თარგმანი,  ინტერვიუ

ჯორჯ სანდერსი – პრუსტის კითხვარი

სრულყოფილი ბედნიერება როგორი წარმოგიდგენიათ?

ვაცნობიერებდე და ვიღებდე ჩემს ნებისმიერ მდგომარეობას (თუნდაც უბედურების განცდასაც).

რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთ თავს?

ლინკოლნთან: კაცთან, რომელმაც სევდასთან საბრძოლველად გონება სხვების საჭიროებებისკენ მიმართა და ბინძურ ხუმრობებს ამბობდა.

რომელი ცოცხალი ადამიანი გეზიზღებათ ყველაზე მეტად?

მხატვრული ლიტერატურის წერა (და ასევე რედაქტირება) გიბიძგებს იმისკენ, რომ არავინ გეზიზღებოდეს. არ ვამბობ, რომ არ მეზიზღება, მაგრამ მირჩევნია, ასე იყოს.

სიკვდილის შემდეგ რომელიმე ადამიანად ან საგნად რომ დაბრუნებულიყავით უკან, რა იქნებოდა ეს?

ვშიშობ, ვრეინკარნირდები (ისევ) ამბიციურ, მუშაობას გადაყოლილ მწერლად – ეს არც იმ ადამიანის შემთხვევაშია გამქრალი, ვინც ახლა ვარ.

თქვენი საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟი?

აკაკი აკაკიევიჩი, გოგოლის „შინელიდან“, რადგან ყოველთვის მებრალება იგი და მაშასადამე მებრალება სამყაროც.

თქვენს გარეგნობაში ყველაზე მეტად რა არ მოგწონთ?

ნება მომეცით, შევცვალო შეკითხვა: „რა მოგწონთ ყველაზე მეტად თქვენს გარეგნობაში?“. ვიტყოდი, რომ საკუთარ თავზე დაკვირვება მახსენებს ბუდისტურ შეხედულებას წარმავლობაზე: ყველაფერი უარესდება, უარესდება, უარესდება, ვიდრე სრულიად არ განადგურდება.

რა ან ვინ არის თქვენი ცხოვრების უდიდესი სიყვარული?

ჩემი ცოლი, პაულა, ქალი, რომელიც სასიცოცხლო ენერგიით გავსებს და ყველაზე მგრძნობიარე ადამიანია, ვისაც კი ვიცნობ.

სად და როდის იყავით ყველაზე ბედნიერი?

პიტსფორდში, ნიუ-იორკში, პირველ წიგნს ვწერდი, ჩვენი ბავშვები პატარები იყვნენ, სამსახურში მოტოციკლეტით დავდიოდი, რადგან მხოლოდ ერთი მანქანა გვყავდა… და ის გრძნობა, რომ სჭირდებით და უყვარხართ და ისეთ შემოქმედებით პროცესში ხარ ჩართული, რომელიც ბოლომდე არ გესმის და ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა…

საკუთარ თავში ერთი რამის შეცვლა რომ შეგეძლოთ, რას შეცვლიდით?

უფრო გულუხვი ვიქნებოდი, ნაკლებად ნერვიული.

რას ნანობთ ყველაზე მეტად?

კეთილად რომ არ ვიქცეოდი. ამის შემდეგ, ყველაზე მეტად ვნანობ იმას, რომ ერთხელ მე და მამაჩემი მანქანების სამრეცხაოში ერნი ბენქსს შევხვდით და მან ბილეთები შემოგვთავაზა მომდევნო დღეს დაგეგმილ ბეისბოლის მატჩზე. მაგრამ ჩვენ ნაშუადღევს მივფრინავდით და ფრენა არ გავაუქმეთ.

რა მიგაჩნიათ თქვენს უდიდეს მიღწევად?

ჩემი ქორწინება, ჩვენი ქალიშვილები.

ვინ არიან თქვენი გმირები რეალურ ცხოვრებაში?

ჯო და შერი ლინდბლუმები, სკოლის მასწავლებლები, რომლებმაც ჩემი ცხოვრება იხსნეს, როცა კოლეჯში სწავლისკენ მიბიძგეს და მერე კარგ სასწავლებელში მოხვედრაშიც დამეხმარნენ.

როგორ ისურვებდით სიკვდილს?

არასწორად თუ გაიგებ, ისე ჟღერს, როგორც მუქარა. არა, გმადლობთ, Vanity Fair!

რა არის თქვენი დევიზი?

ფრთხილად იყავი, Vanity Fair მოგდევს.

© არილი

Facebook Comments Box