ახალი ამბები,  თარგმანი

ჯულიან ბარნსი – წარმოდგენა არ მაქვს, წაიკითხავენ თუ არა ჩემს წიგნებს

„ბოლო დროს ბევრი ადამიანი გარდაიცვალა“ – ამბობს ჯულიან ბარნსი ტელეფონზე საუბრისას. ამ დროს თავის სახლშია, ჩრდილოეთ ლონდონში და ტესტ მატჩს ხმას უთიშავს, ჩემთან ლაპარაკისას ყვირილი რომ არ მოუწიოს. სანამ დავურეკავდი, წლის დასაწყისში შევხვდით ერთმანეთს, რათა მის ბოლო რომანზე, ელიზაბეთ ფინჩზე გვესაუბრა. ამ წიგნში მისი სახელი ნახსენები არაა, მაგრამ მაინც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჰილარი მანტელი, რომელიც 70 წლისა გარდაიცვალა, გასული წლის სექტემბერში. ამ ამბიდან ერთ თვეში გარდაიცვალა ბარნსის დიდი მეგობარი, Virago Press-ს დამფუძნებელი კარმენ კალილიც. „მე მას ვაღმერთებდი“ – ამბობს ახლა ბარნსი. და, ჩვენი ბოლო საუბრის შემდეგ, დაგვტოვა მარტინ ემისმაც.

„ვიცოდი, არ უნდოდა, მეკითხა, თავს როგორ გრძნობდა“ – ჰყვება ბარნსი თავისი ბოლო კომუნიკაციის შესახებ მარტინ ემისსთან, რომელიც 2011 წელს ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად, – „ამიტომ ფეხბურთის შესახებ ვწერდით ერთმანეთს: „რას ფიქრობ ამ სეზონში არსენალზე? და ასე შემდეგ. ბოლოს კი მივიღე შეტყობინება: „თავს გაუფრთხილდი, ძველო მეგობარო“, რომელიც ისე გავიგე, როგორც „მშვიდობით“ და ასეც იყო ჩაფიქრებული“. ბარნსს მისთვის არ უპასუხია. „გემოვნებიანად გააკეთა, როგორც მოსალოდნელი იყო. გემოვნებიანად და საიდუმლოდ“.

სალმან რუშდიზე თავდასხმიდან დღემდე განვლილი 12 თვე ლიტერატურისთვის მძიმე აღმოჩნდა. მარტინ ემისის სიკვდილმა დაგვიტოვა ინგლისური ლიტერატურის ვრცელი თავის გარდაუვალი დასასრულის განცდა (ბარნსის 2011 წელს გამოცემული, ბუკერის პრემიის ლაურეატი წიგნის სათაური რომ გამოვიყენოთ). ბარნსისა და ემისის ისტორია კი 1970-იანი წლებიდან იწყება, როცა ერთად მუშაობდნენ New Statesman-ში, კრისტოფერ ჰიტჩენსთან ერთად. მათი სახელები ერთმანეთს სამუდამოდ მაშინ დაუკავშირდა (რუშდისთან, იენ მაკიუენთან და კაზუო იშიგუროსთან ერთად), როცა მოხვდნენ გრანტას სიაში – საუკეთესო ბრიტანელი რომანისტები (ეს იყო პირველი სია, რომლის გამოქვეყნებიდან ზუსტად 40 წელი გავიდა).

„ფიქცია ისევ მოდური გახდა. შეიძლება ითქვას, სექსუალურიც კი.“ – იხსენებს ბარნსი. გარკვეული დროის განმავლობაში, ისინი ლიტერატურულ სამყაროში ისეთივე პოპულარულები იყვნენ, როგორებიც როკ-ვარსკვლავები არიან ხოლმე.

„ჭორაობდნენ, რომ ყველაფერს თეთრკანიანი ბიჭები მართავდნენ” – ამბობს ბარნსი გრანტას პირველ სიაზე, თუმცა არ უარყოფს, რომ ათწლეულების მანძილზე თეთრკანიანების მამაკაცები მართლაც დომინირებდნენ საგამომცემლო ინდუსტრიაში. „ეს ჩვენი ბრალი არაა. ჩვენ, უბრალოდ, წიგნებს ვწერდით“ – მპასუხობს გაღიზიანებული სიცილით.

ბარნსმა 14 რომანი დაწერა, მათგან სამი – ფლობერის თუთიყუში (1984), ინგლისი, ინგლისი (1998) და ართური და ჯორჯი (2005) – ბუკერის მოკლე სიაში მოხვდა. გარდა ამისა, გამოაქვეყნა 9 არამხატვრული წიგნი მის გატაცებებზე (საფრანგეთი, ხელოვნება, ღვინო, კულინარია) და მოთხრობების სამი კრებული. არ უნდა დაგვავიწყდეს არც ოთხი კრიმინალური რომანი, რომლებიც გამოცემულია დენ კავანას ფსევდონიმით. „ყველა ჩემი წიგნი, რომელიც ოდესმე დამიბეჭდავს, ისევ იყიდება, რაც ძალიან იღბლიანი გამონაკლისია“ – გვეუბნება ბარნსი თავისი კარიერის შესახებ, რომელიც 1981 წელს დაიწყო მეტროლენდის გამოქვეყნებით.

