურა, ეს ყველაფერი რატომ ჩაურთე, კარგი წიგნი ჟურნალისტიკად აქციეო. ვეთანხმები, თუმცა სხვანაირად არ შემეძლო. მე წილად მხვდა, ვყოფილიყავი იმ მცირერიცხოვან ადამიანთა შორის, რომელთაც საშუალება მიეცათ, შეეტყოთ, რომ უდანაშაულო ადამიანებს ცილი დასწამეს და რომ არა ამ ფაქტის გამო გაჩენილი ბრაზი, ამ წიგნს არც არასდროს დავწერდი.
ამ თუ სხვა ფორმით ეს პრობლემა კვლავ მეორდება, ხოლო ენასთან დაკავშირებული სირთულეები ხანგრძლივ განხილვას მოითხოვს და მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში ვცდილობდი, ნაკლებად მაღალფარდოვნად და მეტად გასაგებად მეწერა. ყოველ შემთხვევაში, ჩემი დაკვირვებით, ყოველთვის, როცა რაიმე სტილს სრულყოფ, ის შენთვის მეტისმეტად მარტივი ხდება. „ცხოველების ფერმა” პირველი წიგნია, რომელშიც სრულიად გაცნობიერებულად შევეცადე, პოლიტიკური და შემოქმედებითი მიზნები ერთმანეთისთვის შემერწყა. შვიდი წელია, რაც დიდი მოცულობის ნაწარმოები არ შემიქმნია, თუმცა ვიმედოვნებ, რომ ახლო მომავლში მორიგ რომანს დავწერ. ალბათ, სხვა წიგნებივით ისიც მარცხისთვისაა განწირული, თუმცა, ასე თუ ისე, მკაფიოდ მაქვს ჩამოყალიბებული იდეები იმის შესახებ, თუ როგორი წიგნის დაწერა მსურს.
უკანასკნელ ორ გვერდს თვალს რომ ვავლებ, ისე ჩანს, თითქოს ჩემი სამწერლო მოტივები მხოლოდ საჯარო ინტერესებს მოიცავდეს. სულაც არ მსურს, საბოლოოდ ასეთი შთაბეჭდილება დაგიტოვოთ. ყველა მწერალი პატივმოყვარე, ეგოისტი და ზარმაცია, და მათი მოტივების ძირისძირი საიდუმლოებითაა მოცული. წიგნის დაწერა საშინელი, დამქანცველი პროცესია, ისეთი, როგორიც რომელიმე მტანჯველი დაავადების ხანგრძლივი შეტევა. არავინ მოჰკიდებდა ხელს ამ საქმეს, რაღაცა ეშმაკეული ძალა რომ არ ჰყავდეს შეჩენილი, რომლის არც გაგება და არც დათრგუნვა არ ძალუძს. ეს ძალა სწორედ ის ინსტინქტია, რომელიც ბავშვს ყურადღების მოთხოვნას აიძულებს. ამასთანავე, მწერალი ღირებულს ვერაფერს დაწერს, თუკი საკუთარ პიროვნულობას არ დათმობს. კარგი ლიტერატურა მინასავით გამჭვირვალე უნდა იყოს. არ შემიძლია, ცალსახად იმის თქმა, რომელი მოტივია ჩემში უფრო ძლიერი, თუმცა ვიცი, რომელი მათგანი იმსახურებს ყველაზე მეტად ყურადღებას. ახლა, როცა ჩემს შემოქმედებას თვალს გადავავლებ, ცხადი ხდება, რომ სწორედ მაშინ ვწერდი უსიცოცხლო ტექსტებს, მაღალფარდოვან და არაფრისმთქმელ, შინაარსისგან დაცლილ წინადადებებს, და ზოგადად, სრულ უაზრობას, როცა პოლიტიკური მიზნის ნაკლებობას ან არარსებობას განვიცდიდი.
1946 წელი
[1] ფრანგ. სპეციალური შემთხვევისთვის შექმნილი ლექსი
[2] „ასე, ამგვარად, მაშინ დიდი ვაი-ვაგლახით
და გაჭირვებით გაიარა სატანამ ის გზა…“ (ვახტანგ ჭელიძის თარგმანი)
[3] ლექსის ქართული ვერსია წარმოდგენილია პწკარედული თარგმანის სახით
[4] the worm that never turned – ალუზია ინგლისურ გამოთქმაზე „even a worm will turn“, რომელიც გულისხმობს, რომ ყველაზე სუსტი არსებაც კი გამოხატავს წინააღმდეგობასა და დაუმორჩილებლობას, როცა ძალადობრივი ზეწოლა ზღვარს გადასცდება.
[5] მე-18 საუკუნის ინგლისელი პედაგოგი და თვითნასწავლი ფილოლოგი, რომელიც 1759 წელს სიკვდილით დასაჯეს მეგობრის მკვლელობის გამო.
[6] სანდო გადამხდელის განზოგადებული სახე. სავარაუდოდ, უკავშირდება ორუელის ეპოქაში გავრცელებულ გამოთქმას „Dougie never ows“.
© არილი