იზოლაციის დასაწყისში ბარნსს ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები ჰქონდა. შესაძლოა, ბოლომდე არ გამოჯანმრთელებულა, მაგრამ თავს კარგად გრძნობს. ოღონდ ამის შესახებ ინტერვიუში ლაპარაკს არ აპირებს. „შეგიძლიათ, თქვათ: „ბარნსი ჯანმრთელად გამოიყურება, მაგრამ ძალიან ბევრს წუწუნებს“ – მითხრა, როცა ყავის დასალევად შევხვდით ერთმანეთს და ჩაიცინა.

ამ კვირას ლონდონში გაიმართება ღონისძიება, რომლის მთავარი თემა მისი შემოქმედება იქნება.

„უკეთესია, საკუთარ წარსულზე ლაპარაკი გთხოვონ, ვიდრე საერთოდ არ გთხოვონ ასეთი რამ“, – ამბობს ის. „როგორც ერთხელ კინგსლი ემისმა აღნიშნა – როცა ჰკითხეს, იღბლიანი ჯიმი მისთვის ტვირთი ხომ არ იყო – „ეს უკეთესია, ვიდრე ტვირთის საერთოდ არქონა“.

ბარნსს უკვირს, რომ ემისი სიკვდილამდე რამდენიმე კვირით ადრე რაინდის წოდების მიღებას დათანხმდა, იმის გათვალისწინებით, რომ ერთხელ სამეფო ოჯახი საჯაროდ მოიხსენია ფილისტერებად და დაიფიცა, რომ ასეთი რამ არასოდეს მოხდებოდა. „ასე ალბათ იმიტომ მოიქცა, რაღაცნაირად მამამისთან სიმეტრიული რომ გამხდარიყო. სერ კინგსლი და სერ მარტინი“ – ამბობს ბარნსი. „მარტინი კინგსლის ჩრდილში არ იდგა, მაგრამ მასთან დაკავშირებული მაინც იყო“.

ბარნსის ბოლოს გამოცემული რომანი „ელიზაბეთ ფინჩია“, რომლის ცენტრალური ამბავი შთაგონებულია ლიტერატურული სკანდალით, რომელიც ჰილარი მანტელს უკავშირდება.

ელიზაბეთ ფინჩი ქარიზმატული მასწავლებელია, რომელიც უძღვება „კულტურისა და ცივილიზაციის“ კლასს და მოულოდნელად საკუთარ თავს ტაბლოიდების პირველ გვერდზე აღმოაჩენს, სკანდალურ წარწერასთან ერთად. რომანის მოქმედება 1980-იან წლებში მიმდინარეობს.

„ეს იდეების რომანია და რაღაც კუთხით, არაინგლისური რამ,“ – ამბობს ბარნსი. „ხანდახან იდეებს უფრო აშკარად წამოვწევ წინ და ზოგიერთი ადამიანი ამაზე ისე რეაგირებს, თითქოს კბილის საჩიჩქნი იპოვეს თავიანთ სენდვიჩში“.

ელიზაბეტ ფინჩის სახე ინსპირირებულია მწერლისა და ხელოვნების ისტორიკოსით, ანიტა ბრუკნერით. „მე ვფიქრობდი ანიტა ბრუკნერისეულ პერსონაჟზე და ელიზაბეთ ფინჩს მისი ფეხსაცმელები მოვარგე. და მერე ის სრულიად სხვა მიმართულებით წავიდა“.

ბარნსის უახლესი არამხატვრული წიგნი კი, კაცი წითელ პალტოში, კვაზი-ბიოგრაფიაა ნაკლებად ცნობილი ფრანგი გინეკოლოგის, სამუელ პოზის. წიგნი 2019 წელს გამოიცა და ადამიანების ბრექსიტით იმედგაცრუებას გადმოგვცემს. ბარნსს იმედი აქვს, რომ დიდი ბრიტანეთი კვლავ შეუერთდება ევროკავშირს, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული სინანული იზრდება, არ ფიქრობს, რომ ეს მალე მოხდება. „ორად ვართ დაყოფილი. ჩრდილოეთი, სამხრეთი, მდიდარი, ღარიბი. ყველა ეს დაშორება უფრო და უფრო დიდდება. მდიდრები მდიდრდებიან კიდევ უფრო, ხოლო ღარიბები საკვებს ამანათებით იღებენ“.

უჩვეულოა, რომ ბარნსი თავის არამხატვრულ ტექსტებსა თუ ესეებში უფრო მგრძნობიარეა, ვიდრე სხვაგან: 2008 წელს გამოქვეყნებულ მოგონებებში საშიში არაფერია დედამისის სურათი (დედის, რომელთანაც ძალიან ახლოს არასოდეს ყოფილა), თუ როგორ უჩვენებს საავადმყოფოს საწოლიდან დაბლა დაწეულ ცერა თითს, ყველაფერს გვეუბნება: „ეს იყო ყველაზე გამაოგნებელი რამ, რაც კი გაუკეთებია. და ყველაზე საყვარელიც, რადგან ამით იგი ჩემს გულს შეეხო“.

როცა ბარნსი თანამედროვე ენების შესასწავლად 1964 წელს ოქსფორდში წავიდა, მწერლობის ამბიცია არ ჰქონია: „არ ვფიქრობდი, რომ შესაძლებელი იყო, რომანისტი ვყოფილიყავი. რომანისტები სხვები იყვნენ“.

სახლსა თუ მის საყვარელ საფრანგეთში მიმდინარე კრიზისებზე საუბრისას კი ყოყმანობს:

„როცა გესმის, როგორ მოთქვამენ ასაკოვანი ადამიანები მსოფლიოს ახლანდელ მდგომარეობაზე და ამბობენ, როცა ახალგაზრდა ვიყავი, უკეთესი იყოო, უნდა გახსოვდეს – ეს იმიტომ ხდება, რომ ისინი მალე დაიხოცებიან და ასე უადვილებენ სიკვდილს საკუთარ თავს“.

თავად ბარნსი კი თითქმის მთელი სიცოცხლეა, რაც სიკვდილზე ღელავს. როგორც იხსენებს წიგნში საშიში არაფერია – le réveil mortel-ის პირველი გამოცდილება მაშინ მიიღო, როცა 12 თუ 13 წლის იყო და შუაღამეს გამოეღვიძა ცხადი გაცნობიერებით იმისა, თუ როგორი იქნებოდა არარას მარადიულობა. მართალია, საწოლის კიდეზე ჩამომჯდარი არ იმეორებს: „არა, არა, არა“, როგორც თინეიჯერობისას, მაგრამ კვლავ ყოველდღიურად ფიქრობს სიკვდილზე. „ამის გაკონტროლება არ შემიძლია“.

ასაკის მატებასთან ერთად, უფრო და უფრო ნაკლებად ენდობა მოგონებებს. მოგონებების ცვალებადობის თემას ხშირად ეხება თავის შემოქმედებაშიც. „მოგონებები ისეთი რამ არ არის, საწყობში რომ დატოვებ, გასაღებს გადაატრიალებ და როცა უკან დაუბრუნდები, ისეთი დაგხვდება, როგორიც დატოვე. ასე არ ხდება. ყოველ ჯერზე, როცა ტოვებ და მერე უბრუნდები, იცვლება.“

წიგნის საშიში არაფერია გამოქვეყნებიდან რამდენიმე თვეში ბარნსის ცოლი გარდაიცვალა. მის ნეკროლოგში ბიოგრაფი ჰერმიონ ლი წერდა, რომ მათი ურთიერთობა წარმოუდგენლად მტკიცე იყო. მრავალი წლის შემდეგ (ამ პერიოდს იენ მაკიუენმა „პატის სიკვდილის შემდგომი მწუხარების უნაყოფო მიწა უწოდა“) ბარნსმა ახლა ურთიერთობა დაიწყო Penguin-ის ყოფილ გამომცემელთან, რეიჩილ ქანგონთან. რომანი ელიზაბეთ ფინჩი სწორედ რეიჩელს ეძღვნება.

ფიქრობს თუ არა თავისი წიგნების მომავალზე ბარნსი?

„ამაზე არ ვფიქრობ. წარმოდგენა არ მაქვს, წაიკითხავენ თუ არა ჩემს წიგნებს. ამას ვერ გააკონტროლებ. ვერ გეცოდინება, როგორები იქნებიან მკითხველები მომავალში. კარგი ისაა, რომ მნიშვნელოვანი და კარგად დაწერილი წიგნები ისევ გამოქვეყნდება“.

ახლა ბარნსი „ისვენებს“, რაც მის შემთხვევაში იმას ნიშნავს, რომ მიხეილ ლერმონტოვის ჩვენი დროის გმირის შესავალზე მუშაობს. ეს ტექსტი პირველად 16 წლის ასაკში წაიკითხა რუსულად: „რამდენიმე წიგნია, რომლებსაც დაახლოებით ათ წელიწადში ერთხელ კითხულობ ხოლმე. „ჩვენი დროის გმირი“ ასეთი წიგნია ჩემთვის“.

ამბობს, რომ მოსწონს „უცნაური საქმეების კეთება წიგნებს შორის“, მაგრამ არ გვეუბნება, რომელიც წიგნი იქნება შემდეგი. თუმცა არ ფიქრობს, რომ კიდევ ბევრ რომანს დაწერს. „შენი ნამუშევრები ცივად უნდა შეაფასო და ნახო, ხომ არ უახლოვდები საკუთარი თავის გამეორების ეტაპს“.

ახლა სიკვდილს ისე აღიქვამს, როგორც უფრო სიბერის დასასრულს, ვიდრე რაღაცას, რაც ახალგაზრდობის წლებს გართმევს. „ამ მხრივ, მგონია, რომ ახლა ნაკლებად ტრაგიკულია“ – ამბობს ბარნსი, – „თუმცა ისევ ვფიქრობ, რომ ეს საშინელი იდეაა“.

© არილი

Facebook Comments Box